23 ივლისი 2024 წელი
საქმე №ას-750-2024 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ამირან ძაბუნიძე
თეა ძიმისტარაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - მ.ს–ძე
მოწინააღმდეგე მხარეები - თ.ჩ–ა, ნ.ჩ–ა, ქ.ჩ–ა, გ.ჩ–ა
თავდაპირველი მოპასუხე - ი.ა–ი
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 10 აპრილის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად სააპელაციო სასამართლოსთვის დაბრუნება
დავის საგანი - ხელშეკრულების ბათილად ცნობა, უძრავი ნივთის მესაკუთრედ ცნობა, სესხისა და იპოთეკის სახელშეკრულებო ურთიერთობის დადგენა (სარჩელით). უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა, ზიანის ანაზღაურება (შეგებებული სარჩელით)
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 08 ივნისის გადაწყვეტილებით თ.ჩ–ას სარჩელი, მოპასუხეების: ა.ა–სა და მ.ს–ძის მიმართ ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის, უძრავი ნივთის მესაკუთრედ ცნობის, სესხისა და იპოთეკის სახელშეკრულებო ურთიერთობების არსებობის დადგენის თაობაზე დაკმაყოფილდა, ხოლო მ.ს–ძის შეგებებული სარჩელი თ.ჩ–ას, ნ.ჩ–ას, ქ.ჩ–ასა და გ.ჩ–ას მიმართ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვისა და ზიანის ანაზღაურების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.
2. აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა მ.ს–ძემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 10 აპრილის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად, შემდეგი დასაბუთებით:
3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 30 დეკემბრის განჩინებით მ.ს–ძის სააპელაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული. ამავე საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 20 მარტს გამართულ სასამართლო სხდომაზე, დაკმაყოფილდა მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობა სხდომის გადადების თაობაზე და საქმის განხილვა დაინიშნა 2024 წლის 10 აპრილს, 10:00 საათზე.
3.2. სასამართლოს სხდომის თაობაზე მხარეებს ეცნობათ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. საქმის მასალებით დადასტურდა, რომ სხდომის თარიღის შესახებ აპელანტ მ.ს–ძის წარმომადგენელ ვ.გ–ს ეცნობა სატელეფონო შეტყობინების გზით 2024 წლის 25 მარტს. 2024 წლის 10 აპრილს 10:00 საათზე დანიშნულ სხდომაზე აპელანტი არ გამოცხადებულა და არც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის შესახებ უცნობებია სასამართლოსთვის. ამავე სხდომაზე მოწინააღმდეგე მხარემ იშუამდგომლა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე.
3.3. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, აპელანტს არ წარმოუდგენია რაიმე განცხადება/შუამდგომლობა, რომელიც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად შეიძლება მიჩნეულიყო. შესაბამისად, მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობა საფუძვლიანი იყო და ვლინდებოდა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი.
4. სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა მ.ს–ძემ, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის სააპელაციო სასამართლოსთვის განსახილველად დაბრუნება. კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენლის განმარტებით, მისი სხდომაზე გამოუცხადებლობა საპატიო მიზეზით იყო განპირობებული. კერძოდ, ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, იგი დანიშნული სხდომის დღეს, 2024 წლის 10 აპრილს წინასწარ იყო ჩაწერილი სამედიცინო დაწესებულებაში შესაბამისი კვლევებისა და პროცედურების ჩატარების მიზნით. მითითებულ თარიღში მას ჩაუტარდა კიდეც არაერთი სახის სამედიცინო მანიპულაცია. ამასთან, როდესაც სასამართლოს შესაბამისი მოხელე აპელანტის წარმომადგენელს დაუკავშირდა და სხდომის თარიღი აცნობა, ამ უკანასკნელმა განუმარტა, რომ 10.04.2024 წელს სხდომაზე გამოცხადებას ვერ მოახერხებდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული განჩინება უსაფუძვლოა და იკვეთება მისი გაუქმების ფაქტობრივსამართლებრივი წინაპირობა.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ კერძო საჩივარი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე-416-ე მუხლების საფუძველზე, მიღებული იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო, კერძო საჩივრის საფუძვლებისა და საქმის მასალების შესწავლის, აგრეთვე, გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს, ხოლო საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას, შემდეგ გარემოებათა გამო:
6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 412-ე მუხლით, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ: ა) საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა; ბ) არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა. მითითებული მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, პირველი ნაწილით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებას საკასაციო სასამართლომ საფუძვლად უნდა დაუდოს სამართლებრივი შეფასება, რომელიც სავალდებულოა სააპელაციო სასამართლოსათვის. საქმე ხელახლა განსახილველად შეიძლება დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს იმავე ან სხვა შემადგენლობას.
7. წინამდებარე კერძო საჩივრის ფარგლებში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია სააპელაციო სასამართლოს მხრიდან, აპელანტის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების მართლზომიერების საკითხი.
8. გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ აპელანტი, რომელსაც საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით ეცნობა მთავარი სხდომის დანიშვნის შესახებ, სხდომაზე არ გამოცხადდა და არც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი უცნობებია სასამართლოსთვის. ხოლო მოწინააღმდეგე მხარემ იშუამდგომლა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.
9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით. მითითებული ნორმა შესაძლებლობას აძლევს სააპელაციო სასამართლოს, იხელმძღვანელოს საქმის პირველი ინსტანციის წესით განხილვისათვის განსაზღვრული წესებით, თუ სადავო ურთიერთობა სცდება კანონმდებლის მიერ სააპელაციო სასამართლოსათვის სპეციალურად დადგენილ ნორმათა რეგულირების სფეროს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სასამართლო მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, განუხილველად დატოვებს სარჩელს, თუ სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე (განმცხადებელი) არ გამოცხადებულა, ხოლო მოპასუხე თანახმაა, სარჩელი (განცხადება) განუხილველად იქნეს დატოვებული.
10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების თანახმად, თუ სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი არ გამოცხადდება საქმის ზეპირ განხილვაზე, მოწინააღმდეგე მხარის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. ყველა სხვა შემთხვევაში, გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 229-242 მუხლები). შესაბამისად, აპელანტის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 229-ე მუხლის პირობების დაცვით გამოიტანოს არა მარტო დაუსწრებელი გადაწყვეტილება, არამედ დატოვოს სააპელაციო საჩივარი განუხილველად, რასაც უკავშირდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 276-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
11. დასახელებული ნორმებიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია, განუხილველად დატოვოს სააპელაციო საჩივარი, თუ აპელანტი, რომელსაც საქმის განხილვის შესახებ სასამართლო უწყება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით ჩაბარდა, სასამართლო სხდომაზე არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა, ხოლო მოწინააღმდეგე მხარე იშუამდგომლებს ან თანხმობას გამოთქვამს სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებასთან დაკავშირებით.
12. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ აპელანტს კანონით განსაზღვრული წესით ეცნობა საქმის განხილვის თარიღის შესახებ. სადავოა ის გარემოება, თუ რამდენად ჰქონდა აპელანტს სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი.
13. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის საპატიოდ მიჩნევის წანამძღვრებს და ასეთად მიიჩნევს ავადმყოფობას, ახლო ნათესავის გარდაცვალებას ან სხვა განსაკუთრებულ ობიექტურ გარემოებას, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის საპროცესო მოქმედების შესრულებას. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.
მითითებული ნორმის დანაწესი ადგენს, რომ სასამართლო უფლებამოსილია, მხარის მიერ კონკრეტული საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობა ჩათვალოს საპატიოდ, თუკი აღნიშნული მოქმედება მან ვერ შეასრულა ავადმყოფობის გამო. ამ შემთხვევაში, ისევე, როგორც ზოგადად სამოქალაქო სამართალწარმოებისას, მხარეს ეკისრება სადავო გარემოების მტკიცების ტვირთი. მეტიც, კანონის ზემოაღნიშნული დანაწესი პირდაპირ განსაზღვრავს, თუ რა მტკიცებულებით უნდა დადასტურდეს მხარის ავადმყოფობის ფაქტი და ასეთად მიიჩნევს სამედიცინო დოკუმენტს, რომელიც: ა) ხელმოწერილია სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ; ბ) პირდაპირ მიუთითებს მხარის შეუძლოდ ყოფნაზე კონკრეტული დროის მონაკვეთში (რომლის განმავლობაშიც უნდა შესრულებულიყო სადავო საპროცესო მოქმედება); გ) ასახავს პაციენტის ჯანმრთელობის იმგვარ გაუარესებას, რაც გამორიცხავს საპროცესო მოქმედების შესრულების შესაძლებლობას.
საკასაციო სასამართლო მნიშვნელოვნად მიიჩნევს, განმარტოს კანონმდებლის დათქმა – „პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე“.
აღნიშნული დანაწესი გულისხმობს, რომ სამედიცინო ცნობაში გასაგებად უნდა იკითხებოდეს მხარის ისეთი მძიმე ავადმყოფობა, რომელიც რეალურად შეუშლის ხელს გადაადგილებასა და სასამართლოსთან კომუნიკაციაში. აღნიშნული ეჭვს არ იწვევს, როდესაც დგინდება მხარისათვის სტაციონარული სამედიცინო მომსახურების გაწევის ფაქტი ან მკურნალი ექიმის რეკომენდაცია წოლითი რეჟიმის დაცვის თაობაზე, თუმცა გასათვალისწინებელია ისეთი შემთხვევაც, როდესაც სამედიცინო დოკუმენტი შეიცავს მხოლოდ პაციენტისათვის დასმულ დიაგნოზს. ეს დიაგნოზი კი, თავისთავად მეტყველებს პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის სიმძიმეზე (შდრ. ს.უ.ს.გ.. №ას-1109-1029-2017, 18.10.2017 წ., №ას-749-749-2018, 23.01.2019წ).
14. საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს კერძო საჩივარზე თანდართულ 10.04.2024 წელს გაცემულ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობას (ფორმა №100), რომელშიც მითითებულია, რომ აპელანტის წარმომადგენელი უჩივის თავის ტკივილს, გულისცემის აჩქარებას, ქოშინს ფიზიკური დატვირთვის შემდეგ, არტ. წნევის მატებას, ანამნეზი: არტ. ჰიპერტენზიით ავად არის 6 წელია, მკურნალობს არარეგულარულად, ობ-რად: TA – 160/100 mmHg, HR – 78 რითმული, Sp O2 – 97%, Cor - ტონები მოყრუებული, მეორე ტონის აქცენტი აორტაზე, Pulmo - ვეზ სუნთქვა, მუცელი რბილი, ეკგ - რითმი სინუსური, თანაბარი, 84-ში, ვოლტაჟი საშუალო, ელ ღერძი - ჰორიზონტალური, დიაფრაგმის მაღალი დგომა, კეროვანი დაზიანების გარეშე.
ამავე ცნობით პაციენტს მიეცა რეკომენდაცია ჩაეტარებინა შემდეგი დიაგნოსტიკური და ლაბორატორიული გამოკვლევები: გულის ექოსკოპია, მუცლის ღრუს ორგანოების ექოსკოპია, სისხლის საერთო, შარდის საერთო, ლიპიდები, კრეატინინი, კუაგულოგრამა, ელექტროლიტები, TSH, FT4.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ, მართალია, სამედიცინო ცნობაში პირდაპირ არ არის მითითებული სასამართლოში გამოუცხადებლობის შეუძლებლობის შესახებ, თუმცა მასში ასახული ინფორმაცია აპელანტის წარმომადგენლის ჯანმრთელობაზე, სახელდობრ, დიაგნოზი და სიმპტომები (ესენციური (პირველადი) ჰიპერტენზია, თავის ტკივილი, გულისცემის აჩქარება და ა.შ.) სწორედ კანონით გათვალისწინებული საპატიო მიზეზის შემადგენლობას ქმნის. პალატა ყურადღებას მიაპყრობს იმასაც, რომ გარდა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ 10.04.2024 წლის ცნობისა, კერძო საჩივარს თან ერთვის აპელანტის წარმომადგენლის მიერ სხდომის თარიღამდე ერთი კვირით ადრე, 2024 წლის 02 აპრილს ჩატარებული არაერთი ლაბორატორიული და დიაგნოსტიკური კვლევის შედეგიც, რაც საკასაციო სასამართლოს კიდევ მეტად უმყარებს რწმენას, რომ აპელანტის წარმომადგენელს სადავო პერიოდში ნამდვილად აღენიშნებოდა ჯანმრთელობის პრობლემები.
15. საკასაციო სასამართლო აქვე განმარტავს, რომ მხარისა და წარმომადგენლის ურთიერთობის გათვალისწინებით, როდესაც მხარე მისი უფლების დაცვის შესაძლებლობას წარმომადგენელს მიანიჭებს, მათ შორის არსებული დამოკიდებულების განსაკუთრებული ნდობის გათვალისწინებით, თუ წარმომადგენელი მინიჭებულ უფლებამოსილებას არაკეთილსინდისიერად არ ახორციელებს, წარმომადგენლის საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობა მხარისათვის არახელსაყრელი შედეგის წინაპირობა არ შეიძლება გახდეს, რადგანაც მას ამ ურთიერთობის მიმართ კანონიერი ნდობა აქვს და ორიენტირებულია ადვოკატის მიერ მისი უფლების კვალიფიციურად დაცვაზე, შესაბამისად, მოცემული შემთხვევიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ იმ პირობებში, როდესაც დასტურდება აპელანტის წარმომადგენლის სასამართლო სხდომაზე საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის ფაქტი, სააპელაციო სასამართლოს მიერ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი არ ვლინდებოდა.
ამრიგად, გასაზიარებელია კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზია, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს სააპელაციო საჩივარი განუხილველად არ უნდა დაეტოვებინა.
16. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა დეტალურად აღარ იმსჯელებს განსახილველი კერძო საჩივრის ყველა პრეტენზიაზე.
17. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის თანახმად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილია. სამართლიან სასამართლოზე ყოველი პირის ხელმისაწვდომობის კონსტიტუციური უფლება, რომელიც დაცვის ღირს სამართლებრივ სიკეთედ არის აღიარებული ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლით, სხვა უფლებათა თუ თავისუფლებათა დაუბრკოლებლად რეალიზების მექანიზმია, ამდენად, ხელისუფლების სამივე შტო უნდა იყოს ფრთხილი ამ უფლების ნებისმიერი შეზღუდვისას.
18. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ყოველთვის ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ეროვნულმა ხელისუფლებამ თითოეულ საქმეზე უნდა უზრუნველყოს, რომ კონვენციის მნიშვნელობის ფარგლებში, „სამართლიანი სასამართლოს“ მოთხოვნები იყოს დაცული (იხ. Dombo Beheer B.V. v. the Netherlands, 27 ოქტომბერი 1993, § 33). ამასთან, სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლება უნდა იყოს „პრაქტიკული და ეფექტური“ (იხ. Bellet v. France, 4 დეკემბერი 1995, §38). კონვენცია მიზნად ისახავს უფლებათა უზრუნველყოფას, რომლებიც არ არის თეორიული ან ილუზორული, არამედ არის პრაქტიკული და ეფექტიანი. აღნიშნული განსაკუთრებით ვრცელდება მე-6 მუხლში წარმოდგენილ გარანტიებზე, დემოკრატიულ საზოგადოებაში სამართლიანი სასამართლოს უფლების და ამ მუხლის ყველა გარანტიის განსაკუთრებული ადგილის გამო (იხ. Stanev v. Bulgaria [დიდი პალატა], 2012 წლის 17 იანვარი, N 36760/06, §231). სასამართლოსადმი მიმართვის და მასზე ხელმისაწვდომობის უფლება არ არის აბსოლუტური უფლებები. ისინი შეიძლება შეიზღუდოს, თუმცა არ უნდა აიკრძალოს ან შემცირდეს პირის წვდომა იმ გზით ან იმ რაოდენობით, რომ უფლების მთავარი არსი დაირღვეს (იხ. Philis v. Greece (N 1), 27 აგვისტო 1991, §59; De Geouffre de la Pradelle v. France, 16 დეკემბერი 1992, §28; Stanev v. Bulgaria [დიდი პალატა], 2012 წლის 17 იანვარი, N 36760/06, §230; Baka v. Hungary [დიდი პალატა], 2016 წლის 23 ივნისი, N 20261/12, §120).
19. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაბრუნდეს იმავე სასამართლოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით,
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ.ს–ძის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 10 აპრილის განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე
თეა ძიმისტარაშვილი