№ას-1055-2023
14 მაისი, 2024 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),
რევაზ ნადარაია (მომხსენებელი), თამარ ზამბახიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – შპს „ნ.“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ე.ვ–ა (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 13 ივნისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – დოკუმენტაციის გადაცემის დავალდებულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ე.ვ–ამ (შემდეგში მოსარჩელე) სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში შპს „ნ.“-ის (ს/ნ .......) (შემდეგში - მოპასუხე, კასატორი) მიმართ და მოითხოვა შპს „ნ–ის“ (დირექტორი - კ.ჩ–ძე) დავალდებულება, გადასცეს ე.ვ–ას 2019 წლიდან გადაწყვეტილების გამოტანამდე პერიოდისთვის, ქ. თბილისში, ...... განხორციელებულ მშენებლობასთან დაკავშირებით შემდეგი დოკუმენტაცია: კონსტრუქციული პროექტი და არქიტექტურული პროექტი (PDF – DWG ფაილები); ქვეკონტრაქტორებთან გაფორმებული ხელშეკრულებები; ფორმა N2-ბი; მიღება-ჩაბარების აქტები; მასალების შესყიდვის ზედნადებები; სამშენებლო ტექნიკისა და სხვა დანადგარების ქირავნობის ხელშეკრულებები; ფართების ნასყიდობის ხელშეკრულებები; სალაროს შემოსავლისა და გასავლის ორდერები; სახელფასო უწყისები; სრული საბანკო ამონაწერები და ყოველთვიური დეკლარაციები (ს.ფ. 2-17).
1.1. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 25 იანვრის გადაწყვეტილებით ე.ვ–ას სარჩელი დაკმაყოფილდა. შპს „ნ.ს“ (ს/ნ ......) დაევალა ე.ვ–ას გადასცეს 2019 წლიდან გადაწყვეტილების გამოტანამდე პერიოდისთვის (25.01.2023წ.), ქ. თბილისში, .........N10-ში განხორციელებულ მშენებლობასთან დაკავშირებით შემდეგი დოკუმენტაცია: კონსტრუქციული პროექტი და არქიტექტურული პროექტი (PDF – DWG ფაილები); ქვეკონტრაქტორებთან გაფორმებული ხელშეკრულებები; ფორმა N2-ბი; მიღება-ჩაბარების აქტები; მასალების შესყიდვის ზედნადებები; სამშენებლო ტექნიკისა და სხვა დანადგარების ქირავნობის ხელშეკრულებები; ფართების ნასყიდობის ხელშეკრულებები; სალაროს შემოსავლისა და გასავლის ორდერები; სახელფასო უწყისები; სრული საბანკო ამონაწერები; ყოველთვიური დეკლარაციები.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 25 იანვრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 13 ივნისის განჩინებით შპს „ნ–ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 25 იანვრის გადაწყვეტილება.
5. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
5.1. შპს „ნ.ი“ (ს/ნ .....) რეგისტრაციაში გატარდა 2009 წლის 26 თებერვალს, თბილისის საგადასახადო ინსპექციის მიერ. საზოგადოების დირექტორი და 25% წილის მფლობელი პარტნიორია კ.ჩ–ძე, ხოლო დარჩენილი წილების მფლობელები არიან ზ.გ–ძე - 25%, ა.ე–ძე - 25% და ე.ვ–ა - 25%.
5.2. საქმის მასალებით დადგენილია, რომ შპს „ნ.“ (ს/ნ ........) რეგისტრაციაში გატარდა 2019 წლის 04 მარტს, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ. საზოგადოების დირექტორი და 50% წილის მფლობელი პარტნიორია კ.ჩ–ძე, ხოლო დარჩენილი 50% წილის მფლობელი პარტნიორია ე.ვ–ა.
5.3. 2022 წლის 1 ივლისს შპს „ნ.ის“ (ს/ნ ......) 50% წილის მფლობელმა პარტნიორმა განცხადებით მიმართა ამავე კომპანიის დირექტორს კ.ჩ–ძეს და მოითხოვა შპს „ნ.ის“ (ს/ნ .......) ფინანსური, საბუღალტრო, სამართლებრივი და სამშენებლო/საპროექტო დოკუმენტაციის გადაცემა, მოთხოვნის მიღებიდან 7 კალენდარული დღის ვადაში.
5.4. 2022 წლის 18 ოქტომბერს ე.ვ–ას წარმომადგენელმა ელექტრონული შეტყობინებით სთხოვა შპს „ნ–ის“ წარმომადგენელს ქ. თბილისში, ...... განხორციელებულ მშენებლობასთან დაკავშირებით შემდეგი დოკუმენტაციის გადაცემა: 1. კონსტრუქციული პროექტი და არქიტექტურული პროექტი (PDF – DWG ფაილები); 2. ქვეკონტრაქტორებთან დადებული ხელშეკრულებები; 3. ფორმა N-2 ბი; 4. მიღება ჩაბარების აქტები; 5. მასალების შესყიდვის ზედნადებები; 6. სამშენებლო ტექნიკისა და სხვა დანადგარების ქირავნობის ხელშეკრულებები; 7. ფართების ნასყიდობის ხელშეკრულებები; 8. სალაროს შემოსავლის და გასავლის ორდერები; 9. სახელფასო უწყისები; 10. სრული საბანკო ამონაწერები; 11. ყოველთვიური დეკლარაციები.
5.5. შპს „ნ.ის“ (ს/ნ .........) ფინანსური, საბუღალტრო, სამართლებრივი და სამშენებლო/საპროექტო დოკუმენტაციის გადაცემის მიზნით, 2022 წლის 29 სექტემბერს ჩატარდა საზოგადოების პარტნიორთა რიგგარეშე კრება, თუმცა კრებაზე გადაწყვეტილება ვერ იქნა მიღებული.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთება:
5.6. სააპელაციო პალატამ მიუთითა „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 146-ე მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის თანახმად, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების ხელმძღვანელი ორგანო ვალდებულია პარტნიორს მოთხოვნისთანავე, გონივრულ ვადაში მიაწოდოს ინფორმაცია შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების საქმიანობის შესახებ და მისცეს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების საქმიანი დოკუმენტაციის გაცნობის საშუალება. საწარმოს პარტნიორი, საზოგადოების წილის შეძენასთან ერთად შეიძენს მის წილთან დაკავშირებულ ქონებრივ და არაქონებრივ უფლებებს, მათ შორის ერთ-ერთ არაქონებრივ უფლებას წარმოადგენს საზოგადოების კონტროლისა და შემოწმების, საზოგადოების საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მიღების უფლება. აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიუთითა, რომ საზოგადოების პარტნიორებს უპირობოდ აქვთ უფლება, კონტროლი გაუწიონ საზოგადოების ხელმძღვანელობას.
5.7. პალატამ განმარტა, რომ საზოგადოების ხელმძღვანელის ზემოხსენებული უარი ინფორმაციის პარტნიორისთვის გადაცემის თაობაზე, უნდა იყოს მოტივირებული და ემყარებოდეს რელევანტურ და ლოგიკურ ფაქტობრივ მოცემულობას, კერძოდ, ინფორმაციის გაცემით საწარმოს ინტერესების ხელყოფის რისკი უნდა ატარებდეს რეალურ ხასიათს. პალატის მითითებით, მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი დოკუმენტების გაცემაზე მოპასუხის უარის ძრითადი არგუმენტი იყო ის, რომ მოთხოვნილი ინფორმაცია შეიძლება გამოყენებული იქნეს შპს „ნ“-ის კონკურენტების მიერ. აღნიშნულის საფუძვლად მოპასუხემ მიუთითა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: შპს „ნ.“-ში (ს/ნ .....) ე.ვ–ას სახელზე რიცხული 50% წილის რეალური მფლობელი არის მოსარჩელის მეუღლე მ.ო–ი, რომელსაც თავის მხრივ, შპს „ნ.ში“ (ს/ნ .....) ეკავა დირექტორის თანამდებობა და არღვევდა კონკურენციის აკრძალვის პრინციპს, ვინაიდან პარალელურად, სხვა კომპანიაში იგივე საქმიანობით იყო დაკავებული. დღეის მდგომარეობით კი შპს „ნ.ს“ (ს/ნ........) მ.ო–თან აქვს სასამართლო დავა ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით. ამგვარად, მოთხოვნილი ინფორმაციის მოსარჩელისათვის გადაცემით არსებობდა რისკი იმისა, რომ გაცემული ინფორმაცია გამოყენებული ყოფილიყო მოპასუხე კომპანიის კონკურენტი საწარმოების მიერ. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მოპასუხე მხარეს მის მიერ მოყვანილი ფაქტობრივი მოცემულობის დამადასტურებელი არცერთი მტკიცებულება სასამართლოში არ წარუდგენია. მხოლოდ მხარის ახსნა-განმარტება კი, პალატის მოსაზრებით, არ წარმოადგენდა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 13 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 06 ოქტომბრის განჩინებით სსსკ-ის 396-ე მუხლის საფუძველზე შპს „ნ–ის“ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად.
8. საკასაციო საჩივრის ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:
8.1. კასატორი მიიჩნევს, რომ სასამართლომ მტკიცების ტვირთის არასწორად განანაწილებისა და ფაქტების არასწორად დადგენის შედეგად მიიღო დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება.
8.2. სასამართლომ არ იმსჯელა მოპასუხის მიერ მითითებულ, სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძვლებზე, კერძოდ იმაზე, რომ მოსარჩელე არის შპს „ნ.“-ის (ს/ნ ......) ფორმალური პარტნიორი, რეალურად წილს და მასთან დაკავშირებული საკითხებს განკარგავს მისი მეუღლე, მ.ო–ი. შპს „ნ.“ (ს/ნ ......) და შპს „ნ.ი“ (ს/ნ ......) პირდაპირ არის დაკავშირებული მ.ო–თან, რომელთან მიმართებითაც დაწყებულია დავა და ამ ეტაპზე მოსარჩელისათვის ინფორმაციის გადაცემა არ არის მიზანშეწონილი, რადგან მოსარჩელე კანონის საფუძველზე, როგორც მინიმუმ მ.ო–თან დაკავშირებული პირია. მოსარჩელისათვის ინფორმაციის გადაცემა ავტომატურად მოიაზრებს დოკუმენტაციაზე მ.ო–ის წვდომას, რომელთან მიმართებითაც მიმდინარეობს დავა ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით და საკითხი ეხება ასევე არაკეთილსინდისიერ კონკურენციას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
9. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
10. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ნორმის დანაწესით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
11. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
12. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
13. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ დავაში, მთავარ სადავო საკითხს წარმოადგენს საწარმოს პარტნიორისათვის, კომპანიის სამეწარმეო საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის გადაცემის საფუძვლიანობა.
14. სადავო საკითხთან მიმართებით, საკასაციო პალატა პირველ რიგში განმარტავს, რომ სამეწარმეო საქმიანობის სუბიექტთა სამართლებრივ ფორმებს, დაფუძნებას, კორპორაციული მართვის სისტემებს, პარტნიორისა და დირექტორის უფლება-მოვალეობებს აწესრიგებს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონი. აღნიშნული კანონი ძირითადად აგებულია დისპოზიციურ ნორმებზე და საზოგადოების მართვის შიდა კორპორაციული საკითხები თავად მხარეთა ნებას ექვემდებარება. სამეწარმეო სამართალში აღნიშნული ნების ავტონომია გამოიხატება წესდებაში და განსაზღვრავს მხარეთა უფლება-მოვალეობებს, რომელთა შესრულების ვალდებულებაც მხარეებს კანონით ეკისრებათ.
15. პალატა აღნიშნავს, რომ საწარმოს პარტნიორი, საზოგადოების წილის შეძენასთან ერთად იძენს მის წილთან დაკავშირებულ ქონებრივ და არაქონებრივ უფლებებს, მათ შორის, ერთ-ერთ არაქონებრივ უფლებას წარმოადგენს საზოგადოების კონტროლისა და შემოწმების, საზოგადოების საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მიღების უფლება. აღნიშნულიდან გამომდინარე, საზოგადოების პარტნიორებს უფლება აქვთ, კონტროლი გაუწიონ საზოგადოების ხელმძღვანელობას. მეთვალყურეობა შესაძლებელია თითოეული პარტნიორის მიერ როგორც ინდივიდუალურად, ისე პარტნიორთა კრების მეშვეობით. სწორედ პარტნიორის მიერ ინდივიდუალური კონტროლის ფორმას წარმოადგენს საზოგადოების პარტნიორის უფლება, თავისუფლად მიუწვდებოდეს ხელი საზოგადოების საქმიანობის ამსახველ დოკუმენტაციაზე (იხ. სუსგ.-ები საქმეებზე №ას-1571-2018, 02/08/2019 წ. და №ას-54-2022, 28/09/2022 წ.).
16. განსახილველ შემთხვევაში, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილია სადავო საკითხის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოება მასზედ, რომ მოსარჩელე შპს „ნ.“-ის (ს/ნ .....) 50% წილის მფლობელი პარტნიორია. აღნიშნული ადასტურებს საწარმოში არსებული გარკვეული სახის ინფორმაციის და დოკუმენტაციის მიღების მიმართ მოსარჩელის ინტერესს. აქედან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სავსებით მართებულად მიუთითა „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელიც აღიარებს პარტნიორის უფლებას, ინფორმირებული იყოს საზოგადოების საქმიანობის თაობაზე და დაუბრკოლებლად მიიღოს ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც ამ საქმიანობის შედეგს უკავშირდება. მეწარმე სუბიექტის (ამ შემთხვევაში, საწარმოს პარტნიორის) ამგვარი მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმა ზემოაღნიშნული კანონის 146-ე მუხლის პირველი ნაწილია - შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების ხელმძღვანელი ორგანო ვალდებულია პარტნიორს მოთხოვნისთანავე, გონივრულ ვადაში მიაწოდოს ინფორმაცია შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების საქმიანობის შესახებ და მისცეს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების საქმიანი დოკუმენტაციის გაცნობის საშუალება.
17. კასატორის პრეტენზია შეეხება ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცების ტვირთის არასწორად გადანაწილებასა და ფაქტების არასწორად დადგენას. კერძოდ, კასატორი მიუთითებს, რომ მოსარჩელე არის შპს „ნ.ის“ (ს/ნ .......) ფორმალური პარტნიორი, რეალურად წილს და მასთან დაკავშირებული საკითხებს განკარგავს მისი მეუღლე, მ.ო–ი. შპს „ნ.“ (ს/ნ ........) და შპს „ნ.ი“ (ს/ნ .......) პირდაპირ არის დაკავშირებული მ.ო–თან, რომელთან მიმართებითაც დაწყებულია დავა და ამ ეტაპზე მოსარჩელისათვის ინფორმაციის გადაცემა არ არის მიზანშეწონილი, რადგან მოსარჩელე კანონის საფუძველზე, როგორც მინიმუმ მ.ო–თან დაკავშირებული პირია. მოსარჩელისათვის ინფორმაციის გადაცემა ავტომატურად მოიაზრებს დოკუმენტაციაზე მ.ო–ის წვდომას, რომელთან მიმართებითაც მიმდინარეობს დავა ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით და საკითხი ეხება ასევე არაკეთილსინდისიერ კონკურენციას.
18. საკასაციო პალატა კასატორის ამ პრეტენზიასთან მიმართებით განმარტავს, რომ მტკიცების ტვირთს აწესრიგებს სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვითაც თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. მტკიცების ტვირთი არის სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა სათანადოდ არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი – ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. მტკიცების ტვირთის განაწილების საფუძველზე, მოსარჩელე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოპასუხემ უნდა დაამტკიცოს და პირიქით, მოპასუხე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების ინსტიტუტი მიუთითებს არა მარტო იმაზე, თუ რომელმა მხარემ რა ფაქტები უნდა დაადგინოს, არამედ იმაზეც, თუ რომელი ფაქტების დადგენის მოვალეობისაგან თავისუფლდება ესა თუ ის მხარე.
19. საკასაციო პალატა კასატორის პრეტენზიას სასამართლოს მიერ მტკიცების ტვირთის არასწორად განაწილების შესახებ, ვერ გაიზიარებს და კიდევ ერთხელ მიუთითებს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 146-ე მუხლზე, რომელიც ერთი მხრივ, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების ხელმძღვანელ ორგანოს ავალდებულებს პარტნიორს მოთხოვნისთანავე, გონივრულ ვადაში მიაწოდოს ინფორმაცია შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების საქმიანობის შესახებ და მისცეს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების საქმიანი დოკუმენტაციის გაცნობის საშუალება („მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 146-ე მუხლის 1-ლი ნაწილი), ხოლო მეორე მხრივ სამეწარმეო საზოგადოებას ავალდებულებს, საზოგადოების არსებითი ინტერესების ხელყოფის რისკის არსებობის შემთხვევაში, ინფორმაციის გაცემაზე უარი წერილობით დაასაბუთოს („მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 146-ე მუხლის მეორე ნაწილი - „ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმა დასაშვებია შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების არსებითი ინტერესების ხელყოფის რისკისგან დასაცავად. უარი წერილობით უნდა იქნეს დასაბუთებული“).
20. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დგინდება, რომ 2022 წლის 1 ივლისს შპს „ნ.“-ის (ს/ნ ......) 50% წილის მფლობელმა პარტნიორმა განცხადებით მიმართა ამავე კომპანიის დირექტორს კ.ჩ–ძეს და მოითხოვა შპს „ნ–ის“ (ს/ნ ........) ფინანსური, საბუღალტრო, სამართლებრივი და სამშენებლო/საპროექტო დოკუმენტაციის გადაცემა, მოთხოვნის მიღებიდან 7 კალენდარული დღის ვადაში. 2022 წლის 18 ოქტომბერს ე.ვ–ას წარმომადგენელმა ელექტრონული შეტყობინებით სთხოვა შპს „ნ“-ის წარმომადგენელს ქ. თბილისში, ........ განხორციელებულ მშენებლობასთან დაკავშირებით დოკუმენტაციის, ასევე სხვა დოკუმენტაციის (იხ.: განჩინების 5.4. პუნქტი) გადაცემა. შპს „ნ“-ის (ს/ნ ......) ფინანსური, საბუღალტრო, სამართლებრივი და სამშენებლო/საპროექტო დოკუმენტაციის გადაცემის მიზნით, 2022 წლის 29 სექტემბერს ჩატარდა საზოგადოების პარტნიორთა რიგგარეშე კრება, თუმცა კრებაზე გადაწყვეტილება ვერ იქნა მიღებული. პალატა აღნიშნავს, რომ მოპასუხეს მოსარჩელისათვის მოთხოვნილი ინფორმაცია არ გადაუცია და ამასთან, არც „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 146-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საზოგადოების არსებითი ინტერესების ხელყოფის რისკის არსებობის საფუძველზე, ინფორმაციის გაცემაზე უარი დაუსაბუთებია წერილობით. შპს „ნ–ი“, მართალია შესაგებელში მიუთითებდა, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის გადაცემა გაუმართლებელია, რადგან ეს ინფორმაცია შესაძლოა გამოყენებულ იქნეს სხვა კონკურენტ საწარმოში, თუმცა, აღნიშნულის ფაქტობრივი გარემოების დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი არ არის. მხოლოდ შესაგებელში მითითება და ახსნა-განმარტება კი, სამეწარმეო საზოგადოების არსებითი ინტერესების ხელყოფის რისკს ვერ დაადასტურებს და ვერ გახდება საწარმოს პარტნიორისათვის კანონით მინიჭებული უფლების შეზღუდვის საფუძველი.
21. ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოპასუხემ ვერ შეძლო მისი მტკიცების საგანში შემავალი გარემოების - ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლის არსებობის სათანადო არგუმენტებით და მტკიცებულებებით დადასტურება, რის გამოც ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ მართებულად დააკმაყოფილა სასარჩელო მოთხოვნა. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ სწორად გადაწყვიტა საქმეში არსებული სადავო საკითხი და მიიღო კანონიერი განჩინება; ამასთან, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
22. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება წინააღმდეგობაში მოდის მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და მის დამატებით ოქმთან/ოქმებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან.
23. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
24. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან, რომელთა ნაწილიც ასახულია წინამდებარე განჩინებაში.
25. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
26. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70% – 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „ნ–ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის გამო.
2. შპს „ნ–ს“ (.......) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ვ.კ–ძის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის (საგადახდო დავალება N5432, გადახდის თარიღი 28.09.2023) 70% – 210 ლარი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძე
მოსამართლეები: რევაზ ნადარაია
თამარ ზამბახიძე