¹ბს-1032-986(კ-07) 20 დეკემბერი, 2007წ.
თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის
საქმეთა პალატამ
შემადგენლობით:
ლალი ლაზარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, შეამოწმა საქართველოს კონტროლის პალატის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 1 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2006 წლის 5 სექტემბერს მოსარჩელეებმა ი. ფ.-მ, გ. ბ.-მ და ზ. ხ.-მ სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს კონტროლის პალატის მიმართ. მოსარჩელეებმა მოითხოვეს სახელფასო დავალიანების ანაზღაურება.
სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლები მდგომარეობდა შემდეგში:
მოსარჩელეები წლების განმავლობაში მუშაობდნენ საქართველოს კონტროლის პალატაში სხვადასხვა თანამდებობებზე. შრომითი ურთიერთობა შეწყვიტეს 2001 წელს. შრომითი ურთიერთობის შეწყვეტასთან დაკავშირებით მათთან არ მომხდარა საბოლოო ანგარიშსწორება. ამის თაობაზე მათ არაერთგზის მიმართეს მოპასუხეს, მაგრამ უშედეგოდ. მოსარჩელეებმა მოითხოვეს საქართველოს კონტროლის პალატისათვის მათ სასარგებლოდ სახელფასო დავალიანებისა და მასზე დარიცხული საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 31-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საურავის, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0,07%-ის ოდენობით გადახდის დაკისრება, რაც ი. ფ.-ს მიმართ შეადგენდა: სახელფასო დავალიანება _ 1201.71 ლარი, საურავი _ 1813.62 ლარი, სულ _ 3015.33 ლარი; გ. ბ.-ის მიმართ: სახელფასო დავალიანება _ 1819.67 ლარი, საურავი _ 2633.98 ლარი, სულ _ 4453.65 ლარი და ზ. ხ.-ის მიმართ: სახელფასო დავალიანება _ 920.20 ლარი, საურავი _ 1303.68 ლარი, სულ _ 2223.88 ლარი (ს.ფ. 1-2).
მოპასუხე საქართველოს კონტროლის პალატის წარმომადგენელმა განმარტა, რომ სახელფასო დავალიანება წარმოიშვა 1998-2003 წლებში ქვეყანაში შექმნილი მძიმე ეკონომიური მდგომარეობით, რის გამოც არ მოხდა კონტროლის პალატის შენახვის ხარჯებისათვის სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული სრულყოფილი დაფინანსება. მოსარჩელეებზე კუთვნილი თანხის გაცემა უნდა მოხდეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ხოლო მოსარჩელეების მოთხოვნა დარიცხული საურავის, რაც საერთო ჯამში შეადგენს 9692.89 ლარს, არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 7 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. საქართველოს კონტროლის პალატას დაეკისრა სახელფასო დავალიანების ანაზღაურება ი. ფ.-ს მიმართ _ 1201.71 ლარის, გ. ბ.-ის მიმართ _ 1819.67 ლარისა და ზ. ხორხელის მიმართ _ 920.20 ლარის ოდენობით. მოსარჩელეთა მოთხოვნა ზიანის ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებსა და სამართლებრივ საფუძვლებს დაემყარა:
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ მოსარჩელეები ი. ფ.-ა 2001 წლის 11 სექტემბრამდე, გ. ბ.-ი 2001 წლის 22 ნოემბრამდე და ზ. ხორხელი 2001 წლის 29 დეკემბრამდე მუშაობდნენ საქართველოს კონტროლის პალატაში.
საქართველოს კანონი ,,საჯარო სამსახურის შესახებ” აწესრიგებს საჯარო სამსახურის განხორციელებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, ამ კანონის 37-ე მუხლის პირველი ნაწილით მოსამსახურეს უფლება აქვს სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან გათავისუფლების დღემდე მიიღოს შრომითი გასამრჯელო (ხელფასი). მოსამსახურის გასამრჯელო (ხელფასი) მოიცავს თანამდებობრივ სარგოს, პრემიას, საჯარო სამსახურში წელთა ნამსახურობისათვის დაწესებულ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ დანამატებს.
სასამართლო არ დაეთანხმა მოსარჩელეთა მსჯელობას სადავო ურთიერთობის მოსაწესრიგებლად საქართველოს შრომის კოდექსის 31-ე მუხლის მე-3 ნაწილის გამოყენებასთან დაკავშირებით. სასამართლომ აღნიშნა, რომ აღნიშნული ნორმა ძალაში შევიდა 2006 წლის 3 ივნისიდან და ამავე ნორმის 53-ე მუხლის მიხედვით იგი ვრცელდება არსებულ შრომით ურთიერთობებზე, მიუხედავად მისი წარმოშობის დროისა. მხარეებს შორის შრომითი ურთიერთობა შეწყდა 2001 წელს. ამასთან, კანონი ,,საჯარო სამსახურის შესახებ” აწესრიგებს მხარეთა შორის არსებულ ურთიერთობას და იგი არ ითვალისწინებს საჯარო სამსახურიდან გამომდინარე საჯარო სამართლებრივ ურთიერთობისას შრომის კოდექსით დადგენილი წესების გამოყენებას (ს.ფ. 35-37).
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 7 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს კონტროლის პალატამ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოსარჩელეთა სახელფასო დავალიანების დაკმაყოფილების უზრუნველყოფის საქართველოს ფინანსთა სამინისტროსათვის დაკისრება (ს.ფ.48-49).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 1 ოქტომბრის გადაწყვეტილებით საქართველოს კონტროლის პალატის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 7 ნოემბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. საქართველოს კონტროლის პალატას დაევალა მოსარჩელეებისათვის სახელფასო დავალიანების ანაზღაურება ი. ფ.-ს მიმართ _ 993.88 ლარის, გ. ბ.-ის მიმართ _ 1510.88 ლარისა და ზ. ხ.-ის მიმართ _ 766.98 ლარის ოდენობით. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ სასარჩელო განცხადების მოთხოვნა არის პერიოდულად შესასრულებელი (ხელფასის გაცემა), რომლის მოთხოვნის ვადა წარმოადგენს სამ წელს. სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლის შესაბამისად ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება თუ ვალდებული პირი უფლებამოსილი პირის წინაშე ავანსის, პროცენტის გადახდის, გარანტიის მიცემით ან სხვა სხვაგვარად აღიარებს მოთხოვნის არსებობას. საპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოცემულ სარჩელთან დაკავშირებით ხანდაზმულობის ვადა შეწყვეტილია და მოსარჩელეთა მოთხოვნა ამ კუთხით საფუძვლიანია.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მიერ მითითებული საფუძველი იმის შესახებ, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ვალდებულია პასუხი აგოს მოსარჩელეთა მოთხოვნაზე. საქართველოს კონტროლის პალატა წარმოადგენს დამოუკიდებელ იურიდიულ პირს, იგი თავისი სახელით დებს ხელშეკრულებებს, სამუშაოზე იღებს მოხელეებს და თავად არის პასუხისმგებელი სახელფასო დავალიანების ანაზღაურებაზე. სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსი ითვალისწინებდა საშემოსავლო გადასახადის დარიცხვას, რისი გათვალისწინებითაც უნდა მომხდარიყო მოსარჩელეთათვის გასაცემი თანხების კორექტირება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს კონტროლის პალატის დავალიანებამ მოსარჩელეთა მიმართ შეადგინა: ი. ფ.-ა _ 993.88 ლარი, გ. ბ.-ი _ 1510.88 ლარი და ზ. ხ.-ი _ 766.98 ლარი (ს.ფ.79-82).
სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს კონტროლის პალატამ, რომელმაც მოითხოვა გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოსარჩელეთა სახელფასო დავალიანების დაკმაყოფილების უზრუნველყოფის საქართველოს ფინანსთა სამინისტროსათვის დაკისრება. კასატორმა აღნიშნა, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ამ შემთხვევაში წარმოადგენს სოლიდარულ მოვალეს საქართველოს კონტროლის პალატასთან ერთად და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 464-ე მუხლის შესაბამისად, მისი სოლიდარული ვალდებულება წარმოშობილია საქართველოს კონტროლის პალატასთან ერთად. საქართველოს კონტროლის პალატა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს აღნიშნული დავალიანების დაფარვას, თუ სახელმწიფოს ცენტრალური ბიუჯეტიდან მოხდება შესაბამისი დაფინანსების გამოყოფა (ს.ფ.94-95).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს კონტროლის პალატის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ არის დასაშვები, შემდეგ გარემოებათა გამო:
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ პირობებს, როგორიცაა: ა. საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის შედეგზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.
კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რამაც არსებითად იმოქმედა საქმის შედეგზე და განაპირობა არასწორი გადაწყვეტილების გამოტანა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს კონტროლის პალატის საკასაციო საჩივარი არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს კონტროლის პალატის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.