Facebook Twitter

საქმე №ას-1001-2024

15 ოქტომბერი, 2024 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),

გიზო უბილავა (მომხსენებელი), ლევან მიქაბერიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – სს „ს.რ–ა“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – გ.ჩ–ძე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 6 ივნისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – საწარმოო ტრავმის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. გ.ჩ–ძემ (შემდგომში - „მოსარჩელე“, „ყოფილი დასაქმებული“) სარჩელი აღძრა სასამართლოში სს „ს.რ–ის“ (შემდგომში - „მოპასუხე“, „კომპანია“, „მოპასუხე კომპანია“, „კასატორი“) მიმართ და მოითხოვა მოპასუხეს დაკისრებოდა სპეციალური სამედიცინო მომვლელის ხარჯების ანაზღაურება 2022 წლის 28 სექტემბრიდან, ყოველთვიურად, ნაცვლად 1 335 ლარისა 2 555 ლარი, ასევე, საყოფაცხოვრებო მომვლელის ხარჯის ანაზღაურება, ყოველთვიურად, ნაცვლად 600 ლარისა 1200 ლარი.

2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა.

4. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 6 ივნისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილება.

6. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

6.1. მოსარჩელე დასაქმებული იყო მოპასუხე კომპანიაში. 1990 წლის 14 დეკემბერს, მან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, მიიღო სხეულის მძიმე დაზიანება - 100%-ით წაერთვა შრომის უნარი. შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი მინიჭებული აქვს უვადოდ, გადაადგილება შეუძლია მხოლოდ ეტლით;

6.2. თბილისის დიდუბის რაიონის სასამართლოს 1998 წლის 14 მაისის გადაწყვეტილებით, მოპასუხე კომპანიას ყოფილი დასაქმებულის სასარგებლოდ დაეკისრა პენსიასა და ხელფასს შორის სხვაობის გადახდა მუდმივად 100%-ით, ასევე, მუდმივად, სპეციალური სამედიცინო მომვლელის მომსახურების ხარჯების, წამლების შესაძენი ხარჯების, თეთრეულის, სანატორიული კურორტული (აღდგენითი) მკურნალობის, სამკურნალო მასაჟის, ტრანსპორტისა და დამატებითი კვების ხარჯების გადახდა მთელი სიცოცხლის განმავლობაში ფასების ცვალებადობის გათვალისწინებით;

6.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 24 ნოემბრის გადაწყვეტილებით (საქმე №2/8686-11), მოსარჩელის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და კომპანიას მის სასარგებლოდ დაეკისრა სპეციალური სამედიცინო მომვლელის მომსახურებისათვის ყოველთვიურად 790 ლარის გადახდა 2011 წლის 3 აგვისტოდან.

6.4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 30 იანვრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით (საქმე №2ბ/4217-11), კომპანიას ყოფილი დასაქმებულის სასარგებლოდ, დაეკისრა საყოფაცხოვრებო მომვლელის მომსახურებისათვის საჭირო ხარჯის ანაზღაურება 2011 წლის 24 ოქტომბრიდან ყოველთვიურად 600 ლარის ოდენობით;

6.5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 6 ოქტომბრის №2/5790-16 გადაწყვეტილებით ყოფილი დასაქმებულის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა სპეციალური სამედიცინო მომსახურების 2015 წლის 15 ივლისამდე არსებული და აღნიშნულის შემდგომ ღირებულებას შორის სხვაობის სახით, ყოველთვიურად 545 (ხუთასორმოცდახუთი) ლარის გადახდა 2015 წლის 15 ივლისიდან 2017 წლის 30 აგვისტომდე, რაც შეადგენს 13 897 (ცამეტიათასრვაასოთხმოცდაჩვიდმეტი) ლარს და 50 (ორმოცდაათი) თეთრს; მოპასუხეს დაეკისრა სპეციალური სამედიცინო მომსახურების ღირებულების სახით, 2017 წლის 30 აგვისტოდან ყოველთვიურად 1 335 (ათასსამასოცდათხუთმეტი) ლარის გადახდა;

6.6. 2022 წლის 28 სექტემბრისა და განმეორებით, 2022 წლის 3 ნოემბერს, მოსარჩელემ განცხადებებით მიმართა მოპასუხე კომპანიას, რომლებითაც ქვეყანაში ფასების ცვლილების გათვალისწინებით, მოითხოვა სპეციალური სამედიცინო მომვლელისა და საყოფაცხოვრებო მომვლელის ხარჯების გაზრდა;

6.7. 2022 წლის 12 დეკემბრის წერილით საყოფაცხოვრებო და სამედიცინო მომვლელის ხარჯების გაზრდის მოთხოვნაზე მოსარჩელეს უარი ეთქვა;

6.7.1. სამედიცინო მომვლელის ხარჯის გაზრდაზე მოპასუხის უარი დასაბუთებულია იმით, რომ „თ.ს–ის“ კალკულაციის მიხედვით, სამედიცინო მომვლელის მომსახურება, რომლის ღირებულება გაიზარდა 2 555 ლარამდე, მოიცავს სხვადასხვა სამედიცინო მანიპულაციას, ჯამში 1 355 ლარის ღირებულებით და ბუნდოვანი იყო, რა ტიპის სამედიცინო მომსახურებისათვის ითხოვდა ყოფილი დასაქმებული დამატებით 1200 ლარს;

6.7.2. საყოფაცხოვრებო მომვლელის ხარჯის გაზრდის მოთხოვნასთან დაკავშირებით, მოპასუხის წერილში აღნიშნულია, რომ ხელშეკრულების „2.ა“ პუნქტის მიხედვით, მოსავლელი ადამიანი ვალდებულია არ მოსთხოვოს მომვლელს იმ სამუშაოს შესრულება, რაც წინასწარი შეთანხმების მიხედვით არ არის გათვალისწინებული. წინასწარ შეთანხმებული მომსახურების ჩამონათვალს ხელშეკრულება არ მოიცავს და არც ცალკეა წარმოდგენილი, შესაბამისად, გაურკვეველია, რა მომსახურების გაწევის გამო ითხოვდა იგი საყოფაცხოვრებო მომვლელის ხარჯების გაზრდას.

7. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მოსარჩელის მიერ საწარმოო ტრავმის მიღების ფაქტი და მის სასარგებლოდ სპეციალური სამედიცინო მომვლელის და საყოფაცხოვრებო მომვლელის ხარჯის გადახდა დადგენილია სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებებით, ხოლო აღნიშნულ ფაქტებს პრეიუდიციული მნიშვნელობა გააჩნიათ წინამდებარე დავაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად. სასარჩელო წარმოების გზით მოსარჩელისათვის სპეციალური სამედიცინო მომვლელისა და საყოფაცხოვრებო მომვლელის ხარჯის გადახდის დაწესება კი არ ხდება, არამედ დაწესებული სპეციალური სამედიცინო მომვლელის და საყოფაცხოვრებო მომვლელის ხარჯის გადაანგარიშება. მოპასუხე კომპანიას აღიარებული აქვს ვალდებულება მოსარჩელისათვის ყოველთვიურად სპეციალური სამედიცინო მომვლელის და საყოფაცხოვრებო მომვლელის ხარჯის გადახდაზე.

8. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მოსარჩელესა და ლ.თ–ძეს (შემდგომში - „სამედიცინო მომვლელი“) შორის 2022 წლის 28 სექტემბერს გაფორმდა ხელშეკრულება სპეციალური სამედიცინო მომვლელის მომსახურების შესახებ, რომლითაც ,,მომვლელის“ მომსახურების ღირებულება განისაზღვრა ახალი კალკულაციის შესაბამისად 2 555 ლარით. საქმეში წარდგენილია „თ.ს–ის“ მიერ შედგენილი კალკულაცია, რომლითაც პაციენტ გ.ჩ–ძის ერთი თვის ბინაზე მკურნალობის თანხის ღირებულების ჯამი განისაზღვრება 2 555 ლარით და იგი მოიცავს სხვადასხვა სახის სამედიცინო მომსახურებას, მათ შორის, სამედიცინო მომსახურება (ჰიგიენური მოვლა) – 1 200 ლარი, შარდის ბუშტის კათეტერიზაცია - 80 ლარი, სამედიცინო მანიპულაცია - 375 ლარი, სამედიცინო მასაჟი - 900 ლარი (ს.ფ.28). საქმეში წარდგენილია იმავე ორგანიზაციის („თ.ს–ის“) მიერ სხვადასხვა დროს შედგენილი კალკულაციები (ს.ფ. 29, 30), რომლებიც ასახავს შესაბამის წლებში (2011 წელს - 790 ლარი და 2015 წელს - 1335 ლარი) ყოფილი დასაქმებულისათვის საჭირო ერთი თვის ხარჯების ოდენობის შესახებ ინფორმაციასა და, რომელთა შესაბამისად, სასამართლოს გადაწყვეტილებებით არის კიდეც დადგენილი მოპასუხის მიერ იმ ეტაპზე ასანაზღაურებელი სამედიცინო მომსახურების ხარჯების ოდენობა. საქმეში ასევე წარდგენილია 2022 წლის 26 სექტემბერს გაფორმებული საყოფაცხოვრებო მოვლის შესახებ ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მომსახურების ღირებულება 1 200 ლარს შეადგენს.

9. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელის მიერ საქმეში წარდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება მის მიერვე მითითებული გარემოება იმის შესახებ, რომ 2022 წლის სექტემბრიდან შეიცვალა (გაიზარდა) სამედიცინო მომვლელის ხარჯები და იგი შეადგენს თვეში 2 555 ლარს, ასევე დასტურდება, რომ ამავე პერიოდიდან საყოფაცხოვრებო მომვლელისათვის გადასახდელი ხარჯი განისაზღვრება 1 200 ლარით. აღნიშნულის საწინააღმდეგო, გამაბათილებელი, მათ შორის, სხვა ოდენობით საბაზრო ფასების დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება, მოპასუხის მიერ არ წარდგენილა. ამასთან, პალატამ არ გაიზიარა აპელანტის პოზიცია, მიუხედავად იმისა, გადახდილია თუ არა თანხა მოსარჩელის მიერ, დასტურდება, რომ მას აღნიშნული ხარჯის გაწევის ვალდებულება გააჩნია.

10. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მოპასუხისთვის გ.ჩ–ძის სასარგებლოდ სპეციალური სამედიცინო მომვლელის ხარჯების ანაზღაურების დაკისრება 2022 წლის 28 სექტემბრიდან ყოველთვიურად, ნაცვლად 1 335 ლარისა 2 555 ლარი, ასევე, საყოფაცხოვრებო მომვლელის ხარჯის ანაზღაურების დაკისრება 2022 წლის 28 სექტემბრიდან ყოველთვიურად, ნაცვლად 600 ლარისა 1200 ლარის, არის საფუძვლიანი და გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი არ არსებობს.

11. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ წარადგინა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

12. საკასაციო საჩივარი ეფუძნება შემდეგ ძირითად პრეტენზიებს:

12.1. სააპელაციო სასამართლომ სარჩელის დაკმაყოფილებისას იხელმძღვანელა ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციითა და ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ პაქტით (მუხლები 22 და 9), ასევე, საქართველოს კონსტიტუციის მე-5 და 31-ე მუხლებით, რომლებიც არ უნდა გამოეყენებინა, ვინაიდან მითითებული ნორმებით დეკლარირებულია ადამიანის სოციალური უზრუნველყოფის უფლება და ისინი არ არეგულირებენ დანიშნული სარჩოს დაანგარიშების წესს. საქართველოს კონსტიტუციის მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, ადამიანის ჯანმრთელობისა და სოციალურ დაცვაზე ზრუნვა სახელმწიფოს პრეროგატივაა;

12.2. ლიბერალური საბაზრო ეკონომიკის პირობებში, კერძო სამართლის სუბიექტებს მინიმალურ დონემდე აკისრიათ სოციალური ვალდებულებები. მოპასუხე კომპანია როგორც კერძო სამართლის დამოუკიდებელი ბიზნეს სუბიექტი ყველაფერს აკეთებს საკუთარი წარმოების გასავითარებლად და კვალიფიციური კადრების მოსაზიდად, რომელიც გულისხმობს შრომის პირობების (მათ შორის შრომის ანაზღაურების-ხელფასის) ზრდას. იმ პირობებში კი, როდესაც მოპასუხე კომპანიას დებიტორად ჰყავს რამდენიმე ასეული სხვადასხვა დროს საწარმოო ტრავმის შედეგად დაზარალებული პირი, რომელსაც კომპანია ისედაც უხდის ყოველთვიურ თანხებს, იმის დავალდებულება, რომ მოხდეს სამედიცინო და საყოფაცხოვრებო მომვლელის საფასურის გადაანგარიშება მნიშვნელოვნად უშლის ხელს კომპანიის ბიზნეს აქტივობის ამაღლებას;

12.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის მე-2 ნაწილი ეხება სარჩოს გადახდას და იგი არანაირ სამართლებრივ კავშირში არაა სამედიცინო და საყოფაცხოვრებო მომვლელის თანხის გადახდასთან; სასამართლო ასევე იყენებს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლს, რომლის შესაბამისად, ზიანის ანაზღაურება ხდება განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიყენებული ზიანისას, თუმცა კომპანიას მოსარჩელისთვის არც განზრახი და არც გაუფრთხილებელი მოქმედებით ზიანი არ მიუყენებია;

12.4. სასამართლო უთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას საქმეზე ას-1220-1145-2015, სადაც წერია, რომ „სარჩოს გადაანგარიშების მიზანს დაზარალებულისთვის იმ მატერიალური დანაკლისის შევსება წარმოადგენს, რაც დაზარალებულმა მიიღო დაზიანების (უბედური შემთხვევის) გამო, რაც იმას ნიშნავს, რომ მხედველობაშია მისაღები ზოგადი კრიტერიუმი დაზარალებულის მხრიდან აქტიური შრომისუნარიანობის შესახებ“, ანუ მითითებულ გადაწყვეტილებაც ეხება სარჩოს და არა მომვლელების თანხის გადაანგარიშებას;

12.5. სასამართლომ ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე დადგენილად ცნო, რომ ყოფილი დასაქმებულის მიერ მხოლოდ ზოგადი შინაარსის ხელშეკრულებების საფუძველზე განხორციელდა 2022 წლის სექტემბრიდან მომვლელებისათვის თანხის გადახდა, რისი დამადასტურებელი დოკუმენტიც საქმეში წარმოდგენილი არ ყოფილა;

12.6. სასამართლომ ასევე შეფასების გარეშე დატოვა, მოსარჩელის მიერ წარდგენილი ზოგადი შინაარსის ხელშეკრულებები, სადაც ნათლად და ცალსახად გაწერილი არ არის მხარეთა უფლება-მოვალეობები. აღნიშნული ხელშეკრულებებით გ.ჩ–ძესა და მომვლელებთან შეთანხმებული საზღაური შეუსაბამოდ მაღალი და არაგონივრულია, რაზეც სასამართლოს არც უმსჯელია. კერძოდ, ხელშეკრულებით საყოფაცხოვრებო მოვლელის მომსახურების ფასი, რასაც რკინიგზა დღეის მდგომარეობით უხდის გ. ჩ–ძეს გაზრდილია 600 ლარიდან 1200 ლარამდე, მითითებული ხელშეკრულების 2.ა პუნქტის მიხედვით, მოსარჩელე ვალდებულია არ მოსთხოვოს მომვლელს იმ სამუშაოს შესრულება, რაც წინასწარ შეთანხმების მიხედვით არ არის გათვალისწინებული. წინასწარი შეთანხმებული მომსახურების ჩამონათვალს ხელშეკრულება არ მოიცავდა და არც ცალკე ყოფილა წარმოდგენილი, ამიტომ, გაურკვეველია, სასამართლომ რა მომსახურების გაწევისათვის გათვალისწინებული თანხის ანაზღაურება დააკისრა მოპასუხე კომპანიას. უფრო მეტიც, სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის პოზიცია, რომ მხოლოდ ზოგადი შინაარსის ხელშეკრულების საფუძველზე არ დაკმაყოფილებულიყო სასარჩელო მოთხოვნა ვინაიდან, ყოფილი დასაქმებულის მიერ არ იქნა წარდგენილი თანხის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი, უფრო კონკრეტულად, რომ მოსარჩელემ სამედიცინო მომვლელს ნამდვილად გადაუხადა მითითებული ზოგადი შინაარსის ხელშეკრულების საფუძველზე გაზრდილი თანხა - თვეში 1 200 ლარის ოდენობით;

12.7. რაც შეეხება სამედიცინო მომვლელის მომსახურების თანხის ანაზღაურების დაკისრებას სასამართლომ ამ შემთხვევაშიც არ გაითვალისწინა თანხის დაკისრებისას, რომ სამედიცინო მომვლელი შპს „თ.ს–ის“ თანამშრომელი არ არის, ამიტომ ორგანიზაციის მიერ გაცემულ კალკულაციაზე დაყრდნობა არაგონივრული იყო. სასამართლომ ასევე არ გაითვალისწინა და არ გამოიკვლია, მოპასუხე კომპანიის მიერ დასმული მოთხოვნა, რომ სამედიცინო მომვლელს წარედგინა სათანდო სამედიცინო კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ მას ჰქონდა როგორც სამკურნალო მასაჟის, ასევე, სამედიცინო მანიპულაციისა და კათეტერიზაციის ჩატარების კვალიფიკაცია. აქაც სასამართლო დაეყრდნო, მხოლოდ მხარის მიერ წარმოდგენილ ზოგადი შინაარსის ხელშეკრულებას.

13. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 3 სექტემბრის განჩინებით სს „ს.რ–ის“ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

14. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია.

15. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში - „სსსკ“) 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

16. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

17. საკასაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებაში არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

18. საქართველოს უზენაესი სასამართლო აღნიშნავს, რომ წინამდებარე დავის ფარგლებში, განხილვის საგანი არ არის სპეციალური სამედიცინო მომვლელისა და საყოფაცხოვრებო მომვლელის ხარჯის მოპასუხე კომპანიისათვის დაკისრება, არამედ საკასაციო პალატამ უნდა შეაფასოს კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებით დაკისრებული ზემოაღნიშნული ხარჯების გაზრდის მართლზომიერება.

19. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსით (შემდგომში -„სსკ“) დადგენილია ზიანის ანაზღაურების ორი წესი: სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევიდან ნაწარმოები მეორადი მოთხოვნები და დელიქტური ვალდებულებები. სხეულის დაზიანებითა და ჯანმრთელობის ვნების მიყენებით გამოწვეული ზიანი ანაზღაურდება არასახელშეკრულებო (დელიქტური) პასუხისმგებლობის ფორმით. სსკ-ის 992-ე მუხლის თანახმად, პირი რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს ეს ზიანი. ამავე კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილით, დადგენილია: იმ პირმა რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება; ხოლო, მეორე ნაწილის თანახმად, თუ სხეულის დაზიანებით ან ჯანმრთელობისთვის ვნების მიყენების შედეგად დაზარალებულს წაერთვა შრომის უნარი ან შეუმცირდა იგი, ანდა იზრდება მისი მოთხოვნილებები, დაზარალებულს უნდა აუნაზღაურდეს ზიანი ყოველთვიური სარჩოს გადახდით. (იხ. სუსგ-ები საქმე №ას-349-349-2018, 18 ივნისი 2020 წელი; №ას-57-57-2018, 8 თებერვალი 2021 წელი; №ას-269-2022, 31 მაისი 2022 წელი).

20. სსკ-ის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის მიზანია დაზარალებულისთვის ზიანის მიყენებდამდე არსებული მდგომარეობის აღდგენა. კერძოდ კი დაზარალებულის იმ პირობებში ჩაყენება, რომელიც ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოების არარსებობისას იქნებოდა.

21. წინამდებარე დავის ფარგლებში დადგენილი გარემოებაა, რომ თბილისის დიდუბის რაიონის სასამართლოს 1998 წლის 14 მაისის გადაწყვეტილებით მოპასუხე კომპანიას მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა, პენსიასა და ხელფასს შორის სხვაობის გარდა, სპეციალური სამედიცინო მომვლელის მომსახურების ხარჯების, წამლების შესაძენი ხარჯების, თეთრეულის, სანატორიული კურორტული (აღდგენითი) მკურნალობის, სამკურნალო მასაჟის, ტრანსპორტისა და დამატებითი კვების ხარჯების გადახდა მთელი სიცოცხლის განმავლობაში ფასების ცვალებადობის გათვალისწინებით.

22. თბილისის დიდუბის რაიონის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ მოსარჩელემ მიმართა სასამართლოს მოპასუხე კომპანიის მიმართ სამედიცინო და საყოფაცხოვრებო მომვლელის გაზრდილი ხარჯის ანაზღაურების მოთხოვნით (იხ. წინამდებარე განჩინების 6.4 და 6.5 პუნქტები). წინამდებარე დავის ფარგლებში წარდგენილი სასარჩელო მოთხოვნაც სწორედ უკვე დაკისრებული სამედიცინო და საყოფაცხოვრებო მომვლელის გაზრდილი ხარჯის მოპასუხისთვის დაკისრებას ეხება.

23. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის შესაბამისად, კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებები (განჩინებები, დადგენილებები), აგრეთვე თავისი უფლებამოსილების განსახორციელებლად სასამართლოს მიერ აღძრული მოთხოვნები და განკარგულებები სავალდებულოა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ყველა სახელმწიფო, საზოგადოებრივი თუ კერძო საწარმოსათვის, დაწესებულებისათვის, ორგანიზაციისათვის, თანამდებობის პირისა თუ მოქალაქისათვის და ისინი უნდა შესრულდეს.

24. საქართველოს უზენაესი სასამართლო განმარტავს, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება არის საბოლოო, რომ იგი საბოლოოდ და შეუქცევადად ადგენს მხარეთა შორის ურთიერთობებს. ის, რაც იწვევდა კონფლიქტს მხარეებს შორის, სასამართლო გადაწყვეტილების შემდეგ ითვლება დადგენილად და უდავოდ. დაუშვებელია კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების და ამ გადაწყვეტილებით დაცული უფლების მუდმივად ეჭვქვეშ დაყენება, შესაბამისად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების იურიდიული ბუნებიდან გამომდინარე, იგი უნდა აღსრულდეს.

25. საქართველოს უზენაესი სასამართლო მტკიცების ტვირთის განაწილებასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. მტკიცების ტვირთი არის სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა სათანადოდ არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი – ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. მტკიცების ტვირთი დამოკიდებულია არა მხარის როლზე პროცესში, არამედ მოთხოვნის საფუძველზე. მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის წარმოშობის საფუძველს, ხოლო მოპასუხემ კი – ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს.

26. მხარეები სსსკ-ის მე-4 მუხლის თანახმად, სრულიად თავისუფალი არიან მიუთითონ ნებისმიერ ფაქტზე, რაც მათი უფლებაა, მაგრამ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, ე.ი. იმის დადგენა და გარკვევა, თუ რამდენად ასაბუთებენ ეს ფაქტები იურიდიულად მხარეთა მოთხოვნებს და შესაგებელს – სასამართლოს პრეროგატივას წარმოადგენს. ამასთან, საკმარისი არ არის, რომ მხარემ ზოგადად გამოთქვას მოსაზრება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებაზე, მაგალითად, განაცხადოს, რომ იგი მთლიანად უარყოფს მეორე მხარის მიერ მოხსენებულ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. მხარის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები კონკრეტულად და დეტალურად უნდა ჩამოყალიბდეს და ეხებოდეს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებას. მხარეთა მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებები უნდა იყოს დასაბუთებული და ეხებოდეს იმ გარემოებებს, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვს დავასთან (იხ. ჰაინ ბიოლინგი, ლადო ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, თბ., 2003, გვ.64; იხ: სუსგ საქმე №ას-1298-2018; 22.03.2019 წელი; №ას-1329-2018, 22.02.2019 წელი; №ას-1610-2019, 07.02.2020 წელი).

27. მტკიცებულებათა სახეები, რომელიც შეიძლება გამოიყენოს სასამართლომ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების დასადგენად, ამომწურავადაა განსაზღვრული სსსკ-ის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილით. სასამართლოსათვის რაიმე მტკიცებულებას წინასწარ დადგენილი ძალა არ გააჩნია, არამედ, სსსკ-ის 105-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით მტკიცებულების ყოველმხრივი შესწავლა-გამოკვლევის საფუძველზე ადგენს სასამართლო მტკიცების საგანში შემავალ გარემოებებს და ამ გზით ყალიბდება სადავო ფაქტის არსებობა-არარსებობის თაობაზე მოსამართლის შინაგანი რწმენა. მტკიცებულებათა შეფასების დროს მხარეებს უფლება აქვთ, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მტკიცებულებების სარწმუნოობა. მათი უტყუარობის თუ სიყალბის შესახებ მოსაზრებები შეიძლება გამოთქვან არამარტო მხარეებმა, არამედ მესამე პირებმა, აგრეთვე, სპეციალისტებმა და ექსპერტებმა, თუ ისინი მონაწილეობენ პროცესში. საბოლოოდ კი წარმოდგენილ მტკიცებულებებს აფასებს სასამართლო. ამასთან, სამოქალაქო საპროცესო სამართალში მოქმედი მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი გულისხმობს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის ისე განაწილებას, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია, ანუ მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა - მას, ვინც უარყოფს. მხარის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები კონკრეტულად და დეტალურად უნდა ჩამოყალიბდეს და უკავშირდებოდეს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებას (კვალიფიციური შედავების მნიშვნელობა ფაქტობრივი გარემოებების დადგენის მიზნებისათვის). მხარეთა მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებები კი უნდა იყოს დასაბუთებული და, იმავდროულად, უნდა დასტურდებოდეს რელევანტური მტკიცებულებებით (სსსკ-ის 102. 3 მუხლი)(იხ. სუსგ საქმე Nას-438-2024, 22 ივლისი, 2024).

28. მტკიცებულებათა შეფასების დროს სასამართლო ხელმძღვანელობს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც თავისუფალია და იმავდროულად კანონის დანაწესითაა შეზღუდული. შინაგანი რწმენა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად ყალიბდება. მტკიცებულებათა შეფასება არა სპონტანური და ინტუიციური, არამედ სათანადოდ მოტივირებული და დამაჯერებელი უნდა იყოს (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში: სსსკ, 105-ე მუხლის მეორე ნაწილი); (იხ. სუსგ საქმე №ას-279-264-17, 21 აპრილი 2017 წელი) „მტკიცებულებათა შეფასების სტანდარტი მიუთითებს სასამართლოსათვის არა სუბიექტურ მოსაზრებებზე დაყრდნობით მტკიცების საგანში შემავალი გარემოებების დადგენილად მიჩნევაზე, არამედ მოსამართლის შინაგან რწმენაზე, რომელიც შეჯიბრებითობის ფარგლებში მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ შეფასებაზეა დაფუძნებული).

29. ყოველი კონკრეტული სამოქალაქო საქმის გადაწყვეტა სასამართლოში, დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოშობილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი, როგორც ეს ცნობილია, შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. სწორედ მტკიცების ტვირთსა და მის სწორ განაწილებაზეა დამოკიდებული დასაბუთებული და კანონიერი გადაწყვეტილების მიღება.

30. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელემ მასზე დაკისრებული მტკიცების ტვირთი გასწია, რამდენადაც მისი სასარჩელო მოთხოვნის დასადასტურებლად სასამართლოს წარუდგინა 2022 წლის 28 სექტემბერს სამედიცინო მომვლელთან გაფორმებული ხელშეკრულება მასზე დართული „თ.ს–ის“ კალკულაციით და 2022 წლის 26 სექტემბერს საყოფაცხოვრებო მომვლელთან გაფორმებული ხელშეკრულება (იხ. ს.ფ. 25-33). აღნიშნულ ხელშეკრულებებში მითითებული ღირებულება ზუსტად ემთხვევა სასარჩელო მოთხოვნას. მოპასუხე მხარეს სამედიცინო და საყოფაცხოვრებო მომვლელის ღირებულების განმსაზღვრელი საწინააღმდეგო მტკიცებულება არ წარუდგენია. როგორც უკვე განიმარტა, სასამართლო გადაწყვეტილებას იღებს საქმეში არსებული მასალების გათვალისწინებით და შეჯიბრებითობის პრინციპის პირობებში, მოკლებულია შესაძლებლობას რომელიმე მხარეს მიუთითოს რა მტკიცებულებებით უნდა გაამყაროს საკუთარი პოზიცია, შესაბამისად, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ წინამდებარე განჩინების 12.5-12.7 პუნქტებში მითითებული პრეტენზიები უსაფუძვლოა.

31. საქართველოს უზენაესი სასამართლო კასატორის სხვა პრეტენზიებთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ ისინი ეხება ზოგადად სამედიცინო და საყოფაცხოვრებო მომვლელის ხარჯის მოპასუხე კომპანიისათვის დაკისრების მართლზომიერებას, რაც კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით უკვე დადგენილი და გადაწყვეტილია, შესაბამისად, საკასაციო პალატა წინამდებარე დავის ფარგლებში ვერ შეაფასებს ამ ხარჯის დაკისრების მართლზომიერებას. ამასთან, საკასაციო პალატა დამატებით განმარტავს, რომ საწარმოო ტრავმის შედეგად მიყენებული ზიანთან დაკავშირებით არსებობს უზენაესი სასამართლოს ერთგვაროვანი პრაქტიკა, რომელიც ეყრდნობა სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლს, რომლის თანახმად, მართლსაწინააღმდეგო მოქმედება არამართლზომიერი მოქმედებაა. მართლზომიერი ქმედება კი, არა მარტო სამართლის ნორმათა მოთხოვნების დაცვას გულისხმობს, არამედ ზოგად მოვალეობას, რომ პირმა თავისი ქმედება/ურთიერთობა ადამიანებისა და საგნების მიმართ ისე წარმართოს, რომ არავინ და არაფერი დააზიანოს. ამდენად, თუ მოქმედება არღვევს საგანგებოდ დაცულ უფლებებს (სიცოცხლის, ჯანმრთელობის, საკუთრების, პირად უფლებებს), მართლწინააღმდეგობა იმთავითვე ვლინდება (საქმე №ას-351-2024, 26 ივნისი 2024 წელი, პ. 42-43).

32. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს უზენაესი სასამართლო მიუთითებს, რომ მოპასუხე მხარის მიერ ვერ იქნა გაბათილებული სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების წინაპირობები, შესაბამისად, მას მართლზომიერად დაეკისრა ქვედა ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილებით სამედიცინო და საყოფაცხოვრებო მომვლელის გაზრდილი ხარჯის მოსარჩელისათვის ანაზღაურება.

33. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული რომელიმე წინაპირობა, კასატორს არ წარმოუდგენია იმგვარი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიები, რომლებიც საკასაციო საჩივრის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული საპროცესო დარღვევებით; ვერც საკასაციო საჩივრის ავტორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

34. ამასთან, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (იხ. საქმე №ას-1248-2023, 16 ნოემბერი 2023 წელი), რის გამოც საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით; არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.

35. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. შესაბამისად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. სს „ს.რ–ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. სს „ს.რ–ას“ (ს/კ ...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს მის მიერ 2024 წლის 13 აგვისტოს №226 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 1092 ლარის 70% – 764, 4 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძე

მოსამართლეები: გიზო უბილავა

ლევან მიქაბერიძე