№ას-247-2024
10 ოქტომბერი, 2024 წელი თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
რევაზ ნადარაია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე, ლაშა ქოჩიაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები – დ.ს–ო, გ.ა–ძე (მოპასუხეები)
მოწინააღმდეგე მხარე – ჯ.ს–ვა (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 31 იანვრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან უძრავი ქონების გამოთხოვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ჯ.ს–ვამ (შემდგომში - მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში დ.ს–ოსა და გ.ა–ძის (შემდეგში - მოპასუხეები, კასატორები) მიმართ შემდეგი სასარჩელო მოთხოვნებით:
1.1. მოპასუხეების - დ.ს–ოსა და გ.ა–ძის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნას უძრავი ქონება მდებარე: ქ. ბათუმი, ......, ს/კ N......... და აღნიშნული ქონება მოსარჩელე ჯ.ს–ვას გადაეცეს გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში;
1.2. სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
2. მოპასუხეებმა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნეს.
3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 30 მაისის გადაწყვეტილებით, დაკმაყოფილდა მოსარჩელე ჯ.ს–ვას სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხეების - დ.ს–ოსა და გ.ა–ძის მიმართ, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე; მოპასუხეების - დ.ს–ოსა და გ.ა–ძის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა ჯ.ს–ვას საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე: ქ. ბათუმი, ........, ს/კ N......... და დადგინდა, რომ აღნიშნული ფართი თავისუფალ მდგომარეობაში ჩაბარდეს მოსარჩელე ჯ.ს–ვას; სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მიექცა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
4. პირველი ინსტანციის სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა - დ.ს–ომ და გ.ა–ძემ, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
5.1.ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 31 იანვრის განჩინებით, დ.ს–ოსა და გ.ა–ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 30 მაისის გადაწყვეტილება.
6. სააპელაციო სასამართლოს განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
6.1.სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და დამატებით დადგენილად მიიჩნია და მიუთითა საქმის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
6.1.1. 2014 წლის 23 აპრილიდან, ჯ.ს–ვას საკუთრებაში ირიცხება უძრავი ქონება, მდებარე: ქ. ბათუმი, ........., ს.კ. N.......
6.1.2. უძრავ ქონებას, ჯ.ს–ვას ნების საწინააღმდეგოდ, ფაქტობრივად ფლობენ მოპასუხეები - დ.ს–ო და გ.ა–ძე.
6.1.3. დ.ს–ოსა და გ.ა–ძეს სადავო ქონების ფლობის/სარგებლობის სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნიათ.
6.1.4. სააპელაციო პალატის მითითებით, მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობა გამომდინარეობდა სანივთო უფლებიდან. იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურდა, კერძოდ, უკანონო მფლობელობიდან უძრავი ქონების გამოთხოვის თაობაზე მოთხოვნა სსკ-ის 170.1 (მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას) და 172.1 (მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება) მუხლებიდან გამომდინარეობდა.
6.1.5. სააპელაციო პალატამ მიუთითა არამფლობელი მესაკუთრის მიერ, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის დადგენილ წინაპირობებზე (ა. მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ. მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ. მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება) და დადგენილად მიიჩნია, რომ ჯ.ს–ვა წარმოადგენდა სადავო უძრავი ქონების მესაკუთრეს, რაც დასტურდებოდა საქმეში წარმოდგენილი ამონაწერით საჯარო რეესტრიდან, რომლის მიმართაც, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის თანახმად, მოქმედებდა უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლებოდა სწორად, ვიდრე არ დამტკიცდებოდა მათი უზუსტობა. ამავდროულად, სააპელაციო პალატამ აღნიშნა ისიც, რომ სამოქალაქო კოდექსის 185-ე და 312-ე მუხლებით მხარეთა შორის გადანაწილებული იყო მტკიცების ტვირთი. რეესტრის მონაცემთა უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია შემძენს უადვილებდა უფლების კანონიერების მტკიცების პროცესს. რეესტრის მონაცემთა უსწორობის თაობაზე გარემოებები მოდავე მხარეს უნდა ემტკიცებინა, რაც აპელანტების მიერ, მოცემულ შემთხვევაში, ვერ იქნა რეალიზებული.
6.1.6. სააპელაციო პალატამ ასევე აღნიშნა, რომ ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილების ერთ-ერთი აუცილებელ პირობას წარმოადგენდა, რომ მფლობელს არ ჰქონოდა ამ ნივთის ფლობის უფლება. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ აპელანტებმა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების შესაბამისად, ვერ შეძლეს თავისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებების წარდგენა, რომლითაც დადასტურდებოდა სადავო ნივთზე მათი მფლობელობის მართლზომიერება.
6.1.7. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დამატებითი ოქმის პირველი მუხლის პირველი აბზაცის თანახმად, ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს ჰქონდა თავისი საკუთრების შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. მხოლოდ საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შეიძლებოდა ვინმეს თავისი საკუთრება კანონითა და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით გათვალისწინებულ პირობებში ჩამორთმეოდა. პალატამ მიუთითა საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი პუნქტზე, რომლის თანახმად, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია.
6.1.8. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, სადავო ქონებას მოცემული მდგომარეობით ჰყავდა მხოლოდ ერთი მესაკუთრე - ჯ.ს–ვა და სწორედ ის ითხოვდა აპელანტების უკანონო მფლობელობიდან უძრავი ქონების გამოთხოვას.
6.1.9. სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 168-ე მუხლზე, ამავე კოდექსის 170-172-ე მუხლებით გათვალისწინებულ წინაპირობებზე და გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა მასზედ, რომ ჯ.ს–ვას სარჩელი საფუძვლიანი იყო, რის გამოც მართებულად დაკმაყოფილდა.
7. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა - დ.ს–ომ და გ.ა–ძემ, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 04 აპრილის განჩინებით, წარმოებაში იქნა მიღებული დ.ს–ოსა და გ.ა–ძის საკასაციო საჩივარი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
9. საკასაციო მოთხოვნის ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:
9.1. კასატორების მითითებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ ისე დააკმაყოფილა სასარჩელო მოთხოვნა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების ნაწილში, რომ არ უმსჯელია იმ გარემოებაზე, თუ რამდენად დასაბუთებული იყო ამ ნაწილში მოთხოვნა ფაქტობრივ-სამართლებრივი თვალსაზრისით.
9.2.კასატორების განმარტებით, ჯერ პირველი ინსტანციის სასამართლოს, ხოლო, შემდგომ სააპელაციო პალატის მიერ არასწორად იქნა დადგენილი, რომ მოპასუხეები არამართლზომიერად ფლობენ სადავო ქონებას.
9.3. კასატორების მოსაზრებით, სასამართლომ ისე ჩათვალა მოსარჩელე სადავო უძრავი ქონების მესაკუთრედ მარტოოდენ საჯარო რეესტრის ამონაწერის საფუძველზე, რომ არ უმსჯელია თუ რამდენად წარმოადგენდა იგი რეალურ მესაკუთრეს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
10. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
11. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ნორმის დანაწესით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
12. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
13. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
14. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ხოლო, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლო გადაწყვეტილებებსა და სხდომის ოქმებში. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები. შესაბამისად, წინამდებარე განჩინებით, საკასაციო პალატის შეფასების საგანი იქნება კასატორების შედავების საფუძვლიანობა.
15. განსახილველ შემთხვევაში, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის ფარგლებში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია მოპასუხეთა უკანონო მფლობელობიდან მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონების გამოთხოვის მართლზომიერება.
16. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალში, საკუთრების უფლება ფართოდაა განმარტებული და იგი მოიცავს მთელ რიგ ქონებრივ/ფულად უფლებებს, რომელიც საკუთრებიდან გამომდინარეობს. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში RYSOVSKYY v. UKRAINE განმარტა, რომ როდესაც სასწორზე დევს საზოგადოებრივი ინტერესი, განსაკუთრებით, როდესაც საქმე ეხება ადამიანის ფუნდამენტალურ უფლებებს, როგორიცაა მაგალითად საკუთრების უფლება, საჯარო ხელისუფლება უნდა მოქმედებდეს კეთილსინდისიერების ფარგლებში, სათანადოდ და რაც მთავრია, შესაბამისად (RYSOVSKYY v. UKRAINE, 2012).
17. ამასთან, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში – მარქსი ბელგიის წინააღმდეგ განმარტა შემდეგი: „იმის აღიარებით, რომ ყოველ ადამიანს აქვს თავისი საკუთრებით (ქონებით) შეუფერხებელი სარგებლობის უფლება, მუხლი პირველი არსებითად უზრუნველყოფს საკუთრების უფლებას. ეს არის სრულიად ცხადი წარმოდგენა, რომელსაც ტოვებს სიტყვები „საკუთრება“ და „საკუთრების გამოყენება“(მარქსი ბელგიის წინააღმდეგ, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება განაცხ. №6833/74, სტრასბურგი, 1979 წლის 13 ივნისი).
18. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სსკ-ის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით კი, განსაზღვრულია, რომ მესაკუთრეს შეუძლია, მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.
19. შესაბამისად, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.
20. სსკ-ის 168-ე მუხლის თანახმად, მესაკუთრის პრეტენზიის გამო, ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას. ამდენად, უნდა გამოიკვეთოს სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა წინაპირობა, რათა მოსარჩელეს უფლება ჰქონდეს, ნივთის მისთვის გადაცემა მოითხოვოს (სუსგ 03.02.2021წ. საქმე №ას-136-2019, 29.01.2021წ. საქმე №ას-1437-2020, 12.12.2016წ. №ას-1043-1004-2016).
21. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ სადავო უძრავი ქონების მესაკუთრედ საჯარო რეესტრში ირიცხება მოსარჩელე - ჯ.ს–ვა (ს.ფ. 16-17), თუმცა ფაქტობრივად ქონება მოპასუხეთა მფლობელობაშია.
22. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს სადავო გარემოებების მტკიცების გარკვეულ სტანდარტს.
23. სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
24. დასახელებული ნორმების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს. წინააღმდეგ შემთხვევაში მხოლოდ მოპასუხის ზეპირი განმარტება მოსარჩელის პოზიციას ვერ გადაწონის და მხარისათვის არახელსაყრელ მატერიალურ-სამართლებრივ შედეგს გამოიწვევს.
25. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ წარმოადგინა საჯარო რეესტრის ამონაწერი, რომლითაც დაადასტურა მისი საკუთრების უფლების არსებობა სადავო ქონებაზე. ასევე, უდავოა, რომ მოპასუხეები/კასატორები ფლობენ სადავო უძრავ ნივთს. შესაბამისად, სწორედ მოპასუხეებს/კასატორებს ეკისრებოდათ იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ მათი მფლობელობა მართლზომიერია. აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება კი, მოპასუხეებს/კასატორებს არ წარმოუდგენიათ.
26. საკასაციო საჩივარში მითითებულ იმ არგუმენტთან დაკავშირებით, რომ სასამართლომ ისე ჩათვალა მოსარჩელე სადავო უძრავი ქონების მესაკუთრედ მარტოოდენ საჯარო რეესტრის ამონაწერის საფუძველზე, რომ არ უმსჯელია თუ რამდენად წარმოადგენდა იგი რეალურ მესაკუთრეს, პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველი დავა ეხება უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვას და მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის საჭირო წინაპირობების არსებობა სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია. კერძოდ, უდავოა, რომ სადაო უძრავი ნივთის მესაკუთრედ საჯარო რეესტრში ირიცხება მოსარჩელე - ჯ.ს–ვა; სსკ-ის 312.1 მუხლის თანახმად კი, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. შესაბამისად, საწინააღმდეგოს დადასტურებამდე ივარაუდება, რომ სადავო უძრავი ნივთის მესაკუთრე მოსარჩელე ჯ.ს–ვაა. რაც შეეხება საწინააღმდეგოს დადასტურებას, ანუ, საკუთრების შეძენის კანონიერების საკითხს, აღნიშნული, მოცემული დავის განხილვისა და შეფასების საგანს არ წარმოადგენს.
27. რაც შეეხება კასატორების არგუმენტს მასზედ, რომ სასამართლომ ისე დააკმაყოფილა სასარჩელო მოთხოვნა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების ნაწილში, რომ არ უმსჯელია იმ გარემოებაზე, თუ რამდენად დასაბუთებული იყო ამ ნაწილში მოთხოვნა ფაქტობრივ-სამართლებრივი თვალსაზრისით, საკასაციო პალატა კასატორებს მიუთითებს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 03 ნოემბრის განჩინებაზე, რომლითაც მოპასუხეების - დ.ს–ოსა და გ.ა–ძის კერძო საჩივარი ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 30 მაისის გადაწყვეტილებაზე დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის ნაწილში, დარჩა განუხილველად ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო. შესაბამისად, გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის ნაწილში, შესულია კანონიერ ძალაში და აღნიშნული არ წარმოადგენს საკასაციო პალატის მსჯელობის საგანს.
28. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორებს სააპელაციო პალატის მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენიათ დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია; ამასთან, არ წარუდგენიათ არც ერთი არგუმენტი და დასაბუთებული შედავება, თუ რა საფუძვლით უნდა იქნეს არსებითად განსახილველად და დასაშვებად ცნობილი წარმოდგენილი საკასაციო განაცხადი.
29. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა საქმეში არსებული სადავო საკითხი; ამასთან, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორები მიუთითებენ რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
30. კასატორებმა ვერ დაასაბუთეს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება წინააღმდეგობაში მოდის მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და მის დამატებით ოქმთან/ოქმებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან.
31. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და განჩინება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
32. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან, რომელთა ნაწილიც ასახულია წინამდებარე განჩინებაში.
33. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
34. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. შესაბამისად, დ.ს–ოსა და გ.ა–ძეს უნდა დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 150 ლარის 70% – 105 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დ.ს–ოსა და გ.ა–ძის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის გამო.
2. დ.ს–ოსა (........) და გ.ა–ძეს (......) დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 150 ლარის (საგადახდო დავალება N21074367513, გადახდის თარიღი 22.03.2024) 70% – 105 ლარი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე რევაზ ნადარაია
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
ლაშა ქოჩიაშვილი