05 დეკემბერი 2023 წელი
№ას-1193-2023 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ამირან ძაბუნიძე
თეა ძიმისტარაშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - მ.ჯ–ძე
მოწინააღმდეგე მხარე - ო.დ–ძე
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 15 ივნისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი - თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ო.დ–ძემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას მოპასუხე მ.ჯ–ძის მიმართ 2650 ლარის დაკისრების შესახებ.
2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მოითხოვა სადავო ხელშეკრულების ბათილად ცნობა, ვინაიდან რეალურად მხარეებს შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება და თუკი სასამართლოს მხრიდან მოხდებოდა სადავო ხელშეკრულების სესხის ხელშეკრულებად მიჩნევა, იგი ცნობდა დავალიანებას 850 ლარის ოდენობით, რაც წარმოადგენდა მოპედის დარჩენილ ღირებულებას.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილებით, სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ 2650 ლარის გადახდის ვალდებულება დაეკისრა.
4. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 15 ივნისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, შემდეგ ფაქტობრივ-სამართლებრივ საფუძვლებზე მითითებით:
5.1. 2021 წლის 26 ოქტომბერს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, სახელწოდებით - “ავტოსანტრანსპორტო საშუალების (მოპედის) ქირავნობის და მისი საბოლოო შესყიდვის შესახებ“. ხელშეკრულების თანახმად, მოსარჩელემ, როგორც გამქირავებელმა, მოპასუხეს, როგორც დამქირავებელს მიაქირავა სატრანსპორტო საშუალება - მოპედი (af61-1137921 today) მისი საბოლოო შესყიდვის პირობით. ყოველთვიურად გადასახდელი ქირის თანხა 475 ლარით განისაზღვრა და დამქირავებელს 2021 წლის 26 ოქტომბრიდან 2022 წლის 26 მაისის ჩათვლით ჯამში 3800 ლარი უნდა გადაეხადა. სატრანსპორტო საშუალება მოპასუხეს იმავე დღეს გადაეცა მფლობელობაში.
5.2. 2021 წლის 26 ოქტომბრის ხელშეკრულებაზე ხელმოწერების დამოწმება განხორციელდა სანოტარო წესით, რა დროსაც მხარეებს განემარტათ, რომ ნოტარიუსი პასუხის არ აგებდა დოკუმენტის შინაარსზე და მხოლოდ მხარეთა ხელმოწერის ნამდვილობას ამოწმებდა.
5.3. აღნიშნული ხელშეკრულების გაფორმებამდე, იმავე სატრანსპორტო საშუალებაზე 2021 წლის 26 ოქტომბერს მოსარჩელესა და შ.პ.ს. „ს.ს–ს“ შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად მოსარჩელემ შეიძინა მოპედი - af61-1137921 today. ნასყიდობის ფასი 2000 ლარით განისაზღვრა .
5.4. „ავტოსატრანსპორტო საშუალების (მოპედის) ქირავნობის და მისი საბოლოო შესყიდვის შესახებ“ ხელშეკრულების ფარგლებში მოპასუხეს ჯამში 1150 ლარი აქვს გადახდილი.
5.5. დღეისთვის მოპედი (af61-1137921 today) აღარ არსებობს, დაზიანდა და ნაწილები მოპასუხემ 600 ლარად გაასხვისა.
5.6. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის პოზიცია, რომ მხარეთა შორის რეალურად სესხის ხელშეკრულება არსებობდა. ხოლო “ავტოსანტრანსპორტო საშუალების (მოპედის) ქირავნობის და მისი საბოლოო შესყიდვის შესახებ“ გაფორმებული ხელშეკრულება წარმოადგენდა უკანონო, ამორალურ და თვალთმაქცური გარიგებას, რომელიც მიზნად ისახავდა სასესხო - სახელშეკრულებო ურთიერთობის დაფარვას კანონით გათვალისწინებული დანაწესის გვერდის ავლის მიზნით. აღნიშნულთან დაკავშირებით პალატამ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლზე მითითებით განმარტა, რომ სესხის ხელშეკრულება ცალმხრივი და რეალური ხელშეკრულებაა, ეს კი იმას ნიშნავს, რომ იგი დადებულად ითვლება არა მხოლოდ არსებით პირობებზე შეთანხმებით, არამედ ხელშეკრულების საგნის - გვაროვნული ნივთის გადაცემის მომენტიდან. რაც შეეხება მტკიცების ტვირთს, პალატამ მიუთითა, რომ ამ შემთხვევაში გამოიყენებოდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლი და ნივთის გადაცემის მტკიცების ტვირთი გამსესხებელს ეკისრებოდა.
5.7. განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე არ უარყოფდა, რომ მოსარჩელისგან თანხა არ მიუღია, მისი მითითებით, მხარეთა შორის ხელშეკრულების გაფორმებამდე მოსარჩელემ მოპასუხისათვის შეიძინა მოპედი, რაზეც მხარეებმა შემდგომში გააფორმეს შეთანხმება და მოპასუხემ მიიღო ნასყიდობის საგანი. მოპასუხემ თავის მხრივ იკისრა ვალდებულება 2021 წლის 26 ოქტომბრიდან 2022 წლის 26 მაისის ჩათვლით თვეში 475 ლარის ოდენობით მოსარჩელისათვის ჯამში 3800 ლარი გადაეხადა. ამდენად, უდავო იყო, რომ მოპასუხეს თანხის გადახდის სანაცვლოდ გადაეცა ნივთი (მოპედი). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა, მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაზე და დადგენილად მიიჩნია, რომ მხარეთა შორის დადებული გარიგება დაფარული გარიგება იყო და მხარეებს შორის დაიდო არა სესხის, არამედ განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულება. ამასთან, პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ დავის განხილვის დროისათვის გადახდილი იყო 1150 ლარი, ხოლო დარჩენილი დავალიანება შეადგენდა 2650 ლარს.
5.8. პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მოძრავი ნივთის განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულება ნამდვილი იყო და გარიგების ბათილად აღიარებისთვის კანონით გათვალისწინებული საფუძველი არ არსებობდა.
5.9. პალატამ დამატებით მიუთითა მტკიცების ტვირთზე და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 429-ე და 431-ე მუხლებიდან გამომდინარე განმარტა, რომ შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემა დამოკიდებულია მოვალის სურვილზე, მისი მიუღებლობა მისსავე რისკს უკავშირდება და მთლიანად განაპირობებს მის პასუხისმგებლობას. ვინაიდან საქმის მასალებით დგინდებოდა, რომ ფულადი ვალდებულების მოპასუხის მიერ სრულად გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეში არ მოიპოვებოდა, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ აღნიშნული სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი იყო. შესაბამისად არ არსებობდა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.
6. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, შემდეგი საფუძვლებით:
6.1. კასატორის განმარტებით, მხარეთა შორის რეალურად დაიდო სესხის ხელშეკრულება, თუმცა აღნიშნული ფორმალურად არ გაფორმდა, რადგან სამოქალაქო კოდექსი აწესებს მკაცრ შეზღუდვებს სესხის სარგებელთან მიმართებით. აღნიშნულს ადასტურებს ისიც, რომ სახელშეკრულებო ურთიერთობის შედეგად კრედიტორს არ აუღია სასესხო სახელშეკრულებო რისკისგან განსხვავებული რისკი. ზემოაღნიშნულის თაობაზე სასამართლოს არ უმსჯელია. აღსანიშნავია, რომ სასამართლოს არ უმსჯელია არც ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოგების შეუსაბამოდ დიდ ოდენობაზე. ამასთან, არც მოსარჩელეს არ მიუთითებია ისეთ გარემოებაზე და არ წარუდგენია რაიმე დოკუმენტაცია, რაც გაამართლებდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოგების ოდენობას. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი აღნიშნავს, რომ სასამართლომ არ იმსჯელა ხელშეკრულების რეალურ ბუნებაზე. ცალსახაა, რომ მხარეთა შორის დადებული გარიგება წარმოადგენს უკანონო, ამორალურ თვალთმაქცურ გარიგებას, რომელიც მიზნად ისახავდა სასესხო - სახელშეკრულებო ურთიერთობის დაფარვას კანონით გათვალისწინებული იმპერატიული დანაწესების გვერდის ავლის მიზნით.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
10. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანია მოპასუხისათვის თანხის დაკისრების მართლზომიერება.
11. საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს სამართლებრივ შეფასებას. სააპელაციო სასამართლომ სწორად განსაზღვრა მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმები და მიუთითა, რომ ის სამართლებრივი შედეგი, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს, კერძოდ მოპასუხისათვის ნასყიდობის საფასურის გადაუხდელი ნაწილის დაკისრება, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შემდეგი ნორმებიდან გამომდინარეობს: 50-ე მუხლი (გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ) ამავე კოდექსის 477-ე მუხლი (ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა, გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა, გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება. თუ ხელშეკრულებაში ფასი პირდაპირ არ არის მითითებული, მხარეები შეიძლება, შეთანხმდნენ მისი განსაზღვრის საშუალებებზე) და 505-ე მუხლი (განვადებით ნასყიდობისას გამყიდველი ვალდებულია გადასცეს ნივთი მყიდველს ფასის გადახდამდე. ნივთის ფასის გადახდა მყიდველის მიერ ხდება ნაწილ-ნაწილ დროის განსაზღვრულ შუალედებში).
12. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ყველა სამართლებრივ სისტემაში ვალდებულების შესრულება წარმოადგენს ვალდებულებითი სამართლის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ინსტიტუტს. ისევე როგორც კონტინენტური სამართლის სისტემის ქვეყნებში, საქართველოს შემთხვევაშიც, ვალდებულების შესრულების მომწესრიგებელ ნორმებს ძირითადად დისპოზიციური ხასიათი აქვთ. ქართული სამოქალაქო კოდექსის როგორც ზოგადი, ისე კერძო ნაწილი შესრულების მექანიზმებზეა აგებული. მთავარია შესრულება და არა პასუხისმგებლობა (იხ. სუსგ საქმე №ას-742-2021, 02 დეკემბერი, 2021 წელი).
13. სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda“-ს (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად, ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები. შესრულების ვალდებულება, პირველ რიგში, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შედეგს გულისხმობს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნათა შეუსრულებლობა ვალდებულების დარღვევაა და წარმოშობს მოთხოვნის უფლებას იმ მხარისათვის, რომლის მიმართაც და ინტერესთა საზიანოდ დაირღვა შეთანხმების პირობები (იხ. სუსგ საქმე №ას-696-696-2018, 06 ივლისი, 2018 წელი).
14. განსახილველ შემთხვევაში, მხარებმა ნასყიდობის ხელშეკრულებით განსაზღვრეს ნასყიდობის საფასურის რამდენიმე ნაწილად გადახდის წესი.
15. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარეობს ერთმნიშვნელოვანი დასკვნა, რომ ნასყიდობა ორმხრივი, კონსესუალური გარიგებაა, სადაც, როგორც გამყიდველს, ისე მყიდველს გააჩნია კანონით გათვალისწინებული ვალდებულებები. ნორმის პირველი ნაწილი ადგენს გამყიდველის სინალაგმატურ ვალდებულებას, მყიდველს გადასცეს საკუთრების უფლება ქონებაზე, რომელიც შეიძლება განხორციელდეს როგორც უშუალოდ ნასყიდობის საგნის, ისე ამ საგანზე ნამდვილი უფლების გადაცემით (მაგ: ნივთის პირდაპირი მფლობელისაგან გამოთხოვის უფლება). კანონი ნასყიდობის ნამდვილობისათვის რაიმე შეზღუდვას არც ერთი ხსენებული წესის მიმართ არ ადგენს და როგორც ერთ, ისე მეორე შემთხვევაში (ბუნებრივია, მხარეთა შეთანხმების პირობებში) გამყიდველის მხრიდან ვალდებულებას შესრულებულად მიიჩნევს. სწორედ ამ წესის დაცვის შემდგომ წარმოეშვება გამყიდველს შემძენისაგან საპასუხო შესრულების (ფასის გადახდა) მოთხოვნის უფლება, რამდენადაც, სამოქალაქო კოდექსის 369-ე მუხლის თანახმად, იმ პირს, რომელსაც ვალდებულება აკისრია ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე, შეუძლია უარი თქვას ვალდებულების შესრულებაზე საპასუხო მოქმედების განხორციელებამდე, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა იგი ვალდებული იყო თავისი ვალდებულება წინასწარ შეესრულებინა (იხ. სუსგ-ებები: №ას-671-642-2016, 20 იანვარი, 2017 წელი; №ას-793-760-2016, 20 იანვარი, 2017 წელი). აქვე პალატა განმარტავს, რომ გადახდის განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულება სამოქალაქო კოდექსის 505-ე-508-ე მუხლებით რეგულირდება, თუმცა, განსხვავებით ზოგადად ნასყიდობისაგან, გადახდის განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულების სპეციფიკა ისაა, რომ შემძენზე საკუთრების უფლება გადადის ფასის სრულად გადახდამდე (იხ. სუსგ №ას-463-445-2016, 8 ივლისი, 2016 წელი).
16. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო ეთანხმება ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და სამართლებრივ შეფასებას, რომ მხარეთა შორის დაიდო სატრანსპორტო საშუალების გადახდის განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულება. მოსარჩელემ მოპასუხეს გადასცა მოძრავი ნივთი, მოპედი, თავის მხრივ მოპასუხემ იკისრა ვალდებულება, 2021 წლის 26 ოქტომბრიდან 2022 წლის 26 მაისის ჩათვლით, თვეში 475 ლარის გადახდით ჯამში 3800 ლარი მოსარჩელისათვის გადაეხადა, საბოლოოდ ნივთის შესყიდვის მიზნით. ზემოაღნიშნული პირობები გადახდის განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულების დადების სურვილზე მიუთითებს. ამასთან უდავოა, რომ მხარეები შეთანხმდნენ ხელშეკრულების პირობებზე, მოსარჩელემ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულება შეასრულა, გადასცა ნივთი შემძენს, ხოლო მოპასუხემ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულა, არ გადაიხადა ნასყიდობის საფასური სრულად. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარეობს, რომ მოძრავი ნივთის განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულება ნამდვილია და სადავო გარიგების ბათილად აღიარებისთვის კანონით გათვალისწინებული საფუძველი არ არსებობს. შესაბამისად, გამყიდველს წარმოეშვება ნასყიდობის საფასურის მოთხოვნის უფლება, ხოლო შემძენს ამ უკნასკნელის გადახდის ვალდებულება.
17. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლის შინაარსზე, რომელიც ადგენს ვალდებულების შესრულების მიღების წესს. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ კრედიტორი ყოველთვის ვალდებულია, გასცეს მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ ამას მოვალე მოითხოვს. კანონში კრედიტორის მიმართ არსებობს ერთმნიშვნელოვანი მოთხოვნა, რაც სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ მას, მოვალის მოთხოვნის შემთხვევაში, ეკისრება ამგვარი დოკუმენტის გაცემის ვალდებულება. ამ შემთხვევაში, კანონმდებლის პრინციპული დამოკიდებულება იმითაა განპირობებული, რომ მაქსიმალურად აღმოიფხვრას ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა არაკეთილსინდისიერება. თუმცა კანონი ასეთივე მომთხოვნი არ არის მოვალის მიმართ, კერძოდ, რაიმე ვალდებულება მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით მოვალეს ამგვარი საბუთის გამოთხოვაზე არ ეკისრება. კანონმდებლის ასეთი დამოკიდებულება კი, განპირობებულია მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების წესით, რაც იმაში მდგომარეობს, რომ შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტის ფლობა აუცილებლობას წარმოადგენს მოვალისათვის, რადგან საპროცესო-სამართლებრივი თვალსაზრისით, ფულადი ვალდებულების შესრულების მტკიცების ტვირთი სწორედ მას ეკისრება. შესაბამისად, სადავოობის შემთხვევაში, მოვალემ ამ დოკუმენტით შეიძლება დაადასტუროს ვალდებულების შესრულების შესახებ ფაქტობრივი გარემოება, რასაც ვერ ვიტყვით კრედიტორზე - რომელსაც არანაირი საჭიროება არ აქვს, ფლობდეს ამ დოკუმენტს არც პროცესუალური და არც მატერიალურსამართლებრივი თვალსაზრისით.
17.1. სწორედ ზემოაღნიშნული მოსაზრებით მოვალე აღჭურვილია მთელი რიგი უფლებებით, რომ შეძლოს ვალდებულების შესრულების და კრედიტორის მიერ ამ შესრულების მიღების ფაქტის დადასტურება. ამ უფლების გამოუყენებლობა კი, წარმოადგენს მის რისკს და შესაძლოა აისახოს ზემოთ მითითებული გარემოების დაუდასტურებლობაში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვალდებულების შესრულების სადავოობის პირობებში კანონით უზრუნველყოფილია მოვალის შესაძლებლობა, ამტკიცოს ვალდებულების შესრულება. ამავდროულად, აღნიშნული იმაზე მეტყველებს, რომ ვალდებულების შესრულების მტკიცების ტვირთის მატარებელი მხოლოდ მოვალე შეიძლება იყოს. მოცემულ საქმეში, მოსარჩელემ ნასყიდობის საფასურის სრულად გადახდის დამადასტურებელი გარემოების მტკიცების ტვირთის წარმატებული რეალიზება ვერ შეძლო. დადგენილია, რომ დავის განხილვის დროისათვის გადახდილია 1150 ლარი, ხოლო დარჩენილი დავალიანება შეადგენს 2650 ლარს. ზემოაღიშნული კი სარჩელის მართებულად დაკმაყოფილებაზე მიუთითებს.
18. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის პრეტენზიას, რომ მხარეებს შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება და განმარტავს: საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. აღნიშნული ნორმა მიუთითებს, რომ თანმიმდევრობით განხორციელებული უნდა იყოს მოთხოვნის საფუძვლის განმაპირობებელი შემდეგი წინაპირობები: მსესხებელს გადაცემული უნდა ჰქონდეს განსაზღვრული (სადავო) თანხა საკუთრებაში და მსესხებელი განსაზღვრულ ვადაში, გადაცემული თანხის უკან დაბრუნების ვალდებულებას უნდა კისრულობდეს.
18.1. აქვე საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სესხის ხელშეკრულება ხასიათდება შემდეგი თავისებურებებით: 1) სესხის ხელშეკრულება არის ქონების საკუთრებაში გადაცემის ტიპის ხელშეკრულება, თუმცა, იგი განსხვავდება ქონების საკუთრებაში გადაცემის ტიპის ისეთი ხელშეკრულებებისაგან, როგორიცაა ნასყიდობა, გაცვლა, ჩუქება, სამისდღეშიო რჩენა. 2) სესხის ხელშეკრულება არის ცალმხრივი ხელშეკრულება. ხელშეკრულებათა კლასიფიკაცია ცალმხრივ და ორმხრივ ხელშეკრულებებად დამოკიდებულია არა იმაზე, თუ რამდენი პირის ნებაა გამოვლენილი (რამეთუ ხელშეკრულება ზოგადად გულისხმობს ორი ან მეტი პირის ნების გამოვლენას), არამედ იმაზე, თუ როგორაა განაწილებული უფლება-მოვალეობები ხელშეკრულების მხარეებს შორის. სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი უფლებამოსილია მოითხოვოს სესხად გადაცემულის დაბრუნება, ხოლო მსესხებელი კი, ვალდებულია დააბრუნოს უკან სესხად მიღებული იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. 3) სესხის ხელშეკრულება არის რეალური ხელშეკრულება. შესაბამისად, სესხის ხელშეკრულება დადებულად ითვლება, როცა გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ხელშეკრულების საგანს (იხ. დამატებით: ზ.ძლიერიშვილი, ქონების საკუთრებაში გადაცემის ხელშეკრულებათა სამართლებრივი ბუნება, თბილისი, 2010 წ, გვ. 345).
18.2. განსახილველ შემთხვევაში, უდავოა და არც მოპასუხე უარყოფას, რომ მოსარჩელისაგან თანხა არ მიუღია. მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულებით მოპასუხეს გადაეცა ნასყიდობის საგანი, მოპედი მისი საბოლოო შესყიდვის მიზნით. ამასთან, მყიდველს გადაცემული ნივთის უკან დაბრუნების ვალდებულება არ უკისრია. შესაბამისად, ვინაიდან სახეზე არ არის მოთხოვნის საფუძვლის განმაპირობებელი წინაპირობები სრულად, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის მეორე ნაწილი, ეს უკანასკნელი ვერ ჩაითვლება სესხის ხელშეკრულებად.
19. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების ფარგლებში, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლი), კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი ვერ მიუთითებს. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
20. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
21. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ.ჯ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები : ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე
თეა ძიმისტარაშვილი