Facebook Twitter

№ა-4264-შ-111-2024

26 სექტემბერი, 2024 წ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),

რევაზ ნადარაია (მომხსენებელი), თამარ ზამბახიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – ს.ბ-გ–ე

განხილვის საგანი – თურქეთის რესპუბლიკის, სოკეს პირველი ინსტანციის სასამართლოს 2015 წლის 08 სექტემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა

დავის საგანი – განქორწინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თურქეთის რესპუბლიკის, სოკეს პირველი ინსტანციის სასამართლოს 2015 წლის 08 სექტემბრის გადაწყვეტილებით ს.ბ-გ–ე და ა. გ–ე განქორწინდნენ.

ს.ბ-გ–ემ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა დასახელებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 08 აგვისტოს განჩინებით შუამდგომლობა წარმოებაში იქნა მიღებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

ს.ბ-გ–ემ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა დასახელებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი აპოსტილით დამოწმებული სასამართლო გადაწყვეტილების შესწავლით ირკვევა, რომ თურქეთის რესპუბლიკის, სოკეს პირველი ინსტანციის სასამართლოს 2015 წლის 08 სექტემბრის გადაწყვეტილებით ს.ბ-გ–ე და ა.გ–ე განქორწინდნენ. სასამართლოს გადაწყვეტილებიდან ირკვევა, რომ იგი კანონიერ ძალაშია შესული. შუამდგომლობის ავტორი არის მოპასუხე მხარე, რომელიც დაეთანხმა განქორწინებას. საქმეში წარმოდგენილი პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლით დასტურდება, რომ შუამდგომლობის ავტორი საქართველოს მოქალაქეა.

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი პუნქტით, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.

საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის თანახმად, საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ წესებს აქვთ უპირატესი იურიდიული ძალა ამ კანონით განსაზღვრულ წესებთან შედარებით.

საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო, სავაჭრო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ ხელშეკრულების 23-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლო ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებას არ განიხილავს არსებითად, არამედ ამოწმებს მხოლოდ მის საერთაშორისო ხელშეკრულებასთან შესაბამისობის საკითხს.

საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო, სავაჭრო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ ხელშეკრულების მე-20 მუხლით გათვალისწინებულია იმ პირობების ჩამონათვალი, რომელთა არსებობისას შესაძლებელია მოცემული ხელშეკრულების მონაწილე ერთი მხარის მიერ მეორე მხარის სასამართლოს გადაწყვეტილებების ცნობა (გადაწყვეტილებათა ცნობა მეორე მხარის მიერ შესაძლებელია მხოლოდ შემდეგი პირობების არსებობისას: ა) თუ გადაწყვეტილება, გამოტანილი ერთ–ერთი მხარის მიერ, საბოლოოა და ექვემდებარება აღსრულებას მის ტერიტორიაზე; ბ) თუ გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლო ხელშეკრულების მონაწილე შემსრულებელი მხარის კანონმდებლობით ჩაითვლება კომპეტენტურად აღნიშნული საკითხის გადაწყვეტაში; გ) თუ პირი, რომელიც გამოძახებულია სასამართლოში, ხელშეკრულების მონაწილე გადაწყვეტილების გამომტანი მხარის კანონმდებლობის შესაბამისად სათანადო წესით გაფრთხილებული იყო ამის შესახებ უწყების ჩაბარების გზით; დ) თუ პროცესის მხარეები სარგებლობდნენ დაცვის უფლებით, აგრეთვე შესაბამისი წესით ეცნობათ სასამართლოში გამოცხადების აუცილებლობის შესახებ და შესაძლებლობა ჰქონდათ ჰყოლოდათ წარმომადგენლები იმ შემთხვევაში, თუ თავად მოკლებულ იყვნენ თავის დაცვის ან სარჩელის წაყენების შესაძლებლობას; ე) თუ იმავე სამართლებრივ დავაზე, იმავე მხარეებს შორის ხელშეკრულების მონაწილე იმ მხარის ტერიტორიაზე, სადაც უნდა მოხდეს გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება, არ არსებობს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება; ვ) თუ იმავე მხარეებს შორის, იმავე საკითხზე და იმავე მიზეზებით შემსრულებელ მხარის ტერიტორიაზე არ მიმდინარეობს სასამართლო პროცესი; ზ) გადაწყვეტილების აღსრულება ხორციელდება ხელშეკრულების მონაწილე იმ მხარის კანონმდებლობით, რომელიც ცნობს და აღასრულებს მას. ასეთი გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება მოხდება შემდეგ შემთხვევებში: 1. ასეთი კანონი გამოყენებულ იქნა მართებულად; 2. იმ მონაწილე მხარის კანონმდებლობა, რომელიც ცნობს და აღასრულებს გადაწყვეტილებას პრინციპულად არ განსხვავდება მეორე მხარის კანონმდებლობისაგან. 3. ასეთი გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება იმ მხარის კანონმდებლობის ძირითადი პრინციპებს და საჯარო წესრიგს, სადაც უნდა მოხდეს გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება).

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოთ დასახელებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს. შესაბამისად, თურქეთის რესპუბლიკის, სოკეს პირველი ინსტანციის სასამართლოს 2015 წლის 08 სექტემბრის გადაწყვეტილება ს.ბ-გ–ესა და ა. გ–ეს შორის რეგისტრირებული ქორწინების შეწყვეტის შესახებ ცნობილ უნდა იქნეს საქართველოს ტერიტორიაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო, სავაჭრო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ“ ხელშეკრულების 20-ე მუხლთ, „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მულებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ს.ბ-გ–ეს შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას თურქეთის რესპუბლიკის, სოკეს პირველი ინსტანციის სასამართლოს 2015 წლის 08 სექტემბრის გადაწყვეტილება, ს.ბ-გ–ესა და ა.გ–ეს განქორწინების თაობაზე.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძე

მოსამართლეები: რევაზ ნადარაია

თამარ ზამბახიძე