23 ივლისი 2024 წელი
საქმე №ას-801-2024 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ამირან ძაბუნიძე
თეა ძიმისტარაშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - ს.ს.ი.პ. სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ცენტრი
მოწინააღმდეგე მხარეები - მ.ლ–ძე, დ.ლ–ძე
მოწინააღმდეგე მხარეები - გ.ნ–ია, ნ.ნ–ია
მოწინააღმდეგე მხარე (არასრულწლოვანი) - ნ.ლ–ძე
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 24 აპრილის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი - გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 17 აგვისტოს გადაწყვეტილებით:
- მოსარჩელეების მ.ლ–ძის (პ/ნ ......) და დ.ლ–ძის (პ/ნ .......) დაზუსტებული სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.
- მოსარჩელეებს მ.ლ–ძეს (პ/ნ .....) და დ.ლ–ძეს ......) განესაზღვრათ მათ მცირეწლოვან შვილიშვილთან ნ.ლ–ძესთან (პ/ნ ......) ურთიერთობის შემდეგი წესი: ყოველი თვის მეორე კვირის პარასკევ დღეს 13:00 საათიდან 14:00 საათამდე მცირეწლოვანი შვილიშვილი ნ.ლ–ძე მოინახულონ ს.ს.ი.პ. სოციალური მომსახურების სააგენტოს ხობის რაიონულ განყოფილებაში სოციალური მუშაკის თანდასწრებით.
2. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ.ნ–იას და ნ.ნ–იას წარმომადგენელმა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა. მათ ასევე მოითხოვეს 2020 წლის 07 ივლისის საოქმო განჩინების გაუქმება.
3. სააპელაციო საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი და დაინიშნა საქმის არსებითი განხილვა.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 02 მარტის გადაწყვეტილებით, გ.ნ–იას და ნ.ნ–იას სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და ახალი გადაწყვეტილებით:
- არასრულწლოვანის ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით, მდგომარეობის სხვაგვარად შეცვლამდე, მ.ლ–ძეს და დ.ლ–ძეს უარი ეთქვათ არასრულწლოვან ნ.ლ–ძესთან ურთიერთობის წესის განსაზღვრის თაობაზე სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
- გ.ნ–იას და ნ.ნ–იას აეკრძალათ ნ.ნ–იას დამაშორებელი მოქმედებების განხორციელება, რომლებიც ნეგატიურად იმოქმედებდა მ.ლ–ძესთან და დ.ლ–ძესთან (ბავშვის მამის მშობლები) ურთიერთობაში.
- ს.ს.ი.პ. სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს, როგორც არასრულწლოვანის კანონიერ წარმომადგენელს, დაევალა გამოყოს ფსიქოლოგი, რათა დახმარება გაუწიოს არასრულწლოვანს მამის მშობლებთან (მ.ლ–ძე და დ.ლ–ძე) ურთიერთობის გაუმჯობესებაში, სტრესთან გამკლავებაში, ემპათიის, მიმდინარე მოვლენებისა და ქცევის გაგებაში.
- გ.ნ–ია და ნ.ნ–ია, რომელთანაც იქნება ბავშვი, ვალდებულნი არიან ს.ს.ი.პ. სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოსთან შეთანხმებით, უზრუნველყონ არასრულწლოვანის ვიზიტი ფსიქოლოგთან (არდადეგების პერიოდში ეს საკითხი გადაწყდეს ს.ს.ი.პ. სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოსთან შეთანხმებით, ბავშვის ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით). კონსულთაციების ხანგრძლივობა/ინტენსივობა განისაზღვროს ფსიქოლოგის მიერ.
- გ.ნ–იას და ნ.ნ–იას დაევალათ, იქონიონ ინტენსიური ჩართულობა არასრულწლოვანის აღზრდის პროცესში მისი ფსიქო-ემოციური, სოციალური და საგანმანათლებლო საჭიროებების ხელშეწყობის თვალსაზრისით.
- ს.ს.ი.პ. სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტომ, შესაბამისი სოციალური მუშაკის ან სხვა უფლებამოსილი წარმომადგენლის მეშვეობით, საჭიროების აღმოფხვრამდე ზედამხედველობა განახორციელოს ბავშვთან მხარეების დამოკიდებულებაზე, იქონიოს აქტიური კომუნიკაცია ბავშვთან, რათა გამოარკვიოს წინამდებარე გადაწყვეტილების პოზიტიური კუთხით აღსრულების დამაბრკოლებელი წინაპიროებების არსებობა.
5. აღნიშნული გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში.
6. 2024 წლის 05 თებერვალს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას განცხადებით მიმართა ს.ს.ი.პ. სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ტერიტორიული ერთეულის - სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ცენტრის წარმომადგენელმა ქ.ხ–ამ და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, ამავე სასამართლოს 2022 წლის 02 მარტის გადაწყვეტილების ნაწილობრივ, კერძოდ სარეზოლუციო ნაწილის მე-5, მე-6 და მე-8 პუნქტების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება მოითხოვა.
7. განმცხადებელმა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების განცხადება დაასაბუთა შემდეგ არგუმენტებზე დაყრდნობით: გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სააგენტოს დაევალა გარკვეული მოქმედებების შესრულება, რომლის ფარგლებშიც მისი მხრიდან ჩართული იქნა მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს ფსიქოლოგი. ფსიქოლოგთან ვიზიტებმა ნათელი გახადა, რომ ბავშვს მის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება აქვს და არ სურს მასთან თანამშრომლობა. საქმეში არსებული ფსიქოლოგიური ანალიზი ცხადყოფს, რომ გამოიკვეთა რისკები ბავშვის მიმართ შესასრულებელ მოქმედებებთან დაკავშირებით და სასამართლოს მიერ სააგენტოსთვის განსაზღვრული დავალების პროცესი სტრესულია არასრულწლოვანისათვის. ამასთან, განმცხადებლის განმარტებით, მას არც საკანონმდებლო დონეზე აქვს ფსიქოთერაპიული მომსახურების გაწევის უფლებამოსილება და ამ მიმართულებით არც კვალიფიციური სპეციალისტების რესურსი გააჩნია.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე განმცხადებელმა მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს საქმისწარმოების ეტაპზე, იმ დროს არსებული კოვიდპანდემიიდან გამომდინარე ვერ განხორციელდა ბავშვის ემოციური მდგომარეობისა და მოსალოდნელი რისკების სიღრმისეული შეფასება, ვერც სააგენტოს და ვერც სასამართლოს მიერ ჩართული „საქართველოს ბავშვების“ ფსიქოლოგების მიერ. ამდენად მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომლის შესრულება არათუ შეუძლებელი აღმოჩნდა, არამედ იწვევს არასრულწლოვნის ხელახალ ვიქტიმიზაციას და ამყოფებს მუდმივი შფოთვის მდგომარეობაში, რაც მის კანონიერ ინტერესებთან წინააღმდეგობაშია.
საბოლოო შეფასებებმა ცხადყო, რომ ის გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც მოპოვებულ იქნა სააგენტოს მიერ, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში, მიღებულ იქნებოდა სხვა ტიპის, არასრულწლოვნის ინტერესებზე მორგებული გადაწყვეტილება.
8. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 26 თებერვლის განჩინებით, აღნიშნული განცხადების განხილვა დაინიშნა სასამართლოს მთავარ სხდომაზე.
9. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 24 აპრილის განჩინებით, ს.ს.ი.პ. სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ტერიტორიული ერთეულის - სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ცენტრის განცხადება, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 02 მარტის გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, შემდეგი დასაბუთებით:
9.1. სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე და 423-ე მუხლებზე და ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ განმცხადებლის მიერ მითითებული საფუძველი (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტი) რომც დასტურდებოდეს აუცილებელია ორი პირობის არსებობა:
1) ფაქტი არსებობდა გადაწყვეტილების გამოტანამდე, მაგრამ მხარემ არ იცოდა ამ ფაქტის თაობაზე;
2) მხარეს თავისი ბრალის გარეშე არ ჰქონდა შესაძლებლობა საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს მიეთითებინა ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში განმცხადებელი უთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილზე, თუმცა არ უთითებს და არც საქმის მასალებით დასტურდება რომელიმე კონკრეტული ფაქტობრივი საფუძვლის არსებობა, რაც კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების წინაპირობა შეიძლება ყოფილიყო.
9.2. რაც შეეხება მითითებას ფსიქოთერაპიული მომსახურების გაწევის უფლებამოსილების არქონის თაობაზე, და რომ ამ მიმართულებით კვალიფიციური სპეციალისტების რესურსი არ გააჩნია, სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ მას შეეძლო აღნიშნულზე ჯერ კიდევ საქმის არსებითი განხილვის დროს მიეთითებინა და საკასაციო სასამართლოში გასაჩივრებით გაეხადა სადავო, თუმცა ეს შესაძლებლობა არ გამოიყენა. ის გარემოება კი, რომ სააგენტოსთვის განსაზღვრული დავალების პროცესი სტრესულია არასრულწლოვნისთვის, სააპელაციო პალატის მითითებით, ვერ განიხილება კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გადასინჯვის საფუძვლად და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლით გათვალისწინებულ ახალ ფაქტად.
9.3. იქვე პალატამ მიუთითა, რომ გადაწყვეტილების აღსრულება, რომელიც გულისხმობს, სააგენტოს მხრიდან იმ პროცესის უზრუნველყოფას, როგორ გაუწიოს დახმარება არასრულწლოვანს მამის მშობლებთან ურთიერთობის გამჯობესებაში და თანმდევი მოვლენების სწორად წარმართვაში, არ წარმოადგენდა სასამართლოს მიერ გადასაწყვეტ საკითხს, მით უფრო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლით გათვალისწინებული გარემოებით გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს.
10. ზემოაღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ს.ს.ი.პ. სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ტერიტორიული ერთეულის - სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონულმა ცენტრმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით.
10.1. კერძო საჩივრის ავტორი უთითებს, შემდეგს: მას შემდეგ, რაც სადავოდ ქცეული გადაწყვეტილებით სააგენტოს გარკვეული მოქმედებების შესრულება დაევალა, 2022 წლის 01 ივლისიდან (გადაწყვეტილების აღსრულებაზე მ.ლ–ძის მიერ განცხადების შემოტანის დღიდან) 2024 წლის 11 იანვრამდე პერიოდში მულტიდისციპლინური მიდგომით, ცენტრალური აპარატის წარმომადგენლების, ტერიტორიული ერთეულის სოციალური მუშაკების, იურისტების, ფსიქოლოგების ჩართულობით იხილებოდა შესაბამისი ქმედებების შესულების საკითხი, რა დროსაც განხორციელდა ყოველმხრივ შესწავლა და მოსალონდელი რისკების გამოკვეთა. ჩატარებული მონიტორინგის საფუძველზე, სააგენტო აღნიშნავს, რომ ფსიქოლოგების მიერ წარმოდგენილი შეფასებები იძლევა საქმეზე არსებულ მნიშვნელოვან გარემოებათა სრულ სურათს. სააგენტო უთითებს, რომ ერთი მხრივ არასრულწლოვანის მზრუნველის, ბებია - ნ.ნ–იას მიერ მისი მოვალეობის არაჯეროვანი შესრულების ფაქტი არ გამოვლენილა. მეორე მხრივ კი იმ ფონზე, როცა სასამართლომ სარჩელი არ დააკმაყოფილა, ბავშვის ემოციური მდგომარეობის გათვალისწინებით ფსიქოლოგები არ უწევენ რეკომენდაციას არასრულწლოვანის ბებია-ბაბუის (მამის მხრიდან) მცდელობებს შვილიშვილთან ურთიერთობის მოლოდინებთან მიმართებით. ამასთან, არასრულწლოვანთან ჩატარებული შეხვედრების შედეგად წარმოდგენილი ფსიქოლოგიური ანალიზის საფუძველზე, სრულად შეფასდა არასრულწლოვანის ემოციური მდგომარეობა, ცალსახად დასტურდება, რომ სასამართლოს მიერ სააგენტოსთვის განსაზღვრული დავალების პროცესი სტრესულია არასრულწლოვანისათვის, გამოიკვეთა რისკები ბავშვის მიმართ შესასრულებელ მოქმედებებთან დაკავშირებით და გაიცა რეკომენდაციები ბავშვის საუკეთესო ინტერესების შესაბამისად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კერძო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს საქმისწარმოების ეტაპზე, იმ დროს არსებული კოვიდპანდემიიდან გამომდინარე, ვერ განხორციელდა ბავშვის ემოციური მდგომარეობისა და მოსალოდნელი რისკების სიღრმისეული შეფასება ვერც სააგენტოს და ვერც სასამართლოს მიერ ჩართული „საქართველოს ბავშვების“ ფსიქოლოგების მიერ. ამ ფონზე არ იყო განჭვრეტადი, რომ არასრულწლოვანს ფსიქოთერაპია სჭირდებოდა, რისი ჩატარების არც სამართლებრივი უფლება გააჩნია მეურვეობისა და მზრუნვლობის ორგანოს და ამისათვის ფაქტობრივი მოცემულობაც ბავშვის საუკეთესო ინტერესების შესაბამისი არ იქნებოდა. შესაბამისად მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომლის შესრულება არა თუ შეუძლებელი აღმოჩნდა, არამედ იწვევს არასრულწლოვნის ხელახალ ვიქტიმიზაციას და ამყოფებს მუდმივი შფოთვის მდგომარეობაში, რაც მის კანონიერ ინტერესებთან წინააღმდეგობაშია. სააგენტოს მიერ მოპოვებული გარემოებები და მტკიცებულებები ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში, მიღებულ იქნებოდა სხვა ტიპის, არასრულწლოვნის ინტერესებზე მეტად მორგებული გადაწყვეტილება. აღნიშნული კი მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და საქმის განახლების საფუძველია.
10.2. კერძო საჩივრის ავტორი არ ეთანხმება სასამართლოს განმარტებას, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გადასინჯვის საფუძვლად და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლით გათვალისწინებულ ახალ ფაქტად ვერ განიხილება ის გარემოება, რომ სასამართლოს მიერ სააგენტოსათვის განსაზღვრული დავალების პროცესი სტრესულია არასრულწლოვანისთვის და იწვევს იწვევს მის გაღიზიანებას. კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, სააპელაციო სასამართლო აღნიშნული განმარტებით არასათანადოდ აფასებს მოხმობილ ნორმას და ბავშვის ემოციური მდგომარეობის მსუბუქად წარმოჩენას ცდილობს, მაშინ როდესაც ფსიქოლოგი მიიჩნევს, რომ აღსრულების პროცესი გოგონას მეორეულ ვიქტიმიზაციას იწვევს და მუდმივად შფოთვის მდგომარეობაში ამყოფებს მას.
10.3. კერძო საჩივრის ავტორი უთითებს, რომ სასამართლოს დავალებები ეწინააღმდეგება კანონს, და განმარტავს, რომ ძალადაკარგულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1290-ე მუხლის, ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც შეეხება სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ აღიარებული პირის მეურვის მიერ სამეურვეო პირის უფლებებისა და ინტერესების წარმოდგენას მესამე პირებთან ურთიერთობაში, მათ შორის სასამართლოში. შესაბამისად მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო არ არის არასრულწლოვან - ნ.ლ–ძის კანონიერი წარმომადგენელი.
10.4. სააგენტო მიიჩნევს, რომ სასამართლოს ჩანაწერი მოიაზრებს არასრულწლოვნისათვის მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს ფსიქოლოგის მიერ სრულფასოვანი ფსიქოთერაპიის ჩატარების ვალდებულებას, რაც სცილდება სააგენტოს კომპეტენციას და ჩიხში აქცევს აღსრულების პროცესს.
10.5. რაც შეეხება გადაწყვეტილების მე-8 პუნქტს, აღნიშნულით მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს სასამართლოზე მეტი ლეგიტიმაცია მიენიჭა - შეცვალოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, როდესაც დაევალა საჭიროების აღმოფხვრამდე ზედამხედველობა განახორციელოს ბავშვთან მხარეების დამოკიდებულებაზე, იქონიოს აქტიური კომუნიკაცია ბავშვთან, რათა გამოარკვიოს წინამდებარე გადაწყვეტილების პოზიტიური კუთხით აღსრულების დამაბრკოლებელი წინაპირობების არსებობა. კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, მოცემულ საქმეზე სასამართლოს დავალება ერთი მხრივ სცილდება კანონს, ხოლო მეორე მხრივ შექმნილი ვითარების გათვალისწინებით არათუ არ შედის ბავშის ინტერესებში, არამედ ზიანს აყენებს მის ემოციურ მდგომარეობას, რაც ასევე მოქმედი კანონმდებლობის დარღვევაა.
10.6. სასამართლომ არ იმსჯელა სასამართლო პროცესზე აპელანტის მიერ მოხმობილ „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ ევროპული საბჭოს კონვენციის 32-ე მუხლზე. ამასთან, სასამართლო არ დაინტერესდა არასრულწლოვნის მოსაზრებით და დაუსაბუთებლად არ მოუსმინა მას. ასევე მიზანშეწონილად არ მიიჩნია ფსიქოლოგების განმარტებების მოსმენა. მან იმსჯელა მხოლოდ პროცესუალურ ნაწილზე, კერძოდ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე, 423-ე მუხლებზე ვიწრო გაგებით, რაც სულაც არ არის მოხმობილ მთელ რიგ საკანონმდებლო აქტებთან შესაბამისობაში.
10.7. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კერძო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. გარდა ამისა გადაწყვეტილების ამ ფორმით დარჩენა ნამდვილად არ ემსახურება ბავშვის საუკეთესო ინტერესს და მეტიც, ხელყოფს კანონით მისთვის მინიჭებულ უფლებებს.
10.8. კერძო საჩივრის ავტორი დამატებით შუამდგომლობს კერძო საჩივრის ზეპირი მოსმენით განხილვასა და არასრულწლოვნის მოსაზრების მოსმენის მიზანშეწონილობის საკითხზე მსჯელობას.
11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 14 მარტის განჩინებით, გ.წ–ძის კერძო საჩივარი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-416-ე მუხლების საფუძველზე, მიღებული იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო, კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, გასაჩივრებული განჩინება კი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
12 სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, კერძო საჩივრის თაობაზე განჩინება გამოიტანება საქმის ზეპირი განხილვის გარეშე. სასამართლოს შეუძლია დაადგინოს კერძო საჩივრის ზეპირი განხილვაც, თუ ეს საჭიროა და ხელს უწყობს საქმის გარემოებების გარკვევას.
განსახილველ შემთხვევაში, კერძო საჩივრის ფარგლებში საკასაციო პალატის მსჯელობის საგანი არის სააპელაციო სასამართლოს იმ განჩინების მართლზომიერების საკითხი, რომლითაც არ დაკმაყოფილდა განმცხადებლის მოთხოვნა კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების და საქმის წარმოების განახლების შესახებ. საქმეში არსებული მასალებიდან და კერძო საჩივარში მითითებული გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში, გარემოებათა გარკვევის მიზნით საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის აუცილებლობა არ იკვეთება. შესაბამისად, კერძო საჩივარი განხილული უნდა იქნას ზეპირი მოსმენის გარეშე.
13. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს/კერძო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
14. როგორც ზემოთ აღინიშნა, წინამდებარე კერძო საჩივრის ფარგლებში საკასაციო პალატის მსჯელობის საგანია სააპელაციო სასამართლოს იმ განჩინების მართლზომიერების საკითხი, რომლითაც საქმის წარმოების განახლების მოთხოვნა იქნა უარყოფილი.
15. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე მუხლის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (422-ე მუხლი) ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ (423-ე მუხლი) განცხადების წანამძღვრები. ამრიგად, საქმის წარმოების განახლება სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების მორიგ ეტაპს არ წარმოადგენს, არამედ დასაშვებია მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში, კანონით ზუსტად განსაზღვრული წინაპირობების არსებობისას (იხ. სუსგ. №ას-1455-2019, 15.11.2019წ).
16. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტი განსაზღვრავს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით გასაჩივრების შესაძლებლობას, თუ მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას. ამავე მუხლის მესამე პუნქტის თანახმად, 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში აღნიშნული საფუძვლით საქმის განახლება დასაშვებია, თუ მხარეს თავისი ბრალის გარეშე არ ჰქონდა შესაძლებლობა საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს მიეთითებინა ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე.
17. საკასაციო პალატის სტაბილური პრაქტიკის თანახმად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით საქმის წარმოების განახლების მოთხოვნას წარედგინება სამი სავალდებულო წინაპირობა კუმულატიურად: ა) მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას; ბ) ამ გარემოებების და მტკიცებულებების შესახებ მხარისათვის ცნობილი გახდა გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ; გ) მხარეს თავისი ბრალის გარეშე არ ჰქონდა შესაძლებლობა საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს მიეთითებინა ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე (იხ. სუსგ. №ა-6389-ა-16-2021, 15.04.2022წ).
18. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტების შესაბამისად, „არცერთ მხარეს არ უნდა ჰქონდეს საბოლოო და ძალაში შესული გადაწყვეტილების გადახედვის მოთხოვნის უფლება მხოლოდ იმიტომ, რომ მიაღწიოს საქმის ხელახლა მოსმენასა და ახალ გადაწყვეტილებას. ამ პრინციპიდან გადახვევა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ამის აუცილებლობა გამოწვეულია არსებითი და გარდაუვალი ხასიათის გარემოებების წარმოშობით...“. „საბოლოო გადაწყვეტილების გაბათილების უფლებამოსილება უნდა განხორციელდეს განსაკუთრებული სიფრთხილით ისე, რომ შეძლებისდაგვარად მაქსიმალურად იქნას დაცული სამართლიანი ბალანსი სხვადასხვა ინტერესებს შორის“ (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, მეორე სექცია, საქმე „ჭიჭინაძე საქართველოს წინააღმდეგ“, განაცხადი №18156/05, სტრასბურგი, 2010 წლის 27 მაისი, საბოლოო გახდა 2010 წლის 27 აგვისტოს, § 53; § 58; იხ. აგრეთვე : Brumărescu v. Romania [GC], no.28342/95, § 61, ECHR 1999-VII; Mitrea v. Romania, no. 26105/03, § 25, 29 July 2008; Nikitin v. Russia, no. 50178/99, § 57, ECHR 2004-VIII; Ryabykh v. Russia, no. 52854/99, § 52, ECHR 2003-IX).
19. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გასაჩივრება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, შესაძლებელია კანონმდებლის მიერ განსაზღვრული საფუძვლით და ამ საფუძველთა ჩამონათვალი ამომწურავია. საკასაციო სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში მიუთითებს, რომ ახლად აღმოჩენილი გარემოებები იურიდიული ფაქტებია, რომლებიც არსებობდა საქმის განხილვისა და გადაწყვეტის მომენტში და დიდი მნიშვნელობა აქვს ამ საქმის სწორად გადასაწყვეტად, მაგრამ ეს გარემოებები არ იყო ცნობილი განმცხადებლისათვის. ამ გარემოებებზე (ფაქტებზე) დამოკიდებულია მხარეთა უფლებებისა და ვალდებულებების წარმოშობა, შეცვლა ან შეწყვეტა. ასეთი გარემოება უნდა შეეხებოდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დამთავრებულ საქმეზე განხილულ მხარეთა მატერიალურ-სამართლებრივ ურთიერთობას და ზეგავლენის მოხდენა უნდა შეეძლოს საქმეზე მიღებულ სასამართლო გადაწყვეტილებაზე. კანონმდებელი ასეთად მიიჩნევს მხარის მიერ ახალი გარემოებებისა და მტკიცებულებების, ანუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ისეთი ფაქტის (ფაქტობრივი გარემოების) და მტკიცებულების შეტყობას, რომელიც საქმის არსებითად განხილვის ეტაპზე არსებობდა, ობიექტურად იყო უცნობი, საშუალო წინდახედულების ფარგლებში მათი შეტყობა მხარისათვის შეუძლებელი იქნებოდა და ეს ფაქტი (ფაქტები) ცნობილი თუ იქნებოდა სასამართლოსათვის გადაწყვეტილების გამოტანის დროს, მაშინ სასამართლო გამოიტანდა მთლიანად ან ნაწილობრივ საპირისიპირო გადაწყვეტილებას (იხ. სუსგ. №ა-3801-1-10-2019, 8.11.2019წ; №ა-4092-ა-12-2019, 26.02.2021წ; №ას-7-2021, 18.03.2021წ; №ა-4083-ა-11-2021, 24.12.2021წ; №ა-6389-ა-16-2021, 15.04.2022წ).
20. „ახლად“ მხოლოდ ის ფაქტები და მტკიცებულებები მიიჩნევა, რომლებიც ობიექტურად უკვე წინა პროცესის ზეპირი განხილვის დასრულებამდე არსებობდა, მაგრამ მტკიცების ტვირთის მატარებელი მხარისთვის არაბრალეულად იყო უცნობი. „ახლად“ მიიჩნევა არა ობიექტურად ახლად წარმოშობილი, არამედ „ახლად“ აღმოჩენილი ფაქტები და მტკიცებულებები. ასეთი განმარტების სასარგებლოდ მეტყველებს ასევე საკანონმდებლო სისტემატიკის თვალსაზრისით, საქართველოს სსსკ-ს 423-ე მუხლის მე-3 ნაწილი. კერძოდ, მასში განხილული ბრალის საკითხი, უცილობლად, მხოლოდ ობიექტურად უკვე არსებულ ფაქტებსა და მტკიცებულებებს შეიძლება ეხებოდეს. იმ გარემოებების თვალსაზრისით, რომლებიც მხოლოდ მომავალში წარმოიშობა, ეს საკითხი თავიდანვე არ დგება.“ (იხ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის კომენტარი, რჩეული მუხლები, თბილისი, 2020წ, გვ.1134).
21. განსახილველ შემთხვევაში, კერძო საჩივრის ავტორის მიერ მითითებული გარემოებები არ არის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმების და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების საფუძველი. ის გარემოება, რომ სააგენტოს მიერ უფლებამოსილების განხორციელებისას გამოვლინდა სირთულეები და დამატებითი მომსახურების გაწევის საჭიროება, რომლის არც უფლებამოსილება აქვთ და არც კვალიფიციური სპეციალისტების რესურსი გააჩნიათ, ვერ გახდება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ვ" ქვეპუნქტის საფუძველზე კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმების და საქმის წარმოების განახილების საფუძველი. ამ კუთხით საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ ყოველივე აღნიშნულის თაობაზე კერძო საჩივრის ავტორს ჯერ კიდევ საქმის არსებითი განხილვის დროს შეეძლო მიეთითებინა და გადაწყვეტილების საკასაციო წესით გასაჩივრებით გაეხადა სადავო, თუმცა მან ეს შესაძლებლობა არ გამოიყენა.
22. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებისა თუ განჩინების გაუქმების ან ბათილად ცნობის შესახებ განცხადება შეიძლება ეფუძნებოდეს მხოლოდ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე და 423-ე მუხლებით იმპერატიულად განსაზღვრულ შემთხვევებს, რადგან საქმის წარმოების განახლება, როგორც საპროცესო მოქმედება, არ წარმოადგენს სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების მორიგ ეტაპს და, ამდენად, გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმების დამატებით საპროცესო მექანიზმს. კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დასრულებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში და ისიც კანონით ზუსტად განსაზღვრული წინაპირობების არსებობისას (იხ. სუსგ 18.03.2021წ. საქმე №ას-7-2021).
23. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ განმცხადებელს სწორად უთხრა უარი საქმის წარმოების განახლებაზე და განმარტავს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება მისი ფუნქციური დატვირთვით ქვეყნის სახელით გამოტანილი მართლმსაჯულების აქტია, რომლის უმთავრესი ამოცანა ამ გადაწყვეტილებით დადგენილი მართლწესრიგის რეალურად არსებობაა. სასამართლო გადაწყვეტილება, ობიექტური და სუბიექტური ფარგლების გათვალისწინებით, კანონიერ ძალაში შესვლის შემდგომ, სავალდებულოა როგორც მოდავე მხარეთათვის, ისე ნებისმიერი სხვა პირისათვის, რომელთაც ერთმევათ უფლება, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოება თუ სამართლებრივი შედეგი კვლავ გახადონ სადავო (სსსკ მე-10 მუხლი, XXVIII თავი). ერთადერთი საგამონაკლისო შემთხვევა, როდესაც დასრულებული საქმის წარმოება შესაძლოა განახლდეს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმების გზით, როგორც უკვე ითქვა, გათვალისწინებულია ამავე კოდექსის მე-14 კარით და აღნიშნული, თავისი მიზნებიდან გამომდინარე, წარმოადგენს არა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებისა თუ მართლმსაჯულების სხვა აქტის შემდგომი გასაჩივრების შესაძლებლობას, არამედ მიმართულია მხარის უფლებაზე, კანონით ზუსტად განსაზღვრული შემთხვევების არსებობისას, როდესაც საქმის წარმოების განახლების საფუძველი განმცხადებლისათვის ობიექტურად იყო უცნობი საქმის წარმოების დასრულებამდე, არ აღმოჩნდეს არათანაბარ მდგომარეობაში. ამასთანავე, ნიშანდობლივია, რომ მხოლოდ ასეთი გარემოების არსებობა საკმარისი არაა და კანონმდებელი სავალდებულოდ მიიჩნევს, ერთი მხრივ, ამ გარემოების საფუძვლიანობის უტყუარად დადასტურებას და, მეორე მხრივ, საპროცესო ვადების დაცვას, რათა არ შეილახოს მართლმსაჯულების სტაბილური როლი (სსსკ 426-ე მუხლი) (იხ. 15.07.2015წ. საქმე №ას-582-553-2015).
24. კერძო საჩივრის ავტორი ვერ მიუთითებს ისეთ გარემოებას, რაც შეიძლება არსებითად/შინაარსობრივად იქნეს განხილული საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის კონტექსტში. განმცხადებლის უსაფუძვლო და სამოქალაქო საპროცესო კოდექსთან შეუსაბამო მსჯელობა ვერ მიიჩნევა გარემოებად, რასაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტი უკავშირებს საქმის წარმოების განახლებას. საპროცესო კოდექსით დადგენილი მოწესრიგება, რომელიც იმპერატიულად ადგენს ფორმალურ წესებს, სავალდებულოა არა მხოლოდ მხარეებისათვის, არამედ სასამართლოსათვისაც და ამ რეგულაციების შეცვლა ან განსხვავებული ინტერპრეტაცია მხარეთა ნებაზე დამოკიდებული ვერ იქნება (სუსგ №ა-5157-ბ-18-2019, 24.12.2019წ.).
25. ამდენად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს და წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით,
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული ცენტრის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 24 აპრილის განჩინება.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე
თეა ძიმისტარაშვილი