№ას-1294-2024 31 ოქტომბერი, 2024 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: თამარ ზამბახიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორები – ს.ბ–ძე, ვ.კ–ნა (მოსარჩელეები)
მოწინააღმდეგე მხარე – ნ.ნ–ძე, ნოტარიუსი ვ.ნ–ძე, ნოტარიუსი ნ.ს–ძე (მოპასუხეები)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 18.07.2024 წლის განჩინება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – სამკვიდრო მოწმობის ნაწილობრივ ბათილად ცნობა, მესაკუთრედ ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ს.ბ–ძემ და ვ.კ–ნამ (შემდეგში ტექსტში მითითებული, როგორც „მოსარჩელეები“, „კასატორები“) სარჩელი აღძრეს ნ.ნ–ძის, ნოტარიუს ვ.ნ–ძისა, ნოტარიუს ნ.ს–ძის მიმართ და მოითხოვეს:
- ბათილად იქნეს ცნობილი 16.11.2002 წელს ნოტარიუს ვ.ნ–ძის მიერ გაცემული ანდერძისმიერი სამკვიდრო მოწმობა და მოსარჩელეები ცნობილი იქნენ მამის დანაშთი ქონების (მდებარე ქ. ბათუმი …….. (ამჟამად ……., (ს/კ …..)) კანონისმიერ მემკვიდრეებად და მიიღონ სავალდებულო წილი, რომელიც შეადგენს მათი წილის 1/3-1/3-ის ნახევარს 1/6-1/6 წილებს;
- მოსარჩელეები ცნობილ იქნენ მესაკუთრეებად სამკვიდრო ქონებაზე (მდებარე ქ. ბათუმი ……. (ამჟამად ……), ს/კ ……..)) 1/6-1/6 ნაწილში და მათი საკუთრების უფლება აღირიცხოს საჯარო რეესტრში.
2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 27.12.2023 წლის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა (იხ.: გადაწყვეტილება, ტ.2, ს.ფ. 195-213). გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა.
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 18.07.2024 წლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება (იხ.: განჩინება, ტ.2, ს.ფ. 453-463). განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინეს მოსარჩელეებმა.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 11.10.2024 წლის განჩინებით საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და კასატორებს განესაზღვრათ 10 დღე მის შესავსებად. ამავე განჩინებით კასატორებს განემარტათ, რომ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი განუხილველად დარჩებოდა (იხ.: განჩინება, ტ.3, ს.ფ. 4-6).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
6. დადგენილია, რომ ხარვეზის დადგენის შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 11.10.2024 წლის განჩინება გაეგზავნა კასატორების წარმომადგენელს - თ.ქ–ას საკასაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე (იხ.: ვადაში მოქმედი მინდობილობა საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმომადგენლობის უფლებით, ტ.2, ს.ფ. 225-230; საკასაციო საჩივარი, ტ.2, ს.ფ.471; გზავნილი, ტ. 3, ს.ფ.7) და ჩაჰბარდა პირადად 17.10.2024 წელს (იხ.: ჩაბარების დასტური, ტ.3, ს.ფ.8).
7. სსსკ-ის 70-ე მუხლის პირველი ნაწილით, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს.
8. სსსკ-ის 59-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილის მიხედვით, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, ხოლო მე-60 მუხლის მე-2 ნაწილისა და 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე.
9. მოცემულ შემთხვევაში, კასატორებისთვის ხარვეზის შევსების 10 - დღიანი ვადის დენა დაიწყო 18.10.2024 წელს და ამოიწურა 28.10.2024 წელს, ვინაიდან ხარვეზის შევსების ბოლო დღე (27.10.2024 წელი) იყო კვირა. ამდენად, კასატორებს ხარვეზი 28.10.2024 წლის ჩათვლით უნდა შეევსოთ. საქმის მასალებით ირკვევა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის განმავლობაში კასატორებს ხარვეზი არ გამოუსწორებიათ და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავთ სასამართლოსთვის. კასატორების წარმომადგენელმა დამატებით განმარტა, რომ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ შეუვსიათ (იხ.: სატელეფონო აქტი, ტ.3, ს.ფ.9).
10. სსსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია კანონით დადგენილ ვადაში შეასრულოს შესაბამისი საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას (იხ.: სუსგ საქმეზე №ას-161-2024, 31.05.2024წ.). ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან კასატორებმა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არ შეავსეს ხარვეზი, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 63-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ს.ბ–ძისა და ვ.კ–ნას საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე: თამარ ზამბახიძე