Facebook Twitter

10 ივნისი 2024 წელი

საქმე №ას-52-2024 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ამირან ძაბუნიძე

თეა ძიმისტარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი _ შ.პ.ს. „ჰ.ჯ“

მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ო“

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 29 ნოემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი - თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. შ.პ.ს. „ო“-მა სარჩელით მიმართა გორის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხე - შ.პ.ს. „ჰ.ჯ“-ს მიმართ, 35 000 აშშ დოლარის ანაზღაურების შესახებ. მოსარჩელემ იშუამდგომლა გაწეული საადვოკატო ხარჯის 3500 ლარის მოპასუხისათვის დაკისრებაც და სარჩელსა და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების განცხადებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება.

2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

3. გორის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 17 ივნისის გადაწყვეტილებით - სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 27 000 აშშ დოლარის და პირგასამტეხლოს 8000 აშშ დოლარის, სულ 35 000 აშშ დოლარის ანაზღაურება. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ სასამართლოს გარეშე ხარჯის სახით დაეკისრა ამ უკანასკნელის საადვოკატო ხარჯის 3500 ლარის გადახდა. გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე ძალაში დარჩა გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 13 ივლისის განჩინებით საქმეზე გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.

4. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 29 ნოემბრის განჩინებით - სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად, შემდეგი ფაქტობრივსამართლებრივი საფუძვლებით:

5.1. 2018 წლის 10 იანვარს, მოსარჩელესა (შემსყიდველი) და მოპასუხეს (მიმწოდებელი) შორის დაიდო მიწოდების ხელშეკრულება, რომლის საგანს წარმოადგენდა მიმწოდებლის მიერ შემსყიდველისათვის საქონლის (მსხვილფეხა რქოსანი) შინაგანი ორგანოს „წიგნარას“ (ასფურცელას) მიწოდება-გაყიდვა (1.1. პუნქტი). ხელშეკრულების ღირებულება დ.ღ.გ-ს ჩათვლით შეადგენდა - 40 000 აშშ დოლარის ეკვივალენტ ლარს (2.1. პუნქტი).

5.2. მიმწოდებელმა იკისრა ვალდებულება, ეტაპობრივად მიეწოდებინა შემსყიდველისათვის სათანადო ხარისხის საქონლის (მსხვილფეხა რქოსანი) შინაგანი ორგანო „წიგნარა“ (ასფურცელა), რომლის ოდენობა შემსყიდველის მიერ წინასწარ გადახდილი თანხის გათვალისწინებით (40 000 აშშ დოლარი) შეადგენდა 11 468 ცალს (ერთი ცალი შეადგენდა 9 (ცხრა) ლარს). ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა თანხის სრულად ამოწურვამდე და ვალდებულების სრულად შესრულებამდე (3.1., 3.2. პუნქტები).

5.3. ხელშეკრულების თანახმად, საქონელი უნდა მიწოდებულიყო მიმწოდებლის სასაწყობო მეურნეობის ადგილზე (3.3. პუნქტი). ხელშეკრულების საგანი მიწოდებულად ჩაითვლებოდა ორმხრივად ხელმოწერილი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდგომ (3.4. პუნქტი).

5.4. ხელშეკრულების 6.2. პუნქტის მიხედვით, მიწოდებული საქონლის პროპორციულად განხორციელდებოდა ყოველთვიურად შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტით ჩარიცხული თანხის გაქვითვა, შესაბამისი საბუღალტრო დოკუმენტაციის წარდგინებით.

5.5. ხელშეკრულების 7.2. პუნქტის თანახმად, ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, დამრღვევ მხარეს დაეკისრებოდა პირგასამტეხლო სახელშეკრულებო ღირებულების 20%.

5.6. თუ ხელშეკრულების შესრულების პროცესში რომელიმე მხარე წააწყდებოდა რაიმე ხელშემშლელ გარემოებას, რომელიც ხელშეკრულების პირობის შესრულებას შეაფერხებდა, ამ მხარეს დაუყოვნებლივ უნდა გაეგზავნა მეორე მხარისათვის წერილობითი შეტყობინება შეფერხების ფაქტის, მისი შესაძლო ხანგრძლივობისა და გამომწვევი მიზეზების შესახებ. შეტყობინების მხარეს, რაც შეიძლება მოკლე დროში უნდა ეცნობებინა მეორე მხარისათვის ამ გარემოებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება (8.2. პუნქტი). იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელი 1 (ერთი) თვის განმავლობაში ვერ მიაწვდიდა საქონელს, შემსყიდველი უფლებამოსილი იყო, მოეთხოვა დარჩენილი თანხის დაბრუნება 10 (ათი) კალენდარული დღის ვადაში, პირგასამტეხლოსთან ერთად (8.3. პუნქტი). (იხ. მიწოდების ხელშეკრულება ტ. 1, ს.ფ. 16-20).

5.7. მოსარჩელის დირექტორმა ს.ა–მა მოპასუხეს 2018 წლის 09 იანვარსა და იმავე წლის 10 იანვარს 40 000 აშშ დოლარი გადაურიცხა (იხ. გადარიცხვის ქვითრები ტ.1. ს.ფ. 21).

5.8. საქმის მასალებში წარმოდგენილი, მხარეთა მიერ ხელმოწერილი 2018 წლის 01 ივნისის შედარების აქტით დადგინდა, რომ ხელშეკრულების დადებიდან, 2018 წლის 01 ივნისამდე, მოპასუხემ მოსარჩელეს მიაწოდა მთლიანობაში - 1213 ცალი ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროდუქტი, ჯამური ღირებულებით - 4 456 აშშ დოლარი (იხ. შედარების აქტი ტ.1. ს.ფ. 22).

5.9. 2018 წლის 01 ივლისის წერილით, მოსარჩელემ მოპასუხეს აცნობა, რომ 2018 წლის 01 ივნისამდე მოპასუხის მიერ მიწოდებული პროდუქციის ღირებულებამ ჯამურად შეადგინა 4456 აშშ დოლარი, ხოლო ნაღდი ანგარიშსწორებით დაბრუნებულმა თანხამ კი 8544 აშშ დოლარი. მიუხედავად არაერთი მიმართვისა და დაკვეთისა, პროდუქციის მიწოდება აღარ განხორციელებულა. აღნიშნულიდან გამომდინარე, მითითებული წერილით მოსარჩელემ ხელშეკრულების 7.2. და 8.3. პუნქტებზე მითითებით მოითხოვა 10 კალენდარული დღის ვადის დაცვით წინასწარ გადახდილი ღირებულებიდან დარჩენილი თანხის 27 000 აშშ დოლარის დაბრუნება და ხელშეკრულებით შეთანხმებული პირგასამტეხლოს - 8000 აშშ დოლარის გადახდა (იხ. მოსარჩელის 01.07.2018წ. წერილი ტ.1. ს.ფ. 28).

5.10. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ 2018 წლის 01 ივნისის შედარების აქტით მხარეებმა დაადასტურეს ჯამურად 1213 ცალი ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროდუქტის მიწოდება, რომლის ღირებულება განისაზღვრა - 4 456 აშშ დოლარით, გარდა ამისა, უდავოდ იქნა მიჩნეული, რომ მოპასუხემ მოსარჩელეს ნაღდი ანგარიშსწორებით დაუბრუნა - 8 544 აშშ დოლარი, რაც შეეხება 31 456 აშშ დოლარის ღირებულების პროდუქციის მიწოდების ფაქტს, პალატამ მიიჩნია, რომ აღნიშნული საქმის მასალებით არ დასტურდებოდა.

5.11. სააპელაციო პალატამ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე-317-ე, 361-ე, 327-ე და 477-ე მუხლებზე მიუთითა და აღნიშნა, რომ მოპასუხემ ვერ უზრუნველყო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება, რის გამოც, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მოპასუხეს 27 000 აშშ დოლარის მოსარჩელისათვის ანაზღაურება მართებულად დაეკისრა.

5.12. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მითითება დაკისრებული პირგასამტეხლოს არაგონივრულ ოდენობასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ვინაიდან მოპასუხეს არ განუხორციელებია კვალიფიციური შედავება (იხ. შესაგებელი ს.ფ. 98-107) არ არსებობდა მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირების საფუძველი.

6. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის უარყოფა, შემდეგი საფუძვლებით:

6.1. ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა არასწორად დაასკვნეს, რომ მოპასუხეს გარდა ზეპირი განმარტებისა, არ წარუდგენია მტკიცებულება მის მიერ ვალდებულების სრულად შესრულების დასადასტურებლად. მოპასუხის მხრიდან ახსნა-განმარტებასთან ერთად წარდგენილ იქნა მოწმეთა ჩვენებებიც, რომელიც ადასტურებს მოპასუხის მხრიდან ვალდებულების სრულად შესრულებას და დავალიანების არარსებობის ფაქტს.

6.2. მოპასუხის მხრიდან ნაკისრი ვალდებულება შესრულებულია დროულად და ჯეროვნად, რის გამოც, პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველი საერთოდ არ ვლინდებოდა. ამასთან, მცდარია გასაჩივრებული განჩინების დასკვნა, რომ მოპასუხეს საქმის მოსამზადებელ ეტაპზე არ მიუთითებია შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოსა და მისი შემცირების მოთხოვნის შესახებ.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

9. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

10. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

11. საკასაციო საჩივრის ფარგლებში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია დაირღვა თუ არა კასატორის (გამყიდველის) მხრიდან საქონლის მიწოდების ვალდებულება და ეკისრება თუ არა მას აღნიშნული დარღვევის გამო პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება.

12. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია და არც საკასაციო საჩივრით გამხდარა სადავოდ შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

12.1. 2018 წლის 10 იანვარს, მხარეებს შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც, მოპასუხემ იკისრა ვალდებულება მოსარჩელისათვის ეტაპობრივად მიეწოდებინა 11468 ცალი საქონლის (მსხვილფეხა რქოსანი) შინაგანი ორგანო „წიგნარა“ (ასფურცელა) ჯამური ღირებულებით 40 000 აშშ დოლარი, ხოლო მოსარჩელემ იკისრა ვალდებულება წინასწარ, ხელშეკრულების გაფორმებისთანავე გადაეხადა მოპასუხისთვის ნასყიდობის ფასი - 40 000 აშშ დოლარი.

12.2. ხელშეკრულების 3.4. პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების საგანი მიწოდებულად ჩაითვლებოდა ორმხრივად ხელმოწერილი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდგომ.

12.3. ხელშეკრულების 7.2. პუნქტის მიხედვით, ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, დამრღვევ მხარეს დაეკისრებოდა პირგასამტეხლო სახელშეკრულებო ღირებულების 20%.

12.4. ხელშეკრულების 8.3. პუნქტით, იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელი ერთი თვის განმავლობაში ვერ მიაწვდიდა საქონელს, შემსყიდველი უფლებამოსილი იყო, მოეთხოვა დარჩენილი თანხის დაბრუნება 10 კალენდარული დღის ვადაში, პირგასამტეხლოსთან ერთად.

12.5. მოსარჩელემ ხელშეკრულების გაფორმებისთანავე გადაურიცხა მოპასუხეს ნასყიდობის ფასი 40 000 აშშ დოლარის ოდენობით.

12.6. მხარეთა მიერ ხელმოწერილი 2018 წლის 1-ელი ივნისის შედარების აქტის თანახმად, მოპასუხემ მოსარჩელეს მიაწოდა 1213 ცალი „წიგნარა“, ჯამური ღირებულებით - 4456 აშშ დოლარი.

12.7. მოპასუხემ, ნასყიდობის ფასიდან მოსარჩელეს დაუბრუნა 8544 აშშ დოლარი.

13. წინამდებარე დავა წარმოშობილია მხარეთა შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებიდან. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ნასყიდობა ორმხრივი, კონსესუალური გარიგებაა, სადაც, როგორც გამყიდველს, ისე - მყიდველს გააჩნია კანონით გათვალისწინებული ვალდებულებები. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი კი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება. შესაბამისად, ამ ნორმის თანახმად, გამყიდველმა უნდა ამტკიცოს, რომ მყიდველს გადასცა საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდა საქონელი, ხოლო მყიდველმა უნდა ამტკიცოს, რომ გადაიხადა შეთანხმებული ფასი.

14. კონკრეტულ შემთხვევაში, მხარეთა შორის სადავოა გამყიდველის მიერ, მყიდველისათვის 27 000 აშშ დოლარის ღირებულების პროდუქციის მიწოდების ფაქტი, რომლის დამტკიცებაც, გამყიდველის მტკიცების ტვირთს წარმოადგენს.

15. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ კონცენტრირებულად შეჯიბრებითობის პრიციპი გამოხატულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102–ე მუხლში, რომლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. შეჯიბრებაში გამარჯვებულად გამოცხადდება მხარე, რომელმაც უკეთ შეძლო დაერწმუნებინა სასამართლო თავისი მოთხოვნის (შესაგებლის) ფაქტობრივ დასაბუთებულობაში, ანუ მხარე, რომელმაც მიუთითა ფაქტებზე, რომლებიც იურიდიულად ამართლებენ მოთხოვნას (შესაგებელს) და წარმოუდგინა სასამართლოს მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ ამ ფაქტებს.

16. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი. ვალდებულების შესრულების თაობაზე დავის წარმოშობის შემთხვევაში, მტკიცების ტვირთი მოვალეს აკისრია. მან უნდა დაამტკიცოს, რომ ვალდებულება შეასრულა და ამით ვალდებულება შეწყდა. მოვალეს ესჭიროება სათანადო მტკიცებულება, რომ შეწყვეტის მიზნით ვალდებულების შესრულების ფაქტი დაამტკიცოს. კრედიტორი ასეთი დოკუმენტის გაცემით ადასტურებს, რომ მან შესრულება მიიღო, ვალდებულება შესრულდა და შეწყვეტილია. პრაქტიკაში ვალდებულების შესრულების ან/და მიღების დამადასტურებელი დოკუმენტის სხვადასხვა სახე არსებობს, როგორიცაა: ქვითარი, მიღება-ჩაბარების აქტი, სალარო გასავლის ორდერი, ხელწერილი, საბანკო გადარიცხვის ამონაწერი და სხვა (შდრ. ს.უ.ს.გ. №ას-1288-2019, 04 მარტი, 2019წ., პ.125.). ვალდებულების შესრულების მტკიცების ტვირთი, როგორც საპროცესო, ისე - მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით, მოვალის ვალდებულებას წარმოადგენს (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლი და სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლი).

17. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი წერილობითი ფორმით უნდა იყოს შედგენილი, რათა დავის შემთხვევაში, გამოყენებული იქნას მოვალის მიერ, როგორც ვალდებულების შეწყვეტის დამადასტურებელი მტკიცებულება. ფორმა, ნების გამოვლენის განცხადების საშუალებაა. კრედიტორი და მოვალე შეიძლება შეთანხმდნენ ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტის ელექტრონულ ფორმაზეც (ასეთ შემთხვევაში, შესაძლებელია ელექტრონული ხელმოწერის გამოყენებაც). მოვალეს შეუძლია მოითხოვოს არა მხოლოდ ვალდებულების მთლიანად შესრულების დამადასტურებელი, არამედ მისი ნაწილობრივ შესრულების მიღების დამადასტურებელი დოკუმენტიც.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლი ადგენს ვალდებულების შესრულების მიღების წესს, რაც იმაში მდგომარეობს, რომ შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტის ფლობა აუცილებლობას წარმოადგენს მოვალისათვის, რადგან საპროცესოსამართლებრივი თვალსაზრისით, ვალდებულების შესრულების მტკიცების ტვირთი სწორედ მას ეკისრება.

18. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო პროცესში მტკიცებულებათა დასაშვებობის ინსტიტუტი დამოკიდებულია მატერიალურ-სამართლებრივ ნორმის შინაარსზე ანუ სამოქალაქო პროცესში მტკიცებულებათა დაშვების ან ამორიცხვის საკითხი უნდა გადაწყდეს იმ ნებართვების თუ აკრძალვების მიხედვით, რაც გათვალისწინებულია მატერიალური ნორმით. კონკრეტული ნორმით გათვალისწინებული იურიდიული ფაქტების შედეგად წარმოშობილი ურთიერთობების დასადასტურებლად, რაც საბოლოოდ წარმოადგენს სამართლის ნორმით გათვალისწინებულ მაკვალიფიცირებელ ელემენტებს, აუცილებელია ისეთი მტკიცებულებების არსებობა, რომლებიც თუნდაც მოწმეთა ჩვენებებთან ერთობლივად უტყუარად მიუთითებენ ყველა მნიშვნელოვან გარემოებებზე.

მოცემულ შემთხვევაში, კასატორი, ვალდებულების შესრულების დამტკიცებას ცდილობს მოწმეთა ჩვენებებზე მითითებით. ამ თვალსაზრისით, საკასაციო პალატა იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომ მოწმეთა ჩვენებები რელევანტურ მტკიცებულებებს არ წარმოადგენს კონკრეტული ფაქტობრივი გარემოების სამტკიცებლად.

ამდენად, მოპასუხემ ვერ შეძლო მისი მტკიცების ტვირთის ფარგლებში შემავალი სადავო 27 000 აშშ დოლარის ღირებულების პროდუქციის მიწოდების ფაქტის სარწმუნოდ დადასტურება, რის გამოც, არ ვლინდება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 427-ე მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების შეწყვეტის საფუძველი.

19. ვინაიდან არ დადასტურდა მოპასუხის მხრიდან მოსარჩელისათვის 27 000 აშშ დოლარის ღირებულების პროდუქციის მიწოდების ფაქტი, ხელშეკრულების 8.3. პუნქტის თანახმად, კასატორს ეკისრება წინასწარ მიღებული ნასყიდობის ფასიდან 27000 აშშ დოლარის მოსარჩელისთვის დაბრუნება პირგასამტეხლოსთან ერთად.

20. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლით, პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. პირგასამტეხლო პირობით ვალდებულებას წარმოადგენს. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლების განხორციელება დამოკიდებულია გარკვეული პირობის დადგომაზე - მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევაზე (იხ:ირაკლი რობაქიძე, სახელშეკრულებო სამართალი /ზურაბ ძლიერიშვილი, გიორგი ცერცვაძე, ირაკლი რობაქიძე, გიორგი სვანაძე, ლაშა ცერცვაძე, ლევან ჯანაშია/ გამომცემლობა „მერიდიანი“, 2014წ., გვ. 590). პალატა მიუთითებს, რომ პირგასამტეხლოს ერთ-ერთ ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაა. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (იხ. ს.უ.ს.გ. Nას-1053-993-2015, 08.04.2016წ.; Nას-1158-1104-2014, 06.05.2015წ.). აღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობას წარმოადგენს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულების დარღვევა.

21. გასაჩივრებული განჩინებით დადგენილია, რომ მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალებულება, რაც ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს დარიცხვის საფუძველია. საკასაციო სასამართლომ მსგავსი კატეგორიის საქმეებზე არაერთხელ განმარტა, რომ პირგასამტეხლო, უპირველესად, კრედიტორის ინტერესების უზრუნველმყოფი საკანონმდებლო მექანიზმია, რომელიც კრედიტორის სახელშეკრულებო რისკებს ამცირებს, თუმცა იმისთვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული კრედიტორის მხრიდან ამ ინსტიტუტის ფარგლებში უფლების ბოროტად გამოყენება, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შესაფასებელი და, ამავდროულად, დასაცავი ღირებულებაა სახელშეკრულებო წონასწორობა/ბალანსი, ერთი მხრივ, პირგასამტეხლოს, როგორც სახელშეკრულებო თავისუფლების გამოხატულებას და, მეორე მხრივ, მოვალის დაცვას, როგორც ამ თავისუფლების ლეგიტიმურ შეზღუდვას შორის. ამდენად, პირგასამტეხლოს იურიდიული ძალა მხოლოდ მაშინ აქვს, თუ ის, ამავდროულად, უზრუნველყოფს მოვალის გონივრული ფარგლებით დაცვას (ს.უ.ს.გ. Nას-1928-2018, 31.10.2019წ.). პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა (ს.უ.ს.გ. Nას-1511-2018, 26.03.2019წ.; Nას-848-814-2016, 28.12.2016წ.).

22. სასამართლოს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის საფუძველზე, უფლება აქვს, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რაც შეფასებითი კატეგორიაა და, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული, მაგალითად, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან; პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა (ს.უ.ს.გ. №ას-1511-2018, 26.03.2019წ.; ს.უ.ს.გ. №ას-535-2021, 29.10.2021წ.). პირგასამტეხლოს შემცირება არ გულისხმობს მის გაუქმებას. პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველია, ერთი მხრივ, ის რომ კრედიტორი პირგასამტეხლოს მიღებით არ გამდიდრდეს და მოვალეს არ დააწვეს მძიმე ტვირთად პირგასამტეხლოს გადახდა (შესაბამისად, პირგასამტეხლო არ იქცეს ერთგვარ სადამსჯელო ღონისძიებად), ხოლო მეორე მხრივ კი – პირგასამტეხლო იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, საპირწონე და გონივრული. აღნიშნულში მოიაზრება სახელშეკრულებო თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპის დაცვით პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირება (ს.უ.ს.გ. №ას-186-2021, 25.03.2021წ.; №ას-535-2021, 29.10.2021წ).

23. კვალიფიციური შედავების გარეშე შეუძლებელია, დადგინდეს რამდენად არაგონივრული, შეუსაბამოა პირგასამტეხლოს ოდენობა სახელშეკრულებო ინტერესის ხელყოფის მასშტაბთან. ამდენად, როგორც ვალდებულების დარღვევის მნიშვნელობა, სახელშეკრულებო ინტერესის შინაარსისა და ფარგლების განმარტება და დადგენილი პირგასამტეხლოს ოდენობასთან მისი ადეკვატურობა (კრედიტორის მტკიცების ტვირთი), ისე ვალდებულების დარღვევის ხარისხის შეუსაბამობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან (მოვალის მტკიცების ტვირთი), არის უმნიშვნელოვანესი შეფასებითი კატეგორიები, რომელზეც თავად მხარეებმა უნდა შეუქმნან მოსამართლეს დასაბუთებული წარმოდგენა და მიანიჭონ მას მხარეთა ნების განმარტების შესაძლებლობა (ნ. ჩიტაშვილი. პირგასამტეხლოსა და ზიანის მოთხოვნათა სახელშეკრულებო ინტერესის უზრუნველმყოფი ფუნქცია. შედარებითი სამართლის ჟურნალი 2/2020, გვ.17; ასევე იხ.: ს.უ.ს.გ. №ას-827-2021, 03.12.2021წ.). ამდენად, რადგან მოვალეს ენიჭება პირგასამტეხლოს ოდენობის კვალიფიციური შეცილების უფლება, ხოლო სასამართლოს მისი შემცირების უფლებამოსილება - მნიშვნელოვანია კრედიტორის ვალდებულების დარღვევის ნაწილში წარმოდგენილი შეფასება დარღვევის მნიშვნელობასთან, ხანგრძლივობასა და დარღვეულ სახელშეკრულებო ინტერესთან მიმართებით, რაც კრედიტორს მისცემს კვალიფიციურ შესაძლებლობას, შეამციროს სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირების პერსპექტივა. სასამართლოს ხელშეკრულების განმარტების პროცესში სახელმძღვანელოდ ექნება არა მხოლოდ პირგასამტეხლოს ოდენობის არაგონივრულობის შესახებ მოვალის კვალიფიციური შეცილება, არამედ კრედიტორის პერსპექტივიდან წარმოჩენილი მისივე სახელშეკრულებო ინტერესის რღვევის ხარისხი (ნ. ჩიტაშვილი. პირგასამტეხლოსა და ზიანის მოთხოვნათა სახელშეკრულებო ინტერესის უზრუნველმყოფი ფუნქცია. შედარებითი სამართლის ჟურნალი 2/2020, გვ.17).

24. ვინაიდან მოპასუხეს, სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა არც შესაგებლით და არც სასამართლო მოსამზადებელ სხდომაზე სადავოდ არ გაუხდია, სამოქალაქო სამართალწარმოების ფუნდამენტური ღირებულებების _ მხარეთა შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სასამართლოს არ წარმოშობია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით გათვალისწინებული უფლება შეეფასებინა მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობის შესაბამისობა და შეემცირებინა იგი.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა იზიარებს ქვემდგომი სასამართლოს დასკვნას მასზეც, რომ არ ვლინდება კასატორისათვის დარიცხული პირგასამტეხლოს - 8000 ლარის შემცირების ფაქტობრივ სამართლებრივი წინამძღვარი.

25. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების ფარგლებში, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლი), კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი მიუთითებს.

26. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

27. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო საჩივარზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის, 1750 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა კასატორს გადაუვადდა საკასაციო სასამართლოს 2024 წლის 23 იანვრის განჩინებით. ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაეკისროს გადავადებული სახელმწიფო ბაჟის 30%-ის, 525 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შ.პ.ს. „ჰ.ჯ“-ს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.

2. შ.პ.ს. „ჰ.ჯ“-ს (ს/ნ ........) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 23 იანვრის განჩინებით გადავადებული სახელმწიფო ბაჟის _ 1750 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის 30%-ის _ 525 (ხუთასოცდახუთი) აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე

თეა ძიმისტარაშვილი