საქმე№ას-1158-2024
17 ოქტომბერი 2024 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
შემადგენლობა:
თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი,
ამირან ძაბუნიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - სს „ს–ი“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - გ.თ–ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 19 ივნისის განჩინება
დავის საგანი - ბრძანებების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, იძულებით განაცდურის ანაზღაურება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, სარჩელით მიმართა გ.თ–მა, მოპასუხე სს „ს–ის“ მიმართ და მოითხოვა:
1.1 სს ,,ს–ის“ 16.09.2020 წ. N1-1/2383 ბრძანების ბათილად ცნობა, გ.თ–ის მიმართ დისციპლინური ღონისძიების - სასტიკი საყვედურის გამოცხადების შესახებ;
1.2 სს „ს–ის“ 16.09.2020 წლის N1-1/2411 ბრძანების ბათილად ცნობა, გ.თ–ისთვის, დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიების, სასტიკი საყვედურის გამოცხადების და სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე;
1.3 გ.თ–ი, აღდგენილი იქნას სს „ს–ში“, აბონენტთა ტექნიკური მომსახურების დეპარტამენტის, კორპორაციული და საცალო სექტორის ტექნიკური მხარდაჭერის განყოფილების N2 თრაბელშუთინგის ჯგუფის თრაბელშუთერად;
1.4 სს „ს–ისთვის“, გ.თ–ის სასარგებლოდ, იძულებითი განაცდურის ანაზღაურების დაკისრება, 2020 წლის 16 სექტემბრიდან (შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის მომენტი), სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე პერიოდისათვის, ყოველთვიური ხელფასის, 895 ლარის გათვალისწინებით (გადასახადების ჩათვლით);
2. სს ,,ს–მა’’ წარადგინა შეგებებული სარჩელი, რომლითაც მოითხოვა გ.თ–ისთვის, სს ,,ს–ის“ სასარგებლოდ, ზიანის ანაზღაურების, 245.53 ლარის დაკისრება.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილებით, გ.თ–ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი, სს „ს–ის“ 16.09.2020წ. N1-1/2383 ბრძანება, გ.თ–ის მიმართ, დისციპლინური ღონისძიების - სასტიკი საყვედურის გამოცხადების შესახებ; ბათილად იქნა ცნობილი, სს „ს–ის“ 16.09.2020წ. N1-1/2411 ბრძანება, გ.თ–ისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიების, სასტიკი საყვედურის გამოცხადების და სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე; სს „ს–ს“, გ.თ–ის სასარგებლოდ დაეკისრა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, 2020 წლის 16 სექტემბრიდან (შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის მომენტი), ხელშეკრულების მოქმედების დარჩენილი დროის განმავლობაში, 2020 წლის 02 ოქტომბრამდე პერიოდისათვის, ყოველთვიური ხელფასის 895 ლარის გათვალისწინებით (გადასახადების ჩათვლით); გ.თ–ის სარჩელი, სამსახურში აღდგენის და იძულებითი განაცდურის, გადაწყვეტილების აღსრულებამდე დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდა; სს „ს–ის“ შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა;
4. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, სააპელაციო წესით გაასაჩივრა სს „ს–მა“, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 19 ივნისის განჩინებით, სს „ს–ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილება.
6. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სს „ს–მა“, გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოთხოვნით.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 24 სექტემბრის განჩინებით, - სს „ს–ის“ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
8. 2024 წლის 01 ოქტომბერს, საქართველოს უზენაეს სასამართლოში, დავის მორიგებით დასრულების მიზნით, დასამტკიცებლად წარმოდგენილი იქნა მხარეთა შორის მიღწეული მორიგების აქტი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
9. საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, მხარეთა მიერ წარმოდგენილი მორიგების აქტის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მორიგების აქტი უნდა დამტკიცდეს და მოცემულ საქმეზე წარმოება შეწყდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისთვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც XLIX თავი შეიცავს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლით, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, XLVI თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.
11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით დამკვიდრებულია პირის უფლება მიმართოს სასამართლოს თავისი დარღვეული ან სადავო უფლების დაცვის მიზნით. ამავე კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილით (მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ) და 83-ე მუხლის პირველი ნაწილით (მხარეებს უფლება აქვთ წარადგინონ მორიგების აქტი საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე) გარანტირებულია მხარეთა უფლება, საქმის წარმოების ნებისმიერ ეტაპზე დავა მორიგებით დაამთავრონ. მითითებული ნორმებით აღიარებულია მოდავე მხარეთა შესაძლებლობა, გარკვეული შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, თავად გადაწყვიტონ სარჩელის ბედი (იხ.: სუსგ. №ას-1406-2020, 22.03.2022წ.; №ას-993-2021, 20.04.2022წ.; №ას-715-2021, 27.12.2021წ.). ამდენად, დისპოზიციურობის პრინციპი ნიშნავს მხარეთა თავისუფლებას, განკარგონ თავიანთი არა მარტო მატერიალური, არამედ საპროცესო უფლებები.
12. საკასაციო სასამართლომ არაერთხელ განმარტა, რომ მორიგება, ერთი მხრივ, საზოგადოებრივ ურთიერთობებში არსებული სირთულეების დაძლევისა და მხარეთა შორის არსებული კონფლიქტების მოგვარების ეფექტური საშუალებაა, ხოლო, მეორე მხრივ, მორიგება სამოქალაქო საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველი და სასამართლო სისტემის მარეგულირებელი სამართლებრივი მოვლენაა. მორიგება სამართლებრივი შესაძლებლობაა, ფაქტია, სამართლებრივი პროცესია, უფრო ზუსტად კი - საპროცესო სამართლებრივი უფლების (მხარის უფლება საქმე მორიგებით დაასრულოს) განკარგვის აქტია საპროცესო სამართლებრივი შედეგით (საქმის წარმოების შეწყვეტა) (იხ. სუსგ. Nას-1103-2022 19.02.2024წ.).
13. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო შეწყვეტს საქმისწარმოებას, თუ მხარეები მორიგდნენ, ხოლო 273-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.
14. წარმოდგენილი მორიგების პირობების შესწავლის შედეგად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მხარეთა მიერ შეთანხმებული მორიგების პირობები არ ეწინააღმდეგება კანონს და არ ლახავს მესამე პირთა უფლებებს. შესაბამისად, წარმოდგენილი მორიგების აქტი უნდა დამტკიცდეს და საქმის წარმოება შეწყდეს.
15. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებში სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მთლიანად გათავისუფლება ან სახელმწიფო ბაჟის ოდენობის განახევრება ხდება ამ მუხლით დადგენილი წესით, მხოლოდ ამ ინსტანციებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟის ოდენობის ფარგლებში.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 49-ე, 83-ე, 218-ე, 272-ე, 273-ე, 284-ე, 285-ე, 372-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სს „ს–ის“ წარმომადგენლის ნ.გ–ის და გ.თ–ის შუამდგომლობა მორიგების დამტკიცების თაობაზე, დაკმაყოფილდეს;
2. დამტკიცდეს მხარეთა შორის მორიგება, შემდეგი პირობებით:
2.1 სს “ს–ი” იღებს ვალდებულებას, აუნაზღაუროს გ.თ–ს, თანხა 451.91 (ოთხას ორმოცდათერთმეტი ლარი და ოთხმოცდათერთმეტი თეთრი) ლარის ოდენობით (ხელზე ასაღები). აღნიშნული თანხა მოიცავს: შრომით განაცდურს - 351.91 (ხელზე ასაღები) ლარის ოდენობით (დარიცხული 448.88 ლარი), რომელიც წარმოადგენს თანხას 2020 წლის 16 სექტემბრიდან (შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის მომენტი), ხელშეკრულების მოქმედების დარჩენილი ვადის განმავლობაში, კერძოდ 2020 წლის 02 ოქტომბრამდე პერიოდისთვის, შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული დარიცხული ხელფასის 895 ლარის გათვალისწინებით და სახელმწიფო ბაჟს, 100 ლარს, რაც სს “ს–ს” დაეკისრა პირველი ინსტანციის სასამართლოს 2022 წლის 21 ივლისის N2/23922-20 გადაწყვეტილებით, გ.თ–ის სასარგებლოდ და რაც ძალაში დარჩა სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 19 ივნისის N2/ბ-2029-24 განჩინებით;
2.2 სს „ს–ი“-ს მიერ, ანაზღაურება მოხდება, გ.თ–ის შემდეგ საბანკო რეკვიზიტებზე, თანხის გადარიცხვის გზით, საკასაციო სასამართლოს მიერ მორიგების დამტკიცების შემდგომ: ბანკი: სს „თ.ბ–ი", ბანკის კოდი: TBCBGE22, ანგარიშის ნომერი: GE02TB7556345061100095.
3. მოცემულ საქმეზე გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილება, (საქმე №2/23922-20) და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 19 ივნისის განჩინება (საქმე №2/ბ-2029-24).
4. მხარეთა მორიგების გამო, შეწყდეს წარმოება საქმეზე №ას-1158-2024წ.
5. საკასაციო საჩივრის ავტორს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს - სს „ს–ის“ მიერ, საკასაციო საჩივარზე, სახელმწიფო ბაჟის სახით, სს „თ.ბ–ში“, 2024 წლის 05 ივლისს, №1796791186 საგადასახადო დავალებით გადახდილი 300 ლარი და სს „თ.ბ–ში“, 2024 წლის 24 სექტემბრის, №1 საგადასახადო დავალებით გადახდილი 300 ლარი.
6. განემარტოთ მხარეებს, რომ სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე, იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.
7. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე თეა ძიმისტარაშვილი
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე