Facebook Twitter

ბს-1032-984(კ-06) 7 მარტი, 2007 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე: მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე

ნუგზარ სხირტლაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 11 აგვისტოს გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2005 წლის 28 აპრილს ი. ბ-მა, ლ. მ-მ, მ. ვ-მა, ე. კ-მ, ნ. ო-მ, ე. ი-მა, ე. მ-მა, ლ. ჯ-მა, მ. გ-მა, ო. მ-მა, გ. ნ-მ, დ. ჯ-მ და რ. ჩ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების _ ქ. თბილისის მერიისა და ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის გამგეობის მიმართ და ადმინისტრაციული აქტების ბათილად ცნობა მოითხოვეს.

მოსარჩელეთა განმარტებით, “ქ. თბილისის მერიის მმართველობითი სისტემის რეორგანიზაციისა და ცალკეული სამსახურების ლიკვიდაციის ღონისძიებათა შესახებ” ქ. თბილისის მერიის 2005 წლის 4 მარტის ¹21 განკარგულება გამოცემული იყო კანონდარღვევით და ბათილად უნდა ყოფილიყო ცნობილი იმ საფუძვლით, რომ სადავო აქტში მითითებული არ იყო ორგანო, სადაც შესაძლებელი იქნებოდა მისი გასაჩივრება, დასახელებული ადმინისტრაციული აქტი არ შეიცავდა წერილობით დასაბუთებას და მასში არ იყო მითითებული ის ნორმატიული აქტები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა აღნიშნული განკარგულება.

მოსარჩელეებმა უკანონოდ მიიჩნიეს ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის გამგეობის 2005 წლის 12 აპრილის ¹2/29 განკარგულებაც, რომლითაც ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის გამგეობის რეორგანიზაცია და აღნიშნული გამგეობის თანამშრომელთა სამსახურიდან გათავისუფლება მოხდა.

მოსარჩელეებმა აღნიშნეს, რომ დარღვეული იყო “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 97-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 36-ე მუხლის მოთხოვნები, რის შედეგადაც მოსარჩელეები უკანონოდ გაათავისუფლეს დაკავებული თანამდებობებიდან, ვინაიდან მოხელე არ შეიძლებოდა გაეთავისუფლებინათ სამსახურიდან, თუ იგი თანახმა იყო, დანიშნულიყო სხვა თანამდებობაზე, მოცემულ შემთხვევაში კი მოსარჩელეებისთვის სხვა თანამდებობა არ შეუთავაზებიათ. ამასთან, ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის გამგეობის ხელმძღვანელობამ ისე გაათავისუფლა სამსახურიდან მოსარჩელეები, რომ არ გაითვალისწინა მათი სამუშაოზე დარჩენის უპირატესი უფლება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეებმა ქ. თბილისის მერიის 2005 წლის 4 მარტის ¹21 განკარგულებისა და ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის გამგეობის 2005 წლის 12 აპრილის ¹2/29 განკარგულების ბათილად ცნობა მოითხოვეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 1 აგვისტოს გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება ი. ბ-მა, ე. კ-მ და ო. მ-მა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს. აპელანტებმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოსთვის დაბრუნება მოითხოვეს.

სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას აპელანტებმა შეამცირეს სასარჩელო მოთხოვნა და უარი განაცხადეს ქ. თბილისის მერიის 2005 წლის 4 მარტის ¹21 განკარგულების ბათილად ცნობის შესახებ მოთხოვნაზე. საბოლოოდ, აპელანტებმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის გამგეობის 2005 წლის 12 აპრილის ¹2/29 განკარგულების ბათილად ცნობა მოითხოვეს იმ ნაწილში, რომლითაც მათი სამსახურიდან გათავისუფლება მოხდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 16 მაისის საოქმო განჩინებით აპელანტების შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და ქ. თბილისის მერია ამოირიცხა მოპასუხეთა სიიდან.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 11 აგვისტოს გადაწყვეტილებით ი. ბ-ის, ე. კ-ისა და ო. მ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 1 აგვისტოს გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ი. ბ-ის, ე. კ-ისა და ო. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მერიის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის გამგეობის 2005 წლის 12 აპრილის ¹2/29 განკარგულება ი. ბ-ის, ე. კ-ისა და ო. მ-ის სამსახურიდან გათავისუფლების ნაწილში.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ი. ბ-ი და ე. კ-ე მუშაობდნენ ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის გამგეობის აპარატის მთავარ სპეციალისტებად, ხოლო ო. მ-ი _ იმავე გამგეობაში კადრებისა და სპეცსამსახურის უფროსად. “ქ. თბილისის მერიის მმართველობითი სისტემის რეორგანიზაციისა და ცალკეული სამსახურების ლიკვიდაციის ღონისძიებათა შესახებ” ქ. თბილისის მერის 2005 წლის 4 მარტის ¹21 განკარგულებით, ქ. თბილისის პრემიერს დაევალა ქ. თბილისის მერიის საქალაქო სამსახურების მოსამსახურეთა გაფრთხილების უზრუნველყოფა რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის გამო, სამსახურიდან მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ. ქ. თბილისის მერის 2005 წლის 12 აპრილის ¹6 ბრძანებით დამტკიცდა ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის გამგეობის სტრუქტურა და საშტატო ნუსხა, რომლის თანახმად, ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის გამგეობის საშტატო რიცხოვნობა განისაზღვრა 36 ერთეულით. ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის გამგეობის 2005 წლის 12 აპრილის ¹2/29 განკარგულებით ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 97-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, აპელანტები გათავისუფლდნენ დაკავებული თანამდებობებიდან.

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, აპელანტების სამსახურიდან გათავისუფლებისას დაირღვა ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 97-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნა, ვინაიდან ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის გამგეობამ ისე გაათავისუფლა აპელანტები დაკავებული თანამდებობებიდან, რომ სხვა თანამდებობები არ შესთავაზა.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სადავო განკარგულება მიღებულ იქნა ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონით, მუშაკის სამსახურიდან გათავისუფლებისათვის დადგენილი წესის დარღვევით, რაც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის საფუძველზე სადავო განკარგულების ბათილად ცნობის საფუძველს წარმოადგენდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 11 აგვისტოს გადაწყვეტილება ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის გამგეობამ საკასაციო წესით გაასაჩივრა. კასატორმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოსთვის დაბრუნება მოითხოვა.

კასატორი განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა და განმარტა “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 97-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნა. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ არ იმსჯელა იმ ფაქტზე, რომ ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის გამგეობას რეალურად არ შეეძლო აპელანტებისათვის სხვა თანამდებობა შეეთავაზებინა, მისი არარსებობის გამო. აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი მიიჩნევს, რომ მას აპელანტების სამსახურიდან გათავისუფლებისას კანონი არ დაურღვევია.

კასატორი განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და არ გამოიკვლია ის არსებითი გარემოება, რომ ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის გამგეობას უშუალოდ აპელანტების სამსახურიდან გათავისუფლების მომენტში შეეძლო თუ არა მათთვის შეეთავაზებინა სხვა თანამდებობა, რამაც უკანონო გადაწყვეტილების გამოტანა გამოიწვია. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ დაარღვია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 244-ე მუხლის მოთხოვნა _ არ განსაზღვრა, რომელი გარემოება იყო დადგენილი და რომელი საჭიროებდა დადგენას თითოეული აპელანტის მიმართ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2006 წლის 21 დეკემბრის განჩინებით, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივარი; მხარეებს მიეცათ უფლება, 2006 წლის 21 დეკემბრის განჩინების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვებობის შემოწმება განისაზღვრა 2007 წლის 7 მარტამდე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ პირობებს, როგორიცაა: ა. საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.

კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის შედეგზე და განაპირობა არასწორი გადაწყვეტილების გამოტანა. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 11 აგვისტოს გადაწყვეტილება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

¹