№ას-906-2023
25 აპრილი, 2024 წელი თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),
რევაზ ნადარაია (მომხსენებელი), თამარ ზამბახიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერია (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ნ–ი“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. შპს „ნ–მა“ (შემდეგში - მოსარჩელე, მოწინააღდეგე მხარე) სარჩელი აღძრა საჩხერის რაიონულ სასამართლოში მოპასუხე ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის (შემდეგში - მოპასუხე, კასატორი) მიმართ, შემდეგი სასარჩელო მოთხოვნებით:
1.1.ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიას შპს „ნ–ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 60 110,07 ლარის ანაზღაურება (N62 ხელშეკრულება);
1.2.ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიას შპს „ნ–ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 94957,29 ლარის ანაზღაურება (N63 ხელშეკრულება);
1.3.ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიას შპს „ნ–ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 194932,92 ლარის ანაზღაურება (N64 ხელშეკრულება).
2. მოპასუხე ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიამ წარმოდგენილი შესაგებლითა და სასამართლოს სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით, სარჩელი არ ცნო.
3. საჩხერის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 09 იანვრის გადაწყვეტილებით, შპს „ნ–ის“ სარჩელი სსიპ თვითმმართველი ერთეულის ჭიათურის მუნიციპალიტეტის მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სსიპ თვითმმართველ ერთეულ ჭიათურის მუნიციპალიტეტს (მერიას) შპს „ნ–ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 55122 ლარისა და 21 თეთრის გადახდა (N62 ხელშეკრულება); ასევე, 93261,59 ლარისა და 59 თეთრის გადახდა (N63 ხელშეკრულება) და 192635 ლარისა და 46 თეთრის გადახდა (N64 ხელშეკრულება). მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 4871.50 ლარისა და წარმომადგენლობისათვის გაწეული ხარჯის - 3400.50 ლარის გადახდა.
4. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიამ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
5.1.ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილებით, ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საჩხერის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 09 იანვრის გადაწყვეტილების შეცვლით, მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სსიპ თვითმართველ ერთეულს - ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიას შპს „ნ–ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 48303,21 ლარის ანაზღაურება (სახელმწიფო შესყიდვების შესახებ 12.03.2019 წლის N 62-ე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ფარგლებში); სსიპ თვითმართველ ერთეულს ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიას შპს „ნ–ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 91835, 88 ლარის ანაზღაურება (სახელმწიფო შესყიდვების შესახებ 12.03.2019 წლის N 63-ე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ფარგლებში); სსიპ თვითმართველ ერთეულს ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიას შპს „ნ–ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 168645,29 ლარის ანაზღაურება (12.03.2019 წლის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N 64-ე ხელშეკრულებით ათვალისწინებულ ფარგლებში); სსიპ თვითმართველ ერთეულს ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიას შპს „ნ–ის“ სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის გადახდა 4411,20 ლარის ოდენობით; სსიპ თვითმართველ ერთეულს ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიას შპს „ნ–ის“ სასარგებლოდ დაეკისრა წარმომადგენლის მომსახურებისთვის გაწეული საპროცესო ხარჯის ანაზღაურება 3400 ლარის ოდენობით.
6. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:
6.1. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
6.1.1. 2019 წლის 12 მარტს, სსიპ თვითმმართველ ერთეულს - ჭიათურის მუნიციპალიტეტსა და შპს „ნ–ს“ შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N62 ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც, შპს „ნ–მა“ იკისრა ვალდებულება შეესრულებინა ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფლების - მანდაეთი-ტყემლოვანას დამაკავშირებელი საავტომობილო გზის რეაბილიტაციის სამუშაოები (ტომი 1. ს. ფ. 19-34).
6.1.2. ხელშეკრულების თანახმად, შესყიდვის ობიექტის ღირებულება განისაზღვრა 641999.97 ლარით, ხოლო ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების ვადა - ხელშეკრულების გაფორმებიდან 100 დღით, 2019 წლის 20 ივნისის ჩათვლით. მხარეთა შორის, 2019 წლის 20 ივნისსა და 2019 წლის 10 ივლისს მიღწეული შეთანხმებების საფუძველზე, ობიექტის ღირებულება განისაზღვრა 639468,90 ლარით, ხოლო ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების ვადად განისაზღვრა ხელშეკრულების გაფორმებიდან 122 დღე, 2019 წლის 12 ივლისის ჩათვლით. ხელშეკრულებითვე განისაზღვრა, რომ მიმწოდებლის მიერ შესრულებული სამუშაოს ხარისხზე, საპროექტო-სახართაღრიცხვო დოკუმენტაციასთან შესაბამისობაზე და სამუშაოს შესრულების ვადებზე ზედამხედველობას განახორციელებდა შპს „ს.მ.ჯ–ი“ (ტომი 1; ს. ფ. 46-49; 50-52).
6.1.3. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N62 ხელშეკრულების 3.3. მუხლით განისაზღვრა მიმწოდებლის ვალდებულება, სამუშაო შეესრულებინა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში, ხელშეკრულებაზე თანდართული, სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული ფორმით წარდგენილი სამუშაოების შესრულების კალენდარული და თანხობრივი გეგმა-გრაფიკის შესაბამისად. აღნიშნული გეგმა-გრაფიკით დადგენილ იქნა ცალკეული კომპონენტების მიხედვით, საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულების კონკრეტული ვადები. კერძოდ, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N62 ხელშეკრულების დანართი კალენდარული და თანხობრივი გეგმა-გრაფიკით, დადგენილ იქნა შესასრულებელი სამუშაოს რამდენიმე ეტაპი, მათ შორის მოსამზადებელი სამუშაოები; მიწის ვაკისის მოწყობა, ხელოვნური ნაგებობის მოწყობა; საგზაო სამოსის მოწყობა; ეზოში შესასვლელების მოწყობა; გზის მიერთების მოწყობა და ასევე, განისაზღვრა ამ სამუშაოთა შესრულების კონკრეტული ვადები (ტომი 1; ს. ფ. 44; 48; 62; ტომი 2. ს. ფ. 14; 310).
6.1.4. ამავე ხელშეკრულების 13.2 მუხლის შესაბამისად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ხელშეკრულების დანართით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების გეგმა-გრაფიკის დარღვევის შემთხვევაში, მიმწოდებელს დაეკისრებოდა პირგასამტეხლო, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ხელშეკრულების ღირებულების 0,1 პროცენტის ოდენობით. ამავე ხელშეკრულების 13.5 მუხლის შესაბამისად, განისაზღვრა შემსყიდველის უფლებამოსილება მიმწოდებელს შესრულებული სამუშაოების ღირებულებიდან დაუკავოს თანხა დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობით და მოახდინოს ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვა.
6.1.5. შპს „ნ–მა“, 2019 წლის 11 ივლისსა და 2019 წლის 30 ივლისს, შემსყიდველ ორგანიზაციას წარუდგინა შუალედური მიღება-ჩაბარების აქტები, რომლებიც მოიცავდა 2019 წლის 13 მარტიდან ამავე წლის 11 ივლისამდე და 2019 წლის 10 ივლისიდან 30 ივლისამდე შესრულებულ სამუშაოთა შესახებ ინფორმაციას. შემსყიდველის მიერ შექმნილი ინსპექტირების განმახორციელებელი ორგანოს - შპს „ს.მ.ჯ–ის“ მიერ გაცემული დამაკმაყოფილებელი დასკვნების მიხედვით, შპს „ნ–ის“ მიერ შესრულებული სამუშაოები (ღირებულებით117161,43 ლარი და 67807,35 ლარი) შემსყიდველმა მიიღო 2019 წლის 15 ივლისსა და 2019 წლის 21 აგვისტოს, ისე, რომ რაიმე პრეტენზია შესრულებული სამუშაოს ხარისხზე არ გამოუთქვამს. (ტომი 1; ს. ფ. 63; 64-72; 73; 74-80).
6.1.6. 2019 წლის 07 აგვისტოს, შპს „ნ–მა“ წარადგინა საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი. შპს „ს.მ.ჯ–ის“ მიერ, 2019 წლის 19 სექტემბერს გამოცემული N003289 ინსპექტირების ანგარიშის დამაკმაყოფილებელი დასკვნის საფუძველზე, შემსყიდველი ორგანიზაციის მიმღებმა კომისიამ ჩაიბარა ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფლების მანდაეთისა და ტყემლოვანას დამაკავშირებელი საავტომობილო გზის რეაბილიტაციის 2019 წლის 30 ივლისიდან 06 აგვისტომდე შესრულებული სამუშაოები, რომლის ღირებულება ფორმა 2-ის მიხედვით შეადგენდა 435160,88 ლარს (ტომი 1; ს. ფ. 81; 82-90; ტომი 2. ს. ფ. 315-345).
6.1.7. ამავე აქტში აღინიშნა, რომ ობიექტზე მთლიანად შესრულებული სამუშაოების ღირებულება, პირველი, მეორე და მესამე საბოლოო მიღება-ჩაბარებით შეადგენს 620127,66 ლარს, დარიცხვების გათვალისწინებით. ამავე აქტის თანახმად, სარეაბილიტაციო სამუშაოები შესრულებულია ჯეროვნად, ხელშეკრულებით გათვალისწინებული დოკუმენტაციის შესაბამისად და მიმღებ კომისიას შემსრულებელთან პრეტენზია არ გააჩნია.
6.1.8. მხარეთა მიერ წარმოდგენილი მასალებით - სახელშეკრულებო ღირებულების, ხარჯთღრიცხვისა და გეგმა-გრაფიკის, ასევე, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადების ცვლილების შესახებ მხარეთა შორის წერილობით გაფორმებული შეთანხმებებით, კორექტირებული ხარჯთაღრიცხვებითა და გეგმა-გრაფიკებით, მიღება-ჩაბარების აქტებითა და სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 01.12.2021 წლის დასკვნით, რაც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, დასტურდება, რომ:
- №62 ხელშეკრულების დანართი გეგმა-გრაფიკით გათვალისწინებული, პირობითად, პირველი ეტაპის სამუშაო - ხელოვნური ნაგებობის მოწყობა, შესრულდა 5 დღის ვადაგადაცილებით; ამასთან, ვადის დაცვით შესრულდა 16649.19 ლარის ღირებულების სამუშაო, ხოლო ვადის დარღვევით -1053.75 ლარის სამუშაო.
- მეორე ეტაპის სამუშაო - ეზოში შესასვლელების მოწყობა შესრულდა 24 დღის ვადაგადაცილებით, ამასთან ვადაში შესრულდა 275.46 ლარის სამუშაო, ხოლო ვადის დარღვევით 4175.49 ლარის სამუშაო;
- მესამე ეტაპის სამუშაო - გზის მიერთების მოწყობა - შესრულდა 24 დღის ვადაგადაცილებით, ამასთან, ვადაში შესრულდა 121.85 ლარის სამუშაო, ხოლო ვადაგადაცილებით 3613.81 ლარის სამუშაო.
- მეოთხე ეტაპის სამუშაოები - საგზაო სამოსის მოწყობა შესრულდა 24 დღის ვადაგადაცილებით, ამასთან, ვადის დაცვით შესრულდა 100254.67 ლარის ღირებულების სამუშაო, ხოლო ვადის დარღვევით 483944.36 ლარის სამუშაო.
6.1.9. შპს „ნ–მა“ 2019 წლის 03 ოქტომბერს N138 წერილით მიმართა შემსყიდველს და მოითხოვა მის მიმართ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება - შესრულებული სამუშაოს ღირებულების სრულად ანაზღაურება. აღნიშნული წერილის საპასუხოდ, შპს „ნ–ს“ 2019 წლის 09 ოქტომბრის N51/6783 წერილით ეცნობა, რომ N62 ხელშეკრულების ფარგლებში მიმწოდებელმა შეასრულა 620127,65 ლარის სამუშაოები, საიდანაც შპს „ნ–ის“ ანგარიშზე გადარიცხულია 545859,46 ლარი, ასანაზღაურებელია 14 148.12 ლარი (რაც დღეისათვის ანაზღაურებულია და დავის საგანს არ წარმოადგენს); ამასთან, ხელშეკრულების დანართით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების კალენდარული და თანხობრივი გეგმა-გრაფიკის დარღვევისათვის - ჯამში 94 დღის ვადაგადაცილებისათვის შპს „ნ–ს“ დაერიცხა და დაექვითა პირგასამტეხლო 60 110, 07 ლარი, რაც გადაირიცხა ბიუჯეტში (ტომი 1; ს. ფ. 91; 92).
6.1.10. დადგენილია, რომ 2019 წლის 12 მარტს, სსიპ თვითმმართველ ერთეულს - ჭიათურის მუნიციპალიტეტსა და შპს „ნ–ს“ შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N63 ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც, შპს „ნ–მა“ იკისრა ვალდებულება შეესრულებინა ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფლების - ღვითორი-მელუშეეთის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის რეაბილიტაციის სამუშაოები. ხელშეკრულებით განისაზღვრა მიმწოდებლის მიერ შესრულებული სამუშაოს ხარისხზე, საპროექტო-სახართაღრიცხვო დოკუმენტაციასთან შესაბამისობაზე და ვადების დაცვაზე ზედამხედველი ორგანო - შპს „ს.მ.ჯ–ი“ (ტომი 1. ს. ფ. 93-98).
6.1.11. ხელშეკრულების თანახმად, შესყიდვის ობიექტის ღირებულება განისაზღვრა 114099.93 ლარით, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით, ხოლო, ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების ვადა განისაზღვრა ხელშეკრულების გაფორმებიდან 120 კალენდარული დღით, 2019 წლის 10 ივლისის ჩათვლით. მხარეთა შორის 2019 წლის 2 ივლისსა და 2019 წლის 10 ივლისს მიღწეული წერილობით შეთანხმებების საფუძველზე, ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების ვადა განისაზღვრა ხელშეკრულების გაფორმებიდან 142 კალენდარული დღით, 2019 წლის 01 აგვისტოს ჩათვლით. ასევე, ცვლილებები იქნა შეტანილი ხელშეკრულების მე-19 მუხლში და ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2019 წლის 06 სექტემბრის ჩათვლით, შესაბამისი ცვლილება განხორციელდა ხარჯთაღრიცხვასა და სამუშაოების გეგმა-გრაფიკში. ცვლილებების გათვალისწინებით, ხელშეკრულების მე-2 მუხლში მითითებული თანხა დაკორექტირდა და განისაზღვრა 1130451,86 ლარით, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით (ტომი 1; ს. ფ. 107; 115; 117-119;120-125).
6.1.12. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N63 ხელშეკრულების 3.3. მუხლით განისაზღვრა მიმწოდებლის ვალდებულება სამუშაო შეესრულებინა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში, ხელშეკრულებაზე თანდართული, სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული ფორმით წარდგენილი, სამუშაოების შესრულების გეგმა-გრაფიკის შესაბამისად. დადგენილია, რომ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N63 ხელშეკრულების დანართი კალენდარული და თანხობრივი გეგმა-გრაფიკი მოიცავდა შესასრულებელი სამუშაოების რამდენიმე ეტაპს - მათ შორის, მოსამზადებელ სამუშაოებს, მიწის ვაკისის მოწყობას, ხელოვნური ნაგებობის მოწყობას, საგზაო სამოსის მოწყობას და ასევე, განსაზღვრავდა ცალკეული სამუშაოს შესრულების კონკრეტულ ვადებს (ტომი 1; ს. ფ. 105; 116; 126).
6.1.13. N63 ხელშეკრულების 13.2 მუხლის შესაბამისად, მხარეები თანხმდებოდნენ, რომ მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების დანართით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების გეგმა-გრაფიკის დარღვევის შემთხვევაში, მიმწოდებელს დაეკისრებოდა პირგასამტეხლო, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ხელშეკრულების ღირებულების 0,1 პროცენტის ოდენობით. ამავე ხელშეკრულების 13.5 პუნქტის შესაბამისად კი, განსაზღვრული იყო შემსყიდველის უფლებამოსილება მოახდინოს ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვა და მიმწოდებელს შესრულებული სამუშაოების ღირებულებიდან დაუკავოს თანხა დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობით.
6.1.14. შემსყიდველმა ორგანიზაციამ მიმღები კომისიის მეშვეობით, 2019 წლის 23 აგვისტოს ჩაიბარა, 2019 წლის 13 მარტიდან 11 ივლისამდე და 2019 წლის 11 ივლისიდან 06 აგვისტომდე შესრულებული, ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფლების ღვითორი-მელუშაეთის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის რეაბილიტაციის სამუშაოები, რომლის ღირებულება ფორმა 2-ების მიხედვით შეადგენდა ჯამში 1130231,08 ლარს, დარიცხვების გათვალისწინებით. ამავე აქტში აღინიშნა, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოები შესრულებულია ჯეროვნად, ხელშეკრულებით გათვალისწინებული დოკუმენტაციის შესაბამისად და მიმღებ კომისიას შემსრულებელთან პრეტენზია არ გააჩნია (ტომი 1; ს. ფ. 127; 128-134; 135; 136-142; ტომი 2. ს. ფ. 186-220).
6.1.15. მხარეთა მიერ წარმოდგენილი მასალებით, მათ შორის სახელშეკრულებო ღირებულების, ხარჯთღრიცხვისა და გეგმა-გრაფიკის, ასევე, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადების ცვლილების შესახებ მხარეთა შორის წერილობით გაფორმებული შეთანხმებებით, კორექტირებული ხარჯთაღრიცხვებითა და გეგმა-გრაფიკებით, მიღება-ჩაბარების აქტებითა და სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 01.12.2021 წლის დასკვნით, რაც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, დასტურდება, რომ №63 ხელშეკრულების დანართი გეგმა-გრაფიკით გათვალისწინებული, პირობითად, პირველი ეტაპის სამუშაო - ხელოვნური ნაგებობის მოწყობა, შესრულდა 57 დღის ვადაგადაცილებით; ამასთან, ვადის დაცვით შესრულდა 42411.50 ლარის ღირებულების სამუშაო, ხოლო ვადის დარღვევით - 41934.49 ლარის სამუშაო. მეორე ეტაპის სამუშაო - საგზაო სამოსის მოწყობა, შესრულდა 5 დღის ვადაგადაცილებით, ამასთან, ვადის დაცვით შესრულდა 857698.33 ლარის ღირებულების სამუშაო, ხოლო ვადის დარღვევით 146231.30 ლარის სამუშაო.
6.1.16. შპს „ნ–მა“ 2019 წლის 03 ოქტომბერს N138 წერილით მიმართა შემსყიდველს და მოითხოვა მის მიმართ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება - შესრულებული სამუშაოს ღირებულების სრულად ანაზღაურება. აღნიშნული წერილის საპასუხოდ, შპს „ნ–ს“ 2019 წლის 08 ოქტომბრის N51/6774 წერილით ეცნობა, რომ N63 ხელშეკრულების ფარგლებში, მიმწოდებელმა შეასრულა 1130230,56 ლარის სამუშაო, საიდანაც შპს „ნ–ის“ ანგარიშზე გადარიცხულია 1035273,27 ლარი. მიმწოდებელს, ხელშეკრულების დანართი 10 გეგმა-გრაფიკით გათვალიწინებული ვადების დარღვევისათვის, ჯამში - 71 დღის ვადაგადაცილებისათვის, დაერიცხა და დაექვითა პირგასამტეხლო - 94957.29 ლარი, რაც გადარიცხულია ბიუჯეტში (ტომი 1; ს. ფ. 143).
6.1.17. 2019 წლის 12 მარტს, სსიპ თვითმმართველ ერთეულს - ჭიათურის მუნიციპალიტეტსა და შპს „ნ–ს“ შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N64 ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც შპს „ნ–მა“ იკისრა ვალდებულება შეესრულებინა ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფლების - საბაჟო-ბერეთისას დამაკავშირებელი საავტომობილო გზის რეაბილიტაციის სამუშაოები (ტომი 1. ს. ფ. 144-149).
6.1.18. ხელშეკრულების თანახმად, შესყიდვის ობიექტის ღირებულება განისაზღვრა 641999.97 ლარით, ხოლო ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების ვადა განისაზღვრა ხელშეკრულების გაფორმებიდან 100 დღით, 2019 წლის 20 ივნისის ჩათვლით. მხარეთა შორის, 2019 წლის 20 ივნისსა და 2019 წლის 10 ივლისს მიღწეული შეთანხმებების საფუძველზე, ობიექტის ღირებულება განისაზღვრა 699000 ლარით, ხოლო ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების ვადა განისაზღვრა ხელშეკრულების გაფორმებიდან 120 კალენდარული დღით - 2019 წლის 10 ივლისის ჩათვლით. ხელშეკრულებით განისაზღვრა მიმწოდებლის მიერ შესრულებული სამუშაოს ხარისხზე და საპროექტო-სახართაღრიცხვო დოკუმენტაციასთან შესაბამისობაზე ზედამხედველი ორგანო - შპს „ს.მ.ჯ–ი“ (ტომი 1; ს. ფ. 169, 170-187; 188; 191-193; 194-209).
6.1.19. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N64 ხელშეკრულების 3.3. მუხლით განისაზღვრა მიმწოდებლის ვალდებულება სამუშაო შეესრულებინა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში, ხელშეკრულებაზე თანდართული, სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული ფორმით წარდგენილი, სამუშაოების შესრულების კალენდარული და თანხობრივი გეგმა-გრაფიკის შესაბამისად. ხელშეკრულების დანართი გეგმა-გრაფიკებით განისაზღვრა საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულების კონკრეტული ვადები, ცალკეული კომპონენტების მიხედვით, კერძოდ, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების დანართი გეგმა-გრაფიკი მოიცავდა შესასრულებელი სამუშაოების რამდენიმე ეტაპს - ხელოვნური ნაგებობის მოწყობა; ეზოში შესასვლელების მოწყობა; გზის მიერთების მოწყობა; საგზაო სამოსის მოწყობა, ასევე, ადგენდა აღნიშნული სამუშაოების შესრულების კონკრეტულ ვადებს (ტომი 1; ს. ფ. 166; 167; 189; 190; 210; ტომი 2. ს. ფ. 9-10).
6.1.20. ამავე ხელშეკრულების 13.2 მუხლის შესაბამისად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების დანართით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების გეგმა-გრაფიკის დარღვევის შემთხვევაში, მიმწოდებელს დაეკისრებოდა პირგასამტეხლო, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ხელშეკრულების ღირებულების 0,1 პროცენტის ოდენობით. ამავე ხელშეკრულების 13.5 პუნქტის შესაბამისად, განისაზღვრა შემსყიდველის უფლებამოსილება მიმწოდებელს შესრულებული სამუშაოების ღირებულებიდან დაუკავოს თანხა დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობით და მოახდინოს ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვა.
6.1.21. შპს „ნ–სა“ და შემსყიდველ ორგანიზაციას შორის, №64 ხელშეკრულების ფარგლებში, გაფორმდა შესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარების სამი აქტი, რომლებიც მოიცავდა 2019 წლის 13 მარტიდან 2019 წლის 11 ივლისამდე, 2019 წლის 12 ივლისიდან 2019 წლის 30 ივლისამდე და 2019 წლის 30 ივლისიდან 11 აგვისტომდე შესრულებული სამუშაოების მონაცემებს. საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, 2019 წლის 20 სექტემბერს შემსყიდველმა ჩაიბარა შპს „ნ–ის“ მიერ შესრულებული ჯამში 692141.21 ლარის ღირებულების სამუშაო. ამავე აქტში აღნიშნულია, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოები შესრულებულია ჯეროვნად ხელშეკრულებით გათვალისწინებული დოკუმენტაციის შესაბამისად და მიმღებ კომისიას შემსრულებელთან პრეტენზია არ გააჩნია (ტომი 1; ს. ფ. 211; 212-229; 230; 231-248; 249-250; 251-267; ტომი 2. ს. ფ. 39-63; 74-90; 91-128).
6.1.22. მხარეთა მიერ წარმოდგენილი მასალებით - სახელშეკრულებო ღირებულების, ხარჯთაღრიცხვისა და გეგმა-გრაფიკის, ასევე, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადების ცვლილების შესახებ მხარეთა შორის წერილობით გაფორმებული შეთანმებებით, კორექტირებული ხარჯთაღრიცხვებითა და გეგმა-გრაფიკებით, მიღება-ჩაბარების აქტებითა და სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 01.12.2021 წლის დასკვნით, რაც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, დასტურდება, რომ №64 ხელშეკრულების დანართი გეგმა-გრაფიკით გათვალისწინებული პირველი ეტაპის სამუშაო - ხელოვნური ნაგებობის მოწყობა, შესრულდა 69 დღის ვადაგადაცილებით; ამასთან, ვადის დაცვით შესრულდა 14551.47 ლარის ღირებულების სამუშაო, ხოლო ვადის დარღვევით - 23490.77 ლარის სამუშაო. მეორე ეტაპის სამუშაო - ეზოში შესასვლელების მოწყობა შესრულდა 10 დღის ვადაგადაცილებით, ამასთან, ვადაში შესრულდა 4297.90 ლარის სამუშაო, ხოლო ვადის დარღვევით 5455.61 ლარის სამუშაო; მესამე ეტაპის სამუშაო - გზის მიერთების მოწყობა - შესრულდა 10 დღის ვადაგადაცილებით, ამასთან ვადაში შესრულდა 6296.43 ლარის სამუშაო, ხოლო ვადაგადაცილებით 11974.37 ლარის სამუშაო. მეოთხე ეტაპის სამუშაოები - საგზაო სამოსის მოწყობა შესრულდა 47 დღის ვადაგადაცილებით, ამასთან, ვადის დაცვით შესრულდა 101853.56 ლარის ღირებულების სამუშაო, ხოლო ვადის დარღვევით - 521116.61 ლარის სამუშაო.
6.1.23. შპს „ნ–მა“ 2019 წლის 03 ოქტომბერს N138 წერილით მიმართა შემსყიდველს და მოითხოვა მის მიმართ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება - შესრულებული სამუშაოს ღირებულების სრულად ანაზღაურება. აღნიშნული წერილის საპასუხოდ შპს „ნ–ს“, 2019 წლის 09 ოქტომბრის N51/6786 წერილით ეცნობა, რომ N64 ხელშეკრულების ფარგლებში, მიმწოდებელმა შეასრულა 692141,21 ლარის სამუშაოები, საიდანაც შპს „ნ–ის“ ანგარიშზე გადარიცხულია 462915,75 ლარი, ასანაზღაურებელია 34292.54 ლარი (რაც დღეის მდგომარეობით ანაზღაურებულია და დავის საგანს არ წარმოადგენს). მიმწოდებელს ხელშეკრულების გეგმა-გრაფიკით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების ვადების, ჯამში - 279 დღით დარღვევისათვის დაერიცხა და დაექვითა პირგასამტეხლო - 194932,92 ლარის ოდენობით, რაც გადაირიცხულია ბიუჯეტში.
6.2.სააპელაციო პალატის მითითებით, მხარეთა შორის სადავო გარემოებას წარმოადგენდა შპს „ნ–ის“ მიერ, ხელშეკრულებათა დანართი გეგმა-გრაფიკებით გათვალისწინებული სამუშაოების ვადაგადაცილებისათვის, პირგასამტეხლოს სახით, საერთო ჯამში - 350000,28 ლარის დარიცხვის მართლზომიერება, საიდანაც, N62 ხელშეკრულების ფარგლებში, შპს „ნ–ს“ (ჯამში 94 დღის ვადაგადაცილებისათვის) პირგასამტეხლოს სახით დაერიცხა და დაექვითა 60110,07 ლარი (სრული სახელშეკრულებო ღირებულების 0.1 % ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის); N63 ხელშეკრულების ფარგლებში, შპს „ნ–ს“ (ჯამში 71 დღის ვადაგადაცილებისათვის) დაერიცხა და დაექვითა - 94957.29 ლარი, (სრული სახელშეკრულებო ღირებულების 0.1 % ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის); N64 ხელშეკრულების ფარგლებში, შპს „ნ–ს“ (ჯამში 279 დღის ვადაგადაცილებისათვის) დაერიცხა და დაექვითა 194932,92 ლარი (სრული სახელშეკრულებო ღირებულების 0.1 % ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის).
6.3.დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, პალატამ მიიჩნია, რომ მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობა გამომდინარეობდა ნარდობის ხელშეკრულებიდან. სააპელაციო პალატის შეფასების საგანს კი, წარმოადგენდა ნარდობის ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის ფარგლებში, მხარეთა შორის გაფორმებულ ხელშეკრულებებათა პირობების შესაბამისად, მიმწოდებლისათვის დარიცხული და გამოქვითული პირგასამტეხლოს მართლზომიერება.
6.4.განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს მიერ უდავოდ დადგენილად იყო მიჩნეული, რომ შპს „ნ–მა“, ჭიათურის მუნიციპალიტეტთან გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების ფარგლებში, შეასრულა რამდენიმე სოფლის დამაკავშირებელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები. ხელშეკრულებათა საფუძველზე შესრულებული სამუშაოს ხარისხი და ღირებულება მხარეთა შორის სადავო არ იყო. მხარეთა შორის სადავო არ იყო ის გარემოებაც, რომ მიმწოდებელმა - შპს „ნ–მა“ იკისრა ვალდებულება ხელშეკრულებებით გათვალისწინებიული სამუშაო ეწარმოებინა ამავე ხელშეკრულებების დანართი - სამუშაოს შესრულების კალენდარული და თანხობრივი გეგმა-გრაფიკებით გათვალისწინებულ ვადებში. სადავო არ იყო ის გარემოებაც, რომ მხარეთა შორის შეთანხმებული პირობების შესაბამისად (ხელშეკრულებათა მე-13 მუხლი), გეგმა-გრაფიკებით გათვალისწინებული ვადების დაუცველობის შემთხვევაში, მიმწოდებელს შემსყიდველის სასარგებლოდ დაეკისრებოდა პირგასამტეხლო, სრული სახელშეკრულებო ღირებულების 0.1%-ის ოდენობით, ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის.
6.5.პალატამ არ გაიზიარა მოსარჩელისა და რაიონული სასამართლოს მტკიცება, რომ მხარეთა შორის შეთანხმებული სახელშეკრულებო პირობების შინაარსის მიუხედავად, პირგასამტეხლოს დარიცხვა უნდა განხორციელებულიყო არა სამუშაოების შესრულების კალენდარული და თანხობრივი გეგმა-გრაფიკით გათვალისწინებული ცალკეული სამუშაოს შესრულების ვადაგადაცილებული დღეების მიხედვით, არამედ სამუშაოს შესრულების ხელშეკრულებით განსაზღვრული საბოლოო ვადის ვადაგადაცილებულ დღეთა რაოდენობის მიხედვით, რაც N62 ხელშეკრულების შემთხვევაში შეადგენდა 77 დღეს, N63 ხელშეკრულების შემთხვევაში - 62 დღეს და N64 ხელშეკრულების შემთხვევაში - 136 დღეს. პალატამ მიიჩნია, რომ ამგვარი სახით შემოთავაზებული პირგასამტეხლოს გაანგარიშების წესი, არ შეესაბამებოდა მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებებით შეთანხმებულ პირობებს და ის ეწინააღმდეგებოდა სკ-ის 319-ე მუხლით დადგენილ ხელშეკრულების დადების თავისუფლების პრინციპს, რომლის მიხედვით, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი.
6.6.სააპელაციო პალატამ მიუთითა „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპზე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილზე, ამავე კოდექსის 417-ე მუხლზე და საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მიიჩნია რომ ხელშეკრულების მე-13 მუხლში მხარეთა შორის შეთანხმებული ნების გამოვლენა, პირგასამტეხლოსთან მიმართებაში, ნამდვილი იყო, რაც ნაწილობრივ საფუძველს აცლიდა მოსარჩელის მტკიცებას მისთვის დარიცხული პირგასამტეხლოს არამართლზომიერებასთნ დაკავშირებით, მით უფრო იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოსარჩელემ დაარღვია ცალკეული ეტაპის სამუშაოთა კონკრეტულ ვადებში განხორციელების სახელშეკრულებო ვალდებულება, რაც მხარეთა შეთანხმების თანახმად, პირგასამტეხლოს დაკისრების უდავო წინაპირობას წარმოადგენდა.
6.7.ამასთან, პალატამ მიიჩნია, რომ სამუშაოს შესრულების ვადაგადაცილებისათვის პირგასამტეხლოს განსაზღვრა არა შეუსრულებელი სამუშაოს ღირებულებიდან, არამედ საერთო სახელშეკრულებო ღირებულებიდან გამომდინარე, ეწინააღმდეგებოდა როგორც დარიცხული პირგასამტეხლოს გონივრულობის პრინციპს (სკ-ის 420-ე მუხლი), ისე, სამოქალაქო უფლების მართლზომიერად და კეთილსინდისიერად განხორციელების პრინციპსაც (სკ-ის 8.3-ე და 115-ე მუხლები), ვინაიდან ამგვარი სახით დარიცხული პირგასამტეხლო, ფაქტობრივად გულისხმობდა სანქციის დაკისრებას სახელშეკრულებო პირობების დაცვით შესრულებული სამუშაოსათვისაც, რაც დაუშვებელი იყო.
6.8.განსახილველ შემთხვევაში, დადგენილი იყო, რომ ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიამ მოსარჩელეს დაარიცხა პირგასამტეხლო, საერთო სახელშეკრულებო ღირებულებათა 0.1%-ის ოდენობით, გეგმა-გრაფიკებით გათვალისწინებული ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის, რამაც №62 ხელშეკრულების ფარგლებში შეადგინა 60110,07 ლარი, №63 ხელშეკრულების ფარგლებში შეადგინა 94957.29 ლარი და N64 ხელშეკრულების ფარგლებში შეადგინა 194932,92 ლარი.
6.9.საქმეში არსებული წერილობითი მასალებისა და სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2021 წლის 1 დეკემბრის №5008102121 დასკვნის საფუძველზე, პალატამ დაადგინა, რომ N62 ხელშეკრულებით (მანდაეთი-ტყემლოვანა) გათვალისწინებული სამუშაოები:
1. ხელოვნული ნაგებობების მოწმობა უნდა დასრულებულიყო 5.07.2019წ-ის ჩათვლით; ვადის დაცვით შესრულდა სამუშაო ღირებულებით - 16649.19 ლარი, (დღგ-ს ჩათვლით), ვადის დარღვევით შესრულდა 1053.75 ლარის ღირებულების სამუშაო, ვადაგადაცილებამ შეადგინა 5 დღე; შესაბამისად, პირგასამტეხლოს გონივრული ოდენობა, რაც მოსარჩელეს უნდა დარიცხვოდა, სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევისათვის შეადგენდა 5,26 ლარს (1053.75 ლარის 0.1%-ს 5 დღის ვადაგადაცილებისათვის);
2. ეზოში შესასვლელების მოწყობა უნდა დასრულებულიყო 12.07.2019წ-ის ჩათვლით, ვადის დაცვით შესრულდა სამუშაო ღირებულებით 275.46 ლარი (დღგ-ს ჩათვლით), ვადის დარღვევით შესრულდა 4175.49 ლარის ღირებულების სამუშაოები, ვადაგადაცილება შეადგენდა 24 დღეს. შესაბამისად, პირგასამტეხლოს გონივრული ოდენობა, რაც მოსარჩელეს უნდა დარიცხვოდა, სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევისათვის შეადგენდა 100,21 ლარს (1053.75 ლარის 0.1% 24 დღის ვადაგადაცილებისათვის);
3. გზის მიერთების მოწყობა უნდა დასრულებულიყო 12.07.2019წ-ის ჩათვლით, ვადის დაცვით შესრულდა 121.85 ლარის ღირებულების სამუშაო, (დღგ-ს ჩათვლით), ვადის დარღვევით შესრულდა 3613.81 ლარის ღირებულების სამუშაო, ვადაგადაცილება შეადგენდა 24 დღეს. შესაბამისად, პირგასამტეხლოს გონივრული ოდენობა, რაც მოსარჩელეს უნდა დარიცხვოდა, სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევისათვის შეადგენდა 86,73 ლარს (3613.81 ლარის 0.1% 24 დღის ვადაგადაცილებისათვის);
4. საგზაო სამოსის მოწყობა უნდა დასრულებულიყო 12.07.2019-ის ჩათვლით, ვადის დაცვით შესრულდა 100254.67 ლარის ღირებულების სამუშაო (დღგ-ს ჩათვლით), ვადის დარღვევით შესრულდა 483944.36 ლარის ღირებულების სამუშაო, ვადაგადაცილება შეადგენდა 24 დღეს. შესაბამისად, პირგასამტეხლოს გონივრული ოდენობა, რაც მოსარჩელეს უნდა დარიცხვოდა, სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევისათვის შეადგენდა 11614,66 ლარს (483944.36 ლარის 0.1% 24 დღის ვადაგადაცილებისათვის);
- ამდენად, N62 ხელშეკრულების ფარგლებში, შესასრულებელი სამუშაოს ვადაგადაცილებისათვის დარიცხული პირგასამტეხლო უნდა განსაზღვრულიყო 11806,86 ლარით (11614,66 +86,73 +100,21 +5,26). დადგენილი იყო, რომ მოსარჩელეს პირგასამტეხლოს სახით რეალურად დაერიცხა 60110,07 ლარი, რაც გამოექვითა შესრულებული სამუშაოს ასანაზღაურებელი ღირებულებიდან. პალატამ მიიჩნია, რომ ნაცვლად 60110.07 ლარისა, მოსარჩელეს უნდა დაკისრებოდა პირგასამტეხლო 11806.86 ლარის ოდენობით, ხოლო სხვაობა 48303,21 ლარი (60110.07-11806=48303,21) მოპასუხეს უნდა აენაზღაურებინა მოსარჩელესათვის.
6.10. დადგენილი იყო, რომ N63 ხელშეკრულებით (ღვითორი-მელუშეეთი) გათვალისწინებული სამუშაოები:
1. ხელოვნური ნაგებობების მოწყობა, უნდა დასრულებულიყო 11.06.2019წ-ის ჩათვლით, ვადის დაცვით შესრულდა სამუშაო ღირებულებით 42411.50 ლარი (დღგ-ს ჩათვლით), ვადის დარღვევით შესრულდა 41934.49 ლარის ღირებულების სამუშაოები, ვადაგადაცილება შეადგენდა 57 დღეს; შესაბამისად, პირგასამტეხლოს გონივრული ოდენობა, რაც მოსარჩელეს უნდა დარიცხვოდა, სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევისათვის შეადგენდა 2390,26 ლარს (41934.49 ლარის 0.1% 57 დღის ვადაგადაცილებისათვის);
2. საგზაო სამოსის მოწყობა, უნდა დასრულებულიყო 01.08.2019წ-ის ჩათვლით, ვადის დაცვით შესრულდა სამუშაოების ღირებულება 857698.33 ლარის ოდენობით (დღგ-ს ჩათვლით), ვადის დარღვევით შესრულდა 146231.30 ლარის ღირებულების სამუშაოები, ვადაგადაცილება შეადგენდა 5 დღე. შესაბამისად, პირგასამტეხლოს გონივრული ოდენობა, რაც მოსარჩელეს უნდა დარიცხვოდა, სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევისათვის შეადგენდა 731,15 ლარს (146231.30 ლარის 0.1% 5 დღის ვადაგადაცილებისათვის);
- ამდენად, N63 ხელშეკრულების ფარგლებში, შესასრულებელი სამუშაოს ვადაგადაცილებისათვის დარიცხული პირგასამტეხლო უნდა განსაზღვრულიყო 3121,41 ლარით (2390.26+731.15). დადგენილი იყო, რომ მოსარჩელეს პირგასამტეხლოს სახით რეალურად დაერიცხა - 94957.29 ლარი, რაც დაექვითა შესრულებული სამუშაოს ასანაზღაურებელი ღირებულებიდან. პალატამ მიიჩნია, რომ ნაცვლად - 94957.29 ლარისა მოსარჩელეს უნდა დაკისრებოდა პირგასამტეხლო 3121.41 ლარის ოდენობით, ხოლო სხვაობა 91835.88 ლარი (94957.29-3121.41=91835.88) მოპასუხეს უნდა აენაზღაურებინა მოსარჩელისათვის.
6.11. დადგენილი იყო, რომ N64 ხელშეკრულებით (საბაჟო-ბერეთისა (I და II უბანი)) გათვალისწინებული სამუშაოები:
1. ხელოვნული ნაგებობების მოწყობა, უნდა დასრულებულიყო 3.06.2019წ-ის ჩათვლით, ვადის დაცვით შესრულდა სამუშაოები ღირებულებით 14551.47 ლარი (დღგ-ს ჩათვლით), ვადის დარღვევით შესრულდა 23490.77 ლარის ღირებულების სამუშაოები, ვადაგადაცილება შეადგენდა 69 დღეს; შესაბამისად, პირგასამტეხლოს გონივრული ოდენობა, რაც მოსარჩელეს უნდა დარიცხვოდა, სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევისათვის შეადგენდა 1620,86 ლარს (23490.77 ლარის 0.1% 69 დღის ვადაგადაცილებისათვის);
2. ეზოში შესასვლელების მოწყობა, უნდა დასრულებულიყო 1.08.2019წ-ის ჩათვლით, ვადის დაცვით შესრულდა სამუშაო ღირებულებით 4297.90 ლარი (დღგ-ს ჩათვლით), ვადის დარღვევით შესრულდა 5455.61 ლარის ღირებულების სამუშაოები, ვადაგადაცილება იყო 10 დღე. შესაბამისად, პირგასამტეხლოს გონივრული ოდენობა, რაც მოსარჩელეს უნდა დარიცხვოდა, სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევისათვის შეადგენდა 54,55 ლარს (5455.61 ლარის 0.1% 10 დღის ვადაგადაცილებისათვის);
3. გზის მიერთების მოწყობა, უნდა დასრულებულიყო 1.08.2019წ-ის ჩათვლით, ვადის დაცვით შესრულდა სამუშაო ღირებულებით 6296.43 ლარის ოდენობით (დღგ-ს ჩათვლით), ვადის დარღვევით შესრულდა 11974.37 ლარის ღირებულების სამუშაოები, ვადაგადაცილება შეადგენდა 10 დღეს. შესაბამისად, პირგასამტეხლოს გონივრული ოდენობა, რაც მოსარჩელეს უნდა დარიცხვოდა, სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევისათვის შეადგენდა 119,74 ლარს (11974.37 ლარის 0.1% 10 დღის ვადაგადაცილებისათვის);
4. საგზაო სამოსის მოწყობა, უნდა დასრულებულიყო 25.06.2019წ-ის ჩათვლით, ვადის დაცვით შესრულდა სამუშაოების ღირებულება 101853.56 ლარის ოდენობით (დღგ-ს ჩათვლით), ვადის დარღვევით შესრულდა 521116.61 ლარის ღირებულების სამუშაოები, ვადაგადაცილება შეადგენდა 47 დღეს. შესაბამისად, პირგასამტეხლოს გონივრული ოდენობა, რაც მოსარჩელეს უნდა დარიცხვოდა, სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევისათვის შეადგენდა 24492,48 ლარს (521116.61 ლარის 0.1% 47 დღის ვადაგადაცილებისათვის).
- ამდენად, N64 ხელშეკრულების ხელშეკრულების ფარგლებში შესასრულებელი სამუშაოს ვადაგადაცილებისათვის დარიცხული პირგასამტეხლო უნდა განსაზღვრულიყო 26287.63 ლარით (1620,86+54,55+119,74+24492,48). დადგენილი იყო, რომ მოსარჩელეს პირგასამტეხლოს სახით დაერიცხა - 194932,92 ლარი, რაც დაექვითა შესრულებული სამუშაოს ასანაზღაურებელი ღირებულებიდან. პალატამ მიიჩნია, რომ ნაცვლად - 194932,92 ლარისა მოსარჩელეს უნდა დაკისრებოდა პირგასამტეხლო 26287,36 ლარის ოდენობით, ხოლო სხვაობა 168645,29 ლარი (194932,92-26287,36) მოპასუხეს უნდა აენაზღაურებინა მოსარჩელისათვის.
6.12. დადგენილი იყო, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, შემსყიდველი უფლებამოსილი იყო ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის გზით უზრუნველეყო მიმწოდებლისათვის დარიცხული პირგასამტეხლოს ანაზღაურება. მხარეთა შორის შეთანხმებული ეს პირობა სრულად შეესაბამებოდა სამოქალაქო კოდექსის 442-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ წესს, რომლის მიხედვით, ორ პირს შორის არსებული ურთიერთმოთხოვნა შეიძლება გაქვითვით შეწყდეს, თუ დამდგარია ამ მოთხოვნათა შესრულების ვადა. განსახილველ შემთხვევაში, უდავოდ დადგენილი იყო, რომ მოსარჩელემ ხელშეკრულებით (დანართი გეგმა-გრაფიკებით გათვალისწინებული) ნაკისრი ვალდებულება დაარღვია და მას მხარეთა შორის შეთანხმებული პირობების შესაბამისად წარმოეშვა პირგასამტეხლოს გადახდის მოვალეობა. ასევე, დადგენილი იყო, რომ მოპასუხემ მოსარჩელისათვის დარიცხული პირგასამტეხლო აინაზღაურა შპს „ნ–ის“ მიერ შესრულებული სამუშაოს ღირებულების დაქვითვით (ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის გზით), რის შედეგადაც მოსარჩელეს შესრულებული სამუშაოს ღირებულება სრულად მიღებული არ ჰქონდა. ამასთან, პალატამ დაადგინა, რომ მოპასუხის მიერ მოსარჩელისათვის დარიცხული პირგასამტეხლო ნაწილობრივ უსაფუძვლო იყო, რის გამოც მოპასუხე ვალდებული იყო აენაზღაურებინა მოსარჩელისათვის მის მიერ შესრულებული სამუშაოს ღირებულება, უსაფუძვლოდ დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობით, რაც შეადგენდა - N62 ხელშეკრულების ფარგლებში - 48303,21 ლარს; N63 ხელშეკრულების ფარგლებში - 91835.88 ლარს და N64 ხელშეკრულების ხელშეკრულების ფარგლებში - 168645,29 ლარს. შესაბამისად, აპელანტის მოთხოვნა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმებისა და სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმის შესახებ, მხოლოდ ნაწილობრივ (მოსარჩელის მიერ ვადის დარღვევით შესრულებელი ვალდებულებისთვის პირგასამტეხლოს დარიცხვის ნაწილში) იყო საფუძვლიანი და უნდა დაკმაყოფილებულიყო ნაწილობრივ.
7. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიამ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 05 ოქტომბრის განჩინებით, წარმოებაში იქნა მიღებული ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
9. საკასაციო მოთხოვნის ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:
9.1. კასატორის მითითებით, შპს „ნ–თან“ გაფორმებული ხელშეკრულებების მხარედ წარმოდგენილია ჭიათურის მუნიციპალიტეტი, რომელიც სამოქალაქო კოდექსის 24-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო ურთიერთობაში მონაწილეობს როგორც კერძო სამართლის იურიდიული პირი, რაც იძლევა იმის საფუძველს, რომ ჭიათურის მუნიციპალიტეტმა თავისუფლად დადოს ხელშეკრულება და განსაზღვროს ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. კასატორი მიიჩნევს, რომ შპს „ნ–ისათვის“ პირგასამტეხელოს დაკავება და ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვა ხელშეკრულების პირობების შესაბამისად განხორციელდა, რაც მათ შორის წინასწარ იყო შეთანხმებული. მოსარჩელეს ხელშეკრულების ამოქმედებამდე და ამოქმედების შემდეგ, ხელშეკრულებაში ჩადებულ პირობებთან ან მათ განმარტებასთან დაკავშირებით, შეეძლო ნებისმიერ დროს მიემართა შემსყიდველი ორგანიზაციისათვის, რაც არ განუხორციელებია. აღნიშნული კასატორის მოსაზრებით ადასტურებს იმას, რომ ხელშეკრულების პირობები და მათში გაწერილი პრინციპები გასაგები და მისაღები იყო მისთვის, რაც გამორიცხავდა სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
10. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
11. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ნორმის დანაწესით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
12. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
13. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
14. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატის მსჯელობის საგანია შპს „ნ–ის“ მიერ ხელშეკრულებათა დანართი გეგმა-გრაფიკებით გათვალისწინებული სამუშაოების ვადაგადაცილებისათვის, პირგასამტეხლოს სახით, საერთო ჯამში - 350000,28 ლარის შპს „ნ–ისათვის“ დარიცხვის მართლზომიერება.
15. პალატა პირველ რიგში აღნიშნავს, რომ კასატორს საკასაციო პრეტენზიის წარდგენის გზით, სადავოდ არ გაუხდია ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც ასახულია ამ განჩინების 6.1.1.-6.1.23. პუნქტებში და რომლებსაც სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე, საკასაციო სასამართლოსთვისაც სავალდებულო ძალა აქვთ.
16. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ხოლო, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლო გადაწყვეტილებებსა და სხდომის ოქმებში. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები. შესაბამისად, წინამდებარე განჩინებით, საკასაციო პალატის შეფასების საგანი იქნება კასატორის შედავების საფუძვლიანობა.
17. განსახილველ შემთხვევაში, სადავოს არ წარმოადგენს, რომ 2019 წლის 12 მარტს, სსიპ თვითმმართველ ერთეულს - ჭიათურის მუნიციპალიტეტსა და შპს „ნ–ს“ შორის, გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N62, N63 და N64 ხელშეკრულებები. ხელშეკრულებების საგანს წარმოადგენდა ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფლების - მანდაეთი-ტყემლოვანას (N62), ღვითორი-მელუშეეთისა (N63) და საბაჟო-ბერეთისას (N64) დამაკავშირებელი საავტომობილო გზის რეაბილიტაციის სამუშაოები. სადავო არაა მხარეთა შეთანხმებით გაფორმებული ხელშეკრულებების პირობები, უფლებები და ვალდებულებები; არც ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულების დათქმულ ვადაში ნაწილობრივ შეუსრულებლობა და ვადადარღვეული დღეების რაოდენობაა სადავოდ გამხდარი. კასატორი წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით სადავოდ ხდის მხოლოდ მოსარჩელისათვის დარიცხული და შემდგომში, შესრულებული სამუშაოს ასანაზღაურებელი ღირებულებიდან დაქვითული პირგასამტეხლოს შემცირების მართლზომიერებას. კერძოდ, კასატორის პრეტენზია უშუალოდ იმ გარემოებას შეეხება, რომ მოპასუხე წინასწარ გაცნობიერებულად დათანხმდა სახელშეკრულებო პირობებს - ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ხელშეკრულების ღირებულების 0,1 პროცენტის ოდენობით პირგასამტეხლოს გადახდას, რის გამოც სასამართლო არ იყო უფლებამოსილი შეემცირებინა დარიცხული პირგასამტეხლო. აღნიშნულთან დაკავშირებით, პალატა პირველ რიგში განმარტავს, რომ მართალია, პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრა მხარეთა უფლებაა და აღნიშნული კუთხით მოქმედებს სახელშეკრულებო ურთიერთობებში დამკვიდრებული მხარეთა ნების ავტონომიის პრინციპი, თუმცა, პირგასამტეხლოს შემცირების უფლებამოსილება არის იშვიათი გამონაკლისი, როდესაც სასამართლოს უფლება აქვს, ჩაერიოს მხარეთა ნების ავტონომიაში (ხელშეკრულების შინაარსის თავისუფლება) და მხარეთა შეთანხმების მიუხედავად, შეამციროს იგი (იხ. ს.ჯორბენაძე, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი III, 2019 წელი, გვ. 800).
18. სსკ-ის 420-ე მუხლის დანაწესი (სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო) იმპერატიულია და მხარეებს არ გააჩნიათ უფლებამოსილება, თავიანთი შეთანხმებით გამორიცხონ იგი. კანონის მითითებული დანაწესი განპირობებულია იმითაც, რომ ხელშეკრულების დადებისას შესაძლებელია, უფრო ძლიერმა ხელშემკვრელმა მხარემ ისარგებლოს მეორე მხარის სურვილით, გააფორმოს ხელშეკრულება და უკარნახოს შეთანხმების არახელსაყრელი პირობები, განსაზღვროს გონივრულზე უფრო მაღალი პირგასამტეხლო, თუნდაც დაადგინოს პირგასამტეხლოს გამოთვლის უსამართლო წესი. ასეთ შემთხვევაში, მართალია კანონმდებელმა დააწესა დაცვის მექანიზმი, რომელიც სასამართლოს აღჭურვავს უფლებამოსილებით, დააკორექტიროს პირგასამტეხლოს ოდენობა (მისი გამოანგარიშების მეთოდის მიუხედავად) და დაიყვანოს იგი სამართლიან და გონივრულ მოცულობამდე, თუმცა, პალატა მიიჩნევს, რომ როდესაც ხელშეკრულების მხარე არის მეწარმე სუბიექტი, მისი პასუხისმგებლობის ხარისხი ბევრად აღემატება ფიზიკური პირის პასუხისმგებლობის ხარისხს, რომელიც შესაძლებელია იყოს ხელშეკრულების სუსტი მხარე და ხელშეკრულებაზე ხელის მოწერისას ვერ აცნობიერებს პირგასამტეხლოს შინაარსს და მის თანმდევ სამართლებრივ შედეგს. როდესაც საკითხი ეხება მეწარმე სუბიექტის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობას, დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა არ უნდა იყოს მინიმალური ოდენობის. ასეთ შემთხვევებში, უმნიშვნელოვანესია დარღვევის პროპორციული პირგასამტეხლოს განსაზღვრა, რაც იქნება გარანტი იმისა, რომ პირგასამტეხლომ არ დაკარგოს თავისი ძირითადი ფუნქცია - ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველყოფის პრევენცია და განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურების შესაძლებლობა.
19. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატას მხედველობის მიღმა არ რჩება ის გარემოება, რომ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების მხარეს წარმოადგენს მეწარმე სუბიექტი, რომელიც თავისუფალი და გაცნობიერებული ნების გამოვლენის საფუძველზე დათანხმდა პირგასამტეხლოს კონკრეტულ ოდენობას და როგორც სახელშეკრულებო ურთიერთობაში კონტრაჰირებულ მეწარმე სუბიექტს, მისი სტატუსიდან გამომდინარე, ფიზიკური პირისგან განსხვავებული პასუხისმგებლობითა და სტანდარტით მოეთხოვება ვალდებულების სამართლებრივ შედეგებზე პასუხისგება, თუმცა, აღნიშნულის მიუხედავად, პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის პრეტენზიას პირგასამტეხლოს შემცირების მიზანშეუწონლობის ნაწილში არ გააჩნია სამართლებრივად ვარგისი საფუძველი და ამ მხრივ, საყურადღებოა ის გარემოება, რომ მიუხედავად სახელშეკრულებო ვალდებულების მხოლოდ ნაწილობრივ დარღვევისა, მოსარჩელის მიერ პირგასამტეხლოს გაანგარიშების ბაზას წარმოადგენდა ხელშეკრულების ჯამური ღირებულება და არა შეუსრულებელი ვალდებულების ღირებულება. აქედან გამომდინარე, საკასაციო პალატამ უნდა შეამოწმოს მოპასუხისათვის დარიცხული პირგასამტეხლოს გამოთვლის წესი შეესაბამება თუ არა სასამართლოს მიერ მყარად დადგენილ პრაქტიკას.
20. ზემოაღნიშნულ საკითხთან მიმართებით, არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული ერთგვაროვანი პრაქტიკა, სადაც განმარტებულია, რომ ვალდებულების ნაწილის შესრულების ვადის გადაცილებისთვის პირგასამტეხლოს ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან დაანგარიშება ეწინააღმდეგება სამოქალაქო ბრუნვის უსაფრთხოებისა და კეთილსინდისიერების მინიმალურ სტანდარტს, რადგან პირგასამტეხლოს ასეთი ოდენობით დაკისრება, მართალია, იცავს კრედიტორის ქონებრივ ინტერესს, მაგრამ არღვევს სახელშეკრულებო წონასწორობას და ვერ ასრულებს ვალდებულების დარღვევის პრევენციის ნორმატიულ დანიშნულებას. დაუშვებელია, პირგასამტეხლო მხარეს ეკისრებოდეს იმ ვალდებულების პროპორციული ღირებულებიდანაც, რომელიც მან ჯეროვნად შეასრულა. პირგასამტეხლო უნდა დაანგარიშდეს არა ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან, არამედ მხარის მიერ ფაქტობრივად შეუსრულებელი ან არაჯეროვნად შესრულებული ვალდებულების მოცულობიდან (იხ. სუსგ. №ას-971-2019, 28.10.2019; №ას-581-2019, 31.07.2019; №ას-164-160-2016, 28.07.2016).
21. განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული წერილობითი მასალებისა და სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2021 წლის 1 დეკემბრის №5008102121 დასკვნის საფუძველზე, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილია, ხოლო, კასატორს, საკასაციო პრეტენზიის წარდგენის გზით, სადავოდ არ გაუხდია რომ:
- N62 ხელშეკრულების ფარგლებში:
1. ხელოვნული ნაგებობების მოწყობა უნდა დასრულებულიყო 5.07.2019წ-ის ჩათვლით; ვადის დაცვით შესრულდა სამუშაო ღირებულებით - 16649.19 ლარი, (დღგ-ს ჩათვლით), ვადის დარღვევით შესრულდა 1053.75 ლარის ღირებულების სამუშაო, ვადაგადაცილებამ შეადგინა 5 დღე;
2. ეზოში შესასვლელების მოწყობა უნდა დასრულებულიყო 12.07.2019წ-ის ჩათვლით, ვადის დაცვით შესრულდა სამუშაო ღირებულებით 275.46 ლარი (დღგ-ს ჩათვლით), ვადის დარღვევით შესრულდა 4175.49 ლარის ღირებულების სამუშაოები, ვადაგადაცილება შეადგენდა 24 დღეს;
3. გზის მიერთების მოწყობა უნდა დასრულებულიყო 12.07.2019წ-ის ჩათვლით, ვადის დაცვით შესრულდა 121.85 ლარის ღირებულების სამუშაო, (დღგ-ს ჩათვლით), ვადის დარღვევით შესრულდა 3613.81 ლარის ღირებულების სამუშაო, ვადაგადაცილება შეადგენდა 24 დღეს;
4. საგზაო სამოსის მოწყობა უნდა დასრულებულიყო 12.07.2019-ის ჩათვლით, ვადის დაცვით შესრულდა 100254.67 ლარის ღირებულების სამუშაო (დღგ-ს ჩათვლით), ვადის დარღვევით შესრულდა 483944.36 ლარის ღირებულების სამუშაო, ვადაგადაცილება შეადგენდა 24 დღეს.
- N63 ხელშეკრულების ფარგლებში:
1. ხელოვნური ნაგებობების მოწყობა, უნდა დასრულებულიყო 11.06.2019წ-ის ჩათვლით, ვადის დაცვით შესრულდა სამუშაო ღირებულებით 42411.50 ლარი (დღგ-ს ჩათვლით), ვადის დარღვევით შესრულდა 41934.49 ლარის ღირებულების სამუშაოები, ვადაგადაცილება შეადგენდა 57 დღეს;
2. საგზაო სამოსის მოწყობა, უნდა დასრულებულიყო 01.08.2019წ-ის ჩათვლით, ვადის დაცვით შესრულდა სამუშაოების ღირებულება 857698.33 ლარის ოდენობით (დღგ-ს ჩათვლით), ვადის დარღვევით შესრულდა 146231.30 ლარის ღირებულების სამუშაოები, ვადაგადაცილება შეადგენდა 5 დღე.
- N64 ხელშეკრულების ფარგლებში:
1. ხელოვნული ნაგებობების მოწყობა, უნდა დასრულებულიყო 3.06.2019წ-ის ჩათვლით, ვადის დაცვით შესრულდა სამუშაოები ღირებულებით 14551.47 ლარი (დღგ-ს ჩათვლით), ვადის დარღვევით შესრულდა 23490.77 ლარის ღირებულების სამუშაოები, ვადაგადაცილება შეადგენდა 69 დღეს;
2. ეზოში შესასვლელების მოწყობა, უნდა დასრულებულიყო 1.08.2019წ-ის ჩათვლით, ვადის დაცვით შესრულდა სამუშაო ღირებულებით 4297.90 ლარი (დღგ-ს ჩათვლით), ვადის დარღვევით შესრულდა 5455.61 ლარის ღირებულების სამუშაოები, ვადაგადაცილება იყო 10 დღე;
3. გზის მიერთების მოწყობა, უნდა დასრულებულიყო 1.08.2019წ-ის ჩათვლით, ვადის დაცვით შესრულდა სამუშაო ღირებულებით 6296.43 ლარის ოდენობით (დღგ-ს ჩათვლით), ვადის დარღვევით შესრულდა 11974.37 ლარის ღირებულების სამუშაოები, ვადაგადაცილება შეადგენდა 10 დღეს;
4. საგზაო სამოსის მოწყობა, უნდა დასრულებულიყო 25.06.2019წ-ის ჩათვლით, ვადის დაცვით შესრულდა სამუშაოების ღირებულება 101853.56 ლარის ოდენობით (დღგ-ს ჩათვლით), ვადის დარღვევით შესრულდა 521116.61 ლარის ღირებულების სამუშაოები, ვადაგადაცილება შეადგენდა 47 დღეს.
22. ამდენად, უდავოდ დგინდება, რომ მოსარჩელის მიერ არაჯეროვნად შესრულებული ვალდებულების მოცულობიდან გამომდინარე, დასარიცხი პირგასამტეხლოს გონივრული ოდენობა N62 ხელშეკრულების ფარგლებში, ნაცვლად 60110,07 ლარისა, რეალურად შეადგენდა 11806,86 ლარს (11614,66 +86,73 +100,21+5,26); N63 ხელშეკრულების ფარგლებში ნაცვლად 94957.29 ლარისა, რეალურად შეადგენდა 3121,41 ლარს (2390.26+731.15), ხოლო, N64 ხელშეკრულების ფარგლებში, ნაცვლად 194932,92 ლარისა, რეალურად შეადგენდა 26287.63 ლარს (1620,86+54,55+119,74+24492,48). შესაბამისად, საკასაციო პალატა იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას მასზედ, რომ სამივე ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოპასუხემ მოსარჩელეს უნდა აუნაზღაუროს დარიცხულ პირგასამტეხლოს/შესრულებული სამუშაოს ასანაზღაურებელი ღირებულებიდან დაქვითულ თანხასა და რეალურად დასარიცხ პირგასამტეხლოებს შორის სხვაობა, რაც N62 ხელშეკრულების ფარგლებში შეადგენს 48303,21 ლარს, N63 ხელშეკრულების ფარგლებში შეადგენს 91835.88 ლარს და N64 ხელშეკრულების ხელშეკრულების ფარგლებში შეადგენს 168645,29 ლარს.
23. პალატა განმარტავს, რომ კრედიტორს, ხელშეკრულების დადების, ან სულ მცირე, პირგასამტეხლოს გაანგარიშების ეტაპზე რომ გაეთვალისწინებინა სასამართლოს მყარად დადგენილი პრაქტიკა პირგასამტეხლოს დარღვეული ვალდებულების ღირებულებიდან გამოთვლის შესახებ, აკუმულირებული პირგასამტეხლოს ოდენობა დარიცხულ პირგასამტეხლოზე/შესრულებული სამუშაოს ასანაზღაურებელი ღირებულებიდან დაქვითულ თანხაზე ბევრად მცირე - 40173.66 ლარი იქნებოდა. მოპასუხის მიერ მოსარჩელისათვის დარიცხული და შემდგომში, შესრულებული სამუშაოს ასანაზღაურებელი ღირებულებიდან დაქვითული თანხის ოდენობა კი, ეწინააღმდეგება კრედიტორისა და მოვალის ინტერესების სამართლიანად დაბალანსების სახელშეკრულებო მიზანს და დარღვეული წონასწორობის აღდგენისათვის, წარმოშობს მხარეთა ნების თავისუფლებაში სასამართლოს ჩარევის საფუძველს. ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან აკუმულირებული პირგასამტეხლოს მოცულობა, როდესაც დარღვეულია ვალდებულების მხოლოდ ნაწილი, სანქციას იმთავითვე სძენს არაგონივრულად მკაცრი პასუხისმგებლობის შინაარსს, რა დროსაც, სასამართლოს ვალია, აღადგინოს დარღვეული წონასწორობა პირგასამტეხლოს სამართლიან საწყისებთან შესაბამისობაში მოყვანის გზით.
24. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო პალატის მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია; ამასთან, არ წარუდგენია არც ერთი არგუმენტი და დასაბუთებული შედავება, თუ რა საფუძვლით უნდა იქნეს დასაშვებად ცნობილი წარმოდგენილი საკასაციო განაცხადი.
25. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა საქმეში არსებული სადავო საკითხი; ამასთან, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
26. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება წინააღმდეგობაში მოდის მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და მის დამატებით ოქმთან/ოქმებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან.
27. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
28. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან, რომელთა ნაწილიც ასახულია წინამდებარე განჩინებაში.
29. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
30. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. მოცემულ შემთხვევაში, ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერია გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის გამო.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძე
მოსამართლეები: რევაზ ნადარაია
თამარ ზამბახიძე