№ა-4440-შ-115-2024
26 სექტემბერი, 2024წ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),
რევაზ ნადარაია (მომხსენებელი), თამარ ზამბახიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – გ.ა–ი (გ.თ–ი)
განხილვის საგანი – ამერიკის შეერთებული შტატების, ნიუ იორკის შტატის, ქალაქ ნიუ იორკის სამოქალაქო სასამართლოს 2011 წლის 19 იანვრის გადაწყვეტილების (ბრძანების) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა
დავის საგანი – გვარის შეცვლა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ამერიკის შეერთებული შტატების, ნიუ იორკის შტატის, ქალაქ ნიუ იორკის სამოქალაქო სასამართლოს 2011 წლის 19 იანვრის ბრძანებით დადგინდა, რომ გ.ა–ს შეეცვალა გვარი და გახდა თ–ი.
გ.ა–მა (გ.თ–ი) შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა დასახელებული ბრძანების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 22 აგვისტოს განჩინებით შუამდგომლობა წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
გ.ა–მა (გ.თ–ი) შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ამერიკის შეერთებული შტატების, ნიუ იორკის შტატის, ქალაქ ნიუ იორკის სამოქალაქო სასამართლოს 2011 წლის 19 იანვრის გადაწყვეტილების (ბრძანების) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი აპოსტილით დამოწმებული ამერიკის შეერთებული შტატების, ნიუ იორკის შტატის, ქალაქ ნიუ იორკის სამოქალაქო სასამართლოს 2011 წლის 19 იანვრის გადაწყვეტილების (ბრძანების) შესწავლით ირკვევა, რომ გ.ა–ს შეეცვალა გვარი და გახდა თ–ი. საქმის მასალებით, მათ შორის გ.თ–ის ამერიკის შეერთებული შტატების პასპორტის ასლით, დასტურდება, რომ ზემოაღნიშნული ბრძანების დებულებები რეგისტრირებულია ამერიკის შეერთებულ შტატებში.
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი პუნქტით, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება, თუ: ა) საქმე საქართველოს განსაკუთრებულ კომპეტენციას განეკუთვნება; ბ) გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად მხარე უწყების ჩაბარების გზით არ იქნა გაფრთხილებული სასამართლოში გამოძახების თაობაზე ან მოხდა სხვა საპროცესო დარღვევები; გ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე სამართლებრივ დავაზე არსებობს საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან მესამე ქვეყნის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელიც ცნობილ იქნა საქართველოში; დ) უცხო ქვეყნის სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად კომპეტენტურად არ ითვლება; ე) უცხო ქვეყანა არ ცნობს საქართველოს სასამართლო გადაწყვეტილებებს; ვ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე საკითხზე და ერთი და იმავე საფუძვლით საქართველოში მიმდინარეობს სასამართლო პროცესი; ზ) გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოთ დასახელებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს. შესაბამისად, ამერიკის შეერთებული შტატების, ნიუ იორკის შტატის, ქალაქ ნიუ იორკის სამოქალაქო სასამართლოს 2011 წლის 19 იანვრის გადაწყვეტილება (ბრძანება), რომლითაც დადგინდა, რომ გ.ა–ს შეეცვალა გვარი და გახდა თ–ი, ცნობილ უნდა იქნეს საქართველოს ტერიტორიაზე.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მულებით და
დაადგინა:
1. გ.ა–ის (გ.თ–ი) შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას ამერიკის შეერთებული შტატების, ნიუ იორკის შტატის, ქალაქ ნიუ იორკის სამოქალაქო სასამართლოს 2011 წლის 19 იანვრის გადაწყვეტილება (ბრძანება), რომლითაც გ.ა–ის გვარი შეიცვალა გვარით - „თ–ი“.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძე
მოსამართლეები: რევაზ ნადარაია
თამარ ზამბახიძე