საქმე Nას-397-2024 30 სექტემბერი, 2024 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
შემადგენლობა:
თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი,
ამირან ძაბუნიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ნ.მ–ძე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს „ვ.ბ.ჯ–ია“, სს „ბ.ბ–ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 07 თებერვლის განჩინება
კერძო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. გორის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილებით, სს „ვ.ბ.ჯ–იას“ და სს „ბ–ის“ (სს „ვ.ბ.ჯ–იას“ უფლებამონაცვლის) დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნები დაკმაყოფილდა;
1.1. ნ.მ–ძეს მოსარჩელის სასარგებლოდ 19.09.2019წ. №602.0088782.013 საკრედიტო ლიმიტით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისრა სესხის ძირი თანხის - 82.88 ლარის გადახდა;
1.2. ნ.მ–ძეს მოსარჩელის სასარგებლოდ 26.07.2019წ. №602.0088782.012 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისრა 4 501.40 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა - 4 051.50 ლარი, საპროცენტო სარგებელი - 249.90 ლარი და პირგასამტეხლო - 200 ლარი;
2. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოთხოვნით.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 7 თებერვლის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე, დარჩა განუხილველად.
3.1. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, იმავე სასამართლოს 2023 წლის 27 ოქტომბრის განჩინებით აპელანტის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, აპელანტს დაევალა ა) დასაბუთებული სააპელაციო საჩივრის წარდგენა, იმ ფაქტობრივი და სამართლებრივი უსწორობების მითითებით, რომლის საფუძველზეც მოითხოვდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას, ამასთან მიეთითა, რომ უნდა წარდგენილიყო სააპელაციო საჩივრის, იმდენი ასლი, რამდენი მონაწილეცაა საქმეში; ბ) სააპელაციო საჩივრის ელექტრონული ვერსიის წარდგენა; გ) სახელმწიფო ბაჟის სახით 91.68 ლარის გადახდა და გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის წარდგენა.
3.2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას 2023 წლის 11 დეკემბერს განცხადებით მიმართა აპელანტმა, რომელმაც წარადგინა სააპელაციო საჩივარი, მისი ელექტრონული ვერსია, ასევე მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადავადება მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაზე მითითებით, ამასთან სააპელაციო საჩივრის შესაბამის გრაფაში მონიშნა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების მოთხოვნა.
3.3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 20 დეკემბრის განჩინებით აპელანტის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადავადების ან მისგან გათავისუფლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა; აპელანტს გაუგრძელდა ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადა და დაევალა: ა) დასაბუთებული, ხელმოწერილი სააპელაციო საჩივრის წარდგენა, იმ ფაქტობრივი და სამართლებრივი უსწორობების მითითებით, რომლის საფუძველზეც მოითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას, ამასთან მიეთითა, რომ უნდა წარდგენილიყო სააპელაციო საჩივრის იმდენი ასლი, რამდენი მონაწილეცაა საქმეში; ბ) სააპელაციო საჩივრის ელექტრონული ვერსიის წარდგენა; გ) სახელმწიფო ბაჟის სახით 91.68 ლარის გადახდა და გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის წარდგენა.
3.4. აპელანტმა, 2024 წლის 1 თებერვალს განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს, წარადგინა დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი, კვლავ იშუამდგომლა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან განთავისუფლება, წარადგინა შვილების დაბადების მოწმობის ასლები და მიუთითა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრულ 5 დღიან ვადაში ვერ შეძლო მძიმე ფინანსური მდგომარეობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტაციის წარდგენა, რის გამოც იშუამდგომლა სასამართლოს მიერ ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის დამტებით 10 დღით გაგრძელება.
3.5. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, სააპელაციო საჩივრის წარდგენიდან, 2024 წლის პირველი თებერვლის შუამდგომლობის წარდგენამდე 5 თვეზე მეტი გავიდა, თუმცა, აპელანტს, შვილების დაბადების მოწმობების გარდა, მძიმე ქონებრივი მდგომარეობის დამადასტურებლად არანაირი სახის მტკიცებულება არ წარუდგენია. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 7 თებერვლის განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა აპელანტმა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და სააპელაციო სასამართლოს მიერ ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის 10 დღით გაგრძელების მოთხოვნით. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, სასამართლომ მისი არცერთი არგუმენტი არ გაითვალისწინა და სააპელაციო საჩივარი დატოვა განუხილველი.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 5 აპრილის განჩინებით, კერძო საჩივრის ავტორს დაუდგინდა ხარვეზი, დაევალა 7 დღის ვადაში 50 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარდგენა.
6. კერძო საჩივრის ავტორმა, 2024 წლის 24 აპრილს, განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან განთავისუფლება.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 2 მაისის განჩინებით, კერძო საჩივრის ავტორის - ნ.მ–ძის შუამდგომლობა, სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან განთავისუფლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
8. 2024 წლის 3 ივნისს, კერძო საჩივრის ავტორმა წარმოადგინა განცხადება და კვლავ იშუამდგომლა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან განთავისუფლება. განცხადებას დაურთო სსიპ შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 27 მაისის ცნობა, რომლითაც ირკვევა, რომ ნ.მ–ძის მიერ 04.2024-დან 05.2024-ის ჩათვლით მიღებული დასაბეგრი შემოსავლის შესახებ ინფორმაცია არ ფიქსირდება. ასევე წარმოადგინა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2024 წლის 31 მაისის N117358 ცნობა, რომ ნ.მ–ძის საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე არ არის რეგისტრირებული.
9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 13 ივნისის განჩინებით კერძო საჩივრის ავტორის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისგან გათავისუფლების შესახებ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძო საჩივრის ავტორს გადაუვადდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, ხოლო, კერძო საჩივარი ამავე განჩინებით მიღებულია წარმოებაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად განმარტავს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
10. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
11. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი იმ საფუძვლით, რომ აპელანტმა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში არ შეავსო სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზი. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს სწორედ აღნიშნული განჩინების მართლზომიერების შემოწმება წარმოადგენს.
12. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, „თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს დასახელებულ ნორმაში მითითებულ მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება“, იმავე კოდექსის 374-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად „სააპელაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის განმავლობაში სააპელაციო სასამართლომ უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა სააპელაციო საჩივარი. თუ შემოწმების შედეგად აღმოჩნდება, რომ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღების შესახებ. თუ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ, რომელზედაც შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა“. ამდენად, თუ სააპელაციო საჩივარი ხარვეზიანია, სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც დადგენილი ხარვეზის გამოსწორებისათვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა კი სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
13. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 64-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა, თუ კანონით სხვა რამ არის დადგენილი, სასამართლომ შეიძლება გააგრძელოს მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით. იმავე კოდექსის 368-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიხედვით, სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად სააპელაციო სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა სასამართლომ შეიძლება გააგრძელოს მხოლოდ მხარეთა თხოვნით.
14. მითითებული სამართლებრივი ნორმების შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ სასამართლო უფლებამოსილია, მხარეს გაუგრძელოს მის მიერ დადგენილი ვადა მხოლოდ ობიექტური გარემოებების არსებობისას. შესაბამისად, დაუშვებელია საპროცესო ვადის გაგრძელებამ გამოიწვიოს საქმის განხილვის გაჭიანურება და პროცესუალური ეკონომიის პრინციპის უგულებელყოფა (იხ. სუსგ საქმე №ას-237-225-2017, 16 მარტი, 2017 წელი). ამასთან, ობიექტური გარემოებების არსებობის დადასტურება თავად მხარის ვალდებულებას წარმოადგენს. აღნიშნული ვალდებულება გამომდინარეობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-103-ე მუხლებიდან, რომელთა თანახმად, თითოეულმა მხარემ, მის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
15. წინამდებარე საქმეში დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 27 ოქტომბრის განჩინებით აპელანტის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, აპელანტს დაევალა ა) დასაბუთებული სააპელაციო საჩივრის წარდგენა, იმ ფაქტობრივი და სამართლებრივი უსწორობების მითითებით, რომლის საფუძველზეც მოითხოვდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას, ამასთან მიეთითა, რომ უნდა წარდგენილიყო სააპელაციო საჩივრის, იმდენი ასლი, რამდენი მონაწილეცაა საქმეში; ბ) სააპელაციო საჩივრის ელექტრონული ვერსიის წარდგენა; გ) სახელმწიფო ბაჟის სახით 91.68 ლარის გადახდა და გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის წარდგენა.
16. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას 2023 წლის 11 დეკემბერს განცხადებით მიმართა აპელანტმა, რომელმაც წარადგინა სააპელაციო საჩივარი, მისი ელექტრონული ვერსია, ასევე მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადავადება მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაზე მითითებით, ამასთან სააპელაციო საჩივრის შესაბამის გრაფაში მონიშნა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების მოთხოვნა.
17. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 20 დეკემბრის განჩინებით აპელანტის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადავადების ან მისგან გათავისუფლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა; აპელანტს გაუგრძელდა ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადა და დაევალა: ა) დასაბუთებული, ხელმოწერილი სააპელაციო საჩივრის წარდგენა, იმ ფაქტობრივი და სამართლებრივი უსწორობების მითითებით, რომლის საფუძველზეც მოითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას, ამასთან მიეთითა, რომ უნდა წარდგენილიყო სააპელაციო საჩივრის იმდენი ასლი, რამდენი მონაწილეცაა საქმეში; ბ) სააპელაციო საჩივრის ელექტრონული ვერსიის წარდგენა; გ) სახელმწიფო ბაჟის სახით 91.68 ლარის გადახდა და გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის წარდგენა.
18. აპელანტმა, 2024 წლის 1 თებერვალს განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს, წარადგინა დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი, კვლავ იშუამდგომლა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან განთავისუფლება, წარადგინა შვილების დაბადების მოწმობის ასლები და მიუთითა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრულ 5 დღიან ვადაში ვერ შეძლო მძიმე ფინანსური მდგომარეობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტაციის წარდგენა, რის გამოც იშუამდგომლა სასამართლოს მიერ ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის დამტებით 10 დღით გაგრძელება.
19. საქართელოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს, მოქალაქის ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, თუ მოქალაქე დაასაბუთებს სასამართლო ხარჯების გადახდის შეუძლებლობას და სასამართლოს წარუდგენს უტყუარ მტკიცებულებებს, შეუძლია მთლიანად ან ნაწილობრივ გაათავისუფლოს იგი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, რის თაობაზედაც მოსამართლეს გამოაქვს მოტივირებული განჩინება.
20. საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს, იმ გარემოებას, რომ აპელანტს სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შესავსებად სასამართლოს მიერ განსაზღვრული საპროცესო ვადა არაერთხელ გაუგრძელდა. ამასთან, სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენის შესახებ თავდაპირველი განჩინების მიღებიდან (27.10.2023 წ) სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებამდე (10.02.2024 წ.) გასულია 5 თვეზე მეტი, შესაბამისად, ცალსახაა, რომ აპელანტს, როგორც ხარვეზის შესავსებად, ასევე, სარწმუნო მტკიცებულების წარსადგენად, რომელიც დაადასტურებდა მის მიერ სახელმწიფო ბაჟის გადახდის შეუძლებლობას, საკმარისი ვადა მიეცა.
21. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში კერძო საჩივრის ავტორმა ვერ დაძლია მტკიცების ტვირთი და ვერ წარადგინა სახელმწიფო ბაჟის გადახდის შეუძლებლობის დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულებები. კერძო საჩივრის ავტორის შუამდგომლობებს, სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე, მისი ქონებრივი მდგომარეობის ამსახველი რაიმე მტკიცებულება არ ერთვოდა, არც ისეთი გარემოების შესახებ მიუთითებია, რომელიც დაარწმუნებდა სასამართლოს რომ მხარე ცდილობდა ასეთი მტკიცებულებების მოპოვებას შესაბამისი უწყებიდან.
22. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლით გარანტირებულია პირის უფლება, თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს, 62-ე მუხლის მე-5 პუნქტით კი სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე. შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს ეკონომიურობისა და მხარეთა თანასწორობის დაცვის პრინციპებით (რაც იმას ნიშნავს, რომ ერთი პირის მიმართ ამა თუ იმ საპროცესო შეღავათის გაწევისას გასათვალისწინებელია მეორე მხარის ინტერესებიც). ცხადია, რომ ნებისმიერი შეზღუდვა უნდა იყოს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლთან შესაბამისი.
23. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, „სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება არ არის აბსოლუტური და იგი შეიძლება დაექვემდებაროს შეზღუდვებს“, აღნიშნული გამომდინარეობს იმ დასკვნიდან, რომ სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება „თავისი ბუნებით ექვემდებარება სახელმწიფო რეგულირებას; რეგულაცია შეიძლება განსხვავდებოდეს დროისა და ადგილის მიხედვით, საზოგადოებისა და ინდივიდების რესურსებისა და საჭიროებების საფუძველზე“ (იხ. Ashingdane v. The United Kingdom, N8225/78, 28 მაისი, 1985 წელი, §57).
24. როგორც აღინიშნა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა სააპელაციო საჩივრის დასაშვებობას უდგენს გარკვეულ შეზღუდვებს, კანონით გათვალისწინებული გამონაკლისების გარდა (სსსკ-ის 46-48-ე მუხლები), აწესებს სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის წინასწარ გადახდის ვალდებულებას (სსსკ-ის38-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი, 39-ემუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი, 52-ე მუხლი) და გარკვეულ მოთხოვნებს უყენებს თავად სააპელაციო საჩივარს ფორმისა და შინაარსის თვალსაზრისით (სსსკ-ის 372-ე მუხლი, 177-ე მუხლის მესამე ნაწილი და 368-ე მუხლის პირველი ნაწილი), რომელთა შესრულება სავალდებულოა აპელანტისათვის. იმ შემთხვევაში, თუ აპელანტი არ შეასრულებს კანონით დადგენილ ვალდებულებებს და სასამართლოს მითითებებს, იგი ვეღარ დაეყრდნობა სამართლიანი სასამართლოს უფლებას და ვერ მოითხოვს მისი საქმის განხილვას, ვინაიდან მის მიმართ დადგება ის უარყოფითი საპროცესო შედეგი, რასაც ითვალისწინებს საპროცესო კანონმდებლობა კანონით დადგენილი ვალდებულებებისა თუ სასამართლოს მითითებების შეუსრულებლობისათვის (სსსკ-ის 59-ე და 63-ე მუხლები, 368-ე მუხლის მე-5 ნაწილი და 374-ე მუხლის პირველი ნაწილი).
25. მოცემულ შემთხვევაში, სადავო არ არის, რომ მოპასუხეს სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზი სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ შეუვსია, შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლისა და 374-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სახეზე იყო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების წინაპირობები, რის გამოც გასაჩივრებული განჩინება კანონიერია და უცვლელად უნდა დარჩეს.
26. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ შუამდგომლობის საფუძველზე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 13 ივნისის განჩინებით, კერძო საჩივრის ავტორს, კერძო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის გადახდა, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე გადაუვადდა. მოცემულ შემთხვევაში, კერძო საჩივრის ავტორს, ვინაიდან ვერ უზრუნველყო სათანადო მტკიცებულებებითა და სამართლებრივი დასაბუთებით, გასაჩივრებული განჩინების არამართლზომიერების დადასტურება, უნდა დაევალოს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 13 ივნისის განჩინებით გადავადებული სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 419-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნ.მ–ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 7 თებერვლის განჩინება;
3. ნ.მ–ძეს (......) დაევალოს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 13 ივნისის განჩინებით გადავადებული სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის გადახდა;
4. სახელმწიფო ბაჟი გადახდილ იქნეს შემდეგ ანგარიშზე: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.
5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე თეა ძიმისტარაშვილი
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე