Facebook Twitter

საქმე №ას-1345-2024 30 ოქტომბერი, 2024 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - შპს „მ–სი“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 18 მარტის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი - პირგასამტეხლოს დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ (შემდეგ - მოსარჩელე, პირველი აპელანტი, კასატორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „მ–სის“ (შემდგომ - მოპასუხე, მეორე აპელანტი, მოწინააღმდეგე მხარე) მიმართ და მოითხოვა, მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს - 92002.50 ლარის დაკისრება.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილებით, სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოპასუხეს პირგასამტეხლოს - 9200.25 ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა.

3. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელემ და მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრეს, მოსარჩელემ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა, ხოლო მოპასუხემ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის მისი მოთხოვნის ფარგლებში დაკმაყოფილება.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 18 მარტის გადაწყვეტილებით, აპელანტის (მოსარჩელის) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; სამინისტროს სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოპასუხეს 1000 ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა.

5. სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ - სსკ) 417-ე-418-ე და 420-ე მუხლებზე მითითებით განმარტა, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა 92 002.50 ლარი, ასევე თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ განსაზღვრული პირგასამტეხლოს ოდენობა - 9 200.25 ლარი არაპროპორციული სახელშეკრულებო ტვირთია მოპასუხის მიერ შეუსრულებელი ვალდებულების მოცულობასთან - 2 326.92 ლართან მიმართებით. მოპასუხისათვის დასაკისრებელი პირგასამტეხლოს ოდენობის გამოანგარიშება უნდა მოხდეს მხარეთა შორის დადებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №5 ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებელი ნაწილის ღირებულებიდან და არა ხელშეკრულების მთლიანი ღირებულებიდან - 435 000 ლარიდან.

6. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, ვინაიდან მოპასუხემ სარჩელი 1 000 ლარის დაკისრების ნაწილში ცნო, მოპასუხისათვის დასაკისრებელი პირგასამტეხლო სწორედ ამ თანხით უნდა განისაზღვროს.

7. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, მოსარჩელემ საკასაციო წესით გაასაჩივრა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

8. კასატორის მითითებით, მოწინააღმდეგე მხარისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოს არ არის ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და ვერ უზრუნველყოფს ვალდებულების შეუსრულებლობისათვის გონივრული, პროპორციული და სამართლიანი პირგასამტეხლოს ფუნქციის შესრულებას, მით უფრო, ვადაგადაცილებული დღეებისა და იმ ლეგიტიმური ინტერესის გათვალისწინებით, რაც სამინისტროს ვალდებულების დროული შესრულების მიმართ ჰქონდა.

9. მოწინააღმდეგე მხარეს არ მიუთითებია არცერთი ფაქტობრივი გარემოება, თუ რატომ იყო არაგონივრული და შეუსაბამოდ მაღალი დაკისრებული პირგასამტეხლო. მეორე მხრივ, როდესაც საკითხი ეხება მეწარმე სუბიექტის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობას, დაკისრებული პირგასამტეხლო არ უნდა იყოს მინიმალური ოდენობის. მეწარმე სუბიექტი წინასწარ, გაცნობიერებულად დათანხმდა იმ პირობას, რომ ვალდებულების შესრულების ვადაგადაცილების შემთხვევაში, გადაიხდიდა შეთანხმებულ პირგასამტეხლოს.

10. კასატორის მითითებით, სსკ-ის 420-ე მუხლის საფუძველზე შემცირებულ უნდა იქნეს მხოლოდ შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რაც მოცემულ შემთხვევაში, არ ვლინდება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

11. საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

12. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

13. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, კერძოდ:

14. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება - დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

15. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ მოპასუხემ დროულად ვერ უზრუნველყო ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკური მომსახურება, რომელიც 141 კალენდარული დღის დაგვიანებით შეაკეთა, რის გამოც მოსარჩელემ (კასატორმა) მოპასუხეს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 435 000 ლარის 0.15%-ის, ჯამში - 92 002.50 ლარის პირგასამტეხლოს გადახდა მოსთხოვა. ამასთან, უდავოა, რომ მოპასუხის ფაქტობრივად შესრულებულმა სამუშაოების ღირებულებამ 2 326.92 ლარი შეადგინა.

16. პირგასამტეხლოს ანაზღაურების მოთხოვნის საფუძვლიანობა სსკ-ის 629.1 (ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური) და 417ე-418-ე (პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის; ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ, თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება, აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა; შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას) მუხლებიდან გამომდინარეობს.

17. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხის მიერ ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულების ვადის დარღვევით შესრულების ფაქტი ამ უკანასკნელს არ გაუსაჩივრებია, შესაბამისად, ვალდებულების დარღვევის არსებობა სადავო არ არის, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსარჩელეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება წარმოეშვა.

18. კასატორის პრეტენზია ისაა, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ მხარეთა მიერ შეთანხმებული პირგასამტეხლო – 1 000 ლარამდე დაუსაბუთებლად შეამცირა.

19. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სსკ-ის 420-ე მუხლის მიხედვით, პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს, თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება (იხ. ს.ჯორბენაძე, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი III, 2019 წელი, გვ. 800). კანონის სიტყვასიტყვითი განმარტებით, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის გაითვალისწინება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, და ა.შ. მნიშვნელობა ენიჭება ნაკისრი ვალდებულების დარღვევაში მოვალის ბრალის ხარისხსაც, აგრეთვე, გასათვალისწინებელია მოვალის ეკონომიკური მდგომარეობა. თუ მოსამართლე დაასკვნის, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა შეუსაბამოდ მაღალია, იგი შეამცირებს მას იმ ოდენობამდე, რამდენსაც ვალდებულების დარღვევის თანაზომიერად და სამართლიანად მიიჩნევს (შდრ. ირაკლი რობაქიძე, წიგნში სახელშეკრულებო სამართალი /ზურაბ ძლიერიშვილი, გიორგი ცერცვაძე, ირაკლი რობაქიძე, გიორგი სვანაძე, ლაშა ცერცვაძე, ლევან ჯანაშია/ გამომცემლობა „მერიდიანი“, 2014წ., გვ. 604-605).

20. აღსანიშნავია, რომ პირგასამტეხლოს მომწესრიგებელი ნორმების გამოყენების კუთხით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებულია ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა, მაგალითად, ერთ-ერთ საქმეზე საქართველოს უზენაესი სასამართლო მიუთითებს, რომ „პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას, მათ შორის: პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას, კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს, პირის ბრალეულობის ხარისხს. ოდენობაზე მსჯელობისას, გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა. მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით პირგასამტეხლო მხარეთა მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის გზით მიღწეული შეთანხმებაა, მასში ჩარევის კანონისმიერ საფუძველს წარმოადგენს სასამართლოსათვის დაკისრებული ერთგვარი საჯარო წესრიგის უზრუნველმყოფელი ვალდებულება და, რაც უმთავრესია, ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინება, სახელდობრ, ის სუბიექტური და ობიექტური ფაქტორები, როგორიცაა: მხარეთა ქონებრივი მდგომარეობა, ვალდებულების დარღვევის ხარისხი, კრედიტორის მოლოდინი ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ და, ა.შ. სსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლოს შემცირებისას, სასამართლო ითვალისწინებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან“ (იხ.: სუსგ №ას-144-140-2016, 19.04.2016წ.; №ას-327-2019, 27.05.2019წ.; №ას-825-2019, 5.09.2019წ.; №ას-1511-2018, 26.03.2019წ.). ნიშანდობლივია ის გარემოებაც, რომ საკასაციო სასამართლოს მყარად დადგენილი პრაქტიკის მიხედვით, ვალდებულების ნაწილის შესრულების ვადის გადაცილებისთვის პირგასამტეხლოს ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან დაანგარიშება ეწინააღმდეგება სამოქალაქო ბრუნვის უსაფრთხოებისა და კეთილსინდისიერების მინიმალურ სტანდარტს, რადგან ამდენი პირგასამტეხლოს დაკისრება, როგორც კრედიტორის დარღვეული უფლებებისა და ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ერთგვარი სანქცია, თავის ნორმატიულ დანიშნულებას ვერ შეასრულებს. პირგასამტეხლო უნდა დაანგარიშდეს არა ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან, არამედ მხარის მიერ ფაქტობრივად შეუსრულებელი ან არაჯეროვნად შესრულებული ვალდებულების ღირებულებიდან (იხ.: სუსგ №ას-626-2021, 14.07.2021წ.; №ას-1819-2019 19.02.2020წ.; №ას-971-2019, 28.10.2019წ. №ას-164-160-2016, 28.07.2016წ.).

21. პალატის შეფასებით, განსახილველ დავაზე 92002.50 ლარის ოდენობით პირგასამტეხლოს დაწესება არაგონივრულია, ვინაიდან მოპასუხეს პირგასამტეხლო დაერიცხა არა შეუსრულებელი (დაგვიანებული) ვალდებულების მოცულობის, არამედ ხელშეკრულების მთლიანი ღირებულებიდან, რომელიც სახელშეკრულებო ვალდებულების კომპენსირებისათვის ადეკვატურ და გონივრულ ოდენობას არ წარმოადგენს, მით უფრო, ვალდებულების დარღვევის ხასიათის, დროში განგრძობადობისა და დარღვევის სიმძიმის გათვალისწინებით. საგულისხმოა ისიც, რომ გარდა პირგასამტეხლოს დარიცხვის ზემოაღნიშნული საფუძვლისა, მოსარჩელეს მოპასუხის მიმართ სხვა პრეტენზია, მაგალითად, შესრულების ხარისხთან დაკავშირებით არ ჰქონია.

22. საკასაციო პალატა იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებას, რომ პირგასამტეხლოს გამოანგარიშება უნდა მოხდეს იმ სამუშაოების ღირებულებიდან, რომლის შესრულების ვადაც მოპასუხემ დაარღვია. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ 141 დღის ვადაგადაცილებით შესრულდა 2 326.92 ლარის სამუშაო, შესაბამისად, ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს დაანგარიშება ამ თანხიდან უნდა მოხდეს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.15%-ის გათვალისწინებით, თუმცა, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხემ სარჩელი ცნო 1 000 ლარის ნაწილში, პირგასამტეხლოს ოდენობა სწორედ ამ თანხით უნდა განისაზღვროს, რაზეც მართებულად მიუთითა სააპელაციო სასამართლომაც.

23. პალატა მიიჩნევს, რომ კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება.

24. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი ვერ მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

25. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს ეწინააღმდეგება.

26. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

27. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან (იხ.: სუსგ №ას-186-2021, 25.03.2021წ. №ას-1281-2020, 28.01.2021წ.; №ას-947-2019, 24.12.2020წ. №ას-581-2019, 31.07.2019წ.; №ას-1926-2018, 24.05.2019წ.).

28. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია, კასატორმა ვერ გააქარწყლა გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

29. კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე

ვლადიმერ კაკაბაძე