საქმე №ას-752-2024 25 სექტემბერი, 2024 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე, ვლადიმერ კაკაბაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - ნ.გ–ანი (აპელანტი, მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - ჟ.ხ–ლი (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 16 განჩინება
კერძო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის განხილვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილებით ნ.გ–ანის (შემდგომში მოსარჩელე, აპელანტი ან კერძო საჩივრის ავტორი) სარჩელი ჟ.ხ–ლის (შემდგომში მოპასუხე) მიმართ გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის, მესაკუთრედ ცნობისა და სესხის ხელშეკრულების დადებულად ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდა.
2. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 16 მაისის განჩინებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.
4. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2024 წლის 12 აპრილის განჩინებით დაწესებული ხარვეზი სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში აპელანტს არ გამოუსწორებია და არც მისი შეუვსებლობის საპატიო მიზეზი უცნობებია სასამართლოსთვის. შესაბამისად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლისა და 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, არსებობდა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი.
5. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე აპელანტმა შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება.
6. კერძო საჩივრის ავტორის განცხადებით, სასამართლოს მისთვის არ უცნობებია ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინების თაობაზე, რითიც დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნები. ამასთან, სასამართლოს მხედველობაში უნდა მიეღო ის გარემოება, რომ აპელანტს, მისი მატერიალური მდგომარეობიდან გამომდინარე, არ ჰქონდა შესაძლებლობა ერთიანად გადაეხადა სახელმწიფო ბაჟი, ამიტომ უნდა გაენაწილებინა მისი გადახდა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
7. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
8. მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრებული განჩინებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ მან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში არ შეავსო სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზი.
9. კერძო საჩივრის ავტორი აცხადებს, რომ მას სსსკ-ის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით არ ჩაბარებია ხარვეზის განჩინება, ამასთან, ვინაიდან არ ჰქონდა შესაძლებლობა ერთიანად გადაეხადა სახელმწიფო ბაჟი, სასამართლოს უნდა გაენაწილვადებინა მისი გადახდა.
10. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით რეგლამენტირებულია სასამართლო უწყების მხარისათვის ჩაბარების წესი. აღნიშნული კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. ამავე კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლო უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის, სასამართლოსთვის ცნობილი სხვა მისამართის ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. ნორმის მე-2 ნაწილის მიხედვით კი, თუ მოსარჩელეს მის მიერ მითითებულ მისამართზე უწყება ვერ ჩაბარდა ამ კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნათა დაცვით, უწყება ჩაბარებულად ჩაითვლება. ეს წესი მოპასუხის მიმართ გამოიყენება მის პასუხში (შესაგებელში) მითითებულ მისამართზე უწყების გაგზავნის შემთხვევაში.
11. ზემოაღნიშნული ნორმების სისტემური განმარტების საფუძველზე, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასამართლო არ არის ვალდებული დაიცვას რაიმე სახის თანმიმდევრობა გზავნილის/უწყების ჩაბარების დროს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად. ასევე, თუ კი საქმეში თავად მხარის მიერაა მითითებული მისამართი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე მუხლის მეორე ნაწილით განსაზღვრული იმპერატიული რეგულირებით სასამართლო უწყების ზედიზედ ორჯერ ჩაუბარებლობა იურიდიული ფიქციის საფუძველზე გულისხმობს ჩაბარებას, მიუხედავად იმისა, რეალურად ჩაბარდა თუ არა მხარეს გზავნილი.
12. საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ საპროცესო ვადა კანონით არ არის დადგენილი, მას განსაზღვრავს სასამართლო. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად კი, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.
13. განსახილველ დავაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 12 აპრილის განჩინებით ხარვეზის დადგენის შესახებ აპელანტის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა და აპელანტს დაევალა 7 (შვიდი) დღის ვადაში სასამართლოში წარედგინა სახელმწიფო ბაჟის, 5000 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი (იხ. ს.ფ. 139). დადგენილია ასევე, რომ ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება აპელანტს ორჯერ გაეგზავნა ფოსტით, მის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე (თბილისი, ........), 2024 წლის 16 აპრილს (იხ. ს.ფ 140) და 13 მაისს, თუმცა გზავნილის ჩაბარება ვერ მოხერხდა მისამართზე ადრესატის არყოფნის გამო (იხ. ს.ფ 142-143). ისიც არ არის სადავო, რომ აპელანტს სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსთვის.
14. მითითებული ფაქტობრივი გარემოებებისა და ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების ურთიერთშეჯერებით, საკასაციო სასამართლო ასკვნის, რომ ვინაიდან საჩივრის ავტორს ორჯერ გაეგზავნა ხარვეზის განჩინება სააპელაციო საჩივარში მის მიერვე მითითებულ მისამართზე და ვერცერთხელ ვერ ჩაბარდა, განჩინებით განსაზღვრული საპროცესო ვადა სააპელაციო სასამართლომ მართებულად აითვალა გზავნილის განმეორებით ჩაუბარებლობის დღიდან, და ამ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო მართებულად დატოვა სააპელაციო საჩივარი განუხილველი. ამდენად, უსაფუძვლოა კერძო საჩივრის ავტორის მითითება იმის შესახებ, რომ მას გზავნილი არ ჩაბარდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით.
15. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად დატოვა განუხილველად სააპელაციო საჩივარი ხარვეზის შეუვსებლობის გამო. შესაბამისად, არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 401-ე, 420-ე, 419-ე, 412-ე მუხლებით, და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნ.გ–ანის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: მ. ერემაძე
მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე
ლ. მიქაბერიძე