Facebook Twitter

№ას-1084-2023

12 აპრილი, 2024 წელი თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),

რევაზ ნადარაია (მომხსენებელი), თამარ ზამბახიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები – ი.ბ–ია, ც.გ–ა, ა.გ–ა, ს.თ–ი (მოპასუხეები)

მოწინააღმდეგე მხარე – ლ.ფ–ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 30 მაისის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ლ.ფ–მა (შემდეგში - მოსარჩელე, მოწინააღდეგე მხარე) სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში ი.ბ–იას, ც.გ–ას, ა.გ–ასა და ს.თ–ის (შემდეგში - მოპასუხეები, კასატორები) მიმართ, შემდეგი სასარჩელო მოთხოვნით:

1.1.მოპასუხეებს: ი.ბ–იას, ა.გ–ას, ც.გ–ასა და ს.თ–ს სოლიდარულად დაეკისროთ ლ.ფ–ის სასარგებლოდ 2017 წლის 01 ივნისიდან მიუღებელი შემოსავლის სახით, ბინის ყოველთვიური ქირის საფასური 500 ლარის ოდენობით, ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

2. მოპასუხეებმა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნეს.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილებით, ლ.ფ–ის სარჩელი მოპასუხეების: ი.ბ–იას, ა.გ–ას, ც.გ–ასა და ს.თ–ის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე, დაკმაყოფილდა; მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ, სოლიდარულად დაეკისრათ 2017 წლის 01 ივნისიდან, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 30 იანვრის (საქმე N2/14170-17) გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველთვიურად 500 ლარისა და მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 590 ლარის გადახდა; მოსარჩელეს დაუბრუნდა მის მიერ ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 480 ლარის ოდენობით.

4. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

5.1.თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 30 მაისის გადაწყვეტილებით, ი.ბ–იას, ა.გ–ას, ც.გ–ას და ს.თ–ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ლ.ფ–ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; შეიცვალა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტი და ჩამოყალიბდა შემდეგი სახით: მოპასუხეებს ი.ბ–იას, ა.გ–ას, ც.გ–ასა და ს.თ–ს მოსარჩელე ლ.ფ–ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 2017 წლის 01 ივნისიდან ყოველთვიურად 500 ლარის გადახდა, საიდანაც ი.ბ–იას და ა.გ–ასთვის 500 ლარის დარიცხვა უნდა განხორციელებულიყო თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 30 ივნისის (საქმე N2/14170-17) გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ხოლო ც.გ–ასა და ს.თ–ისათვის 500 ლარის დარიცხვა უნდა განხორციელებულიყო 2022 წლის 02 ივნისამდე (თბილისის სააღსრულებო ბიუროსთვის განცხადებით მიმართვის თარიღი); მოპასუხეებს, ასევე, სოლიდარულად დაეკისრათ მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 590 ლარის გადახდა; ი.ბ–იას და ა.გ–ას სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრათ 420 ლარის გადახდა.

6. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:

6.1.სააპელაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

6.1.1. 2017 წლის 29 მაისის საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, უძრავი ქონება, მდებარე: ქ.თბილისი, .........., რეგისტრირებული საკადასტრო კოდით: N..........., დაზუსტებული ფართობი - 137.36 კვ.მ, ირიცხება მოსარჩელე ლ.ფ–ის საკუთრებაში.

6.1.2. მოპასუხეები - ი.ბ–ია, ა.გ–ა, ც.გ–ა და ს.თ–ი, 2017 წლის 01 ივნისიდან, სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობდნენ და სარგებლობდნენ მოსარჩელის საკუთრებაში მყოფი უძრავი ქონებით, მდებარე: ქ.თბილისი, ............, რეგისტრირებული საკადასტრო კოდით: N.........., დაზუსტებული ფართობი - 137.36 კვ.მ.

6.1.3. მოსარჩელემ 2017 წლის 01 ივნისს, სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სადავო ბინის მოპასუხეების უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის თაობაზე. 2019 წლის 30 იანვრის თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხეების: ი.ბ–იას, ა.გ–ას, ც.გ–ასა და ს.თ–ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა უძრავი ნივთი, მდებარე: ქ.თბილისი, ..........., რეგისტრირებული საკადასტრო კოდით: N........., დაზუსტებული ფართობი - 137.36 კვ.მ.

6.1.4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილება, მოპასუხეების მიერ გასაჩივრებულ იქნა თბილისის სააპელაციო სასამართლოში. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 13 ივნისის განჩინებით, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილება, ხოლო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 06 დეკემბრის განჩინებით, მოპასუხეების საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი.

6.1.5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 30 იანვრის განჩინება, შევიდა კანონიერ ძალაში და 2020 წლის 11 თებერვალს, ამოიწერა სააღსრულებო ფურცელი. მოპასუხეები, დღეის მდგომარეობითაც უარს აცხადებენ ფართის გათავისუფლებაზე, ბინის მესაკუთრის, ლ.ფ–ის სასარგებლოდ.

6.1.6. სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის ეტაპზე, აპელანტმა ც.გ–ამ წარმოადგინა თბილისის სააღსრულებო ბიუროსთვის მიმართული წერილობითი განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ სადავო ბინაში მდებარე: ქ. თბილისი, .........., საკადასტრო კოდით N.........., არასოდეს უცხოვრიათ და არც ამჟამად ცხოვრობენ. შესაბამისად, 2019 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილება ვერ აღსრულდება მათთან მიმართებაში ვინაიდან, არ არსებობს აღსასრულებელი მოთხოვნის საგანი.

6.1.7. თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ, განცხადება რეგისტრირებულია 2022 წლის 03 ივნისს.

6.2. საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ თუკი მოსარჩელემ მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების უკანონო მფლობელობის გამო დაკარგა გარკვეული სიკეთის მიღების შესაძლებლობა, ვინაიდან მან ვერ ისარგებლა საკუთარი ქონებით, მას უფლება ჰქონდა ამოეღო ეს ქონება ხელმყოფისაგან. სწორედ აღნიშნული ქონებრივი წონასწორობის აღდგენას ემსახურებოდა სამოქალაქო კოდექსის 982-ე მუხლი, რომლის თანახმად, ხელმყოფმა უნდა გაუთანაბროს უფლების მქონე პირს მის უფლებაში ჩარევა. გათანაბრების ოდენობის განსაზღვრის საკითხთან დაკავშირებით, სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ერთ-ერთ საქმეზე, სადაც საკასაციო სასამართლომ განმარტა შემდეგი: „საყურადღებოა შესრულების კონდიქციის რეგულირების მექანიზმი, კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 979-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უკან დაბრუნების მოთხოვნა ვრცელდება შეძენილზე, მიღებულ სარგებელზე, ასევე სხვა ყველაფერზე, რაც მიმღებმა შეიძინა მიღებული საგნის განადგურების, დაზიანების ან ჩამორთმევის სანაცვლო ანაზღაურების სახით... იმის გათვალისწინებით, რომ „შესრულების დაბრუნება“ (მოპასუხის მიერ სადავო უძრავი ქონების უკანონო სარგებლობით მიღებული სიკეთე) შეუძლებელია, ზემოხსენებული ნორმის მე-2 ნაწილის თანახმად, უფლების მქონე პირმა (მოსარჩელემ) შეიძლება გამოიყენოს ღირებულების ანაზღაურების მოთხოვნა, რაც შეიძლება დადგინდეს მსგავსი უძრავი ქონების ქირის ოდენობით. ამავე გადაწყვეტილებაში საკასაციო პალატამ განმარტა, რომ ზემოხსენებული ფაქტობრივი წინაპირობების დადგენის შემთხვევაში, სამართლებრივი შეფასებისას ინტერესს იწვევს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 164-ე მუხლი, რომლის თანახმად, არაკეთილსინდისიერმა მფლობელმა უფლებამოსილ პირს უნდა დაუბრუნოს, როგორც ნივთი, ასევე, მიღებული სარგებელი, ნივთის ან უფლების ნაყოფი. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 164-ე მუხლის გამოყენების უპირატესობა, რადგან „მიღებული სარგებლის“ დაბრუნება შეუძლებელია, კერძოდ, მოცემულ შემთხვევაში „მიღებულ სარგებელს“ წარმოადგენს სადავო უძრავი ქონებით სარგებლობა, რაც შესაძლებელია გამდიდრების გათანაბრების ოდენობასთან დაკავშირებული სამართლებრივი დანაწესების გამოყენებით, რომლის თაობაზეც ზემოთ უკვე აღინიშნა“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 05 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Nას-472-448-2013).

6.3. ასევე, სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლზე (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება) და განმარტა, რომ ზიანი პასუხისმგებელმა სუბიექტმა უნდა აანაზღაუროს სრულად. მოსარჩელისათვის ასანაზღაურებელი და მოპასუხეების მიერ დაზოგილი ხარჯების ტოლფასი თანხა, მოცემულ შემთხვევაში, შეიძლება დადგენილიყო ანალოგიურ ვითარებაში, ლ.ფ–ის მიერ, მისსავე საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების განკარგვისა და სხვა პირებთან გაფორმებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოპასუხის მიერ უძრავი ქონების გამოყენებისა და სარგებლობისათვის გადასახდელი თანხის ოდენობით. ამ მიმართებით, დადგენილი იყო, რომ მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე: ქ.თბილისი, .........., საკადასტრო კოდი N........., გაქირავების შემთხვევაში, ყოველთვიური ქირის ღირებულება განისაზღვრებოდა 500 ლარის ოდენობით.

6.4. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აპელანტების - ც.გ–ასა და ს.თ–ის მიერ წარმოდგენილი განცხადებით დასტურდებოდა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ თბილისის სააღსრულებო ბიუროსთვის განცხადებით მიმართვის შემდგომ (2022 წლის 02 ივნისი), აღარ უსარგებლიათ სადავო ბინით, შესაბამისად, ამ პერიოდიდან აღარ არსებობდა მათ მიმართ აღსასრულებელი მოთხოვნა და გადაწყვეტილების შეცვლით უნდა შეწყვეტილიყო თანხის დარიცხვა. ასეთი გარემოების მითითების შემთხვევაში, მტკიცების განაწილების სტანდარტიდან გამომდინარე, მტკიცების ტვირთი იმისა, რომ დღეის მდგომარეობითაც ც.გ–ა და ს.თ–ი აგრძელებდნენ სადაო ქონების უკანონო ფლობას, ეკისრებოდა მოწინააღმდეგე მხარეს, რომელმაც ვერ ზიდა აღნიშნული და მხოლოდ საწინააღმდეგოს განმარტებით შემოიფარგლა, რაც პალატამ არ მიიჩნია წონად მტკიცებულებად.

7. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა - ი.ბ–იამ, ც.გ–ამ, ა.გ–ამ და ს.თ–მა, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 06 დეკემბრის განჩინებით, წარმოებაში იქნა მიღებული ი.ბ–იას, ც.გ–ას, ა.გ–ასა და ს.თ–ის საკასაციო საჩივარი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

9. საკასაციო მოთხოვნის ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:

9.1. კასატორების მითითებით, სასამართლომ ვერ დაასაბუთა, რომ ი.ბ–ია და ო.გ–ა არამართლზომიერი მოსარგებლეები არიან; სასამართლომ არ გაითვალისწინა ფაქტი იმის შესახებ, რომ ი.ბ–ია და ო.გ–ა წარმოადგენენ სადაო საცხოვრებელი ბინის მართლზომიერ მფლობელებს, ხოლო ც.გ–ას და ს.თ–ს საერთოდ არ უცხოვრით სადაო ბინაში. ც.გ–ას და ს.თ–ს მიერ წარდგენილ იქნა მტკიცებულებები იმის შესახებ, რომ მათ სხვა საცხოვრებელი ადგილი გააჩნიათ და რაიმე კავშირი სადაო ბინასთან არ ქონიათ. სასამართლოს უნდა დაედგინა ფაქტი იმის შესახებ, რომ მათ არასდროს უცხოვრიათ სადაო ბინაში და სწორედ ამიტომ მიმართეს სააღსრულებო ბიუროს შესაბამისი წერილით. ამასთან, კასატორი მიუთითებს, რომ ი.ბ–იას აძღრული აქვს სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოში ადმინისტრაციული წესით - სადაო ბინის საკუთრებაში რეგისტრაციის შესახებ ადმინისტრაციული აქტების ბათილად ცნობის, ხოლო სამოქალაქო წესით - ლ.ფ–ისათვის სადაო ბინის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და სადაო ბინაზე მესაკუთრედ ცნობის მოთხოვნით. ორივე საქმე სასამართლოს განხილვაშია და საბოლოოდ გადაწყვეტილება მიღებული არ არის, ანუ, შედავებულია სადაო ბინის საკუთრების უფლება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

10. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

11. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ნორმის დანაწესით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

12. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

13. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

14. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ხოლო, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლო გადაწყვეტილებებსა და სხდომის ოქმებში. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები. შესაბამისად, წინამდებარე განჩინებით, საკასაციო პალატის შეფასების საგანი იქნება კასატორის შედავების საფუძვლიანობა.

15. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატის მსჯელობის საგანია, მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონებით უკანონოდ სარგებლობის გამო, მოპასუხეთა უსაფუძვლოდ გამდიდრების წინაპირობების შემოწმება.

16. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ მოცემული დავის გადაწყვეტისას, სწორად იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 982-ე მუხლის პირველი ნაწილით, რომლის შესაბამისადაც, პირი, რომელიც ხელყოფს მეორე პირის სამართლებრივ სიკეთეს მისი თანხმობის გარეშე განკარგვის, დახარჯვის, სარგებლობის, შეერთების, შერევის, გადამუშავების ან სხვა საშუალებით, მოვალეა აუნაზღაუროს უფლებამოსილ პირს ამით მიყენებული ზიანი.

17. საკასაციო სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაშია განმარტებული, რომ ხელყოფის კონდიქცია ჰგავს დელიქტური ვალდებულებიდან წარმოშობილი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნას, მაგრამ იგი წინაპირობად არ აყენებს ბრალეულობას. ხელყოფის მოთხოვნის წამოყენების საფუძველი ხელყოფის არამართლზომიერებაში მდგომარეობს, რადგან თავად მოქმედება აკრძალული არ არის (ამ შემთხვევაში საქმე გვექნებოდა დელიქტთან და ზარალის ანაზღაურების მოთხოვნასთან), არამედ გადამწყვეტი გარემოება არის ის, რომ მოპოვებული ქონებრივი შეღავათი სხვას ეკუთვნოდა. ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის თანახმად, განსახილველი ნორმით გათვალისწინებული „ზიანი“ წარმოადგენს არა ზიანის ანაზღაურების შემთხვევას, არამედ, საქმე გვაქვს გამდიდრების გათანაბრებასთან, ანუ, სსკ-ის 982-ე მუხლში მითითებულ ზიანში იგულისხმება გამდიდრების გათანაბრების შემთხვევა (სუსგ-ები:12.01.2018წ. საქმე №ას-1006-927-2017, 22.09.17წ. საქმე №ას-852-796-2017, 5.12.2013წ. საქმე №ას-472-448-2013). ამ შემთხვევაში ყურადსაღებია, რომ განსახილველი ნორმა მოცემულია უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტით, რაც მიგვითითებს ამ ნორმით გათვალისწინებული ზიანის გათანაბრებაზე უსაფუძვლო გამდიდრებასთან, ანუ როგორც ხელყოფის კონდიქციისათვის არის დამახასიათებელი, ამ ნორმით გათვალისწინებული იურიდიული შედეგი არის ის, რომ ხელმყოფმა უნდა გაუთანაბროს უფლების მქონე პირს მის უფლებაში ჩარევა. აქედან გამომდინარე, ამ ნორმაში მითითებულ ზიანში იგულისხმება, მიღებულის დაბრუნების შეუძლებლობის შემთხვევაში, მისი ღირებულების ანაზღაურება (სუსგ ას-472-448-2013, 27.01.2015წ. საქმე №ას-308-293-2013, 30.05.2017წ. საქმე №ას-197-186-2017).

18. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ დაადგინა მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმით გათვალისწინებული, სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა ფაქტობრივი გარემოება და სამართლებრივი წინაპირობა, კერძოდ: მხარეთა შორის სახელშეკრულებო ურთიერთობა არ არსებობს; მოსარჩელე სადავო უძრავი ქონების რეგისტრირებული მესაკუთრეა; ამ ქონებით სარგებლობდნენ მოპასუხეები; მოპასუხეებს არც მესაკუთრისაგან და არც კანონის საფუძველზე არ ჰქონდათ მინიჭებული შესაბამისი უფლებამოსილება; მათ დაზოგეს საკუთარი ფულადი სახსრები, როდესაც არ იხდიდნენ შესაბამისი უძრავი ქონებით სარგებლობის საფასურს, ანუ გამდიდრდნენ მოსარჩელის ხარჯზე; მოპასუხეთა მხრიდან განხორციელდა მოსარჩელის, როგორც მესაკუთრის უფლების ხელყოფა, ესარგებლა კუთვნილი ქონებით, რითაც ამ უკანასკნელს მიადგა შესაბამისი ოდენობით ზიანი. აღსანიშნავია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას ამ ფაქტობრივ გარემოებათა და სამართლებრივ წინაპირობათა საწინააღმდეგოდ.

19. საკასაციო პალატის მოსაზრებით, საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველი ვერ გახდება კასატორების მითითება მასზედ, რომ ი.ბ–ია და ო.გ–ა წარმოადგენენ სადავო საცხოვრებელი ბინის მართლზომიერ მფლობელებს. აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა პირველ რიგში განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების შეფასების საგანს არ წარმოადგენდა და არც საკასაციო პალატის მსჯელობის საგანია ო.გ–ას მართლზომიერი მფლობელობის ფაქტის დადგენა, რამეთუ წინამდებარე საქმეზე, მოპასუხე პირებს წარმოადგენენ ი.ბ–ია, ც.გ–ა, ა.გ–ა და ს.თ–ი. მოსარჩელის კუთვნილ უძრავ ქონებაზე ამ მოპასუხეთა მფლობელობის არამართლზომიერება (სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობა) კი, დადგენილია როგორც მიმდინარე დავის საქმის მასალების (სარჩელი, შესაგებელი, ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მხარეთა ახსნა-განმარტებები), ასევე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილებით, რომლითაც საბოლოო ჯამში, ოთხივე მოპასუხის უკანონო ფლობელობიდან სადავო უძრავი ქონების გამოთხოვის შესახებ მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის საჭირო წინაპირობების არსებობა დადგინდა. აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული და შესაბამისად, პრეიუდიციული მნიშვნელობისაა როგორც მისი სარეზოლუციო ნაწილი, ასევე ის ფაქტობრივი გარემოებები, რომლებმაც სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი განსაზღვრეს.

20. რაც შეეხება კასატორების არგუმენტს მასზედ, რომ ი.ბ–იას აძღრული აქვს სარჩელი ადმინისტრაციული წესით - სადავო ბინის საკუთრებაში რეგისტრაციის შესახებ ადმინისტრაციული აქტების ბათილად ცნობის, ხოლო, სამოქალაქო წესით - ლ.ფ–ისათვის სადავო ბინის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და სადავო ბინაზე მესაკუთრედ ცნობის მოთხოვნით, ანუ შედავებულია სადავო ბინის საკუთრების უფლება, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მარტოოდენ გასაჩივრების ფაქტი არ აჩერებს საჯარო რეესტრის ჩანაწერების უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფციის მოქმედებას (სსკ-ის 312-ე მუხლის 1-ლი ნაწილი), თუ არ დადასტურდა უფლების ნამდვილობის ხარვეზი თავად გარიგების მხარეთა მიერ ან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით. მანამდე ივარაუდება, რომ რეგისტრაციის შედეგად განხორციელებული ჩანაწერი სწორია და შესაბამისად, უფლება ნამდვილი (იხ. შოთაძე თ., სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი II, 2018, თბილისი, სსკ-ის 312-ე მუხლის კომენტარი, გვ. 628).

21. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოსარჩელე სადავო უძრავი ქონების მესაკუთრეა და თუნდაც მის წინააღმდეგ დაწყებული იყოს სასარჩელო წარმოება, იმ პირობებში, როდესაც საკუთრების მოპოვების უკანონობის თაობაზე პრეტენზიას საფუძველს არ უმყარებს სარჩელის სრულად ან ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ სასამართლო გადაწყვეტილება (თუნდაც კანონიერ ძალაში შეუსვლელი), მხოლოდ სარჩელის წარდგენის ფაქტი, ვერ გადაწონის კანონმდებლის ნორმატიული ნებით დაცულ ფაქტს - რეგისტრირებული საკუთრების სისწორესა და უტყუარობას (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 13 აპრილის №ას-1544-2022 განჩინება). შესაბამისად, კასატორების მიერ მოხმობილი გარემოებები (სადავო ქონებაზე მოსარჩელის საკუთრების უფლების საწინააღმდეგოდ შეტანილ სარჩელებთან მიმართებით) ვერ გახდება საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო კონვენციებით აღიარებული ისეთი უფლების ხელყოფის საფუძველი, როგორიცაა საკუთრების უფლება.

22. ასევე, დაუშვებელია კასატორების პრეტენზია იმის შესახებ, რომ ც.გ–ასა და ს.თ–ს არასდროს უცხოვრიათ სადაო ბინაში, რამეთუ 2019 წლის 30 იანვრის თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, უდავოდ დგინდება, რომ სარჩელი დაკმაყოფილდა ოთხივე მოპასუხის მიმართ და მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონება (მდებარე: ქ.თბილისი, .........., რეგისტრირებული საკადასტრო კოდით: N..........., დაზუსტებული ფართობი - 137.36 კვ.მ.) გამოთხოვილ იქნა ი.ბ–იას, ა.გ–ას, ც.გ–ასა და ს.თ–ის უკანონო მფლობელობიდან. შესაბამისად, უდავოდ დადგენილია, რომ მოსარჩელის კუთვნილ ქონებას როგორც მოპასუხეები - ი.ბ–ია და ა.გ–ა, ასევე, მოპასუხეები - ც.გ–ა და ს.თ–იც ფლობდნენ. ამასთან, გასაზიარებელია სააპელაციო პალატის მითითება მასზედ, რომ ც.გ–ასა და ს.თ–ის მიერ, სააღსრულებო ბიუროში წარმოდგენილი განცხადებით, დასტურდება მხოლოდ ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მათ სადავო უძრავი ქონებით აღარ უსარგებლიათ თბილისის სააღსრულებო ბიუროსთვის განცხადებით მიმართვის შემდგომ (2022 წლის 02 ივნისი); შესაბამისად, ამ უკანასკნელთათვის, შეფასების ანგარიშით განსაზღვრული ოდენობით ქირის დარიცხვის პერიოდად, მართებულად განისაზღვრა უძრავი ქონებიდან გამოსახლების მოთხოვნით აღძრული სარჩელის სასამართლოში შეტანის თარიღიდან (2017 წლის 01 ივნისიდან) - თბილისის სააღსრულებო ბიუროსთვის განცხადებით მიმართვის თარიღამდე (2022 წლის 02 ივნისამდე) პერიოდი.

23. რაც შეეხება კასატორების არგუმენტს მასზედ, რომ ისინი სააპელაციო სასამართლოში უზრუნველყოფის ღონისძიების შესახებ განჩინების გასაჩივრების დროსაც მიუთითებდნენ, რომ ც.გ–ა და ს.თ–ი არ ცხოვრობდნენ სადაო ბინაში, რის გამოც ქირის გადახდა უნდა განსაზღვრულიყო თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 30 იანვრის მდგომარეობით, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ამ გარემოების დასადასტურებლად, შემდავებლებს სასამართლოსათვის იმგვარი დასაშვები მტკიცებულება უნდა წარედგინათ, რომელიც უცილობლად სარწმუნოს გახდიდა მათი პოზიციის სისწორეს. ასეთ მტკიცებულებად კი, მხოლოდ „მითითება“ არ განიხილება, რადგან კასატორები პროცესის შედეგით დაინტერესებული მხარეები არიან და შესაბამისად, მათი ახსნა-განმარტება, თუ გამყარებული არ არის სხვა რელევანტური მტკიცებულებებით, სანდოობისა და ობიექტურობის ტესტს ვერ ლახავს.

24. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორებს სააპელაციო პალატის მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენიათ დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია; ამასთან, არ წარუდგენიათ არც ერთი არგუმენტი და დასაბუთებული შედავება, თუ რა საფუძვლით უნდა იქნეს არსებითად განსახილველად და დასაშვებად ცნობილი წარმოდგენილი საკასაციო განაცხადი.

25. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა საქმეში არსებული სადავო საკითხი; ამასთან, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორები მიუთითებენ რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

26. კასატორებმა ვერ დაასაბუთეს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება წინააღმდეგობაში მოდის მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და მის დამატებით ოქმთან/ოქმებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან.

27. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

28. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან, რომელთა ნაწილიც ასახულია წინამდებარე განჩინებაში.

29. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

30. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. შესაბამისად, ი.ბ–იას, ც.გ–ას, ა.გ–ასა და ს.თ–ს უნდა დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივარზე ც.ს–ძის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 900 ლარის 70% – 630 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ი.ბ–იას, ც.გ–ას, ა.გ–ასა და ს.თ–ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის გამო.

2. ი.ბ–იას (........), ც.გ–ას (........), ა.გ–ასა (........) და ს.თ–ს (.........) დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივარზე ც.ს–ძის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 900 ლარის (საგადახდო დავალება N19537030564, გადახდის თარიღი 27.11.2023) 70% – 630 ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძე

მოსამართლეები: რევაზ ნადარაია

თამარ ზამბახიძე