31 ოქტომბერი, 2024 წელი,
საქმე № ას-850-2024 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე,
გიზო უბილავა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - ვ.ფ–ია (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - ხ.ხ–ია (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 13 მაისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად სააპელაციო სასამართლოში დაბრუნება
დავის საგანი - მესაკუთრედ ცნობა
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის დაკმაყოფილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ვ.ფ–იამ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, აპელანტი ან კერძო საჩივრის ავტორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში ხ.ხ–იას (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე ან მოწინააღმდეგე მხარე) წინააღმდეგ მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ ცნობის მოთხოვნით.
2. მოპასუხემ მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მისი უარყოფა მოითხოვა.
3. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილებით, სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
4. გადაწყვეტილება მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 13 მაისის განჩინებით, ხარვეზის შეუვსებლობის გამო, სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად. სააპელაციო სასამართლომ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით მიიღო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინება:
5.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 29 იანვრის განჩინებით, აპელანტს სააპელაციო საჩივარზე დაუდგინდა ხარვეზი, კერძოდ, დაევალა განჩინების ასლის გადაცემიდან 10 დღის ვადის დაცვით, დავის საგნის ღირებულების განსაზღვრა და სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის (შემოსავლის ორდერი) სასამართლოში წარდგენა. მასვე დაევალა დასაბუთებული სააპელაციო საჩივრის იმდენი ასლისა და მისი ელექტრონული ვერსიის წარდგენა რამდენი მხარეც იყო საქმეში. ამავე განჩინებით აპელანტს განემარტა, რომ, სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველად.
5.2. აღნიშნული განჩინება აპელანტის წარმომადგენელს კანონით დადგენილი წესით ჩაჰბარდა - 2024 წლის 11 აპრილს, საქმეში მითითებულ მისამართზე.
5.3. სსსკ-ის მე-60 და 61-ე მუხლების მიხედვით, ხარვეზის შესავსებად დადგენილი 10 - დღიანი ვადის ათვლა, მოცემულ შემთხვევაში, 2024 წლის 12 აპრილს დაიწყო და იმავე წლის 22 აპრილს (ორშაბათი) დასრულდა. აღნიშნულ ვადაში აპელანტს ხარვეზი არ შეუვსია და არც რაიმე სახის შუამდგომლობით არ მიუმართავს სააპელაციო სასამართლოსთვის.
6. მოსარჩელის წარმომადგენელმა 2024 წლის 29 აპრილს, სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის გასვლის შემდგომ განცხადებით მიმართა სასამართლოს და აღნიშნა, რომ მოსარჩელე იმყოფებოდა ისრაელში და იქ შექმნილი ვითარების გამო, ვერ შეძლო მასთან დაკავშირება.
7. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 374-ე, 368.5-ე და 59-ე, 60-ე, 61-ე, 63-ე, 64-ე მუხლებზე და მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩენილიყო, ვინაიდან აპელანტმა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ შეავსო ხარვეზი.
8. აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა აპელანტმა, მისი გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების მოთხოვნით.
8.1. კერძო საჩივრის ავტორმა სასამართლო გზავნილის ჩაბარების საკითხი სადავოდ გახადა და აღნიშნა, რომ ხარვეზის შევსების შესახებ განჩინება არაუფლებამოსილ პირს ჩაჰბარდა, კერძოდ, პირს რომელსაც სააპელაციო სასამართლოში მონაწილეობის უფლება არ ჰქონდა, ამასთან, იგი სამკურნალოდ იმყოფება ისრაელში და იქ შექმნილი ვითარების გამო, მასთან დაკავშირება გართულებულია.
9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 16 სექტემბრის განჩინებით, კერძო საჩივარი, სსსკ-ის 414-ე-416-ე მუხლების საფუძველზე, მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
კერძო საჩივარი დასაბუთებულია, შესაბამისად, იგი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
10. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების კანონიერება წარმოადგენს. კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზია, ისაა რომ სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შესახებ განჩინების ასლი ჩაიბარა პირმა, რომელსაც მეორე ინსტანციის სასამართლოში მონაწილეობის უფლებამოსილება არ გააჩნდა.
11. საკასაციო სასამართლო იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზიას, რომ ხარვეზის შევსების შესახებ განჩინება არაუფლებამოსილ პირს ჩაჰბარდა, სახელდობრ:
12. დადგენილია, რომ ნ.გ–ია საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში გაწევრიანებული არ არის.
13. დადგენილია, რომ ფოთის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი მოპასუხემ წარმომადგენლის გარეშე, თავად წარადგინა/სააპელაციო საჩივარს ხელს უშუალოდ მოსარჩელე აწერს.
14. ასევე დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 29 იანვრის განჩინებით, აპელანტს სააპელაციო საჩივარზე დაუდგინდა ხარვეზი, კერძოდ, დაევალა განჩინების ასლის გადაცემიდან 10 დღის ვადის დაცვით დავის საგნის ღირებულების განსაზღვრა და სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის (შემოსავლის ორდერი) სასამართლოში წარდგენა. მასვე დაევალა დასაბუთებული სააპელაციო საჩივრის იმდენი ასლისა და მისი ელექტრონული ვერსიის წარდგენა რამდენი მხარეც იყო საქმეში. ამავე განჩინებით აპელანტს განემარტა, რომ, სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველად.
15. აღნიშნული განჩინება - 2024 წლის 11 ივლისს ჩაჰბარდა ნ.გ–იას.
შესაბამისად, უნდა განისაზღვროს - აღნიშნული საპროცესო მოქმედება (ჩაბარება) წარმოადგენს თუ არა უფლებამოსილი პირისთვის კორესპონდენციის კანონით დადგენილი წესით გადაცემას.
16. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 93.1 მუხლის თანახმად, მოქალაქეებს შეუძლიათ საქმე აწარმოონ სასამართლოში პირადად, ხოლო იურიდიულ პირებს ან სხვა ორგანიზაციებს – იმ თანამდებობის პირის მეშვეობით, რომელსაც წესდებით ან დებულებით შეუძლია ამ იურიდიული პირისა თუ ორგანიზაციის სახელით იმოქმედოს.
17. სსსკ-ის 70.1 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. ამდენად, კანონის მითითებული დანაწესი დასაშვებად მიიჩნევს, სასამართლო უწყება, მხარის ნაცვლად, ჩაჰბარდეს მის წარმომადგენელს, რასაც თავად მხარისათვის საპროცესო დოკუმენტის ჩაბარების იურიდიული ძალა გააჩნია, თუმცა ამავე კოდექსის 440-ე მუხლი იმპერატიულად ადგენს, რომ პირს, რომელსაც არ ჩაუბარებია ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა და არ გაწევრებულა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში, ეკრძალება წარმომადგენლის უფლებამოსილების განხორციელება სააპელაციო და საკასაციო ინსტანციების სასამართლოებში, გარდა სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს, მუნიციპალიტეტის/მუნიციპალიტეტის ორგანოს, ორგანიზაციების თანამშრომლებისა – ამ ორგანოებისა და ორგანიზაციების საქმეებზე. მითითებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, სააპელაციო და საკასაციო ინსტანციის სასამართლოებში მხარის ინტერესების დაცვის უფლებას კანონმდებელი ანიჭებს მხოლოდ იმ პირებს, ვინც საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრები არიან.
18. პირი, რომელიც ნორმატიულად განსაზღვრულ მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს, არ ჩაუბარებია საკვალიფიკაციო გამოცდა და არ გაწევრიანებულა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში, სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებში მხარის წარმომადგენელი ვერ იქნება. მხარის სახელით ვერანაირ საპროცესო მოქმედებას ვერ განახორციელებს, მათ შორის, ვერ ჩაიბარებს იურიდიული მნიშვნელობის დოკუმენტაციას (შდრ. სუსგ №ას-634-592-2017, 16.06.2017წ., პუნ. 25-27; შდრ. სუსგ №ას-381-354-2017, 13.11.2017წ.; სუსგ Nას-572-2021, 29.10.2021წ.).
19. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ნ.გ–ია არ არის ადვოკატთა ასოციაციის წევრი. შესაბამისად, ზემდგომ ინსტანციებში მხარის ინტერესების დაცვის უფლებამოსილება მას არ გააჩნდა და სასამართლო გზავნილის (განჩინების) მისთვის ჩაბარება აპელანტის მიერ საპროცესო დოკუმენტის მიღებად ვერ შეფასდება სათანადო უფლებამოსილების არარსებობის გამო (შდრ. სუსგ-ებები: №ას-634-592-2017, 16.06.2017წ. პუნ. 29; Nას-572-2021, 29.10.2021წ., პუნ. 13). ამდენად, სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება აპელანტს სსსკ-ის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით არ ჩაჰბარებია, შესაბამისად, ხარვეზის დადგენილ ვადაში შეუვსებლობის მოტივით, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება ლეგიტიმურ საფუძველს მოკლებულია. ყოველივე აღნიშნულზე დაყრდნობით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
20. სსსკ-ის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ: ა) საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა და ბ) არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა. სსსკ-ის 394-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. ზემოხსენებული მოტივაციით, საკასაციო სასამართლო აუქმებს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 13 მაისის განჩინებას და საქმე უბრუნდება იმავე სასამართლოს მოსარჩელის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ხელახლა შესამოწმებლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ვ.ფ–იას კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 13 მაისის განჩინება და საქმე სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შესამოწმებლად ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე
ლევან მიქაბერიძე
გიზო უბილავა