ას-982-2024
27 სექტემბერი, 2024 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),
რევაზ ნადარაია (მომხსენებელი), თამარ ზამბახიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ბ.ქ–ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 15 თებერვლის განჩინება
კერძო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – გადაწყვეტილების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ბ.ქ–მა (შემდეგში - მოსარჩელე, კერძო საჩივრის ავტორი) სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო საამართლოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს (შემდეგში მოპასუხე) მიმართ და მოითხოვა ბათილად იქნას ცნობილი: 1) საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 14 თებერვლის #B14014688/3 გადაწყვეტილება, შპს ,,დ -ს“ პარტნიორის - ა.გ–ის განცხადების საფუძველზე შპს ,,დ-ს“ დირექტორის ცვლილების რეგისტრაციის შესახებ და ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან; 2) საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 16 მაისის N1021157 გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ; 3) საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 16 მაისის გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრების განხილვაზე უარის თქმის შესახებ.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილებით ბ.ქ–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 05 დეკემბრის განჩინებით ბ.ქ–ის შუამდგომლობა საქმის წარმოების შეჩერების შესახებ დაკმაყოფილდა. შეჩერდა ბ.ქ–ის სააპელაციო საჩივართან დაკავშირებული საქმის წარმოება (საქმე N2ბ/7302-14) თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის წარმოებაში არსებულ სამოქალაქო საქმეზე N2/5836-16 (აპელანტი - ბ.ქ–ი, მოწინააღმდეგე მხარე - შპს „დ“, ა.გ–ი, დავის საგანი - შპს „დ-ს“ პარტნიორთა 2012 წლის 06 აგვისტოს კრების ოქმის ბათილად ცნობა) გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 11 იანვრის განჩინებით განახლდა N2ბ/7302-14 სამოქალაქო საქმეზე წარმოება. ამავე განჩინებით ბ.ქ–ის სააპელაციო საჩივრის განხილვა დაინიშნა სასამართლო სხდომაზე 2024 წლის 01 თებერვალს 11:00 საათზე.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოში 2024 წლის 1 თებერვალს ჩანიშნული სასამართლო სხდომა გადაიდო აპელანტ ბ.ქ–ის შუამდგომლობის საფუძველზე, აპელანტის ავადმყოფობის გამო. მომდევნო სხდომის თარიღად განისაზღვრა 2024 წლის 15 თებერვალი, 12:00 საათი.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 15 თებერვლის საოქმო განჩინებით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შუამდგომლობა ბ.ქ–ის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ დაკმაყოფილდა. სააპელაციო საჩივარი, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე, აპელანტის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო, დარჩა განუხილველი.
7.1. პალატამ მიუთითა, რომ ბ.ქ–ი 2024 წლის 15 თებერვლის სხდომის თაობაზე ინფორმირებული იყო კანონით დადგენილი წესით. კერძოდ, სხდომის თაობაზე მას ეცნობა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად, რასაც ადასტურებდა საქმეში წარმოდგენილი აქტი ტელეფონით შეტყობინების შესახებ. პალატის მითითებით, აპელანტი სხდომაზე არ გამოცხადებულა და არც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის შესახებაც უცნობებია სასამართლოსათვის. აღნიშნული კი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 229-ე მუხლის 1-ლი ნაწილისა და 275-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობის საფუძველზე სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს წარმოადგენდა.
8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 15 თებერვლის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ბ.ქ–მა და მოითხოვა მისი გაუქმება. კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ 2024 წლის 15 თებერვლის სასამართლო სხდომის თაობაზე კანონით დადგენილი წესით ინფორმირებული არ ყოფილა და მისი ინფორმირების შემთხვევაში წარადგენდა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის დამადასტურებელ ცნობებს, რითაც დაადასტურებდა სხდომაზე გამოცხადების შეუძლებლობას.
9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 29 ივლისის განჩინებით კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
10. საკასაციო სასამართლო, კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სააპელაციო საჩივრის განსახილველად, შემდეგ გარემოებათა გამო:
11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 399-ე მუხლით, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც XLIX თავი შეიცავს; სსსკ-ის 372-ე მუხლის მიხედვით კი, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვა იმ წესების დაცვით წარმოებს, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, XLVI თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.
12. სსსკ-ის 387-ე მუხლის პირველი ნაწილით, თუ სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი არ გამოცხადდება საქმის ზეპირ განხილვაზე, მოწინააღმდეგე მხარის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. ამავე მუხლის მე-3 ნაწილით, ყველა სხვა შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ.
13. სსსკ-ის 229-ე მუხლის მე-2 ნაწილით, თუ მოპასუხე არ მოითხოვს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ, რასაც უკავშირდება 276–278-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგები. თუ მოპასუხე სარჩელის განუხილველად დატოვების წინააღმდეგია, სასამართლო გადადებს საქმის განხილვას. ანალოგიური შინაარსისაა სსსკ-ის 275-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი, რომლის თანახმადაც სასამართლო, მხარის განცხადებით ან თავისი ინიციატივით, განუხილველად დატოვებს სარჩელს, თუ სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე (განმცხადებელი) არ გამოცხადებულა, ხოლო მოპასუხე თანახმაა, სარჩელი (განცხადება) განუხილველად იქნეს დატოვებული.
14. ზემოაღნიშნულ ნორმათა მიხედვით, სააპელაციო სასამართლოში საქმის ზეპირი განხილვისას აპელანტის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია, მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, განუხილველად დატოვოს სააპელაციო საჩივარი, თუ აპელანტი კანონით დადგენილი წესით მიწვეული იყო საქმის განხილვაში და არ გამოცხადდა არასაპატიო მიზეზით (სუსგ №ას-1668-2019, 28.02.2020წ.) მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია და კერძო საჩივრით შედავებული არ არის, რომ მოპასუხის წარმომადგენელმა მოითხოვა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება.
15. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლო სხდომაზე მხარეთა გამოუცხადებლობის გამო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინება უნდა გადაისინჯოს და საქმე განახლდეს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია დაუსწრებელი გადაწყვეტილების გადასინჯვის მიმართ (შდრ. სუსგ-ებები: Nას-1274-2019, 31.07.2020წ., Nას-1265-2019, 27.12.2019წ.).
16. სსსკ-ის 233-ე მუხლის პირველ ნაწილში მოცემულია იმ შემთხვევების ჩამონათვალი, რომელთა არსებობის დროს დაუშვებელია დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა, კერძოდ, აღნიშნული ნორმის მიხედვით, მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ: ა) გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით; ბ) სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის; გ) გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები; დ) არ არსებობს სარჩელის აღძვრის წინაპირობები. სსსკ-ის 241-ე მუხლით, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.
17. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია სააპელაციო სასამართლოში 2024 წლის 15 თებერვალს 12:00 საათზე დანიშნულ სასამართლო სხდომაზე აპელანტის (კერძო საჩივრის ავტორი) გამოუცხადებლობის გამო, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძვლის არსებობა.
18. საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოში ბ.ქ–ის სააპელაციო საჩივრის განხილვა დანიშნული იყო 2024 წლის 01 თებერვალს. 2024 წლის 31 იანვარს სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა აპელანტმა და ითხოვა სხდომის გადადება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. აღნიშნული შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და საქმის განხილვა დაინიშნა 2024 წლის 15 თებერვალს, 12:00 საათზე. 2024 წლის 15 თებერვალს, 12:00 საათზე დანიშნული სხდომის თაობაზე ბ.ქ–ის ინფორმირების დასადასტურებლად, საქმეში წარმოდგენილია სასამართლო მოხელის მიერ შედგენილი სატელეფონო შეტყობინების აქტი. საქმის მასალებით დგინდება, რომ 2024 წლის 15 თებერვალს 12:00 საათზე სააპელაციო სასამართლოში დანიშნულ სასამართლოს სხდომაზე გამოცხადდა მხოლოდ მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელი, რომელმაც აპელანტის სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო იშუამდგომლა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე. მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენლის შუამდგომლობა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ დაკმაყოფილდა.
19. კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ 2024 წლის 15 თებერვლის სასამართლო სხდომის თაობაზე კანონით დადგენილი წესით ინფორმირებული არ ყოფილა და მისი ინფორმირების შემთხვევაში წარადგენდა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის დამადასტურებელ ცნობებს, რითაც დაადასტურებდა სხდომაზე გამოცხადების შეუძლებლობას.
20. ამდენად, საკასაციო სასამართლო შეფასების საგანია, თუ რამდენად იყო კერძო საჩივრის ავტორის მიერ სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობა საპატიო მიზეზით გამოწვეული.
21. სამოქალაქო საპროცესო კოდექსი 215-ე მუხლის მესამე ნაწილი განსაზღვრავს ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის საპატიოდ მიჩნევის წანამძღვრებს და ასეთად მიიჩნევს ავადმყოფობას, ახლო ნათესავის გარდაცვალებას ან სხვა განსაკუთრებულ ობიექტურ გარემოებას, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის საპროცესო მოქმედების შესრულებას. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე. მითითებული ნორმის დანაწესი ადგენს, რომ სასამართლო უფლებამოსილია, მხარის მიერ კონკრეტული საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობა ჩათვალოს საპატიოდ, თუკი აღნიშნული მოქმედება მან ვერ შეასრულა ავადმყოფობის გამო. ამ შემთხვევაში ისევე, როგორც ზოგადად სამოქალაქო სამართალწარმოებისას, მხარეს ეკისრება სადავო გარემოების მტკიცების ტვირთი სსსკ-ის 102-ე მუხლის შესაბამისად. მეტიც, კანონის ზემოაღნიშნული დანაწესი პირდაპირ განსაზღვრავს, თუ რა მტკიცებულებით უნდა დადასტურდეს მხარის ავადმყოფობის ფაქტი და ასეთად მიიჩნევს სამედიცინო დოკუმენტს, რომელიც: ა) ხელმოწერილია სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ; ბ) პირდაპირ მიუთითებს მხარის შეუძლოდ ყოფნაზე კონკრეტული დროის მონაკვეთში (რომლის განმავლობაშიც უნდა შესრულებულიყო სადავო საპროცესო მოქმედება); გ) ასახავს პაციენტის ჯანმრთელობის იმგვარ გაუარესებას, რაც გამორიცხავს საპროცესო მოქმედების შესრულების შესაძლებლობას.
22. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ კანონმდებელი ავალდებულებს მხარეს, წინასწარ აცნობოს სასამართლოს სხდომაზე მისი გამოცხადების შეუძლებლობისა და მიზეზების შესახებ, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ასეთი შეტყობინება სხდომამდე შეუძლებელია. იმ გარემოებათა მტკიცების ტვირთი, რომლებზეც მიუთითებს მხარე თავის საჩივარში, როგორც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზზე და ამ გარემოების წინასწარ სასამართლოსათვის შეტყობინების შეუძლებლობაზე, ეკისრება მომჩივანს, ხოლო ამ გარემოებათა შეფასება იმ თვალსაზრისით, თუ რამდენად საპატიოა მხარის გამოუცხადებლობა, სასამართლოს უფლებამოსილებაა (იხ. სუსგ საქმე №ას-1035-2021, 20 იანვარი, 2022 წელი).
23. მოცემულ შემთხვევაში, ბ.ქ–მა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის დასადასტურებლად კერძო საჩივარს დაურთო 2024 წლის 06 თებერვლისა და ამავე წლის 14 თებერვლის სამედიცინო დოკუმენტაცია - ცნობები ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა N100-ები). 2024 წლის 06 თებერვლის ცნობით დასტურდება, რომ ბ.ქ–ს მიეცა რეკომენდაცია „თიაქარკვეთაზე, რაც შეიძლება სწრაფად, ჩაჭედვის პრევენციის მიზნით და ოპერაციამდე აქტიურობის მკვეთრი შეზღუდვა - წოლითი რეჟიმის ჩათვლით“. 2024 წლის 14 თებერვლის ცნობით კი დასტურდება, რომ მედიკამენტურ მკურნალობასთან ერთად, ბ.ქ–ს დაენიშნა წოლითი რეჟიმი 21 დღით.
24. პალატას მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნული ცნობების სახით კერძო საჩივრის ავტორმა წარმოადგინა სათანადო, სსსკ-ის 215-ე მუხლით გათვალისწინებული მტკიცებულებები, რომლის თანახმად, არსებობდა ობიექტური გარემოება, რომელიც ადასტურებს სადავო პერიოდში აპელანტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებასა და 2024 წლის 15 თებერვალს დანიშნულ სხდომაზე როგორც სასამართლოში გამოცხადების შეუძლებლობას, ასევე ამ გარემოებების სასამართლოსათვის წინასწარ შეტყობინების შეუძლებლობას.
25. კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზია ასევე შეეხება იმას, რომ იგი ინფორმირებული არ ყოფილა სასამართლო სხდომის შესახებ. საქმეში წარმოდგენილი სატელეფონო შეტყობინების აქტის თანახმად, აპელანტს ეცნობა სასამართლო სხდომის თარიღი და განემარტა სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის შედეგები. გამომდინარე იქიდან, რომ კერძო საჩივრის ავტორი სადავოდ ხდიდა სასამართლო სხდომის შესახებ შეტყობინების ფაქტს, საკასაციო სასამართლოს მიერ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მენეჯმენტის დეპარტამენტიდან გამოთხოვილ იქნა ზემოაღნიშნული სატელეფონო საუბრის ჩანაწერი. აღნიშნული მიმართვის პასუხად შემოსული საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მენეჯმენტის დეპარტამენტის წერილით საკასაციო პალატას ეცნობა, რომ „2024 წლის 01 თებერვალს 11:25 საათზე, ტელეფონის ნომერზე - ......... (ბ.ქ–ის ტელეფონის ნომერი), შიდა ნომრიდან .... განხორციელდა სატელეფონო კომუნიკაცია 2 წუთისა და 9 წამის განმავლობაში, რომლის აუდიო ჩანაწერი არ მოიძებნა“. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კერძო საჩივრის ავტორის მითითება იმის შესახებ, რომ მასთან სატელეფონო კომუნიკაცია არ შემდგარა სასამართლოს შესაბამისი მოხელის მხრიდან, სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მენეჯმენტის დეპარტამენტიდან გამოთხოვილი ინფორმაციით უტყუარად დგინდება სასამართლო მოხელის კომუნიკაციის ფაქტი ბ.ქ–თან, თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ სატელეფონო საუბრის აუდიო ჩანაწერი არ მოიძებნა, უტყუარად ვერ დგინდება ის გარემოება, რომ ბ.ქ–ს განემარტა არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის სამართლებრივი შედეგები, რასაც იმპერატიულად ითვალისწინებს სსსკ-ის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტი (უწყება უნდა შეიცავდეს მითითებას გამოუცხადებლობის შედეგებზე და ვალდებულებას, აცნობოს სასამართლოს გამოუცხადებლობის მიზეზები). აღნიშნული გარემოება კი ასევე ქმნის კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს. ამ თვალსაზრისით, პალატა მოიხმობს ერთგვაროვან სასამართლო პრაქტიკას, რომლის თანახმად, საპროცესო ნორმები, როგორც ფორმალურ წესთა ერთობლიობა, იმ სავალდებულო მოთხოვნებს ადგენს, რომელთა შეცვლა ან განსხვავებული ინტერპრეტაცია არც სასამართლოს და არც მხარეთა შეხედულებაზე არაა დამოკიდებული. მხარეებს, ისევე, როგორც მათ წარმომადგენლებს, უწყება უნდა ჩაბარდეთ დადგენილი ფორმით და ამ დროს სიზუსტეს დიდი პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს. სასამართლო ვალდებულია, შეამოწმოს, რამდენად სწორად არის წერილობითი ფორმით შედგენილი თუ ტელეფონით გადაცემული უწყება ჩაბარებული, ანუ რამდენად შეესაბამება უწყების შინაარსი სსსკ-ის 72.1 მუხლის მოთხოვნებს. პროცედურული წესები მოდავე მხარეთათვის თანაბარ უფლება-ვალდებულებებს ითვალისწინებს, სასამართლოს მიერ მათი ზედმიწევნით დაცვა აუცილებელია, რაც ნორმის განსაკუთრებით მკაცრ ინტერპრეტაციად არ უნდა შეფასდეს. ამგვარი მიდგომა განმტკიცებულია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცენდენტული სამართლითაც: მხარეთა თანასწორობის პრინციპი, რომელიც საქმის სამართლიანი სასამართლო განხილვის უფრო ფართო ცნების ერთ-ერთი ელემენტია, მოითხოვს, რომ თითოეულ მხარეს მიეცეს გონივრული შესაძლებლობა, წარმოადგინოს მისი საქმე ისეთ პირობებში, რომლებიც მას არ აყენებს არსებითად არამომგებიან პოზიციაში მის ოპონენტთან შედარებით (Nideröst-Huber v. Switzerland; Kress v. France; Gorraiz Lizarraga and Others v. Spain). ამასთან, ევროპული სასამართლოს განმარტებით, კონვენციის მე-6 მუხლი მოითხოვს და საშუალებას აძლევს სახელმწიფოებს, მოაწყონ თავიანთი სამართლებრივი სისტემები იმგვარად, რომ ხელი შეუწყონ სწრაფ და ეფექტურ საქმისწარმოებას, გადაწყვეტილებების დაუსწრებლად გამოტანის შესაძლებლობის ჩათვლით (Aždajić v. Slovenia), თუმცა ეს არ შეიძლება განხორციელდეს სხვა სამართლებრივი გარანტიების, განსაკუთრებით მხარეთა თანასწორობის პრინციპის ხარჯზე. ის შეიძლება, მხოლოდ ემსახურებოდეს კანონიერ მიზანს, რომ უზრუნველყოფილი იყოს საქმისწარმოების სისწრაფე და ეფექტურობა, ამასთან, ეს ღონისძიება არ შეიძლება, გამოყენებულ იქნეს სხვა პროცედურული გარანტიების, განსაკუთრებით, მხარეთა თანასწორობის პრინციპის საზიანოდ (იხ. სუსგ №ას-930-888-2013, 19 ივნისი, 2015 წელი).
25. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა ასკვნის, რომ იკვეთება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების გამომრიცხველი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული წინაპირობები (ა: მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით; ბ: სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის), შესაბამისად, კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა საფუძვლიანია და, ამავე კოდექსის 241-ე მუხლის შესაბამისად, არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ბ.ქ–ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 15 თებერვლის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძე
მოსამართლეები: რევაზ ნადარაია
თამარ ზამბახიძე