№ას-916-2024
26 სექტემბერი, 2024 წელი თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),
რევაზ ნადარაია (მომხსენებელი), თამარ ზამბახიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ჯ.მ–სი“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 15 თებერვლის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტმა (შემდგომში - მოსარჩელე, კასატორი) სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში შპს „ჯ.მ–სის“ (შემდეგში - მოპასუხე, მოწინააღდეგე მხარე) მიმართ 4245 ლარის დაკისრების მოთხოვნით.
2. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლითა და სასამართლო სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით, სარჩელი არ ცნო. ასევე, მოპასუხემ დამატებით მიუთითა სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობაზე.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილებით, შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
4. პირველი ინსტანციის სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ - შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
5.1.თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 15 თებერვლის განჩინებით, შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილება.
6. სააპელაციო სასამართლოს განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
6.1.სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
6.1.1. 2017 წლის 28 სექტემბერს, შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტსა და შპს „ჯ.მ–სს“ შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება N192, რომლის საგანსაც მიმწოდებლისგან შეძენილი FORD-ის ფირმის POLICE INTERCEPTOR მარკის სპეციალური საპოლიციო (რომელთა გარბენი არის არანაკლებ 200 000 კმ.) ავტომანქანების ტექნიკური მომსახურების ნასყიდობა წარმოადგენდა.
- ხელშეკრულების პირობების თანახმად, გასაწევი მომსახურების საერთო ღირებულება შეადგენდა 24 000 ლარს, ხოლო აღნიშნული ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურებების მიწოდების ვადა განისაზღვრა ხელშეკრულების გაფორმების დღიდან - 2017 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
6.1.2. ხელშეკრულების 5.2. ქვეპუნქტის თანახმად, გარანტია ვრცელდებოდა მხოლოდ იმ აგრეგატებსა და დეტალებზე და იმ პირობებითა და ვადებით, რაც მოცმული იყო დანართ N1-ში. ხოლო, დანართი N1-ის მე-3 მუხლის თანახმად, გარანტია არ ვრცელდებოდა სპეც ავტომობილის ან მისი ცალკეული ნაწილის გარეგან მექანიკურ დაზიანებაზე, მათ შორის, თერმული ზემოქმედებით მიყენებულ დაზიანებაზე (გადახურებაზე); აგრეთვე - ავტომობილის ისეთ დაზიანებაზე, რომელიც გამოწვეული იქნებოდა ავტომობილის არასწორი ექსპლუატაციით, ავტოსაგზაო შემთხვევითა და სხვა გარეგანი მექანიკური ზემოქმედებით.
6.1.3. 2017 წლის 26 სექტემბერს, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ბალანსზე რიცხულ „ფორდის“ მარკის ა/მანქანას (სახ. №........, კოდი 1FAHP2MK9F...... შპს „ჯ. მ–ის“ სერვის ცენტრში შეეცვალა ძრავის ზეთი.
6.1.4. 2017 წლის 02 ოქტომბერს, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის მთავარი სამმართველოს ბალანსზე რიცხული „ფორდის“ მარკის ა/მანქანა სახ. №........, ბორტის №3225 დაზიანდა. კერძოდ, მწყობრიდან გამოვიდა ძრავი და გადაყვანილ იქნა ქ. თბილისში „ფორდის“ ცენტრში.
6.1.5. შპს „ჯ. მ–ის“ 2017 წლის 07 დეკემბრის წერილით, ძრავის გარეგანი მექანიკური ზემოქმედების შედეგად დაზიანების მიზეზით, მოსარჩელეს ძრავის აღდგენასა ან ახალი ძრავის საგარანტიო წესით დამონტაჟებაზე ეთქვა უარი.
6.1.6. 2018 წლის 22 თებერვალს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტმა მიმართა სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს“ ექსპერტიზის დანიშვნის მოთხოვნით შემდეგი შეკითხვით: „შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ბალანსზე რიცხული „FORD POLICE ENTERCEPTOR“-ის მოდელის ავტომანქანაზე სახელმწიფო ნომრით ........ (საიდენტიფიკაციო კოდი 1FAHP2MK9FG1... გამოშვების წელი 2014) აღენიშნება თუ არა ძრავის კარტერს ისეთი სახის მექანიკური, გარეგანი ზემოქმედებით გამოწვეული დაზიანება, რომელსაც შეეძლო გამოეწვია ძრავის კარტერის ჭანჭიკის მოშვება და/ან გამოვარდნა“.
6.1.7. 2020 წლის 16 ივნისის სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ დასკვნის თანახმად, საპატრულო პოლიციის
დეპარტამენტის ბალანსზე რიცხულ „ფორდის“ მარკის ა/მანქანას (სახ. №........, საიდენტიფიკაციო კოდი 1FAHP2MK9F.....) დაზიანებული ჰქონდა ძრავის ქვედა ხუფის (კარტერის) ხრახნიანი ღიობი, რომელშიც ვერ ხერხდებოდა ქანჩის ჩაჭერა (არ ფიქსირდებოდა და გააჩნდა 3-4 მმ-ის ფოლხვა).
6.1.8. 2020 წლის 13 ივლისს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს, შპს „ჯ. მ–ის“ მხრიდან განმეორებით ეთქვა უარი დაზიანებული ავტომობილის საგარანტიო წესით შეკეთებაზე.
6.2. სააპელაციო პალატამ, საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად შეაფასა ხანდაზმულობის საკითხი. სააპელაციო პალატამ, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მსგავსად მიიჩნია, რომ წარმოდგენილი სარჩელი ხანდაზმული იყო, რაც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თვითკმარ საფუძველს წარმოადგენდა.
6.3. ხანდაზმულობის საკითხთან მიმართებით, სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნა გამომდინარეობდა მომსახურების (ნარდობის) სახელშეკრულებო სამართლებრივი ურთიერთობიდან, შესაბამისად, სასარჩელო ხანდაზმულობის საკითხზე მსჯელობისას, პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129.1-ე მუხლით, რომელიც სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე მოთხოვნების მიმართ სამწლიან ხანდაზმულობის ვადას აწესებს.
6.4. სააპელაციო პალატამ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 130-ე მუხლზე, რომელიც ხანდაზმულობის დაწყებას მოთხოვნის წარმოშობის მომენტს უკავშირებს, ხოლო მოთხოვნის წარმოშობის მომენტად მიიჩნევა დრო, როდესაც პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. ასევე, პალატამ მიუთითა უდავო ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ მოპასუხემ მოსარჩელეს საგარანტიო წესით ძრავის აღდგენასა და ახალი ძრავის საგარანტიო წესით დამონტაჟებაზე პირველად წერილობითი უარი განუცხადა 2017 წლის 7 დეკემბერს. აღნიშნული წერილის ანალიზის საფუძველზე, პალატამ მიიჩნია, რომ აპელანტისათვის/მოსარჩელისათვის სწორედ ამ მომენტიდან გახდა ცნობილი ზიანის ან ზიანის სავარაუდო მიმყენებლის შესახებ, ხოლო თუკი მას აღნიშნულის დასადასტურებლად ისეთი მტკიცებულება დასჭირდებოდა, როგორიც ექსპერტიზის დასკვნაა, მაშინ სააპელაციო პალატის მოსაზრებით, იგი ვალდებული იყო, ხანდაზმულობის ვადის დაცვის მიზნით დროულად დაეწყო სამართალწარმოება და პროცესის მიმდინარეობის სტადიაზე ეზრუნა სასამართლოსთვის შესაბამისი მტკიცებულების წარდგენაზე. ნებისმიერ შემთხვევაში, 2017 წლის 7 დეკემბრის წერილის შემდეგ, სასამართლოსათვის 2022 წლის 27 იანვარს მიმართვა სახელშეკრულებო მოთხოვნიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, ხანდაზმულად მიიჩნეოდა და შესაბამისად, არ იქნა გაზიარებული აპელანტის მტკიცება, რომ ექსპერტიზის დასკვნა მხარისაგან დამოუკიდებელი მიზეზებით დაგვიანებით მომზადდა.
6.5. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა სწორად აითვალა მოპასუხის მიერ წერილობით გაცხადებული უარის მომენტიდან, რაც უსაფუძვლოს ხდიდა ხანდაზმულობის ვადის დაწყებასთან დაკავშირებით აპელანტის მსჯელობას.
6.6. ასევე, სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის პირველი ნაწილზე (ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე) და აღნიშნა, რომ რამდენადაც, საქმის მასალებით დადასტურებული იყო ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ სარჩელის წარდგენის ფაქტი და მოპასუხე ხანდაზმულობაზე მიუთითებდა, აღნიშნული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საკმარის საფუძველს წარმოადგენდა.
7. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ - შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტმა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 22 ივლისის განჩინებით, წარმოებაში იქნა მიღებული შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
9. საკასაციო მოთხოვნის ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:
9.1. კასატორის განმარტებით, სასამართლომ არასწორად მიიჩნია მოსარჩელის მოთხოვნა ხანდაზმულად, რამეთუ ექსპერტიზის დასკვნის მომზადებამდე, მოსარჩელე მოკლებული იყო შესაძლებლობას მოთხოვნა წარედგინა რომელიმე სუბიექტის მიმართ და სწორედ ექსპერტიზის დასკვნის მომზადების შემდგომ გახდა ცნობილი პასუხისმგებელი პირის ვინაობა. შესაბამისად, კასატორი მიიჩნევს, რომ ხანდაზმულობის სამწლიანი ვადის დენის ათვლა უნდა დაწყებულიყო შპს „ჯ. მ–ის“ მიერ, მეორედ გაცხადებული უარიდან - 2020 წლის 13 ივლისიდან.
9.2. სასამართლომ დაუსაბუთებლად არ მიიჩნია დადგენილად, რომ სახეზე იყო შპს „ჯ. მ–ის“ მხრიდან ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევა და საქმის მასალებით დასტურდებოდა იმგვარ ობიექტურ გარემოებათა არსებობა, რაც მოპასუხისთვის ზიანის ანაზღაურების ვალდებულების დაკისრებას განაპირობებდა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
10. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
11. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ნორმის დანაწესით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
12. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
13. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
14. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ხოლო, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლო გადაწყვეტილებებსა და სხდომის ოქმებში. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები. შესაბამისად, წინამდებარე განჩინებით, საკასაციო პალატის შეფასების საგანი იქნება კასატორის შედავების საფუძვლიანობა.
15. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის ფარგლებში, საკასაციო პალატის ძირითადი შეფასების საგანია, სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის საკითხი, კერძოდ, თუ საიდან აითვლება ხანდაზმულობის ვადა.
16. სადავო საკითხთან მიმართებით, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ზოგადად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადა მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან იწყება. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. ე.ი. თუ ხანდაზმულობის წარმოშობის მომენტის დადგენა ობიექტურად შეუძლებელია, ყურადღება უნდა მიექცეს სუბიექტურ მომენტს, ამასთან იგულისხმება, რომ ხანდაზმულობის წარმოშობის ობიექტური და სუბიექტური მომენტები თანმხვედრია, ხოლო, იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე ხანდაზმულობის წარმოშობის ობიექტური და სუბიექტური მომენტების თანხვედრას არ ეთანხმება, მაშინ მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, იმის გასარკვევად, ხანდაზმულობის ვადის ათვლა თუ როდიდან უნდა დაიწყოს (საქართველოს უზენაესი სასამართლოს რეკომენდაციები სამოქალაქო სამართლის სასამართლო პრაქტიკის პრობლემურ საკითხებზე, 2007, გვ. 64).
17. საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკის თანახმად, „მოთხოვნის უფლების წარმოშობის გამოსარკვევად, ყურადღება უნდა მიექცეს ორ ელემენტს, რომლებსაც უკავშირდება მოთხოვნის წარმოშობის დრო: პირმა შეიტყო უფლების დარღვევის შესახებ და/ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. პირველ შემთხვევაში, არსებობს ფაქტები, რომლებიც პირდაპირ მიუთითებენ მისი უფლების დარღვევის ცოდნაზე, ხოლო, მეორე შემთხვევაში, არ არსებობს ის ფაქტები, რომლებიც პირდაპირ უთითებს მისი უფლების დარღვევის შესახებ ცოდნაზე, მაგრამ არსებობს გარემოებები, რომლებიც მიუთითებს იმაზე, რომ პირს უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ, მაგრამ, თავისი დაუდევრობის გამო ვერ შეიტყო (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 22 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე №ას- 344-329-2016).
18. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატა დასაშვებ და დასაბუთებულ შედავებად ვერ განიხილავს კასატორის მოსაზრებას მასზედ, რომ ხანდაზმულობის სამწლიანი ვადის დენის ათვლა უნდა დაწყებულიყო შპს „ჯ.მ–ის“ მიერ, მეორედ გაცხადებული უარიდან - 2020 წლის 13 ივლისიდან, რამეთუ ექსპერტიზის დასკვნის მომზადების შემდგომ გახდა ცნობილი ნივთზე დეფექტის აღმოფხვრაზე პასუხისმგებელი პირის ვინაობა. აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო პალატა მიუთითებს საქმეში დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებზე (იხ. წინამდებარე განჩინების 6.1.1.-6.1.8. აბზაცები), რომლებიც მხარეთა მიერ არც ერთ ეტაპზე არაა შედავებული და სრულად იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების დასკვნას მასზედ, რომ მოსარჩელეს, შპს „ჯ. მ–ის“ მხრიდან, ძრავის აღდგენაზე ან ახალი ძრავის საგარანტიო წესით დამონტაჟებაზე პირველად გაცხადებული უარის შემდგომ - 2017 წლის 07 დეკემბრიდან წარმოეშვა წარმოდგენილი სახით სასარჩელო მოთხოვნის დაყენების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი, რამეთუ სწორედ ამ მომენტიდან გახდა მოსარჩელისათვის ცნობილი ზიანის ან ზიანის სავარაუდო მიმყენებლის შესახებ.
19. ამ მიმართებით, საკასაციო პალატა კასატორს მიუთითებს ანალოგიურ საქმეზე, სადაც უზენაესმა სასამართლომ იმსჯელა იდენტურ სადავო საკითხზე და ექსპერტიზის დასკვნის მომზადების თარიღის მიუხედავად, მიიჩნია, რომ ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა მოპასუხის მიერ წერილობით გაცხადებული უარის მომენტიდან სწორად იქნა ათვლილი, რაც უსაფუძვლოს ხდიდა ხანდაზმულობის ვადის დაწყებასთან დაკავშირებით კასატორის მსჯელობას. კერძოდ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ საქმეზე №ას-97-2023, 2023 წლის 16 მარტის განჩინებაში განმარტა შემდეგი: „საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეზე დადგენილია, მოპასუხე კომპანიამ 2015 წლის 21 ნოემბრის წერილით უარი განაცხადა დეფექტის აღმოფხვრაზე და საპასუხოდ მოსარჩელეს მიუთითა, რომ „მანქანას სავარაუდოდ ქვემოდან განხორციელებული გარეგანი მოქმედების შედეგად (ჩარტყმის გამო) მიღებული აქვს დაზიანებები“. აღნიშნული წერილის ანალიზით ცხადია, რომ კასატორისათვის სწორედ ამ მომენტიდან გახდა ცნობილი ზიანის ან ზიანის სავარაუდო მიმყენებლის შესახებ, ხოლო თუკი მას აღნიშნულის დასადასტურებლად ისეთი მტკიცებულება დასჭირდებოდა, როგორიც ექსპერტიზის დასკვნაა, მაშინ ვალდებული იყო, ხანდაზმულობის ვადის დაცვის მიზნით დროულად დაეწყო სამართალწარმოება და პროცესის მიმდინარეობის სტადიაზე ეზრუნა სასამართლოსთვის შესაბამისი მტკიცებულების წარდგენაზე. ნებისმიერ შემთხვევაში, 2015 წლის 21 ნოემბრის წერილის შემდეგ, სასამართლოსათვის 2021 წლის 8 აგვისტოს მიმართვა სახელშეკრულებო მოთხოვნიდან გამომდინარე, ხანდაზმულია და არ არის გაზიარებული კასატორის მტკიცება, რომ ექსპერტიზის დასკვნა მხარისაგან დამოუკიდებელი მიზეზებით დაგვიანებით მომზადდა. საკასაციო სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში/განჩინებაში განმარტავს, რომ „საპროცესო ნორმები, როგორც ფორმალურ წესთა ერთობლიობა, იმ სავალდებულო მოთხოვნებს ადგენს, რომელთა შეცვლა არც სასამართლოს და არც მხარეთა მიხედულებაზე არაა დამოკიდებული“ (იხ. სუსგ-ები: N ას-851-817-2016, 04.11.2016წ; N ას-1615-2019, 14.01.2020წ; N ას-1170-2022, 29.11.2022წ; N ას-1095-2022, 24.02.2023წ.).
20. ამდენად, იმ სუბიექტური და ობიექტური ფაქტორების გათვალისწინებით, რომლებიც მხარეთა მიერ არც ერთ ეტაპზე არაა შედავებული, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129.1-ე მუხლით გათვალისწინებული ხანდაზმულობის სამწლიანი ვადის ათვლა, მოპასუხის მიერ წერილობით გაცხადებული უარის მომენტიდან - 2017 წლის 07 დეკემბრიდან დაიწყო. უდავოა, რომ სარჩელი სასამართლოში 2022 წლის 27 იანვარსაა წარდგენილი. ამდენად, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა სასარჩელო მოთხოვნა მართებულად მიიჩნიეს ხანდაზმულად, რაც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საკმარის საფუძველს წარმოადგენდა.
21. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო პალატის მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია; ამასთან, არ წარუდგენია არც ერთი არგუმენტი და დასაბუთებული შედავება, თუ რა საფუძვლით უნდა იქნეს დასაშვებად ცნობილი წარმოდგენილი საკასაციო განაცხადი.
22. სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა საქმეში არსებული სადავო საკითხი; ამასთან, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
23. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება წინააღმდეგობაში მოდის მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და მის დამატებით ოქმთან/ოქმებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან.
24. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
25. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან, რომელთა ნაწილიც ასახულია წინამდებარე განჩინებაში.
26. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
27. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. მოცემულ შემთხვევაში, შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის გამო.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძე
მოსამართლეები: რევაზ ნადარაია
თამარ ზამბახიძე