საქმე № ა-5182-შ-138-2024 31 ოქტომბერი, 2024 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),
თამარ ზამბახიძე (მომხსენებელი),
რევაზ ნადარაია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – დ.ს–ის კანონიერი წარმომადგენელი ა.ხ–ვა
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მოითხოვს მხარე – რუსეთის ფედერაციის, ყაბარდო-ბალყარეთის რესპუბლიკის, ქალაქ ნალჩიკის საქალაქო სასამართლოს 10.06.2024 წლის გადაწყვეტილება N2-3554/24
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. რუსეთის ფედერაციის, ყაბარდო-ბალყარეთის რესპუბლიკის, ქალაქ ნალჩიკის საქალაქო სასამართლოს 10.06.2024 წლის N2-3554/24 გადაწყვეტილებით (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „უცხო ქვეყნის გადაწყვეტილება“) განცხადება დაკმაყოფილდა. დადგინდა ფაქტი მასზე, რომ ა.ნ. ასულ ხ–ვას (შემდგომში ტექსტში მოხსენიებული, როგორც "კანონიერი წაემომადგენელი" ან "შუამდგომლობის ავტორი"), როგორც 05.07.2016 წელს დაბადებული არასრულწლოვნის დ.ნ. ძე ს–ის (შემდეგში ტექტში მოხსენიებული, როგორც "არასრულწლოვანი") კანონიერ წარმომადგენელს, უფლება აქვს, განკარგოს არასრულწლოვნის ფულადი თანხები 20 189.86 აშშ დოლარის ოდენობით, რომლებიც განთავსებულია მის ანგარიშზე სს „თ.ბ–ში“, საქართველოში.
2. უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების თანახმად:
- 20.05.2021 წელს გაცემული სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე არასრულწლოვანმა მემკვიდრეობით მიიღო გარდაცვლილი პაპის - გ.ს–ისა და მამის - ნ.ს–ის ქონება, მათ შორის ფულადი ანაბარი საქართველოში, სს „თ.ბ–ში“ 20 189.86 აშშ დოლარის ოდენობით.
- არასრულწლოვნის ნორმალური ცხოვრებისა და განვითარებისთვის საჭიროა ფინანსები, რომელიც მას მემკვიდრეობით აქვს მიღებული.
- კანონიერმა წარმომადგენელმა მიმართა სს „თ.ბ–ს“ არასრულწლოვანი შვილის პირად ანგარიშზე არსებული ფულადი თანხის გაცემის მოთხოვნით, თუმცა მისი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. აღნიშნულის მიზეზად სს „თ.ბ–მა“ მიუთითა, რომ არასრულწლოვნის საკუთრებაში არსებული ფულადი თანხის განკარგვისთვის აუცილებელია სასამართლოს გადაწყვეტილების ბანკისთვის წარდგენა.
- კანონიერმა წარმომადგენელმა მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას არასრულწლოვანი შვილის საკუთრებაში არსებული ფულადი თანხის განკარგვის უფლების მინიჭების მოთხოვნით. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ განცხადება არ მიიღო წარმოებაში იმ საფუძვლით, რომ არასრულწლოვნის ქონების (გარდა უძრავი ქონებისა) განკარგვის საკითხი უნდა გადაწყვიტოს შესაბამისი იურისდიქციის (არასრულწოვნის ადგილსამყოფლის მიხედვით) სასამართლომ.
- ქ. ნალჩიკის ადგილობრივი ადმინისტრაციის მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენელი დაეთანხმა წარდგენილ განცხადებას.
3. შუამდგომლობის ავტორმა მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
4. დამოწმებული გადაწყვეტილებით დგინდება, რომ გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 11.07.2024 წელს.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 17.10.2024 წლის განჩინებით შუამდგომლობა მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
6. საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი პუნქტით, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.
7. სასამართლო ხელმძღვანელობს სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობის შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციით (შემდეგში "კონვენცია").
8. კონვენციის მე-3 თავი აწესრიგებს ხელშემკვრელ მხარეებს შორის სასამართლო გადაწყვეტილებათა ცნობა-აღსრულების წესებს. აღნიშნული კონვენციის 51-ე მუხლის მიხედვით, ხელშემკვრელი სახელმწიფოები ცნობენ და აღასრულებენ მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე მიღებულ სამოქალაქო და საოჯახო საქმეებზე იუსტიციის დაწესებულებების გადაწყვეტილებებს. ამავე კონვენციის 54-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სასამართლო, რომელიც განიხილავს ხელშემკვრელი მხარის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულების საკითხს, შემოიფარგლება იმის დადგენით, რომ წინამდებარე კონვენციით გათვალისწინებული პირობები დაცულია.
9. უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილებებისა და უცხოური საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების მიმართ მოქმედებს თეორია, რომელიც ქართულად შეგვიძლია „გათანაბრების თეორიად“ ვთარგმნოთ. ამის მიხედვით, უცხოური აქტი უნდა აღქმულ იქნას და იურიდიულად გაუთანაბრდეს შიდასახელმწიფოებრივ სასამართლო გადაწყვეტილებას. მაშასადამე, ამ სახის სასამართლო გადაწყვეტილებების საპროცესო შედეგებიც შიდასახელმწიფოებრივი სამართლის მიხედვით უნდა გადაწყდეს. ეს კონცეფცია ნოსტრიფიკაციის სახელით არის ცნობილი. იგი ემყარება ყველა სახელმწიფოს სამართლებრივი სისტემების თანასწორუფლებიანობის პრინციპულ მოსაზრებას. უცხოური სასამართლო აქტის მოქმედების ტერიტორიის გაფართოება არ არის უსაზღვრო. მეორად ქვეყანაში მხოლოდ ის უცხოური საპროცესო შედეგები უნდა იქნას ცნობილი, რომლებსაც იცნობს ცნობის განმახორციელებელი სახელმწიფოს სამართალი (ლევან გოთუა, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილებებისა და უცხოური საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების აღსრულება, სამართლის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად წარდგენილი დისერტაცია. თბილისი, 2010წ., გვ.14.).
10. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს მასზე, რომ საქმის განხილვისას, რომელზეც მიღებულია უცხო ქვეყნის გადაწყვეტილება, მონაწილეობდა ადგილობრივი მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო, რომელმაც მხარი დაუჭირა განცხადებას. სასამართლომ მიიჩნია, რომ განცხადების დაკმაყოფილება შეესაბამებოდა ბავშვის ინტერესებს.
11. საქართველოს უზენაესი სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ ბავშვის უფლებათა კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ბავშვის საუკეთესო ინტერესებისთვის უპირატესობის მინიჭება (მათი უპირატესი გათვალისწინება) სავალდებულოა საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლებების ორგანოების, საჯარო დაწესებულების, ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ ბავშვთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას ან/და ქმედების განხორციელებისას. შესაბამისად, უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობის შესახებ წარმოდგენილი შუამდგომლობის დაკმაყოფილება ასევე არასრულწლოვნის ინტერესებშია.
12. უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობაზე უარის თქმის საფუძვლები მოცემულია, როგორც კონვენციის 55-ე მუხლში, ასევე საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-2 პუნქტში, რომლის თანახმად, გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება, თუ: ა) საქმე საქართველოს განსაკუთრებულ კომპეტენციას განეკუთვნება; ბ) გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად მხარე უწყების ჩაბარების გზით არ იქნა გაფრთხილებული სასამართლოში გამოძახების თაობაზე ან მოხდა სხვა საპროცესო დარღვევები; გ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე სამართლებრივ დავაზე არსებობს საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან მესამე ქვეყნის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელიც ცნობილ იქნა საქართველოში; დ) უცხო ქვეყნის სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად კომპეტენტურად არ ითვლება; ე) უცხო ქვეყანა არ ცნობს საქართველოს სასამართლო გადაწყვეტილებებს; ვ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე საკითხზე და ერთი და იმავე საფუძვლით საქართველოში მიმდინარეობს სასამართლო პროცესი; ზ) გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, კანონის ზემოაღნიშნული მოთხოვნები დაცულია და გადაწყვეტილება ცნობილ უნდა იქნეს საქართველოს ტერიტორიაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა კონვენციის 51-55-ე მუხლებით, საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მულებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს რუსეთის ფედერაციის, ყაბარდო-ბალყარეთის რესპუბლიკის, ქალაქ ნალჩიკის საქალაქო სასამართლოს 10.06.2024 წლის N2-3554/24 გადაწყვეტილება, რომლითაც დადგინდა ფაქტი მასზე, რომ ა.ნ. ასულ ხ–ვას, როგორც 05.07.2016 წელს დაბადებული არასრულწლოვნის დ. ნ. ძე ს–ნის კანონიერ წარმომადგენელს, უფლება აქვს, განკარგოს არასრულწლოვნის ფულადი თანხები 20 189.86 აშშ დოლარის ოდენობით, რომლებიც განთავსებულია მის ანგარიშზე სს „თ.ბ–ში“, საქართველოში (იურიდიული მისამართი: საქართველო, თბილისი, ........).
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: გიორგი მიქაუტაძე
მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე
რევაზ ნადარაია