საქმე №ას-926-2024 11 ოქტომბერი, 2024 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,
ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – გ.ც–ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – დ.ქ–ი (მოსარჩელე)
თავდაპირველი მოპასუხე - მ.პ–ი
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 22 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 11 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დ.ქ–ის (მოსარჩელე,) სარჩელი გ.ც–ის (პირველი მოპასუხე, პირველი აპელანტი, კასატორი) და მ.პ–ის (მეორე მოპასუხე, მეორე აპელანტი) მიმართ, ზიანის ანაზღაურების თაობაზე, დაკმაყოფილდა. მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 6 887.69 ლარის გადახდა. აღნიშნულ დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივრები წარადგინდეს მოპასუხეებმა, მოითხოვეს მისი გაუქმება და საქმის წარმოების განახლება. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 21 სექტემბრის განჩინებით საჩივრები არ დაკმაყოფილდა და ძალაში დარჩა დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 22 დეკემბრის განჩინებით მოპასუხეების სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება და მისი ძალაში დატოვების შესახებ 2022 წლის 21 სექტემბრის განჩინება.
3. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, რუსთავის საქალაქო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი ხასიათის საპროცესო დარღვევების გარეშე, ამასთან სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებები და დასკვნები საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით.
3.1. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მოპასუხეებმა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არ წარადგინეს შესაგებელი, რაც დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი გახდა.
3.2. სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ი) 201-ე მუხლის პირველ ნაწილის, 177-ე მუხლის მეორე, მესამე და მეშვიდე ნაწილების, 2321-ე მუხლის საფუძველზე განმარტა, რომ მოპასუხის მხრიდან სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში შესაგებლის წარუდგენლობის ანუ სასარჩელო განცხადებასთან დაკავშირებით თავისი პოზიციის გამოხატვის ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, კანონმდებელი აწესებს ზეპირი მოსმენის გარეშე მის წინააღმდეგ სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესაძლებლობას. ამდენად, სასამართლო ვალდებულია დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისას შეამოწმოს არსებობს თუ არა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობები.
3.3. მოცემულ შემთხვევაში, სსსკ-ის 183-ე მუხლის შესაბამისად, მოპასუხეებისათვის სასამართლო გზავნილის (სარჩელის (განცხადების) და თანდართული დოკუმენტების ასლების) გაგზავნა და ჩაბარება დაევალა მოსარჩელეს. სააპელაციო სასამართლო განმარტებით, საქმეში წარმოდგენილი 2021 წლის 11 ოქტომბრის მიმართვებით/გზავნილებით, დასტუდება, რომ სასამართლოს მიერ მოპასუხეებს განესაზღვრათ 10 დღის ვადა სარჩელზე შესაგებლის წარსადგენად. ამასთან, მოპასუხეებს განემარტათ შესაგებლის არასაპატიო მიზეზით წარმოუდგენლობის სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული შედეგები. ასევე, მოსარჩელემ ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესების დაცვით, უზრუნველყო მოპასუხეებისათვის გზავნილი ჩაბარება, კერძოდ, პირველ მოპასუხეს 2021 წლის 26 ოქტომბერს პირადად ჩაბარდა გზავნილი, ხოლო, მეორე მოპასუხისთვის გაგზავნილი გზავნილი 2021 წლის 29 ოქტომბერს ჩაიბარა მისმა შვილმა, - ო.პ–მა.
3.4. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით სსსკ-ის 70-74-ე მუხლების შესაბამისად გზავნილი პირველი მოპასუხისთვის ჩაბარებულად ითვლება 2021 წლის 26 ოქტომბერს, ხოლო, მეორე მოპასუხისთვის - 2021 წლის 29 ოქტომბერს. ამდენად, სსსკ-ის 61-ე მუხლის თანახმად, პირველი მოპასუხისთვის შესაგებლის წარმოსადგენად განსაზღვრული 10 დღის ვადის ათვლა 2021 წლის 27 ოქტომბერს დაიწყო და ამოიწურა 5 ნოემბერს, ხოლო, მეორე მოპასუხისთვის - 2021 წლის 30 ოქტომბერს დაიწყო და ამოიწურა 9 ნოემბერს. დადგენილია, რომ მეორე მოპასუხემ შესაგებელი 2022 წლის 31 იანვარს წარადგინა სასამართლოში, ხოლო, პირველმა მოპასუხემ - 2022 წლის 1 თებერვალს, სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის დარღვევით, რაც მათ წინააღმდეგ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი გახდა.
3.5. სააპელაციო სასამართლომ შეფასებით, მხარემ ვერ დაადასტურა ის გარემოება, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისას ადგილი ჰქონდა საქართველოს სსსკ-ის 233-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს, ისევე, როგორც ვერ დაადასტურა სსსკ-ის 215-ე მუხლით გათვალისწინებული შესაგებლის წარუდგენლობის საპატიო მიზეზი, რისი მტკიცების ტვირთიც, საქართველოს სსკ-ის 102-ე მუხლის თანახმად, ეკისრებოდა თავად საჩივრის ავტორს.
3.6. პირველი მოპასუხე შესაგებლის ვადაში წარუდგენლობის საპატიო მიზეზად მისი და მისი ოჯახის წევრების ავადმყოფობაზე მიუთითებდა, კერძოდ, გზავნილის ჩაბარებიდან შესაგებლის წარსადგენად განსაზღვრულ ვადაში იყო ინფიცირებულის კონტაქტი და არ შეეძლო გარეთ გასვლა, ასევე, თვითონ და მისი ოჯახის წევრებიც დაინფიცირდნენ კოვიდ 19-ით. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, პირველი მოპასუხის საჩივარზე დართული მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ მას შესაგებლის სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში წარდგენის შესაძლებლობა ავადმყოფობის გამო ობიექტურად არ გააჩნდა.
3.7. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ვინაიდან პირველმა მოპასუხემ 2021 წლის 26 ოქტომბერს პირადად ჩაიბარა გზავნილი, მისთვის შესაგებლის წარმოსადგენად განსაზღვრული 10 დღიანი ვადის ათვლა 2021 წლის 27 ოქტომბერს დაიწყო და 5 ნოემბერს დასრულდა. შპს ,,რ.ბ.ს–ოს“ მიერ 11.02.2022 წელს გაცემული ცნობით კი დგინდება, რომ კოვიდ 19-ით ინფიცირება პირველ მოპასუხეს 2021 წლის 28 ნოემბერს დაუდასტურდა, ანუ საპროცესო ვადის ამოწურვიდან 23-ე დღეს, ხოლო, მის დედას, ,,ავერსის კლინიკის“ მიერ გაცემული ცნობის მიხედვით, კოვიდ 19 2021 წლის 04 დეკემბერს დაუდასტურდა, ანუ საპროცესო ვადის ამოწურვიდან თითქმის ერთი თვის შემდეგ. შესაბამისად, მოპასუხის და მისი ოჯახის წევრის ავადმყოფობის ფაქტს ადგილი საპროცესო მოქმედების ვადის განმავლობაში არ ჰქონია, რაც გამორიცხავდა პირველი მოპასუხის მიერ საჩივარში მითითებული გარემოების გაზიარების შესაძლებლობას.
3.8. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, უსაფუძვლოა პირველი მოპასუხის განმარტება, რომ მას სახლიდან გასვლა არ შეეძლო, რადგან იყო მ.ლ–ის კონტაქტი. მართალია ფორმა N100-ის მიხედვით, მ.ლ–ს კოვიდ 19-ით ინფიცირება 2021 წლის 28 ოქტომბერს დაუდასტურდა, თუმცა, პირველი მოპასუხე, რომ მისი კონტაქტი იყო და ამის გამო შეზღუდული ჰქონდა გადადგილების შესაძლებლობა, საქმეში რაიმე მტკიცებულება არ არის წარმოდგენილი. ამავდროულად, კოვიდინფიცირებულთან კონტაქტი არ უშლის ხელს მხარეს შეატყობინოს აღნიშნულის შესახებ სასამართლოს, თუნდაც სატელეფონო კომუნიკაციით და გამოიჩინოს სათანადო წინდახედულობა, რათა სასამართლოს დროული ინფორმირებით შეძლოს საპროცესო ვადის გაშვების გამოწვეული უარყოფითი შედეგების თავიდან აცილება.
3.9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ პირველი მოპასუხის მიერ საჩივარში მითითებული, შესაგებლის სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში წარუდგენლობის საფუძველი, უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი იყო.
3.10. მეორე მოპასუხემ შესაგებლის ვადაში წარუდგენლობის მიზეზად მიუთითა, რომ სარჩელი და თანდართული დოკუმენტების 2021 წლის 29 ოქტომბერს ჩაიბარა მისმა შვილმა ო.პ–მა, რომელიც არ გაეცნო გზავნილის შინაარსს, გზავნილი წაიღო ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ აგარაში, სადაც გარკვეული პერიოდი იმყოფებოდა, მეორე მოპასუხე ამის შესახებ არ გააფრთხილა და გზავნილი 2022 წლის იანვარში გადასცა.
3.11. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მოპასუხის ოჯახის წევრის მიერ გზავნილის დაგვიანებით გადაცემა არ წარმოადგენს მოპასუხისთვის შესაგებლის სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში წარუდგენლობის საპატიოდ მიჩნევის და შესაგებლის წარუდგენლობის გამო მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს.
3.12. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ აპელანტებს სარჩელი თანდართული დოკუმენტებით ჩაბარდათ სსსკ-ის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, ამასთან არ არსებობდა სსსკ-ის 215-ე მუხლით გათვალისწინებული საპატიო საფუძველი.
3.13. სააპელაციო სასამართლომ ასევე შეაფასა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისთვის კიდევ ერთი აუცილებელი პირობა - სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად უნდა ამართლებდეს სასარჩელო მოთხოვნას.
3.14. მოცემულ შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია სარჩელში მითითებული შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
- ქ. რუსთავში, ........ი მე-4 სართულზე მდებარე ბინა №16, საკადასტრო კოდით №......... წარმოადგენს თ.ტ–ის საკუთრებას;
- ქ. რუსთავში, ........ მე-3 სართულზე მდებარე ბინა №11, საკადასტრო კოდით №........ წარმოადგენს მოსარჩელის საკუთრებას;
- თ.ტ–მა კუთვნილი ბინაში რემონტის ჩატარების მიზნით ზეპირი ხელშეკრულება დადო მოპასუხეებთან;
- მეორე მოპასუხე თ.ტ–ის კუთვნილ ბინაში სარემონტო სამუშაოებს ასრულებდა 2020 წლის ნოემბრიდან 2021 წლის იანვრის თვის ჩათვლით, ხოლო პირველი მოპასუხე - 2020 წლის ნოემბრიდან დეკემბრის თვის ჩათვლით;
- 2020 წლის 30 ნოემბერს დაზიანების გამო თ.ტ–ის ბინაში წყლის მიწოდება დროებით შეწყდა. მოპასუხეებმა სამუშაოების დასრულების შემდეგ არ გადაკეტეს წყალი და როდესაც ბინაში წყლის მიწოდება აღდგა, წყალი ჩავიდა ქვედა სართულზე მდებარე მოსარჩელის კუთვნილ ბინაში;
- წყლის ჩასვლის გამო გამოწვეული დაზიანებების აღმოსაფხვრელად საჭირო ჩასატარებელი სამუშაოების ღირებულებამ 7 637.69 ლარი შეადგინა;
3.15. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ-ი) 316-ე, 317-ე, 408.1, 412-ე და 992-ე მუხლების თანახმად, კანონის ძალით დადგენილად მიჩნეული ზემოხსენებული ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას.
3.16. სააპელაციო სასამართლომ, დავის არსებით მხარესთან დაკავშირებით აპელანტის მითითებაზე, განმარტა, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისას სასამართლო არ იხილავს მტკიცებულებებს, არ შედის წარმოდგენილი მტკიცებულებების არსებით კვლევაში, მსჯელობს მხოლოდ სარჩელის შინაარსის ფარგლებში და სარჩელის შინაარსიდან გამომდინარე იღებს გადაწყვეტილებას, თუ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად ამართლებენ სასარჩელო მოთხოვნას. აღნიშნულიდან გამოდინარე, სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, საჩივრებში მითითებული გარემოება, რომ მოპასუხეების ბრალეულობა არ დასტურდებოდა, უსაფუძვლოა, რადგან სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები სწორედ მათ ბრალეულობაზე მიუთითებდა და ვინაიდან ფაქტობრივი გარემოებების შედავება არ მომხდარა, ამიტომ ისინი უდავოდ დადასტურებულად ჩაითვალა. სწორედ ამიტომ, მიყენებულ ზიანზეც პასუხიმგებლები მოპასუხეები არიან.
3.17. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტება, რომ მტკიცებულებების შემოწმება ხდება მხოლოდ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების სათანადო წესით შედავების შემთხვევაში. სხვა შემთხვევაში ფაქტი დადასტურებულად ითვლება, გარდა იმ ფაქტებისა, რომელთა დადასტურებაც მხოლოდ მხარის ახსნა-განმარტებით ვერ მოხდება და სპეციალური მტკიცებულების წარმოდგენაა სავალდებულო.
3.18. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, განსახილველ შემთხვევაში სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებებიდან გადამოწმებას ექვემდებარებოდა მხოლოდ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლება, რადგან ამ ნაწილში სსკ-ის 158-ე, 183-ე და 312-ე მუხლებიდან გამომდინარე, წარმოდგენილი უნდა იქნეს სპეციალური მტკიცებულება (უძრავ ქონებაზე საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი). სარჩელს ერთვის ამონაწერები, რომელთა მიხედვით, ქ. რუსთავში, ....... მე-4 სართულზე მდებარე ბინა №16, საკადასტრო კოდით №........ წარმოადგენს თ.ტ–ის საკუთრებას, ხოლო, მე-3 სართულზე მდებარე ბინა №11, საკადასტრო კოდით №..........
3.19. წარმოადგენს მოსარჩელის საკუთრებას. შესაბამისად, ამ ნაწილში სათანადო მტკიცებულებები წარმოდგენილია. რაც შეეხება გარემოებებს, რომ მოპასუხეები ასრულებდნენ სარემონტო სამუშაოებს და დღის ბოლოს არ უზრუნველყვეს წყლის გადაკეტვა, რის გამოც წყალი ჩავიდა მოსარჩელის კუთნილ ბინაში და მიაყენა მას ზიანი, ეს გარემოებები უდავოდ დადასტურებულად ჩაითვალა შესაგებლის წარუდგენლობის გამო. უდავოდ დადასტურებული ფაქტობრივი გარემოებები კი იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას.
3.20. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტების განმარტება, რომ რადგან სასამართლო სხდომაზე მოსარჩელემ დააზუსტა სარჩელი, მოპასუხეებს უნდა მისცემოდათ ახალი ვადა შესაგებლის თავიდან წარმოსადგენად. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, სასამართლო სხდომაზე არ შეცვლილა სარჩელის საფუძვლები ან საგანი, არც ახალი გარემოებების მიუთითებიათ ან მტკიცებულებები წარუდგენიათ. მოსარჩელემ მხოლოდ შეამცირა სასარჩელო მოთხოვა და 7 637.69 ლარის ნაცვლად 6 887.69 ლარის დაკისრება მოითხოვა, რაც სსსკ-ის 83-ე მუხლის მე-4 ნაწილიდან გამომდიანარე არ ითვლება სარჩელის საფუძვლების ან სარჩელის საგნის შეცვლად და შესაბამისად, ვერც შესაგებლის წარდგენისთვის ვადის ხელახლა განსაზღვრის საფუძველი გახდებოდა.
4. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო სასამართლოს შეფასებით არ არსებობდა სსსკ-ის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით განსაზღვრული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, შესაბამისად პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად არ დააკმაყოფილა საჩივარი და ძალაში დატოვა დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
5. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
5.1. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა პირველმა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
5.2. კასატორის განმარტებით, არ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის, ხოლო, შემდეგ მისი ძალაში დატოვების საფუძველი ვინაიდან, მოპასუხის მიერ დადგენილ ვადაში შესაგებლის წარუდგენლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით, კერძოდ კასატორის და მისი ოჯახის კოვიდ 19-ით ინფიცირებით. კასატორის განმარტებით, მან ჩაიბარა სასამართლოს გზავნილი, მაგრამ მისი და ოჯახის წევრების ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, არ წაუკითხავს. მოპასუხეს ასევე აკრძალული ჰქონდა გარეთ გასვლა, რადგან 2021 წლის 28 ოქტომბერს მის ნაცნობს დაუდგინდა კოვიდი, რომლის კონტაქტიც იყო, შემდეგ, თავად მას დაუდგინდა კოვიდი და ბოლოს დედამისს, რომელიც კოვიდით ინფიცირების შედეგად გარდაიცვალა. 2022 წლის იანვარში კი მხარეს განმეორებით დაუდგინდა კოვიდი.
5.3. კასატორის განმარტებით, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, იურიდიულად არ ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას, კერძოდ, სარჩელით და მასზე დართული მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ: ა) მოსარჩელეს ზიანი წყლის ჩადინებით მიადგა; ბ) მუშაობის პერიოდში ზედა ბინაში სამუშაოებს მხოლოდ მოპასუხეები აწარმოებდნენ, ამ კუთხით, გასათვალისწინებელი იყო სახლის მეპატრონეც, რომელიც ბინაში მიდიოდა; გ) მოსარჩელის სახლში წყალი სწორედ მოპასუხეების მუშაობის პერიოდში ჩავიდა და არა მანამდე, ან მას შემდეგ; არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება (ოქმი, ვიდეო...), ფაქტის დასადასტურებლად გამოძახებული არ არის პატრული.
5.4. კასატორი არ იზიარებს მოპასუხეებისთვის ზიანის სოლიდარულად ანაზღაურების ვალდებულებს დაკისრებას. ვინაიდან, მოპასუხეები ერთად არ მუშაობდნენ და არც ერთად ასრულებდნენ სარემონტო სამუშაოებს, თითოეული მოპასუხე სამუშაოს დამოუკიდებლად და საკუთარი გრაფიკით ასრულებდა. სასამართლომ არ გამოარკვია, რომელმა მოპასუხემ დატოვა წყალი მოშვებული, რაც ნიშნავს, რომ ფაქტობრივად სასამართლომ არ დაადგინა მიზეზობრივი კავშირი პირის ქმედებასა და დამადგარ შედეგს შორის.
5.5. კასატორის განმარტებით, გასათვალისწინებელია ასევე ის ფაქტი, რომ სასამართლო სხდომაზე მოსარჩელემ დააზუსტა სარჩელი და შესაბამისად, მოპასუხეს უნდა მისცემოდა ახალი ვადა შესაგებლის თავიდან წარმოსადგენად.
5.6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 5 აგვისტოს განჩინებით პირველი მოპასუხის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო საჩივრის პრეტენზიებისა და გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებულობის, საქმის მასალების შესწავლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ მოპასუხის საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, რადგან იგი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს.
6. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
7. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი საფუძვლით.
8. განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია სააპელაციო სასამართლოს განჩინების სამართლებრივი დასაბუთებულობის შეფასება, რომლითაც უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება და მისი ძალაში დატოვების განჩინება.
9. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო სამართალწარმოებაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტი მხარეთა მიერ საპროცესო ვალდებულებების შესრულებისადმი პატივისცემისა და მათი პასუხისმგებლობის დონის ამაღლებას უზრუნველყოფს. ის საპროცესო დისციპლინის განმტკიცებასა და პროცესის გამარტივებას ემსახურება. აქედან გამომდინარე, ეს ინსტიტუტი სსსკ-ის მე-3 და მე-4 მუხლებით განმტკიცებული სამართალწარმოების ფუნდამენტური პრინციპების რეალიზაციაა.
10. შესაგებლის წარუდგენლობის სამართლებრივი შედეგი რეგლამენტირებულია სსსკ-ის 2321-ე მუხლით, რომლის თანახმად, მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთანავე, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას; წინააღმდეგ შემთხვევაში მოსამართლე ნიშნავს სხდომას, რის შესახებაც ეცნობებათ მხარეებს ამ კოდექსის 70–78-ე მუხლებით დადგენილი წესით. სხდომის ჩატარების შემთხვევაში მოპასუხისაგან მტკიცებულებათა მიღება არ ხდება და სასამართლო მოისმენს მოპასუხის მხოლოდ სამართლებრივ მოსაზრებებს სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით (იხ. სუსგ-ები №ას-483-2023 18.10.2023წ.; №ას-1412-2022 29.11.2023წ.; №ას-699-2023 25.04.2024წ.; ას-11-2024, 31.07.2024წ.; Nას-598-2024 27.09.2024წ.).
11. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტი მიზნად ისახავს სასამართლოს ეფექტურ საქმიანობას, სასამართლო დავების სწრაფად და გაჭიანურების გარეშე გადაწყვეტას, მხარეთა „იძულებას“, განახორციელონ საპროცესო კანონით მინიჭებული უფლებები - საქმის განხილვაში მიიღონ აქტიური მონაწილეობა და ხელი შეუწყონ სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანაში. დაუსწრებელი გადაწყვეტილება თავისი იურიდიული ბუნებით წარმოადგენს სანქციას იმ მხარისათვის, რომელიც არ ცხადდება საქმის განხილვაზე (სსსკ-ის 229-232-ე მუხლები) ან/და არ ახორციელებს თავის საპროცესო უფლებებს (სსსკ-ის 2321-ე მუხლი), რითაც ქმნის ვარაუდს, რომ მან დაკარგა ინტერესი, შეეწინააღმდეგოს მის მიმართ აღძრულ სარჩელს (პრეზუმფცია). ასეთ შემთხვევაში, სასამართლო საქმეში არსებული მტკიცებულებების გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე კი არ იღებს გადაწყვეტილებას, არამედ სარჩელში მითითებულ ფაქტებს უპირობოდ დადასტურებულად მიიჩნევს და თუ მათი ერთობლიობა, თეორიულად, სარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას იძლევა, გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება (იხ. სუსგ-ები №ას-1001-2023 18.12.2023წ.; №ას-1508-2023 31.01.2024წ.; №ას-1478-2023 13.02.2024წ. Nას-598-2024 27.09.2024წ.).
12. მოცემულ შემთხვევაში, კასატორმა განმარტა, რომ შესაგებლის სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში წარმოუდგენლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით - კასატორის და მისი ოჯახის კოვიდ 19-ით ინფიცირებით. კასატორის განმარტებით, მან ჩაიბარა სასამართლოს გზავნილი, მაგრამ თავისი და ოჯახის წევრების ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, არ წაუკითხავს. მოპასუხეს ასევე აკრძალული ჰქონდა გარეთ გასვლა, რადგან 2021 წლის 28 ოქტომბერს მის ნაცნობს დაუდგინდა კოვიდი, რომლის კონტაქტიც იყო, შემდეგ, თავად მას დაუდგინდა კოვიდი და ბოლოს დედამისს, რომელიც ამის შედეგად გარდაიცვალა. 2022 წლის იანვარში კი თვთონ მას განმეორებით დაუდგინდა კოვიდი.
13. საკასციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ საქმეში წარმოდგენილი 2021 წლის 11 ოქტომბრის მიმართვებით/გზავნილებით, დასტურდება, რომ სასამართლოს მიერ მოპასუხეებს განესაზღვრათ 10 დღის ვადა სარჩელზე შესაგებლის წარსადგენად და განემარტათ შესაგებლის არასაპატიო მიზეზით წარმოუდგენლობის სსსკ-ით გათვალისწინებული შედეგები. დადგენილია, რომ მოსარჩელემ სსსკ-ის 70-78-ე მუხლებით გადგენილი წესების დაცვით უზრუნველყო მოპასუხეებისთვის გზავნილის ჩაბარება. კერძოდ, კასატორს გზავნილი პირადად ჩაბარდა - 2021 წლის 26 ოქტომბერს. სსსკ-ის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისთვის და მისი წარმომადგენლისთვის ჩაბარებულად ითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს.
14. სსსკ-ის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებულობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსთვის. ამავე კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ არ არსებობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, სასამართლოს გამოაქვს განჩინება საჩივრის დაუკმაყოფილებლობისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ.
15. სსსკ-ის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ: ა) გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო ამ კოდექსის 70-ე--78-ე მუხლებით დადგენილი წესით; ბ) სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის; გ) გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები; დ) არ არსებობს სარჩელის აღძვრის წინაპირობები. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, მოპასუხის მიერ პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობის შემთხვევაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია ამ მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებში მითითებული ერთ-ერთი გარემოების არსებობისას. სასამართლო აღნიშნავს, რომ იმ გარემოებათა ჩამონათვალს, რომლებიც შეიძლება მიჩნეულ იქნეს სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შესაგებლის წარუდგენლობის საპატიო მიზეზად, განსაზღვრავს სსსკ-ის 215-ე მუხლის მესამე ნაწილი, რომელიც ადგენს, რომ ასეთ მიზეზად შეიძლება ჩაითვალოს მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარმოდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებულ უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე. მითითებული მუხლებიდან გამომდინარე, მხარეს შუძლია გააქარწყლოს ვარაუდი, რომელიც საფუძვლად უდევს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, მოითხოვოს მისი გაუქმება და საქმის განხილვის განახლება, თუ დაამტკიცებს, რომ არ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობები.
16. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომლის თანახმადაც, მხარემ ვერ დაადასტურა ის გარემოება, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისას ადგილი ჰქონდა სსსკ-ის 233-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს, ისევე, როგორც ვერ დაადასტურა სსსკ-ის 215-ე მუხლით გათვალისწინებული შესაგებლის წარუდგენლობის საპატიო მიზეზი, რისი მტკიცების ტვირთიც, სსსკ-ის 102-ე მუხლის თანახმად, ეკისრებოდა თავად საჩივრის ავტორს.
17. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ სსსკ-ის 215-ე მუხლის მიზნებიდან გამომდინარე, მოპასუხის მხრიდან ვადაში შესაგებლის წარუდგენლობის საპატიოდ ჩათვლისთვის, საჭიროა კანონით გათვალისწინებულ ,,საპატიო მიზეზს“ ადგილი სწორედ საპროცესო ვადის განმავლობაში ჰქონდეს. იგი შეიძლება დაიწყოს როგორც ვადის ათვლის დაწყებამდე და გაგრძელდეს ვადის განმავლობაშიც, ან დაიწყოს ვადის მოქმედების პერიოდში. ამდენად მხედველობაში მიიღება სწორედ ის საპატიო მიზეზი, რომელსაც ადგილი ექნება საპროცესო ვადის დაწყებიდან, - მის დასრულებამდე, ხოლო, მიზეზი, რომელიც წარმოიქმნება საპროცესო ვადის დასრულების შემდეგ, მხედველობაში ვერ იქნება მიღებული და ვერ ჩაითვლება საპატიო მიზეზად. განსახილველ შემთხვევაში, კასატორს არ წარმოუდგენელია მტკიცებულებები, რომლითაც დაადასტურებდა, რომ მას შესაგებლის სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში წარდგენის შესაძლებლობა ავადმყოფობის გამო ობიექტურად არ გააჩნდა.
18. საქმის მასალებით ირკვევა, რომ კასატორმა 2021 წლის 26 ოქტომბერს პირადად ჩაიბარა გზავნილი, შესაგებლის წარმოსადგენად განსაზღვრული 10 დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2021 წლის 27 ოქტომბერს და დასრულდა ამავე წლის 5 ნოემბერს. შპს ,,რ.ბ.ს–ოს“ მიერ 2022 წლის 11 თებერვალს გაცემული ცნობით დგინდება, რომ კოვიდ 19-ით ინფიცირება მოპასუხეს 2021 წლის 28 ნოემბერს დაუდასტურდა, ანუ, საპროცესო ვადის ამოწურვიდან 23-ე დღეს, ხოლო, მის დედას, ,,ავერსის კლინიკის“ მიერ გაცემული ცნობის მიხედვით, კოვიდ-19 2021 წლის 04 დეკემბერს დაუდასტურდა, ანუ საპროცესო ვადის ამოწურვიდან თითქმის ერთი თვის შემდეგ. შესაბამისად, მოპასუხის და მისი ოჯახის წევრის ავად ყოფნის ფაქტს ადგილი საპროცესო მოქმედების ვადის განმავლობაში არ ჰქონია, რაც გამორიცხავს მოპასუხის მიერ საჩივარში მითითებული გარემოების გაზიარების შესაძლებლობას.
19. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, სააპელაციო სასამართლომ სწორად შეაფასა მოპასუხის არგუმენტი, კოვიდ ინფიცირებულ მ.ლ–თან კონტაქტის გამო სახლიდან გასვლის შეუძლებლობასთან დაკავშირებით. ფორმა N100-ის მიხედვით, მ.ლ–ს კოვიდ 19-ით ინფიცირება 2021 წლის 28 ოქტომბერს დაუდასტურდა, თუმცა, მოპასუხე, რომ მისი კონტაქტი იყო და ამის გამო შეზღუდული ჰქონდა გადადგილების შესაძლებლობა, საქმეში შესატყვისი მტკიცებულება წარმოდგენილი არ არის. ამავდროულად, კოვიდინფიცირებულთან კონტაქტი არ უშლის ხელს მხარეს, შეატყობინოს აღნიშნულის შესახებ სასამართლოს, თუნდაც სატელეფონო კომუნიკაციით და გამოიჩინოს სათანადო წინდახედულობა, რათა სასამართლოს დროული ინფორმირებით შეძლოს საპროცესო ვადის გაშვების გამოწვეული უარყოფითი შედეგების თავიდან აცილება.
20. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ კასატორის განმარტება, შესაგებლის წარდგენის შეუძლებლობაზე, უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია.
21. კასატორის პრეტენზიასთან დაკავშირებით, რომ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად არ ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას, საკასაციო სასამართლო იზიარებს პირველი და სააპელაციო ინსტანციების სასამართლოების შეფასებას, რომ სსკ-ის 316-ე, 317-ე, 408.1, 412-ე და 992-ე მუხლების თანახმად, კანონის ძალით დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას.
22. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ შესაგებლის წარუდგენლობის, შესაბამისად, სარჩელის უარყოფის (არცნობის) არარსებობის შემთხვევაში, მოქმედებს პრეზუმფცია, რომლის თანახმად, ამ პროცესუალური მოქმედების განუხორციელებლობა უტოლდება სარჩელში მითითებული ფაქტების აღიარებას (ივარაუდება ისეთი გარემოებები, რომლებიც იურიდიულად ამართლებენ მოთხოვნას). ამით მოსარჩელე თავისუფლდება ამ ფაქტების დამტკიცების ტვირთისაგან. დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დროს მოქმედებს პრეზუმფცია, რომელიც ეხება ფაქტს, მტკიცების წესს და არა სამართალს (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება, საქმე №ას-121-117-2016, 17 მარტი, 2016 წელი). სასამართლოს მიერ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის გზით სარჩელის დასაკმაყოფილებლად მოსამართლე ვალდებულია, გამოარკვიოს კანონის ძალით დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები ამართლებს თუ არა იურიდიული თვალსაზრისით მოთხოვნას. მოთხოვნის იურიდიული მართებულობის კვლევა მოიაზრებს სასამართლოს მხრიდან დამფუძნებელი ნორმების სწორად მოძიებას, რომლებიც დავის გადაწყვეტის ფუნდამენტს წარმოადგენენ და იძლევიან ამა თუ იმ ურთიერთობის სამართლებრივი მოწესრიგების აბსტრაქტულ შემადგენლობას. ნორმის მოძიების შემდეგ სასამართლო ადგენს, სარჩელში მითითებული იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტები დამფუძნებელი ნორმის აბსტრაქტულ აღწერილობას აკმაყოფილებენ თუ არა, რაც დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის გზით სარჩელის წარმატების საფუძველია (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება საქმეზე Nას- 664-635-2016, 02.03.2017 წ; პ.202).
23. დავის არსებით მხარესთან დაკავშირებით კასატორის პრეტენზიის პასუხად საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისას სასამართლო არ იხილავს მტკიცებულებებს, არ შედის წარმოდგენილი მტკიცებულებების არსებით კვლევაში, მსჯელობს მხოლოდ სარჩელის შინაარსის ფარგლებში და სარჩელის შინაარსიდან გამომდინარე იღებს გადაწყვეტილებას, თუ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად ამართლებენ სასარჩელო მოთხოვნას (იხ. სუსგ-ები: №ას-1102-2018.18.02.2021წ.; №ას-1003-2023 4.12.2023წ.; №ას-1430-2023 22.03.2024წ.; №ას-1528-2023 27.03.2024წ.; №ას-1553-2023 22.05.2024წ.; Nას-11-2024. 31.07.2024წ.).
24. აღნიშნულიდან გამოდინარე, კასატორის არგუმენტი, რომ მოპასუხეების ბრალეულობა არ დასტურდებოდა, უსაფუძვლოა, რადგან სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები სწორედ მათ ბრალეულობაზე მიუთითებდა და რადგან ფაქტობრივი გარემოებების შედავება არ მომხდარა, ამიტომ ისინი (უდავო ფაქტები, რომლის მიხედვით, ორივე მოპასუხე ასრულებდა სარემონტო სამუშაოებს მოსარჩელის კუთვნილი ბინის ზედა სართულზე მდებარე ბინაში, სადაც 2020 წლის 30 ნოემბერს დაზიანების გამო წყლის მიწოდება დროებით შეწყდა, ხოლო მოპასუხეებმა სამუშაოების დასრულების შემდგომ არ გადაკეტეს წყალი და როდესაც ბინაში წყლის მიწოდება აღდგა, წყალი ჩავიდა ქვედა სართულზე მდებარე მოსარჩელის კუთვნილ ბინაში) უდავოდ დადასტურებულად ჩაითვალა. სწორედ ამიტომ, მიყენებულ ზიანზეც პასუხიმგებლები მოპასუხეები არიან.
25. საკასაციო სასამართლო იზიარებს პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოების განმარტებას, რომ მტკიცებულებების შემოწმება ხდება მხოლოდ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების სათანადო წესით შედავების შემთხვევაში. სხვა შემთხვევაში ფაქტი დადასტურებულად ითვლება, გარდა იმ ფაქტებისა, რომელთა დადასტურებაც მხოლოდ მხარის ახსნა-განმარტებით ვერ მოხდება და სპეციალური მტკციებულების წარმოდგენაა სავალდებულო.
25.1. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ სწორად შეაფასა, რომ განსახილველ შემთხვევაში სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებებიდან გადამოწმებას ექვემდებარებოდა მხოლოდ უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლება, რადგან ამ ნაწილში მატერიალური სამართლის ნორმებით, კერძოდ, სსკ-ის 158-ე, 183-ე და 312-ე მუხლებიდან გამომდინარე, წარმოდგენილი უნდა იქნეს სპეციალური მტკიცებულება (უძრავ ქონებაზე საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი). სარჩელს ერთვის ამონაწერები, რომელთა მიხედვით, ქ. რუსთავში, ........ სართულზე მდებარე ბინა №16, საკადასტრო კოდით №....... წარმოადგენს თ.ტ–ის საკუთრებას, ხოლო, მე-3 სართულზე მდებარე ბინა №11, საკადასტრო კოდით №.......... წარმოადგენს მოსარჩელის საკუთრებას. შესაბამისად, ამ ნაწილში სათანადო მტკიცებულებები წარმოდგენილია. რაც შეეხება გარემოებებს, რომ მოპასუხეები ასრულებდნენ სარემონტო სამუშაოებს და დღის ბოლოს არ უზრუნველყვეს წყლის გადაკეტვა, რის გამოც წყალი ჩავიდა მოსარჩელის კუთნილ ბინაში და მიაყენა მას ზიანი, ეს გარემოებები უდავოდ დადასტურებულად ჩაითვალა შესაგებლის წარუდგენლობის გამო. უდავოდ დადასტურებული ფაქტობრივი გარემოებები კი იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას.
25.2. კასატორის მორიგ პრეტენზიასთან დაკავშირებით, რომ რადგან სასამართლო სხდომაზე მოსარჩელემ დააზუსტა სარჩელი, მოპასუხეს უნდა მისცემოდა ახალი ვადა შესაგებლის თავიდან წარმოსადგენად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ვინაიდან სასამართლო სხდომაზე არ შეცვლილა სარჩელის საფუძვლების ან საგანი, ასევე არც ახალ გარემოებებზე მიუთითებიათ ან მტკიცებულებები წარუდგენიათ. მოსარჩელემ მხოლოდ შეამცირა სასარჩელო მოთხოვა და 7 637.69 ლარის ნაცვლად 6 887.69 ლარის დაკისრება მოითხოვა, რაც სსსკ-ის 83-ე მუხლის მე-4 ნაწილიდან გამომდიანარე არ ითვლება სარჩელის საფუძვლების ან სარჩელის საგნის შეცვლად და შესაბამისად, ვერც შესაგებლის წარდგენისთვის ვადის ხელახლა განსაზღვრის საფუძველი გახდებოდა.
26. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში კასატორს არ წარმოუდგენია იმგვარი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რომელიც საკასაციო საჩივრის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს.
27. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
28. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 407.1-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გ.ც–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. გ.ც–ს (პირადი #.......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს 30.07.2024 წლის #7119 საგადახდო დავალებით გადახდილი 169.40 ლარის და 29.07.2024 წის #2133 საგადახდო დავალებით გადახდილი 175 ლარის, სულ 344.4 ლარის 70% - 241.08 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ნ. ბაქაქური