Facebook Twitter

23 ივლისი 2024 წელი

№ას-599-2024 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ამირან ძაბუნიძე

თეა ძიმისტარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორები - ნ.ჯ–ი, ზ.ჯ–ი

მოწინააღმდეგე მხარე - მ.კ–ი

მესამე პირები დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე - თ.ქ–ი, ა.ნ–ი

მოპასუხე - ე.ხ–ია (თ.ს–ის უფლებამონაცვლე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 15 დეკემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორების მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ხელახლა განსახილველად საქმის თბილისის სააპელაციო სასამართლოში დაბრუნება

დავის საგანი - თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 19 მაისის გადაწყვეტილებით მ.კ–ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხეებს ნ.ჯ–ს, ზ.ჯ–სა და თ.ს–ის უფლებამონაცვლე ე.ხ–იას, მოსარჩელე მ.კ–ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 17 394 ლარის გადახდა. მოპასუხეებს ნ.ჯ–ს, ზ.ჯ–სა და თ.ს–ის უფლებამონაცვლე ე.ხ–იას სოლიდარულად დაეკისრათ მოსარჩელე მ.კ–ის სასარგებლოდ 148 498.76 ა.შ.შ. დოლარის ეკვივალენტის ლარში და 2016 წლის მარტიდან კომერციული ფართის მდებარე, ქ. თბილისში, ....., ცოკოლის სართულზე ნიშნული -0 კომერციული ფართის N1 ფართით 138.01 კვ.მ. ხელშეკრულებით გათვალისწინებული კონდიციის მდგომარეობამდე მისაყვანად საჭირო თანხის გადახდამდე, ყოველთვიურად 2208.16 ა.შ.შ. დოლარის ეკვივალენტის ლარში გადახდა. ზ.ჯ–ის შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 19 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრეს ნ.ჯ–მა და ზ.ჯ–მა.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 15 ნოემბრის განჩინებით, ზ.ჯ–ის შუამდგომლობა, სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა; ზ.ჯ–ს სააპელაციო საჩივარზე დაუდგინდა ხარვეზი და ხარვეზის შევსების მიზნით დაევალა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 07 დღის ვადაში: ა) დასაბუთებული სააპელაციო საჩივრის წარმოდგენა იმ ფაქტობრივი და სამართლებრივი უსწორობების მითითებით, რომლის საფუძველზეც მოითხოვდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას, ამასთან, სააპელაციო საჩივრის იმდენი ასლის წარმოდგენა რამდენი მონაწილეცაა საქმეში; ბ) სააპელაციო საჩივრის ფასის განსაზღვრა და მითითება, გადაწყვეტილების რა ნაწილია გასაჩივრებული; გ) სააპელაციო საჩივრის ელექტრონული ვერსიის წარმოდგენა; დ) ს.ს.ი.პ. სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული განახლებული ამონაწერის წარმოდგენა, ან სახელმწიფო ბაჟის სახით დავის საგნის ღირებულების 4%-ის გადახდა და გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის წარმოდგენა. ამავე განჩინებით განემარტა, რომ სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობა გამოიწვევდა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებას.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 15 ნოემბრის განჩინებით, ნ.ჯ–ის შუამდგომლობა, სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა; ნ.ჯ–ს სააპელაციო საჩივარზე დაუდგინდა ხარვეზი და ხარვეზის შევსების მიზნით დაევალა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 07 დღის ვადაში: ა) დასაბუთებული სააპელაციო საჩივრის წარმოდგენა იმ ფაქტობრივი და სამართლებრივი უსწორობების მითითებით, რომლის საფუძველზეც მოითხოვდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას, ამასთან, სააპელაციო საჩივრის იმდენი ასლის წარმოდგენა რამდენი მონაწილეცაა საქმეში; ბ) სააპელაციო საჩივრის ფასის განსაზღვრა, მითითება, გადაწყვეტილების რა ნაწილია გასაჩივრებული; გ) უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი სააპელაციო საჩივრის წარმოდგენა; დ) სააპელაციო საჩივრის ელექტრონული ვერსიის წარმოდგენა; ე) სახელმწიფო ბაჟის სახით დავის საგნის ღირებულების 4%-ის გადახდა და გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის წარმოდგენა. ამავე განჩინებით განემარტა, რომ სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობა გამოიწვევდა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებას.

5. აღნიშნული განჩინებები აპელანტების წარმომადგენელ ლ.ჭ–ს (იხ. მინდობილობები ტ.4, ს.ფ. 279-280; 292- 293) გაეგზავნა სააპელაციო საჩივრებში მითითებულ მისამართზე (ქ. თბილისი, .......... ქუჩა #11). სასამართლო გზავნილის ჩაბარების დასტურით ირკვევა, რომ 2024 წლის 16 იანვარს ორივე გზავნილი ჩაბარდა ლ.ჭ–ის დედას - ლ.მ–ძეს (იხ. გზავნილი და ჩაბარების დასტური, ტ.4, ს.ფ. 313-314).

6. დადგენილია, რომ აპელანტებს სასამართლოს განჩინებით განსაზღვრულ ვადაში სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზი არ შეუვსიათ და არც რაიმე შუამდგომლობით მიუმართავთ სააპელაციო სასამართლოსთვის.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 15 დეკემბრის განჩინებით, ზ.ჯ–ისა და ნ.ჯ–ის სააპელაციო საჩივრები თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 19 მაისის გადაწყვეტილებაზე, ხარვეზის ვადაში შეუვსებლობის მოტივით, დატოვებულ იქნა განუხილველად.

8. განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ აპელანტების წარმომადგენელ ლ.ჭ–ს გაეგზავნა სააპელაციო საჩივრებში მითითებულ მისამართზე. სასამართლო გზავნილის ჩაბარების დასტურით ირკვევა, რომ 2024 წლის 25 მარტს გზავნილი ჩაბარდა ლ.ჭ–ის დედას - ლ.მ–ძეს (იხ. გზავნილი და ჩაბარების დასტური, ტ.4, ს.ფ. 363, 368).

9. ზემოაღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრეს ნ.ჯ–მა და ზ.ჯ–მა. კერძო საჩივრით სადავოდ არის გამხდარი სააპელაციო საჩივრების განუხილველად დატოვების განჩინების საფუძვლები შემდეგ გარემოებებზე მითითებით: მიუხედავად იმისა, რომ სააპელაციო საჩივრებში მითითებული იყო როგორც აპელანტების მისამართი, ასევე მათი წარმომადგენლის ელექტრონული ფოსტის მისამართი და საკონტაქტო ინფორმაცია, ხარვეზის განჩინებები ჩაბარდა აპელანტების წარმომადგენლის დედას, რომელიც არის 73 წლის. მას მძიმე ავადმყოფობით გარდაეცვალა შვილი, რის შემდეგაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა, დაემართა მოციმციმე არითმია, ის ფაქტობრივად მუდმივად ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ არის. ამასთან, მაღალი არტერიული წნევების და მძიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, რაც შვილის გარდაცვალებით და ასაკით არის გამოწვეული, აქვს მეხსიერებაში ჩავარდნები (კერძო საჩივარს თან ერთვის გამოკვლევები და ჯანმრთლობის ამსახველი დოკუმენტი). აღნიშნულიდან გამომდინარე ის განჩინების ჩაბარების ფაქტს ვერ იხსენებს და ვერც გზავნილის სახლში მოძიება ვერ მოხერხდა. ამასთან, კერძო საჩივრის ავტორების წარმომადგენელი უთითებს, რომ ის არ ცხოვრობს დედასთან ერთად და მისი ფაქტობრივი მისამართია ქ. თბილისი ........., სადაც მეუღლესთან და არასრულწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობს. სააპელაციო საჩივრებში მითითებული იყო, რომ სააპელაციო საჩივრები არ იყო სრულყოფილი და ხარვეზის დადგენის შემდგომ წარადგენდნენ დაზუსტებულ სააპელაციო საჩივრებს განახლებულ დოკუმენტებთან ერთად. აღნიშნული კი ასახავდა მათ ნებას საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების თაობაზე.

კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ სასამართლო სათანადოდ არ დაინტერესდა მართლაც მოხდა თუ არა აპელანტების მხრიდან დადგენილი ხარვეზის შევსების ვადის დარღვევა, შესაბამისად ადგილი აქვს მართლმსაჯულების განხორციელებაზე უკანონოდ უარის თქმის ფაქტს, რაც აპელანტების წარმომადგენლის აზრით, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის ფუძემდებლური დებულებების უხეშ დარღვევას წარმოადგენს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კერძო საჩივრის ავტორების წარმომადგენლის აზრით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 15 დეკემბრის განჩინება უნდა გაუქმდეს და აპელანტებს უნდა მიეცეთ შესაძლებლობა შეავსონ დადგენილი ხარვეზი, რის შემდეგაც მოხდება მათი სააპელაციო საჩივრების განხილვა.

10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 20 მაისის განჩინებით, ნ.ჯ–ისა და ზ.ჯ–ის კერძო საჩივარი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-416-ე მუხლების საფუძველზე, მიღებული იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო, კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, გასაჩივრებული განჩინება კი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს/კერძო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

12. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ” ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა.

13. წინამდებარე კერძო საჩივრის ფარგლებში საკასაციო პალატის მსჯელობის საგანია სააპელაციო სასამართლოს განჩინების მართლზომიერების საკითხი, რომლითაც სააპელაციო საჩივრები დარჩა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ აპელანტებმა არ შეავსეს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი საამისოდ სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში.

14. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ ნორმის მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება და, იმავე კოდექსის 374-ე მუხლის პირველი ნაწილის გათვალისწინებით, დარჩება განუხილველად დაუშვებლობის გამო.

15. ამდენად, თუ სააპელაციო საჩივარი ხარვეზიანია, სასამართლო განსაზღვრავს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც ხარვეზის შევსების მიზნით უნდა განხორციელდეს და აპელანტს დაუნიშნავს ვადას, რომლის განმავლობაშიც ის ვალდებულია, შეასრულოს განჩინებაში მითითებული მოქმედებები. წინააღმდეგ შემთხვევაში, სააპელაციო საჩივარი დარჩება განუხილველად.

16. საკასაციო პალატა მიუთითებს საქმეში არსებულ მასალებზე, რომლითაც დასტურდება, რომ ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება აპელანტების წარმომადგენელ ლ.ჭ–ს გაეგზავნა საქმის მასალებში (სააპელაციო საჩივრებში) მათ მიერ მითითებულ მისამართზე: ქ. თბილისი, .......... ქუჩა #11 და გზავნილი 2024 წლის 25 მარტს ჩაბარდა ლ.ჭ–ის დედას - ლ.მ–ძეს.

17. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ხოლო ჩაბარების განსხვავებულ, გონივრულ წესზე მხარეთა შეთანხმების არსებობის შემთხვევაში − ამ შეთანხმებით გათვალისწინებული წესით. წარმომადგენელი ვალდებულია უწყების ჩაბარების შესახებ აცნობოს მხარეს. სასამართლო უწყებით სასამართლოში იბარებენ აგრეთვე მოწმეებს, ექსპერტებს, სპეციალისტებსა და თარჯიმნებს.

18. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის მერვე ნაწილის თანახმად, ფოსტით ან კურიერის მეშვეობით მოქალაქისათვის გაგზავნილი სასამართლო უწყება მას უნდა ჩაჰბარდეს პირადად, ხოლო მოქალაქის სამუშაო ადგილზე, ასევე ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაჰბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში – ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს. მოქალაქეს ან ორგანიზაციას სასამართლო უწყება შესაძლოა ასევე გადაეცეს მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესით. ამ ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში უწყების ჩაბარება დასტურდება მის მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.

19. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს, ხოლო თუ უწყება ბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით - სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას, ამ კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილით დადგენილი წესით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი განსახილველ საქმეში მონაწილეობენ, როგორც მოწინააღმდეგე მხარეები. უწყების მიმღები ვალდებულია უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება და დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები ასევე ვალდებულია უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ადრესატის არყოფნის შემთხვევაში სასამართლო უწყების ჩამბარებელმა უწყების მეორე ეგზემპლარზე უნდა აღნიშნოს, სად არის წასული ადრესატი და როდის ვარაუდობენ მის დაბრუნებას.

20. მითითებული ნორმების შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ კანონმდებელი სასამართლოს შესაძლებლობას აძლევს საჭირო საპროცესო დოკუმენტები გაუგზავნოს უშუალოდ მხარეს ან, ასეთის არსებობის შემთხვევაში, მის წარმომადგენელს. სასამართლო უფლებამოსილია, თავად გადაწყვიტოს, ჩამოთვლილ პირთაგან კონკრეტულად რომელს ჩააბაროს გზავნილი. სასამართლოს მიერ გაგზავნილი საპროცესო დოკუმენტების მხარის უფლებამოსილი წარმომადგენლისათვის ჩაბარება ამავე დოკუმენტების თავად მხარისათვის ჩაბარებას უთანაბრდება. ამასთან, თუ სასამართლო უწყებას ან გზავნილს გაუგზავნის ზემოაღნიშნულ სუბიექტებს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, გზავნილი კანონით დადგენილი წესით ჩაბარებულად მიიჩნევა მაშინაც, როდესაც იგი მიიღო არა უშუალოდ ადრესატმა, არამედ მასთან მცხოვრებმა ოჯახის რომელიმე ქმედუნარიანმა წევრმა. ასეთი პირი ვალდებულია, თავისი ხელმოწერით დაადასტუროს სასამართლო გზავნილის ჩაბარება და გადასცეს იგი ადრესატს. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სასამართლოსათვის მხარის მისამართის მითითებისას ამ უკანასკნელმა უნდა გაითვალისწინოს ის რისკი, თუ ვის ჩაბარდება აღნიშნულ მისამართზე სასამართლოს მიერ გაგზავნილი საპროცესო დოკუმენტები ადრესატის არყოფნის შემთხვევაში.

21. საქმის მასალებით დადგენილია, რომ გზავნილი ჩაიბარა კერძო საჩივრის ავტორების წარმომადგენლის ოჯახის წევრმა - ლ.მ–ძემ, გზავნილზე მითითებულია ნათესაური კავშირის თაობაზე. ამრიგად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ აპელანტის წარმომადგენელს ხარვეზის ვადის გაგრძელების თაობაზე სასამართლოს განჩინება ჩაბარდა კანონით დადგენილი წესით.

22. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში, ხოლო თუ საპროცესო ვადა კანონით არ არის დადგენილი, მას განსაზღვრავს სასამართლო. საპროცესო ვადის ხანგრძლივობის განსაზღვრისას სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს იმ საპროცესო მოქმედების შესრულების შესაძლებლობა, რისთვისაც ეს ვადა დაინიშნა.

23. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი.

24. ამავე კოდექსის 61-ე-63-ე მუხლების მიხედვით კი, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება, შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ხოლო საჩივარი ან საბუთები, რომელიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველად დარჩება.

25. მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს დავალებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს შესაბამისი მოქმედების შესრულების უფლებას.

26. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ აპელანტებისათვის ხარვეზის გამოსწორების 07-დღიანი ვადის ათვლა 2023 წლის 01 დეკემბრიდან (შეტყობინების ჩაბარების მეორე დღე) დაიწყო და მიმდინარეობდა 2023 წლის 07 დეკემბრის ჩათვლით. საქმის მასალებით კი დასტურდება, რომ აპელანტებს სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ შეუვსიათ და არც შეუვსებლობის მიზეზების შესახებ უცნობებიათ სასამართლოსათვის.

27. კერძო საჩივრის ავტორების წარმომადგენელი სადავოდ ხდის გასაჩივრებულ განჩინებას იმ საფუძვლით, რომ სასამართლო გზავნილი უშუალოდ მას ან აპელანტებს უნდა ჩაჰბარებოდათ, რადგან მის დედას, ასაკისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, არ აქვს თავისი მოქმედებების გაცნობიერების უნარი, შესაბამისად, დედამისის მიერ განჩინების ჩაბარების ფაქტი მისთვის უცნობი დარჩა.

28. ზემოაღნიშნული პრეტენზიის შემოწმების მიზნით, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქმეში წარმოდგენილი მასალებით დგინდება შემდეგი: გზავნილი ჩაიბარა ლ.მ–ძემ (კერძო საჩივრის ავტორების წარმომადგენლის დედამ), რომელსაც გზავნილის ადრესატისათვის გადაცემის დამაბრკოლებელი გარემოების თაობაზე არ მიუთითებია, ხოლო საქმეში არსებული სამედიცინო დოკუმენტაცია (ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა; ლაბორატორიული კვლევის შედეგები) არ შეიცავს ჯანმრთელობის იმგვარ პრობლემებზე მითითებას, რაც შეუძლებელს გახდიდა მოპასუხისათვის ინფორმაციის მიწოდებას და მიუთითებდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ იმ გარემოებაზე, რომელიც გამორიცხავს ადრესატის ოჯახის წევრისათვის უწყების ჩაბარებას.

სასამართლო განმარტავს, რომ მხარის მიერ მითითებულ მისამართზე სასამართლო შეტყობინების პირისათვის ჩაბარება, რომელიც ადასტურებს, რომ არის ადრესატის ოჯახის ქმედუნარიანი წევრი სწორედ იმ პრეზუმფციის დაშვების საფუძველს ქმნის, რომ შეტყობინება ბარდება მხარეს და ეს გარემოება საპროცესო მოქმედების შესრულების საკმარისი წინაპირობაა.

ამრიგად, უსაფუძვლოა კერძო საჩივრის ავტორების წარმომადგენლის პრეტენზია იმის შესახებ, რომ სასამართლო გზავნილი უშუალოდ მას ან აპელანტებს უნდა ჩაბარებოდათ, კერძო საჩივარში მითითებული გარემოებები საფუძვლად ვერ დაედება გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას.

29. გასაზიარებელი არაა კერძო საჩივრის ავტორების წარმომადგენლის არც ის პრეტენზია, რომ ის აღნიშნულ მისამართზე არ ცხოვრობს, ვინაიდან როგორც უკვე აღინიშნა, მხარის მიერ სასამართლოსათვის გადასაცემ დოკუმენტზე მისამართის მითითებისას თავად მხარეს ეკისრება რისკი ვის ჩაბარდება სასამართლო გზავნილი. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლის თანახმად მხარეები და მათი წარმომადგენლები მოვალენი არიან აცნობონ სასამართლოს საქმის წარმოების განმავლობაში თავიანთი მისამართის შეცვლის შესახებ. ასეთი ცნობის უქონლობისას უწყება გაიგზავნება სასამართლოსათვის ცნობილ უკანასკნელ მისამართზე და ჩაბარებულად ითვლება, თუნდაც ადრესატი ამ მისამართზე აღარ ცხოვრობდეს.

30. პალატა ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორების წარმომადგენლის ვერც იმ პრეტენზიასმ, რომ აპელანტებს მართლმსაჯულების განხორციელებაზე უკანონოდ ეთქვათ უარი, რითაც მათ მიმართ უხეშად დაირღვა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის ფუძემდებლური დებულებები. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ, როგორც საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი ნაწილით, ისე - „ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის“ კონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებული უფლების სასამართლო წესით დაცვის პრინციპი (რომელიც სამართლიანი სასამართლოს უფლების შინაარსიდან გამომდინარეობს) არ არის აბსოლუტური და ექვემდებარება შეზღუდვას. უფლებით დაცულ სფეროში ჩარევა გამართლებულია, თუკი იგი ლეგიტიმურ, კანონის მიზანს ემსახურება. განსახილველ შემთხვევაში, ჩარევის ლეგიტიმური საფუძველი სწორედ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლია, რომლის დარღვევის გამო სამართლებრივ შედეგს ამავე მუხლის მე-5 ნაწილი ითვალისწინებს. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ „არ არსებობს უფლება უფასო სასამართლო პროცედურებზე“. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, “სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება არ არის აბსოლუტური და იგი შეიძლება, დაექვემდებაროს შეზღუდვებს; აღნიშნული გამომდინარეობს იმ დასკვნიდან, რომ სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება „თავისი ბუნებით ექვემდებარება სახელმწიფო რეგულირებას; რეგულაცია შეიძლება განსხვავდებოდეს დროისა და ადგილის მიხედვით, საზოგადოებისა და ინდივიდების რესურსებისა და საჭიროებების საფუძველზე’’ (იხ. Golder judgment, p. 19, para. 38, quoting the "Belgian Linguistic" judgment of 23 July 1968, Series A no. 6, p. 32, para.

31. საკასაციო სასამართლო განუმარტავს კერძო საჩივრის ავტორებს, რომ საპროცესო კოდექსით დადგენილი მოწესრიგება, რომელიც იმპერატიულად ადგენს ფორმალურ წესებს, სავალდებულოა არა მხოლოდ მხარეებისათვის, არამედ სასამართლოსათვისაც და ამ რეგულაციების შეცვლა ან განსხვავებული ინტერპრეტაცია მხარეთა ნებაზე ან სასამართლოს მიხედულებაზე ვერ იქნება დამოკიდებული.

32. მოცემულ შემთხვევაში, აპელანტს დაუდგინდა გონივრული ვადა სააპელაციო საჩივარზე არსებული ხარვეზის გამოსწორების მიზნით. მხარემ არ გამოასწორა სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი, რის გამოც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე სააპელაციო საჩივარი დატოვებული იქნა განუხილველად. ამრიგად, საკასაციო პალატა იზიარებს გასაჩივრებული განჩინების შეფასებებსა და დასკვნებს და მიიჩნევს, რომ იგი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის სწორ გამოყენება-განმარტებას ემყარება, რის წინააღმდეგაც კერძო საჩივრის ავტორს არ მიუთითებია ამავე კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებული დასაბუთებული პრეტენზია, რაც ამ განჩინების გაუქმებაზე უარის თქმის საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ.ჯ–ისა და ზ.ჯ–ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 15 დეკემბრის განჩინება.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე

თეა ძიმისტარაშვილი