Facebook Twitter

ას-808-2024

17 ოქტომბერი, 2024 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),

რევაზ ნადარაია (მომხსენებელი), თამარ ზამბახიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორები – მ.ზ–ი, შპს „ჯ–ი“ (მოპასუხეები)

მოწინააღმდეგე მხარე – სს „თ.ლ–ი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 5 ივნისის განჩინება

კერძო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის განსახილველად დაბრუნება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. სს „თ.ლ–მა“ (შემდეგში მოსარჩელემ) სარჩელით მიმართა მ.ზ–ისა და შპს „ჯ–ის“ (შემდეგში - მოპასუხეები, კერძო საჩივრის ავტორები) მიმართ და მოითხოვა მოპასუხეებისათვის 236097.59 ლარის სოლიდარულად დაკისრება და გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევა (იხ. სარჩელი: ს.ფ. 2-21).

1.1. მოპასუხეებმა წარმოდენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნეს.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილებით სს „თ.ლ–ის“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 236097.59 ლარის გადახდა.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 10 აპრილის განჩინებით აპელანტებს სააპელაციო საჩივარზე დაუდგინდათ ხარვეზი, კერძოდ, დაევალათ განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში დასაბუთებული სააპელაციო საჩივრის წარდგენა დაზუსტებული სააპელაციო მოთხოვნის მითითებით, იმდენი ასლის სახით, რამდენი მონაწილეცაა საქმეში, ასევე სააპელაციო საჩივრის ელექტრონული ვერსიისა და 7000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 01 მაისის განჩინებით აპელანტებს მათივე შუამდგომლობის საფუძველზე გაუგრძელდათ ხარვეზის შევსების ვადა 7 დღით.

6. სააპელაციო პალატის 2024 წლის 01 მაისის განჩინება აპელანტებისათვის ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების შესახებ აპელანტების წარმომადგენელს 2024 წლის 15 მაისს გაეგზავნა ელექტრონულ ფოსტაზე n.g@gmail.com, ადრესატმა გზავნილის მიღება დაადასტურა 2024 წლის 20 მაისს.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 05 ივნისის განჩინებით მ.ზ–ისა და შპს „ჯ–ის“ სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 28 თებერვლის გააწყვეტილებაზე, დარჩა განუხილველი ხარვეზის შეუვსებლობის გამო.

7.1. პალატამ მიუთითა, რომ ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების შესახებ სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 01 მაისის განჩინება აპელანტების წარმომადგენელს 2024 წლის 15 მაისს გაეგზავნა ელექტრონულ ფოსტაზე n.g@gmail.com, ადრესატმა გზავნილის მიღება დაადასტურა 2024 წლის 20 მაისს. აპელანტებს განჩინებით დადგენილ ვადაში ხარვეზი არ შეუვსიათ და არც შეუვსებლობის საპატიო მიზეზების შესახებ უცნობებიათ სასამართლოსათვის, რაც სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს წარმოადგენდა.

8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 05 ივნისის განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანეს მ.ზ–მა და შპს „ჯ–მა“ და მოითხოვეს მისი გაუქმება.

8.1. კერძო საჩივრის ავტორების წარმომადგენელი მიუთითებს, რომ სასამართლოს მიერ ხარვეზის შესავსებად განსაზღვრულ ვადაში შეავსო ხარვეზი, წარადგინა მტკიცებულებები და საკურიერო კომპანიას ჩააბარა დოკუმენტაცია სააპელაციო სასამართლოში გასაგზავნად. სააპელაციო სასამართლოს მიერ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინებით კი შეიტყო, რომ გზავნილი კურიერის დაუდევრობის გამო არ იყო მიტანილი სასამართლოში, რასაც ადასტურებს საქმეში წარმოდგენილი აპელანტების წარმომადგენლის მიმოწერა საკურიერო კომპანიასთან.

9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 02 ოქტომბრის განჩინებით მ.ზ–ისა და შპს „ჯ–ის“ კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

10. საკასაციო სასამართლო, კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა შესამოწმებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას. სსსკ-ის 399-ე მუხლით, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც XLIX თავი შეიცავს; სსსკ-ის 372-ე მუხლის მიხედვით კი, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვა იმ წესების დაცვით წარმოებს, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, XLVI თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.

12. წინამდებარე კერძო საჩივრის ფარგლებში საკასაციო პალატის შეფასების საგანია ხარვეზის შეუვსებლობის გამო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების მართლზომიერების საკითხი. კერძო საჩივრის ავტორების წარმომადგენლის განმარტებით, მან ხარვეზის შევსებისათვის დადგენილ ვადაში ჩააბარა შესაბამისი კორესპონდენცია საკურიერო კომპანიას. შესაბამისად, არ არსებობდა ხარვეზის შეუვსებლობის საფუძვლით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების წინაპირობა.

13. სსსკ-ის 59-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილის მიხედვით, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, ხოლო მე-60 მუხლის მე-2 ნაწილისა და 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება (შდრ.: სუსგ №ას-34-2021, 18.05.2021წ.; სუსგ Nას-1594-2019, 30.03.2020წ.; Nას-232-2021, 15.06.2021წ.). ამრიგად, საფოსტო მომსახურებით სარგებლობისას, სასამართლოს მიერ დადგენილი ვადა დაცულად რომ ჩაითვალოს, მნიშვნელოვანია არა მოთხოვნილი დოკუმენტაციის სასამართლოში ფაქტობრივად მიტანის თარიღი, არამედ - მათი ფოსტაში ჩაბარების მომენტი.

14. საკასაციო სასამართლო იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიებს, მიუთითებს საქმეში წარდგენილ დოკუმენტებზე და მიიჩნევს, რომ კერძო საჩივრის ავტორების მიერ დადასტურებულია ხარვეზის შევსების მიზნით სააპელაციო სასამართლოში გასაგზავნი დოკუმენტაციის ფოსტისათვის - „Easy Way“, 2024 წლის 27 მაისს ჩაბარება (ტ.3, ს.ფ. 41).

15. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ როგორც სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებაშია მითითებული, აპელანტებისათვის სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის გამოსწორების ვადის ათვლა 2024 წლის 21 მაისს დაიწყო და 2024 წლის 27 მაისს ამოიწურა. კერძო საჩივრის ავტორებიც სწორედ ამავე თარიღსა და განმარტებას ეყრდნობიან, ამასთან, მართებულად მიუთითებენ ამ ვადაში ხარვეზის გამოსწორების თაობაზე, რაც დადასტურებულია შესატყვისი მტკიცებულებით, კერძოდ, საქმის მასალების მიხედვით სააპელაციო საჩივარი (აპელანტების წარმომადგენლის ხელმოწერის გასწვრივ მითითებულია 2024 წლის 27 მაისი) სასამართლოში რეგისტრირებულია 2024 წლის 12 ივნისს (იხ. სასამართლოს შტამპი - ტ.3, ს.ფ.23), რომელსაც ერთვის ექსპრეს ზედდებული N810610, რომელზეც დატანილი მონაცემების საფუძველზე (გამგზავნი: ნ.გ–ძე; მიმღები: თბილისის სააპელაციო სასამართლო; გაგზავნის თარიღი 2024 წლის 27 მაისი), დასტურდება კერძო საჩივრის ავტორების პრეტენზიის მართებულობა, რომ აპელანტების მიერ ხარვეზის შევსების მიზნით სააპელაციო სასამართლოში წარსადგენი კორესპონდენცია სასამართლოსვე განსაზღვრულ ვადაში - 2024 წლის 27 მაისს ჩაჰბარდა საფოსტო განყოფილებას, რაც განჩინების გამოტანის მომენტისათვის უცნობი იყო სააპელაციო სასამართლოსთვის.

16. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კერძო საჩივრის არგუმენტები საფუძვლიანია, რის გამოც სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს, სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა შესამოწმებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ.ზ–ისა და შპს „ჯ–ის“ კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 5 ივნისის განჩინება და საქმე განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს, სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შესამოწმებლად.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძე

მოსამართლეები: რევაზ ნადარაია

თამარ ზამბახიძე