Facebook Twitter

საქმე № ას-296-2024 2 ოქტომბერი, 2024 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე,

ლევან მიქაბერიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი - ვ.რ–ძე (აპელანტი, მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - ე.მ–ძე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 27 დეკემბრის განჩინება

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. ვ.რ–ძის (შემდეგში მოპასუხე, მყიდველი, კასატორი ან საკასაციო საჩივრის ავტორი) საკასაციო პრეტენზიით, დაუსაბუთებელია ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 27 დეკემბრის განჩინება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მოპასუხის საჩივარი და უცვლელად დარჩა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილდა ე.მ–ძის (შემდგომში მოსარჩელე ან გამყიდველი) სარჩელი და ბათილად იქნა ცნობილი მასსა და მოპასუხეს შორის 2021 წლის 8 ოქტომბერს გაფორმებული უძრავი ქონების გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის ხელშეკრულება (შემდგომში ხელშეკრულება ან სადავო ხელშეკრულება).

2. კასატორის განცხადებით, ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა მიიჩნიეს, რომ არსებობდა თვალთმაქცურობის საფუძვლით სადავო გარიგების ბათილობის საფუძველი და ყურადღების მიღმა დატოვეს ის გარემოება, რომ ნასყიდობის ხელშეკრულების (გამოსყიდვის უფლებით) დადებისას დაცული იყო გარიგების ნამდვილობისთვის საჭირო კანონით დადგენილი ფორმა. მხარეებმა ხელშეკრულება გააფორმეს სანოტარო წესით და თავიანთი ნების ნამდვილობა გამოხატეს ნოტარიუსის თანდასწრებით - მათ წაიკითხეს ხელშეკრულება, განაცხადეს, რომ მასში ასახული პირობები სრულად თანხვედრაში იყო მათ მიერ გამოვლენილ ნებასთან და შესაბამისად, მოაწერეს ხელი. ამდენად, მოსარჩელის მხოლოდ ზეპირსიტყვიერი განცხადება გარიგების თვალთმაქცურობის შესახებ, არ უნდა მიეჩნია სასამართლოს რელევანტურ მტკიცებულებად და იმ გარემოების დასადასტურებლად, რომ მხარეთა ნება მიმართული იყო არა ნასყიდობის, არამედ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების დადებისაკენ. სასამართლოებმა მხარეთა შორის არასწორად გაანაწილეს მტკიცების ტვირთი, არასწორად დაადგინეს ფაქტობრივი გარემოებები და არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცეს მათ.

3. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

3.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 2 აპრილის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულია წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, (შემდეგში: სსსკ), 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, რადგანაც იგი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს.

4. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

5. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოთმითითებული საფუძვლით.

6. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

7. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი, ანუ სწორად დაადგინა სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტები:

7.1. 2021 წლის 8 ოქტომბერს, მოსარჩელეს, როგორც გამყიდველსა და მოპასუხეს, როგორც მყიდველს შორის გაფორმდა უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით, რომლის მიხედვით, მოპასუხემ, გამოსყიდვის უფლებით იყიდა მოსარჩელისგან ქ. თბილისში, .......... მდებარე უძრავი ქონება (ს/კ N .........) (შემდგომში ნასყიდობის საგანი, სადავო ქონება ან სადავო უძრავი ქონება); ნასყიდობისა და მისი გამოსყიდვის ფასად განისაზღვრა 27 000 აშშ დოლარი, ხოლო ნასყიდობის საგნის გამოსყიდვის საბოლოო თარიღად - 2022 წლის 8 აპრილი;

7.2. იმავე დღეს (2021 წლის 8 ოქტომბერს), ნასყიდობის საგანი საჯარო რეესტრში აღირიცხა მყიდველის საკუთრებად. უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებულია გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის ხელშეკრულება;

7.3. 2021 წლის 29 დეკემბერს ცვლილება შევიდა ხელშეკრულებაში და 8000 აშშ დოლარით გაიზარდა უძრავი ნივთის ნასყიდობისა და მისი გამოსყიდვის ფასი. შესაბამისად, გამოსყიდვის ფასი ჯამურად განისაზღვრა 35 000 აშშ დოლარით. ასევე, გაიზარდა უძრავი ნივთის გამოსყიდვის ვადა და იგი განისაზღვრა 2022 წლის 29 მაისით;

7.4. 2022 წლის 1 ივნისს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის სადავო უძრავ ქონებაზე დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება. ამავე დღეს, მათ მიმართეს საჯარო რეესტრს და მოითხოვეს უძრავ ქონებაზე ვ.გ–ის საკუთრების უფლების რეგისტრაცია, თუმცა უფლება არ დარეგისტრირებულა და ქონების მესაკუთრე საჯარო რეესტრის მონაცემებით ამჟამად არის მოპასუხე;

7.5. ხელშეკრულების გაფორმებიდან დღემდე მოსარჩელე უწყვეტად ფლობს სადავო უძრავ ქონებას;

7.6. უძრავი ქონების რეალური საბაზრო ღირებულება როგორც ხელშეკრულების დადებისას, ისე ამჟამინდელი მონაცემებით, მნიშვნელოვნად აღემატება ხელშეკრულებით განსაზღვრულ ოდენობას.

8. განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის სადავოა გამოსყიდვის უფლებით უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების ნამდვილობა. მოსარჩელე ამტკიცებს, რომ მას ქონება არ გაუყიდია და ნასყიდობის თაობაზე ნება არ გამოუვლენია. მისი განმარტებით, ვინაიდან ფიზიკურ პირთან იპოთეკის ხელშეკრულების დადება იკრძალება, ამიტომ მოპასუხესთან გააფორმა გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის ხელშეკრულება, ამრიგად, გარიგების საგანი იყო თანხა და არა უძრავი ქონება. მოპასუხე (კასატორი) კი აცხადებს, რომ მას ნამდვილად უძრავი ქონების შეძენის მიზანი ამოძრავებდა, ხოლოო ვინაიდან სადავო ხელშეკრულების დადებისას დაცული იყო გარიგების ნამდვილობისთვის საჭირო წინაპირობებიც (მხარეებმა ნება გამოხატეს კანონით დადგენილი სანოტარო წესით, მათ ნოტარიუსის თანდასწრებით წაიკითხეს ხელშეკრულება, განაცხადეს, რომ მასში ასახული პირობები სრულად თანხვედრაში იყო მათ მიერ გამოვლენილ ნებასთან და შესაბამისად, მოაწერეს ხელი), არ არსებობდა მისი ბათილად ცნობის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი.

9. საკასაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 509-ე მუხლზე, რომლის თანახმად, თუ გამყიდველს ნასყიდობის ხელშეკრულებით აქვს გამოსყიდვის უფლება, ამ უფლების განხორციელება დამოკიდებულია გამყიდველის ნებაზე. ამავე კოდექსის 510-ე მუხლის თანახმად, გამოსყიდვა ხდება თავდაპირველი ფასით. ამასთან, მყიდველს უფლება აქვს მოითხოვოს ის თანხაც, რომლითაც გაიზარდა საქონლის ღირებულება გამოსყიდვის მომენტამდე სასარგებლო დანახარჯების შედეგად, ხოლო გამომსყიდველს შეუძლია მოითხოვოს იმ თანხის გამოკლება, რომლითაც შემცირდა საქონლის ღირებულება მის გამოსყიდვამდე.

10. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობას აქვს გარკვეული თავისებურებანი, რაც იმაში მდგომარეობს, რომ გამყიდველს უფლება აქვს, დათქმულ ვადაში გამოისყიდოს გასხვისებული ნივთი. ახალ შემძენს უფლება არ აქვს, სასყიდლის მიღებასა და საკუთრების დაბრუნებაზე უარი თქვას. ხელშეკრულების შინაარსი მას ზღუდავს მესაკუთრის აბსოლუტური უფლებით ფლობდეს, სარგებლობდეს და განკარგავდეს გამოსყიდვის უფლებით შეძენილ ქონებას. იგი გამოსყიდვის ვადით შეზღუდულია და საკუთრების უფლებას შეიძენს გამოსყიდვისათვის დათქმული ვადის გასვლის შემდეგ. თავის მხრივ, გამყიდველსაც დაკისრებული აქვს ვალდებულება გამოსყიდვის ფუნქცია მხოლოდ გამოსყიდვისათვის დათქმულ ვადაში განახორციელოს. თუ ის არ ისარგებლებს გამოსყიდვის ვადაში გამოსყიდვის უფლებით, მაშინ მას უფლება ესპობა ვადის გასვლის შემდგომ გადაიხადოს ღირებულება და ქონება გამოისყიდოს. რა თქმა უნდა, ქონების გამოსყიდვის უფლება მას არ ერთმევა ვადის გასვლის შემდეგაც, მაგრამ ამ ვადის გასვლის შემდეგ, ნივთის გაყიდვის უფლება ენიჭება მის ნამდვილ მესაკუთრეს და ის ვალდებული აღარაა იმავე ფასში, ან თუნდაც განსხვავებულ ფასში მიჰყიდოს კუთვნილი ქონება ყოფილ მესაკუთრეს. ეს მისი უფლებაა და მის ნებაზეა დამოკიდებული, გაყიდის თუ არა ქონებას, რომლის გამოსყიდვის ვადაც გავიდა (იხ. სუსგ №ას-694-665-2016; 31.03.2017 წ.).

11. საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას. თუ საზოგადოების ან პიროვნების არსებითი ინტერესების დაცვისათვის ხელშეკრულების ნამდვილობა დამოკიდებულია სახელმწიფოს ნებართვაზე, მაშინ ეს უნდა მოწესრიგდეს ცალკე კანონით. დასახელებული ნორმის ნორმატიული შინაარსის მიხედვით, მხარეები სარგებლობენ ხელშეკრულების დადების თავისუფლების პრინციპით. ხელშეკრულების პირობა წინასწარ შემუშავებულ ხასიათს არ ატარებს, მხარეებს შეუძლიათ ნებისმიერ საკითხზე შეთანხმდნენ. ამისათვის მათ არ სჭირდებათ რაიმე ნებართვა ან შინაარსის დაცვა. მთავარია, მათი შეთანხმება არ ეწინააღმდეგებოდეს კანონს, აკმაყოფილებდეს მორალის ფარგლებს და საჯარო წესრიგს არ არღვევდეს. მაგალითად, სამოქალაქო კოდექსის ზოგად დებულებებში განმტკიცებული ნორმების თანახმად (54-56-ე, 81-83-ე მუხლები) ნებისმიერი გარიგება, რომელიც დადებულია დადგენილი წესებისა და აკრძალვების, საჯარო წესრიგის ან ზნეობის ნორმების წინააღმდეგ, ასევე მოტყუებით, თვალთმაქცობით ან მოჩვენებით, ბათილია.

12. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველს სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის მე-2 ნაწილი წარმოადგენს, რომლის მიხედვითაც, თუ მოსაჩვენებლად დადებული გარიგებით მხარეებს სურთ სხვა გარიგების დაფარვა, მაშინ გამოიყენება დაფარული გარიგების მიმართ მოქმედი წესები (თვალთმაქცური გარიგება).

13. უპირველესად უნდა აღინიშნოს, რომ გარიგების ნამდვილობა მხარეთა ნების თავისუფალ გამოვლენაზეა დამოკიდებული. ნასყიდობის ხელშეკრულების ნამდვილობისათვის, აუცილებელია მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენა. უძრავი ქონების მესაკუთრემ უნდა გამოხატოს ნება, რომ ქონებაზე საკუთრება მყიდველს გადასცეს. კანონმა დაადგინა, რომ უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება უნდა დაიდოს წერილობითი ფორმით. მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი ხელშეკრულების ფორმა დაცულია, თუმცა, მიუხედავად ამისა, მოსარჩელე ამტკიცებს, რომ მას ქონება არ გაუყიდია და ნასყიდობის თაობაზე ნება არ გამოუვლენია.

14. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოჩვენებითია გარიგება, რომელიც დადებულია იმ განზრახვის გარეშე, რომ მას მოჰყვეს შესაბამისი იურიდიული შედეგი. თვალთმაქცური გარიგებისას მხარეებს სხვა გარიგების დაფარვა სურთ. მოჩვენებითი გარიგების დროს, მისი ბათილობის საკითხი დამოკიდებულია მხარეთა მიერ ჩაფიქრებული მიზნის მართლზომიერებაზე, ხოლო თვალთმაქცური გარიგებისას, ბათილობის შემთხვევაში, უნდა გაირკვეს დაფარული გარიგების ხასიათი, რომელიც შესაძლოა იყოს ბათილი ან არა, თუმცა, უმრავლეს შემთხვევაში, იგი ბათილია. როგორც მოჩვენებითი, ისე თვალთმაქცური გარიგება მხოლოდ მოსაჩვენებლადაა დადებული, არც პირველ და არც მეორე შემთხვევაში მხარეებს არ სურთ ამ გარიგებიდან გამომდინარე შედეგის დადგომა. ორივე შემთხვევაში, სახეზეა სიმულაცია, მხოლოდ განსხვავებული მეთოდებით. საერთო ჯამში გარიგება დაიდება იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყოლოდა. მოჩვენებითი და თვალთმაქცური გარიგების დროს, გარიგების ბათილობის საკითხის გადაწყვეტა დამოკიდებულია მხარეთა მიერ ჩაფიქრებული მიზნის მართლზომიერება-არამართლზომიერებაზე. საკითხის გადაწყვეტისას აუცილებელია გაირკვეს დაფარული გარიგების ხასიათი, რომლის მიმართაც გამოიყენება შესაბამისი მოქმედი წესები (იხ. სუსგ საქმეზე Nას-694-665-2016, 31.03.2017 წ.).

15. თვალთმაქცური გარიგების დროს ნების გამოვლენის სუბიექტების ნება შეთანხმებულია და მათ განზრახული აქვთ განსაზღვრული სამართლებრივი შედეგის დადგომა, თუმცა, მათი შინაგანი ნება და გამოვლენილი ნება არ ემთხვევა ერთმანეთს. დადებული გარიგებით ისინი ფარავენ სხვა გარიგებას, რომლის დადების ნებაც რეალურად გააჩნიათ. ამ შემთხვევაში, დგება ამ ნორმის საფუძველზე ნების გამოვლენის ბათილობის საკითხი. თვალთმაქცური გარიგების დროს განხილვის საგანია გარიგების მხარეთა მიერ შინაგანი და გარეთ გამოვლენილი ნების ურთიერთმიმართება, ვინაიდან მათ შორის არსებობს შეუსაბამობა (იხ. სუსგ საქმეზე №ას-1142-1088-2014, 23.01.2015 წ.).

16. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო პროცესში არსებობს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის ობიექტური და სამართლიანი განაწილების პრინციპი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება, დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამდენად, საპროცესო ნორმა განსაზღვრავს იმ მტკიცებულებათა ნუსხას, რომლებიც მხარეებს შეუძლიათ, თავიანთი მოთხოვნების დასადასტურებლად გამოიყენონ. ჩამოთვლილ მტკიცებულებათაგან არც ერთს არ აქვს უპირატესი იურიდიული მნიშვნელობა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ სრულ და ობიექტურ განხილვას, შედეგად, სასამართლოს გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ, თანახმად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლისა.

17. გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კანონი მტკიცების ტვირთის გადანაწილების სპეციალურ წესს ითვალისწინებს (მაგ. შრომითსამათლებრივი დავები), მტკიცების ტვირთის გადანაწილების ზოგადი წესი მოქმედებს, რომლის თანახმად, თითოეულმა მხარემ ის გარემოებები უნდა დაამტკიცოს, რომლებზეც იგი თავის მოთხოვნას ამყარებს. არ შეიძლება მხარეს ისეთი გარემოების მტკიცების ტვირთი დაეკისროს, რომლის ზიდვაც მისთვის ობიექტურად შეუძლებელია.

18. განსახილველ შემთხვევაში, მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის თანაბრად გადანაწილების საფუძველზე, მოსარჩელეს სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების არსებობის მტკიცება, ხოლო მოპასუხეს - გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის ხელშეკრულების არსებობის დადასტურების ვალდებულება ეკისრებოდა.

19. საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ შემდეგ უდავო ფაქტობრივ გარემოებებს: გამოსყიდვის უფლებით უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება მხარეთა შორის დაიდო მოკლე ვადით, ჯერ 6 თვით, ხოლო შემდეგ 5 თვით (რაც მსგავსი ტიპის ხელშეკრულებისათვის დამახასიათებელი არ არის - ამ სახის ხელშეკრულების დადებისას შემძენის ინტერესი ქონების დაუფლება და გარიგების მოქმედების პერიოდში ქონებით სარგებლობაა. ამიტომ, გამოსყიდვის უფლებით ნასყიდობის ხელშეკრულება ჩვეულებრივ ხანგრძლივი დროით იდება); ხელშეკრულების ვადის გაგრძელებასთან ერთად, გაიზარდა გამოსყიდვის საფასური (რაც ეწინააღმდეგება სსკ-ის 510-ე მუხლით დადგენილ პირობას - გამოსყიდვა განხორციელდეს თავდაპირველი ფასით); ხელშეკრულების საგანს რეალურთან შედარებით მნიშვნელოვნად ნაკლები საბაზრო ღირებულება ჰქონდა (რაც დამატებით ადასტურებს, რომ გარიგებაში მითითებული ფასი იყო არა ნასყიდობის საზღაური, არამედ ვალდებულების მოცულობა); ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ „მყიდველი“ (მოპასუხე) ნასყიდობის საგანს არ დაუფლებია და მასში დღემდე ცხოვრობს „გამყიდველი“ (ანუ მოსარჩელე) (რაც ასევე მიუთითებს იმაზე, რომ „მყიდველს“ ქონების შეძენის ინტერესი არ ჰქონია).

20. მითითებული ფაქტობრივი გარემოებებისა და ზემოაღნიშნული სამართლებრივი განმარტებების ურთიერთშეჯერებით, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას იმის შესახებ, რომ სადავო ხელშეკრულების დადებისას მხარეები მიზნად არ ისახავდნენ უძრავი ქონების გასხვისებას, ხოლო მათ შორის გაფორმებული თვალთმაქცური გარიგებით ფაქტობრივად დაიფარა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება (სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლით განსაზღვრულია, რომ სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. ამავე კოდექსის 286-ე მუხლის თანახმად კი, უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით). აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, მოპასუხემ ვერ დაადასტურა ის გარემოება, რომ სადავო ხელშეკრულება თვალთმაქცურ ხასიათს არ ატარებდა. კასატორს (მოპასუხეს) არც საკასაციო სასამართლოსთვის წარუდგენია იმგვარი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რაც გადაწონიდა გასაჩივრებული განჩინების მსჯელობასა და დასკვნებს და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების პირობებში განსახილველი დავის სხვაგვარი შეფასების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს. მარტოოდენ იმაზე მითითება, რომ სასამართლოს სათანადოდ არ გამოუკვლევია მტკიცებულებები და არასწორი დასკვნები გამოიტანა, თავისი არსით არაკვალიფიციური შედავებაა, რომელიც ვერ აქარწყლებს გასაჩივრებული განჩინებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და მათ სამართლებრივ მოტივაციას.

21. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სადავო საკითხის გადაწყვეტისას მართებულად გამოიყენა და განმარტა სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლი, ასევე მართებულად განახორციელა ის საპროცესო მოქმედებები, რომლებიც, მხარეთა თანასწორუფლებიანობის პირობებში, საჭირო იყო საქმის გარემოებათა დადგენისა და, მხარეთათვის დაკისრებული მტკიცების ტვირთის შესაბამისად, მათ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასებისათვის, რაც ცხადყოფს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

22. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.

23. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

24. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ვ.რ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. ვ.რ–ძეს (პ.ნ.........) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ბ.რ–ძის (პ.ნ. ........) მიერ გადახდილი (საგადახდო დავალება №21117811488, გადახდის თარიღი 25.03.2024) 4725 ლარის 70% - 3307.5 ლარი;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: მ. ერემაძე

მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე

ლ. მიქაბერიძე