17 ოქტომბერი, 2024 წელი,
#ას-627-2024 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე,
მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - შპს „ტ-ო“ (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - ა(ა)იპ ბათუმის გამწვანებისა და ლანშაფტური დაგეგმარების სამსახური (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 15 მარტის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი – პირგასამტეხლოს დაკისრება
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. შპს „ტ-ოს“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე ან მიმწოდებელი) საკასაციო პრეტენზიით, მატერიალურსამართლებრივი თვალსაზრისით, დაუსაბუთებელია ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 15 მარტის გადაწყვეტილება, რომლითაც ა(ა)იპ ბათუმის გამწვანებისა და ლანშაფტური დაგეგმარების სამსახურის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე, კასატორი, შემკვეთი ან შემსყიდველი) სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 15 მაისის გადაწყვეტილების მე-2 პუნქტი და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; მოპასუხისათვის 30 000 ლარის დაკისრების ნაწილში მოთხოვნა უარყოფილ იქნა; მოსარჩელისთვის პირგასამტეხლოს - 3600 ლარის დაკისრების თაობაზე მოპასუხის 2018 წლის 14 სექტემბრის #113/01-07გადაწყვეტილების გაუქმების ნაწილში პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად, სახელდობრ:
1.1. კასატორის მტკიცებით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება როგორც ფაქტობრივი, ისე სამართლებრივი თვალსაზრისით დაუსაბუთებელია და უნდა გაუქმდეს, შესაბამისად, ძალაში უნდა დარჩეს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით მიღებული შედეგი (დეტალურად იხ. საკასაციო საჩივარი).
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 15 ივლისის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 391-ე მუხლის საფუძველზე, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
3. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
4. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:
4.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
4.2. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი, ანუ სწორად დაადგინა სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტები:
4.3. მხარეებს შორის 2018 წლის 29 აგვისტოს #116 ხელშეკრულება (სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება) დაიდო, რომლის საგანს წარმოადგენდა ყვავილის თესლის შესყიდვა.
ხელშეკრულების მთლიანი ღირებულება - 72 000 ლარით, ხოლო ვალდებულების შესრულების ვადა შეანხმების გაფორმებიდან არაუგვიანეს 15 კალენდარული დღით, მაგრამ არაუგვიანეს 2018 წლის 13 სექტემბრით განისაზღვრა.
შესყიდვის ობიექტი მიღებულად მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ ჩაითვლებოდა. რომელსაც დაადასტურებდა ორივე მხარე, შესაბამისი უფლებამოსილი წარმომადგენლების ხელმოწერით (იხ. შეთანხმების 5.1. პუნქტი).
შემსყიდველი საქონლის ხელშეკრულების პირობებთან შესაბამისობას შეამოწმებდა, შესყვიდვის ობიექტის შეთანხმების პირობებთან შეუსაბამობის შემთხვევაში, შემსყიდველი მიმწოდებელთან ერთად ან მის გარეშე შეადგენდა შესაბამის აქტს (იხ. შეთანხმების 5.2. პუნქტი).
ანგარიშსწორება ფაქტიურად მიწოდებული საქონლის მიღება-ჩაბარების აქტის ან/და სხვა დამადასტურებელი საბუთის და დღგ-ს გადასახადის ანგარიშფაქტურის გაფორმების საფუძველზე, დოკუმენტის წარმოდგენიდან 10 დღეში, მოხდებოდა (იხ. შეთანხმების 6.3. პუნქტი).
მიწოდებული საქონელი შეთანხმების ფარგლებში სტანდარტებსა და ტექნიკურ ნორმებს უნდა აკმაყოფილებდეს და პასუხობდეს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს (იხ. შეთანხმების 11.1. პუნქტი).
მიმწოდებელი ვალდებულია ზემოაღნიშნული პირობების დარღვევისას შეტყობინების მიღებისთანავე განახორციელოს წუნდებული საქონლის შეცვლა შემსყიდველის მხრიდან რაიმე დამატებითი დანახარჯის გაწევის გარეშე (იხ. შეთანხმების 11.2. პუნქტი).
შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისთვის ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში, მიმწოდებელს დაეკისრებოდა პირგასამტეხლო - ხელშეკრულების საერთო ღირებულების 5% (იხ. ხელშეკრულების 12.3 პუნქტი).
შემსყიდველს შეეძლო მიეღო გადაწყვეტილება ხელშეკრულების შეწყეტის შესახებ, თუ შემსყიდველისათვის ცნობილი გახდებოდა, რომ მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო იგი ვერ უზრუნველყოფდა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას (იხ. ხელშეკრულების 13.3 პუნქტი).
ამ მუხლის მესამე პუნქტში მითითებულ შემთხვევებში შემსყიდველი ვალდებული იყო აენაზღაურებინა მიმწოდებლისათვის ფაქტიურად მიღებული საქონლის ღირებულება (იხ. ხელშეკრულების 13.3 პუნქტი).
4.4. სეზონური ყვავილების თესლების 12 შეფუთვა მოსარჩელემ შემკვეთს 2018 წლის 11 სექტემბერს მიაწოდა.
პროდუქციის დათვალიერებისას აღმოჩნდა, რომ შვიდ შემთხვევაში პროდუქტის დიამეტრი სატენდერო მოთხოვნებს არ აკმაყოფილებდა, კერძოდ, არ იყო - არანაკლებ 7 სმ და არაუმეტეს 9 სმ.
2018 წლის 11 სექტემბერს მოპასუხის მიერ ე.წ. „წუნდებულის აქტი“ შედგა, რომლის თანახმად სახელშეკრულებო პირობების 5 შესაბამისი და 7 შეუსაბამო ყვავილის თესლის ერთად მიღება მიზანშეუწონელია. ვინაიდან, 7 ერთეული არ პასუხობდა სატენდერო პირობებს, ხოლო 5 ერთეული იყო არაძირითადი ფერის მხოლოდ მათი შეძენა სასურველ ფერთა გამას რაც დეკორაციული თვალსაზრისით იყო გათვალისწინებული, ვერ უზრუნველყოფდა.
4.5. 2018 წლის 11 სექტემბრის წერილით, მოსარჩელემ შემსყიდველს ნაწილი ყვავილის თესლზე მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმება სთხოვა, ამასთან, სრული მიწოდებისთვის დამატებით შვიდი სამუშაო დღის მიცემა ითხოვა.
4.6. მოპასუხის 2018 წლის 14 სექტემბრის N474/01-15 საპასუხო წერილით მოსარჩელეს ეცნობა, რომ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების თანახმად, უნდა მიეწოდებინა 12 შეკვრა ყვავილის თესლი, ამავე ხელშეკრულების 4.1 პუნქტის თანახმად, ვალდებულება უნდა შეესრულებინა არაუგვიანეს 2018 წლის 13 სექტემბრისა.
2018 წლის 13 სექტემბრის წუნდებულის აქტისა და N912/01-27 მოხსენებითი ბარათის თანახმად, მოსარჩელემ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში ვერ შეძლო ხელშეკრულების ტექნიკურ პირობებთან შესაბამისობაში მყოფი 7 შეკვრა ყვავილების თესლის მოწოდება.
მის მიერ მოწოდებული ყვავილის თესლიდან 5 შეკვრა ყვავილის თესლი, მართალია, შეესაბამებოდა ხელშკრულების პირობებს თუმცა, იყო არაძირითადი ფერის და მარტო მათი შეძენა ვერ იძლეოდა დეკორაციული თვალსაზრისით გათვალისწინებულ სასურველ ფერთა გამას.
რაც შეეხებოდა მოსარჩელის 2018 წლის 11 სექტემბრის წერილს, რომლითაც ითხოვდა დამატებით 7 სამუშაო დღის ვადას, რათა მოეხდინათ სრული მოწოდება, მოპასუხემ აცნობა, რომ წერილი არ იყო საკმაოდ დასაბუთებული და აღნიშნული ვადის გაგრძელების შემთხვევაში არ იკვეთებოდა მოსარჩელე შეძლებდა თუ არა ხელშეკრულების ტექნიკურ პირობებთან შესაბამისობაში მყოფი ყვავილების თესლის რეალურად მოწოდებას.
მოპასუხის 2018 წლის 14 სექტემბრის #113/01-07 ბრძანებით, მოსარჩელის მიერ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, ხელშეკრულება შეწყდა და დაეკისრა პირგასამტეხლო - 3 600 (ხელშეკრულების 5%) ლარი.
4.7. ხუთი ერთეული ყვავილის თესლის შეფუთვის მიწოდების თაობაზე მხარეებს შორის მიღება-ჩაბარების აქტი არ გაფორმებულა.
4.8. მოპასუხეს ხუთი ერთეული ყვავილის თესლის შეფუთვა არ მიუღია და არც მისი ღირებულება არ აუნაზღაურებია (იხ. სარჩელისა და შესაგებლის მე-6 ფაქტობრივი გარემოება).
5. განსახილველ შემთხვევაში, ცალსახად დასტურდება მხარეებს შორის ნასყიდობის სამართალურთიერთობის არსებობა (სსკ-ის 477-ე მუხლი), კერძოდ, გამყიდველი ვალდებული იყო, მყიდველისათვის მიეწოდებინა 12 ერთეული შეფუთვა სეზონური ყვავილის თესლი, ხოლო ეს უკანასკნელი, თავის მხრივ - მიეღო იგი და გადაეხადა შეთანხმებული ნასყიდობის ფასი სრულად.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე-418 (პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის; ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას) მუხლებით, მოწესრიგებულია პირგასამტეხლოს სამართლებრივი ბუნება, მისი ფუნქცია და გამოყენების ფარგლები. ამდენად, პირგასამტეხლოს წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული. იგი ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებაა, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან.
6. დადგენილია, რომ სეზონური ყვავილების თესლების 12 შეფუთვა მოსარჩელემ შემკვეთს 2018 წლის 11 სექტემბერს მიაწოდა. ასევე დადგენილია, რომ მიწოდებული ყვავილის თესლიდან 7 ერთეული არ პასუხობდა სატენდერო პირობებს, ხოლო 5 ერთეული იყო ძირითადი ფერის და მხოლოდ მათი შეძენა სასურველ ფერთა გამას რაც დეკორაციული თვალსაზრისით იყო გათვალისწინებული, არ იძლეოდა. ისიც დადასტურებულია, რომ მხარეებს შორის მიღება-ჩაბარების აქტი არ გაფორმებულა და მოპასუხეს 5 ერთეული ყვავილის შეფუთვა არ არ ჩაუბარებია, რასაც თავად მიმწოდებელიც ადასტურებს; ეს გარემოება ნასყიდობის საფასურის ანაზღაურების ვალდებულებას გამორიცხავდა, შესაბამისად სარჩელი ამ ნაწილში მართებულად იქნა უარყოფილი.
7. რაც შეეხება პირგასამტეხლოს გაუქმებას, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის მსჯელობას, რომ წუნდებული წუნდებული პროდუქციის შეცვლის თაობაზე გამყიდველმა მყიდველს მიმართა ჯერ კიდევ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროდუქციის (ხელშეკრულების) მიწოდების ვადაში, რაზეც მყიდველმა არ უპასუხა; არ მისცა დამატებითი ვადა წუნდებული პროდუქციის შესაცვლელად და მოუსპო გამყიდველს ხელშეკრულების შესრულების შესაძლებლობა. ამის ნაცვლად, მყიდველმა შეწყვიტა ხელშეკრულება და კონტრაჰენტს პირგასამატეხლო დააკისრა, ამგვარი მოქმედება ეწინააღმდეგება კეთილსინდისიერებისა და სამართლიანობის პრინციპს, რაც პირგასამტეხლოს დაკისრების შესაძლებლობას გამორიცხავდა.
8. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივარი - დაუსაბუთებელი, რაც გამორიცხავს მისი არსებითად განსახილველად დაშვების სამართლებრივ შესაძლებლობას.
9. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან. არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.
10. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 1680 ლარის (საგადახდო დავალება #22655371596, გადახდის თარიღი 03.07.2024წ), 70% - 1176 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 391-ე მუხლებით, 401-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „ტ-ოს“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. შპს „ტ-ოს“ (ს/ნ ……) დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 1680 ლარის (საგადახდო დავალება #22655371596, გადახდის თარიღი 03.07.2024წ), 70% - 1176 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე
ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე