31 ოქტომბერი, 2024 წელი,
საქმე №ას-1216 -2024 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე
გიზო უბილავა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - გ.გ–ძე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - ნ.გ–ძე (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 19 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი - ქორწინებამდელი გვარის დაბრუნება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. გ.გ–ძე (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, აპელანტი ან კასატორი) ასაჩივრებდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 19 დეკემბრის განჩინებას ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 16 მაისის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ამ გადაწყვეტილებით, ნ.გ–ძის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე ან მოწინააღმდეგე მხარე) წინააღმდეგ აღძრული მოთხოვნა მოპასუხისთვის ქორწინებამდელი გვარის დაბრუნების თაობაზე უარყოფილ იქნა.
კასატორი მიიჩნევდა, რომ განჩინება არ იყო დასაბუთებული მატერიალურსამართლებრივი თვალსაზრისით, სახელდობრ:
კასატორის მტკიცებით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა, უსაფუძვლოდ უარყვეს სასარჩელო მოთხოვნა და მათ უმოტივაციოდ არ გაითვალისწინეს რომ არ სურდა მის ყოფილ მეუღლეს მოსარჩელის გვარი ეტარებინა.
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 24 სექტემბრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
3. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
4. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:
4.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
4.2. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი, ანუ სწორად დაადგინა სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტები:
4.3. 2009 წლის 18 მაისიდან მხარეები იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის 1106-ე და 1151-ე მუხლები, (იხ. ქორწინების მოწმობა)).
4.4. ქორწინების რეგისტრაციის შემდგომ მოპასუხემ საკუთარ გვარად აირჩია მეუღლის გვარი - გ–ძე, შედეგად, მისი სახელია (სახელი და გვარი) - ნ.გ–ძე.
4.5. 2020 წლის 24 ივნისს მხარეთა შორის რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა განქორწინებით.
4.6. მოპასუხის სურვილია ატაროს ქორწინების შემდგომ არჩეული გვარი, კერძოდ:
4.6.1. მოპასუხემ განქორწინების რეგისტრაციისას ქორწინების შედეგად მიღებული გვარი (გ–ძე) დაიტოვა.
4.6.2. ქორწინებამდელი გვარის დაბრუნების მოთხოვნით მოპასუხეს არც მოგვიანებით მიუმართავს შესაბამისი ორგანოებისთვის.
5. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებელი ქორწინებად მიიჩნევს ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირს, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოსს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში.
6. ქორწინება წარმოშობს მეუღლეთა ორმხრივ, პირად და ქონებრივ უფლებებს და მოვალეობებს. სწორედ ამიტომ მოცემული დავის ფარგლებში მნიშვნელოვანია შევეხოთ იმ საკითხის გადაწყვეტას, რაც შეეხება განქორწინების შემთხვევაში ქორწინების შედეგად არჩეული გვარის დაბრუნების საკითხს.
7. ამ მხრივ საკასაციო სასამართლო კასატორის ყურადღებას მიაქცევს „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 53.1 მუხლზე, რომლის მიხედვით, ქორწინების რეგისტრაციისას მეუღლეებს უფლება აქვთ, ერთ-ერთი მათგანის გვარი აირჩიონ თავიანთ საერთო გვარად, ასევე, ორივემ ან ერთ-ერთმა მათგანმა აირჩიოს საკუთარი გვარისა და მეუღლის გვარის გაერთიანების შედეგად მიღებული გვარი.
8. ამავე კანონის 59.1 მუხლის თანახმად კი, მეუღლე, რომელმაც ქორწინების შედეგად შეიცვალა გვარი, უფლებამოსილია განქორწინების რეგისტრაციისას გადაწყვიტოს, რომ განქორწინების შემდეგაც ატაროს ქორწინების შედეგად შეცვლილი გვარი. ამასთანავე, მას შეუძლია განქორწინების რეგისტრაციისას, ან მოგვიანებით მოითხოვოს მისთვის ქორწინებამდელი გვარის დაბრუნება.
8.1. ნორმის დისპოზიციიდან გამომდინარე განქორწინების რეგისტრაციისას, გვარის შეცვლასა და ქორწინებამდელი გვარის დაბრუნებაზე ან ქორწინების შედეგად მიღებული გვარის შენარჩუნებაზე გადაწყვეტილებას იღებს მხოლოდ ის მეუღლე, რომელმაც ქორწინების შედეგად შეიცვალა გვარი და მის ნებაზე ზემოქმედება დაუშვებელია.
8.2 დადგენილია, რომ მოპასუხეს არც განქორწინებისას და არც შემდგომ სათანადო ორგანოებისთვის მიმართვის გზით, ქორწინებაბმდელი გვარის დაბრუნება არ უთხოვია, შესაბამისად, მისი სურვილი სწორედ ქორწინების შემდგომ არჩეული გვარის ტარებაა.
ამდენად, საქმის გარემოებათა და სადავო ურთიერთობის მომწესრიგებელი კანონმდებლობის დანაწესთა სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი მართებულად იქნა უარყოფილი.
9. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად ამდენად სასამართლო უფლებამოსილია განიხილოს კასატორის მხოლოდ ძირითადი არგუმენტები (იხ. „ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ“, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
10. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
11. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია. რადგანაც კასატორმა ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.
12. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, მითითებული ნორმის გამოყენების წინაპირობა არ არსებობს, რადგან კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1 მუხლის „მ“ ქვეპუნქტის საფუძველზე;
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გ.გ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1 მუხლის „მ“ ქვეპუნქტის საფუძველზე;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე
ლევან მიქაბერიძე
გიზო უბილავა