საქმე № ას-602-2024 2 ოქტომბერი, 2024 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე,
ლევან მიქაბერიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი - სსიპ თვითმმართველი ერთეული საჩხერის მუნიციპალიტეტის მერია (აპელანტი, მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - ი/მ ე.ჭ–ძე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 13 მარტის განჩინება
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიის (შემდეგში შემსყიდველი, შემკვეთი, მოპასუხე, კასატორი ან საკასაციო საჩივრის ავტორი) საკასაციო პრეტენზიით, დაუსაბუთებელია ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 13 მარტის განჩინება მოპასუხის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და საჩხერის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 2 ნოემბრის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ, რომლითაც ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ი/მ ე.ჭ–ძის (შემდეგში მიმწოდებელი, მენარდე ან მოსარჩელე,) სარჩელი და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 23 639.31 ლარის გადახდა.
2. კასატორის განმარტებით, მოსარჩელემ დაარღვია ნარდობის ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობები და სამუშაოები შეასრულა უხარისხოდ, ამიტომ მოპასუხეს საერთოდ არ უნდა დაკისრებოდა შესრულებული სამუშაოს ღირებულების ანაზღაურება, ვინაიდან თუკი მეწარმე უხარისხოდ შესრულებული სამუშაოებისთვის მაინც მიიღებს ბიუჯეტიდან თანხას, დამკვიდრდება მანკიერი პრაქტიკა, რომელიც ზიანს მიაყენებს როგორც სახელმწიფო, ასევე ადგილობრივ ბიუჯეტს.
3. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
3.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 24 მაისის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულია წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, (შემდეგში: სსსკ), 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნას დაუშვებლად.
4. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
5. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.
6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება)
7. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი, ანუ სწორად დაადგინა სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტები:
7.1. 2022 წლის 13 ივლისს, შემსყიდველსა და მიმწოდებელს შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №126 ხელშეკრულება (შემდეგში ხელშეკრულება), საჩხერის რაიონის სოფელ ....... შიდა საუბნო გზების მოწყობის თაობაზე;
7.2. ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა 31 198,03 ლარით, მიწოდების ვადა - 2022 წლის 27 აგვისტოს ჩათვლით, ხოლო ხელშეკრულების მოქმედების ვადა - 2022 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით;
7.3. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ანგარიშსწორება განხორციელდებოდა შესრულებული სამუშაოს ხარისხზე, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციასთან შესაბამისობაზე, მოცულობასა და ღირებულებებზე დაყრდნობით, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლოს ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან სხვა აკრედიტირებული პირის მიერ გაცემული დადებითი დასკვნის საფუძველზე გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტით, რაც დადასტურებული უნდა ყოფილიყო ფორმა N2-ით;
7.4. ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები უნდა შესრულებულიყო ჯეროვნად, სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაციის, ტექნიკური დავალების, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი სამშენებლო და გარემოსდაცვითი ნორმებისა და წესების, შემსყიდველის მოთხოვნების გათვალისწინებით;
7.5. შესრულებული სამუშოებს მიიღებდა საჩხერის მუნიციპალიტეტის მერის 2019 წლის 7 მაისის №511256 ბრძანებით შექმნილი ჯგუფი, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლოს ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან სხვა აკრედიტირებული კომპანიის მიერ წარმოდგენილი დადებითი დასკვნის საფუძველზე გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტით;
7.6. ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, დარღვევი ვალდებული იყო გადაეხადა პირგასამტეხლო შეუსრულებელი ვალდებულების ღირებულების 5%;
7.7. მხარეთა შეთანხმებით, ოთხჯერ გაგრძელდა ხელშეკრულების მოქმედების ვადა, და, საბოლოოდ, განისაზღვრა 2023 წლის 31 მარტის ჩათვლით;
7.8. მოპასუხემ ნაცვლად ხელშეკრულებით განსაზღვრული 31 198.03 ლარისა, შეასრულა 29 254.96 ლარის სამუშაოები;
7.9. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2023 წლის 10 მარტის №5001563123 დასკვნაში მითითებულია შემდეგი: შემოწმებით დადგინდა, რომ რკინა-ბეტონის გზის საფარის სისქე აკმაყოფილებს საპროექტო მოთხოვნებს და შეადგენს 12 სმ-ს; გამოყენებული არმატურის დიამეტრი პირველი ლოკაციის ორივე მონაკვეთზე (23,5+39=65 გრძ.მეტრს) და მეორე ლოკაციაზე (52,8გრძ.მ.) მოწყობილია A-III, დ=5მმ არმატურა, ხოლო მესამე ლოკაციაზე (77გრძ.მ.) A-III, დ=6მმ; რკინა-ბეტონის გზის მოწყობაზე გამოყენებული ბეტონის კლასი შეადგენს B-2,5-ს; მიღებული მონაცემების შესაბამისად და საკონტროლო აზომვების შედეგად დადგენილ ობიექტზე ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების მოცულობა და ღირებულება შეადგენს 29 254,96 ლარს;
7.10. შემსყიდველმა უარი განაცხადა შესრულებული სამუშაოების ღირებულების ანაზღაურებაზე;
7.11. პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე საქსპერტო დასკვნის შემდგენმა ექსპერტმა განმარტა, რომ საგზაო სამუშაოები შესრულებულია. მიუხედავად ხარვეზისა, აღნიშნული პარამეტრებით შესაძლებელია სამუშაოს შესრულება, თუ დამკვეთი თანახმა იქნება. რაც შეეხება გზის სიმტკიცეს, იგი პროექტით განსაზღვრულთან შედარებით უფრო ნაკლებ მტკიცეა, თუმცა დიდი სხვაობით არა;
7.12. პირველი ინსტანციის სასამართლოში, ასევე, დაიკითხა პროექტის ავტორი, შპს ,,ა–ის“ დირექტორი, რომელმაც აღნიშნა, რომ აშკარაა ხარჯთაღრიცხვის დარღვევა ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული ფორმით. ამ პარამეტრებით ადრე იგებოდა ბეტონის საფარი, თუმცა ახლა გზის შედარებით მყარი საფარია განსაზღვრული. რაც შეეხება სიმტკიცეს, საქართველოს ტერიტორიაზე სამშენებლო სფეროს მარეგულირებელი ტექნიკური რეგლამენტების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის №71 დადგენილებით დამტკიცებული „ბეტონისა და რკინაბეტონის კონსტუქციები” ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად, შესრულებული რკინა-ბეტონის სიმტკიცე დაახლოებით 18 პროცენტით ნაკლები სიმტკიცისაა, ვიდრე ამას ხარჯთაღრიცხვა ითვალისწინებდა.
8. წინამდებარე საქმეში მხარეთა შორის სადავოა მენარდის მიერ გაწეული მომსახურების ღირებულების ანაზღაურების წინაპირობების არსებობა. კასატორი (შემსყიდველი) ნარდობის ხელშეკრულების ფარგლებში მომსახურების ანაზღაურების გადახდისგან გათავისუფლების საფუძვლად გაწეული მომსახურების ნაკლზე აპელირებს.
9. საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლზე, რომლის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.
10. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ნარდობა ორმხრივი და სასყიდლიანი ხელშეკრულებაა (სსკ-ის 629-ე მუხლი), რომლის ორივე ხელშემკვრელმა მხარემ, სსკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, ნაკისრი ვალდებულება უნდა შეასრულოს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას (იხ. სუსგ საქმე №ას-764-2019, 2.08.2019წ.). ნარდობის სამართალურთიერთობის განმსაზღვრელი მითითებული ნორმის შინაარსი ცხადყოფს, რომ ნარდობა სინალაგმატურ ხელშეკრულებათა რიგს განეკუთვნება, რომლის მონაწილეებიც სამართლებრივ ურთიერთობაში ერთმანეთის მიმართ გამოდიან როგორც ურთიერთკრედიტორები, ისე - ურთიერთმოვალეები. სახელშეკრულებო ვალდებულება კი მაშინ მიიჩნევა შესრულებულად, როდესაც თითოეული მხარე შეასრულებს თავის წილ ვალდებულებას (იხ. სუსგ საქმე №ას-1646-2019, 30.09.2020წ).
11. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად, ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები. შესრულების ვალდებულება, პირველ რიგში, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შედეგს გულისხმობს. სსკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნათა შეუსრულებლობა ვალდებულების დარღვევაა და იწვევს მოთხოვნის უფლებას იმ მხარისათვის, რომლის მიმართაც და ინტერესთა საზიანოდ შეთანხმების პირობები დაირღვა (იხ. სუსგ საქმე №ას-696-696-2018, 6.07.2018წ).
12. საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 648-ე მუხლზე, რომლის თანახმად, შემკვეთი მოვალეა მენარდეს გადაუხადოს საზღაური სამუშაოს შესრულების შემდეგ, თუ ხელშეკრულება არ ითვალისწინებს ნაწილ-ნაწილ გადახდას. ამავე კოდექსის 645-ე მუხლის მიხედვით კი, შემკვეთს, რომელიც არც ხელშეკრულების დამატებით შესრულებას მიიღებს საამისოდ განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ და არც უარს განაცხადებს ხელშეკრულებაზე, შეუძლია იმ თანხით შეამციროს საზღაური, რა თანხითაც ნაკლი ამცირებს ნაკეთობის ღირებულებას.
13. დასახელებული ნორმების შინაარსიდან ირკვევა, რომ თუ შემკვეთის მიერ არ მომხდარა ხელშეკრულების მოშლა და მენარდემ დაასრულა მის მიერ ნაკისრი სამუშაო, შემკვეთი ვალდებულია აანაზღაუროს ხელშეკრულებით შეთანხმებული საფასური. ნაკლის არსებობის შემთხვევაში შემკვეთს შეუძლია მოითხოვოს ნაკლის გამოსწორება ან ნაკეთობის ნაკლის გამო საზღაურის შემცირება. შემკვეთს არა აქვს უფლება, უარი განაცხადოს საფასურის გადახდაზე. ნარდობის მარეგულირებელი ნორმები ადგენს პრეზუმფციას, რომ თუ მენარდემ შეასრულა მისი ვალდებულება, მას უნდა აუნაზღაურდეს შესრულების საფასური. თუმცა, როგორც ნებისმიერ პრეზუმფციას, ამ უკანასკნელსაც გამოეცლება სამართლებრივი საფუძველი, თუკი დადგინდება, რომ შემკვეთი, არაჯეროვანი შესრულებიდან გამომდინარე, გონივრულ ვადაში მოითხოვს ნაკლოვანების აღმოფხვრას, ან, თავად გამოასწორებს ნაკლს და მენარდისაგან მოითხოვს გაწეული ხარჯის ანაზღაურებას. თუ შემკვეთი არ განახორციელებს ამგვარ ქმედებას/მოთხოვნას, მას შეუძლია, ნაკლოვანი შესრულების პროპორციულად მოითხოვოს მენარდისათვის გადასახდელი თანხის შემცირება; შემკვეთს ასევე შეუძლია ამტკიცოს, რომ შესრულებული სამუშაო უხარისხო და გამოუსადეგარია (იხ. სუსგ. №ას-1975-2018, 26.06.2020წ).
14. განსახილველ შემთხვევაში, სადავო არ არის, რომ მოსარჩელემ ნარდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება შეასრულა არაჯეროვნად. კერძოდ, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ შესრულებული სამუშაოს ხარისხი (დაგებული გზის რკინა-ბეტონის სიმტკიცე) დაახლოებით თვრამეტი პროცენტით ნაკლებია პროექტით დადგენილ ხარისხთან შედარებით.
15. ზემოაღნიშნული განმარტებებისა და იმის გათვალისწინებით, რომ სადავო არ არის მენარდის მიერ ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების ოდენობა (მენარდემ შეასრულა 29 254.96 ლარის ღირებულების სამუშაო), ასევე, ამ სამუშაოთა ღირებულების დაახლოებით 18%-ით შემცირების ფაქტი, საკასაციო პალატა თვლის, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა მართებულად გამოაკლეს მითითებული პროცენტული ოდენობა (18%) მენარდის მიერ ფაქტობრივად გაწეულ ხარჯებს და აღნიშნული სხვაობა (29 254.96-29 254.96-ის 18% = 23 639.13) მართებულად დააკისრეს მოპასუხეს (შემსყიდველს). კასატორმა კი ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება.
16. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ მართებულად გამოიყენა და განმარტა მატერიალური და საპროცესოსამართლებრივი ნორმები, ასევე მართებულად განახორციელა ის საპროცესო მოქმედებები, რომლებიც, მხარეთა თანასწორუფლებიანობის პირობებში, საჭირო იყო საქმის გარემოებათა დადგენისა და, მხარეთათვის დაკისრებული მტკიცების ტვირთის შესაბამისად, მათ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასებისათვის, რაც ცხადყოფს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
17. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.
18. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სსიპ თვითმმართველი ერთეული საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: მ. ერემაძე
მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე
ლ. მიქაბერიძე