Facebook Twitter

10 ოქტომბერი, 2024 წელი,

საქმე №ას-350-2024 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე,

მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - რ.კ–ძე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - მ.ყ–ნი, შპს „მ.ო.კ–ი“ (მოპასუხეები)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 20 დეკემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი - ქორწინების განმავლობაში შეძენილ უძრავ ქონებაზე მესაკუთრედ ცნობა, საკრედიტო და იპოთეკის ხელშეკრულებების ნაწილობრივ ბათილად ცნობა, ქონების ყადაღისგან განთავისუფლება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. რ.კ–ძე (შემდეგში - მოსარჩელე ან კასატორი) და მ.ყ–ნი (შემდეგში - პირველი მოპასუხე) 1975 წლის 26 სექტემბრიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ.

2. თანაცხოვრების განმავლობაში მოსარჩელესა და პირველ მოპასუხეს ორი შვილი შეეძინათ: 1984 წლის 1 აპრილს დაბადებული დ.კ–ძე და 1985 წლის 19 აპრილს დაბადებული ქ.კ–ძე.

3. 2017 წლის 3 აგვისტოს, გადახდის განვადებით უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე მხარეებმა ქ.თბილისში, ........ მდებარე უძრავი ნივთი (შემდეგში - უძრავი ნივთი, უძრავი ქონება ან სადავო ქონება) შეიძინეს, რომელიც 2018 წლის 19 აპრილს საჯარო რეესტრში პირველი მოპასუხის სახელზე საკუთრების უფლებით აღირიცხა.

4. მოსარჩელესა და პირველ მოპასუხეს შორის რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა 2019 წლის 22 ნოემბერს შეწყდა.

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 27 დეკემბრის განჩინებით, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ მოსარჩელის განცხადება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ 2019 წლის 21 ოქტომბერს გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაწყებული სააღსრულებო წარმოების ფარგლებში უძრავი ქონების რეალიზაცია შეჩერდა.

6. 2018 წლის 19 აპრილს, შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,, კ–სა“ (შემდეგში - მეორე მოპასუხე) და პირველ მოპასუხეს შორის საკრედიტო ხაზით მომსახურების გენერალური ხელშეკრულება (შემდეგში - სადავო პირველი ხელშეკრულება) გაფორმდა, რომლის შემადგენელი საკრედიტო ხელშეკრულებით, კრედიტის მთლიანი თანხიდან (88 000 ლარი) მისაღები თანხა - 86 240 ლარით, კრედიტის ვადა - 4 თვით და თვიური საპროცენტო სარგებელი - 2%-ით განისაზღვრა.

ამასთან, ზემოაღნიშნული სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკის ხელშეკრულებით (შემდეგში - სადავო მეორე ხელშეკრულება) იპოთეკით დაიტვირთა პირველი მოპასუხის საკუთრებაში არსებული სადავო ქონება.

7. 2018 წლის 27 დეკემბერს, შპს ,,ჯ-ე-ქ“ მუდმივმოქმედმა არბიტრაჟმა საარბიტრაჟო გადაწყვეტილება მიიღო, რომლითაც მეორე მოპასუხის საარბიტრაჟო სარჩელი დაკმაყოფილდა და ამ უკანასკნელის სასარგებლოდ, პირველ მოპასუხეს, საკრედიტო ხელშეკრულების ფარგლებში წარმოქმნილი 99 045.14 ლარის ოდენობით დავალიანების (მათ შორის: 88 000 ლარი - დავალიანების ძირითადი თანხა, 3 124.61 ლარი - სარგებელი, ხოლო - 7 920.53 ლარი - პირგასამტეხლო) გადახდა დაეკისრა.

ასევე სარეალიზაციოდ მიექცა პირველი მოპასუხის კუთვნილი, იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება.

8. 2019 წლის 21 ოქტომბერს, თბილისის სააპელაციო სასამართლომ სააღსრულებო ფურცელი გასცა, რომლითაც მეორე მოპასუხის განცხადება დაკმაყოფილდა, არბიტრაჟის ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება ცნობილ იქნა და აღსრულებას შემდეგი სახით დაექვემდებარა:

მეორე მოპასუხის სასარგებლოდ პირველ მოპასუხეს საკრედიტო ხელშეკრულების ფარგლებში წარმოქმნილი დავალიანების (მათ შორის: 88 000 ლარი - დავალიანების ძირითადი თანხა, 3 124.61 ლარი - სარგებელი, ხოლო - 7 920.53 ლარი - პირგასამტეხლო) გადახდა დაეკისრა.

სარეალიზაციოდ მიექცა პირველი მოპასუხის კუთვნილი, იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება.

9. 2019 წლის 9 დეკემბერსა და 25 დეკემბერს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროდან მისი განცხადების პასუხად მოსარჩელეს ეცნობა, რომ 2019 წლის 21 ოქტომბერს თბილისის სააპელაციო სასამართლომ სააღსრულებო ფურცელი გასცა.

სააღსრულებო ფურცლისა და კ–ის განცხადების მიხედვით, პირველი მოპასუხის სასარგებლოდ მეორე მოპასუხეს 101 671.27 ლარის გადახდა დაეკისრა. სააღსრულებო ფურცლის აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით უძრავ ქონებას ყადაღა დაედო.

10. უძრავი ქონება, მოსარჩელისა და პირველი მოპასუხის თანასაკუთრებაა.

11. უძრავი ნივთის მესაკუთრედ ცნობის, სადავო ხელშეკრულებების ბათილობისა და ხსენებული ქონების მისი კუთვნილი წილის ყადაღისგან გამოთავისუფლების მოთხოვნით მოპასუხეთა წინააღმდეგ მოსარჩელემ სასამართლოში სარჩელი შეიტანა.

12. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 14 მარტის გადაწყვეტილებით: მოსარჩელე ცნობილ იქნა საჯარო რეესტრში პირველი მოპასუხის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონების 1/2 წილის მესაკუთრედ; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

13. სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

14. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 20 დეკემბრის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.

სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო წინამდებარე განჩინების 1-10 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაზე დაყრდნობით შემდეგი განმარტება ჩამოაყალიბა:

- მეუღლეთა თანასაკუთრების განკარგვის დროს სადავო ქონებაზე მესაკუთრედ დაურეგისტრირებელი მეუღლის შედავება, ქონების გასხვისების გარიგების ბათილობას მხოლოდ იმ შემთხვევაში განაპირობებს, თუ დადგინდება, რომ შემძენმა არა მხოლოდ იცოდა ნასყიდობის საგანზე სხვა მესაკუთრის არსებობის თაობაზე, არამედ ამავდროულად ინფორმირებული იყო, რომ ქონების მესაკუთრედ დაურეგისტრირებელი მეუღლე ქონების გასხვისების წინააღმდეგი იყო (შდრ. იხ. სუსგ საქმე Nას-571-879-09, 30.04.2010).

სხვა შემთხვევაში პრეზუმირებულია, რომ რეგისტრირებული მესაკუთრე მოქმედებს მეუღლესთან ურთიერთშეთანხმებით, ხოლო შემძენი შეძენის ფაქტის მიმართ კეთილსინდისიერია. ამასთან, აქვე აღსანიშნავია, რომ კეთილსინდისიერი შემძენისა და თანასაკუთრებაზე დაურეგისტრირებელი მეუღლის ინტერესთა კონკურენციისას კანონმდებლობა ზემოთ მითითებულ ნორმათა ფორმულირების გათვალისწინებით, უპირატესობას კეთილსინდისიერ შემძენს ანიჭებს (იხ. სუსგ №397-397-2018; 19.04.2019).

ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში დადგინდა, რომ უძრავი ქონების იპოთეკით დატვირთვის ნება გამოავლინა იმ ქონების მესაკუთრედ რეგისტრირებულმა პირმა (პირველი მოპასუხე), რომლის სესხის უზრუნველსაყოფადაც სადავო ქონება იპოთეკით დაიტვირთა, მეორე მოპასუხემ შეამოწმა უძრავ ქონებაზე საჯარო რეესტრის ამონაწერი, სადაც მესაკუთრედ პირველი მოპასუხე იყო მითითებული და რეესტრის უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფციას დაეყრდნო;

მოსარჩელეს არ წარუდგენია რაიმე გარემოება, რაც იპოთეკარის მიერ ქონებაზე საკუთრების უფლების ხარვეზის შესახებ ინფორმირებას დაადასტურებდა, არ მიუთითებია და არც რაიმე არგუმენტი წარუდგენია იმის თაობაზე, რომ მოპასუხისათვის ცნობილი იყო ან უნდა სცოდნოდა, სადავო ქონებაზე სხვა თანამესაკუთრის არსებობა, ამდენად, სადავო სამართალურთიერთობაში მეორე მოპასუხე სააპელაციო სასამართლომ კეთილსინდისიერ მხარედ მიიჩნია (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის 1160.2, 312.3, 312.4 მუხლები).

15. გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილების მოთხოვნით სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ საკასაციო საჩივარი შემდეგი დასაბუთებით წარმოადგინა:

15.1. სსკ-ის 115-ე, 1151-ე, 1158-ე, 1159-ე და 1160-ე მუხლების დებულებების მიხედვით, იმ ქონების განკარგვა, რომელიც მეუღლეთა თანასაკუთრებაშია, მეუღლეთა შეთანხმებით უნდა განხორციელდეს, მიუხედავად იმისა, თუ რომელი მეუღლე განკარგავს ამ ქონებას. მართალია, საჯარო რეესტრში მოსარჩელე მესაკუთრედ დარეგისტრირებული არ ყოფილა, მაგრამ ქორწინების განმავლობაში მისი შეძენის საფუძვლით სადავო ქონებაზე მას უფლება ჰქონდა.

15.2. პირველმა მოპასუხემ სსკ-ის 115-ე მუხლით გათვალისწინებული კეთილსინდისიერებისა და ქმედების მართლზომიერად განხორციელების ვალდებულება დაარღვია, მას უფლება არ ჰქონდა, მეუღლესთან შეთანხმების გარეშე სადავო ქონებაზე გაეფორმებინა სადავო გარიგება.

15.3. მოსარჩელის მოთხოვნა, სსკ-ის 54-ე მუხლის გათვალისწინებით საჯარო წესრიგთან და ზნეობის ნორმებთან წინააღმდეგობის საფუძვლით აღიძრა, რაც სასამართლომ დაუსაბუთებლად არ დააკმაყოფილა.

16. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 3 მაისის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

17. სსსკ-ის 391.5 მუხლის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

ზემოაღნიშნული ნორმა განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

18. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება განაპირობა.

განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიმართ კასატორს დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია, ამიტომ საკასაციო სასამართლოსთვის ისინი სავალდებულოა.

19. პირველ რიგში, პალატა მიუთითებს სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველ წინადადებაზე, რომლის შინაარსით: საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში.

ზემოაღნიშნული ნორმის დანაწესიდან გამომდინარე, პალატისათვის ამოსავალი კასატორის მიერ შედავებული მოთხოვნის ფარგლებია.

შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანი შემდეგია: წარმატებულია თუ არა მოთხოვნები სადავო ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და უძრავი ქონების მოსარჩელის კუთვნილი წილის ყადაღისგან გამოთავისუფლების ნაწილში. სხვა ნაწილში ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერებაზე საკასაციო სასამართლო ვერ იმსჯელებს, რამდენადაც გადაწყვეტილების ეს ნაწილი სააპელაციო წესით არ გასაჩივრებულა (სსსკ-ის 264.1 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი).

20. განსახილველი დავის ფარგლებში, საკასაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ სწორად განსაზღვრა მოცემული დავის კვლევის საგანი, კერძოდ, არის თუ არა მეორე მოპასუხე სადავო სამართალურთიერთობის კეთილსინდისიერი მხარე და მითითებულ საკითხზე სამართლებრივად სწორი დასკვნა ჩამოაყალიბა, რა დროსაც მხედველობაში მართებულად მიიღო საქართველოს უზენაესი სასამართლოს მყარად დამკვიდრებული პრაქტიკა, კერძოდ:

მეუღლეთა თანასაკუთრების განკარგვის დროს სადავო ქონებაზე მესაკუთრედ დაურეგისტრირებელი მეუღლის შედავება, ქონების გასხვისების გარიგების ბათილობას მხოლოდ იმ შემთხვევაში განაპირობებს, თუ დადგინდება, რომ შემძენმა არა მხოლოდ იცოდა ნასყიდობის საგანზე სხვა მესაკუთრის არსებობის თაობაზე, არამედ ამავდროულად ინფორმირებული იყო, რომ ქონების მესაკუთრედ დაურეგისტრირებელი მეუღლე ქონების გასხვისების წინააღმდეგი იყო (შდრ. იხ. სუსგ საქმე Nას-571-879-09, 30.04.2010). სხვა შემთხვევაში პრეზუმირებულია, რომ რეგისტრირებული მესაკუთრე მოქმედებს მეუღლესთან ურთიერთშეთანხმებით, ხოლო შემძენი ნივთის შეძენის ფაქტის მიმართ კეთილსინდისიერია. ამასთან, აქვე აღსანიშნავია, რომ კეთილსინდისიერი შემძენისა და თანასაკუთრებაზე დაურეგისტრირებელი მეუღლის ინტერესთა კონკურენციისას კანონმდებლობა ზემოთ მითითებულ ნორმათა ფორმულირების გათვალისწინებით, უპირატესობას კეთილსინდისიერ შემძენს ანიჭებს (იხ. სუსგ №397-397-2018; 19.04.2019).

მოცემულ შემთხვევაში, მეორე მოპასუხის, როგორც სადავო სამართალურთიერთობის კეთილსინდისიერ მხარედ მიჩნევის საფუძველს ქმნის საქმის მასალებიდან გამომდინარე და ქვემდგომი ინსტანციების მიერ დადგენილი შემდეგი გარემოებები:

1). უძრავი ქონების იპოთეკით დატვირთვის ნება იმ ქონების მესაკუთრედ რეგისტრირებულმა პირმა (პირველი მოპასუხე) გამოავლინა, რომლის სესხის უზრუნველსაყოფადაც სადავო ქონება იპოთეკით დაიტვირთა;

2). მეორე მოპასუხემ შეამოწმა უძრავ ქონებაზე საჯარო რეესტრის ამონაწერი, სადაც მესაკუთრედ მხოლოდ პირველი მოპასუხე იყო მითითებული და რეესტრის უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფციას დაეყრდნო, ხოლო მოსარჩელეს არ წარუდგენია რაიმე გარემოება, რაც იპოთეკარის მიერ ქონებაზე საკუთრების უფლების ხარვეზის შესახებ ინფორმირებას დაადასტურებდა;

3). მოსარჩელეს არ მიუთითებია და არც რაიმე არგუმენტი წარუდგენია იმის თაობაზე, რომ მეორე მოპასუხისთვის ცნობილი იყო ან სამოქალაქო ურთიერთობის სტანდარტული მონაწილისთვის დამახასიათებელი ჩვეულებრივი გულმოდგინების გამოჩენის პირობებში უნდა სცოდნოდა, სადავო ქონებაზე სხვა თანამესაკუთრის არსებობაც.

21. სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით და ვერც კასატორმა ვერ მიუთითა რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

სააპელაციო სასამართლომ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე დაადგინა მოცემული დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები და იურიდიულად სწორად შეაფასა ისინი, შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები მართებულია.

22. ზემოაღნიშნულიდან აგამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია, კასატორმა ვერ გააქარწყლა გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, რის გამოც არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

23. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. შესაბამისად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. რ.კ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. რ.კ–ძეს (პ/ნ ......) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის (საგადახდო დავალება #41016220, გადახდის თარიღი - 22.04.2024 ) 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე

ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე