საქმე №ას-586-2024 10 ოქტომბერი, 2024 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე,
მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - ი.ე–ძე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „G&A G.” (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 11 აპრილის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება
დავის საგანი - სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. 7 199.67 ლარის ანაზღაურების მოთხოვნით შპს „G&A G.”-მა (შემდეგში - მოსარჩელე ან მოწინააღმდეგე მხარე) ი.ე–ძის (შემდეგში - მოპასუხე, აპელანტი ან კერძო საჩივრის ავტორი) წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა.
2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა.
3. დასახელებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით მოპასუხემ გაასაჩივრა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
4. სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შეუვსებლობის გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 11 აპრილის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა.
5. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ კერძო საჩივარი წარმოადგინა, ხსენებული განჩინების გაუქმებისა და, საქმის ხელახლა განსახილველად მოთხოვნით.
- კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენის შესახებ 2024 წლის 16 თებერვლის განჩინება ფოსტის კურიერმა ადვოკატ ნ.ი–ძეს ჩააბარა, რომელიც აპელანტის წარმომადგენელ ვ.მ–თან სამსახურებრივი ურთიერთობით არაა დაკავშირებული და არც მისი ოჯახის წევრია. აღნიშნული განჩინება მიმღებს ადრესატისთვის არ გადაუცია და გზავნილის არსებობის თაობაზე მისთვის არ შეუტყობინებია. ეს გარემოებები კი, გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველია.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 18 ივლისის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ-ის) 414-416-ე მუხლების საფუძველზე ი.ე–ძის კერძო საჩივარი განსახილველად იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია, შესაბამისად, იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განჩინება უცვლელად უნდა დარჩეს.
7. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატის მსჯელობის საგანია, ხარვეზის აღმოფხვრისთვის სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის გაშვების გამო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების კანონიერება.
8. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გამოიყენა სსსკ-ის 368.5 მუხლი, რომლის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.
9. გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო საჩივარი განუხილველად იმ საფუძვლით დარჩა, რომ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში აპელანტმა ხარვეზი არ შეავსო.
10. დადგენილია, რომ ხარვეზის შევსების თაობაზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 16 თებერვლის განჩინება აპელანტის წარმომადგენელ ვ.მ–ს კანონით დადგენილი წესით გაეგზავნა თავად ამ უკანასკნელის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე, სადაც 2024 წლის 4 მარტს გზავნილი ადრესატის სახელით ადვოკატმა ნ.ი–ძემ ჩაიბარა, რაც საფოსტო გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათზე ხელმოწერით დაადასტურა.
12. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიას გზავნილის არაუფლებამოსილი პირისთვის ჩაბარებისა და ამ უკანასკნელის მიერ ხარვეზის შესახებ განჩინების მისთვის შეუტყობინებლობის შესახებ, რასაც შემდეგი არგუმენტით ასაბუთებს:
ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულია, რომ სასამართლო უწყება გაგზავნილია სსსკ-ის 70-78-ე მუხლებით განსაზღვრული წესით, კერძოდ, საკუთრივ აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე. ასევე უდავოა, რომ უწყების მიმღებ პირს არ განუცხადებია ადრესატთან იმგვარი ხასიათის კავშირის არარსებობის შესახებ რომელიც აპელანტის ადვოკატისთვის უწყების გადაცემას გონივრულ ვადებში დააბრკოლებდა ან სულაც შეუძლებელს გახდიდა.
ამდენად პრეზუმირებულია, რომ ი.ე–ძის წარმომადგენლისთვის განკუთვნილი უწყება ჩაბარდა სათანადოდ უფლებამოსილ პირს, რომელსაც გააჩნდა შესაძლებლობა შეტყობინება მხარისთვის სათანადო ვადებში გადაეცა.
საკასაციო პალატა ხაზს უსვამს იმ გარემოებასაც, რომ უწყების მიმღები თავადაც ადვოკატია, რომელიც ასევე გათვითცნობიერებული უნდა ყოფილიყო საპროცესო დოკუმენტების ადრესატისადმი დროულად გადაცემის მნიშვნელობაში და ეს მოქმედება დროულად უნდა შეესრულებინა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს მსგავსი კატეგორიის საქმეზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაზეც, რა დროსაც საკასაციო პალატამ გაიზიარა მხარის პრეტენზია იმასთან დაკავშირებით, რომ სასამართლო გზავნილის მიმღები პირი ადრესატი მხარის თანამშრომელი არ იყო და აღნიშნული გარემოება დადასტურებულად მიიჩნია უტყუარი მტკიცებულების – შემოსავლების სამსახურში წარდგენილი ორგანიზაციის მიერ კონკრეტულ საანგარიშო პერიოდში გაცემული თანხისა და დაკავებული თანამდებობების შესახებ ინფორმაციის საფუძველზე (იხ. სუსგ №ას-1007-968-2016, 31.01.2017წ).
ამასთან, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ნებისმიერმა ორგანიზაციამ საკუთარ ოფისში ისე უნდა უზრუნველყოს კორესპონდენციის მიღების პროცედურა, რომ იგი არ ქმნიდეს რაიმე გაურკვევლობას მესამე პირებისათვის (იხ. სუსგ. №ას-67-58-2011, 18.03.2011წ; №ა-4227-ა-12-2018, 21.09.2018წ).
საკასაციო სასამართლო მიუთითებს სსსკ-ის 102-ე მუხლზე და განმარტავს, რომ სამოქალაქო პროცესში მოქმედი მტკიცების სტანდარტის შესაბამისად, მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება, რომ სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 16 თებერვლის განჩინება უფლებამოსილ პირს ჩაბარდა, საწინააღმდეგო გარემოების დამადასტურებელი და სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ფაქტების გამაბათილებელი რაიმე მტკიცებულება კერძო საჩივრის ავტორს სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია.
ამრიგად, სასამართლოში წარმატების მომტანია არა მხოლოდ მოთხოვნის დამასაბუთებელ არგუმენტზე (არგუმენტებზე) მითითება, არამედ მისი ნამდვილობის სათანადო მტკიცებულებით (მტკიცებულებებით) დადასტურება. საქმის გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ სწორი დასკვნა სასამართლოს მიერ სწორედ მტკიცებულებების ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას შეიძლება დაეფუძნოს (სსსკ-ის 105.2 მუხლი - სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ). მოცემულ შემთხვევაში, კერძო საჩივრის ავტორს სასამართლოსთვის არანაირი მტკიცებულება არ წარუდგენია და მხოლოდ თავისი განმარტებით შემოიფარგლა, რაც არაა საკმარისი სადავო გარემოების დადასტურებულად მიჩნევისათვის.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კერძო საჩივრის ავტორმა თავი ვერ გაართვა იმ გარემოების მტკიცების ტვირთს, რომ გზავნილი არაუფლებამოსილ პირს ჩაჰბარდა. ამავდროულად, გზავნილის ჩამბარებელმა უფლებამოსილების არარსებობაზე მიუთითებლობით გზავნილის ჩამბარებელს შეუქმნა იმის გონივრული მოლოდინი, რომ იგი ასეთი კორესპონდენციის მიღებისათვის სათანადო სუბიექტი იყო. (იხ. სუსგ. №ას-318-2022, 21.10.2022წ.).
13. სსსკ-ის 70.1 მუხლის თანახმად, სასამართლო შეტყობინების წარმომადგენლისთვის ჩაბარება სასამართლოს მიერ დადგენილი საპროცესო ვადის დენის დაწყების საფუძველს წარმოადგენს. ამავე კოდექსის 60.2-ე მუხლის მიხედვით, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი, 59.1 მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, 61-ე-63-ე მუხლების მიხედვით კი, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება, შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ხოლო საჩივარი ან საბუთები, რომელიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველად დარჩება.
ზემომითითებული საპროცესო ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს დავალებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს შესაბამისი მოქმედების შესრულების უფლებას.
14. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ მითითებულ ფაქტობრივსამართლებრივ მსჯელობასა და დასკვნებს იმის თაობაზე, რომ აპელანტისთვის ხარვეზის გამოსწორების 7-დღიანი ვადის ათვლა 2024 წლის წლის 5 მარტს დაიწყო და 11 მარტს ამოიწურა, რომელიც იყო სამუშაო დღე - ორშაბათი. აქედან გამომდინარე, სსსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე საქმეზე სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი გამოიკვეთა.
15. საკასაციო სასამართლო არაერთ განჩინებაში უთითებს, რომ საპროცესო ნორმები, როგორც ფორმალურ წესთა ერთობლიობა, იმ სავალდებულო მოთხოვნებს ადგენს, რომელთა შეცვლა არც სასამართლოს და არც მხარეთა მიხედულებაზე არაა დამოკიდებული, შესაბამისად, სსსკ-ის 374-ე მუხლი ითვალისწინებს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებას, რაც სასამართლოს ვალდებულებაა. სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებისას, სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი თითოეული პირის უფლებას ემსახურება, განხილულ იქნეს მისი პრეტენზია, საამისოდ კი, საპროცესო კოდექსითვე დადგენილია ის მოთხოვნები, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს სააპელაციო საჩივარი (იხ. სუსგ-ები: # ას-1025-986-2016, 13.01.2017წ; #ას-851-817-2016, 04.11.2011წ.). საპროცესო კოდექსითვე დადგენილია საჩივარზე ხარვეზის დადგენისა და სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში მხარის მიერ მისი აღმოფხვრის წესი და წინაპირობები.
16. საკასაციო პალატა დამატებით განმარტავს, რომ, როგორც საქართველოს კონსტიტუციის 42-ე (1) მუხლით, ისე - „ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის“ კონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებული უფლების სასამართლო წესით დაცვის პრინციპი (რომელიც სამართლიანი სასამართლოს უფლების შინაარსიდან გამომდინარეობს) არ არის აბსოლუტური და ექვემდებარება შეზღუდვას, უფლებით დაცულ სფეროში ჩარევა გამართლებულია, თუკი იგი ლეგიტიმურ, კანონის მიზანს ემსახურება, ამ შემთხვევაში, ჩარევის ლეგიტიმური საფუძველი სწორედ სსსკ-ის 368-ე მუხლია, რომლის დარღვევის გამო სამართლებრივ შედეგს ამავე მუხლის მე-5 ნაწილი ითვალისწინებს. იმ პირობებში, როდესაც უდავოა, რომ თავად მხარემ დაარღვია საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნები, მის მიმართ მართლზომიერად შეიზღუდა უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა, რაც სასამართლოს მხრიდან ამ უფლების დარღვეულად მიჩნევას გამორიცხავს.
17. ამდენად, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ კერძო საჩივრის ავტორს სააპელაციო პალატის მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში ხარვეზი არ გამოუსწორებიათ და არც შესაბამისი შუამდგომლობით არ მიუმართავს სასამართლოსთვის, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე (შდრ. სუსგ-ები: # ას-884-824-2017, 2017 წლის 12 სექტემბრის განჩინება; # ას-558-533-2016, 2016 წლის 15 ივლისის განჩინება; # ას-521-498-2016, 2016 წლის 12 ივლისის განჩინება; # ას-861-811-2015, 2016 წლის 31 მარტის განჩინება).
18. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.
განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა, ამიტომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ი.ე–ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 11 აპრილის განჩინება;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე
ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე