საქმე №ას-451-2024
30 სექტემბერი 2024 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
შემადგენლობა:
თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე),
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი, ამირან ძაბუნიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - გ.ლ–ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - სს „ს.ბ–ი“ (მოსარჩელე)
დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 15 იანვრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის უარყოფა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
სს „ს.ბ–მა“ (შემდგომში წოდებული, როგორც „მოსარჩელე“, „მოწინააღმდეგე მხარე“), სარჩელი აღძრა გორის რაიონულ სასამართლოში, გ.ლ–ის მიმართ (შემდგომში წოდებული, როგორც „მოპასუხე“, „აპელანტი“, „კასატორი“) და მოითხოვა, გ.ლ–ის, უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნას, სს „ს.ბ–ის“ საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი, მდებარე მისამართზე: გორის რაიონი, სოფელი ......, ს.კ. ...... და თავისუფალ მდგომარეობაში გადაეცეს სს "ს.ბ–ს".
2. სარჩელის საფუძვლები
2.1 მოსარჩელის განმარტებით, სს ,,ს.ბ–მა” ,,სააღსრულებო საქმიანობის შესახებ’’ საქართველოს კანონის თანახმად, აუქციონზე შეიძინა გ.ლ–ის კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე: გორის რაიონი, სოფელი ........, ს.კ. ........ აღნიშნული ქონება, 06.12.2019წ. №191481033 განკარგულების საფუძველზე, აღირიცხა სს „ს.ბ–ის“ სახელზე.
2.2 უძრავი ქონება, 2019 წლის 06 დეკემბრიდან, წარმოადგენს მოსარჩელე სს "ს.ბ–ის" საკუთრებას. ამჟამად, აღნიშნულ უძრავ ქონებას კვლავ ფლობს მოპასუხე, რაც ეწინააღმდეგება მესაკუთრის ნებას.
3. მოპასუხის პოზიცია
3.1 მოპასუხემ, წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელისგან ისესხა თანხა, რომლის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა მისი უძრავი ქონება. შემდგომ, თავად მოსარჩელემ შეიძინა აღნიშნული უძრავი ქონება.
3.2 მოპასუხის განმარტებით, მას გასაჩივრებული აქვს მოსარჩელის საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტი, რის გამოც მიაჩნია, რომ მოსარჩელეს არ გააჩნია მოთხოვნის უფლება.
4. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
4.1 გორის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილებით, სს „ს.ბ–ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა; გ.ლ–ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი იქნა უძრავი ნივთი, მდებარე მისამართზე: გორის რაიონი, სოფელი ........, ს.კ. ....... და თავისუფალ მდგომარეობაში გადაეცა მოსარჩელეს; მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის გადახდა 60 ლარის ოდენობით.
4.2 აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
5. სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება.
5.1 თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 15 იანვრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
5.2 სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და აღნიშნა, რომ ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილების ყველა წინაპირობა არსებობდა.
5.3 სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ აპელანტს არ მიუთითებია უძრავი ნივთზე ამონაწერის საწინააღმდეგო რაიმე მტკიცებულებაზე, თუმცა მოპასუხის მიერ შედავებულია საკუთრების უფლების წარმოშობის საფუძველი. აღნიშნულის დასადასტურებლად, მოპასუხემ წარადგინა თბილისის საქალაქო სასამართლოში 2022 წლის 6 ივნისს, სამოქალაქო საქმეზე წარდგენილი სარჩელი. აღნიშნულთან მიმართებით, სააპელაციო პალატამ, გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა, რომ მითითებული გარემოება არ წარმოადგენდა საქმისწარმოების შეჩერების საფუძველს, მოცემულ საკითხზე არსებული ფაქტობრივი მოცემულობის, სამართლებრივი დანაწესისა და ანალოგიურ საკითხზე არსებული ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის
გათვალისწინებით.
5.4 სააპელაციო პალატამ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე, 172-ე, 183-ე და 312-ე მუხლებზე მიუთითა და განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში, აპელანტს სასამართლოსთვის არ წარუდგენია იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ სადავო უძრავ ქონებას ფლობს კანონიერად და არ არსებობდა ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი, რისი დადასტურებაც მას კანონის თანახმად ეკისრებოდა. შესაბამისად, ვინაიდან სახეზე იყო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე და 172-ე მუხლებით გათვალისწინებული გარემოებები, პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ სასარჩელო მოთხოვნა მართებულად დაკმაყოფილდა.
6. კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები
6.1 თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 15 იანვრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ.ლ–მა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
6.2 კასატორის განმარტებით, სასამართლო სხდომის ზეპირი მოსმენის გარეშე ჩატარებით, მას შეეზღუდა უფლება, სასამართლოსთვის სრულფასოვნად წარედგინა ყველა პრეტენზია. მისივე განმარტებით, სასამართლოს საქმე უნდა განეხილა მხარეთა მონაწილეობით.
6.3 კასატორის განმარტებით, სასამართლომ არ შეაჩერა საქმის წარმოება, რომელიც შუამდგომლობის სახით დაყენებული ჰქონდა პირველი ინსტანციის სასამართლოში.
6.4 აპელანტის განმარტებით, სადავოა სს ,,ს.ბ–ის“ მიერ სადავო უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მოპოვების საკითხი, რის თაობაზეც აღძრული აქვს სარჩელი და შესაძლებელია, გაუქმდეს აუქციონის შედეგი. კასატორის მითითებით, საცხოვრებელ სახლში ცხოვრობს მისი მრავალსულიანი ოჯახი, მათ შორის, მცირეწლოვანი ბავშვი.
7. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 05 ივლისის განჩინებით, გ.ლ–ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის თანახმად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
8. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია, შემდეგ გარემოებათა გამო:
9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
10. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის დისპოზიციიდან გამომდინარე (საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა).
11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსთვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო საჩივარი დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით დასაბუთებულ შედავებას არ შეიცავს, რის გამოც საკასაციო პალატისთვის სავალდებულო ძალისაა სააპელაციო პალატის მიერ დადგენილად ცნობილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
12. საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერით დადგენილია, რომ სადავო უძრავი ქონება მდებარე, მისამართზე: გორის რაიონი, სოფელი ........, ს.კ. ........ რეგისტრირებულია მოსარჩელის სახელზე. საკუთრების წარმოშობის საფუძველია, აუქციონის №191481033 განკარგულება, დამოწმების თარიღი 06.12.2019წ.
13. დადგენილია, რომ ქონება იმყოფება მოპასუხის მფლობელობაში და მოპასუხე მხარე ვერ მიუთითებს ქონების ფლობის უფლებამოსილების დამადასტურებელ რაიმე მტკიცებულებაზე.
14. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, წარმოდგენილია სავინდიკაციო სარჩელი, შესაბამისად, დავის საგანს წარმოადგენს მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ნივთის გამოთხოვის მართლზომიერება.
15. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის თაობაზე, მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია, სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილი. სავინდიკაციო სარჩელი ეფუძნება იმ მოცემულობას, რომ მესაკუთრეს, რომელსაც ჩამოერთვა მფლობელობა, შეუძლია ნივთი მოითხოვოს მფლობელისაგან, რომელიც არაკეთილსინდისიერად აკავებს ნივთს. საკუთრების უფლებამ ნივთზე სრული ბატონობა უნდა უზრუნველყოს, მათ შორის ფაქტობრივი ბატონობა - მფლობელობის სახით. ცხადია, მესაკუთრეს სხვა უფლებამოსილებებთან ერთად აქვს მფლობელობის უფლებაც და თუკი მოხდება საკუთრების მფლობელობის ჩამორთმევა, მას შეუძლია არაუფლებამოსილ მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება. შესაბამისად, მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება. მხოლოდ მას შემდეგ, რაც დადგინდება სამივე წინაპირობის არსებობა, შესაძლებელი გახდება მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა. ვინდიკაციური სარჩელის საფუძვლიანობა მოწმდება იმ გარემოებათა შეფასებით, არსებობს თუ არა მოსარჩელის საკუთრების უფლება ნივთზე და იმყოფება თუ არა ეს ნივთი სხვა პირის არამართლზომიერ მფლობელობაში; (შდრ: სუსგ №ას-709-2022, 30.09.2022წ.).
16. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალში საკუთრების უფლება ფართოდაა განმარტებული და იგი მოიცავს მთელ რიგ ქონებრივ/ფულად უფლებებს, რომელიც საკუთრებიდან გამომდინარეობს. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში RYSOVSKYY v. UKRAINE განმარტა, რომ როდესაც სასწორზე დევს საზოგადოებრივი ინტერესი, განსაკუთრებით, როდესაც საქმე ეხება ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს, როგორიცაა მაგალითად საკუთრების უფლება, საჯარო ხელისუფლება უნდა მოქმედებდეს კეთილსინდისიერების ფარგლებში, სათანადოდ და, რაც მთავარია, შესაბამისად (RYSOVSKYY v. UKRAINE, 2012).
17. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სსკ-ის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.
18. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სსკ-ის 168-ე მუხლის თანახმად, მესაკუთრის პრეტენზიის გამო, ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას. ამდენად, უნდა გამოიკვეთოს სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა წინაპირობა, რათა მოსარჩელეს უფლება ჰქონდეს, ნივთის მისთვის გადაცემა მოითხოვოს (სუსგ 26.01.2023წ. საქმე №ას-1578-2020, 3.02.2021წ. საქმე №ას-136-2019, 29.01.2021წ., საქმე №ას-1437-2020, 24.12.2020წ., საქმე №ას-1274-2020 31.02.2020წ.). პირის მართლზომიერ მფლობელად მიჩნევა უნდა ემყარებოდეს ფაქტობრივ საფუძველს და სამართლებრივად ვარგის მტკიცებულებებს.
19. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელე წარმოადგენს სადავო უძრავი ქონების მესაკუთრეს, აღნიშნული დასტურდება საქმეში წარმოდგენილი ამონაწერით საჯარო რეესტრიდან, რომლის მიმართაც, ამავე კოდექსის 312-ე მუხლის თანახმად, მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.
20. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მხოლოდ მოპასუხის ზეპირი განმარტება მოსარჩელის პოზიციას ვერ გადაწონის და მხარისათვის არახელსაყრელ მატერიალურსამართლებრივ შედეგს გამოიწვევს (სუსგ. Nას-1579-2019, 17.12.2019წ.).
21. განსახილველ შემთხვევაში, კასატორმა სათანადო მტკიცებულებებზე მითითებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების შესაბამისად, ვერ შეძლო იმ გარემოების დამტკიცება, რომ ის მართლზომიერად ფლობს სადავო უძრავ ქონებას.
22. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ უთითებს მისი უკანონო მფლობელობიდან სადავო უძრავი ქონების გამოთხოვის დამაბრკოლებელ რაიმე სამართლებრივად რელევანტურ გარემოებაზე. საკასაციო პალატა იზიარებს და დამკვიდრებული პრაქტიკის შესაბამისად აფასებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ აპელანტის/კასატორის არგუმენტები ვერ დაედება საფუძვლად პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით დამდგარი შედეგის გაუქმებას.
23. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სადავო ქონებაში მოპასუხესთან ერთად მისი არასრულწლოვანი შვილის ცხოვრების ფაქტი, ვერ გახდება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი.
24. საკასაციო სასამართლომ არაერთ საქმეზე განმარტა, რომ არასრულწლოვანთა საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებასა და დაცვას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. კერძოდ, "ბავშვის უფლებათა კონვენცია“ ბავშვის უფლებების დაცვის იმ მინიმალურ სტანდარტებს აწესებს, რომლებიც საზოგადოების არასრულწლოვანი წევრის ღირსეულ პიროვნებად ჩამოყალიბებისა და ნორმალური განვითარების ამოცანას ემსახურება და ავალდებულებს წევრ სახელმწიფოებს, ყველა ღონე იხმარონ არასრულწლოვნის უპირატესი ინტერესების დაცვისათვის. ასევე, "ბავშვის უფლებების შესახებ“ 1989 წლის 20 ნოემბრის კონვენციის 27-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მშობელს (მშობლებს) ან ბავშვის აღმზრდელ სხვა პირებს აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა იმისათვის, რომ თავიანთი შესაძლებლობებისა და ფინანსური საშუალებების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები. კონვენციისა და სსკ-ის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილის (მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით). ანალიზიდან გამომდინარე, არასრულწლოვანი ბავშვების ინტერესების ჯეროვანი დაცვა მათ კანონიერ წარმომადგენლებს ევალებათ. შესაბამისად, არასრულწლოვნის უფლებაზე კასატორის მითითება ვინდიკაციური სარჩელის უარყოფის საფუძველი ვერ გახდება. აღსანიშნავია, რომ წინამდებარე დავის საგანი მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვას უკავშირდება და საქმე არ წარმოადგენს არასრულწლოვნის უფლებების დარღვევიდან გამომდინარე დავას (იხ. სუსგ საქმე Nას-1191-2021, 14.02.2022 წ.; №ას-1362-2022, 08.02.2024წ.). აქვე, პალატა მიუთითებს ბავშვის უფლებათა კოდექსის 69-ე მუხლის პირველ ნაწილზე და განმარტავს, რომ ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების განხორციელება და ბავშვის საუკეთესო ინტერესის დაცვა არ გულისხმობს კანონის უზენაესობის პრინციპის დარღვევას. პალატა განმარტავს, რომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, საკუთრების კონსტიტუციური უფლების შემზღუდველი გარემოება ვერ გახდება სადავო უძრავი ნივთის სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობა. შესაბამისად, პალატას უსაფუძვლოდ მიაჩნია ბავშვის საუკეთესო ინტერესების უგულებელყოფის თაობაზე, კასატორის პრეტენზია.(შდრ. სუსგ №ას-1282-2021, 15.06.2022წ; №ას-674-2022, 13.10.2022წ.; №ას-1351-2022, 14.12.2022წ.).
25. რაც შეეხება კასატორის პრეტენზიას, საქმის წარმოების შეჩერების შესახებ, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ სსსკ-ის 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო ვალდებულია შეაჩეროს საქმის წარმოება, თუ საქმის განხილვა შეუძლებელია სხვა საქმის გადაწყვეტამდე, რომელიც განხილულ უნდა იქნეს სამოქალაქო სამართლის ან ადმინისტრაციული წესით. აღნიშნული ნორმა საქმის წარმოების შეჩერების აუცილებლობას ითვალისწინებს ისეთ შემთხვევაში, როდესაც განსახილველი დავის გადაწყვეტას სამართლებრივად აფერხებს სხვა სამოქალაქო სამართლის ან ადმინისტრაციული წესით განსახილველი საქმის გადაწყვეტა. მითითებული საფუძვლით საქმისწარმოების შეჩერების ვალდებულება პირდაპირ უკავშირდება ისეთ საპროცესო ინსტიტუტს, როგორიცაა მტკიცების ტვირთი და ემსახურება ფაქტების დამტკიცების ვალდებულებისაგან მხარეთა გათავისუფლების მიზანს, სამართალწარმოების ერთ-ერთი პრინციპის – პროცესის ეკონომიის პრინციპის რეალიზაციის უზრუნველყოფას, რაც, თავის მხრივ, ეფექტიანი მართლმსაჯულების განხორციელების წინაპირობაა (შდრ: სუსგ №ას-528-2021,18.12.2021წ.). ზემოაღნიშნული საფუძვლით საქმის წარმოების შეჩერების საკითხის გადაწყვეტისას უნდა დადგინდეს, არსებობს თუ არა საქმეთა შორის ისეთი აუცილებელი კავშირი, რაც შეჩერების ღონისძიების გამოუყენებლობის პირობებში ობიექტურად შეუძლებელს გახდის სასამართლოს წარმოებაში არსებული საქმის განხილვას (იხ. სუსგ. №ას-415-415-2018, 04.05.2018წ. Nას-1719-2019, 22.01.2020წ.).
26. განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე იმ გარემოებაზე მიუთითებს, რომ სადავო გახადა სს ,,ს.ბ–ის“ მიერ უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მოპოვების საკითხი, რის თაობაზეც აღძრული აქვს სარჩელი და შესაძლოა, გაუქმდეს აუქციონის შედეგი. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქმისწარმოების შეჩერებისას, მარტოოდენ საქმეთა შორის პირდაპირი კავშირის არსებობა არ წარმოადგენს შეჩერების საკმარის საფუძველს, აუცილებელია დავის საგნისა და სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით, დავის განხილვისა და გადაწყვეტის შეუძლებლობის ვარაუდი, ანუ სამართლებრივად ისეთი ვითარების არსებობა, როცა კონკრეტულ დავაზე გადაწყვეტილების მიღებამდე, ანუ დავის გადაწყვეტამდე, სასამართლო ვერ შეძლებს იმ საქმის განხილვას, რომლის შეჩერებასაც ითხოვს მხარე (იხ. სუსგ. №ას-417-2022, 29.04.2022წ.; ას-678-2023, 07.03.2024წ.).
27. ამასთან, უძრავი ნივთების მიმართ მოქმედ საჯარო რეესტრის ჩანაწერების სისრულის პრეზუმფციას ვერ აქარწყლებს მარტოოდენ ის გარემოება, რომ ყოფილმა მესაკუთრემ სადავოდ აქცია მისი საკუთრებიდან ნივთის გასვლის კანონიერება, ვინაიდან ასეთი დავის ინიცირების შესაძლებლობა თეორიულად ყველა ყოფილ მესაკუთრეს გააჩნია შემძენისათვის ნივთზე მფლობელობის გადაცემის გასაჭიანურებლად. იმ პირობებში, როდესაც საკუთრების მოპოვების უკანონობის პრეტენზიას საფუძველს არ უმყარებს სარჩელის სრულად ან ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ სასამართლო გადაწყვეტილება (თუნდაც კანონიერ ძალაში შეუსვლელი), მხოლოდ სარჩელის წარდგენის ფაქტი ვერ გადაწონის კანონმდებლის ნორმატიული ნებით დაცულ ფაქტს - რეგისტრირებული საკუთრების სისწორესა და უტყუარობას (იხ. სუსგ. Nას-246-2023 13.04.2023).
28. როგორც ზემოთ აღინიშნა, საჯარო რეესტრის ამონაწერით დადასტურებულია, რომ სადავო უძრავი ნივთი საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია მოსარჩელის სახელზე, რომელსაც მოპასუხე არამართლზომიერად ფლობს, ამდენად, არ დადასტურდა ისეთი გარემოების არსებობა, რომელიც ობიექტურად შეუძლებელს გახდიდა წინამდებარე დავის გადაწყვეტას მოპასუხის მიერ აღძრული სხვა სამოქალაქოსამართლებრივი დავის განხილვის დასრულებამდე, შესაბამისად, კასატორის შუამდგომლობა საქმის წარმოების შეჩერების შესახებ, არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო (შდრ. სუსგ №ას-409-2020, 25 თებერვალი, 2021წ.).
29. დასაშვებ და დასაბუთებულ საკასაციო პრეტენზიას არ წარმოადგენს კასატორის მითითება, რომ სააპელაციო პალატამ საქმე განიხილა ზეპირი მოსმენის გარეშე, რითაც მას წაერთვა საკუთარი პოზიციის დაცვის უფლება. აღნიშნულ პრეტენზიასთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა მიუთითებს სსსკ-ის 3761 მუხლის მესამე ნაწილის დანაწესზე, რომლის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი შეეხება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ, აგრეთვე თუ საქმე შეეხება უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვას და საქართველოს საბანკო დაწესებულებების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების − კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტების მიერ დადებული (მათ შორის, ელექტრონული ფორმით დადებული) სესხის (კრედიტის) გაცემის შესახებ ხელშეკრულებებიდან გამომდინარე დავებს, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია საქმე განიხილოს ზეპირი მოსმენის გარეშე. საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის შესახებ წინასწარ უნდა ეცნობოს მხარეებს. ზემოთ აღნიშნული გარემოებების არსებობის შემთხვევაშიც მოსამართლეს უფლება აქვს, საქმე განიხილოს ზეპირი მოსმენით.
30. საკასაციო სასამართლო განმარტავს, საქმის განხილვის ფორმას ადგენს მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა და რიგ შემთხვევაში, ზეპირი ფორმით პროცესის ჩანიშვნისა თუ ზეპირი მოსმენის გარეშე დავის გადაწყვეტის არჩევანს სასამართლოს შეხედულებას მიანდობს (შდრ: სუსგ-ები: №ას-1142-2020, 20.04.2021 წ; №ას-102-2021, 31.03.2021წ; №ას-968-2020, 21.12.2020წ). გამომდინარე იქიდან, რომ განსახილველ შემთხვევაში დავის საგანი ეხება, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვას, სააპელაციო პალატა უფლებამოსილი იყო საქმე განეხილა ზეპირი მოსმენის გარეშე.
31. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
32. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.
33. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
34. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.
35. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
8. პროცესის ხარჯები:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ვინაიდან, საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 150 ლარის 70% – 105 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გ.ლ–ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. კასატორს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს, თ.ლ–ის მიერ, სს „თიბისი ბანკში“, საკასაციო საჩივარზე, სახელმწიფო ბაჟის სახით, 2024 წლის 30 მაისს, N7040 საგადასახადო დავალებით გადახდილი 150 ლარის 70% 105 ლარი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე თეა ძიმისტარაშვილი
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე