Facebook Twitter

საქმე №ას-1337-2024 18 ოქტომბერი, 2024 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორები - ი.ბ–ია, ა.გ–ა, ც.გ–ა, ს.თ–ი (აპელანტები, მოპასუხეები)

მოწინააღმდეგე მხარეები - ლ.ფ–ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 13 გვისტოს განჩინება

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის განუხილველად დატოვება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ლ.ფ–ის სარჩელი მოპასუხეების: ი.ბ–იას, ა.გ–ას, ც.გ–ასა და ს.თ–ის მიმართ, თანხის დაკისრების თაობაზე; მოპასუხეებს: ი.ბ–იას, ა.გ–ას, ც.გ–ასა და ს.თ–ს, მოსარჩელე ლ.ფ–ის სასარგებლოდ, სოლიდარულად დაეკისრათ 2017 წლის 01 ივნისიდან, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 30 იანვრის (საქმის N2/14170-17) გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველთვიურად 500 ლარის გადახდა.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეება, რომლითაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 30 მაისის გადაწყვეტილებით: ი.ბ–იას, ც.გ–ას, ა.გ–ას და ს.თ–ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ლ.ფ–ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; შეიცვალა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტი და ჩამოყალიბდა შემდეგი სახით: მოპასუხეებს ი.ბ–იას, ა.გ–ას, ც.გ–ასა და ს.თ–ს, მოსარჩელე ლ.ფ–ის სასარგებლოდ, სოლიდარულად დაეკისრათ 2017 წლის 1 ივნისიდან ყოველთვიურად 500 ლარის გადახდა, საიდანაც ი.ბ–იას და ა.გ–ასთვის 500 ლარის დარიცხვა უნდა მოხდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 30 ივნისის (საქმე N2/14170-17) გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ხოლო ც.გ–ასა და ს.თ–ისათვის 500 ლარის დარიცხა უნდა მოხდეს 2022 წლის 2 ივნისამდე (თბილისის სააღსრულებო ბიუროსთვის განცხადებით მიმართვის თარიღი).

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას 2024 წლის 19 ივლისს განცხადებით მიმართა მოსარჩელემ, ლ.ფ–მა, და მოითხოვა ამავე სასამართლოს 2023 წლის 30 მაისის გადაწყვეტილების მე-3 პუნქტში და 2024 წლის 30 აპრილს სააღსრულებო ფურცელში დაშვებული უსწორობის გასწორება, ამასთანავე განმცხადებემა ყოველთვიური ქირის დაკისრების ნაწილში გადაწყვეტილების განმარტებაც მოითხოვა.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 13 აგვისტოს განჩინებით ლ.ფ–ის განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: კერძოდ, გასწორდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 30 მაისის გადაწყვეტილების მე-3 პუნქტსა და ამავე საქმეზე 2024 წლის 30 აპრილს გაცემულ სააღსრულებო ფურცელში დაშვებული უსწორობა. ლ.ფ–ის მოთხოვნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 30 მაისის გადაწყვეტილების განმარტების შესახებ არ დაკმაყოფილდა

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

6. საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ი.ბ–იას, ა.გ–ას, ც.გ–ასა და ს.თ–ის კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. მითითებული ნორმის შესაბამისად, ზემდგომი ინსტანციის სასამართლო კერძო საჩივრის განხილვისას ხელმძღვანელობს მოცემული ინსტანციის სასამართლოსათვის დადგენილი ნორმებით.

8. სსსკ-ის 396-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით.

9. სსსკ-ის 414-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებებზე, მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში. დასახელებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, მხარეს საპროცესო კანონმდებლობა უფლებას ანიჭებს კერძო საჩივრის შეტანის გზით გაასაჩივროს ის განჩინებები, რომელთა მიმართაც კანონმდებელი პირდაპირ ითვალისწინებს კერძო საჩივრის შეტანას.

10. სსსკ-ის 391-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებები მხარეებმა და მესამე პირებმა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით შეიძლება კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრონ საკასაციო სასამართლოში. მითითებული ნორმა განსაზღვრავს საკასაციო გასაჩივრების ობიექტს, კერძოდ, საკასაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებები (განჩინებები). ამავე ნორმით განსაზღვრულია ასევე საკასაციო გასაჩივრების სუბიექტები (მხარეები და მესამე პირები დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით).

11. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო გასაჩივრების სუბიექტი უფლებამოსილია გაასაჩივროს სააპელაციო სასამართლოს ის გადაწყვეტილება (განჩინება), რომელიც მის წინააღმდეგაა გამოტანილი და უშუალოდ ეხება მის უფლებებსა და კანონით გათვალისწინებულ ინტერესებს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო გასაჩივრების ობიექტი შეიძლება იყოს სააპელაციო სასამართლოს ის გადაწყვეტილება (განჩინება), რომელიც კასატორის (კერძო საჩივრის ავტორის) წინააღმდეგაა გამოტანილი.

12. განსახილველ შემთხვევაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 13 აგვისტოს განჩინებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ლ.ფ–ის (განმცხადებლის, მოწინააღმდეგე მხარის) განცხადება. კერძოდ გასწროდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 30 მაისის გადაწყვეტილების მე-3 პუნქტსა და ამავე საქმეზე 2024 წლის 30 აპრილს გაცემულ სააღსრულებო ფურცელში დაშვებული უსწორობა. რაც შეეხება განმცხადებლის, ლ.ფ–ის მოთხოვნას, გადაწყვეტილების განმარტების შესახებ არ დაკმაყოფილდა. მოცემულ შემთხვევაში კი, კერძო საჩივრის ავტორები არიან ი.ბ–ია, ა.გ–ა, ც.გ–ა, ს.თ–ი, რომელთა მოთხოვნასაც გასაჩივრებული განჩნების გაუქმება და საქმის სააპელაციო სასამართლოსთვის დაბრუნება წარმოადგენს ხელახლა განხილვის მიზნით. აღსანიშნავია, რომ კერძო საჩივრის ავტორები 2024 წლის 13 აგვისტოს განჩინებას ასაჩივრებენ იმ ნაწილში, რომლითაც განმცხადებლის ლ.ფ–ის მოთხოვნა გადაწყვეტილების განმარტების შესახებ არ დაკმაყოფილდა. ამდენად, ცალსახაა, რომ კერძო საჩივრის ავტორთა წინააღმდეგ არ არის მიღებული გასაჩივრებული განჩინება.

13. შესაბამისად, ვინაიდან გასაჩივრებული განჩინება კერძო საჩივრის ავტორთა წინააღმდეგ არ არის გამოტანილი, ისინი ვერ იქნებიან მიღებული განჩინების კერძო საჩივრით გასაჩივრების სუბიექტები, რაც კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 391-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით,

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ი.ბ–იას, ა.გ–ას, ც.გ–ასა და ს.თ–ი კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 13 აგვისტოს განჩინებაზე დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე : მირანდა ერემაძე