18 იანვარი 2024 წელი №ას-51-2023 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ამირან ძაბუნიძე
თეა ძიმისტარაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი _ შ.პ.ს. ,,დ.კ–ი“
მოწინააღმდეგე მხარე _ ს.ს.ი.პ. დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 16 ნოემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი _ თანხის დაკისრება (ძირითად სარჩელში), პირგასამტეხლოს გადახდა (შეგებებულ სარჩელში)
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. შ.პ.ს. „დ.კ–ი“-მ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე - ს.ს.ი.პ. სოციალური მომსახურების სააგენტოს (რომლის უფლებამონაცვლედ, მოგვიანებით ცნობილი იქნა ს.ს.ი.პ. დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო) მიმართ და მოითხოვა: მოპასუხისათვის შესრულებული სამუშაოს ღირებულების - 73 774.10 ლარის და დამატებით შესრულებული სამუშაოს - 1274.78 ლარის, მოსარჩელის სასესხო ვალდებულებად ქცეული საბანკო გარანტიის თანხის - 13 400.16 ლარის და საბანკო გარანტიის თანხაზე დარიცხული წლიური 13%-ის (რაც ჯამურად შეადგენს 2870.19 ლარს და რომელიც მოსარჩელემ უნდა იხადოს 2021 წლის 29 ოქტომბრამდე), მოპასუხისათვის დაკისრება, ასევე - სესხის გაცემის საკომისიოს 67.5 ლარის და გარანტიის თანხის მოთხოვნაზე გადახდის საკომისიოს 50 ლარის ანაზღაურება.
2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო, შეგებებული სარჩელი წარადგინა მოსარჩელის წინააღმდეგ პირაგასამტეხლოს - 5569.31 ლარის დაკისრების მოთხოვნით.
3. მოსარჩელემ წარმოდგენილი შესაგებლით შეგებებული სარჩელი არ ცნო.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 21 ივლისის განჩინებით წინამდებარე საქმეზე ს.ს.ი.პ. სოციალური მომსახურების სააგენტოს უფლებამონაცვლედ ცნობილი იქნა ს.ს.ი.პ. დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო.
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 28 ივლისის გადაწყვეტილებით - სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ხოლო შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა შესრულებული სამუშაოების ღირებულების - 75 049 ლარის გადახდა. მოსარჩელეს (შეგებებული სარჩელით მოპასუხეს) მოპასუხის (შეგებებული სარჩელით მოსარჩელეს) სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლოს - 5569.31 ლარის გადახდა.
6. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, ხოლო შეგებებული სარჩელის უარყოფა.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 16 ნოემბრის განჩინებით - სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგი ფაქტობრივსამართლებრივი საფუძვლებით:
7.1. მოსარჩელემ (მიმწოდებელი) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს (შემსყიდველი) ინიციატივით გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვების შემდეგ შემსყიდველთან 2018 წლის 14 მარტს გააფორმა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება (2018/109), რომლის ღირებულება შეადგენდა 335 004 ლარს. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა ქ. თბილისში, ..... მდებარე სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობაში (ს/კ ......) სახურავისა და შიდასარემონტო სამუშაოების, ასევე, დევნილთა განსახლების ობიექტებში, კერძოდ: ქ. თბილისში, ......... N52-ში სახურავის რეაბილიტაციის; ქ. თბილისში, .......... N7-ში სახურავის რეაბილიტაციის; ქ. თბილისში, ........ სახურავის რეაბილიტაციის; ქ. ქუთაისში, ....... რბილი და ქანობიანი სახურავის ნაწილობრივი რეაბილიტაციის; ქ. სამტრედიაში, ....... ყოფ. მემანქანეთა მოსასვენებელი სახლი) სახურავისა და წყალ/კანალიზაციის რეაბილიტაციის სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა, მათ შორის - საპროექტოსახარჯთაღრიცხვო და „გეგმა-გრაფიკის“ საფუძველზე, რომლებიც ამავე ხელშეკრულების განუყოფელი ნაწილია. ასევე - მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოების შესრულება - “სახურავის გადახურვა“.
7.2. ხელშეკრულების 4.2. პუნქტის თანახმად, სამუშაო უნდა დასრულებულიყო 2018 წლის 12 ივნისის ჩათვლით.
7.3. ხელშეკრულების 4.3. პუნქტის მიხედვით, 4.2. პუნქტით განსაზღვრული სამუშაოს დასრულების ვადა, განსაკუთრებულ შემთხვევაში, მხარეთა წერილობითი შეთანხმებით შეიძლება გაგრძელებულიყო სამუშაოს შესრულებისათვის აუცილებელი გონივრული ვადით, იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელი შესაბამისი წერილობითი მოთხოვნით მიმართავდა შემსყიდველს სამუშაოს დასრულების ვადის გასვლამდე არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა. ამ შემთხვევაში, მიმწოდებლის მიმართ არ გამოიყენებოდა ხელშეკრულების 12.2. პუნქტით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომა.
7.4. ხელშეკრულების 8.1. პუნქტის თანახმად, შესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარება უნდა განხორციელებულიყო მთლიანად ან ეტაპობრივად სამუშაოს შესრულების დამადასტურებელი N2 ფორმის ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე შედგენილი შესაბამისი შუალედური და/ან საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტების ხელმოწერისა და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დოკუმენტაციის (მათ შორის, ფარული სამუშაოების ჩატარების აქტი, ასეთის შესრულების შემთხვევაში და სხვა) წარმოდგენის საფუძველზე.
7.5. ხელშეკრულების 8.2. პუნქტის მიხედვით, ხელშეკრულების მე-4 მუხლის 4.2. პუნქტით განსაზღვრული ვადის დაცვით მიმწოდებლის მიერ სამუშაოს დასრულება უნდა დადასტურებულიყო მხარეთა შორის შესაბამისი აქტის ხელმოწერით.
7.6. ხელშეკრულების 11.2. პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების მე-5 მუხლის 5.4. პუნქტის “ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, მიმწოდებელს ეკისრებოდა პირგასამტეხლო, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0.02%.
7.7. ხელშეკრულების 11.3. პუნქტის მიხედვით, ხელშეკრულების მე-5 მუხლის 5.4. პუნქტის “გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, მიმწოდებელს ეკისრებოდა პირგასამტეხლო, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0.02%.
7.8. ხელშეკრულების 11.8 პუნქტის თანახმად, პირგასამტეხლოს გადახდა არ ათავისუფლებდა მიმწოდებელს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისაგან. ხელშეკრულების 15.1. პუნქტის მიხედვით კი, ხელშეკრულება ძალაში იყო მხარეთა მიერ მისი ხელმოწერიდან და მოქმედებდა 2018 წლის 13 ივლისის ჩათვლით, გარდა მე-6 მუხლის 6.2. და მე-11 მუხლის 11.5 და 11.7 პუნქტებისა (იხ. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №2018/109 ხელშეკრულება ტ.1. ს.ფ.90-134).
7.9. განსახლების ობიექტების ტექნიკური ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის 2018 წლის 8 ივნისის მოხსენებითი ბარათით დგინდებოდა, რომ მოსარჩელის მიერ სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულების ფარგლებში განხორციელებული სამშენებლო სამუშაოების პროცესში გამოიკვეთა დამატებითი სამუშაოების შესრულების აუცილებლობა სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობაში, თუმცა აღნიშნული დამატებითი სამუშაოების შესრულება არ იწვევდა სახარჯთაღრიცხვო ღირებულების გაზრდას, ვინაიდან შემცირდა და სახარჯთაღრიცხვო ღირებულებიდანაც ამოღებული იქნა არაერთი სამუშაო. მოხსენებითი ბარათის თანახმად, ზემოაღნიშნული ცვლილებები ძირითადად განპირობებული იყო დოკუმენტაციის საცავებში სახანძრო უსაფრთხოების წესის დაცვის მიზნით, რომლის შესახებაც სამინისტროს მიმდინარე წლის 5 აპრილის წერილის პასუხად ეცნობა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან იმავე წლის 27 აპრილის N20823/01 წერილით. მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული, კომპანიას გაგრძელებოდა მიწოდების ვადა 22 კალენდარული დღით და შესულიყო ხარჯთაღრიცხვაში კორექტირება სახარჯთაღრიცხვო ღირებულების უცვლელად. ამასთან, დამატებით ეცნობათ, რომ კომპანიამ ფაქტობრივად დაასრულა სამშენებლო სამუშაოები ხელშეკრულებით განსაზღვრულ სხვა ობიექტებზე (მოხსენებითი ბარათი ტ.1. ს.ფ.137-138).
7.10. 2018 წლის 3 აგვისტოს მხარეთა შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებაში N2018/109 ცვლილებების თაობაზე შეთანხმება, რომლის თანახმადაც, ხელშეკრულების 15.1. პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგნაირად: ხელშეკრულება ძალაში იყო მხარეთა მიერ მისი ხელმოწერიდან და მოქმედებდა 2018 წლის 7 სექტემბრის ჩათვლით, გარდა მე-6 მუხლის 6.2. და მე-11 მუხლის 11.5 და 11.7 პუნქტებისა (შეთანხმება ცვლილებების განხორციელების თაობაზე ტ.1. ს.ფ.182).
7.11. შ.პ.ს. „ო.გ–“-ის 2018 წლის 5 ოქტომბრის წერილის თანახმად, დგინდებოდა, რომ მოსარჩელეს მათი ორგანიზაციის ელექტრონული მომსახურების სისტემაში 2018 წლის 6 აგვისტოს ატვირთული ჰქონდა შესრულებული სამუშაოების ბოლო აქტი (ფორმა N2) XLS ფაილი (იხ. 2018 წლის 5 ოქტომბრის წერილი ტ.1. ს.ფ. 183).
7.12. 2018 წლის 12 მარტს, ს.ს. „პ.ბ“-ს მიერ განხორციელდა ხელშეკრულების შესრულების საგარანტიო უზრუნველყოფა, კერძოდ, მხარეთა შორის დადებული სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად, ბანკმა აიღო გამოუთხოვადი ვალდებულება და დაადასტურა, რომ იყო გარანტი და პასუხისმგებელი სააგენტოს წინაშე მიმწოდებლის სახელით საერთო თანხაზე 13400 ლარზე და კისრულობდა ვალდებულებას აღნიშნული თანხის დაუყოვნებლივ გადახდაზე მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების დარღვევის საფუძველზე, პირველივე მოთხოვნისთანავე. საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა განისაზღვრა 2018 წლის 8 ოქტომბრის ჩათვლით (იხ. საგარანტიო წერილები ტ. 2. ს.ფ. 46-48).
7.13. შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ 2018 წლის 8 ოქტომბერს წარმდგენილი იქნა გაცემული გარანტიის N1625903 თანხის გადახდის შესახებ N01/7007 მოთხოვნა.
7.14. გარანტიის პირობების შესაბამისად, მოთხოვნილი გარანტიის თანხა - 13 400.16 ლარი ს.ს. “პ.ბ“-ს მიერ გადაირიცხა ბენეფიციარის სასარგებლოდ, რის გამოც, მოსარჩელეს წარმოეშვა სასესხო ვალდებულება ბანკის მიმართ შემდეგი პირობებით: 36 - თვიანი ბიზნეს კრედიტი, თანხა - 13400 ლარი, წლიური საპროცენტო განაკვეთი - 13%, სესხის გაცემის საკომისიო - 67.50 ლარი; გარანტიის თანხის მოთხოვნაზე გადახდის საკომისიო - 50 ლარი (ს.ს. “პ.ბ“-ს მიერ 01.03.2019 წ. გაცემული ცნობა ტ.1. ს.ფ. 18).
7.15. წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, სააპელაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენდა შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში მოპასუხისათვის (შეგებებულ სარჩელში) მოსარჩელის სასარგებლოდ პირგასამტეხლოს დაკისრებაზე, ასევე, გამოთხოვილი საბანკო გარანტიის თანხის მოპასუხისათვის (ძირითად სარჩელში) დაკისრებაზე უარის თქმის შესახებ გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმება.
7.16. დადგენილი იყო, რომ შეგებებული სარჩელით, სააგენტოს მოთხოვნას წარმოადგენდა მოსარჩელისათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს - 5 569.31 ლარის ანაზღაურების დაკისრება. მოსარჩელის განმარტებით, მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების 4.2. პუნქტის შესაბამისად, სამუშაოების დასრულების ვადას წარმოადგენდა 2018 წლის 12 ივნისი, 15.1. პუნქტით კი, ხელშეკრულების ვადა განისაზღვრა 2018 წლის 7 სექტემბრით. მხარეებს შორის სამუშაოების დასრულების თაობაზე არ შემდგარა საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი, მათ შორის გაფორმდა 3 შუალედური მიღება-ჩაბარების აქტი. 2018 წლის 2 მაისის აქტით შესრულდა 64 692.84 ლარის სამუშაო, რომლის თანხაც სრულად ჩაერიცხა შემსრულებელს. 2018 წლის 14 ივნისის შუალედური აქტით დასტურდებოდა 39 654.93 ლარის სამუშაოები, რომლის თანხაც სრულად იქნა ჩარიცხული, ხოლო 2018 წლის 24 ივლისის აქტით შესრულდა 99 248.33 ლარის სამუშაოები რაც ასევე სრულად ანაზღაურდა. შესაბამისად, მოპასუხის განმარტებით, მან სრულად შეასრულა ვალდებულება, ხოლო მოსარჩელემ კი არა. ასევე, შემსრულებელმა გადააცილა ვალდებულების შესრულების ვადას (იხ. შეგებებული სარჩელი ტ.1, ს.ფ. 206-222).
7.17. მოსარჩელე, როგორც შეგებებულ სარჩელზე წარდგენილ შესაგებელში, ასევე, წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარში აპელირებდა იმ გარემოებებზე, რომ სამუშაოების ბოლო ნაწილის შესრულების დროს მოწინააღმდეგე მხარე იმყოფებოდა რეორგანიზაციის რეჟიმში და შემსყიდველის მიერ შესრულებული სამუშაოების ოფიციალურად ჩაბარებამდე ხელშეკრულების ვადა გავიდა, რის გამოც, ხელშეკრულების ფარგლებში სააგენტო შესრულებული სამუშაოს ოფიციალურად ვეღარ ჩააბარებდა. როდესაც დაისვა ხელშეკრულების ვადის გაგრძელების საკითხი რეორგანიზებულ/ახლადშექმნილ სააგენტოში ვერ იქნა გადაწყვეტილება მიღებული თუ ვის უნდა მოეხდინა ხელშეკრულების ვადის გაგრძელების ინიცირება და ხელმოწერა, რის გამოც, ხელშეკრულების ვადა ოფიციალურად ვერ გაგრძელდა და ვერც მიღება-ჩაბარების აქტი ვერ გაფორმდა.
7.18. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა სააპელაციო საჩივრის არგუმენტები და საქმის მასალების შესწავლის შედეგად დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელემ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების ნაწილი შეასრულა ამ სამუშაოების შესრულებისათვის დადგენილი ვადის დარღვევით. კერძოდ, დადგენილი იყო, რომ 2018 წლის 14 მარტის ხელშეკრულების 4.2. პუნქტის თანახმად, სამუშაო უნდა დასრულებულიყო 2018 წლის 12 ივნისის ჩათვლით. ასევე, დადგენილი იყო, რომ 2018 წლის 3 აგვისტოს მხარეთა შორის შედგა შეთანხმება სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებაში ცვლილებების განხორციელების თაობაზე, რომლის თანახმადაც, ხელშეკრულების 15.1. პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგნაირად: ხელშეკრულება ძალაშია მხარეთა მიერ მისი ხელმოწერიდან და მოქმედებს 2018 წლის 7 სექტემბრის ჩათვლით. შესაბამისად, ამ ცვლილებით მხარეებმა განსაზღვრეს ხელშეკრულების მოქმედების თარიღი, თუმცა რაიმე შეთანხმებაზე სამუშაოების დასრულების ვადის (2018 წლის 12 ივნისი) ცვლილებასთან (გაგრძელებასთან) დაკავშირებით მხარეებს არ მიუთითებიათ, არამედ - როგორც თავად აპელანტი მიუთითებდა სააპელაციო საჩივარში სამუშაოების შესრულების ვადა არ გაგრძელებულა.
7.19. დადგენილი იყო და სადავოდ არ გამხდარა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მოსარჩელეს შესრულებული სამუშაოების ბოლო აქტი (ფორმა N2; XLS ფაილი) ელექტრონული მომსახურების სისტემაში ატვირთული აქვს 2018 წლის 6 აგვისტოს, მაშინ, როდესაც, როგორც უკვე აღინიშნა, ხელშეკრულების თანახმად, სამუშაოები უნდა დასრულებულიყო 2018 წლის 12 ივნისის ჩათვლით. გარდა ამისა, შესრულებული სამუშაოების მოცულობების, ხარისხის, შესაბამისი ფასების რეალობისა და საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციასთან მისი შესაბამისობის დადგენის მიზნით ექსპერტიზის დასკვნა მომზადებულია, ხელშეკრულების მოქმედების ვადის ამოწურვის შემდეგ - 2018 წლის 3 დეკემბერს. საქმის მასალებში წარმოდგენილია ს.ს.ი.პ. სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 04 მარტის წერილი, რომლითაც მოსარჩელეს ეცნობა, რომ, ვინაიდან ხელშეკრულების 8.2. პუნქტის თანახმად, სამუშაოების დასრულების თაობაზე არ გაფორმებულა მიღება-ჩაბარების აქტი, ხელშეკრულების 11.2. პუნქტის თანახმად, დაეკისრა პირგასამტეხლო ნაკისრი ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილების გამო (იხ. ტ.1, ს.ფ. 229; ტ.2, ს.ფ. 28).
7.20. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა საქმის მასალებში წარმოდგენილ მოსარჩელის 04.07.2017წ. წერილზეც, რომლშიც აღნიშნულია, რომ მხარე თანახმა იყო, სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები გაეგრძელებინა საჯარიმო სანქციის ფარგლებში და დაესრულებინა ხელშეკრულების მოქმედების ვადის დაცვით (იხ. ტ.2, ს.ფ. 50). ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლივად შეფასების შედეგად, პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელემ სამუშაოები შეასრულა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის დარღვევით.
7.21. სააპელაციო სასამართლოს დასკვნით, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საპირისპიროდ, მოსარჩელემ ვერ დაადასტურა რომ მას არ დაურღვევია სამუშაოების შესრულების ვადა.
7.22. პირგასამტეხლოს დაკისრების სამართლებრივ წინაპირობას წარმოადგენს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულების დარღვევა. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილი იყო, ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულება, რაც საფუძვლად დაედო პირგასამტეხლოს დაკისრებას.
7.23. დადგენილი იყო, რომ 2018 წლის 12 მარტს, ს.ს. „პ.ბ“-ს მიერ განხორციელდა ხელშეკრულების შესრულების საგარანტიო უზრუნველყოფა და მხარეთა შორის დადებული სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად, ბანკმა აიღო გამოუთხოვადი ვალდებულება, დაადასტურა, რომ იყო გარანტი და პასუხისმგებელი სააგენტოს წინაშე მიმწოდებლის სახელით საერთო თანხაზე - 13400 ლარზე და კისრულობდა ვალდებულებას აღნიშნული თანხის დაუყოვნებლივ გადახდაზე მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების დარღვევის საფუძველზე პირველივე მოთხოვნისთანავე. საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა განისაზღვრა 2018 წლის 8 ოქტომბრის ჩათვლით (იხ. საგარანტიო წერილები ტ. 2. ს.ფ. 46-48). 2018 წლის 08 ოქტომბერს ს.ს. „პ.ბ“-ს სახელზე გაგზავნილი წერილის თანახმად, მოსარჩელემ დაარღვია სამუშაოს შესრულების ვადები, ამასთანავე, მხარეებს შორის არ გაფორმებულა სამუშაოების დასრულების თაობაზე მიღება-ჩაბარების აქტი, რის გამოც გამოთხოვილი იქნა საბანკო გარანტია - 13 400.16 ლარი (ტ.1, ს.ფ. 242; ტ.2, ს.ფ. 42). აღნიშნულ წერილზე მითითებით, ს.ს. „პ.ბ–ს“ 2019 წლის 06 მარტს კვლავ ეთხოვა საბანკო გარანტიის თანხის სახელმწიფო ბიუჯეტში გადარიცხვა (იხ. ტ.2, ს.ფ. 43).
7.24. გარანტიის პირობების შესაბამისად, მოთხოვნილი გარანტიის თანხა - 13 400.16 ლარი ს.ს. “პ.ბ“-ს მიერ გადაირიცხა ბენეფიციარის სასარგებლოდ, რის გამოც, მოსარჩელეს წარმოეშვა სასესხო ვალდებულება ბანკის მიმართ, შემდეგი პირობებით: 36 - თვიანი ბიზნეს-კრედიტი, თანხა - 13400 ლარი, წლიური საპროცენტო განაკვეთი - 13%, სესხის გაცემის საკომისიო - 67.50 ლარი; გარანტიის თანხის მოთხოვნაზე გადახდის საკომისიო - 50 ლარი (იხ. ს.ს. “პ.ბ“-ს მიერ 01.03.2019 წ. გაცემული ცნობა ტ.1. ს.ფ. 18).
7.25. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, პრინციპალის მიერ ვალდებულების დარღვევის სახისა და ხარისხის კვლევა გარანტის მხრიდან გონივრული წინდახედულობის ფარგლებში შესაძლებელია მხოლოდ საბანკო გარანტიით შეთანხმებული მოთხოვნის ან თანდართული დოკუმენტების წარდგენის პირობების დაცვის კვლევის ფარგლებში, ანუ ფორმალური სახით (დოკუმენტების გარეგნული შესაბამისობის დადგენა). სწორედ ამიტომ უწოდებენ კომერციულ პრაქტიკაში საბანკო გარანტიას ე.წ. დოკუმენტურ ოპერაციას. განსახილველ შემთხვევაში, გამოვლინდა როგორც უზრუნველყოფილი ვალდებულების დარღვევა და საბანკო გარანტიით თანხის მოთხოვნის წინაპირობის დადგომა, ასევე - ბენეფიციარის მიერ გარანტისათვის მოთხოვნის გარანტიით შეთანხმებული ვადის დაცვით წარდგენა. შესაბამისად, საფუძვლიანი იყო და სწორად იქნა დაკმაყოფილებული ბენეფიციარის მოთხოვნა გაცემული საბანკო გარანტიის ფარგლებში მოთხოვნილი თანხის ანაზღაურების შესახებ. აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატის შეფასებით, საგარანტიო თანხის გამოთხოვა განხორციელდა მართლზომიერად, რის გამოც არ არსებობდა მისი მოპასუხისათვის დაკისრების წინაპირობა. ამრიგად, მოსარჩელეს სწორად ეთქვა უარი ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
7.26. პალატის დასკვნით, აპელანტმა ვერ უზრუნველყო გასაჩივრებული გადაწყვეტილების საპირისპიროდ შესაბამისი მტკიცებულებებით გამყარებული დასაბუთებული პრეტენზიის წარმოდგენა. ის დასაბუთება, რაც აპელანტმა შეთავაზა სასამართლოს არ ქმნიდა პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილების გაუქმების საკმარის საფუძველს.
8. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, ხოლო შეგებებული სარჩელის უარყოფა, შემდეგი საფუძვლებით:
8.1. ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ არასწორად შეფასდა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რის გამოც, საქმეზე მიღებული იქნა არასწორი გადაწყვეტილება, რომლითაც შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა, ხოლო მოსარჩელეს უარი ეთქვა სარჩელის სრულად დაკმაყოფილებაზე. სასამართლოებმა არ გაითვალისწინეს, რომ მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულების 4.2. პუნქტის მიხედვით, სამუშაოები უნდა დამთავრებულიყო 2018 წლის 12 ივლისს, თუმცა ხარჯთაღრიცხვაში შეტანილი ცვლილებების გამო, მხარეებს შორის გაფორმდა დამატებითი ხელშეკრულება, რომლის მიხედვით, ხელშეკრულება ძალაში დარჩა ხელმოწერიდან 2018 წლის 7 სექტემბრის ჩათვლით.
8.2. 2018 წლის 05 ივლისს „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში შესული ცვლილებების შედეგად, მიმდინარეობდა რამდენიმე სამინისტროს გაერთიანება. დამკვეთი (მოპასუხე), საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო ნაწილობრივ შეუერთდა საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს, ხოლო ნაწილი დაექვემდებარა საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდს. მიუხედავად იმისა, რომ 2018 წლის 6 აგვისტოს ექსპერტიზისა და ზედამხედველობის ბიუროს შ.პ.ს. „ო.გ–“-ის ელექტრონულ გვერდზე მოსარჩელის მიერ ექსპერტიზისათვის ატვირთული იქნა დასრულებული სამუშაოების საბოლოო ფორმა N2, რომელიც ოფიციალურად დამკვეთმა ვერ ჩაიბარა რეორგანიზაციის პროცესის გამო. კერძოდ, გაურკვეველი იყო, ვის უნდა მოეწერა და რომელ სტრუქტურას უნდა ჩაებარებინა სამუშაოები, ნაწილს რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს შეუერთდა თუ ინფრასტრუქტურის სამინისტროს ნაწილს. შესაბამისად, ხელშეკრულებას გაუვიდა ვადა და 2018 წლის 08 ოქტომბერს სატენდერო პირობის თანახმად, ს.ს. „პ.ბ“-ს მიერ გაცემული N162903 გარანტიის თანხის - 13400 ლარის გამოთხოვის შესახებ წარდგენილი იქნა მოთხოვნა. შედეგად, მოსარჩელეს ბანკის მიმართ წარმოეშვა სასესხო ვალდებულება 13400 ლარზე, წლიური საპროცენტო განაკვეთით 13 % (2870,19 ლარი), სესხის გაცემის საკომისიო 67.5 ლარი და გარანტიის თანხის მოთხოვნაზე გადახდის საკომისიო - 50 ლარი.
8.3. სარჩელი უსაფუძვლოდ იქნა უარყოფილი სასესხო ვალდებულებით დაკისრებული 13400 ლარის, ამ თანხის 13 %-ის, სესხის გაცემის საკომისიოს 67.5 ლარისა და გარანტიის თანხის მოთხოვნაზე გადახდის საკომისიოს - 50 ლარის მოთხოვნების ნაწილში. მოპასუხე შეგებებულ სარჩელში აპელირებდა, რომ აღნიშნული თანხა ს.ს. „პ.ბ“-დან გამოითხოვეს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის 2018 წლის 14 მარტს გაფორმებული ხელშეკრულების 11.4. პუნქტის საფუძველზე, რომლის თანახმად, მიმწოდებლის მხრიდან სამუშაოს სრულად შეუსრულებლობის შემთხვევაში, შემსყიდველი მიმწოდებელს აკისრებს ჯარიმას ხელშეკრულების ღირებულების 10 %-ს და ცალმხრივად წყვეტს ხელშეკრულების მოქმედებას.
8.4. ყურადსაღებია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა შესრულებული სამუშაოების ღირებულების - 75049 ლარის გადახდა, არ გასაჩივრებულა მოპასუხის მიერ, რითაც მან აღიარა, რომ მოსარჩელემ სრულად შეასრულა სამუშაოები. ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა, ერთი მხრივ, მიიჩნიეს, რომ მოსარჩელემ სრულად შეასრულა სამუშაოები და სარჩელი 75049 ლარის დაკისრების ნაწილში დააკმაყოფილეს, ხოლო, მეორე მხრივ, უსაფუძვლოდ აჯარიმენ მას ხელშეკრულების 11.4. პუნქტით გათვალისწინებული შეუსრულებელი სამუშაოს ღირებულების 10 %-ით და მასში ითვალისწინებენ ბანკის სასესხო ვალდებულებით დაკისრებულ 13 400 ლარს.
9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
11. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
12. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
13. საკასაციო საჩივრის ფარგლებში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია, დაირღვა თუ არა კასატორის მხრიდან სახელშეკრულებო ვალდებულება, ეკისრება თუ არა მას ხელშეკრულების დარღვევის გამო პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება და ვლინდებოდა თუ არა შემსყიდველის მხრიდან საბანკო გარანტიის თანხის მოთხოვნის წინაპირობები.
14. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია და არც საკასაციო საჩივრით გამხდარა სადავოდ შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
14.1. მხარეებს შორის 2018 წლის 14 მარტს გააფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე, კასატორმა იკისრა: ქ. თბილისში, ...... მდებარე სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობაში (ს/კ .......) სახურავისა და შიდასარემონტო სამუშაოების; დევნილთა განსახლების ობიექტებში: ქ. თბილისში, ........ სახურავის რეაბილიტაციის; ქ. თბილისში, ........N7-ში სახურავის რეაბილიტაციის; ქ. თბილისში, ........ სახურავის რეაბილიტაციის; ქ. ქუთაისში, ........ რბილი და ქანობიანი სახურავის ნაწილობრივი რეაბილიტაციის; ქ. სამტრედიაში, ........ ყოფ. ........) სახურავისა და წყალ/კანალიზაციის რეაბილიტაციის სამუშაოების წარმოების ვალდებულება. ხელშეკრულების ღირებულება შეადგენდა 335 004 ლარს.
14.2. ხელშეკრულების 4.2. პუნქტის თანახმად, სამუშაო უნდა დასრულებულიყო 2018 წლის 12 ივნისის ჩათვლით.
14.3. ხელშეკრულების 8.1. პუნქტის თანახმად, შესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარება უნდა განხორციელებულიყო მთლიანად ან ეტაპობრივად სამუშაოს შესრულების დამადასტურებელი N2 ფორმის ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე შედგენილი შესაბამისი შუალედური და/ან საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტების ხელმოწერისა და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დოკუმენტაციის (მათ შორის ფარული სამუშაოების ჩატარების აქტი, ასეთის შესრულების შემთხვევაში და სხვა) წარმოდგენის საფუძველზე.
14.4. ხელშეკრულების 11.2. პუნქტის თანახმად, სამუშაოს შესრულების ვადის დარღვევის შემთხვევაში, მიმწოდებელს ეკისრებოდა პირგასამტეხლო, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0.02%.
14.5. 2018 წლის 12 მარტს, ს.ს. „პ.ბ“-ს მიერ განხორციელდა ხელშეკრულების შესრულების საგარანტიო უზრუნველყოფა, კერძოდ, მხარეთა შორის დადებული სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად, ბანკმა აიღო გამოუთხოვადი ვალდებულება და დაადასტურა, რომ იყო გარანტი და პასუხისმგებელი სააგენტოს წინაშე მიმწოდებლის სახელით საერთო თანხაზე - 13400 ლარზე და კისრულობდა ვალდებულებას აღნიშნული თანხის დაუყოვნებლივ გადახდაზე მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების დარღვევის საფუძველზე, პირველივე მოთხოვნისთანავე. საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა განისაზღვრა 2018 წლის 8 ოქტომბრის ჩათვლით (იხ. საგარანტიო წერილები ტ. 2. ს.ფ. 46-48).
14.6. შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ 2018 წლის 8 ოქტომბერს გარანტთან წარმდგენილი იქნა საბანკო გარანტიის თანხის გადახდის შესახებ მოთხოვნა.
14.7. გარანტიის პირობების შესაბამისად, მოთხოვნილი გარანტიის თანხა - 13400.16 ლარი, ს.ს. „პ.ბ–მა“ გადარიცხა ბენეფიციარის სასარგებლოდ, რის გამოც, მოსარჩელეს წარმოეშვა სასესხო ვალდებულება ბანკის მიმართ შემდეგი პირობებით: 36 - თვიანი ბიზნეს კრედიტი, თანხა - 13400 ლარი, წლიური საპროცენტო განაკვეთი - 13%, სესხის გაცემის საკომისიო - 67.50 ლარი; გარანტიის თანხის მოთხოვნაზე გადახდის საკომისიო - 50 ლარი.
14.8. 2018 წლის 03 აგვისტოს შეთანხმებით მხარეებმა ხელშეკრულების მოქმედების ვადა გააგრძელეს 2018 წლის 07 სექტემბრის ჩათვლით, სამუშაოს შესრულების ვადა კი დატოვეს უცვლელი.
14.9. მოსარჩელემ დაარღვია სამუშაოს შესრულების ვადა, კერძოდ, სამუშაო უნდა დასრულებულიყო 2018 წლის 12 ივნისის ჩათვლით, მოსარჩელემ კი, შესრულებული სამუშაოების ბოლო აქტი (ფორმა N2; XLS ფაილი) ელექტრონული მომსახურების სისტემაში ატვირთა 2018 წლის 06 აგვისტოს. გარდა ამისა, შესრულებული სამუშაოების მოცულობების, ხარისხის, შესაბამისი ფასების რეალობისა და საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციასთან მისი შესაბამისობის დადგენის მიზნით ექსპერტიზის დასკვნა მომზადებულია 2018 წლის 03 დეკემბერს.
15. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, საკასაციო პალატას მართებულად მიაჩნია ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების დასკვნა მოსრჩელისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ.
15.1. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლით, პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. პირგასამტეხლო პირობით ვალდებულებას წარმოადგენს. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლების განხორციელება დამოკიდებულია გარკვეული პირობის დადგომაზე - მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევაზე (იხ:ირაკლი რობაქიძე, "სახელშეკრულებო სამართალი", ზურაბ ძლიერიშვილი, გიორგი ცერცვაძე, ირაკლი რობაქიძე, გიორგი სვანაძე, ლაშა ცერცვაძე, ლევან ჯანაშია/ გამომცემლობა „მერიდიანი“, 2014წ., გვ. 590). პალატა მიუთითებს, რომ პირგასამტეხლოს ერთ-ერთ ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაა. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (იხ. ს.უ.ს.გ. Nას-1053-993-2015, 08.04.2016წ.; Nას-1158-1104-2014, 06.05.2015წ.). აღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობას წარმოადგენს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულების დარღვევა.
15.2. კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ მხარეებს სამუშაოების შესრულების ვადა არ გაუგრძელებიათ და მოსარჩელეს ვალდებულება უნდა შეესრულებინა 2018 წლის 12 ივნისის ჩათვლით. ასევე, დადგენილია, რომ მოსარჩელემ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები ვადაგადაცილებით შეასრულა. ხელშეკრულების თანახმად, ვალდებულების დარღვევისათვის მიმწოდებელს ეკისრებოდა პირგასამტეხლო, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0.02%. პირგასამტეხლოს ოდენობასთან მიმართებით კასატორს საქმის განხილვის არცერთ ეტაპზე შედავება არ განუხორციელებია.
15.3. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას, რომ ვლინდებოდა კასატორისათვის შეგებებული სარჩელით მოთხოვნილი ოდენობით პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველი.
16. საკასაციო პალატას უსაფუძვლოდ მიაჩნია კასატორის პრეტენზია, რომ არ არსებობდა შემსყიდველის მხრიდან, გარანტისათვის საბანკო გარანტიის თანხის ანაზღაურების მოთხოვნის წინამძღვრები.
16.1. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსი საბანკო გარანტიას განიხილავს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ერთ-ერთ საშუალებას, რომელიც სხვა უზრუნველყოფის საშუალებებისაგან განსხვავდება თავისი დამოუკიდებლობით - არააქცესორულობით, რაც გულისხმობს იმას, რომ ძირითადი ვალდებულება - ხელშეკრულება, რომლის უზუნველსაყოფადაც საბანკო გარანტია გაიცა, გავლენას ვერ ახდენს ამ უკანასკნელზე (იხ. სუსგ Nას-562-871-09, 20.10.2009წ, რომელშიც განმარტებულია საბანკო გარანტიის, როგორც არააქცესორული ვალდებულების, შედეგი, რაც იმას გულისხმობს, რომ გარანტს არ შეუძლია ბენეფიციარს წარუდგინოს შესაგებელი, რომელიც ბენეფიციარსა და პრინციპალს შორის არსებული გარანტიით უზრუნველყოფილი ურთიერთობიდან გამომდინარეობს). საბანკო გარანტია შესასრულებელია გაცემული პირობების ფარგლებში ბენეფიციარის მოთხოვნისთანავე, მიუხედავად იმისა, არსებობს თუ არა ძირითადი ვალდებულებიდან გამომდინარე შესაგებელი. ასეთი მიდგომა ბენეფიციარის უფლების დასაცავად, ემსახურება საქონლის/მომსახურების სწრაფად მზარდ ბრუნვას, როგორც ქვეყნის შიდა, ასევე - საერთაშორისო ბაზარზე, როცა ყველა მხარე დაინტერესებულია ხელშეკრულებების სწრაფად შესრულებით და მისი შეუსრულებლობის/არაჯეროვანი შესრულების გარემოება დადგება (იხ. ს.უ.ს.გ. №ას-1038-999-2016, 01.02.2017წ).
16.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 879-ე მუხლის მიხედვით, საბანკო გარანტია ფულადი ვალდებულებაა, რომელიც ბენეფიციარს შესაძლებლობას ანიჭებს, მოვალის (პრინციპალის) მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, მიმართოს გარანტს წერილობით, მოითხოვოს გადახდა და მიიღოს მოთხოვნილი თანხა. მას ამისათვის არ სჭირდება წინასწარ მიმართვა რომელიმე იურისდიქციის ორგანოსთვის, თავისი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად. ასეთი მიდგომა ბენეფიციარის უფლების დასაცავად, გამოწვეულია საქონლის/მომსახურების სწრაფად მზარდი ბრუნვით როგორც ქვეყნის შიდა, ასევე - საერთაშორისო ბაზარზე, როცა ყველა მხარე დაინტერესებულია ხელშეკრულებების სწრაფად შესრულებაში და მისი შეუსრულებლობის/არაჯეროვანი შესრულების გარემოება დადგება (იხ. ნინო ჭიპაშვილი, საბანკო გარანტია საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო უნიფიცირებული წესების მიხედვით, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი, თბ., 2015 წ. გვ. 94.)
16.3. განსახილველ შემთხვევაში, უდავოა, რომ ხელშეკრულების შესრულების უზრუნველსაყოფად გაცემული იყო საბანკო გარანტია - 13400 ლარზე, რომელიც გარანტს უნდა გადაეხადა მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების დარღვევის საფუძველზე, ბენეფიციარის პირველივე მოთხოვნისთანავე. დადგენილია, რომ პრინციპალის მხრიდან დაირღვა სახელშეკრულებო ვალდებულება, სახელდობრ, სამუშაოები დასრულდა ვადაგადაცილებით, რაც საკმარისი საფუძველია საგარანტიო თანხის ბენეფიციარის მხრიდან მოთხოვნისა და გარანტის მხრიდან ანაზღაურებისთვის.
17. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. „ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ“, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
18. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების ფარგლებში, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლი), კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი მიუთითებს.
19. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
20. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის თანახმად, დავის საგნის ფასი ფულის გადახდევინების შესახებ სარჩელზე განისაზღვრება გადასახდელი თანხით. ამავე კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა საკასაციო საჩივრისათვის შეადგენს დავის საგნის ღირებულების 5 პროცენტს, მაგრამ არანაკლებ 300 ლარისა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
მოცემულ შემთხვევაში, კასატორმა 2022 წლის 30 დეკემბერს წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით (ტ.3, ს.ფ. 319) მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 16 ნოემბრის განჩინების გაუქმება იმ ნაწილში, რომლითაც მოსარჩელეს უარი ეთქვა 13 400,16 ლარის და მასზე დარიცხული წლიური 13 %-ის (ჯამურად 2870.19 ლარის) ანაზღაურებაზე. შესაბამისად, დავის საგნის ღირებულება განისაზღვრა 16270.35 ლარით (13400.16+2870.19 =16270.35), რომლის 5% - 813.52 ლარია.
საკასაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 27 იანვრის განჩინებით, საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი, ზემოაღნიშნული ოდენობით სახელმწიფო ბაჟის - 813.52 ლარის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენისა და დასაბუთებული საკასაციო საჩივრის (კასაციის მიზეზების) წარმოდგენის საფუძვლით.
2023 წლის 20 თებერვალს კასატორმა წარმოადგინა დასაბუთებული საკასაციო საჩივარი, რომლითაც გაზარდა საკასაციო საჩივრის საგნის ღირებულება, კერძოდ, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება და მოსარჩელისათვის 5569.31 ლარის დაკისრების ნაწილში შეგებებული სარჩელის უარყოფა; ამავდროულად, მოპასუხისათვის 13400.16 ლარის და მასზე დარიცხული წლიური 13%-ის (ჯამურად 2870.19 ლარის), მთლიანობაში - 16 270.35 ლარის, ასევე, სესხის გადაცემის საკომისიოს - 67.5 ლარის და გარანტიის თანხის მოთხოვნაზე გადახდის საკომისიოს 50 ლარის დაკისრება. (იხ. ტ.3, ს.ფ. 339). აღნიშნული მოთხოვნების გათვალისწინებით, დავის საგნის ღირებულება იყო 21957.16 ლარი, რომლის 5% შეადგენდა 1097.86 ლარს.
2023 წლის 07 მარტს კასატორმა წარმოადგინა 2023 წლის 27 იანვრის განჩინებით განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟის - 813.52 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (ტ.3, ს.ფ. 348-349).
საკასაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 10 მარტის განჩინებით, თავდაპირველად წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის მოთხოვნების პროპორციულად განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟის - 813.52 ლარის გადახდისა და დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარმოდგენის საფუძველზე, საკასაციო საჩივარი მიღებული იქნა წარმოებაში, დასაშვებობის შესამოწმებლად.
შესაბამისად, ნაცვლად 1097.86 ლარისა, კასატორის მიერ გადახდილია 813.52 ლარი, ანუ 284.34 ლარით ნაკლები (1097.86-813.52=284.34).
ვინაიდან, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორისათვის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის საფუძველზე დასაბრუნებელი ბაჟის ოდენობა უნდა განისაზღვროს 484.16 ლარით, სახელდობრ: დავის საგნის ღირებულების - 21957.16 ლარის 5% არის 1097.86 ლარი, რომლის 70% არის 768.50 ლარი. ვინაიდან, კასატორმა საკასაციო სამართალწარმოებისთვის 1097.86 ლარის ნაცვლად გადაიხადა 813.52 ლარი, ანუ 284.34 ლარით ნაკლები ვიდრე უნდა გადაეხადა, კასატორს უნდა დაუბრუნდეს 1097.86 ლარის 70%-ს - 768.50 ლარს გამოკლებული 284.34 ლარი, რომელიც არის სხვაობა გადასახდელ 1097.84 ლარსა და 813.52 ლარს (1097.86-813.52=284.34) შორის.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შ.პ.ს. ,,დ.კ–ი"-ს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.
2. შ.პ.ს. "დ.კ–ს" (ს/ნ ........) გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან
(813.52 ლარი _ გადახდის თარიღი: 07.03.2023წ, გადამხდელის ბანკი: ს.ს. „ხალიკ ბანკი საქართველო“) დაუბრუნდეს 45 ლარი და 02 თეთრი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები : ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე
თეა ძიმისტარაშვილი