Facebook Twitter

საქმე №ას-1390-2023 30 სექტემბერი, 2024 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

შემადგენლობა:

თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი,

ამირან ძაბუნიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი - ქ.კ–ნი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ა–ი“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 22 სექტემებრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი - შეთანხმების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, იძულებითი განაცდურის დაკისრება, გამოუყენებელი შვებულების ფულადი ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ქ.კ–ნმა სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში შპს „ა–ის“ მიმართ და მოითხოვა:

1.1. ქ.კ–ნსა და შპს „ა–ის“ შორის 22.09.2022 წელს დადებული შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების ბათილად ცნობა.

1.2. მოსარჩელის აღდგენა გათავისუფლებამდე დაკავებულ მოლარე-ოპერატორის პოზიციაზე.

1.3. 22.09.2022 წლიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე, შპს „ა–ის“ მოლარე-ოპერატორისათვის განსაზღვრული ყოველთვიური სახელფასო სარგოს დარიცხული 1 682.40 ლარის მოსარჩელისათვის დაკისრება.

1.4. შპს „ა–ის“ მოსარჩელის მიერ 19.09.2021 წლიდან-19.09.2022 წლამდე სამუშაო წლის გამოუყენებელი შვებულების ნახევრის 12 დღის ანაზღაურება დასარიცხი 841.2 (1 682.40:2=841.20) ლარის ოდენობით.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო სამეთა კოლეგიის 2023 წლის 22 მაისის გადაწყვეტილებით, ქ.კ–ნის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 22 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 22 სექტემბრის განჩინებით, შპს „ა–ის“ წარმომადგენლის შუამდგომლობა, ქ.კ–ნის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ დაკმაყოფილდა და სააპელაციო საჩივარი, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 22 მაისის გადაწყვეტილებაზე, აპელანტის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო, დარჩა განუხილველი, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 22 მაისის გადაწყვეტილება;

5. აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარმოადგინა აპელანტმა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმების მოთხოვნით.

5.1. კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიით, საქმის განხილვის გადადების თაობაზე ელექტრონული საქმისწარმოების ჟურნალში ჰქონდა განცხადება ატვირთული. გადადების საფუძვლად კი იმ გარემოებას ასახელებს, რომ სააპელაციო შესაგებელი არ ჰქონდა ჩაბარებული და არ გაცნობია მოწინააღმდეგე მხარის პოზიციას.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 8 იანვრის განჩინებით კერძო საჩივარი წარმოებაში მიღებული განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად განმარტავს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

7. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

8. გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ აპელანტი, რომელსაც საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით ეცნობა მთავარი სხდომის დანიშვნის შესახებ, სხდომაზე არ გამოცხადდა, მოწინააღმდეგე მხარემ კი - იშუამდგომლა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.

9. სსსკ-ის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით. მითითებული ნორმა შესაძლებლობას აძლევს სააპელაციო სასამართლოს, იხელმძღვანელოს საქმის პირველი ინსტანციის წესით განხილვისათვის განსაზღვრული წესებით, თუ სადავო ურთიერთობა სცდება კანონმდებლის მიერ სააპელაციო სასამართლოსათვის სპეციალურად დადგენილ ნორმათა რეგულირების სფეროს.

10. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად, თუ სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი არ გამოცხადდება საქმის ზეპირ განხილვაზე, მოწინააღმდეგე მხარის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

11. ყველა სხვა შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 229-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი წინადადების მიხედვით, თუ მოპასუხე არ მოითხოვს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების თაობაზე. ამავე კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სასამართლო, მხარის განცხადებით ან თავისი ინიციატივით, განუხილველად დატოვებს სარჩელს, თუ სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე არ გამოცხადებულა, ხოლო მოპასუხე თანახმაა, სარჩელი განუხილველად დარჩეს.

12. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება წარმოადგენს მხარის სასამართლოს სხდომაზე არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის პროცესუალურ შედეგს და მისი გამოყენების მართლზომიერება პირდაპირ უკავშირდება საკითხს იყო თუ არა მხარე ინფორმირებული სასამართლო სხდომის შესახებ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესის მიხედვით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის შესაბამისად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის შესახებ და უწყება ჩაბარებულად ითვლება, თუ იგი ჩაჰბარდა ერთ-ერთ მათგანს ან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს.

13. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ, სასამართლო სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობის გამო, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინება უნდა გადაისინჯოს და საქმე განახლდეს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია დაუსწრებელი გადაწყვეტილების გადასინჯვის მიმართ.

14. სსსკ-ის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები ან, თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის. აღნიშნული მუხლი განსაზღვრავს იმ გარემოებათა წრეს, რომელთა არსებობის შემთხვევაში დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს. ეს გარემოებები მითითებულია 233-ე მუხლის პირველ ნაწილში, მაგრამ ამ მუხლის ჩამონათვალი არაა ამომწურავი. გამოუცხადებელ მხარეს, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილია დაუსწრებელი გადაწყვეტილება, შეუძლია, მიუთითოს სხვა გარემოებებზეც, რაც სასამართლო სხდომაზე მისი გამოუცხადებლობის მიზეზი გახდა და რომლის შესახებაც მას არ შეეძლო დროულად ეცნობებინა სასამართლოსათვის.

15. ამასთან, კანონმდებელი ავალდებულებს მხარეს, წინასწარ აცნობოს სასამართლოს სხდომაზე მისი გამოცხადების შეუძლებლობისა და მიზეზის შესახებ, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ასეთი შეტყობინების გაგზავნა სხდომამდე შეუძლებელია. იმ გარემოებათა დამტკიცების ტვირთი, რომლებზეც მიუთითებს მხარე თავის საჩივარში, როგორც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზზე, ეკისრება მომჩივანს, ხოლო ამ გარემოებათა შეფასება იმ თვალსაზრისით, თუ რამდენად საპატიოა მხარის გამოუცხადებლობა – სასამართლოს უფლებამოსილებაა.

16. სსსკ-ის 215.3 მუხლი განსაზღვრავს იმ გარემოებათა ჩამონათვალს, რომლებიც შეიძლება მიჩნეულ იქნეს სასამართლო პროცესზე მხარის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად.

17. აღნიშნული ნორმის თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას.

18. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება, რომ აპელანტს 2023 წლის 22 სექტემბრის სასამართლო სხდომის შესახებ ეცნობა კანონით დადგენილი წესით. კერძოდ, აპელანტის წარმომადგენელს უწყება გაეგზავნა სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე, რომელიც ჩაბარდა წარმომადგენლის ოჯახის წევრს (ძმას, გ. ჩოდრიშვილს) 2023 წლის 7 აგვისტოს (ტ.1,ს.ფ. 234). უდავოა, რომ კანონით დადგენილი წესით, სასამართლო სხდომის შესახებ ინფორმირებული პირი არ გამოცხადდა საქმის ზეპირი განხილვისას, ხოლო, მოწინააღმდეგე მხარემ მოითხოვა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება. საქმის მასალებით არ დასტურდება ასევე კერძო საჩივრის წარმომადგენლის პრეტენზია, რომ საქმის გადადების მოთხოვნით, ელექტრონული საქმისწარმოების პროგრამის მეშვეობით მიმართა სასამართლოს (შდრ: სუსგ-ები: №ას-429-2024, 22 მაისი, 2024 წ; №ას-330-2024, 25 აპრილი, 2024 წ; №ას-380-2024, 18 აპრილი, 2024 წ; №ას-105-2022, 29 თებერვალი, 2024 წ; №ას-1668-2019, 28 თებერვალი, 2020წ.; №ას-1380-2019, 24 დეკემბერი, 2019 წ; №ას-960-2019, 09 სექტემბერი, 2019 წ; № ას-1483-1403-2017, 12 იანვარი, 2018 წ.).

19. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მხარე ინფორმირებული იყო სხდომის დანიშვნის თაობაზე კანონით დადგენილი წესით, არც მხარე და არც მისი წარმომადგენელი ზეპირ მოსმენაზე არ გამოცხადებულან, არც რაიმე შუამდგომლობით მიუმართავთ სასამართლოსთვის, რომლის მიხედვითაც, სხდომაზე გამოუცხადებლობა საპატიოდ შეიძლებოდა ჩათვლილიყო.

20. დამატებით, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კერძო საჩივარში მითითებული სხდომის გადადების მოტივი (სააპელაციო შესაგებლის ჩაუბარებლობა), სხდომაზე გამოცხადებას შეუძლებელს არ ხდის. მიუხედავად აღნიშნულისა, მოწინააღმდეგე მხარის მიერ კერძო საჩივარზე წარმოდგენილი წერილობითი პოზიციითა და მასზე დართული საფოსტო უკუგზავნილით, დასტურდება, რომ მხარის წარმომადგენელს, მის მიერვე მითითებულ საპროცესო მისამართზე გაეგზავნა სააპელაციო შესაგებელი, უშუალოდ მოწინააღმდეგე მხარის მიერ, რომელიც მხარის წარმომადგენელს (ოჯახის წევრს) ჩაბარდა. ამასთან, საკასაციო სასამართლო განმარტავს, იმ დაშვებითაც კი, თუ მხარეს არ ჰქონდა სააპელაციო შესაგებელი ჩაბარებული, კანონით დადგენილი წესით ინფორმირებისას, სხდომაზე გამოუცხადებლობა ვერ ჩაითვლება საპატიოდ, ვინაიდან, მხარეს საქმის გაცნობის მიზნით (საქმის ობიექტური გამოკვლევის ხელშეწყობის მიზნით და არა ამავე საქმის გაჭიანურების მიზნით), ობიექტური გარემოებების არსებობისას, შეუძლია სხდომაზე გამოცხადების შემდეგ იშუამდგომლოს პროცესის სხვა დროისთვის გადადების თაობაზე.

21. საპროცესო კანონმდებლობა მხარეთა თანაბარი მოპყრობისა და კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპს ემყარება. საკასაციო პალატა სამართალწარმოების დისპოზიციურობის, პროცესის ეკონომიურობის პრინციპებისა და სამართლიანი სასამართლოს უფლების გათვალისწინებით განმარტავს, რომ ნებისმიერი საპროცესო მოქმედების განხორციელებისას დაცული უნდა იყოს მხარეთა შორის უფლება-მოვალეობათა განაწილების სამართლიანი ბალანსი. ერთი მხარის მიერ თავისი საპროცესო უფლების არამართლზომიერად გამოყენებამ არ უნდა დააბრკოლოს მოდავე მხარის უფლებების რეალიზაცია და უსაფუძვლოდ არ უნდა გააჭიანუროს პროცესი. (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 10 დეკემბრის №ას-1412-2018 განჩინება, სუსგ # ას-29-29-2016 2016 წლის 9 მარტის განჩინება).

22. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით დაცულია სამართლიანი სასამართლოს უფლება. ის განამტკიცებს კანონის უზენაესობის პრინციპს, რომელსაც ემყარება დემოკრატიული საზოგადოება და სასამართლოების უზენაესი როლი, განახორციელონ მართლმსაჯულება. კონვენციის მე-6 მუხლი უზრუნველყოფს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან უფლებას - უფლებას სასამართლოს ხელმისაწვდომობაზე.

23. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მხარეთა თანასწორობის პრინციპი, რომელიც სამართლიანი სასამართლოს ფართო კონცეფციის ერთ-ერთი ელემენტია, მოითხოვს თითოეული მხარისაგან ჰქონდეს გონივრული შესაძლებლობა წარმოადგინოს საკუთარი საქმე ისეთ პირობებში, რომელიც არ ჩააყენებს მას მნიშვნელოვნად არახელსაყრელ მდგომარეობაში მის მოწინააღმდეგე მხარესთან მიმართებით (იხილეთ Nideröst-Huber v Switzerland, 18/02/1997, § 23; Kress v France (დიდი პალატა), no.39594/98, § 72, ECHR 2001-VI; Yvon v France, no 44962/98, § 31, ECHR 2003-V; Gorraiz Lizarraga and Others v Spain, no. 62543/00, § 56, ECHR 2004-III. „სამართლიანი სასამართლოს უფლების ზოგადი კონცეფცია“ მოიცავს შეჯიბრებითი სამართალწარმოების ფუნდამენტურ პრინციპს (იხ. Ruiz-Mateos V Spain, 23/06/1993, § 63, ECHR , Series A, no.262; Lobo Machado v Portugal, 20/02/1996, § 31, 1996-I. სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებმა უნდა უზრუნველყონ „სამართლიანი სასამართლო განხილვის“ მოთხოვნების დაცვა თითოეულ ინდივიდუალურ საქმეში (იხილეთ Dombo Beheer B.V. v. the Netherlands, 27.10.1993, § 33, სერია A no. 274).

24. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 399-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქ.კ–ნის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 22 სექტემებრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე თეა ძიმისტარაშვილი

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე