Facebook Twitter

23 ოქტომბერი 2024 წელი

№ას-1310-2024 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ამირან ძაბუნიძე

თეა ძიმისტარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

საჩივრის ავტორი - გ.ლ–ი

მოწინააღმდეგე მხარე - შ.პ.ს. „კ–ი“

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 04 ივლისის განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის ერთი სახის მეორით შეცვლაზე უარის თქმის შესახებ

საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და განცხადების დაკმაყოფილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 22 მარტის განჩინებით, გ.ლ–ის შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და შ.პ.ს. „კ–ს“ (ს/ნ .......) აეკრძალა საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონების მდებარე : ქ. თბილისი, ........., ფართი 200,85 კვ. საკადასტრო კოდით N........, გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.

2. ზემოაღნიშნულ განჩინებაზე საჩივარი წარადგინა გ.ლ–მა, მოითხოვა შუამდგომლობის დაუკმაყოფილებელ ნაწილში გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და მისი სრულად დაკმაყოფილება.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 15 აპრილის განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად გადაიგზავნა თბილისის სააპელაციო სასამართლოში.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 27 მაისის განჩინებით, გ.ლ–ის საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ნაწილობრივ გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 22 მარტის განჩინება, სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში. გ.ლ–ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით შ.პ.ს. „კ–ს“ (ს/ნ ........) აეკრძალა საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონების მდებარე: ქ.თბილისი, ........., ფართი 50,15 კვ. საკადასტრო კოდით N........-ის გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.

5. 2024 წლის 03 ივლისს, სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა გ.ლ–მა სარჩელის უზრუნველოფის ღონისძიების ერთი სახის მეორით შეცვლის მოთხოვნით.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 04 ივლისის განჩინებით, გ.ლ–ის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ერთი სახის მეორით შეცვლის თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.

7. ზემოაღნიშნული განჩინების გაუქმების მიზნით, საჩივარი წარადგინა გ.ლ–მა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი განჩინებით სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების ერთი სახის მეორით შეცვლა, კერძოდ, შ.პ.ს „კ–ი“-ს საქართველოში არსებული საბანკო ანგარიშების დაყადაღება 200 000 ლარის ფარგლებში.

8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 09 სექტემბრის განჩინებით გ.ლ–ის საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 04 ივლისის განჩინების გაუქმებაზე დაუსაბუთებლობის გამო არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას შემდეგ გარემოებათა გამო:

8.1. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, სარჩელის უზრუნველყოფის ერთი სახის მეორით შეცვლის შემთხვევაში, არსებითი პირობაა, დაცული იქნას სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტის დანიშნულება, ანუ უზრუნველყოფილი იქნეს გადაწყვეტილების რეალურად აღსრულებისათვის მოსალოდნელი დაბრკოლების თავიდან აცილება ორივე მხარის ინტერესების გათვალისწინებით. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისას გათვალისწინებულ უნდა იქნას უზრუნველყოფის ღონისძიების, როგორც საპროცესო სამართლებრივი ინსტიტუტის მთავარი პრინციპი - აღსრულდეს სასამართლო გადაწყვეტილება. ამასთან უზრუნველყოფის ღონისძიებით შეზღუდული უფლება უნდა იყოს სასარჩელო მოთხოვნის მოცულობის ადეკვატური. დაუშვებელია, უზრუნველყოფის ღონისძიებით მოპასუხის უფლების გაუმართლებელი შეზღუდვა და ამგვარად, მხარეთა არათანაბარ პირობებში ჩაყენება.

8.2. მოცემულ შემთხვევაში, სარჩელის ფასია 448 987 ლარი. მოსარჩელის განმარტებით, მოთხოვნა წარმოშობილი იქნა გ.ლ–ის სახლიდან რამდენიმე სანტიმეტრში შ.პ.ს. „კ–ი“-ს მიერ სამშენებლო სამუშაოების (12- სართულიანი კორპუსის აშენების) შედეგად, რამაც დააზიანა მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონება.

8.3. აღნიშნული სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 22 მარტის განჩინებით, შ.პ.ს. „კ–ს“ (ს/ნ ......) აეკრძალა საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონების მდებარე; ქ.თბილისი, ......, ფართი 200,85 კვ. საკადასტრო კოდით N........ გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა, ხოლო თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 27 მაისის განჩინებით, ქ. თბილისი, ........., ფართი 50,15 კვ. საკადასტრო კოდით N ........-ის გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.

8.4. დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 27 მაისის განჩინების საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრაციის დროისათვის, ზემოაღნიშნული ქონება აღარ წარმოადგენდა მოპასუხე შ.პ.ს. „კ–ი“-ს საკუთრებას, რის გამოც, განმცხადებელმა იშუამდგომლა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების ერთი სახის მეორით შეცვლაზე. კერძოდ, ნაცვლად ქ. თბილისში, .......... (ს/კ .........) გასხვისებისა და იპოთეკით დატვირთვის აკრძალვისა, მოითხოვა ყადაღის დადება შ.პ.ს. „კ–ი“-ს საქართველოში არსებულ საბანკო ანგარიშებზე 200 000 ლარის ფარგლებში.

8.5. დავის საგნის გათვალისწინებით, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მიზანშეწონილობაზე ნამსჯელი იქნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 27 მაისის განჩინებით, რომლითაც სასამართლომ განმარტა, რომ მხოლოდ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 22 მარტის განჩინებით, მოპასუხის სახელზე რიცხულ 200 კვ. მეტრ უძრავ ქონებაზე გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება, შესაძლოა არ ყოფილიყო საკმარისი გადაწყვეტილების უზრუნველსაყოფად, რის გამოც დამატებით აკრძალვა გავრცელდა 50.15 კვ მ. უძრავ ქონებაზე, რომელიც როგორც შემდგომში გამოირკვა, აღარ წარმოადგენს მოპასუხის საკუთრებას. ზემოაღნიშნულ 50.15 კვ.მ. ქონებაზე აკრძალვის დაწესების ნაწილში გამოიკვეთა სასამართლოს განჩინების აღსრულების შეუძლებლობა, რაც გახდა სასამართლოსათვის დამატებით, შუამდგომლობით მომართვის საფუძველი, თუმცა განმცხადებელმა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების ერთი სახის მეორით შეცვლა მოითხოვა არა რაიმე კონკრეტული ქონებით (მაგ. უძრავი, მოძრავი ქონებით), რაც მოცემულ შემთხვევაში, პალატის მოსაზრებით, შესაძლოა ადეკვატური ღონისძიება ყოფილიყო წარმოდგენილი სარჩელის უზრუნველყოფისათვის, არამედ - მოპასუხის კუთვნილ საბანკო ანგარიშებზე ყადაღის დადებით 200 000 ლარის ფარგლებში.

8.6. სააპელაციო პალატის განმარტებით, საბანკო ანგარიშების დაყადაღება, იმ მოსალოდნელი და ზოგიერთ შემთხვევაში, გარდაუვალი უარყოფითი შედეგებიდან გამომდინარე, რაც ამ ღონისძიების გამოყენებით შესაძლოა წარმოეშვას მხარეს, მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში შეიძლება იქნას გამართლებული, როდესაც სარწმუნოდ დასაბუთებულია მოპასუხის აქტივში სხვა რაიმე ქონების არარსებობის შესახებ გარემოება და ამ ღონისძიების გამოყენების გარეშე აშკარად საფრთხის წინაშე დგება მოსარჩელის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება.

8.7. მოცემულ შემთხვევაში, საჩივარს ერთვის მოპასუხის სახელზე რიცხული ორი უძრავი ქონების გასხვისების დამადასტურებლი დოკუმენტაცია, თუმცა მოპასუხეს გარდა აღნიშნული უძრავი ნივთისა, სხვა ქონებებიც ერიცხებოდა, რომლის გასხვისების დამადასტურებლი დოკუმენტაციაც წარმოდგენილი არ არის. გარდა ამისა, განმცხადებელი არ მიუთითებს და არ წარმოადგენს შესაბამის მტკიცებულებებს, მოპასუხის სახელზე რიცხულ მოძრავ ქონებებთან დაკავშირებით, ამასთან არც სასამართლოს წინაშე შუამდგომლობს ინფორმაციის გამოთხოვის თაობაზე. შესაბამისად არ დასტურდება, რომ საბანკო ანგარიშზე ყადაღის დადება მისი მოთხოვნის უზრუნველყოფის ერთადერთი საშუალებაა. ამ ვითარებაში, როდესაც არ დგინდებოდა, რომ მოსარჩელე შეეცადა მოპასუხის აქტივების (უძრავ-მოძრავი ქონების, უფლებრივი სიკეთეების ან/და მოთხოვნის უფლების) მოძიებას, რაც შეიძლება გამხდარიყო უზრუნველყოფის საგანი, პალატამ გაუმართლებლად მიიჩნია იურიდიული პირისათვის ესოდენ უფლებაშემზღუდველი მექანიზმის (საბანკო ანგარიშების დაყადაღება) გამოყენების აუცილებლობა. რაც შეეხება არგუმენტაციას, რომ სასარჩელო მოთხოვნა შესაძლოა სამომავლოდ გაიზარდოს, არ წარმოადგენს უზრუნველყოფის სახის ცვლილების მიზნით საბანკო ანგარიშებზე ყადაღის დადების უპირობო საფუძველს და მოთხოვნის გაზრდის შემთხვევაში, საჩივრის ავტორს არ ეზღუდება უფლება, დამატებით იშუამდგომლოს გაზრდილი მოთხოვნის შესაბამისად, მისი დაცვის მიზნით უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე.

8.8. ამდენად, ამ ეტაპზე, საქმეზე გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების განმცხადებლის მიერ შეთავაზებული ღონისძიებით შეცვლის წინაპირობა არ ვლინდებოდა, რის გამოც საჩივარს უარი ეთქვა დაკმაყოფილებაზე.

8.9. რაც შეეხება საჩივარში დაფიქსირებულ პოზიციას - თუკი საბანკო ანგარიშებზე არ გავრცელდება ყადაღა, სასამართლომ უზრუნველყოფის ღონისძიება გაავრცელოს მოპასუხის სახელზე რიცხულ გაუსხვისებელ უძრავ ქონებებზე, პალატამ აღნიშნა, რომ გ.ლ–ი, განცხადებით რომლის საფუძველზეც იქნა მიღებული გასაჩივრებული განჩინება, ითხოვდა მხოლოდ მოპასუხის საბანკო ანგარიშებზე ყადაღის დადებას, შესაბამისად წარმოდგენილი საჩივრის ფარგლებში სასამართლო აფასებს და მსჯელობს 2024 წლის 04 ივლისის განჩინების კანონიერებაზე, რაც ცხადყოფს, რომ საჩივრის ავტორის მოთხოვნა, სასამართლომ უზრუნველყოფის ღონისძიება გაავრცელოს მოპასუხის სახელზე რიცხულ გაუსხვისებელ უძრავ ქონებებზე, არ წარმოადგენს საჩივრის ფარგლებში შესაფასებელ და გადასაწყვეტ საკითხს, რადგან აღნიშნული ცდება გასაჩივრებული განჩინების ფარგლებს. ნიშანდობლივია ისიც, რომ აღნიშნულზე სასამართლო ვერ იმსჯელებდა როგორც ცალკე წარმოდგენილ შუამდგომლობაზე, რადგან მოთხოვნა არ იყო ნათლად და გარკვევით ჩამოყალიბებული, არ იყო მითითებული ქონების მახასიათებლები, რომლითაც სურდა მხარეს უზრუნველყოფის ღონისძიების შეცვლა, ასევე, საჩივარს არ ერთვოდა განახლებული ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრიდან, რომელიც სასამართლოს მისცემდა შესაძლებლობას შეეფასებინა უზრუნველყოფის საგნის მდგომარეობა.

8.10. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, თუკი საჩივრის ავტორს სურს უზრუნველყოფის ღონისძიების შეცვლა მოპასუხის სახელზე რიცხული სხვა უძრავი ქონებით, იგი არ არის შეზღუდული განმეორებით მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების შეცვლის თაობაზე, რაც წარმოდგენილი უნდა იქნას დასაბუთებული სახით, საპროცესო კანონონმდებლობით დადგენილი წესების შესაბამისად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

9. საკასაციო სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ საჩივარს, საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971 მუხლის მეოთხე ნაწილის მიხედვით, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამ კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით. ამავე კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს (კერძო საჩივარს, საჩივარს), თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

12. განსახილველ შემთხვევაში, საჩივრის ფარგლებში, საკასაციო პალატის შეფასების საგანს წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს იმ განჩინების კანონშესაბამისობა, რომლითაც გ.ლ–ის მოთხოვნა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების ერთი სახის მეორით შეცვლაზე არ დაკმაყოფილდა.

13. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მხარეთა ლეგიტიმურ ინტერესებს შორის სამართლიანი ბალანსის დაცვის მიზნით, კანონმდებელი უშვებს სამართალწარმოების ნებისმიერ ეტაპზე უზრუნველყოფის ერთი სახის მეორით შეცვლის შესაძლებლობას. კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 196-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მხარეთა თხოვნით დასაშვებია სარჩელის უზრუნველყოფის ერთი სახის მეორით შეცვლა, ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სარჩელის უზრუნველყოფის ერთი სახის მეორით შეცვლის საკითხის განხილვა დასაშვებია საქმის ყველა სტადიაზე.

14. სარჩელის უზრუნველყოფის ერთი სახის მეორით შეცვლის საკითხის განხილვის დროს, სასამართლო ამოწმებს, რამდენად საფუძვლიანია მხარის მიერ წარდგენილი შუამდგომლობა გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების შეცვლის თაობაზე, ხომ არ შეუშლის ხელს მოთხოვნილი ცვლილების განხორციელება სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას ან მისი განუხორციელებლობით ხომ არ მიადგება ზიანი მხარის კანონიერ ინტერესებს. სწორედ საქმის მასალებისა და მხარის არგუმენტების ანალიზის საფუძველზე უნდა შეექმნას სასამართლოს დასაბუთებული ვარაუდი, რომ უზრუნველყოფის ღონისძიებაში ცვლილების შეტანა გამართლებულია და გადაწყვეტილების აღსრულების შეფერხების, თუ შეუძლებლობის საფრთხე არ დასტურდება.

15. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 196-ე მუხლის საფუძველზე, სარჩელის უზრუნველყოფის ერთი სახის მეორით შეცვლა არის სასამართლოს უფლებამოსილება და არა ვალდებულება, რომელიც განპირობებული უნდა იყოს მნიშვნელოვნად შეცვლილი გარემოებებით და მიზანშეწონილობით, „მითითებული ნორმით გათვალისწინებული შესაძლებლობა გამოიყენება ისეთ დროს, როდესაც მხარე სარწმუნოდ დაასაბუთებს, რომ ამგვარი ცვლილების განხორციელებით საშიშროება არ დაემუქრება არც სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას და არც მოწინააღმდეგე მხარის კანონიერ ინტერესებს“ (იხ. ს.უ.ს.გ-ები: N ას-1165-1095-2015, 25.11.2015 წ.; N ას-454-438-2016, 19.07.2016 წ.).

16. განსახილველ შემთხვევაში, საჩივარი ეფუძნებოდა იმ გარემოებებს, რომ შ.პ.ს. „კ–ი“ არის არაკეთილსინდისიერი კომპანია, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 27 მაისის განჩინების (რომლითაც, შ.პ.ს. „კ–ს“ აეკრძალა საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონების მდებარე: ქ.თბილისი, ......, სართული 9, ბ N 80, ფართი 50,15 კვ. საკადასტრო კოდით N..... -ის გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა) აღსრულება არის შეუძლებელი, ვინაიდან მხარემ ის ქონება, რომელზეც სააპელაციო პალატამ 2024 წლის 27 მაისის განჩინებით აკრძალა გასხვისება და იპოთეკის უფლების გამოყენება, გაყიდა და სხვა პირზე გადააფორმა ჯერ კიდევ 2024 წლის 08 აპრილს, სააპელაციო სასამართლოს მიერ ხსენებული განჩინების მიღებამდე. იმის გათვალისწინებით, რომ 2024 წლის 27 მაისის განჩინებაში მითითებული ქონება უკვე გასხვისებულია, აუცილებელი იყო, რომ შეცვლილიყო სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება და ნაცვლად ქ. თბილისში, ............, ბინა N80 (ს/კ ........) გასხვისება და იპოთეკის უფლების დატვირთვის აკრძლვისა, დაყადაღებულიყო შ.პ.ს. „კ–ი“-ს საქართველოში არსებული ანგარიშები 200 ლარის ფარგლებში.

17. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. აღნიშნული ნორმა ადგენს სადავო გარემოებების მტკიცების სტანდარტს და კონკრეტული ფაქტის არსებობის სარწმუნოდ დადასტურებას ავალებს იმ მხარეს, რომელმაც იგი თავისი პოზიციის დასადასტურებლად მიუთითა.

18. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ არაერთ განჩინებაში განმარტა, რომ მეწარმე სუბიექტის საბანკო ანგარიშების დაყადაღებას განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა მიუდგეს სასამართლო, რამდენადაც პრეზუმირებულია, რომ ეკონომიკურ მოგებაზე ორიენტირებული იურიდიული პირი, სამეწარმეო თავისუფლების ფარგლებში, მისი საბანკო ანგარიშების დაყადაღებისას იზღუდება ისეთ ქმედებებში, რაც სასიცოცხლოდ აუცილებელია მისი ფუნქციონირებისათვის (მაგალითად, საკუთარ თანამშრომლებთან, სხვა კონტრაჰენტებთან არსებული ვალდებულებები და ა.შ.). საბანკო ანგარიშების დაყადაღებით, ფაქტობრივად შეუძლებელი ხდება ფულადი სახსრების განკარგვა, რაც მეწარმეობის ხელისშემშლელი გარემოებაა (იხ. სუსგ საქმე №ას-956-921-2016, 02/11/2016). მეწარმე სუბიექტის ანგარიშზე ყადაღის დადებისას სასამართლო უნდა დარწმუნდეს სარჩელის უზრუნველყოფის ამგვარი ღონისძიების საჭიროებასა და დასაბუთებულობაში.

19. იურიდიული პირის საბანკო ანგარიშების დაყადაღება უნდა განხორციელდეს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, როდესაც სახეზეა ორი პირობა: არსებობს უზრუნველსაყოფი მოთხოვნის დაკმაყოფილების ვარაუდი და საბანკო ანგარიშებზე არსებულ ფულად სახსრებზე ყადაღის დადების გარეშე, გადაწყვეტილების აღსრულება გაძნელდება ან/და შეუძლებელი გახდება.

საბანკო ანგარიშებზე ყადაღის დადება, როგორც უზრუნველყოფის ღონისძიების უკიდურესი ზომა, სასამართლომ უნდა გამოიყენოს იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე მიიღებს ყველა ზომას მოპასუხის ქონების მოსაძიებლად და მოპასუხეს იმავდროულად არ აღმოაჩნდება სხვა ქონება. ამდენად, მოსარჩელისა და მოპასუხის უფლებების თანაზომიერად დაცვის მიზნით, მოსარჩელემ ყველა ზომა უნდა მიიღოს მოპასუხის ქონების მოსაძიებლად, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ აღმოჩნდა, რომ მოპასუხეს ქონება არ გააჩნია, სწორედ ასეთ ვითარებაში შეიძლება დადგეს მოპასუხის ანგარიშზე არსებულ თანხაზე ყადაღის სახით, უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობა.

20. მოცემულ შემთხვევაში, საჩივარს თანდართული აქვს მოპასუხის სახელზე რიცხული უძრავი ქონების გასხვისების დამადასტურებლი დოკუმენტაცია, თუმცა მოპასუხეს გარდა აღნიშნული უძრავი ნივთისა, სხვა ქონებებიც ერიცხებოდა, რომლის გასხვისების დამადასტურებლი დოკუმენტაციაც საქმეში წარმოდგენილი არ არის. გარდა ამისა, განმცხადებელი არ მიუთითებს და არ წარმოადგენს შესაბამის მტკიცებულებებს, მოპასუხის სახელზე რიცხულ მოძრავ ნივთებთან დაკავშირებით და არც სასამართლოს წინაშე შუამდგომლობს ინფორმაციის გამოთხოვის თაობაზე. შესაბამისად არ დასტურდება, რომ საბანკო ანგარიშების დაყადაღება მისი მოთხოვნის უზრუნველყოფის ერთადერთი საშუალებაა. იმ პირობებში, როდესაც არ დგინდებოდა, რომ მოსარჩელე შეეცადა მოეძიებინა მოპასუხის აქტივები (მაგ. მოძრავი ან უძრავი ნივთები; უფლებრივი სიკეთეები) რაც შეიძლება გამხდარიყო უზრუნველყოფის საგანი, სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია გაუმართლებლად იურიდიული პირისათვის ესოდენ უფლებაშემზღუდველი მექანიზმის (საბანკო ანგარიშების დაყადაღება) გამოყენების აუცილებლობა. რაც შეეხება არგუმენტაციას, რომ სასარჩელო მოთხოვნა შესაძლოა სამომავლოდ გაიზარდოს, არ წარმოადგენს უზრუნველყოფის სახის ცვლილების მიზნით საბანკო ანგარიშების დაყადაღების უპირობო საფუძველს და, ამასთან, მოთხოვნის გაზრდის შემთხვევაში, საჩივრის ავტორს არ ეზღუდება უფლება, დამატებით იშუამდგომლოს გაზრდილი მოთხოვნის შესაბამისად, მისი დაცვის მიზნით უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე.

21. ამდენად, მოცემულ ეტაპზე საქმეზე გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების განმცხადებლის მიერ მოთხოვნილი ღონისძიებით შეცვლის წინაპირობა არ ვლინდებოდა, რის გამოც საჩივარს მართებულად ეთქვა უარი დაკმაყოფილებაზე.

22. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ იკვეთება საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. გ.ლ–ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 04 ივლისის და 2024 წლის 09 სექტემბრის განჩინებები სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების ერთი სახის მეორით შეცვლაზე უარის თქმის შესახებ.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე

თეა ძიმისტარაშვილი