№ას-1512-2023
03 ოქტომბერი, 2024 წელი თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
რევაზ ნადარაია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
გიზო უბილავა, მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ა(ა)იპ „ა.ს.ჯ–ი“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ლ.შ–ძე (მოსარჩელე)
თავდაპირველი მოპასუხე – შპს „კ–ბა“
მესამე პირი – ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 29 სექტემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ლ.შ–ძემ (შემდეგში - მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა ახალციხის რაიონულ სასამართლოში ა(ა)იპ „ა.ს.ჯ–ისა“ (შემდეგში - მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე) და შპს „კ–ბას“ (შემდეგში - მოპასუხე), მიმართ, შემდეგი სასარჩელო მოთხოვნებით:
1.1.ბათილად იქნეს ცნობილი შპს „კ–ბის“ 2021 წლის 01 აპრილის Nბ32.12210913 ბრძანება;
1.2.ლ.შ–ძე აღდგენილი იქნას ა(ა)იპ „ა.ს.ჯ–ის“ მთავარი ბუღალტრის თანამდებობაზე;
1.3.ლ.შ–ძის სასარგებლოდ შპს „კ–ბას“ დაეკისროს 2021 წლის 01 აპრილიდან იძულებითი განაცდურის ანაზღაურება ყოველთვიური დარიცხვით 1250 ლარის ოდენობით, სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
1.4.სასამართლოს გადაწყვეტილება მიექცეს დაყოვნებლივ აღსასრულებლად.
2. მოპასუხეებმა - ა(ა)იპ „ა.ს.ჯ–მა“ და შპს „კ–ბამ“ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნეს.
3. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 19 სექტემბრის გადაწყვეტილებით, ლ.შ–ძის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი შპს „კ–ბის“ 2021 წლის 01 აპრილის Nბ32.12210913 ბრძანება; ლ.შ–ძე აღდგენილი იქნა ა(ა)იპ „ა.ს.ჯ–ის“ მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე; ლ.შ–ძის სასარგებლოდ შპს „კ–ბას“ დაეკისრა 2021 წლის 01 აპრილიდან იძულებითი განაცდურის ანაზღაურება ყოველთვიური დარიცხვით 1250 ლარის ოდენობით, სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე; გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აღსრულების ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
4. გადაწყვეტილებაში დაშვებულ უსწორობათა გასწორების შესახებ ახალციხის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 08 მაისის განჩინებით, ახალციხის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 19 სექტემბრის გადაწყვეტილების აღწერილობით ნაწილში მითითებული მე-4 მოთხოვნა და სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგნაირად: „ლ.შ–ძის სასარგებლოდ ა(ა)იპ „ა.ს.ჯ–ს“ დაეკისროს 2021 წლის 01 აპრილიდან იძულებითი განაცდურის ანაზღაურება ყოველთვიური დარიცხვით 1250 ლარის ოდენობით, სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე“; გადაწყვეტილება სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.
5. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 19 სექტემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა - შპს „კ–ბამ“ და ა(ა)იპ „ა.ს.ჯ–მა“. შპს „კ–ბამ“ მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება ბრძანების ბათილად ცნობის ნაწილში და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (დაზუსტებული მოთხოვნა - 21.09.2023 წლის სხდომის ოქმი), ხოლო, ა(ა)იპ „ა.ს.ჯ–მა“ მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება სამსახურში აღდგენისა და იძულებითი განაცდურის დაკისრების ნაწილში და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (დაზუსტებული მოთხოვნა - 21.09.2023 წლის სხდომის ოქმი).
6. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
6.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 29 სექტემბრის განჩინებით, შპს „კ–ბის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; ა(ა)იპ „ა.ს.ჯ–ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 19 სექტემბრის გადაწყვეტილება; შპს „კ–ბას“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის - 150 (ას ორმოცდაათი) ლარის გადახდა; ა(ა)იპ „ა.ს.ჯ–ის“ მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით დარჩა სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად და დამატებით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის - 450 (ოთხას ორმოცდაათი) ლარის გადახდა.
7. სააპელაციო სასამართლოს განჩინების ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:
7.1. სააპელაციო პალატამ საქმის მასალების გაცნობის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერებისა და სააპელაციო საჩივრის დასაბუთებულობის არსებითად განხილვის შედეგად მიიჩნია, რომ შპს „კ–ბის“ და ა(ა)იპ „ა.ს.ჯ–ის“ სააპელაციო საჩივრებით ვერ იქნა გაბათილებული რაიონული სასამართლოს დასკვნები ლ.შ–ძის სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე. აქედან გამომდინარე სააპელაციომ პალატამ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებები და დასკვნები. სააპელაციო საჩივრების ფარგლებში წარმოდგენილი საკითხების სამართლებრივი თვალსაზრისით შეფასების მიზნით კი, სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
7.1.1. 1994 წლის 01 ივნისს, ლ.შ–ძე დაინიშნა ბუღალტრად საბინაო-კომუნალური მეურნეობის გაერთიანებაში. საქალაქო გამგეობის 2001 წლის 18 ოქტომბრის №7/73 დადგენილების საფუძველზე, სახაზინო საწარმო „კ–ბა“ გარდაიქმნა შპს „კ–ბად“.
7.1.2. 2017 წლის 19 დეკემბერს დაფუძნდა შპს „კ–ბა“ (ს/ნ .....), რომლის 100 % - იანი წილის მესაკუთრეს წარმოადგენს სსიპ ახალციხის მუნიციპალიტეტი. შპს-ს წესდების თანახმად, საზოგადოების საქმიანობის სფეროა - ვალდებულების აღების შემთხვევაში, ახალციხის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას მიაწოდოს ხარისხიანი მომსახურება; სახელმწიფო სტრუქტურებთან, კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან და მოსახლეობასთან თანამშრომლობა; შესყიდვების განხორციელება და შესყიდვისას ვალდებულებების ჯეროვანი შესრულება.
7.1.3. ლ.შ–ძე 2018 წლის 01 მარტიდან მუშაობდა შპს „კ–ბის“ მთავარი ბუღალტრის თანამდებობაზე. უდავოა, რომ მოსარჩელე ლ.შ–ძეს და მოპასუხე შპს „კ–ბას“ შორის არსებობდა უვადო შრომითსამართლებრივი ურთიერთობა.
7.1.4. ა(ა)იპ „ა.ს.ჯ–ი“ დარეგისტრირდა 2021 წლის 04 იანვარს, იურიდიული პირის დამფუძნებელია ახალციხის მუნიციპალიტეტი (საიდენტიფიკაციო კოდი .......). დამფუძნებელი განსაზღვრავს იურიდიული პირის წესდებას, მიზნებსა და ამოცანებს. წესდების თანახმად, მის მიზნებსა და ამოცანებს წარმოადგენს ა) ახალციხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე ქუჩების, მოედნების, ბაღების, სკვერების, საერთო სარგებლობის თავშეყრის ადგილების დაგვა/დასუფთავება, მოვლა/ პატრონობა, ნარჩენების შეგროვება/გატანა, კ–ბა; ბ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული გარე განათების სისტემის მოვლა/პატრონობა, აღდგენა/რეაბილიტაცია; გ) საყოფაცხოვრებო და მყარი ნარჩენების შეგროვება, განთავსების ადგილზე ტრანსპორტირება; დ) სანაგვე ბუნკერების შეკეთება/აღდგენა; ე) სანიაღვრე ქსელების სრულფასოვანი ფუნქციონირების უზრუნველყოფისათვის ხელშეწყობა; ვ)მუნიციპალიტეტის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული ნარგავებისა და ხე-მცენარეების მოვლა-პატრონობა; ზ) საზოგადოებრივი სარგებლობისა და თავშეყრის ობიექტების, სანაგვე ბუნკერების, დერატიზაცია, დეზინფექცია, დეზინსექცია; თ)ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული გზების, ხიდების, საფეხმავლო ბილიკებისა და სხვა საგზაო ნაგებობების, სხვადასხვა საგზაო ნიშნების მოვლა/პატრონობა, აღდგენა/რეაბილიტაცია; ი) ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ბავშვთა გასართობი ატრაქციონების, გარე გამოყენების სპორტული მოწყობილობების მოვლა-პატრონობა, აღდგენა/რეაბილიტაცია; კ) საერთო სარგებლობის სველი წერტილების მოვლა/პატრონობა, აღდგენა/რეაბილიტაცია; ლ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოხეტიალე, უპატრონო და მიკედლებული ცხოველების იმუნიზაცია,კასტრაცია, სტერილიზაცია; მ) მუნიციპალიტეტის მიერ დაგეგმილი კულტურული და სპორტული ღონისძიებების ორგანიზებაში ხელშეწყობა; ნ) ახალციხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობების დასუფთავება; ო) ნებისმიერი სხვა საქმიანობა რომელიც გამომდინარეობს წინამდებარე წესდების მიზნებიდან და ფუნქციებიდან და არ ეწინააღმდეგება კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.
7.1.5. ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის 2021 წლის 01 თებერვლის №12-1221032140 წერილით შპს „კ–ბის“ დირექტორს ეცნობა, რომ ახალციხის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნდა ა(ა)იპ „ა.ს.ჯ–ი“, რომლის ფუნქციებსაც წარმოადგენს ახალციხის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე ქუჩების, მოედნების, ბაღების, სკვერების, საერთო სარგებლობის თავშეყრის ადგილების დაგვა/დასუფთავება, მოვლა/პატრონობა, ნარჩენების შეგროვება/გატანა, კ–ბა; მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული გზების, ხიდების, საფეხმავლო ბილიკებისა და სხვა საგზაო ნაგებობების, მოვლა/პატრონობა, აღდგენა/რეაბილიტაცია; გარე განათების სისტემის მოვლა/პატრონობა, აღდგენა/რეაბილიტაცია; მუნიციპალიტეტის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული ნარგავებისა და ხე-მცენარეების მოვლა-პატრონობა და ა.შ. გამომდინარე აღნიშნულიდან ადმინისტრაციული ორგანოს მიერ აღარ იგეგმება სახელმწიფო შესყიდვის მეშვეობით ზემოაღნიშნული სამუშაოების მომსახურების შეძენა. ასევე საზოგადოების დირექტორს ეთხოვა აღნიშნული გარემოების ცნობად მიღება და საჭიროების შემთხვევაში საკადრო საკითხებთან დაკავშირებით შესაბამისი ღონისძიებების გატარება.
7.1.6. შპს „კ–ბის“ დირექტორის 2021 წლის 01 თებერვლის ბრძანებით, იმავე დღიდან პირადი განცხადების საფუძველზე, შპს-დან გათავისუფლდა 154 თანამშრომელი. საქმეში წარმოდგენილი განცხადებების თანახმად, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძვლად 154-ვე დასაქმებულს უწერია „ოჯახური პირობების გამო“.
7.1.7. საქმეში წარმოდგენილი შპს „კ–ბის“ 01.02.2021წ. ბრძანების დანართიდან (ტ. 2, ს.ფ. 59-61) და ა(ა)იპ „ა.ს.ჯ–ის“ თანამშრომელთა ნუსხიდან (ტ. 3, ს.ფ. 119-123) დგინდება, რომ შპს-დან გათავისუფლებული 154 თანამშრომლიდან 2022 წლის 15 ივნისის მდგომაროებით 150 პირი, ანალოგიურ პოზიციაზე დასაქმებულია ა(ა)იპ-ში.
7.1.8. 2021 წლის 01 მარტის მდგომაროებით, შპს „კ–ბაში“ დასაქმებული იყო მხოლოდ ორი კადრი - დირექტორი და მთავარი ბუღალტერი. ხოლო 2021 წლის 01 აპრილიდან დღემდე შპს-ში დასაქმებულია მხოლოდ დირექტორი.
7.1.9. შპს „კ–ბის“ დირექტორის 2021 წლის 01 აპრილის №ბ32.12210913 ბრძანების საფუძველზე, ეკონომიკური გარემოებების გათვალისწინებით, ორგანიზაციული ცვლილებებიდან გამომდინარე, 2021 წლის 01 აპრილიდან ლ.შ–ძე განთავისუფლდა შპს „კ–ბის“ მთავარი ბუღალტრის თანამდებობიდან. ბრძანებაში შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლად მითითებულია: საქართველოს შრომის კოდექსის 47-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი. მითითებული საფუძვლით ხელშეკრულების შეწყვეტის მიუხედავად, დამსაქმებელს დასაქმებული არანაკლებ 30 კალენდარული დღით ადრე წინასწარი წერილობითი შეტყობინების გაგზავნით არ გაუფრთხილებია.
7.1.10. ა(ა)იპ „ა.ს.ჯ–ის“ საშტატო ნუსხის მიხედვით, არსებობს შპს „კ–ბასთან“ ანალოგიური პოზიციები, მათ შორის მთავარი ბუღალტრის პოზიცია. დასაქმებულ პირებთან გაფორმებულია ვადიანი ხელშეკრულებები.
7.1.11. შპს „კ–ბას“ ფაქტობრივად შეწყვეტილი აქვს საქმიანობა. სსიპ შემოსავლების სამსახურიდან მიღებული მონაცემების (ტ. 3, ს.ფ. 79-82) თანახმად, შპს „კ–ბას“ 2021 წლის თებერვლიდან დასაბეგრი შემოსავალი აღარ უფიქსირდება.
7.2. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ განსახილველ შემთხვევაში, სასარჩელო მოთხოვნებს წარმოადგენდა შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება. სადავოდ ქცეული ბრძანების ბათილობისა და მისი თანმდევი მოთხოვნების კანონიერების საკითხს შეფასებამდე კი, მნიშვნელოვანი იყო დადგენილიყო, თუ რა სამართლებრივი კავშირი არსებობდა შპს „კ–ბასა“ და ა(ა)იპ „ა.ს.ჯ–ს“ შორის.
7.3. აღნიშნული გარემოების დადგენის მიზნით, სააპელაციო პალატამ მიუთითა რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბათილად იქნა ცნობილი შპს „კ–ბის“ დირექტორის ბრძანება ლ.შ–ძის სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე და მოსარჩელის აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების ვალდებულება დაეკისრა ა(ა)იპ „ა.ს.ჯ–ს“, რომელიც სააპელაციო საჩივარში უთითებდა, რომ წარმოადგენდა შპს „კ–ბისგან“ დამოუკიდებელ სუბიექტს და რაიმე სამართლებრივი კავშირი შპს-სთან არ ჰქონდა. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის ხსენებული არგუმენტაცია. ამ მიმართებით, მიუთითა საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 1061-ე მუხლის პირველი ნაწილზე (მუნიციპალიტეტს უფლება აქვს, მხოლოდ საკუთარი უფლებამოსილებების ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დააფუძნოს სააქციო საზოგადოება, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი), იმავე მუხლის მე-4 ნაწილზე (მუნიციპალიტეტის/მუნიციპალიტეტების კერძო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნების, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის შესახებ, სააქციო საზოგადოების, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების წილის/აქციების შეძენის შესახებ ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის წევრად გახდომის შესახებ გადაწყვეტილებას მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანხმობით იღებს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო) და განმარტა, რომ თავად მუნიციპალიტეტი წყვეტდა, თუ რომელი სამართლებრივი ფორმის იურიდიული პირი დაეფუძნებინა საკუთარი უფლებამოსილებების განხორციელების მიზნით. ამასთან, მას უფლება ჰქონდა, რომ განეხორციელებინა უკვე დაფუძნებული იურიდიული პირის რეორგანიზაცია. რეორგანიზაციის ყველა ფორმის დამახასიათებელი საერთო ნიშანი იყო ის, რომ რეორგანიზაცია არ გულისხმობდა საზოგადოების ლიკვიდაციას. რეორგანიზაციები შეიძლება დაყოფილიყო ორ სახედ - ქონების გადაცემით და გადაცემის გარეშე. ამ უკანასკნელს მიეკუთვნებოდა გარდაქმნა, რომლის დროსაც საზოგადოება (სუბიექტი) აგრძელებდა არსებობას სხვა სამართლებრივი ფორმით, ე.ი. უზრუნველყოფილი იყო სუბიექტის იდენტურობა გარდაქმნამდე და გარდაქმნის შემდეგ. პალატამ აქვე განმარტა, რომ სუბიექტის იდენტურობა გამოიხატებოდა მისი მიზნებისა თუ ფუნქციების, დასაქმებულთა და მათი თანამდებობების იდენტურობაში; ასევე საქმიანობის მიმდინაროების უწყვეტობაში. ზემოაღნიშნული ნორმების საფუძველზე ასევე დგინდებოდა, რომ მუნიციპალიტეტს უფლება ჰქონდა მისი უფლებამოსილებების განხორციელების მიზნით შექმნილი შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება გარდაექმნა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირად, მით უფრო იმ შემთხვევაში, როდესაც შპს-ს 100%-იანი წილის მესაკუთრეს თავად მუნიციპალიტეტი წარმოადგენდა და აღნიშნული გადაწყვეტილების მისაღებად სხვა პირთა თანხმობა არ სჭირდებოდა.
7.4. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან და წინამდებარე განჩინების 7.1.1.-7.1.11. პუნქტებში დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოებებიდან ცალსახად ჩანდა, რომ როგორც შპს, ისე ა(ა)იპ დაფუძნებული იყო ახალციხის მუნიციპალიტეტის მიერ საკუთარი საჯარო სამართლებრივი უფლებამოსილებების შესრულების მიზნით. დადგენილი იყო, რომ ორივე ორგანიზაციის წამყვან ფუნქციას წარმოადგენდა ახალციხის მუნიციპალიტეტში დასუფთავებისა და სხვა მომსახურებების გაწევა, რასაც ერთის მხრივ, ადასტურებდა ორგანიზაციათა წესდებები, თანამშრომელთა ნუსხებში მოცემულ თანამდებობათა ჩამონათვალი, რომელიც იდენტური იყო ორივე სუბიექტის შემთხვევაში და ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის 2021 წლის 01 თებერვლის წერილი, სადაც ჩანდა, რომ ა(ა)იპ-ის შექმნის შედეგად ფუნქცია დაკარგა შპს-მ და დღემდე მხოლოდ ერთი კადრით - დირექტორით იყო წარმოდგენილი. აქედან გამომდინარე, პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა, რომ ახალციხის მუნიციპალიტეტის მიერ შპს „კ–ბა“ დაფუძნებული იყო იგივე მიზნებისა და ამოცანების განსახორციელებლად, რისთვისაც შემდეგში დააფუძნა ა(ა)იპ „ა.ს.ჯ–ი“.
7.5. პალატა ასევე, გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითება, რომ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლის განმარტებით, ტენდერის გამოცხადების გზით, შპს „კ–ბის“ მომსახურების შესყიდვა არ იყო პრაქტიკული და წარმოქმნიდა რიგ ხარვეზებს საქმიანობაში, რის გამოც დაარსდა იგივე ფუნქციების მქონე ახალი სამართლებრივი ფორმით ა(ა)იპ „ა.ს.ჯ–ი“. შესაბამისად, შპს „კ–ბის“ არსებობა ადმინისტრაციული ორგანოსათვის საჭიროებას აღარ წარმოადგენდა. 2021 წლის 01 თებერვლიდან განხორციელდა შპს „კ–ბას“ თანამშრომლების გათავისუფლება დაკავებული პოზიციიდან პირადი განცხადებების საფუძველზე, რადგან ისინი დაუყოვნებლივ დასაქმებულიყვნენ ახალ ა(ა)იპ-ში, რათა მერია არ შეფერხებულიყო ქალაქისათვის მომსახურების გაწევაში.
7.6. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ იმ პირობებში, როდესაც დადგენილი იყო, რომ: ახალციხის მუნიციპალიტეტმა მისი უფლებამოსილებების შესრულების მიზნით, მის მიერვე დაფუძნებული შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების სანაცვლოდ, დააფუძნა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი იმავე ფუნქციებით; შპს „კ–ბა“ 2021 წლის თებერვლის შემდეგ ფაქტობრივად აღარ ფუნქციონირებდა, კერძოდ ამ პერიოდის შემდეგ აღარ ჰქონდა შემოსავალი და ჰყავდა მხოლოდ ერთი თანამშრომელი - დირექტორი; 2021 წლის 01 თებერვალს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერისგან წერილის მიღების დღესვე, შპს „კ–ბის“ 154-მა თანამშრომელმა დაწერა განცხადება შრომითი ხელშეკრულებების შეწყვეტის თაობაზე და 2022 წლის ივნისის მდგომარეობითაც 150 მათგანი კვლავ მუშაობდა ა(ა)იპ „ა.ს.ჯ–ში“ იმავე თანამდებობაზე - სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სსიპ ახალციხის მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელდა მის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის სამეწარმეო სუბიექტის გარდაქმნა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირად, რის გამოც არ იყო გასაზიარებელი აპელანტის პოზიცია, რომ ა(ა)იპ წარმოადგენდა სრულიად ახალ და შპს-სგან დამოუკიდებელ ორგანიზაციას.
7.7. ასევე, სააპელაციო პალატა დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას მასზედ, რომ არ იყო გასაზიარებელი მოპასუხე მხარის განმარტება იმის შესახებ, რომ თითოეულმა პირმა 154 ადამიანიდან, დამოუკიდებლად გადაწყვიტა შეეწყვიტა სახელშეკრულებო ურთიერთობა შპს „კ–ბასთან“ და ასევე, საკუთარი განცხადების საფუძველზე გააფორმა ა(ა)იპ „ა.ს.ჯ–თან“ ახალი ხელშეკრულება, რადგან აღნიშნული წარმოადგენდა ფორმალობას. დამატებით პალატა მიუთითა, რომ ლოგიკურ საფუძველს მოკლებული იყო ის მტკიცება, რომ შპს-ს 154 თანამშრომელს ერთდროულად წარმოეშვა „ოჯახური პირობების გამო“ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი და აღნიშნული განხორციელდა ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის მიერ, შპს „კ–ბისთვის“ წერილით მიმართვის დღესვე. ყურადსაღები იყო ის გარემოება, რომ სამსახურიდან დათხოვნის შემდეგ, 150 მათგანი დაუყოვნებლივ დასაქმდა გარდაქმნილ დაწესებულებაში იმავე პოზიციაზე.
7.8. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ ორგანიზაციის გარდაქმნის პროცედურა პრაქტიკულად როგორ განხორციელდა ამ კუთხით არსებითი მნიშვნელობა არ გააჩნდა, მთავარი შესაფასებელი საკითხი იყო ახალციხის მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელებული ქმედებების შედეგად რა სამართლებრივი მდგომარეობა ჩამოყალიბდა. საქმის მასალებიდან და მხარეთა ახსნა-განმარტებებიდან კი, ცალსახად გამომდინარეობდა დასკვნა იმის თაობაზე, რომ მუნიციპალიტეტმა სამართლებრივი ფორმა შეუცვალა მის მიერ დაფუძნებულ შპს-ს და იმავე თანამშრომლებით, იმავე ფუნქციების შესრულება განაგრძო ა(ა)იპ-ის სამართლებრივი ფორმით. პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითება, რომ ა(ა)იპ „ა.ს.ჯ–ის“ საშტატო ნუსხაში მითითებული საქმიანობის სფერო, თანამდებობა/პოზიცია უმეტესწილად მოიცავდა შპს „კ–ბის“ საშტატო ნუსხაში მითითებულ დასაქმებულების მიერ დაკავებულ პოზიციებს, რაც იმაზე მეტყველებდა, რომ დამსაქმებელ ორგანიზაციაში ადგილი ჰქონდა ერთი და იგივე ფუნქციების მქონე საშტატო ერთეულის დუბლირებას. ამდენად, ა(ა)იპ „ა.ს.ჯ–ს“ ისევ გააჩნდა ის ფუნქციები, რომლის განხორციელება შპს „კ–ბის“ უფლებამოსილებებს განეკუთვნებოდა და ამ ფუნქციების შესრულება ახალი სამართლებრივი ფორმით შექმნილ ორგანიზაციას დაევალა. შესაბამისად, ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის შეცვლით, შპს „კ–ბა“ გარდაიქმნა ა(ა)იპ „ა.ს.ჯ–ად“.
7.9. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, აღსანიშნავი იყო ის ფაქტიც, რომ შპს „კ–ბა“ სრულად ექვემდებარებოდა ახალციხის მუნიციპალიტეტს, რასაც ადასტურებდა საქმეში წარმოდგენილი მიმოწერა (ტ. 2, ს.ფ. 46-57) შპს-ს დირექტორსა და ახალციხის მუნიციპალიტეტის მერს შორის, სადაც ხდებოდა შპს-ს საშტატო განრიგისა და ხანჯთაღრიცხვის შეთანხმება და ნებართვის მიღება. ამ ფაქტს ადასტურებდა ის გარემოებაც, რომ ა(ა)იპ „ა.ს.ჯ–ის“ შექმნის შემდგომ, შპს-მ ფაქტობრივად შეწყვიტა ფუნქციონირება. შესაბამისად, პალატამ არ გაიზიარა აპელანტების მითითება, რომ შპს დამოუკიდებელი, მოგებაზე ორიენტირებული საწარმო იყო.
7.10. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან დადგინდა, რომ სსიპ ახალციხის მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებით, შპს „კ–ბა“ გარდაიქმნა ა(ა)იპ „ა.ს.ჯ–ად“, სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია ისიც, რომ ეს უკანასკნელი წინამდებარე დავასთან მიმართებით, პასუხისმგებელი იყო ლ.შ–ძის უფლებრივ რესტიტუციაზე. ამასთან, რამდენადაც ა(ა)იპ „ა.ს.ჯ–ში“, დასაქმდა შპს-ს ყველა თანამშრომელი, რამდენიმეს, მათ შორის, მოსარჩელე ლ.შ–ძის, გამოკლებით, ასეთი მოცემულობის პირობებში, პალატამ მიიჩნია, რომ მოპასუხეთა მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა იმ გარემოებების დადასტურება, რომ რეორგანიზაციის შედეგად ლ.შ–ძესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა კანონიერი იყო, თუმცა, საქმეში არ იყო წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, ან ვალიდური არგუმენტი, რაც დაადასტურებდა რეორგანიზაციის შედეგად ლ.შ–ძესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის კანონიერებას.
7.11. ამ მიმართებით, სააპელაციო პალატამ მიუთითა იმ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომ ახლად დაფუძნებულ ა(ა)იპ-შიც არსებობდა მთავარი ბუღალტერის პოზიცია, არ მომხდარა კადრების შემცირება და არ იკვეთებოდა რაიმე ისეთი ეკონომიკური საფუძველი, რაც მოსარჩელის გათავისუფლების ლეგიტიმურ საფუძველს წარმოადგენდა. ის არგუმენტი, რომ რეორგანიზაციის შედეგად უფუნქციოდ დარჩენილ შპს-ს აღარ ჰქონდა თანამშრომლებისთვის ხელფასის გადასახდელი სახსრები, პალატამ არ მიიჩნია ვარგისად იმ მიზეზით, რომ რეალურად განხორციელდა შპს-ს გარდაქმნა და არა ახალი, დამოუკიდებელი სუბიექტის შექმნა. გარდაქმნის შედეგად წარმოშობილ ა(ა)იპ-ს კი, რაიმე ფინანსური სირთულე, რაც კადრების შემცირების საფუძველს წარმოადგენდა, არ უფიქსირდებოდა. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა, რომ შპს „კ–ბის“ დირექტორის 2021 წლის 01 აპრილის ბრძანება ლ.შ–ძესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის თაობაზე უსაფუძვლო იყო. პალატამ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლზე (ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს) და აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, ვინაიდან ლ.შ–ძე სშკ-ის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტში მითითებული საფუძვლით ისე გათავისუფლდა, რომ არ დგინდებოდა აღნიშნული საფუძვლის რეალურად არსებობის ფაქტი, პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ შპს „კ–ბის“ დირექტორის 2021 წლის 01 აპრილის ბრძანება ეწინააღმდეგებოდა კანონს და შესაბამისად, ბათილი იყო.
7.12. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს შრომის კოდექსის 48-ე მუხლის მე-8 ნაწილზე (სასამართლოს მიერ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შრომითი ხელშეკრულება შეუწყდა, ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით) და განმარტა, რომ, რამდენადაც ლ.შ–ძის უფლებრივ რესტიტუციაზე პასუხისმგებელ პირს წარმოადგენდა ა(ა)იპ „ა.ს.ჯ–ი“, შესაბამისად შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის შედეგად, მოსარჩელის სამსახურში აღდგენა უნდა განხორციელებულიყო მოპასუხე ა(ა)იპ „ა.ს.ჯ–ში“. საქმეში წარმოდგენილი ა(ა)იპ-ის თანამშრომელთა საშტატო ნუსხით (2021-2022 წლები) (ს.ფ. ტომი III, ს.ფ. 148-162), დგინდებოდა, რომ ორგანიზაციაში არსებობდა მთავარი ბუღალტერის პოზიცია, რომელიც წარმოადგენდა ლ.შ–ძის მიერ გათავისუფლებამდე დაკავებულ თანამდებობას. პალატამ განმარტაა, რომ ვაკანტური თანამდებობის არარსებობა წარმოადგენდა პირვანდელ სამუშაოზე აღდგენის თაობაზე მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს, ვინაიდან დაუშვებელი იყო, რომ ერთი პირის უფლებრივ რესტიტუციას შედეგად მოჰყოლოდა მესამე პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დარღვევა, თუმცა მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა აპელანტის წარმომადგენლის მიერ მიცემულ ახსნა-განმარტებაზე, საიდანაც დგინდებოდა, რომ მთავარი ბუღალტერის პოზიცია მესამე პირს დაკავებული ჰქონდა ვადიანი შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე. შესაბამისად, დგინდებოდა, რომ შრომითი ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შედეგად, მოპასუხე ორგანიზაციაში გამოთავისუფლდებოდა მოსარჩელის მიერ დასაკავებელი პოზიცია და რეალურად სასამართლოს გადაწყვეტილება მოსარჩელის პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღდგენის თაობაზე აღსრულებადი იქნებოდა.
7.13. სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასაბუთება, რომ დამსაქმებელი არ მოქმედებდა საკანონმდებლო ნორმატიული აქტებით დადგენილ ჩარჩოებში, შესაბამისად, საზოგადოებრივი ბალანსის უზრუნველსაყოფად, ევალებოდა პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სადავო თანამდებობაზე სხვა პირი იყო გამწესებული ვადიანი ხელშეკრულების საფუძველზე, სათანადო ეტაპზე შესაძლებელი იყო სამსახურიდან უკანონოდ დათხოვნილი მოსარჩელის სამსახურში აღდგენა. ამასთან, სასამართლომ მიიჩნია, რომ დამსაქმებლის ვალდებულება იყო ეტვირთა ვალდებულებები პირის უკანონოდ გათავისუფლების გამო გაჩენილ ვაკანტურ თანამდებობაზე, დავის დასრულებამდე, თანამდებობაზე გამწესებული ახალი დასაქმებულის წინაშე. წინააღმდეგ შემთხვევაში დადგინდებოდა პრაქტიკა, როდესაც უკანონოდ გათავისუფლებული პირი ვაკანტური თანამდებობის შევსებისას ვერასოდეს შეძლებდა თავისი დარღვეული უფლებების აღდგენას, რაც ასევე არ გამომდინარეობდა ადამიანის უფლებათა ფუნდამენტური პრინციპებიდან.
7.14. სააპელაციო პალატამ აქვე მიუთითა, რომ შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე დამსაქმებლის მიერ დასაქმებულის მიმართ ისეთი ფუნდამენტური პრინციპის დარღვევა, როგორიცაა სამუშაოდან დასაბუთებული საფუძვლის გარეშე გათავისუფლება, მოითხოვდა შესაბამის უფლებრივ რესტიტუციას. კანონითა და სასამართლო პრაქტიკით დადგენილი იყო, რომ სამუშაოზე აღდგენას, რესტიტუციის სხვა ფორმებთან მიმართებაში, ენიჭებოდა უპირატესი მნიშვნელობა, ვინაიდან მხოლოდ ამ შემთხვევაში იყო შესაძლებელი დასაქმებულის რეალურად სრულყოფილი აღდგენა მის დარღვეულ უფლებაში. შესაბამისად თუკი არსებობდა შესაძლებლობა იმისა, რომ უკანონოდ დათხოვნილი თანამშრომელი აღდგენლიყო პირვანდელ პოზიციაზე, სასამართლოს სწორედ ეს გზა უნდა აერჩია უფლების აღსადგენად. აქედან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ მაშინ, როდესაც პირვანდელი სამუშაო პოზიცია დაკავებული იყო ვადიანი შრომითი ხელშეკრულებით, არსებობდა შესაძლებლობა იმისა, რომ მოსარჩელე აღდგენილიყო მთავარი ბუღალტერის პოზიციაზე ა(ა)იპ „ა.ს.ჯ–ში“.
7.15. ამასთან, საქართველოს შრომის კოდექსის 58-ე მუხლის (ინდივიდუალური შრომითი ურთიერთობისას მხარის მიერ მეორე მხარისთვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით), სსკ-ის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება) და 411-ე მუხლის (ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო) საფუძველზე, სასამართლომ განმარტა, რომ შრომითი ურთიერთობის უკანონო შეწყვეტით, დამსაქმებელმა დასაქმებულს მოუსპო შესაძლებლობა, შეესრულებინა შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამსახურებრივი მოვალეობა და მიეღო ამავე ხელშეკრულებით განსაზღვრული შრომითი ანაზღაურება, ყოველთვიური ხელფასის ოდენობით. საქართველოს შრომის კოდექსის 42-ე მუხლის პირველი ნაწილსა (თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, დასაქმებულს დამსაქმებლის ბრალით გამოწვეული იძულებითი მოცდენის დროს შრომის ანაზღაურება სრულად მიეცემა) და სსკ-ის 412-ე მუხლზე (ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს) მითთებით კი, პალატამ განმარტა, რომ იძულებითი განაცდური წარმოადგენდა ვალდებულების დარღვევით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების სახეს. აქედან გამომდინარე, იძულებითი განაცდურის მოპასუხისათვის დაკისრების გზით მოსარჩელეს უნდა ანაზღაურებოდა ის რეალური ზიანი, რაც მან განიცადა სამსახურიდან უკანონო გათავისუფლებიდან - სამსახურში აღდგენამდე პერიოდში.
7.16. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით ლ.შ–ძის სასარგებლოდ ა(ა)იპ „ა.ს.ჯ–ს“ დაეკისრა 2021 წლის 01 აპრილიდან იძულებითი განაცდურის ანაზღაურება ყოველთვიური დარიცხვით 1250 ლარის ოდენობით, სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე. პალატამ აღნიშნა, რომ ხსენებული პუნქტის მიმართ აპელანტის პრეტენზია დამყარებული იყო იმ არგუმენტზე, რომ ა(ა)იპ „ა.ს.ჯ–ი“ წარმოადგენდა დამოუკიდებელ ორგანიზაციას და შესაბამისად, მას ვერ დაეკისრებოდა მოსარჩელისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულება. პალატამ მიუთითა, რომ წინამდებარე განჩინებით უკვე შეფასდა აღნიშნული საკითხი და დადგინდა, რომ ა(ა)იპ „ა.ს.ჯ–ს“ ეკისრებოდა პასუხისმგებლობა მოსარჩელის უფლებრივ რესტიტუციაზე. აქედან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად დააკისრა ა(ა)იპ „ა.ს.ჯ–ს“ მოსარჩელის სასარგებლოდ იძულებითი განაცდურის ანაზღაურების დაკისრება. სხვა რაიმე არგუმენტი ამ დასკვნის საწინააღმდეგოდ, სააპელაციო პალატის მითთებით, საქმის განხილვის პროცესში წარმოდგენილი არ ყოფილა.
8. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ა(ა)იპ „ა.ს.ჯ–მა“, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 25 იანვრის განჩინებით, წარმოებაში იქნა მიღებული ა(ა)იპ „ა.ს.ჯ–ის“ საკასაციო საჩივარი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
10. საკასაციო მოთხოვნის ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:
10.1. კასატორის მითითებით, სასამართლომ სამართლებრივი შეფასებისას, გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა იგი. კერძოდ, კასატორი მიიჩნევს, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა არასწორად დაუშვეს იმის შესაძლებლობა, რომ კომერციული საწარმო შეიძლება გარდაიქმნას არაკომერციულ არასამეწარმეო იურიდიულ პირად, რითაც უხეშად დაარღვიეს კომერციული და არაკომერციული იურიდიული პირების შექმნის შესახებ სამართლებრივი დათქმები. კასატორი მიუთითებს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 144-ე მუხლზე და განმარტავს, რომ დასახელებული ნორმა არ ითვალისწინებს საწარმოს რეორგანიზაციის შესაძლებლობას იმდაგვარად, რომ შპს გარდაიქმნას ა(ი)იპ-ის ტიპის ორგანიზებულ წარმონაქმნად. კასატორის მოსაზრებით, სასამართლოს განმარტების გაზიარების შემთხვევაში, გამოდის, რომ ნებისმიერი შპს-ს საქმიანობის სფეროს დამთხვევის შემთხვევაში, მოხდეს მისი გაიგივება არასამეწარმეო წარმონაქმნთან. ამ პირობებში, გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შემთხვევაში, დამკვიდრდება ახალი პრაქტიკა, რომელიც სრულიად განსხვავებული იქნება მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონით დადგენილი სამართლებრივი დათქმებისაგან.
10.2. ზემოაღნიშნულ აბზაცში მითითებული არგუმენტაციით, კასატორი მიიჩნევს, რომ სასამართლომ ა(ა)იპ „ა.ს.ჯ–ს“ არასწორად დააკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ იძულებითი განაცდურის ანაზღაურება 2021 წლის 01 აპრილიდან ყოველთვიურად 1250 ლარის ოდენობით გადაწყვეტილების აღსრულებამდე, რამეთუ ა(ა)იპ „ა.ს.ჯ–ი“ არანაირ სამართალურთიერთობაში არ იმყოფებოდა და ვერც იქნებოდა მოსარჩელე ლ.შ–ძესთან, ის არ იყო მისი დამსაქმებელი და მოსარჩელემ კომპენსაციაც კი მიიღო თავის დამსაქმებლისგან-შპს „კ–ბისგან".
10.3. კასატორის განმარტებით, იმ შემთხვევაშიც, თუ დადგენილად იქნება მიჩნეული, რომ შპს „კ–ბა“ გარდაიქმნა ა(ი)იპ „ა.ს.ჯ–ად“ და რომ ლ.შ–ძე უნდა დასაქმდეს კასატორის საშტატო ერთეულზე, ასეთ შემთხვევაშიც, სასამართლოს მიერ დაირღვა შრომის კოდექსის მოთხოვნები იმ კუთხით, რომ საჭირო ხდება გათავისუფლდეს ის პირი, რომელიც ამჟამად უკვე დანიშნულია სადავო თანამდებობაზე. აღნიშნულით ირღვევა ახალი თანამშრომლის ინტერესი, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
11. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
12. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ნორმის დანაწესით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
13. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
14. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
15. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის დისპოზიციიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა. შესაბამისად, წინამდებარე განჩინებით, საკასაციო პალატის შეფასების საგანი იქნება კასატორის შედავების საფუძვლიანობა.
16. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სამოქალაქო საქმეებზე დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღებისა და ზოგადად, მართლმსაჯულების განხორციელების უწინარეს საფუძველს წარმოადგენს იმის სწორად განსაზღვრა, თუ რა სამართლებრივი საფუძვლიდან გამომდინარეობს მხარეთა შორის წარმოშობილი დავა. ამ მიზნით, საქმის განმხილველმა სასამართლომ პირველყოვლისა, უნდა დაადგინოს მოთხოვნის მატერიალური საფუძველი [მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმა]. მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გამოარკვიოს მოძიებული ნორმის წინაპირობები, მისი აბსტრაქტული შემადგენლობა და შეამოწმოს განხორციელებულია თუ არა განსახილველ საქმეზე ყველა მათგანი. ამ ასპექტში, ფორმალურ სამართლებრივი თვალსაზრისით, სასამართლო შეზღუდულია სარჩელის ფაქტობრივი გარემოებებით: იგი ამოწმებს რომელ კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებებზე მიუთითებს მოსარჩელე, ქმნიან თუ არა ისინი დამფუძნებელი ნორმის უკლებლივ ყველა წანამძღვარს. ამის შემდეგ მოწმდება, მოპასუხის პოზიცია რამდენად აქარწყლებს წარმოშობილ წანამძღვრებს (პროცესუალური და მატერიალური თვალსაზრისით) (იხ. სუსგ №ას-53-49-2017, 07 აპრილი 2017 წელი).
17. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ ბრძანების ბათილად ცნობას, სამუშაოზე აღდგენასა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურებას მოითხოვდა. ის სამართლებრივი შედეგი კი, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურდა, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე (ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს), საქართველოს შრომის კოდექსის მე-2 (შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ; შრომითი ურთიერთობა წარმოიშობა მხარეთა თანასწორუფლებიანობის საფუძველზე, ნების თავისუფალი გამოვლენის შედეგად მიღწეული შეთანხმებით), საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსის“ 48.8-ე (სასამართლოს მიერ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება, ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით), ამავე კოდექსის 44-ე (შრომითი ურთიერთობისას მხარის მიერ მეორე მხარისათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით), საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394.1-ე (მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება) და 408.1-ე (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება) მუხლებიდან გამომდინარეობს.
18. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სააპელაციო პალატამ, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და დამსაქმებლის მტკიცების საგანში შემავალი გარემოებების დამდგენი მტკიცებულებების უკმარისობის გამო, გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასება მასზედ, რომ შპს „კ–ბის“ დირექტორის ბრძანება ლ.შ–ძის სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე არამართლზომიერი იყო, რასაც შედეგად მოჰყვა დასაქმებულის უფლებრივ რესტიტუციასთან დაკავშირებული მოთხოვნების დაკმაყოფილებაც. ამასთან, პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის შეცვლით, შპს „კ–ბა“ გარდაიქმნა ა(ა)იპ „ა.ს.ჯ–ად“, რის გამოც გაიზიარა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა, რომ ლ.შ–ძის უფლებრივ რესტიტუციაზე პასუხისმგებლობა სწორედ ა(ა)იპ „ა.ს.ჯ–ს“ ეკისრებოდა.
19. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით, კასატორის შედავება წარმოდგენილია იმ თვალსაზრისით, რომ იგი არ უნდა იქნეს მიჩნეული მოსარჩელის უფლებრივ რესტიტუციაზე პასუხისმგებელ პირად, რამეთუ იგი წარმოადგენს შპს „კ–ბისგან“ დამოუკიდებელ სუბიექტს და რაიმე სამართალურთიერთობაში არც ამ უკანასკნელთან იმყოფებოდა და არც მოსარჩელე ლ.შ–ძესთან.
20. კასატორის მოსაზრების საწინააღმდეგოდ, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლობის მიერ დადგენილი, წინამდებარე განჩინების 7.1.1.-7.1.11. პუნქტებში მითითებული იმ უდავო ფაქტობრივი გარემოებების შესწავლის საფუძველზე, რომლებიც კასატორს საკასაციო პრეტენზიის წარდგენის გზით სადავოდ არ გაუხდია და რომელთაც სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საკასაციო სასამართლოსთვისაც სავალდებულო ძალა აქვთ, საკასაციო პალატა იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებას მასზედ, რომ მოსარჩელე ლ.შ–ძის უფლებრივ რესტიტუციაზე პასუხისმგებელ პირს, სწორედ კასატორი - ა(ა)იპ „ა.ს.ჯ–ი“ წარმოადგენდა.
21. სადავო საკითხთან მიმართებით, საკასაციო პალატა პირველ რიგში განმარტავს, რომ საწარმოებისა და ბიზნესების სრული ან ნაწილობრივი გასხვისების შემთხვევაში, დასაქმებულთა უფლებების დაცვას უკავშირდება ევროკავშირის საბჭოს 2001 წლის 12 მარტის 2001/23/EC დირექტივა, რომლის რეგულირების სფეროში შედის საწარმოს ან ბიზნესის ნებისმიერი გასხვისება ან მათი ნაწილების ნებისმიერი გადაცემა სხვა დამსაქმებლებისადმი კანონიერი გასხვისების ან შერწმყის შედეგად. დირექტივა ვრცელდება ნებისმიერ საჯარო თუ კერძო საწარმოზე, რომლებიც ეწევიან ეკონომიკურ საქმიანობას მიუხედავად იმისა, ორიენტირებული არიან თუ არა მოგებაზე. გამსხვისებელი/Transferor არის ნებისმიერი ფიზიკური თუ იურიდიული პირი, რომელიც საწარმოს, ბიზნესის ან საწარმოსა და ბიზნესის ნაწილების გასხვისების/გადაცემის გამო წყვეტს ფუნქციონირებას, როგორც დამსაქმებელი; მიმღები/Transferee არის ნებისმიერი ფიზიკური თუ იურიდიული პირი, რომელიც საწარმოს, ბიზნესის ან საწარმოსა და ბიზნესის ნაწილების გასხვისების/გადაცემის საფუძვლით ხდება დამსაქმებელი. აღნიშნული დირექტივის თანახმად, გამსხვისებლის ვალდებულებები და უფლებები, რომლებიც განსაზღვრული იყო შრომის ხელშეკრულებით ან გამომდინარეობდა შრომითი ურთიერთობებიდან, უნდა გადაეცეს მიმღებს ანუ ახალ დამსაქმებელს. ქვეყანამ უნდა უზრუნველყოს, რომ გასხვისების შემდეგ, გამსხვისებელი და მიმღები ერთობლივად და ცალ-ცალკეც პასუხისმგებელნი არიან იმ ვალდებულებებთან დაკავშირებით, რაც გასხვისების დროისთვის გამომდინარეობს შრომითი ხელშეკრულებებიდან ან შრომითი ურთიერთობებიდან.
22. ზემოაღნიშნული დირექტივის მითითებები ასახულ იქნა საქართველოს შრომის კოდექსის 50-ე მუხლში (ცვლილება 29.09.2020წ. №7177), რომლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, ამ კანონის მიზნებისთვის, საწარმოს გადაცემა ნიშნავს გარიგების ან კანონის საფუძველზე საწარმოს ან ბიზნესის ან საწარმოს ან ბიზნესის ნაწილის სხვა დამსაქმებლისთვის გადაცემას, რაც, მათ შორის, მოიაზრებს ეკონომიკური საქმიანობის გადაცემას, რომლის დროსაც შენარჩუნებულია მისი იდენტურობა ან/და არსებითი მსგავსება და რომელიც გულისხმობს რესურსების ორგანიზებულ დაჯგუფებას ძირითადი და დამხმარე ეკონომიკური საქმიანობების განსახორციელებლად. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, საწარმოს გადაცემის თარიღის დროს მოქმედი შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე გადამცემი საწარმოს უფლებები და ვალდებულებები საწარმოს გადაცემის საფუძვლით გადაეცემა მიმღებ საწარმოს. ამავე მუხლის მე-10 პუნქტის მიხედვით, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტისთვის პასუხისმგებლობა მიმღებ საწარმოს ეკისრება, თუ შრომითი ხელშეკრულება წყდება იმ საფუძვლით, რომ საწარმოს გადაცემა მოიცავს შრომის პირობების დასაქმებულთა საზიანოდ ცვლილებას.
23. საქმეზე უდავოდ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით, შპს „კ–ბა“ (ს/ნ ......), სადაც უვადო შრომითი ხელშეკრულებით იყო დასაქმებული მოსარჩელე, დაფუძნდა 2017 წლის 19 დეკემბერს, რომელიც იმავე დღეს დარეგისტრირდა მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში და რომლის 100%-იანი წილის მესაკუთრეს წარმოადგენდა სსიპ ახალციხის მუნიციპალიტეტი. დადგენილია, რომ ანალოგიური ფუნქციების შესრულების მიზნით, 2020 წლის 30 დეკემბერს, კვლავ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაფუძნდა ა(ა)იპ „ა.ს.ჯ–ი“. დადგენილია ისიც, რომ ორივე ორგანიზაციის წამყვან ფუნქციას წარმოადგენდა ახალციხის მუნიციპალიტეტში დასუფთავებისა და სხვა მომსახურებების გაწევა, რასაც ერთის მხრივ ადასტურებს ორგანიზაციათა წესდებები, საშტატო ნუსხებში მითითებული საქმიანობის სფეროს ჩამონათვალი (რომელიც იდენტურია ორივე სუბიექტის შემთხვევაში) და ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის 2021 წლის 01 თებერვლის წერილი, რომლითაც ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიამ შპს „კ–ბის“ დირექტორს აცნობა, რომ „ტენდერის გამოცხადების გზით, შპს ,,კ–ბის" მომსახურების შესყიდვა არ იყო პრაქტიკული და წარმოქმნიდა რიგ ხარვეზებს საქმიანობაში, რის გამოც დააარსდა იგივე ფუნქციების, თუმცა, ახალი სამართლებრივი ფორმის მქონე, ააიპ „ახალციხის სერვისის ჯგუფი“. შესაბამისად, შპს „კ–ბის“ არსებობა ადმინისტრაციული ორგანოსათვის საჭიროებას აღარ წარმოადგენდა“.
24. საკასაციო პალატის მოსაზრებით, რომც აღარ იქნეს მხედველობაში მიღებული სხვა დამატებითი ფაქტობრივი გარემოებები (მაგ. ის გარემოება, რომ 2021 წლის თებერვლის შემდეგ, შპს „კ–ბა“ ფაქტობრივად აღარ ფუნქციონირებს, კერძოდ ამ პერიოდის შემდეგ აღარ ჰქონია შემოსავალი და ჰყავს მხოლოდ ერთი თანამშრომელი - დირექტორი; 2021 წლის 01 თებერვალს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერისგან წერილის მიღების დღესვე, შპს „კ–ბის“ 154-მა თანამშრომელმა დაწერა განცხადება შრომითი ხელშეკრულებების შეწყვეტის თაობაზე და 2022 წლის ივნისის მდგომარეობით, 150 მათგანი კვლავ მუშაობს ა(ა)იპ „ა.ს.ჯ–ში“ იმავე თანამდებობაზე), თვით ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის 2021 წლის 01 თებერვლის წერილი, პირდაპირი დადასტურებაა იმ გარემოებისა, რომ ახალციხის მუნიციპალიტეტმა მისი უფლებამოსილებების შესრულების მიზნით, მის მიერვე დაფუძნებული შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების სანაცვლოდ, დააფუძნა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელსაც გადაეცა ყველა ის უფლება-მოვალეობა, რასაც მანამდე არსებული შპს „კ–ბა“ ახორციელებდა. შესაბამისად, ფორმალური ნიშნით განსხვავების მიუხედავად, ნათელია, რომ ახლად შექმნილმა კომპანიამ ჩაანაცვლა ძველი დამსაქმებელი და იგი, როგორც დამსაქმებლის „უფლებამონაცვლე“, შებოჭილი იყო სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში, დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის არსებული უფლება-მოვალეობებით. ამდენად, კასატორის აპელირება მასზედ, რომ მოპასუხე წარმოადგენს დამოუკიდებელ სუბიექტს და რაიმე სამართალურთიერთობაში არ იმყოფებოდა არც წინა დამსაქმებელთან და არც მოსარჩელესთან, არარელევანტურია მოსარჩელე ლ.შ–ძის უფლებრივ რესტიტუციაზე, მათ შორის, იძულებითი განაცდურის ანაზღაურებაზე პასუხისმგებლობის არიდების კონტექსტში და აღნიშნული განპირობებულია არა „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 144-ე მუხლით, როგორც ამას კასატორი მიუთითებს (ვრცლად იხ. ამ განჩინების 10.1. აბზაცი), არამედ დასაქმებულთა უფლებების დაცვის შესახებ ევროკავშირის საბჭოს 2001 წლის 12 მარტის 2001/23/EC დირექტივითა და საქართველოს შრომის კოდექსის 50-ე მუხლით.
25. რაც შეეხება კასატორის შედავებას მასზედ, რომ თანამდებობაზე აღდგენის თაობაზე სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებით ირღვევა იმავე თანამდებობაზე ახლად დანიშნული თანამშრომლის კანონიერი ინტერესი, საკასაციო პალატა მოიხმობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას, სადაც საკასაციო სასამართლომ იმსჯელა სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც შეეხებოდა დასაქმებულის დარღვეული უფლების აღდგენის საკითხს. საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ „როდესაც უკანონოდ დათხოვნილი დასაქმებული შრომითი ხელშეკრულების ბათილად ცნობასა და უფლებებში აღდგენას ითხოვს, სასამართლომ თავად უნდა შეაფასოს მოსარჩელის უფლებრივი რესტიტუციის საუკეთესო გზა შემდეგი პრიორიტეტული თანმიმდევრობით, კერძოდ, თუ მოსარჩელის ინტერესი პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღდგენაა, სასამართლომ დასაქმებულისა და დამსაქმებლის ორმხრივი პატივსადები ინტერესების დაცვით უნდა შეამოწმოს მითითებული მოთხოვნის საფუძვლიანობა და დაკმაყოფილების მიზანშეწონილობა. პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღდგენის მოთხოვნა საფუძვლიანია, თუ ხელშეკრულების შეწყვეტა უკანონოა, თუმცა აღნიშნული ავტომატურად არ იწვევს დასაქმებულის პირვანდელ მდგომარეობის აღდგენას, ვინაიდან, აღნიშნული მოთხოვნის დაკმაყოფილება დამოკიდებულია მისი აღსრულების შესაძლებლობასა და მხარეთა კანონიერი ინტერესების გათვალისწინებით, მისი აღსრულების შესაძლებლობასა და ეფექტიანობაზე“ (იხ. სუსგ Nას-792-2019, 18.02.2021წ).
26. თანამდებობაზე აღდგენა დასაქმებულის უპირატესი უფლებაა, რადგან მისი დათხოვნა უკანონო გათავისუფლების თანმდევი შედეგია, შესაბამისად, დათხოვნის უკანონოდ ცნობის პირობებში, უკანონოდ გათავისუფლებული პირის მოთხოვნა პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღდგენის თაობაზე დაცვის ღირსი ლეგიტიმური ინტერესის შემცველია, თუმცა აღნიშნული უფლება აბსოლუტური კატეგორია არ არის და მისი დაკმაყოფილება გარკვეულ წინაპირობებზეა დამოკიდებული. პირვანდელ სამუშაო ადგილზე პირის აღდგენის წინაპირობებია: აღდგენის შესაძლებლობა და აღდგენის მიზანშეწონილობა. აღდგენის შესაძლებლობა, მოიცავს: 1) მოპასუხე ორგანიზაციაში იმ თანამდებობის არსებობას, რომელსაც მოსარჩელე იკავებდა თანამდებობიდან განთავისუფლებამდე და 2) ამავე თანამდებობის ვაკანტურობას საქმის სასამართლოში განხილვის ეტაპისათვის. აღდგენის მიზანშეწონილობა კი ძირითადად იმ სუბიექტურ მიზეზთა ერთობლიობაა, რომელთა არსებობაც ზემოქმედებს დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის შრომითი ურთიერთობის ნორმალურად გაგრძელების შესაძლებლობაზე. (იხ. სუსგ საქმეზე Nას-100-2022, 26.02.2023 წ.).
27. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია და სადავოს არ წარმოადგენს, რომ მოსარჩელე ლ.შ–ძის უფლებრივ რესტიტუციაზე პასუხისმგებელ ორგანიზაციაში - ა(ა)იპ „ა.ს.ჯ–ში“ არსებობს მთავარი ბუღალტერის პოზიცია, რომელიც წარმოადგენს ლ.შ–ძის მიერ გათავისუფლებამდე დაკავებულ თანამდებობას და რომელიც მესამე პირს დაკავებული აქვს ვადიანი შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე. მესამე პირთან დადებული ვადიანი შრომითი ხელშეკრულების ხასიათიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა სრულად იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მოსაზრებას მასზედ, რომ შრომითი ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შედეგად, მოპასუხე ორგანიზაციაში გამოთავისუფლდება მოსარჩელის მიერ დასაკავებელი პოზიცია და რეალურად სასამართლოს გადაწყვეტილება მოსარჩელის პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღდგენის თაობაზე აღსრულებადი იქნება, რაც საკასაციო პალატის შეფასებით, არ გამოიწვევს მესამე პირის შრომითი უფლებების იგნორირებას. ამასთან, რამდენადაც დამსაქმებლის ქმედება მოსარჩელესთან შრომით ხელშეკრულების შეწყვეტის სახით, ეწინააღმდეგება მხარეთა შორის უფლება-მოვალეობათა კეთილსინდისიერად განხორციელების პრინციპს, საკასაციო პალატა იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების იმ მითითებასაც, რომ სწორედ დამსაქმებლის ვალდებულებაა იტვირთოს ვალდებულებები პირის უკანონოდ გათავისულფების გამო გაჩენილ ვაკანტურ თანამდებობაზე გამწესებული ახალი დასაქმებულის წინაშე.
28. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო პალატის მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია; ამასთან, არ წარუდგენია არც ერთი არგუმენტი და დასაბუთებული შედავება, თუ რა საფუძვლით უნდა იქნეს არსებითად განსახილველად და დასაშვებად ცნობილი წარმოდგენილი საკასაციო განაცხადი.
29. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა საქმეში არსებული სადავო საკითხი; ამასთან, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
30. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება წინააღმდეგობაში მოდის მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და მის დამატებით ოქმთან/ოქმებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან.
31. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
32. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან, რომელთა ნაწილიც ასახულია წინამდებარე განჩინებაში.
33. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
34. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. შესაბამისად, ა(ა)იპ „ა.ს.ჯ–ს“ უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 1937.5 ლარის 70% – 1356.25 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ა(ა)იპ „ა.ს.ჯ–ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის გამო.
2. ა(ა)იპ „ა.ს.ჯ–ს“ (........) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 1937.5 ლარის (750 ლარი, საგადახდო დავალება N02812, გადახდის თარიღი 06.11.2023, 1187.50 ლარი, საგადახდო დავალება N00017, გადახდის თარიღი 12.01.2024 ) 70% – 1356.25 ლარი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე რევაზ ნადარაია
მოსამართლეები: გიზო უბილავა
მირანდა ერემაძე