№ას-1604-2023
13 ივნისი, 2024 წელი თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),
რევაზ ნადარაია (მომხსენებელი), თამარ ზამბახიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – შპს „მ.....“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – თ.გ–ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 8 აგვისტოს განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თ.გ–მა (შემდეგში - მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა საჩხერის რაიონულ სასამართლოში შპს „მ.....“-ის (შემდეგში - მოპასუხე, კასატორი) მიმართ, დელიქტით მიყენებული ზიანის - 50000 ლარის დაკისრების მოთხოვნით.
2. მოპასუხე შპს „მ.....“-მა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.
3. საჩხერის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილებით, თ.გ–ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; შპს „მ.....“-ს დაეკისრა თ.გ–ის სასარგებლოდ 12600 ლარის გადახდა; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო; შპს „მ.....“-ს დაეკისრა თ.გ–ის სასარგებლოდ მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 378 ლარის გადახდა; შპს „მ.....“-ს დაეკისრა თ.გ–ის სასარგებლოდ სასამართლოს გარეშე ხარჯის გადახდა 138 ლარისა და 60 თეთრის ოდენობით.
4. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით ორივე მხარემ გაასაჩივრა; თ.გ–მა მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, ხოლო, შპს „მ.....“-მა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
5.1.ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 08 აგვისტოს განჩინებით, შპს „მ.....“-ის და თ.გ–ის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა საჩხერის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 20 ივლისის გადაწყვეტილება.
6. სააპელაციო სასამართლოს განჩინების ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:
6.1. სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და დამატებით დადგენილად მიიჩნია და მიუთითა საქმის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
6.1.1. უძრავი ქონება, მდებარე: ჭიათურის რაიონი, სოფელი ......., ს.კ. ......., 15.11.2013 წლიდან ირიცხება თ.გ–ის საკუთრებაში.
6.1.2. სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 17.09.2019 წლის №006378519 საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნით, ჭიათურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ...... მდებარე თ.გ–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (ს.კ. ........) ტექნიკური მდგომარეობა ძირითადად არადამაკმაყოფილებელია. 1, 2 და 3 თ.გ–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება დაზიანებულია, ჩამოჭრილია 10-12 მეტრის სიგანით და 30-35 მეტრის სიგრძით მიწის ნაკვეთი, დაზიანების მიზეზი - გრუნტი ჩამოშლილია. აღნიშნული ზიანი მიყენებულია მანგანუმის მადნის მოპოვებითი სამუშაოების შედეგად. დღევანდელი მდგომარეობით თ.გ–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ექსპლუატაცია საფრთხის შემცველია და საჭიროებს სათანადო ღონისძიებების ჩატარებას.
6.1.3. სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 17.08.2020 წლის №004839420 საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნით, თ.გ–ის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, ს.კ. ........, ზიანი მიყენებულია შპს „მ.....“-ის სამთო სამუშაოების შედეგად. პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა შპს „მ.....“-ის მიერ განმახორციელებელი სამთო სამუშაოების შედეგად მიყენებული ზიანიდან გამომდინარე, შესაძლებელია წინასწარ შედგენილი აღდგენითი სამუშაოების პროექტის მიხედვით. აღდგენითი ღირებულების დადგენა შესაძლებელია მხოლოდ აღდგენითი სამუშაოების პროექტის შედგენის შემდეგ. თ.გ–ის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, ს.კ. ......., მიყენებული ზიანი განისაზღვრება აღდგენითი სამუშაოების პროექტის შედგენის შემდეგ.
6.1.4. სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 19.05.2021 წლის №003286921 საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნით: ა) შპს „მ.ლ“-სა და შპს „მ.....“-ს შორის 2018 წლის 01 ივლისს გაფორმებული №22 ხელშეკრულების მიხედვით გამოყოფილი ფართობი არ მოიცავს თ.გ–ის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთს, ს/კ .....; ბ) თ.გ–ის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთიდან ს/კ ......., 178,87 კვ.მ. ფართობი დაზიანებულია შპს „მ.....“-ის მიერ ჩატარებული სამთო სამუშაოების შედეგად; გ) დღეისათვის არსებული მდგომარეობით, თ.გ–ის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ს/კ ....... 0 საცხოვრებელი სახლის მშენებლობა საფრთხის შემცველია (გრუნტის ჯდომის შედეგად შესაძლებელია გაიზარდოს არსებული და წარმოიშვას ახალი ბზარები); აღნიშნული გარემოება წარმოშობილია შპს „მ.....“-ის მიერ ჩატარებული სამთო სამუშაოების შედეგად; გ) თ.გ–ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ს/კ ........ ღირებულება საორიენტაციოდ შეადგენს 12600 ლარს. ამასთან, ექსპერტების გ.რ–ძის და ი.ბ–ძის ჩვენებით, დადასტურებული იქნა ის ფაქტი, რომ შესაძლებელია აღნიშნული დაზიანების შედეგად მოცემული მიწის ნაკვეთის ჩამოშლა.
6.1.5. მოსარჩელე მხარე სადავოდ ხდის საქმეში წარმოდგენილ 05.08.2021 წლის შპს „ა-ს-ც–ის“ მიერ შესრულებულ №05/105 დასკვნას, რომლის თანახმად, „თ.გ–ის (პ/ნ .........) საკუთრებაში მქონე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე დაზუსტებული ფართობი 1575.00 კვ.მ. მდებარე რაიონი ჭიათურა, სოფელი ......, შპს „მ.....“-ის მიერ ჩატარებული სამთო სამუშაოების შედეგად 180.00 კვ.მ-ზე მიყენებული ზიანი: ა) აღდგენილია პირვანდელ მდგომარეობამდე; ბ) აღდგენილი მიწის ნაკვეთი არ უქმნის საფრთხეს ამ ნაკვეთზე წარმოებულ შემდგომში მშენებლობას“.
6.1.6. სააპელაციო სასამართლოში 2022 წლის 30 მაისს და 2022 წლის 04 ივლისს გამართულ სასამართლო სხდომაზე დაიკითხნენ საქმეში წარმოდგენილი დასკვნების გამცემი ექსპერტები - ვ.ბ–ძე (05.08.2021 წ. დასკვნა) და ა.გ–ია (17.09.2019 წ. დასკვნა), რომლებმაც სადავო საკითხზე სასამართლოს ურთიერთსაწინააღმდეგო განმარტება მისცეს. სადავო ფაქტზე - მიწის ნაკვეთის ამჟამინდელი მდგომარეობის თაობაზე სასამართლოს ნათელი წარმოდგენა ვერ შეუქმნა ამავე საქმეზე სააპელაციო სასამართლოში წარმოდგენილმა ფოტო მასალამ.
6.1.7. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ 2021 წლის 11 ივლისის განჩინებით სადავო საკითხზე დაინიშნა დამატებითი ექსპერტიზა სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში.
6.1.8. სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 18.04.2023 წლის №002427523 საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნით:
- ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ....... მდებარე თ.გ–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (ს.კ. .......) ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია. მისი ექსპლუატაცია ამ ეტაპზე საფრთხის შემცველია და საჭიროებს წინასწარ დამუშავებული პროექტით აღდგენა-გაძლიერებას, რაც უზრუნველყოფს არსებული უძრავი ქონების მდგრადობას;
- ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ .........ში მდებარე თ.გ–ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი (ს.კ. .......) დაზიანებულია პირველ ეტაპზე სამთო სამუშაოების, ხოლო დღევანდელი მდგომარეობით, ხელოვნურად შექმნილი ფერდის უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების შედეგად. ზიანის ოდენობა განისაზღვრება მისი აღდგენა-გამაგრების პროექტის საფუძველზე შედგენილი ხარჯთაღრიცხვის მიხედვით;
- სამთო სამუშაოების შემდეგ მიწის ნაკვეთი აღდგენილი არ არის ისე, რომ თ.გ–ს შეეძლოს თავისი მიწის ნაკვეთის (ს.კ. .....) თავისუფალი გამოყენება, როგორც საცხოვრებელი სახლის მშენებლობის, ასევე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით.
6.2. სააპელაციო პალატის მითითებით, მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობა გამომდინარეობს დელიქტიდან. იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით კი, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურდა, კერძოდ, დელიქტით მიყენებული ზიანის ნაზღაურების თაობაზე მოთხოვნა სსკ-ის 317.1 (ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან) და 992-ე (პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი) მუხლებიდან გამომდინარეობდა.
6.3. სააპელაციო პალატამ მიუთითა დელიქტური ურთიერთობის წარმოშობისათვის აუცილებელ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლით განსაზღვრულ წინაპირობებზე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე და 411-ე მუხლებზე, მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილებისა და მტკიცებულებათა შეფასების სტანდარტზე და მიიჩნია, რომ განსახილველი დავის ფარგლებში, მოსარჩელემ მისი მტკიცების ტვირთის ფარგლებში, ჯეროვნად განახორციელა სათანადო მტკიცებულებების წარმოდგენით იმ გარემოებების დადასტურება, რომ არსებობდა შპს „მ.....“-სათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრების წინაპირობები. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებითა (ექსპერტიზის დასკვნები, ექსპერტთა ჩვენებები, ფოტოსურათები) და მხარეთა ახსნა-განმარტებებით უტყუარად დასტურდებოდა ის გარემოება, რომ თ.გ–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება-მიწის ნაკვეთი (ს.კ. .....) დაზიანდა უშუალოდ შპს „მ.....“-ის მიერ ნაწარმოები სამთო სამუშაოების შედეგად, რის გამოც, უძრავი ქონების დანიშნულებისამებრ გამოყენება შეუძლებელი იყო. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სახეზე იყო დელიქტური ვალდებულების წარმოშობის ყველა კომპონენტი და არსებობდა შპს „მ.....“-ის მიერ თ.გ–ისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების დაკისრების წინაპირობები.
6.4. რაც შეეხება მიყენებული ზიანის ოდენობას, სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ საქმეში წარმოდგენილი სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ დასკვნებითა და თვით ექსპერთა ჩვენებებით დგინდებოდა ის გარემოება, რომ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ .........ში მდებარე თ.გ–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (ს.კ. ......) ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელი იყო და დღეისათვის არსებული მდგომარეობით, თ.გ–ის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ .......), საცხოვრებელი სახლის მშენებლობა საფრთხის შემცველი (გრუნტის ჯდომის შედეგად შესაძლებელია გაიზარდოს არსებული და წარმოიშვას ახალი ბზარები), ხოლო მიწის ნაკვეთის დანიშნულებისამებრ გამოყენება შეუძლებელი იყო. ამასთან, შესაძლებელი იყო აღნიშნული დაზიანების შედეგად მოცემული მიწის ნაკვეთის ჩამოშლაც.
6.5. საქმეში წარმოდგენილი სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ დასკვნით დგინდებოდა ის გარემოებაც, რომ თ.გ–ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ღირებულება საორიენტაციოდ შეადგენდა 12 600 ლარს. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ თ.გ–ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის დანიშნულებისამებრ გამოყენება შეუძლებელი იყო, პალატამ მიაჩნია, რომ არსებობდა დელიქტით მიყენებული ზიანის - 12 600 ლარის შპს „მ.....“-ისათვის დაკისრების ფაქტობრივ- სამართლებრივი საფუძველი.
7. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „მ.....“-მა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 18 იანვრის განჩინებით, წარმოებაში იქნა მიღებული შპს „მ.....-ის“ საკასაციო საჩივარი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
9. საკასაციო მოთხოვნის ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:
9.1. კასატორის მითითებით, საქმეში არსებული ექსპერტიზის დასკვნებით დასტურდება, რომ შესაძლებელია პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა, რომელიც არ მოითხოვს არათანაზომიერად დიდი დანახარჯებს; აღნიშნული გარემოება გამორიცხავს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 409-ე მუხლის მოქმედებას და შესაბამისად, ფულადი თანხის დაკისრება მოპასუხისათვის უსაფუძვლო და არასამართლებრივია.
9.2. კასატორის განმარტებით, სასამართლომ არასწორად დაადგინა ზიანის მოცულობა, რაც უხარისხო შესრულებასა და ზიანის სრულად აღმოსაფხვრელად საჭირო თანხას შორის სხვაობა უნდა ყოფილიყო და არა მანგანუმით დამუშავების შედეგად წარმოშობილი, მიწის აღდგენამდე არსებული, ექსპლუატაციისათვის ვარგისიანი, გასაყიდი მიწის სავარაუდო ღირებულების ოდენობა სრულად.
9.3. კასატორის მითითებით, სასამართლომ არ გამოიკვლია ექსპერტთა დასკვნებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და ამის გამო, მცდარი გადაწყვეტილება გამოიტანა. კერძოდ, სასამართლომ იხელმძღვანელა სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 17.09.2019 წლის N006378519, 17.08.2020 წლის N004839420 და 19.05.2021 წლის N003286921 საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნებით, რომლებშიც ცალსახადაა მითითებული, რომ თ.გ–ის მიწის ნაკვეთზე (ს.კ …….) მიყენებული ზიანი განისაზღვრება აღდგენითი სამუშაოების პროექტის შედგენის შემდეგ. ექსპერტი დასკვნაში უთითებს, რომ მიწის ნაკვეთი 12600 ლარად შეფასდა, როგორც ობიექტის სავარაუდო გასაყიდი ფასი იმ დაშვებით, რომ ის იმყოფება ექსპლუატაციისათვის ვარგის მდგომარეობაში (19.05.2021 წლის N003286921); სასამართლომ მოსარჩელეს გასაყიდი მიწის ღირებულებაც მიაკუთვნა და მიწაც მას დაუტოვა საკუთრებაში. მიწის პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა დადასტურდა შპს „აუდიტ-სერვის- ცენტრის მიერ შესრულებული 2021 წლის 05 აგვისტოს №05/105 დასკვნით. მიწის ჯდომის შედეგად საჭირო გახდა დამატებითი მიწის შეტანა, რისთვისაც მოპასუხემ დაიქირავა მუშები, მაგრამ მოსარჩელემ არ მისცა სამუშაოების გაგრძელების უფლება და პოლიციის ჩარევით შეაჩერა. სწორედ ამან განაპირობა ორი წლის შემდეგ სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2023 წლის №002427523 ექსპერტიზის დასკვნაში მითითება მასზედ, რომ „ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ .........ში მდებარე თ.გ–ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი (ს.კ. …….) დაზიანებულია - პირველ ეტაპზე სამთო სამუშაოების, ხოლო დღევანდელი მდგომარეობით, ხელოვნურად შექმნილი ფერდის უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების შედეგად“. დასკვნაში აგრეთვე დადასტურებულია ყურადსაღები გარემოება მასზედ, რომ სამუშაოები შესრულებულია, მაგრამ ისე არა, რომ შესაძლებელი იყოს თავისუფალი გამოყენება. ეს მოწმობს იმას, რომ მოპასუხემ გარკვეული სამუშაოები შეასრულა, რაც ფულად დანახარჯით იქნა შესრულებული, მაგრამ სააპელაციო სასამართლომ ეს ფაქტობრივი გარემოება არ შეაფასა. კასატორის მოსაზრებით, 12600 ლარის მოპასუხისათვის დაკისრება გამოიწვევს მოსარჩელის უსაფუძვლო გამდიდრებას. ზიანის ანაზღაურების მიზანი კი, არა დაზარალებულის უსაფუძვლო გამდიდრება, არამედ მისთვის ქონებრივი დანაკლისის შესაბამისი ეკვივალენტის გადახდაა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
10. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
11. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ნორმის დანაწესით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
12. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
13. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. განსახილველ შემთხვევაში, კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
14. საკასაციო პალატა პირველ რიგში მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ხოლო, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლო გადაწყვეტილებებსა და სხდომის ოქმებში. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები. შესაბამისად, წინამდებარე განჩინებით, საკასაციო პალატის შეფასების საგანი იქნება კასატორის შედავების საფუძვლიანობა.
15. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო საქმეებზე დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღებისა და ზოგადად, მართლმსაჯულების განხორციელების უწინარეს საფუძველს წარმოადგენს იმის სწორად განსაზღვრა, თუ რა სამართლებრივი საფუძვლიდან გამომდინარეობს მხარეთა შორის წარმოშობილი დავა. ამ მიზნით, საქმის განმხილველმა სასამართლომ პირველყოვლისა, უნდა დაადგინოს მოთხოვნის მატერიალური საფუძველი [მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმა]. მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გამოარკვიოს მოძიებული ნორმის წინაპირობები, მისი აბსტრაქტული შემადგენლობა და შეამოწმოს განხორციელებულია თუ არა განსახილველ საქმეზე ყველა მათგანი. ამ ასპექტში, ფორმალურ სამართლებრივი თვალსაზრისით, სასამართლო შეზღუდულია სარჩელის ფაქტობრივი გარემოებებით: იგი ამოწმებს რომელ კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებებზე მიუთითებს მოსარჩელე, ქმნიან თუ არა ისინი დამფუძნებელი ნორმის უკლებლივ ყველა წანამძღვარს. ამის შემდეგ მოწმდება, მოპასუხის პოზიცია რამდენად აქარწყლებს წარმოშობილ წანამძღვრებს (პროცესუალური და მატერიალური თვალსაზრისით) (იხ. სუსგ №ას-53-49-2017, 07 აპრილი 2017 წელი).
16. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრების თაობაზე იმ გარემოებებს ეფუძნება, რომ მოსარჩელე მრავალი წელია ფლობს საკარმიდამო მიწის ნაკვეთს (ს/კ 38.05.36.050) მრავალწლიანი ნარგავებით ქ. ჭიათურაში, სოფელ .........ში. ამ საკარმიდამო მიწის ნაკვეთის მიმდებარე ტერიტორიაზე მადნის მოპოვებას ეწევა მოპასუხე, რომლის მიერ ჩატარებული სამუშაოების შედეგად მთლიანად დაზიანდა მრავალწლიანი ნარგავები, მოწყდა მიწა და მოხდა აღნიშნული ნარგავების, ხეხილის ნაწილის თან ჩატანა, ხოლო ნაწილი, რაც ჯერჯერობით არ დაზიანებულა, მიწის ნაპრალებში ისეა მოქცეული, რომ მასთან მიახლოებაც საშიშია. მიუხედავად მოსარჩელის არაერთი თხოვნისა, მოპასუხე თავს არიდებს ზიანის ანაზღაურებას.
17. სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებების ფარგლებში ირკვევა, რომ განსახილველი დავა დელიქტური სამართლით მოსაწესრიგებელ საკითხთა წრეს მიეკუთვნება. მოსარჩელის მოთხოვნა ზიანის ანაზღაურების თაობაზე კი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე (ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან), 992-ე (პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია, აუნაზღაუროს მას ეს ზიანი), 408.1 (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია, აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება) და 409-ე (თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება) მუხლებიდან გამომდინარეობს.
18. პალატა განმარტავს, რომ მოსარჩელისათვის კანონით მინიჭებული უფლების რეალიზაცია დამოკიდებულია ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოებების არსებობაზე, კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლით გათვალისწინებულ შემადგენლობაზე. თავისთავად, დელიქტური პასუხისმგებლობა, როგორც იურიდიული პასუხისმგებლობის ერთ-ერთი სახე, წარმოადგენს მართლსაწინააღმდეგო ქმედებით ზიანის მიყენების შედეგად წარმოშობილ ვალდებულებას, რომლის სტრუქტურულ ელემენტს წარმოადგენს მიზეზშედეგობრივი კავშირი და ბრალი. შესაბამისად, პასუხისმგებლობის დაკისრებისათვის აუცილებელია გათვალისწინებულ იქნეს მიზეზშედეგობრივი კავშირი მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და შედეგს შორის, ანუ მოვალის ქმედება უნდა იყოს არა მარტო ბრალეული და მართლსაწინააღმდეგო, არამედ ზიანი უნდა იყოს ამ ქმედებით გამოწვეული უშუალო შედეგი. ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები უნდა შეესაბამებოდეს აღნიშნულ ნორმაში მითითებულ კონსტრუქციას. თუნდაც ერთ-ერთი ელემენტის არარსებობა გამორიცხავს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას (შდრ. სუსგ № ას-809-776-2016, 04.04.2017წ.).
19. დელიქტურ ვალდებულებასთან დაკავშირებით სარჩელის აღძვრისას მოსარჩელეს ევალება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით გათვალისწინებული მტკიცების სტანდარტის დაცვით, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტუროს ზემოაღნიშნული წინაპირობების არსებობა. მოსარჩელის მიერ თავისი პოზიციის დასადასტურებლად კონკრეტული მტკიცებულებების წარდგენის შემდეგ კი, საწინააღმდეგო გარემოებების მტკიცება მოპასუხის ვალდებულებას წარმოადგენს, რისი შეუსრულებლობაც მხარისათვის არახელსაყრელ მატერიალურ-სამართლებრივ შედეგს გამოიწვევს (იხ. სუსგ საქმე №ას-1127-1047-2017, 18 ოქტომბერი, 2017 წელი; 2018 წელი; №ას-923-2018, 26 ოქტომბერი, 2018 წელი).
20. განსახილველ შემთხვევაში, ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოები დადგენილია და წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის ფარგლებში, სადავო არაა ფაქტობრივი გარემოება მასზედ, რომ მოპასუხე ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებული პირია, თუმცა, კასატორი მიიჩნევს, რომ ზიანის ანაზღაურება უნდა განხორციელებულიყო არა მოპასუხისათვის ფულადი თანხის დაკისრებით, არამედ ნატურით რესტიტუციის პრინციპის გზით - პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით; გარდა ამისა, კასატორი სადავოდ ხდის დაკისრებული ზიანის ოდენობას.
21. კასატორის შედავების ფარგლებში, საკასაციო პალატა პირველ რიგში აღნიშნავს, რომ სსკ-ის 408.1 მუხლის თანახმად, ზიანის გამომწვევმა პირმა უნდა აღადგინოს ის თავდაპირველი მდგომარეობა, რომელიც ზიანის გამომწვევი მოვლენის გარეშე იარსებებდა. ნატურით რესტიტუციის დამაბრკოლებელ გარემოებას პირველადი მდგომარეობის აღდგენის შეუძლებლობა წარმოადგენს (სსკ-ის 409 მუხლი). ამდენად, კანონმდებელი ზიანის მიმყენებლის მიერ ზიანის ნატურით რესტიტუციის პრინციპს უპირატესობას ანიჭებს, კერძოდ, დაზარალებულს არ აქვს უფლება ზიანის მიმყენებელს ნატურით რესტიტუციის ნაცვლად ფულადი ანაზღაურება მოსთხოვოს, თუ რესტიტუცია შესაძლებელია და ის არათანაზომიერად დიდ დანახარჯს არ მოითხოვს (შდრ. სუსგ ას-98-93-2010, 8 ივნისი, 2010 წელი).
22. ამასთან, პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის მოვალეობა გულისხმობს ზიანის სრულად გამოსწორებას ნატურით რესტიტუციის გზით, თუმცა პალატა განმარტავს, რომ თუ ნატურით რესტიტუცია ზიანის კომპენსაციისათვის არასაკმარისია (მაგ. დაზიანებული ნივთი სათანადოდ ვერ შეკეთდა ან ნივთის შეკეთების დრო შეუსაბამოდ დიდ ხანს გრძელდება), დაზარალებულს აქვს ფულადი კომპენსაციის მოთხოვნის უფლება სსკ-ის 409-ე მუხლის მიხედვით.
23. განსახილველ შემთხვევაში, მართალია საქმეში წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნები უშვებს პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის შესაძლებლობას ნატურით რესტიტუციის გზით, თუმცა, ამ მხრივ, საყურადღებოა სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 18.04.2023 წლის №002427523 საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები მასზედ, რომ „ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ .........ში მდებარე თ.გ–ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი (ს.კ. 38.05.36.050) დაზიანებულია პირველ ეტაპზე სამთო სამუშაოების, ხოლო დღევანდელი მდგომარეობით, ხელოვნურად შექმნილი ფერდის უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების შედეგად. ..... სამთო სამუშაოების შემდეგ მიწის ნაკვეთი აღდგენილი არ არის ისე, რომ თ.გ–ს შეეძლოს თავისი მიწის ნაკვეთის (ს.კ. ......) თავისუფალი გამოყენება, როგორც საცხოვრებელი სახლის მშენებლობის, ასევე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით“. მითითებული გარემოებებიდან გამომდინარე, იმ პირობებში, როდესაც მოპასუხემ გარკვეული სამუშაოები შეასრულა, როგორც ამას თავადვე მიუთითებს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარში, მაგრამ არა ისე, რომ შესაძლებელი იყოს მიწის ნაკვეთის თავისუფალი გამოყენება, როგორც ამას ექსპერტიზის დასკვნა მოწმობს, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს მოსარჩელის მხრიდან ფულადი კომპენსაციის მოთხოვნის დამაბრკოლებელი გარემოებები. აღნიშნულ დასკვნის საწინააღმდეგოდ, რელევანტური მტკიცებულების არარსებობის გამო, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მითითებას მასზედ, რომ მოსარჩელემ თავად არ მისცა სამუშაოების გაგრძელების უფლება მოპასუხეს და პოლიციის მეშვეობით შეაჩერება შესაბამისი სამუშაოები, რამაც განაპირობა სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 18.04.2023 წლის №002427523 საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნით გათვალისწინებული შედეგი. პალატა განმარტავს, რომ კასატორმა ვერ შეძლო სასამართლოსთვის იმგვარი მტკიცებულება წარმოედგინა, რომელიც სარწმუნოს გახდიდა მისი პოზიციის სისწორეს. ასეთ მტკიცებულებად კი, მხოლოდ მხარის ახსნა-განმარტება არასაკმარისია, რადგან კასატორი პროცესის შედეგით დაინტერესებული მხარეა და შესაბამისად, მისი ახსნა-განმარტება, თუ გამყარებული არ არის სხვა რელევანტური მტკიცებულებებით, სანდოობისა და ობიექტურობის ტესტს ვერ ლახავს (იხ.: სუსგ №ას-851-2021, 24 ნოემბერი, 2021 წელი).
24. რაც შეეხება კასატორის შედავებას დაკისრებული ზიანის ოდენობის (12600 ლარის) მართებულობის თვალსაზრისით, საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება, თუ რა მტკიცებულებებზე დაყრდნობით ითხოვს მხარე ზიანის ოდენობის შემცირებას. კასატორის ერთ-ერთი არგუმენტი ისაა, რომ მოპასუხის მიერ ჩატარებული სამუშაოების შედეგად დაზიანდა მოსარჩელის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთიდან მხოლოდ 178.87 მ2, სასამართლოებმა კი, მას მთლიანი მიწის ნაკვეთის გასაყიდი ღირებულება დააკისრეს. აღნიშნული არგუმენტი საკასაციო პალატისათვის არარელევანტურია იმდენად, რამდენადაც საქმის მასალებით დასტურდება, რომ დაზიანებების შედეგად მთლიანი მიწის ნაკვეთის დანიშნულებისამებრ გამოყენება არის შეუძლებელი და არა მიწის ნაკვეთის კონკრეტული ნაწილის. კასატორის მეორე არგუმენტი კი ისაა, რომ ზიანის მოცულობა, უხარისხო შესრულებასა და ზიანის სრულად აღმოსაფხვრელად საჭირო თანხას შორის განსხვავება უნდა ყოფილიყო. ამ მიმართებით, საკასაციო პალატა იზიარებს კასატორის მითითებას მასზედ, რომ ზიანის ოდენობის დადგენას არ უნდა მოჰყვეს რომელიმე მხარის უსაფუძვლო გამდიდრება, არამედ გათვალისწინებული უნდა იყოს მხოლოდ ის ხარჯი, რომელიც აუცილებელია ზიანის ანაზღაურების საკომპენსაციოდ, თუმცა, რომც აღარ იქნეს მხედველობაში მიღებული ექსპერტიზის დასკვნით დადგენილი ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ხელოვნურად შექმნილი ფერდის სამუშაოები შესრულდა უხარისხოდ, როდესაც მხარე აცხადებს, რომ ზიანის აღმოსაფხვრელად მან კონკრეტული ოდენობის ხარჯი უკვე გასწია, ამ გარემოების მტკიცების ტვირთი სწორედ მას აკისრია, რაც მხარემ ვერ დაადასტურა. შესაბამისად, იმ გარემოებებისა და მტკიცებულებების არსებობის პირობებში, რაც საქმეშია წარმოდგენილი, სასამართლო ზიანის ოდენობას გონივრულად მიიჩნევს, მით უფრო იმ გარემოების მხედველობაში მიღებით, რომ დავის სპეციფიკის გათვალისწინებით, ზიანის ზედმიწევნით ზუსტი ოდენობით დადგენა აღდგენითი სამუშაოების პროექტის შედგენამდე შეუძლებელია. ასეთ ვითარებაში, საკითხი სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ შეჯიბრებითობის საფუძველზე უნდა გადაწყდეს, რა დროსაც სასამართლო გადაწყვეტილებას იღებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, მტკიცების ნაკლი კი, სამართალწარმოებაში მხარისათვის არასასურველ შედეგს იწვევს. მოცემულ შემთხვევაში, სწორედ მოპასუხის ვალდებულებას წარმოადგენდა რელევანტური მტკიცებულებების წარდგენის გზით ემტკიცებინა, რომ შესაბამისი ოდენობით ზიანის ანაზღაურების დაკისრების საფუძველი არ არსებობდა, რაც კასატორმა/მოპასუხემ ვერ განახორციელა.
25. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ გამოიკვლია და შეაფასა საქმისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა გარემოება და დადგენილ ფაქტებს მართებული იურიდიული კვალიფიკაცია მისცა, ხოლო კასატორს არ წარუდგენია არც ერთი არგუმენტი და დასაბუთებული შედავება, თუ რა საფუძვლით უნდა იქნეს არსებითად განსახილველად დასაშვებად ცნობილი წარმოდგენილი საკასაციო განაცხადი.
26. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
27. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება წინააღმდეგობაში მოდის მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და მის დამატებით ოქმთან/ოქმებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან.
28. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
29. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან, რომელთა ნაწილიც ასახულია წინამდებარე განჩინებაში.
30. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
31. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. შესაბამისად, შპს „მ.....-ს“ სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 630 ლარის 70% – 441 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „მ.....-ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის გამო.
2. შპს „მ.....-ის“ (.......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 630 ლარის (600 ლარი, საგადახდო დავალება N19442778065, გადახდის თარიღი 20.11.2023 წ.; 30 ლარი, საგადახდო დავალება N20118108070, გადახდის თარიღი 09.01.2024 წ.) 70% – 441 ლარი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძე
მოსამართლეები: რევაზ ნადარაია
თამარ ზამბახიძე