Facebook Twitter

საქმე №ას-816-2024 9 ოქტომბერი, 2024 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,

ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – შეზღუდული პასუხისმგებლობის ამხანაგობა მ.კ.ს–ო (უცხოური საწარმოს ფილიალი) (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 21 მარტის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და რაიონული სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვება

დავის საგანი – თანხის დაკისრება, პირგასამტეხლოს შემცირება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 27 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო, შეზღუდული პასუხისმგებლობის ამხანაგობა მ.კ.ს–ოს (უცხოური საწარმოს ფილიალის) (შემდეგში: მოსარჩელე, საწარმო ან კასატორი) სარჩელი მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის (შემდეგში: მოპასუხე, მერია ან აპელანტი) წინააღმდეგ, ფულადი ვალდებულების შესრულებისა და პირგასამტეხლოს შემცირების თაობაზე, დაკმაყოფილდა: მერიას საწარმოს სასარგებლოდ 29 732.93 ლარის გადახდა დაეკისრა.

2. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 16 ნოემბრის განჩინებით მოპასუხის საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ძალაში დარჩა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 27 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 21 მარტის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 27 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება ამავე სასამართლოს 2023 წლის 16 ნოემბრის განჩინებასთან ერთად გაუქმდა და საქმე დაუბრუნდა იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად.

4. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ განსახილველ შემთხვევაში, აპელანტის პრეტენზია გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიმართ ემყარება იმ გარემოებას, რომ იგი საპატიო მიზეზით ვერ გამოცხადდა სასამართლოს სხდომაზე, რაც, სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, გასაზიარებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

4.1. მერიის წარმომადგენელს სასამართლოს მიერ გაგზავნილი უწყება 2023 წლის 27 ივლისს დანიშნული სხდომის თაობაზე კანონით დადგენილი წესით, 2023 წლის 26 ივნისს, ჩაჰბარდა. შესაბამისად, მოპასუხის სასამართლოს სხდომის თაობაზე ინფორმირების საკითხი მოცემულ შემთხვევაში სადავო არ არის;

4.2. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო სამართალწარმოებაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტი მხარეთა მიერ საპროცესო ვალდებულებების შესრულებისადმი პატივისცემისა და მათი პასუხისმგებლობის დონის ამაღლებას უზრუნველყოფს. ის საპროცესო დისციპლინის განმტკიცებასა და პროცესის გამარტივებას ემსახურება. აქედან გამომდინარე, ეს ინსტიტუტი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 და მე-4 მუხლებით განმტკიცებული სამართალწარმოების ფუნდამენტური პრინციპების რეალიზაციაა (იხ. სუსგ №ას-306-2021, 29.11.2022 წ.);

4.3. პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხი მოწესრიგებულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 230-ე მუხლით, რომლის თანახმად, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება. თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე;

4.4. დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებამდე სასამართლო ვალდებულია შეამოწმოს, ხომ არ არსებობს სსსკ-ის 233-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოებები. კერძოდ, აღნიშნული მუხლის თანახმად, მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ: ა) გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო ამ კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით; ბ) სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის; გ) გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები; დ) არ არსებობს სარჩელის აღძვრის წინაპირობები;

4.5. სსსკ-ის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის. ამრიგად, კანონმდებელი ავალდებულებს მხარეს, წინასწარ აცნობოს სასამართლოს სხდომაზე მისი გამოცხადების შეუძლებლობისა და მიზეზის შესახებ, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ასეთი შეტყობინება სხდომამდე შეუძლებელია. ამასთან, იმ გარემოებათა დამტკიცების ტვირთი, რომლებზეც მიუთითებს მხარე თავის საჩივარში, როგორც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზზე, ეკისრება მომჩივანს, ხოლო ამ გარემოებათა შეფასება იმ თვალსაზრისით, თუ რამდენად საპატიოა მხარის გამოუცხადებლობა – სასამართლოს უფლებამოსილებაა (იხ. სუსგ-ები: №ას-1445-1459-2011, 31.10.2011 წ.; №ას-1410-1330-2017, 30.01.2018 წ.; №ას-803-803-2018, 27.09.2018 წ.);

4.6. მოპასუხე როგორც დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე წარდგენილ საჩივარში, ისე სააპელაციო საჩივარში, მისი გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად მიუთითებს იმ გარემოებას, რომ 2023 წლის 27 ივლისს, გამთენიისას მის მცირეწლოვან შვილს დაუფიქსირდა ტემპერატურა. სამსახურში მისვლისთანავე მისმა მეუღლემ აცნობა, რომ ბავშვს ტემპერატურამ აუწია და საჭიროებდა ექიმთან წაყვანას. შესაბამისად სამსახურში მისვლისთანავე მოუწია სახლში დაბრუნება, რათა შვილი კლინიკაში წაეყვანა. ამდენად, სამსახურში დილიდანვე არ იმყოფებოდა და არც სასამართლოში პროცესის ჩანიშვნამდე არ მისულა სამსახურში. შესაბამისად, 27 ივლისის სასამართლო პროცესი ამ ემოციურ ფონზე არ ახსოვდა და სამსახურში მისვლის გარეშეც ვერ გაიხსენებდა, რადგან აღნიშნული სასამართლო სხდომის ჩანიშვნის შესახებ სასამართლოს მხრიდან ეცნობა ერთი თვით ადრე, 2023 წლის 22 ივნისს, შესაბამისად მისი მდგომარეობის შესახებ ვერ შეძლო სასამართლოსათვის წინასწარ ეცნობებინა და მოეთხოვა პროცესის გადადება. ამასთან, 2023 წლის 22 ივლისიდან, 6 თვის ვადით შეჩერებული აქვს მართვის მოწმობა, შესაბამისად სამსახურიდან სახლში, სახლიდან კლინიკაში და კლინიკიდან სახლში წაიყვანა სამსახურის თანამშრომელმა, რომელიც აღნიშნულ გარემოებას დაადასტურებდა ზეპირ მოსმენაზე. საჩივრის ავტორი აღნიშნავდა, რომ მისი გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო ზემოაღნიშნული გარემოებებით და მუნიციპალიტეტს სარჩელის მიმართ ინტერესი არ დაუკარგავს, რასაც მოწმობს ის გარემოებაც, რომ მათი მხრიდან დროულად იქნა წარმოდგენილი შესაგებელი. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ სპორტული დარბაზის მშენებლობის დასრულება გათვალისწინებული იყო მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში და მანამდე სხვა ორგანიზაციის მიერ დროულად ვერ დასრულდა სპორტული დარბაზის მშენებლობა და ვერც მოსარჩელის პერიოდში დასრულდა მშენებლობა. შესაბამისად, გათვალისწინებული უნდა იყოს ის გარემოებაც, დავის განხილვის მნიშვნელობა იმითაა განპირობებული, რომ მოცემულ დავაზე სასამართლოს მხრიდან მიღებულ იქნას სამართლიანი და ობიექტური გადაწყვეტილება. აღნიშნული დავა, გარდა მუნიციპალიტეტის ინტერესისა, წარმოადგენს საჯარო ინტერსს; მუნიციპალიტეტში გათვალისწინებული ბიუჯეტით დროულად უნდა დასრულებულიყო სპორტული დარბაზის მშენებლობა, რათა სოფელ ….. მცხოვრებ ახალგაზრდებს მიეღოთ საშუალება სპორტული დარბაზით სარგებლობის. 2023 წლის 21 სექტემბერს საჩივრის ავტორმა განცხადებით წარმოადგინა პედიატრის მიერ გაცემული, ბეჭდით დამოწმებული რეცეპტი;

4.7. საპატიო მიზეზის ცნებას განსაზღვრავს სსსკ-ის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის თანახმად, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებულ უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე;

4.8. დასახელებული ნორმის დეფინიციიდან გამომდინარე, იმისათვის, რომ სასამართლომ პროცესზე მხარის გამოუცხადებლობა ან სასამართლოსთვის შუამდგომლობისა და განცხადების წარუდგენლობა საპატიოდ მიიჩნიოს, უნდა არსებობდეს ორი წინაპირობა: 1. გამოუცხადებლობა გამოწვეული უნდა იყოს განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით და 2. აღნიშნული განსაკუთრებული ობიექტური გარემოება მხარისაგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს უნდა ხდიდეს მხარის პროცესზე გამოცხადებას ან/და გამოცხადების შეუძლებლობის შესახებ სასამართლოსთვის შეტყობინებას. იმისათვის, რომ სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მიზეზი გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად მიიჩნიოს, მას უნდა შეექმნას მხარის გამოცხადების ობიექტური შეუძლებლობის მყარი შინაგანი რწმენა. ასეთ შემთხვევაში, ისევე როგორც ზოგადად, სამოქალაქო სამართალწარმოებისას, მხარეს ეკისრება სადავო გარემოების მტკიცების ტვირთი. ამასთან, სასამართლო სხდომაზე მხარის გამოუცხადებლობის ყოველი კონკრეტული შემთხვევა უნდა შეფასდეს სსსკ-ის 105-ე მუხლის შესაბამისად, ინდივიდუალურად, საქმეში არსებული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე (იხ. სუსგ №ას-306-2021, 29.11.2022 წ.);

4.9. განსახილველ შემთხვევასთან მიმართებით, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საკითხის სწორი შეფასებისათვის მხოლოდ ფორმალური მიდგომა საკმარისი არ არის და აპელანტის პოზიციის საფუძვლიანობის შემოწმებისთვის, ერთობლივად უნდა შეფასდეს საქმის განხილვის პროცესში მოპასუხის მიერ განხორციელებული ქმედებები და ზოგადად საქმის ფაქტობრივი მოცემულობა, რათა დადგინდეს მოპასუხის დამოკიდებულება საქმის მიმართ, რაც შემდგომ სასამართლოს მისცემს შესაძლებლობას შეაფასოს აპელანტის არგუმენტის საფუძვლიანობა;

4.10. საწარმომ, 2022 წლის 19 სექტემბერს, მერიის წინააღმდეგ სარჩელით მიმართა ბოლნისის რაიონულ სასამართლოს. სარჩელი და თანდართული დოკუმენტები მოპასუხეს 2022 წლის 27 სექტემბერს ჩაჰბარდა და შესაგებლის წარმოსადგენად 10-დღიანი ვადა განესაზღვრა. სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში მოპასუხემ წარმოადგინა კვალიფიციური შესაგებელი, სადავო გახადა მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობა შესაბამისი დასაბუთებით. აღნიშნულის შემდგომ ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 21 ივნისს განჩინებით დაინიშნა მოსამზადებელი სხდომა 2023 წლის 27 ივლისს 13:30 საათზე. დადგენილია, რომ მოპასუხეს უწყება ჩაჰბარდა კანონით დადგენილი წესით, თუმცა სასამართლო სხდომაზე იგი არ გამოცხადებულა. მოპასუხის გამოუცხადებლობის შედეგად მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება საჩივრით გაასაჩივრა მერიის წარმომადგენელმა, რაც არ დაკმაყოფილდა;

4.11. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცენდეტულ სამართალზე, რომლითაც დადგენილია, რომ მხარეთა თანასწორობის პრინციპი, რომელიც სამართლიანი სასამართლოს ფართო კონცეფციის ერთ-ერთი ელემენტია, მოითხოვს თითოეული მხარისგან ჰქონდეს გონივრული შესაძლებლობა წარმოადგინოს საკუთარი საქმე ისეთ პირობებში, რომელიც არ ჩააყენებს მას მნიშვნელოვნად არახელსაყრელ მდგომარეობაში მის მოწინააღმდეგე მხარესთან მიმართებით (იხ. „ნიდეროსტ-ჰუბერი შვეიცარიის წინააღმდეგ“, (Nideröst-Huber v. Switzerland), 18/02/1997, §23, გადაწყვეტილებათა და განჩინებათა კრებული 1997-I; „კრესი საფრანგეთის წინააღმდეგ“ (Kress v. France) [დიდი პალატა], no. 39594/98, § 72, ECHR 2001-VI; „ეივონი საფრანგეთის წინააღმდეგ“(Yvon v. France), no. 44962/98, § 31, ECHR 2003- V; და „გორაიზი და სხვები ესპანეთის წინააღმდეგ“(Gorraiz Lizarraga and Others v. Spain), no. 62543/00, § 56, ECHR 2004-III). სამართლიანი სამართალწარმოება მოითხოვს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოების ყველა მხარე ინფორმირებული იყოს და შესაძლებლობა ჰქონდეს, გამოთქვას მოსაზრება წარდგენილ დასკვნებსა და მტკიცებულებებზე, რათა გავლენა მოახდინოს სასამართლოს გადაწყვეტილებაზე (იხ. „ლობო მაჩადო პორტუგალიის წინააღმდეგ“ (Lobo Machado v. Portugal), 20/02/1996, §31, ანგარიშები 1996-I). კონვენციის მე-6 მუხლის არც ფორმალური და არც შინაარსობრივი მხარე ხელს არ უშლის პირს საკუთარი თავისუფალი ნებით გამოხატულად ან ნაგულისხმევად უარი თქვას სამართლიანი სასამართლოს გარანტიებზე (იხ. „ჰერმი იტალიის წინააღმდეგ“ (Hermi v. Italy) [დიდი პალატა], no. 18114/02, §73, ECHR 2006-XII). თუმცა, ასეთი უარი დადგენილი უნდა იყოს ცალსახად და უზრუნველყოფილი უნდა იყოს მისი მნიშვნელობის შესაბამისი მინიმალური გარანტიებით (იხ. „პოიტრიმოლი საფრანგეთის წინააღმდეგ“ (Poitrimol v. France) 23/11/1993, §31, Series A no. 277-A), და არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს რაიმე მნიშვნელოვან საჯარო ინტერესს (იხ. „სეჯდოვიჩი“ (Sejdovic) §86, და „დილიპაკი და კარაკაია“ (Dilipak and Karakaya);

4.12. ზემოაღნიშნული განმარტებებიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების კანონიერად ცნობისთვის, საქმის ირგვლივ არსებული ფაქტობრივი მოცემულობის ერთობლივად შეფასებით, სასამართლოს უნდა გაუჩნდეს შინაგანი რწმენა იმისა, რომ მხარემ, რომლის წინააღმდეგაც არის მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება, უარი განაცხადა მისთვის მინიჭებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზებაზე, ან მეორე მხრივ არაკეთილსინდისიერად იყენებს აღნიშნულ უფლებას, რაც გამოიხატება საქმისწარმოების პროცესის გაჭიანურების მცდელობაში. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, განსახილველ შემთხვევაში არც ერთი ზემოხსენებული საფუძველი არ არის სახეზე, კერძოდ, როგორც ზემოთ აღინიშნა, მოპასუხემ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი სარჩელის საპასუხოდ, სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში წარადგინა კვალიფიციური შესაგებელი/თანდართული მტკიცებულებებით (ფურცლების საერთო რაოდენობა: 82 გვერდი), შემდგომ საჩივრითა და სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მის წინააღმდეგ მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება, შესაბამისად მოპასუხემ საქმის საწყის ეტაპზევე და შემდგომაც დააფიქსირა მისი ინტერესი დავის მიმართ. ამასთან, მოპასუხე არ გამოცხადდა სასამართლოს მიერ ჩანიშნულ პირველ, მოსამზადებელ სხდომაზე, რაც ვერ იქნება შეფასებული საქმის გაჭიანურების მცდელობად. როგორც ზემოთ აღინიშნა, 2023 წლის 21 სექტემბერს საჩივრის ავტორმა განცხადებით წარადგინა პედიატრის მიერ გაცემული, ბეჭდით დამოწმებული რეცეპტი/ცნობა, სადაც მითითებულია პაციენტის სახელი/გვარი - ნ.გ–ლი (მოპასუხის წარმომადგენლის მცირეწლოვანი შვილი), თარიღი 27.07.2023წ., დიაგნოზი - R50 ცხელება, ასევე პაციენტის ასაკი - 1.11 თვის და დანიშნულება. რეცეპტი გამოწერილია სპეციალურ ფორმაში (ტიტულოვან ბლანკზე) და ერთვის პედიატრის ხელმოწერა და ბეჭედი;

4.13. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების მხედველობაში მიღებით, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, სავსებით შესაძლებელია, რომ მოპასუხის წარმომადგენელს მართლაც დავიწყებოდა სასამართლო სხდომის თარიღი, რაც, თავის მხრივ, შეუძლებელს ხდიდა მისი მხრიდან სხდომაზე გამოცხადებას, ან სასამართლოს წინასწარ ინფორმირებას. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ იმ პირობებში, როდესაც საქმეზე დასტურდება, რომ წარმომადგენლის წლის და 11 თვის შვილს სასამართლოს სხდომის დღეს ჰქონდა მაღალი ტემპერატურა/ცხელება, სააპელაციო სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ აღნიშნულ გარემოებას შესაძლებელია ძლიერი ემოციური ფონი გამოეწვია წარმომადგენელში, რომელიც ვალდებული შეიქნა სამსახურში მისული უკან გაბრუნებულიყო სახლში და პედიატრთან წაეყვანა შვილი, ამასთან, საქმის მასალებიდან არ დგინდება მისი უპასუხისმგებლო ქმედების, ან საქმისადმი ინტერესის დაკარგვის გარემოება, ასეთ შემთხვევაში კი, დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინტიტუტის სანქციის სახით გამოყენება არ არის მიზანშეწონილი. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს უფლებას წარმოადგენს და მისი შეზღუდვის ლეგიტიმურობა სარწმუნოდ უნდა იქნეს დადასტურებული;

4.14. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ გასაჩივრებულ განჩინებაში მითითებული გარემოება, რომ „წარმომადგენელმა სასამართლო სხდომის დღეს უშუალოდ წარმოადგინა განცხადება ბოლნისის რაიონული სასამართლოს კანცელარიაში (იმავე დღეს 14:23 წუთზე), ანუ სხდომის დასრულებიდან 10 წუთში“, კიდევ ერთხელ ადასტურებს მოპასუხე მხარის ინტერესს განსახილველი საქმისადმი და იმ გარემოებას, რომ წარმომადგენლის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობა არ იყო გამოწვეული უპასუხისმგებლობით ან საქმის გაჭიანურების მცდელობით;

4.15. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხე მარნეულის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის გამოუცხადებლობა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 27 ივლისის მოსამზადებელ სხდომაზე გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის. შესაბამისად, სახეზეა სსსკ-ის 241-ე მუხლის შემადგენლობა, რაც გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია.

5. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

5.1. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ და ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 27 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და ამავე სასამართლოს 2023 წლის 16 ნოემბრის განჩინების ძალაში დატოვება მოითხოვა.

5.2. კასატორის განმარტებით, მოპასუხის წარმომადგენელს არ წარუდგენია სასამართლოს წინაშე მისი გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის დამადასტურებელი მტკიცებულება. წარმომადგენელმა თავად აღიარა საკუთარი გულმავიწყობა, რაც დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის საფუძველია;

5.3. კასატორის განმარტებით, 2023 წლის 27 ივლისს 14:27 საათზე (სხდომა დანიშნული იყო 13:30 სთ) მოპასუხის წარმომადგენელი ბოლნისის რაიონულ სასამართლოში გამოცხადდა და მოითხოვა მისთვის დოკუმენტის გადაცემა, რომლითაც დადასტურდებოდა მერიისათვის სასამართლო უწყების ჩაბარების ფაქტი. აღნიშნული ადასტურებს, რომ წარმომადგენელს უბრალოდ დაავიწყდა სასამართლო სხდომა და არც ის ახსოვდა, რომ უწყება ჩაბარებული ჰქონდა;

5.4. კასატორის განმარტებით, მერიას შეეძლო, სასამართლო სხდომაზე სხვა წარმომადგენელი გამოეგზავნა.

5.5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 22 ივლისის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.

5.6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 27 სექტემბრის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის მიხედვით და მიღებულ იქნა არსებითად განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების, გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთებულობისა და წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლების ანალიზის შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს.

6. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების სააპელაციო სასამართლოს მიერ გაუქმების კანონიერება. კასატორი აცხადებს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა სსსკ-ის 241-ე მუხლი და მოპასუხის წარმომადგენლის განმარტება შვილის ავად გახდომასთან დაკავშირებით, კანონით გათვალისწინებული მტკიცებულების გარეშე, საპატიო მიზეზად მიიჩნია.

7. წინამდებარე საკასაციო საჩივრის ფარგლებში შესაფასებელია მხოლოდ ის საკითხი, მოპასუხის არასაპატიო მიზეზით სხდომაზე გამოუცხადებლობა, კონკრეტულ შემთხვევაში, ქმნიდა თუ არა დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობას და სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად ამართლებდა თუ არა სასარჩელო მოთხოვნას.

8. სსსკ-ის 230-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით, და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება. ამავე ნორმის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე. ზემოაღნიშნული კანონის დანაწესის საფუძველზე დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისათვის უნდა დადასტურდეს შემდეგი წინაპირობები: 1. მოპასუხეს საქმის განხილვის შესახებ კანონის მოთხოვნათა დაცვით ეცნობა; 2. იგი სასამართლო სხდომაზე არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა; 3. მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, 4. სარჩელში მითითებული გარემოებები (ფაქტები) იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას.

9. საკასაციო სასამართლო მოპასუხე მერიის წარმომადგენლის განმარტებებს მოიხმობს, რომელთა თანახმადაც 2023 წლის 27 ივლისს, გამთენიისას მის მცირეწლოვან შვილს დაუფიქსირდა ტემპერატურა. სამსახურში მისვლისთანავე მისმა მეუღლემ აცნობა, რომ ბავშვს ტემპერატურამ აუწია და საჭიროებდა ექიმთან წაყვანას. შესაბამისად სამსახურში მისვლისთანავე მოუწია სახლში დაბრუნება, რათა შვილი წაეყვანა კლინიკაში. ამდენად, სამსახურში დილიდანვე არ იმყოფებოდა და არც სასამართლოში პროცესის ჩანიშვნამდე არ მისულა სამსახურში. შესაბამისად, 27 ივლისის სასამართლო პროცესი ამ ემოციურ ფონზე არ ახსოვდა და სამსახურში მისვლის გარეშეც ვერ გაიხსენებდა, რადგან აღნიშნული სასამართლო სხდომის ჩანიშვნის შესახებ სასამართლოს მხრიდან ეცნობა ერთი თვით ადრე, 2023 წლის 22 ივნისს, შესაბამისად არ შეეძლო მისი მდგომარეობის შესახებ სასამართლოსათვის წინასწარ ეცნობებინა. 2023 წლის 22 ივლისიდან, 6 თვის ვადით შეჩერებული აქვს მართვის მოწმობა, შესაბამისად სამსახურიდან სახლში, სახლიდან კლინიკაში და კლინიკიდან სახლში წაიყვანა სამსახურის თანამშრომელმა, რომელიც აღნიშნულ გარემოებას დაადასტურებს ზეპირ მოსმენაზე.

10. პირველი ინსტანციის სასამართლოს 2023 წლის 21 სექტემბერს საჩივრის ავტორმა პედიატრის მიერ გაცემული რეცეპტი წარუდგინა,

11. სსსკ-ის 215-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.

12. საკასაციო სასამართლო, სსსკ-ის 215.3-ე მუხლის საფუძველზე, სრულად იზიარებს კასატორის პრეტენზიას, რომ მოპასუხის წარმომადგენლის მიერ წარმოდგენილი პედიატრის მიერ ხელმოწერილი რეცეპტი (რომლის მიხედვით ბავშვს დაენიშნა იმუნეპი (დღეში ერთხელ) და ჩაი ინსტი (დღეში ორჯერ)- იხ. ტ.1, ს.ფ.214), რომელიც ექიმი-პედიატრის პირადი ბეჭდით არის დამოწმებული, არ უთანაბრდება სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის ან მკურნალი ექიმის მიერ ხელმოწერილ დოკუმენტს, რომელიც პირდაპირ უნდა მიუთითებდეს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 9 აგვისტოს N 338/ნ ბრძანებით არის დამტკიცებული ჯანმრთელობის მდგომარეობის შევსების წესი და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის ფორმა, რომელიც მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტს განეკუთვნება, დადგენილი წესით აღირიცხება სამედიცინო დაწესებულების მიერ და სავალდებულოა კონკრეტული მონაცემების მითითება, რომელთა საფუძველზე დგინდება პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა და “არ საჭიროებს დამატებით აღნიშვნას სასამართლო სხდომაზე პაციენტის გამოუცხადებლობის თაობაზე. მითითებული დოკუმენტი, დანიშნულებიდან გამომდინარე, იმთავითვე გამორიცხავს საავადმყოფო ფურცელზე ყოფნის პერიოდში, პაციენტის შრომისუნარიან სუბიექტად და, მაშასადამე, საკუთარი ინტერესების დასაცავად სამართალწარმოებაში მონაწილეობისუნარიან პირად განხილვას” (იხ. სუსგ N ას-28-2021, 12.03.2021წ.). განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხის წარმომადგენელს არ წარუდგენია სასამართლოსათვის ისეთი მტკიცებულება, რომელიც მისი სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზს- მცირეწლოვანი შვილის ავადმყოფობის საფუძვლით - დაადასტურებდა, ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობაზე, რომ მერიაში სამსახური არის საჯარო სამსახური. მუნიციპალიტეტის მერიის დებულების 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, მერიის შინაგანაწესით განისაზღვრება მოხელის სამსახურში არყოფნის შეტყობინების წესი. იმავე დებულების მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, განყოფილების უფროსი უზრუნველყოფს მოხელის მხრიდან შინაგანაწესის მოთხოვნების დაცვას. შესაბამისად, განყოფილების უფროსი არის მენეჯმენტის ის რგოლი, რომელიც იღებს ინფორმაციას მოხელისაგან სამსახურში გამოუცხადებლობის თაობაზე. ამდენად, თუკი მერიის წარმომადგენელს მოუწია სამსახურის მიტოვება, მას ამის შესახებ, განყოფილების უფროსისათვის უნდა ეცნობებინა. სულ მცირე, მას შეეძლო წარმოედგინა სასამართლოსთვის უფროსის მიერ გაცემული დოკუმენტი ასეთი შეტყობინების არსებობის შესახებ, სადაც, სხვა რეკვიზიტებთან ერთად, ასევე იქნებოდა მითითებული შეტყობინების დრო და სამსახურიდან წასვლის ან არ მისვლის პერიოდი. ასეთი მტკიცებულება საქმეში არ არის მოთავსებული. საკასაციო სასამართლო, ცხადია, იზიარებს მიდგომას, რომ ფორმალურ-იურიდიული წესების განსაკუთრებით მკაცრმა ინტერპრეტაციამ არ უნდა გამოიწვიოს პირის უფლებების ხელყოფა, მით უფრო, სასამართლო განხილვის უფლებაზე, თუმცა, მოცემულ შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა (დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი მოტივაცია) სწორედ იმას ადასტურებს, რომ სასამართლო არათუ ფორმალურად მიუდგა მხარის სხდომაზე გამოუცხადებლობის მიზეზის საპატიოობის კვლევას და მაინცდამაინც მკაცრი აღრიცხვის სამედიცინო დოკუმენტი მოითხოვა მხარისაგან, არამედ, მოპასუხის, რომელიც საჯარო სამსახურს წარმოადგენს, გამოუცხადებლობის საპატიოობის დადასტურების სხვა შესაძლებელ მტკიცებულებაზეც მიუთითა, რაც კანონისმიერი მოთხოვნაა და ლოგიკურია, რომ მომზადებულიყო საჯარო სამსახურში. იმ დაშვებითაც, რომ მცირეწლოვანი ბავშვის შეუძლოდ ყოფნის გამო გამოწვეული სტრესის დროს მოპასუხის წარმომადგენელმა ვერ შეძლო თუნდაც საკუთარი მარწმუნებლისთვის ინფორმაციის მიწოდება, არც ის დგინდება, რომ ასეთი ინფორმაცია საერთოდ მიაწოდა წარმომადგენელმა მარწმუნებელს თუნდაც მას შემდეგ, რაც ბავშვის პედიატრთან ვიზიტი დასრულდა, არც მხარეს მიუთითებია და არც საქმის მასალებშია ცნობა, რომ მცირეწლოვანს ავადობის გამო სტაციონარში მოუწია თუნდაც ერთი დღით დარჩენა. სწორედ ამიტომ არის საყურადღებო საკასაციო სასამართლოსთვის ის გარემოებაც, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში სხდომის დასრულებიდან 10 წუთში (27.07.23წ. 14:23 სთ; რეგსიტრაციის N7859) რეგისტრირებულია მოპასუხის წარმომადგენლის განცხადება, რომლის შინაარსი შემდეგია: გთხოვთ გადმომცეთ შეზღუდული პასუხისმგებლობის ამხანაგობა მშენებლობის კასპიიისპირეთი სამმართველოს სამოქალაქო სარჩელზე (საქმის N 2/882-22) მუნიციპალიტეტისათვის გამოგზავნილი უწყება და უწყების ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი (იხ. ტ.1, ს.ფ.198). ამ განცხადების შინაარსით მხოლოდ ის დგინდება, რომ მოპასუხის წარმომადგენელი ითხოვს მოპასუხისათვის გაგზავნილი დოკუმენტისა და მისი ჩაბარების დასტურს, რაც იმ დღესვე ჩაბარდა. ამ განცხადებაშიც არ არის მითითებული, რომ მოულოდნელად წარმოქმნილმა ვითარებამ შეუძლებელი გახადა სასამართლოსათვის ინფორმაციის მიწოდება პირველივე შესაძლებლობისთანავე. საჩივრის ავტორის არგუმენტები, რომ მას ბავშვის ავადმყოფობის გამო არ შეეძლო რაიმე სახით შეტყობინება მიეწოდებინა სასამართლოსთვის, ან თუნდაც საკუთარი მარწმუნებლისთვის, არადამაჯერებელია და არ ქმნის მოვლენათა შესაძლო განვითარების ლოგიკურ ჯაჭვს, რომ მოპასუხის წარმომადგენელს მოულოდნელად წარმოეშვა საპატიო მიზეზი, რის გამოც ვერ შეძლო ვერც სასამართლოს, ვერც მარწმუნებლის ინფორმირება. დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე მოპასუხის მიერ წარდგენილი საჩივრის ზეპირი მოსმენით გამართულ სხდომამდეც არ წარუდგენია მხარეს რაიმე სარწმუნო მტკიცებულება სასამართლოსთვის მისი 2023 წლის 27 ივლისის სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის შესახებ, მოპასუხის წარმომადგენელი არც პირველი ინსტანციის სასამართლოს 2023 წლის 16 ნოემბრის სხდომაზე გამოცხადებულა. მართალია, ამ დროს კონკრეტულ წარმომადგენელს - ბექა გავაშელს 2023 წლის 13 ნოემბრიდან 17 ნოემბრის ჩათვლით შეჩერებული ჰქონდა უფლებამოსილება საქართველოს თავდაცვის 204-ე ქვეითი კადრირებული ბატალიონის პირველი მსუბუქი ქვეითი ასეულის ტერიტორული რეზერვის სასწავლო შეკრებაზე დასწრების გამო გამო (იხ. ტ.1, ს.ფ.218), სადავო არაა, რომ 2023 წლის 16 ნოემბრის სხდომის თარიღის, დროის, განხილვის ფორმისა და ადგილის შესახებ კანონით დადგენილი წესით, ჯერ კიდევ 2023 წლის 13 ოქტომბერს იყო ინფორმირებული მოპასუხე მხარე (იხ. ტ.1, ს.ფ. 215), თუმცა, მუნიციპალიტეტის მერიის სხვა წარმომადგენელიც არ გამოცხადებულა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მერიის საჩივრის განხილვის მიზნით დანიშნულ ზეპირ მოსმენაზე.

13. იმისათვის, რომ სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მიზეზი გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად მიიჩნიოს, მას უნდა შეექმნას მხარის გამოცხადების ობიექტური შეუძლებლობის მყარი შინაგანი რწმენა. ასეთ შემთხვევაში, ისევე როგორც, ზოგადად, სამოქალაქო სამართალწარმოებისას, მხარეს ეკისრება სადავო გარემოების მტკიცების ტვირთი. ამასთან, სასამართლო სხდომაზე მხარის გამოუცხადებლობის ყოველი კონკრეტული შემთხვევა უნდა შეფასდეს სსსკ-ის 105-ე მუხლის შესაბამისად, ინდივიდუალურად, საქმეში არსებული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

14. სსსკ-ის 230-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით, და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება.

15. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოპასუხის მიერ წერილობითი შესაგებლის წარდგენა, თავისთავად არ ადასტურებს იმ გარემოებას, რომ მხარეს საქმის განხილვისადმი ინტერესი არ დაუკარგავს, რადგან შესაგებლის წარუდგენლობას და მოპასუხის გამოცხადებლობას კონკრეტული სამართლებრივი შედეგები უკავშირდება საპროცესო კანონმდებლობის მიხედვით. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ წერილობითი შესაგებლის წარდგენა, ცხადია, მხარის საპროცესო აქტიურობის ნაწილია და სარჩელში მითითებული გარემოებების უდავოდ დამტკიცებულად მიჩნევის ასარიდებლად მნიშვნელოვანი საპროცესოსამართლებრივი ინსტრუმენტია, თუმცა, საკმარისი არ არის მხარის მიერ საპროცესო ვალდებულებების განხორციელების თვალსაზრისით, რადგან წერილობითი მტკიცების სტადიას (სარჩელის/შესაგებლს წარდგენა), მოსდევს ზეპირი მტკიცების (მხარეთა განმარტებების, შეჯიბრებითობისა და თანასწორობის პრინციპების დაცვით) ეტაპი, რა დროსაც, გარდა იმისა, რომ სასამართლოა ვალდებული, ჯეროვნად შეატყობინოს მხარეს საქმის განხილვის თარიღი, დრო, განხილვის წესი (ზეპირი მოსმენით თუ მის გარეშე) და სხდომის ჩატარების ფორმა (მოსამზადებელი თუ მთავარი), კანონით დადგენილი წესით მოწვეული თითოეული მხარე ვალდებულია, სასამართლოს მიერ დანიშნულ სხდომაზე გამოცხადდეს ან გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი დაადასტუროს, იმ ფორმით, როგორც ეს კანონითაა დადგენილი და საქართველოს საერთო სასამართლოების პრაქტიკით არაერთხელ განმარტებული.

16. მიუხედავად იმისა, რომ საკითხი უკავშირდება სასამართლო სხდომაზე მოპასუხის წარმომადგენლის გამოუცხადებლობას მისი მცირეწლოვანი (1 წლისა და 11 თვის) შვილის ავადმყოფობის მიზეზით, რაც, მართლაც შესაძლებელია, იმდენად მძიმე ემოციურ ფონს ქმნიდეს, რომ პირს საერთოდ დაავიწყდეს კიდეც დანიშნული სხდომა, მოცემული შემთხვევა ამას არ ადასტურებს. ზოგადად ადამიანის ჯანმრთელობა, მით უფრო, ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა, არათუ უპირატეს ყურადღებას, გულისხმიერებას და ზრუნვას მოითხოვს, არამედ, უდავო პრიორიტეტია, თუმცა, მოპასუხის მიერ საჩივარში მითითებული გარემოებები და მათ დასადასტურებლად წარდგენილი მტკიცებულებები ერთობლივად უნდა შეფასდეს, რადგან მოსარჩელეს კვალიფიციური საკასაციო პრეტენზია აქვს წარდგენილი, ისევე, როგორც დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე მოპასუხის საჩივართან დაკავშირებით, პირველი ინსტანციის სასამართლოში აქვს წარდგენილი დასაბუთებული მოსაზრებები, თუ რა გარემოებები უთითებენ მხარის სხდომაზე არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობაზე (იხ. ტ.1, ს.ფ. 220-222). საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორის არგუმენტებს, რომელთა ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთების თაობაზე მითითებულია წინამდებარე გადაწყვეტილების 11-15 პუნქტებში.

17. მითითებული საფუძვლების კუმულაციურად არსებობა ქმნის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის ფორმალურ წინაპირობას, თუმცა, იმისათვის, რათა სასამართლომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის გზით დააკმაყოფილოს სარჩელი, მოსამართლე ვალდებულია, გამოარკვიოს კანონის ძალით დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები ამართლებენ თუ არა იურიდიული თვალსაზრისით მოთხოვნას (შდრ. სუსგ №ას-1468-1388-2017, 11.05.2018 წ.).

18. უზენაესი სასამართლოს არაერთ განჩინებაშია განმარტებული, თუ რას მოიაზრებს დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისას სასარჩელო მოთხოვნის იურიდიული მართებულობის კვლევა - აღნიშნული გულისხმობს მოთხოვნის დამფუძნებელი მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის სწორად განსაზღვრასა და იმის უტყუარად დადგენას, სარჩელში მითითებული და კანონის ძალით დადგენილად მიჩნეული გარემოებების სამართლებრივი თვალსაზრისით შეფასება იძლევა თუ არა დამფუძნებელი ნორმის შემადგენლობას. მითითებულ წინაპირობათაგან თუნდაც ერთ-ერთის არარსებობა იწვევს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე უარის თქმასა და მხარეთა დაბარებას სასამართლო სხდომაზე. ასეთ შემთხვევაში, განსხვავებულია მოპასუხის უფლებრივი მდგომარეობა, კერძოდ, მოპასუხისაგან მტკიცებულებები არ მიიღება, სამართლებრივი ბალანსი იმგვარია, რომ მოპასუხეს მხოლოდ სამართლებრივი შესაგებლის წარდგენის უფლება აქვს, ანუ თავდაცვის საპროცესო საშუალება მხოლოდ მოთხოვნასთან მიმართებით მისი სამართლებრივი მოსაზრებით შემოიფარგლება (საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის განჩინება საქმეზე №ას-121-117-2016, 17.03.2016 წ.).

19. ამრიგად, მოთხოვნის იურიდიული მართებულობის კვლევა მოიაზრებს სასამართლოს მხრიდან დამფუძნებელი ნორმების სწორად მოძიებას, რომლებიც დავის გადაწყვეტის ფუნდამენტს წარმოადგენს და ქმნის ამა თუ იმ ურთიერთობის სამართლებრივი მოწესრიგების აბსტრაქტულ შემადგენლობას. ნორმ(ებ)ის მოძიების შემდეგ სასამართლო ადგენს, სარჩელში მითითებული იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტები დამფუძნებელი ნორმ(ებ)ის აბსტრაქტულ აღწერილობას აკმაყოფილებენ თუ არა, რაც დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის გზით სარჩელის წარმატების საფუძველია (იხ. სუსგ №ას-2-2-2017, 14.07.2017 წ.), ანუ მოთხოვნის იურიდიული მართებულობა უნდა შემოწმდეს იმის მიხედვით, არის თუ არა იგი კანონიერი, შეიძლება თუ არა სასამართლოში ასეთი სასარჩელო მოთხოვნა წარდგენილ იქნეს და იგი დაკმაყოფილდეს კანონმდებლობის შესაბამისად (იხ. სუსგ №ას-273-2020, 29.01.2021 წ.; №ას-1168-2022, 18.01.2023 წ.; №ას-1416-2022, 7.02.2023 წ.; №ას-1440-2022, 2.03.2023 წ.).

20. აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს უზენაესი სასამართლოს არაერთ განმარტებაზე იმის შესახებ, რომ მოპასუხის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სასამართლო არ იხედება საქმეში, არ ამოწმებს და არ აფასებს მტკიცებულებებს, ვინაიდან ეს საჭირო არაა, რადგან გადაწყვეტილებისათვის მნიშვნელოვანი ფაქტები დამტკიცებულად ითვლება, მაგრამ „იხედება კანონში,“ რათა მისცეს ამ დამტკიცებულად ჩათვლილ ფაქტებს იურიდიული შეფასება. თუ ასეთი შეფასების შედეგად აღმოჩნდება, რომ აღნიშნული ფაქტები ამართლებენ შესაბამისი კანონის თანახმად მოსარჩელის მოთხოვნას, სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლომ უნდა გამოიტანოს ჩვეულებრივი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ (იხ. თ. ლილუაშვილი, სამოქალაქო საპროცესო სამართალი, თბ., 2005, გვ.400; სუსგ №ას-1102-2018, 18.02.2021 წ.).

21. მოპასუხე მხარის სასამართლო სხდომაზე არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობისას, სსსკ-ის 230-ე მუხლის კონტექსტში დადგენილად მიიჩნევა დავის ფაქტობრივი გარემოებები, რაც იმას ნიშნავს, რომ სასამართლო დადგენილად მიიჩნევს არა მხარის მოსაზრებებს, არამედ, იურიდიული მნიშვნელობის მქონე იმ ფაქტებს, რომლებიც მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმის შემადგენლობას ქმნიან. რაც შეეხება ამა თუ იმ მოსაზრებას, რომელსაც მხარე ავითარებს, ისინი სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს, რა დროსაც საქმის განმხილველი შემადგენლობა ამოწმებს ამ ფაქტებს მატერიალური სამართლის დანაწესებთან მიმართებით. თავის მხრივ, უნდა აღინიშნოს, რომ მართლმსაჯულების აქტი, მიუხედავად იმისა, იგი მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპითაა მიღებული თუ ერთ-ერთი მხარის გამოუცხადებლობის შედეგად, ყოველთვის უნდა ემყარებოდეს მატერიალური სამართლის ნორმას. საქმის განხილვაზე ერთ-ერთი მხარის გამოუცხადებლობა, თუნდაც ეს არასაპატიო მიზეზით იყოს განპირობებული, სასამართლოს არ აქვს უფლებამოსილება, გადაწყვეტილებას მხოლოდ სამართლებრივი სანქციის ფუნქცია შესძინოს და იურიდიული შეფასების გარეშე დააკმაყოფილოს გამოცხადებული მხარის ყველა პრეტენზია. სწორედ ამგვარი თვითნებობის თავიდან აცილებას ემსახურება სსსკ-ის 230-ე მუხლის მე-2 ნაწილის დათქმა.

22. დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისას სასამართლო არ იხილავს მტკიცებულებებს და არ შედის მათ არსებით კვლევაში, მსჯელობს მხოლოდ სარჩელში მითითებულ ფაქტებზე და, სარჩელის შინაარსიდან გამომდინარე, დაუსწრებელი გადაწყვეტილება გამოაქვს იმ შემთხვევაში, თუ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას (იხ. სუსგ №ას-1102-2018, 18.02.2021 წ.).

23. ზემოაღნიშნული სამართლებრივი განმარტებებისა და იმ გარემოების მხედველობაში მიღებით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოპასუხის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის გამო სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დადასტურებულადაა მიჩნეული, საკასაციო სასამართლო ასკვნის, რომ აღნიშნული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, ვინაიდან სახეზეა ყველა ის მოცემულობა, რაც განსახილველ დავაში სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი შეიძლებოდა გამხდარიყო – მოსარჩელე სადავოდ არ ხდის იმ გარემოებას, რომ ხელშეკრულების პირობები დაარღვია, იგი მისთვის დაკისრებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალ ოდენობაზე მიუთითებს.

24. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე „გახარია საქართველოს წინააღმდეგ“ (Gakharia v Georgia N30459/13, 06/12/2016), მიიჩნია, რომ სასამართლოს უნდა შეესწავლა ორი ძირითადი საკითხი: პირველი - გამოიჩინა თუ არა საქართველოს სახელმწიფომ საკმარისი გულმოდგინება ყველა საჭირო ზომის მიღებით, რათა ეცნობებინა მომჩივნისთვის (განმცხადებლისათვის) საქმის წარმოების დაწყების თაობაზე, რომელიც შეეხებოდა მისთვის მშობლის უფლებების შესაძლო შეზღუდვას და ამასთან დაკავშირებით მომჩივანმა (განმცხადებელმა) განაცხადა თუ არა უარი საკუთარ უფლებაზე, წარმდგარიყო სასამართლოს წინაშე და დაეცვა თავი; და მეორე - უზრუნველყო თუ არა ეროვნულმა კანონმდებლობამ მომჩივანი (განმცხადებელი) შესაბამისი სამართლებრივი საშუალებებით, რათა დაცული ყოფილიყო შეჯიბრებითობის პრინციპი ახალ სასამართლო სხდომაზე, როდესაც მან შეიტყო მის წინააღმდეგ დაუსწრებლად გამოტანილი სასამართლო გადაწყვეტილების შესახებ (§38). საქმეზე დადგინდა კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევა (Gakharia v Georgia N30459/13, 06.12.2016, § 49-51).

25. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში „ბართაია საქართველოს წინააღმდეგ“ განმარტა, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისას ფორმალისტური და მოუქნელი მიდგომა ეწინააღმდეგება გულმოდგინების პრინციპს; ეროვნულმა სასამართლოებმა უნდა გამოიჩინონ გულმოდგინება, რათა უზრუნველყონ კონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებული უფლებებით ეფექტიანი სარგებლობა (იხ. „ბართაია საქართველოს წინააღმდეგ“ (Bartaia v Georgia/საჩივარი N10978/06, ECHR).

26. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2016 წლის 23 მაისის გადაწყვეტილებით საქმეზე „ავოტინში ლატვიის წინააღმდეგ“, რომელშიც განმცხადებლის ერთ-ერთი პრეტენზია იყო, მის წინააღმდეგ მიღებულ დაუსწრებელ გადაწყვეტილებაში სამართლებრივი დაცვის საშუალებებზე მითითების არარსებობა, არ დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის დარღვევა და განმარტა, რომ განმცხადებელი უნდა გაცნობოდა კვიპროსის სასამართლოებში შესაძლო განხილვის წესს. არ მოიპოვა რა აღნიშნულ საკითხზე ინფორმაცია, მან, თავისი უმოქმედობითა და მონდომების არარსებობით, მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი იმ ვითარების შექმნას, რომელზეც იგი ჩიოდა ევროპულ სასამართლოში და რომელიც შეეძლო აეცილებინა ზიანის გარეშე (CASE AVOTIŅŠ v. LATVIA, Application no. 17502/07, [დიდი პალატა], JUDGMENT, 2016 წლის 23 მაისი, §123-124) - (იხ. თენგიზ ლილუაშვილი, გია ლილუაშვილი, ვალერი ხრუსტალი, ზურაბ ძლიერიშვილი - სამოქალაქო საპროცესო სამართალი, ნაწილი II, გვ.255-257; თბილისი, 2023წ.)

27. განსახილველ შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება და მისი უცვლელად დატოვების შესახებ იმავე სასამართლოს განჩინება სავსებით დასაბუთებულია საპროცესოსამართლებრივი თვალსაზრისით, ისევე, როგორც შემოწმებულია, თუ რამდენად გამართლებულია იურიდიულად სასარჩელო მოთხოვნა. საკასაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება (რომლითაც გაუქმდა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 27 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და მისი ძალაში დატოვების შესახებ 2023 წლის 16 ნოემბრის განჩინება) დაუსაბუთებელია, რის გამოც იგი უნდა გაუქმდეს. ამასთან, არ არსებობს საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების სსსკ-ის 412-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძველი, ვინაიდან საჭირო არაა მტკიცებულებათა დამატებით გამოკვლევა, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება.

28. სსსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე თავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად, აღნიშნული წესები შეეხება, აგრეთვე, სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გასწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას. თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. შეზღუდული პასუხისმგებლობის ამხანაგობა მ.კ.ს–ოს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 21 მარტის განჩინება და მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება;

3. ძალაში დარჩეს ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 27 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2023 წლის 16 ნოემბრის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ;

4. მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიას, შეზღუდული პასუხისმგებლობის ამხანაგობა მ.კ.ს–ოს სასარგებლოდ დაეკისროს საკასაციო სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 1486.64 ლარი.

5. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ნ. ბაქაქური