Facebook Twitter

№ას-1525-2023

04 ოქტომბერი, 2024 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),

რევაზ ნადარაია (მომხსენებელი), თამარ ზამბახიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – შპს „პ–სი“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – მ.დ–ძე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 25 სექტემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით განაცდურის ანაზღაურების ნაწილში სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილება

დავის საგანი – იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. მ.დ–ძემ (შემდეგში: მოსარჩელე) სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში შპს „პ–სის“ (შემდეგში: მოპასუხე, კასატორი) მიმართ და მოითხოვა მ.დ–ძესთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ შპს „პ–სის“ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, მოსარჩელის სამუშაოზე აღდგენა და მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ 2020 წლის ნოემბრისა და დეკემბრის თვის შრომის ანაზღაურების 3000 ლარის დაკისრება, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ანგარიშსწორების დაყოვნებისათვის დაყოვნებული თანხის - 3000 ლარის 0.07%-ის გადახდა გადაწყვეტილების აღსრულებამდე და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება 2021 წლის იანვრიდან სამუშაოზე აღდგენამდე პერიოდისათვის, ყოველთვიური ხელფასის 1500 ლარის გათვალისწინებით (იხ. სარჩელი: ტ.1, ს.ფ. 2-22).

1.1. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი ნაწილობრივ ცნო, მიუთითა, რომ მზადყოფნას გამოთქვამდა მოსარჩელესთან გაეგრძელებინა შრომითი ურთიერთობა, ასევე სარჩელი ნაწილობრივ ცნო სახელფასო დავალიანების ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში, კერძოდ, 2020 წლის ნოემბრის თვის შრომის ანაზღაურების - 750 ლარის ნაწილში.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილებით მ.დ–ძის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი შპს „პ–სის“ გადაწყვეტილება მოსარჩელე მ.დ–ძესთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ; მ.დ–ძე აღდგენილ იქნა შპს „პ–სში“ იურისტის პოზიციაზე; შპს „პ–სს“ მ.დ–ძის სასარგებლოდ დაეკისრა იძულებითი განაცდურის ანაზღაურება 2021 წლის 4 იანვრიდან სამუშაოზე აღდგენამდე პერიოდში, ყოველთვიური ხელფასის 750 ლარის (ხელზე მისაღები ოდენობა) გათვალისწინებით; შპს „პ–სს" მოსარჩელე მ.დ–ძის სასარგებლოდ დაეკისრა 2020 წლის ნოემბრისა და დეკემბრის თვეების შრომის ანაზღაურება ჯამში 1500 ლარის (ხელზე მისაღები) ოდენობით და მისი ანგარიშსწორების დაყოვნების პირგასამტეხლო, დაყოვნებული თანხის, 1500 ლარის 0,07% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე - 2021 წლის 12 იანვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილება განაცდურის დაკისრების ნაწილში სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოპასუხისათვის განაცდურის დაკისრება 2021 წლის 04 იანვრიდან 2021 წლის 17 მარტამდე პერიოდისათვის.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 25 სექტემბრის განჩინებით შპს „პ–სის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

5. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების ფაქტობრივი დასაბუთება:

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

5.1. 2020 წლის 17 თებერვლიდან მ.დ–ძე დასაქმებული იყო შპს „პ–სში“ იურისტის პოზიციაზე ზეპირი ხელშეკრულების საფუძველზე, განუსაზღვრელი ვადით.

5.2. 2021 წლის 4 იანვრიდან, მოსარჩელესთან შეწყდა შრომითი ურთიერთობა.

5.3. მოპასუხემ მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილების ბათილად ცნობის და სამუშაოზე აღდგენის ნაწილში სარჩელი ცნო.

5.4. მოპასუხე სადავოდ არ ხდის იმ გარემოებას, რომ მას მოსარჩელისათვის ასანაზღაურებელი აქვს 2020 წლის ნოემბრის თვის ხელფასი 750 ლარის ოდენობით.

5.5. სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის დროს მოსარჩელის შრომის ანაზღაურება განისაზღვრებოდა 750 ლარით (გადასახადების გარეშე).

5.6. პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ შრომითი ურთიერთობის შეჩერების თაობაზე შეთანხმების ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეში არ მოიპოვება.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთება:

5.7. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტი მხარის მტკიცება იმის თაობაზე, თითქოს მოპასუხე მხარის მიერ წარდგენილი შესაგებლის მოსარჩელისათვის ჩაბარება წარმოადგენდა მოსარჩელის სამსახურში აღდგენას ან/და გათანაბრებული შეიძლება ყოფილიყო სამსახურში აღდგენასთან. პალატამ აღნიშნა, რომ სამსახურში აღდგენის ფაქტის დამადასტურებელ უპირველეს მტკიცებულებას წარმოადგენს სამსახურში აღდგენის ბრძანება და ბრძანების მოდავე მხარისათვის ჩაბარების დასტური, რაც განსახილველ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი არ ყოფილა. ამავდროულად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სამსახურში აღდგენის შეტყობინებად ვერ იქნებოდა მიჩნეული საქმეში წარმოდგენილი მხარეთა მიმოწერაც, ვინაიდან, აღნიშნული კორესპონდენცია მხოლოდ იმას მოწმობდა, რომ არსებობდა გარკვეული შეთავაზებები და მიმდინარეობდა მოლაპარაკება მხარეთა შორის, თუმცა, მისი შინაარსიდან გამომდინარე, ნათლად არ დგინდებოდა, რომ მოპასუხემ მოსარჩელეს გაუგზავნა შეტყობინება მისი აღდგენის შესახებ.

5.8. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაზე, რომლის თანახმად, გათავისუფლებულ თანამშრომელთან გაგზავნილი წერილი მის სამსახურში გამოცხადებაზე თანხმობის შესახებ, საკასაციო სასამართლოს მიერ არ იქნა მიჩნეული გათავისუფლებული თანამშრომლის სამსახურში აღდგენად. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების რაიმე დამაბრკოლებელი გარემოების დადასტურება, მოპასუხე მხარემ ვერ განახორციელა.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 25 სექტემბრის განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით 2021 წლის 17 მარტიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე განაცდურის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნის ნაწილში, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 25 ივლისის განჩინებით, სსსკ-ის 396-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად.

9. საკასაციო საჩივრის მოთხოვნის ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:

9.1. კასატორი აღნიშნავს, რომ მოპასუხე კომპანიამ სასამართლოში წარდგენილ შესაგებელში აღიარა სასარჩელო მოთხოვნა შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ ბრძანების ბათილობისა და მოსარჩელის პირვანდელ მდგომარეობაში აღდგენის შესახებ. მოსარჩელეს შესაგებელი ჩაჰბარდა 2021 წლის 16 მარტს. მ.დ–ძე მიიჩნევდა, რომ პირვანდელი და შეთავაზებული სამუშაო პირობები არ იყო იდენტური, ასევე ხელფასის ოდენობად ასახელებდა 1500 ლარს, რომლის დამადასტურებელი მტკიცებულება მას არ წარმოუდგენია. სასამართლომ ისე მიიღო გადაწყვეტილება, რომ არ განუხილავს შპს „პ–სის“ მიერ 2021 წლის 16 მარტს მ.დ–ძის სამსახურში აღდგენის ფაქტი. შესაბამისად, განაცდურის დაკისრების ნაწილში ეს კონკრეტული გარემოება არ მიიღო მხედველობაში.

9.2. კასატორი მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 30 დეკემბრის განჩინებაზე - საქმე Nას-567-538-2014, სადაც სასამართლომ იმსჯელა სამსახურში აღდგენისა და განაცდურის ანაზღაურების საკითხზე და განმარტა, რომ იძულებითი მოცდენა და შესაბამისად, იძულებითი განაცდურის მოთხოვნის უფლება არსებობს იქამდე, სანამ დამსაქმებლის ბრალით დასაქმებულის იძულებით მოცდენა გრძელდება. მას შემდეგ, რაც დასაქმებულს იძულებითი მოცდენის შეწყვეტის ქმედითი ბერკეტი ეძლევა, ასეთი ვითარება იძულებით მოცდენად აღარ განიხილება. კასატორი მიიჩნევს, რომ მ.დ–ძეს იძულებით მოცდენის შეწყვეტის ქმედითი ბერკეტი გაუჩნდა მას შემდეგ რაც პ–სმა იგი პირვანდელი პირობებით აღადგინა სამსახურში (2021 წლის 16 მარტი).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

10. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

11. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ნორმის დანაწესით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

12. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

13. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

14. საკასაციო პალატა პირველ რიგში მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის დისპოზიციიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა. შესაბამისად, წინამდებარე განჩინებით, საკასაციო პალატის შეფასების საგანი იქნება კასატორის შედავების საფუძვლიანობა.

15. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის ფარგლებში საკასაციო პალატის მსჯელობის საგანია, 2021 წლის 17 მარტიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე მოპასუხისათვის განაცდურის დაკისრების მართზომიერება. საკასაციო საჩივრის ავტორი არ ეთანხმება სასამართლოს დასკვნას აღნიშნულ საკითხზე და მიიჩნევს, რომ მოსარჩელეს შესაგებლის ჩაბარების გზით, 2021 წლის 16 მარტს ეცნობა ის გარემოება, რომ მოპასუხემ მოთხოვნები შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ ბრძანების ბათილობისა და სამუშაოზე აღდგენის ნაწილში ცნო. შესაბამისად, კასატორის მოსაზრებით, აღნიშნული პერიოდიდან ადგილი არ ჰქონია მოსარჩელის იძულებით მოცდენას.

16. საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსის“ მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ. დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს შრომითი ურთიერთობის ის სახელმძღვანელო პრინციპები, რაც ამ სამართლებრივ ურთიერთობას ნებისმიერი სხვა სახელშეკრულებო ურთიერთობისაგან განასხვავებს. შრომითი ურთიერთობის სუბიექტები არიან დამსაქმებელი და დასაქმებული. ამასთან, დასაქმებული ეწევა დაქვემდებარებულ საქმიანობას, ასრულებს დამსაქმებლის მითითებას სათანადო ანაზღაურების პირობით. ამ შემთხვევაში, გადამწყვეტია სამუშაო პროცესი, რომელიც ორგანიზებულად წარიმართება დამსაქმებლის მიერ დადგენილი წესებითა და პირობებით (შრომითი ხელშეკრულება, შინაგანაწესი, საკანონმდებლო რეგულაცია და სხვა) (იხ. სუსგ №ას-934-2018, 05.06.2020წ.; №ას-1432-1352-2017, 16.03.2018წ.; №ას-1132-1088-2016, 17.02.2017წ.).

17. შრომითი ურთიერთობების შეწყვეტა მოწესრიგებულია საქართველოს შრომის კოდექსის (შემდეგში სშკ-ის) 47-ე და 48-ე მუხლებით, რომელთაგან პირველი მოიცავს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლებს, ხოლო მეორე არეგულირებს შეწყვეტის პროცედურულ მხარეს. აღნიშნული მუხლების კუმულატიური ერთობლიობით შესაძლოა განიმარტოს, რომ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას დამსაქმებლის პოზიტიური ვალდებულებაა დაასრულოს დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობა მხოლოდ ლეგიტიმური გზებით, ხოლო ნეგატიური ვალდებულებაა, სათანადო საფუძვლის გარეშე არ შეწყვიტოს შრომითი ურთიერთობა (სუსგ №ას-1776-2019, 10.04.2020წ.; №ას-1189-2020, 04.02.2021წ.).

18. სშკ-ის 48-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შრომითი ხელშეკრულება შეუწყდა, ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით. შესაბამისად, დასახელებულ ნორმაში მითითებულია დამსაქმებლის ვალდებულება, რომელიც რამდენიმე შესაძლებლობას მოიცავს, თუმცა, კანონმდებლის მიერ დადგენილი წესი არ შეიძლება იმგვარად განიმარტოს, რომ სასამართლოს, დისკრეციული უფლებამოსილებით, შეუძლია მოხმობილი ნორმის დანაწესის საკუთარი შეხედულებისამებრ გამოყენება. შრომის კოდექსი დამსაქმებელს ავალდებულებს „პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება, ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით“. მითითებული რეგულაციით დამსაქმებლისათვის დადგენილია უკანონოდ გათავისუფლებული დასაქმებულის პირვანდელ სამუშაოზე აღდგენა, ხოლო თუკი აღნიშნული შეუძლებელია, მაშინ მომდევნო რიგითობით დადგენილი ვალდებულებების შესრულება (იხ. სუსგ №ას-951-901-2015, 29.01.2016 წ.; №ას-1083-1020-2015, 15.04.2016წ.).

19. საკასაციო სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში/განჩინებაში განმარტავს, რომ დასაქმებულის გათავისუფლების უკანონოდ ცნობის შემთხვევაში, თუკი, შესაძლებელია სრული უფლებრივი რესტიტუცია (პირვანდელ ან ტოლფას სამუშაოზე აღდგენა), მაშინ გათავისუფლების აქტის არამართლზომიერად ცნობის სამართლებრივი შედეგის სახით, სამუშაოზე დაბრუნება და იძულებითი განაცდურის დაკისრება ხდება დამსაქმებლისათვის. საკასაციო პალატა მიუთითებს სშკ-ის 42-ე მუხლზე, რომლის თანახმად, თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, დასაქმებულს დამსაქმებლის ბრალით გამოწვეული იძულებითი მოცდენის დროს შრომის ანაზღაურება სრულად მიეცემა. იძულებითი განაცდური მოიცავს იმ ოდენობის ხელფასს, რასაც დასაქმებული მიიღებდა შრომითი ურთიერთობა უკანონოდ რომ არ შეწყვეტილიყო. აღნიშნული ნორმა ითვალისწინებს განაცდურის ანაზღაურებას იმ შემთხვევაში, თუ იძულებითი მოცდენა გამოწვეულია დამსაქმებლის ბრალით. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე მხარე სადავოდ ხდის პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების იმ ნაწილს, რომლითაც შპს „პ–სს“ მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა იძულებითი განაცდურის ანაზღაურება 2021 წლის 4 იანვრიდან სამუშაოზე აღდგენამდე პერიოდში, ყოველთვიური ხელფასის 750 ლარის (ხელზე მისაღები ოდენობა) გათვალისწინებით. შპს „პ–სი“ სასამართლოში წარდგენილი შესაგებლით მიუთითებდა, რომ მზადყოფნას გამოთქვამდა მოსარჩელესთან გაეგრძელებინა შრომითი ურთიერთობა. საქმის მასალებით ასევე ირკვევა, რომ მოპასუხე მოსარჩელესთან აწარმოებდა მიმოწერას და სთავაზობდა სამსახურში აღდგენას. საკასაციო პალატის მოსაზრებით, აღნიშნული მიმოწერებით დასტურდება, რომ მხარეთა შორის განხილული არ ყოფილა კონკრეტული შეთავაზების დეტალები, სამსახურში აღდგენის პროცედურა და პირობები. მოსარჩელე მხარე არ ეთანხმებოდა სამუშაო გრაფიკსა და შრომის ანაზღაურების ოდენობას და მიუთითებდა, რომ აღნიშნული საკითხის გადაწყვეტას, სასამართლოს მიანდობს. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, პალატა მიიჩნევს, რომ მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს სშკ-ის 42-ე მუხლის მე-2 ნაწილით (დასაქმებულის ბრალით გამოწვეული იძულებითი მოცდენა არ ანაზღაურდება) გათვალისწინებულ შემთხვევას. წარმოდგენილი შესაგებლით მართალია, მოპასუხემ ნაწილობრივ ცნო სარჩელი, თუმცა მოსარჩელის მოთხოვნა სცდებოდა სარჩელის ცნობის ნაწილში არსებული მოთხოვნის ფარგლებს და შესაბამისად, მიმდინარე დავის პირობებში, როდესაც ხელფასის ოდენობასა და სამუშაო პირობებზე არსებობდა მხარეთა პოზიციების სხვადასხვაობა, მოპასუხის მიერ სამუშაოზე აღდგენის შეთავაზება შეუძლებელია ჩაითვალოს უკვე გათავისუფლებული თანამშრომლის სამსახურში აღდგენად. აღნიშნულ საკითხთან მიმართებით, პალატა ყურადღებას გაამახვილებს სშკ-ის მე-14 მუხლზე, სადაც მოცემულია შრომითი ხელშეკრულების არსებითი პირობების იმპერატიული ჩამონათვალი და მათ შორისაა სამუშაო დრო და შრომის ანაზღაურება. ამასთან, კანონით დადგენილია ისიც, რომ თუ დამსაქმებელი დასაქმებულს უცვლის ხელშეკრულების რომელიმე არსებით პირობას, დასაქმებულისთვის მხოლოდ გაცნობა არ მიიჩნევა საკმარისად და სავალდებულოა დასაქმებულის თანხმობა კონკრეტული არსებითი პირობის შეცვლაზე (საქართველოს შრომის კოდექსის მე-20 მუხლი). მოცემულ შემთხვევაში, როგორც უკვე აღინიშნა, საქმის მასალებით არ დასტურდება მხარეთა შეთანხმება მოპასუხის მიერ შეთავაზებულ სამუშაო გრაფიკსა და ანაზღაურებაზე. აქედან გამომდინარე, პალატის მოსაზრებით, მოპასუხის მიერ სასარჩელო მოთხოვნის ნაწილობრივ ცნობა და აღდგენის შეთავაზა ვერ მიიჩნევა მოსარჩელის სამუშაოზე აღდგენად, იმ გარემოების მხედველობაში მიღებითაც, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და მოსარჩელის პოზიცია შრომის ანაზღაურების ოდენობის შესახებ სასამართლომ არ გაითვალისწინა.

20. რაც შეეხება კასატორის აპელირებას საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაზე (საქმე Nას-567-538-2014), სადაც სასამართლომ იმსჯელა სამსახურში აღდგენისა და განაცდურის ანაზღაურების საკითხზე და განმარტა, რომ მას შემდეგ, რაც დასაქმებულს იძულებითი მოცდენის შეწყვეტის ქმედითი ბერკეტი ეძლევა, ასეთი ვითარება იძულებით მოცდენად აღარ განიხილება, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კასატორის მიერ სასამართლო პრაქტიკის სახით მითითებული საქმის ფაქტობრივი გარემოებები განსხვავდება განსახილველი საქმის ფაქტობრივი გარემოებებისგან და მოცემული დავისგან განსხვავებით, კასატორის მიერ მითითებულ საქმეზე სასამართლოს განხილვის საგანი იყო კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებიდან გამომდინარე სასარჩელო მოთხოვნა. შესაბამისად, კასატორის მითითებული ეს პრეტენზიაც უსაფუძვლოა.

21. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად მართებულად დატოვა ძალაში პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მოპასუხისათვის გადაწყვეტილების აღსრულებამდე განაცდურის ანაზღაურების შესახებ. კასატორს დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობისათვის არ წარმოუდგენია, შესაბამისად, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული.

22. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

23. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება წინააღმდეგობაში მოდის მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და მის დამატებით ოქმთან/ოქმებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან.

24. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

25. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან, რომელთა ნაწილიც ასახულია წინამდებარე განჩინებაში.

26. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე. 27. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. შესაბამისად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს სკასაციო საჩივარზე გადახდილი 1218.75 ლარის 70% – 853.12 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „პ–სის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის გამო.

2. შპს „პ–სს“ (........) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 1218.75 ლარის (საგადახდო დავალება N19366801281, გადახდის თარიღი 14.11.2023) 70% – 853.12 ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძე

მოსამართლეები: რევაზ ნადარაია

თამარ ზამბახიძე