საქმე Nას-807-2024
30 სექტემბერი 2024 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
შემადგენლობა:
თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი,
ამირან ძაბუნიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ნ.ვ–ძე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - თ.მ–ძე (მოპასუხე)
მესამე პირი: სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს აჭარის ა/რ რეგიონული ცენტრი
არასრულწლოვნები: ქ.ვ–ძე, რ.ვ–ძე
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 17 აპრილის განჩინება
დავის საგანი – მშობლის უფლების შეზღუდვა და მეურვის დანიშვნა
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება –კერძო საჩივრის უარყოფა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 17 მარტის გადაწყვეტილებით, ნ.ვ–ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა; გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 26 თებერვლის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც ნ.ვ–ძის წარმომადგენლების - ა.კ–ძის და მ.შ–ძის განცხადება, სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ, დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და დედას - თ.მ–ძეს აეკრძალა მცირეწლოვანი შვილების, ქ.ვ–ძისა და რ.ვ–ძის, საქართველოს სახელმწიფო საზღვრებს გარეთ გაყვანა ნებისმიერი ქვეყნის მიმართულებით. ასევე, ბავშვების წაყვანის უფლებამოსილების მინიჭება მესამე პირებისთვის. გაუქმდა ამავე სასამართლოს, 2021 წლის 16 აპრილის განჩინება, რომლითაც დაკმაყოფილდა ნ.ვ–ძის საჩივარი და სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, თ.მ–ძეს აეკრძალა მცირეწლოვანი/არასრულწლოვანი რ.ვ–ძის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (მდებარე ქობულეთი, სოფელი ........, ს/კ .........) და მასში არსებული მოძრავი ნივთების ნებისმიერი ფორმით განკარგვა.
2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 31 მარტის დამატებითი გადაწყვეტილებით, მოსარჩელე ნ.ვ–ძეს, მოპასუხის თ.მ–ძის სასარგებლოდ დაეკისრა, იურიდიული მომსახურების საფასურის 700 ლარის გადახდა.
3. აღნიშნული გადაწყვეტილება, დამატებით გადაწყვეტილებასთან ერთად, სააპელაციო წესით, გაასაჩივრეს ნ.ვ–ძის წარმომადგენლებმა, რომლებმაც გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოთხოვეს.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 17 აპრილის განჩინებით, აპელანტის, ნ.ვ–ძის წარმომადგენლის, დ.ძ–ძის შუამდგომლობა სხდომის გადადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა; მოწინააღმდეგე მხარის, თ.მ–ძის წარმომადგენლის - ი.შ–ძის ასევე, სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს, აჭარის ა/რ რეგიონული ცენტრის წარმომადგენლის - ჯ.ფ–ი–სა და არასრულწლოვნების ქ.ვ–ძის და რ.ვ–ძის წარმომადგენლის მ. ქ–ძის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა; ნ.ვ–ძის სააპელაციო საჩივარი, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 17 მარტის გადაწყვეტილებასა და ამავე სასამართლოს 2022 წლის 31 მარტის დამატებით გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველი; ნ.ვ–ძეს, თ.მ–ძის სასარგებლოდ დაეკისრა, საპროცესო ხარჯის - 300 ლარის ანაზღაურება.
5. სსსკ-ის 387-ე მუხლის გამოყენებით, სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ, აპელანტის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, მას შეუძლია, ამავე კოდექსის 229-ე მუხლის პირობების დაცვით გამოიტანოს არა მარტო დაუსწრებელი გადაწყვეტილება, არამედ დატოვოს სააპელაციო საჩივარი განუხილველად.
6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 216.1-ე და 215.3 მუხლების თანახმად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ აპელანტის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობა არ იყო დასაბუთებული და არ წარმოშობდა სხდომის გადადების კანონით გათვალისწინებულ საფუძველს, შესაბამისად, შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
7. აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ნ.ვ–ძის წარმომადგენელმა და გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვა.
8. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, მის მარწმუნებელთან, ნ.ვ–ძესთან, რწმუნების აქტი გააფორმა 2024 წლის 17 აპრილს, საქმის მასალებიც ცნობილი გახდა აღნიშნული პერიოდიდან, რის გამოც, სასამართლოს ამავე დღეს დანიშნული სხდომის გადადების თაობაზე წარუდგინა განცხადება.
9. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, წარმომადგენლობის უფლებამოსილების განუხორციელებლობამ უარყოფითად არ უნდა იმოქმედოს მარწმუნებლის ინტერესებზე და მას უნდა მიეცეს შესაძლებლობა გაასაჩივროს ქ. ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, მითუმეტეს აღნიშნული საკითხის განხილვა ეხება მცირეწლოვან ბავშვებს.
10. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლოს განჩინებით, ნ.ვ–ძეს შეეზღუდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის, პირველი ნაწილით გათვალისწინებული უფლებები.
11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 27 ივნისის განჩინებით, კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
12. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
13. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლით, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს/კერძო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
14. სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო სასამართლო, კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტების ანალიზის შედეგად, მიიჩნევს, რომ მას დასაბუთებული შედავება არ წარმოუდგენია.
15. სსსკ-ის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით. მითითებული ნორმა შესაძლებლობას აძლევს სააპელაციო სასამართლოს, იხელმძღვანელოს საქმის პირველი ინსტანციის წესით განხილვისათვის განსაზღვრული წესებით, თუ სადავო ურთიერთობა სცდება კანონმდებლის მიერ სააპელაციო სასამართლოსათვის სპეციალურად დადგენილ ნორმათა რეგულირების სფეროს.
16. სსსკ-ის 387-ე მუხლის, პირველი ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი არ გამოცხადდება საქმის ზეპირ განხილვაზე, მოწინააღმდეგე მხარის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. ამავე მუხლის, მე-3 ნაწილის თანახმად, ყველა სხვა შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ.
17. სსსკ-ის 229-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ მოპასუხე არ მოითხოვს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ, რასაც უკავშირდება 276–278-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგები. თუ მოპასუხე სარჩელის განუხილველად დატოვების წინააღმდეგია, სასამართლო გადადებს საქმის განხილვას. მოსარჩელის განმეორებით გამოუცხადებლობის შემთხვევაში სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას.
18. გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ აპელანტი, რომელსაც საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით ეცნობა მთავარი სხდომის დანიშვნის შესახებ, სხდომაზე არ გამოცხადდა, მოწინააღმდეგე მხარემ კი - იშუამდგომლა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ. 19. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ, სასამართლო სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობის გამო, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინება უნდა გადაისინჯოს და საქმე განახლდეს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია დაუსწრებელი გადაწყვეტილების გადასინჯვის მიმართ. 20. სსსკ-ის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები ან, თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის. 21. აღნიშნული მუხლი განსაზღვრავს იმ გარემოებათა წრეს, რომელთა არსებობის შემთხვევაში დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს. ეს გარემოებები მითითებულია 233-ე მუხლის პირველ ნაწილში, მაგრამ ამ მუხლის ჩამონათვალი არაა ამომწურავი. იმ გარემოებათა დამტკიცების ტვირთი, რომლებზეც მიუთითებს მხარე თავის საჩივარში, როგორც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზზე, ეკისრება მომჩივანს, ხოლო ამ გარემოებათა შეფასება იმ თვალსაზრისით, თუ რამდენად საპატიოა მხარის გამოუცხადებლობა – სასამართლოს უფლებამოსილებაა.
22. სსსკ-ის 215.3 მუხლი განსაზღვრავს იმ გარემოებათა ჩამონათვალს, რომლებიც შეიძლება მიჩნეულ იქნეს სასამართლო პროცესზე მხარის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად. 23. აღნიშნული ნორმის თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. დასახელებული საპროცესო ნორმის დანაწესიდან გამომდინარე, განსაკუთრებულ ობიექტურ გარემოებად შეიძლება მივიჩნიოთ მხოლოდ ისეთი გარემოება, რომელიც მხარისაგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების დროულად შესრულებას.
24. განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით ირკვევა, რომ სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 20 მარტს დანიშნულ მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდა აპელანტი მხარე, ამასთან, სასამართლოს ელექტრონულ ფოსტაზე, ამავე დღეს შემოსული იქნა ნ.ვ–ძის წარმომადგენლის - მ.შ–ძის განცხადება, სადაც აღნიშნული იყო, რომ ადვოკატი აღარ იცავდა ნ.ვ–ძის ინტერესებს, რის შესახებაც აპელანტი ინფორმირებული იყო. ვინაიდან, ნ.ვ–ძე ადვოკატის გარეშე ვერ დაიცავდა საკუთარ ინტერესებს, სხვა ადვოკატის მოსაძებნად გონივრული ვადით მომხდარიყო სხდომის გადადება (იხ.ტ.2.ს.ფ.256 ).
25. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 20 მარტის საოქმო განჩინებით, ნ.ვ–ძის წარმომადგენლის - მ.შ–ძის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და სასამართლო სხდომა გადაიდო, 2024 წლის 17 აპრილს, 15:00 საათზე. აპელანტი, ნ.ვ–ძე, იმავე დღეს, სატელეფონო შეტყობინების წესით, ინფორმირებული იქნა სხდომის დროისა და ადგილის, ასევე გამოუცხადებლობის შედეგების თაობაზე, რაზედაც სასამართლოს შესაბამისი მოხელის მიერ შედგა აქტი (ტ.2.ს.ფ. 265).
26. 2024 წლის 17 აპრილს, 15:00 საათზე დანიშნულ სასამართლოს მთავარ სხდომაზე აპელანტი არ გამოცხადდა. ამასთან, სასამართლოს ელექტრონულ ფოსტაზე შემოსული იქნა დ.ძ–ძის განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ ამავე დღეს გაუფორმდა მინდობილობა წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელებაზე, რის გამოც მოკლებულია შესაძლებლობას გაეცნოს საქმის მასალებს და დაიცვას მარწმუნებლის ინტერესები. ამ გარემოებაზე მითითებით, დ.ძ–ძემ მოითხოვა სხდომის სხვა დროისთვის გადადება (ტ.2.ს.ფ. 266-271). სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა მოწინააღმდეგე მხარის (მოპასუხე), თ.მ–ძის წარმომადგენელმა, ასევე არასრულწლოვნების ადვოკატმა მ.ქ–ძემ უარი განაცხადეს საქმის განხილვის გადადებაზე და სასამართლოს წინაშე იშუამდგომლეს სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე.
27. წარმოდგენილ მტკიცებულებათა შეფასების შედეგად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ აპელანტს საკმარისი ვადა ჰქონდა იმისთვის, რომ აეყვანა წარმომადგენელი (ადვოკატი). სასამართლოს მიერ განსაზღვრულ სხდომის დღეს ადვოკატისათვის მინდობილობის საფუძველზე წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მინიჭება არ გამომდინარეობს იმ გონივრული ქმედების მინიმალური სტანდარტიდან, რაც დავის მონაწილე თითოეული მხარის უფლებაა, ხოლო მისი ეფექტიანად გამოყენება კანონით ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში გამოყენება კი ვალდებულებაა, რადგან ამის მიზანია საქმის დროული და შეუფერხებელი განხილვა. ამდენად, აპელანტს, წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გაფორმებისას უნდა გაეთვალისწინებინა ის გონივრული ვადა, რომლის განმავლობაშიც რწმუნებული შეძლებდა საქმის მასალების სათანადოდ გაცნობას, წინააღმდეგ შემთხვევაში მხარის მოქმედება განხილულ უნდა იქნეს საქმის განხილვის გაჭიანურების მცდელობად (იხ. სუსგ. საქმე №ას-1203-1123-2017 22.12. 2017წ.).
28. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ, ვინაიდან, წარმომადგენლობით უფლებამოსილებასთან დაკავშირებით არსებული პრობლემა (პირველი ინსტანციის სასამართლო წარმოებაში მონაწილე ადვოკატმა უარი განაცხადა სააპელაციო სასამართლოში მომსახურებაზე) ნ.ვ–ძისათვის ცნობილი იყო, ჯერ კიდევ 2024 წლის 20 მარტის სხდომამდე, ხოლო 2024 წლის 17 აპრილის სხდომის დროისა და ადგილის, ასევე გამოუცხადებლობის შედეგების თაობაზე, მას პირადად ეცნობა 2024 წლის 20 მარტს, (28 დღე), სრული შესაძლებლობა ჰქონდა დროულად დაექირავებინა ახალი ადვოკატი და მიეწოდებინა მისთვის საქმის მასალები. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ თავად აპელანტიც არ გამოცხადებულა სხდომაზე. შესაბამისად, აღნიშნული სასამართლოს მიერ წინასწარ განსაზღვრული სხდომის გადადების საპროცესოსამართლებრივი საფუძველი ვერ გახდებოდა.
29. ასევე საგულისხმოა, რომ აპელანტს წინასწარ არ მოუხდენია სასამართლოს შეტყობინება, რომ კონკრეტულ საპროცესო მოქმედებას ვერ ასრულებდა არსებული ან წარმოშობილი ობიექტური საფუძვლების გამო. მხარე, ვერც იმ გარემოებას ადასტურებს, რომ ასეთი შეტყობინების განხორციელება წინასწარ შეუძლებელი იყო (იხ. სუსგ. №ას-355-2023 28.04.2023წ.).
30. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სწრაფი, ეკონომიური და ეფექტიანი მართლმსაჯულების განხორციელება როგორც სასამართლო ხელისუფლების, ისე სამართალწარმოების მონაწილე პირთა პასუხისმგებლობაა და საამისოდ ყველა ლეგიტიმური შესაძლებლობის გამოყენებაა საჭირო, რაც თანაბრად უზრუნველყოფს მხარეთა თანასწორობას საქმის განხილვის ყველა ეტაპზე და ხელს შეუწყობს სასამართლოში საქმეთა განხილვის ხელოვნურად გაჭიანურების არიდებას.
31. საკასაციო პალატამ არაერთხელ განმარტა, რომ ზოგადად, ყველა მართლწესრიგი სამართლის სუბიექტთა ქცევის წესს კეთილსინდისიერების პრინციპზე აფუძნებს და ამ პრინციპს ნორმატიულ კონცეფციად განიხილავს. საბაზრო ეკონომიკაზე მორგებული კერძო სამართლის ჩამოყალიბების პროცესში განსაკუთრებით გამოიკვეთა ,,კეთილსინდისიერების” მნიშვნელობა. განვითარებული ქვეყნების სამართალში იგი წარმოადგენს მთელი სამოქალაქო ბრუნვის ქვაკუთხედს. ქართულ სამოქალაქო სამართალშიც იმავე მიზანს ემსახურება კეთილსინდისიერების, როგორც სამართლებრივი ფასეულობის შემოღება. სამოქალაქო ბრუნვის სიმყარე და სტაბილურობა მისი მონაწილის კეთილსინდისიერებაზეა დამოკიდებული. კეთილსინდისიერების პრინციპის ძირითადი ფუნქცია სამართლიანი შედეგების დადგომა და ამავე დროს, აშკარად უსამართლო შედეგის თავიდან აცილებაა, რითაც მიღწეულ უნდა იქნეს სამოქალაქო ურთიერთობის სტაბილურობა და სიმყარე“ (იხ.სუსგ №ას-23-18-2011,24.05.2011წ., №ას-1184-1145-2016,17.02.,2017წ.).
32. კეთილსინდისიერად ქცევის ვალდებულება ემყარება სამართალში საზოგადოდ მოქმედ კეთილსინდისიერების ვარაუდს. კეთილსინდისიერება არა მარტო უფლების არსებობის, არამედ მოვალეობის შესრულების ვარაუდიცაა. არაკეთილსინდისიერი ქცევის დადგენა კონკრეტული ფაქტის შეფასების საკითხია და მოსამართლის მიერ უნდა გადაწყდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით. მოსამართლის მიერ წარმოებული შეფასების ეს პროცესი საკმაოდ კომპლექსურია და დიდ დაკვირვებას მოითხოვს, რადგან კეთილსინდისიერების მოთხოვნას არ გააჩნია აბსოლუტური უპირატესობა სახელშეკრულებო თავისუფლების მიმართ და დაუშვებელია ყოველი გადაწყვეტილების დასაბუთება აბსტრაქტული პრინციპების საფუძველზე. აუცილებელია ყოველი კონკრეტული შემთხვევის სპეციფიკურობის გათვალისწინება. კეთილსინდისიერების პრინციპი, როგორც სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა ზოგადსახელმძღვანელო პრინციპი, მოცემულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის არაერთ მუხლში. ამიტომაც კეთილსინდისიერების პრინციპის შესაბამისად მოქმედების ვალდებულება არ შემოიფარგლება მხოლოდ სახელშეკრულებო სამართლით, არამედ იგი ამოსავალი და ფუნდამენტური ქცევის პრინციპია ზოგადად კერძოსამართლებრივ ურთიერთობებში.
33. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატის მოსაზრებით, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება დაუშვებელია, რადგანაც კერძო საჩივრის ავტორმა, როგორც სადავო სამართალურთიერთობის მონაწილე მხარემ, ვერ უზრუნველყო საპროცესო მოვალეობების ჯეროვნად შესრულება,.
34. ზემოაღნიშნული გარემოებების ერთობლიობაში შეფასება საკასაციო სასამართლოს აძლევს დასაბუთებული ვარაუდის საფუძველს, რომ კასატორის ქმედებები ემსახურებოდა არა მხარის უფლებებისა და კანონით გათვალისწინებული ინტერესების დაცვის, არამედ საქმის განხილვის გაჭიანურების მიზანს, რაც სცილდება მართლმსაჯულების და, მით უფრო, სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელების ინტერესს.
35. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება, უმეტესწილად დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა შეჯერების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების მიღებას. მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლებელია მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით (იხ.სუსგ.Nას-1566-2023,30.01.2024). 36. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კერძო საჩივრის ავტორს არ წარმოუდგენია არც ერთი არგუმენტი, დასაბუთებული შედავება, თუ რა საფუძვლით უნდა დაკმაყოფილდეს კერძო საჩივარი.
37. ამრიგად, საკასაციო პალატა იზიარებს გასაჩივრებული განჩინების შეფასებებსა და დასკვნებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად დატოვა სააპელაციო საჩივარი განუხილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ნ.ვ–ძის წარმომადგენლის, დ.ძ–ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს; უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 17 აპრილის განჩინება;3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე თეა ძიმისტარაშვილი
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე