Facebook Twitter

საქმე №ას-682-2024

26 სექტემბერი, 2024 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),

რევაზ ნადარაია (მომხსენებელი), თამარ ზამბახიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – მ.კ–ია (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ვ.დ–ძე (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 1 მარტის განჩინება

კერძო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილებით მ.კ–იას სარჩელი ვ.დ–ძის მიმართ, 2016 წლის 5 აგვისტოს ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და სადავო უძრავ ქონებაზე მესაკუთრედ აღრიცხვის თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომლითაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 29 სექტემბრის განჩინებით აპელანტს დაუდგინდა ხარვეზი სააპელაციო საჩივარზე და დაევალა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში დასაბუთებული სააპელაციო საჩივრის, ასევე სააპელაციო საჩივრის წარმოდგენის დროისათვის, სადავო უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულების (ექსპერტიზის დასკვნა, აუდიტის დასკვნა) და ამ ღირებულების 4%-ის, მაგრამ არანაკლებ 150 ლარის და არაუმეტეს 5000 ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა.

სააპელაციო სასამართლოს მიმართა აპელანტის წარმომადგენელმა, წარადგინა დასაბუთებული სააპელაციო საჩივარი და 800 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. განმცხადებელმა მიუთითა, რომ სადავო ნასყიდობის ხელშეკრულების ფასი შეადგენდა 20000 ლარს, შესაბამისად გადახდილი იყო სახელმწიფო ბაჟი ამ ღირებულების 4%-ის ოდენობით.

სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 31 ოქტომბრის განჩინებით აპელანტს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა განჩინების ჩაბარებიდან 14 დღით და აპელანტს დაევალა აღნიშნულ ვადაში სააპელაციო საჩივრის წარმოდგენის დროისათვის, სადავო უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულების (ექსპერტიზის დასკვნა, აუდიტის დასკვნა) და ამ ღირებულების 4%-ის, მაგრამ არანაკლებ 150 ლარის და არაუმეტეს 5000 ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა.

სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში სააპელაციო პალატას მიმართა აპელანტის წარმომადგენელმა, წარადგინა სადავო უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების განსაზღვრის შესახებ აუდიტორული დასკვნა და დასკვნაში მითითებული ღირებულების (86000 ლარი) 4%-ის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. კერძოდ, დამატებით გადაიხადა 2640 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟი.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 22 თებერვლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ.კ–იამ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

საკასაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 24 აპრილის განჩინებით კასატორს დაუდგინდა ხარვეზი საკასაციო საჩივარზე და დაევალა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში ნასყიდობის ხელშეკრულებაში მითითებული ფასის 5%-ის, კერძოდ - 1000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 19 მაისის განჩინებით მ.კ–იას საკასაციო საჩივარზე შეწყდა საქმის წარმოება, კასატორის მიერ საკასაციო საჩივარზე უარის თქმის გამო.

2024 წლის 2 თებერვალს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მომართა მ.კ–იას წარმომადგენელმა შ.პ–ძემ, მიუთითა, რომ საკასაციო სასამართლოში გადასახდელი სახელმწიფო ბაჟი განისაზღვრა ნასყიდობის ხელშეკრულებაში მითითებული ფასის - 20000 ლარის გათვალისწინებით, შესაბამისად, მის მიერ სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში გადასახდელი სახელმწიფო ბაჟი შეადგენდა 800 ლარს, ნაცვლად 3440 ლარისა, რის გამოც განმცხადებელმა მოითხოვა სააპელაციო სასამართლოში ზედმეტად გადახდილი 2640 ლარის დაბრუნება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ მ.კ–იას განცხადება მიიჩნია საპროცესო ხარჯებთან დაკავშირებით, დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე განცხადებად, რაც 2024 წლის 1 მარტის განჩინებით განუხილველად დატოვა, იმ საფუძვლით, რომ გასული იყო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლით გათვალისწინებული დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ შუამდგომლობის წარდგენის 7 დღიანი ვადა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 1 მარტის განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა მ.კ–იამ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.

კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის ზედმტად გადახდის შესახებ შეიტყო მას შემდეგ, რაც საკასაციო სასამართლომ დაუდგინა ხარვეზი და ბაჟის სახით გადასახდელი თანხა განსაზღვრა სადავო ხელშეკრულების ღირებულებიდან. შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ გადაწყვეტილების გამოტანიდან 7 დღის ვადაში შეუძლებელი იყო მოეთხოვა დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 15 ივლისის განჩინებით მ.კ–იას კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატა კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ.კ–იას კერძო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და განცხადება სააპელაციო სასამართლოში ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დაბრუნების შესახებ განუხილველად უნდა დარჩეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

საკასაციო პალატის შეფასების საგანს წარმოადგენს მ.კ–იას განცხადების, როგორც დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე განცხადების განუხილველად დატოვების კანონიერება. ამ საკითხის შეფასების მიზნით სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს რამდენიმე ფაქტობრივ და პროცესუალურ გარემოებაზე.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 29 სექტემბრის ხარვეზის დადგენისა და ამავე სასამართლოს 2022 წლის 31 ოქტომბრის ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების შესახებ განჩინების საფუძველზე, აპელანტმა სააპელაციო სასამართლოში წარადგინა სადავო უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების განსაზღვრის შესახებ აუდიტორული დასკვნა და დასკვნაში მითითებული ღირებულების (86000 ლარი) 4%-ის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 22 თებერვლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი. სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ.კ–იამ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 24 აპრილის განჩინებით კასატორს დაუდგინდა ხარვეზი საკასაციო საჩივარზე და დაევალა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში სადავო უძრავ ქონებაზე გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების ღირებულების - 20 000 ლარის 5%-ის, 1000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდა.

გამომდინარე იქიდან, რომ საკასაციო სასამართლოში გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის ოდენობა განისაზღვრა ნასყიდობის ხელშეკრულებაში მითითებული ფასის - 20000 ლარის გათვალისწინებით, მ.კ–იამ 2024 წლის 02 თებერვალს განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს და მიუთითა, რომ მის მიერ სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენდა 800 ლარს, ნაცვლად 3440 ლარისა, რაც სააპელაციო პალატამ არ გაითვალისწინა. აღნიშნულიდან გამომდინარე, განმცხადებელმა მოითხოვა სააპელაციო სასამართლოში ზედმეტად გადახდილი 2640 ლარის დაბრუნება.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლოს ნებისმიერი განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს. თავისებურება მხოლოდ ისაა, რომ ზოგიერთი განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოს გადაწყვეტილებისაგან დამოუკიდებლად (ცალკე) - კერძო საჩივრით, ხოლო ზოგიერთი - მხოლოდ გადაწყვეტილებასთან ერთად (სუსგ Nას-367-346-2014, 10.06.2014წ.). სასამართლოს მხრიდან საჩივრის ფარგლებში შემაჯამებელ გადაწყვეტილებასთან ერთად მისი წინმსწრები განჩინების კანონიერების შემოწმების შესაძლებლობას ადგენს სსსკ-ის 377.3. (სააპელაციო სასამართლოს განხილვის საგანი შეიძლება იყოს აგრეთვე სასამართლოს ის განჩინებები, რომლებიც გამოტანილია საქმის პირველ ინსტანციაში განხილვასთან დაკავშირებით და რომლებიც წინ უსწრებს სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანას, იმისაგან დამოუკიდებლად, დასაშვებია თუ არა მათ მიმართ კერძო საჩივრის შეტანა) და 404.2 მუხლები (საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანი შეიძლება იყოს აგრეთვე სასამართლოს ის განჩინებები, რომლებიც წინ უსწრებს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებას, იმისგან დამოუკიდებლად, დასაშვებია თუ არა მათ მიმართ კერძო საჩივრის შეტანა).

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ განმცხადებელი პრეტენზიას აცხადებს სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს შემაჯამებელი გადაწყვეტილების წინსმწრებ განჩინებებზე (ხარვეზის დადგენის შესახებ სააპელაციო პალატის 2022 წლის 29 სექტემბრის განჩინება და ამავე პალატის 2022 წლის 31 ოქტომბრის განჩინება ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების შესახებ), რაც ცალკე კერძო საჩივერით არ საჩივრდება. პალატა მიუთითებს, რომ სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ასეთი განჩინებების დამოუკიდებლად გასაჩივრების შესაძლებლობას არ ითვალისწინებს, იგი შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლო გადაწყვეტილებასთან ერთად, სსსკ-ის 377-ე და 404-ე მუხლებით დადგენილი წესით. ეს იმას ნიშნავს, რომ ასეთი განჩინების უსწორობასა და დაუსაბუთებლობაზე შეიძლება მითითებული იყოს მხოლოდ შემაჯამებელი გადაწყვეტილების წინააღმდეგ შეტანილ საჩივარში. ე.წ. წინმსწრები განჩინებების გადაწყვეტილებასთან ერთად გასაჩივრების მიზანი შეიძლება იყოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების იურიდიული დაუსაბუთებლობის, მისი კანონის დარღვევით მიღების დადასტურება (იხ. თ. ლილუაშვილი, ვ. ხრუსტალი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის კომენტარი, 2007წ., გვ. 716; სუსგ Nას-367-346-2014, 10.06.2014წ.). მოცემულ შემთხვევაში, მ.კ–ია საკასაციო საჩივრით ასაჩივრებდა სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 22 თებერვლის შემაჯამებელ განჩინებას და სადავოდ ხდიდა ამ განჩინების კანონიერებას. კასატორს წინმსწრები განჩინებები (ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 29 სექტემბრისა და ამავე სასამართლოს 2022 წლის 31 ოქტომბრის განჩინებები) საკასაციო საჩივრით არ გაუსაჩივრებია. ნიშანდობლივია ის გარემოება, რომ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების ეტაპზე მხარე მიუთითებდა ხელშეკრულების ღირებულებიდან გამომდინარე სახელმწიფო ბაჟის გადახდის შესახებ (რაც სასამართლომ არ გაიზიარა), ანუ მხარე ამ თვალსაზრისით საკითხს აყენებდა სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ეტაპზე, თუმცა საკასაციო საჩივრის წარდგენისას არ ისარგებლა საპროცესო კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილებით და საკასაციო საჩივარში ამ კუთხით პრეტენზია არ დაუფიქსირებია. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, პალატა ყურადღებას გაამახვილებს ასევე საკასაციო საჩივრის შინაარსზე, რომლითაც არათუ კასატორის პრეტენზია დასტურდება მის მიერ სააპელაციო სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ოდენობაზე, არამედ, კასატორი თავად აღნიშნავდა, რომ გადასახდელი სახელმწიფო ბაჟი საკასაციო სასამართლოში შეადგენდა 5000 ლარს.

პალატა აღნიშნავს, რომ სსსკ-ის 377-ე და 404-ე მუხლები დისპოზიციურობის პრინციპის ერთ-ერთი კონკრეტული გამოვლინებაა. სასამართლო შებოჭილია მოსარჩელის (აპელანტის, კასატორის) მოთხოვნის ფარგლებით, რაც იმას ნიშნავს, რომ სასამართლო მხარეს ვერ მიაკუთვნებს იმას, რაც მას არ უთხოვია ან იმაზე მეტს, ვიდრე ის მოითხოვდა.

ამდენად, თუ მხარე არ ეთანხმებოდა სასამართლოს მიერ სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის წესსა და მისთვის დაკისრებული სახელმწიფო ბაჟის ოდენობას, მას სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ანიჭებდა შესაძლებლობას, შესაბამისი პრეტენზიის შესახებ მიეთითებინა მის მიერ წარდგენილ საკასაციო საჩივარში, ხოლო იმ ტიპის საპროცესო მოქმედებას, რა გზითაც მხარემ სახელმწიფო ბაჟთან დაკავშირებით პრეტენზია განაცხადა და მოითხოვა მისი აზრით ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟის უკან დაბრუნება, სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს, მათ შორის, არ ითვალისწინებს სსსკ-ის 261-ე მუხლი, როგორც ამაზე მიუთითა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ.

საკასაციო სასამართლო თავის არაერთ განჩინებაში განმარტავს, სამოქალაქო საპროცესო ნორმები, როგორც ფორმალურ წესთა ერთობლიობა, იმ სავალდებულო მოთხოვნებს ადგენს, რომელთა შეცვლა არც სასამართლოს და არც მხარეთა მიხედულებაზე არაა დამოკიდებული (იხ. სუსგ-ები: №ას-1033-2018, 30.10.2018წ.; №ას-851-817-2016, 04.11.2016წ.).

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს და გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება, ხოლო მ.კ–იას განცხადება სააპელაციო სასამართლოში ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დაბრუნების შესახებ, უნდა დარჩეს განუხილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 404-ე, 264.3-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ.კ–იას კერძო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 1 მარტის განჩინება;

3. მ.კ–იას განცხადება სააპელაციო სასამართლოში ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დაბრუნების შესახებ დარჩეს განუხილველი.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძე

მოსამართლეები: რევაზ ნადარაია

თამარ ზამბახიძე