Facebook Twitter

საქმე № ას-476-2024 2 ოქტომბერი, 2024 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე,

ლევან მიქაბერიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

პირველი საკასაციო საჩივრის ავტორი - ბმა „ჩ.ე–ო“ (მოპასუხე)

მეორე საკასაციო საჩივრის ავტორი - კ.შ–ძე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - ხ.პ–ევი (მოსარჩელე, აპელანტი)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილება

პირველი საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

მეორე საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – კრების ოქმის ნაწილობრივ ბათილად ცნობა, ამხანაგობისათვის ქონების დაბრუნება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. ქ. თბილისში, ........ მდებარე უძრავი ქონება არის მრავალბინიანი სახლი (შემდგომში მრავალბინიანი სახლი ან ბინა), რომელშიც შექმნილია ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ჩ.ე–ო“ (შემდგომში ამხანაგობა, ბმა, მეორე მოპასუხე ან კასატორი) (ამხანაგობა შეიქმნა ამხანაგობის საერთო კრების 2009 წლის 13 ივნისის #1 ოქმით).

2. მითითებულ მრავალბინიან სახლში ს.ო–ი (შემდგომში მოსარჩელე) და კ.შ–ძე (შემდგომში პირველი მოპასუხე და მეორე მოპასუხესთან ერთად ტექსტში მოხსენებული, როგორც მოპასუხეები ან კასატორები) საკუთრების უფლებით ფლობდნენ ფართებს.

3. ბინის მეორე სართულზე, 2015 წლის 4 მარტიდან 37.12 კვ.მ ფართი ეკუთვნოდა მოსარჩელეს, ხოლო 32 კვ.მ – პირველ მოპასუხეს, რომელმაც ბინაზე საკუთრება შეიძინა 2017 წლის 7 აგვისტოს სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე. თავის მხრივ, პირველი მოპასუხის უფლებრივ წინამორბედს ბინა ეკუთვნოდა 1997 წლის 7 აგვისტოს პრივატიზაციის ხელშეკრულების საფუძველზე.

4. მოსარჩელის ბინის მიმდებარედ განთავსებულია საერთო სარგებლობის შესასვლელი, აივანი, სამზარეულო და საპირფარეშო (შემდგომში სადავო ქონება).

5. ამხანაგობის საერთო კრების 2018 წლის 4 აპრილის N03/5 კრების ოქმის (შემდგომში სადავო კრების ოქმი ან სადავო ოქმი) საფუძველზე პირველმა მოპასუხემ საკუთრების უფლებით დაირეგისტრირა 64.02 კვ.მ ფართი. მითითებულ ოქმში აღნიშნულია, რომ პირველი მოპასუხის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ბინის ფართი (64.02 კვ.მ) მოიცავს საჯარო რეესტრში პრივატიზაციის ხელშეკრულების საფუძველზე რეგისტრირებულ 32. კვ.მ ფართს და აზომვით ნახაზზე ასახულ 64.02 კვ.მ ფართში შედის საერთო სარგებლობის შესასვლელი, აივანი, სამზარეულო და საპირფარეშო.

6. მოსარჩელის მოთხოვნა

7.1. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხეთა მიმართ და მოითხოვა ამხანაგობის 2018 წლის 4 აპრილის N03/5 კრების ოქმის ნაწილობრივ ბათილად ცნობა და სადავო უძრავი ქონების (საერთო სარგებლობის შესასვლელი, აივანი, სამზარეულო და საპირფარეშო) ამხანაგობის საერთო საკუთრებაში დაბრუნება.

7.2. მოსარჩელის განცხადებით, პირველმა მოპასუხემ უკანონოდ დაირეგისტრირა საკუთრების უფლება ამხანაგობის საერთო სარგებლობის ფართზე. „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომში კანონი ან სპეციალური კანონი) მიხედვით, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების ისეთი განვითარება, რომელიც მნიშვნელოვნად ცვლის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებას და გავლენას ახდენს სხვა ბინის მესაკუთრეთა მიერ საერთო ქონების გამოყენებაზე, საჭიროებს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ყველა წევრის თანხმობას. წინამდებარე შემთხვევაში კი ამხანაგობის ქონება ისე განიკარგა, რომ მითითებული საკითხის გადასაწყვეტად ამხანაგობის კრება არ მოწვეულა და კრებაზე არც მოსარჩელე მიუწვევიათ. სადავო კრების ოქმში მითითებულიც კი არ არის, თუ რამდენი წევრისგან შედგება ამხანაგობა, ვინ ესწრებოდა სხდომას და ვინ რა პოზიცია გამოთქვა გადასაწყვეტ საკითხთან მიმართებით. ამდენად, არსებობდა კრების ოქმის ბათილად ცნობისა და სადავო უძრავი ქონების ამხანაგობისთვის დაბრუნების წინაპირობა.

8. მოპასუხეთა პოზიცია

მოპასუხეებმა წარდგენილი შესაგებლებით სარჩელი არ ცნეს.

9. საქალაქო სასამართლოს განჩინება უფლებამონაცვლედ ცნობის შესახებ

9.1. 2020 წლის 16 სექტემბერს მოსარჩელემ კუთვნილი ბინა აჩუქა ხ.პ–ევს (შემდგომში მოსარჩელის უფლებამონაცვლე), რის გამოც, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 9 ივლისის განჩინებით ხ.პ–ევი მოსარჩელის უფლებამონაცვლედ იქნა ცნობილი.

10. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება

10.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 31 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

11. მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი

11.1. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელის უფლებამონაცვლემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

12. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები

12.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილებით, სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ამხანაგობის 2018 წლის 17 აპრილის #03/5 კრების ოქმი და განისაზღვრა პირველი მოპასუხის საკუთრებაში რეგისტრირებული სადავო 32 კვ.მ ფართის (სადავო ქონების) ამხანაგობის საკუთრებად აღრიცხვა.

12.2. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-6 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, იხელმძღვანელა სპეციალური კანონის მე-3, მე-4, მე-7, მე-10 მუხლებით, სამოქალაქო კოდექსის 50-ე, 54-ე, 99-ე მუხლებით და დაასკვნა, რომ ვინაიდან ამხანაგობამ გადაწყვეტილება მიიღო მოსარჩელის ინფორმირების გარეშე, არსებობდა აღნიშნული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ფაქტობრივ-სამართლებრივი წინაპირობა.

12.3. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა აღიარებითი სარჩელის სამართლებრივ ბუნებაზეც და მიიჩნია, რომ მოსარჩელეს გააჩნდა წინამდებარე სარჩელის აღძვრის იურიდიული ინტერესი – სარჩელის დაკმაყოფილება მისთვის სასარგებლო ფაქტობრივ და სამართლებრივ შედეგებს გამოიწვევდა, ვინაიდან აღუდგებოდა თანასაკუთრების უფლება სადავო ქონებაზე.

13. მოპასუხეთა საკასაციო საჩივრები

13.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით.

13.2. კასატორების განცხადებით, საქმეზე წარდგენილი ფაქტობრივი გარემოებებით ერთმნიშვნელოვნად არ იკვეთება წინამდებარე დავის მიმართ მოსარჩელის ნამდვილი იურიდიული ინტერესი, ვინაიდან იურიდიული ინტერესი ნამდვილია იმ შემთხვევაში, თუ სარჩელის დაკმაყოფილების პირობებში შეიძლება დადგეს ის შედეგი, რასაც მხარე ისახავს მიზნად. მოცემულ შემთხვევაში კი, მოსარჩელე თავის იურიდიულ ინტერესს უკავშირებს იმ ფართის ამხანაგობისთვის დაბრუნებას, რაც სადავოა, რომ შემდეგ ამხანაგობამ თავიდან გაანაწილოს. ამასთან, სასამართლომ არასწორად დაასკვნა, რომ სადავო ფართი ამხანაგობის საერთო სარგებლობის ფართს წარმოადგენდა და მოსარჩელეს მონაწილეობა უნდა მიეღო ამხანაგობის 2018 წლის 4 აპრილის კრებაში. სინამდვილეში ეს კრება სამართლებრივად ეხებოდა ბმა-ს 2010 წლის 14 ივლისს მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლითაც მოპასუხის უფლებრივმა წინამორბედმა საერთო სარგებლობის ფართიდან მიიღო 20 კვ.მ ფართი და ამ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა მოსარჩელის უფლებრივმა წინამორბედმაც. ამრიგად, მოსარჩელის უფლებამონაცვლეს ეკრძალება კვლავ მოითხოვოს ამხანაგობის საერთო სარგებლობის ფართი.

14. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

14.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 26 აპრილის განჩინებით მოპასუხეთა საკასაციო საჩივრები წარმოებაში იქნა მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:

15. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

16. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.

17. მოცემულ შემთხვევაში, კასატორების ძირითადი საკასაციო პრეტენზია ემყარება იმას, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლომ სათანადოდ არ იმსჯელა წინამდებარე დავის მიმართ მოსარჩელის იურიდიულ ინტერესზე, რაც საქმის მასალებიდან ერთმნიშვნელოვნად არ გამომდინარეობდა და წარდგენილი სარჩელის უარყოფის წინაპირობებს ქმნიდა. ამასთან, სასამართლომ არასწორად დაასკვნა, რომ ამხანაგობის კრებაში მონაწილეობა უნდა მიეღო მოსარჩელეს.

18. კასატორების პრეტენზიების შემოწმების მიზნით, საკასაციო სასამართლო, პირველ რიგში, ყურადღებას მიაქცევს მოცემულ საქმეზე წარდგენილი სარჩელის შინაარს, რომლითაც მოსარჩელე ითხოვს ამხანაგობის კრების ოქმის ბათილად ცნობას და აცხადებს, რომ მითითებული ოქმით უკანონოდ განიკარგა ამხანაგობის კუთვნილი ქონება ისე, რომ მას, როგორც ერთ-ერთ თანამესაკუთრეს, არ მიეცა საკითხის განხილვა/გადაწყვეტაში მონაწილეობის მიღების საშუალება. ამასთან, სარჩელის შინაარსიდანვე ირკევა, რომ მოსარჩელის იურიდიულ ინტერესს სწორედ პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა და სადავო ქონების ამხანაგობის საკუთრებაში დაბრუნება წარმოადგენს (იხ. დაზუტებული სასარჩელო მოთხოვნა, თბ. საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 24 მარტის სხდომის ოქმი, CD დისკი, 11:40:25 სთ, ტ. 1, ს.ფ. 313).

19. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობების არსებობა-არარსებობის დადგენის, დოკუმენტების ნამდვილობის აღიარების ან დოკუმენტების სიყალბის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს იმის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს.

20. საკასაციო სასამართლოს არაერთ განჩინებაშია განმარტებული, რომ იურიდიული ინტერესი არის ის ფაქტობრივი და სამართლებრივი შედეგი, რომლის მიღწევასაც ცდილობს მხარე აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილებით. აღიარებითი სარჩელის მიმართ ნამდვილი იურიდიული ინტერესის არარსებობა არათუ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, არამედ სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის საფუძველსაც კი წარმოადგენს. დავის მიმართ იურიდიული ინტერესის არსებობის შემოწმება განეკუთვნება სამართლის საკითხს, შესაბამისად, ვიდრე საქმის განმხილველი სასამართლო სარჩელის საფუძვლიანობას შეამოწმებს, მნიშვნელოვანია, შეფასდეს აქვს თუ არა მოსარჩელეს ნამდვილი იურიდიული ინტერესი დავის მიმართ და უზრუნველყოფს თუ არა მოსარჩელის მოთხოვნა ამ ინტერესის დაკმაყოფილებას. აღიარებითი სარჩელის შემთხვევაში იურიდიული ინტერესის არსებობა განპირობებულია არა ზოგადად მხარის ინტერესით, არამედ მატერიალურსამართლებრივი დანაწესით, რომლის შედეგის რეალიზაცია შესაძლებელია აღიარებითი სარჩელის აღძვრით. აღიარებითი სარჩელი უნდა ემსახურებოდეს მატერიალურსამართლებრივი ნორმით განსაზღვრული უფლების დაცვას (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება საქმე Nას-121-117-2016, 17 მარტი, 2016 წელი).

21. აღიარებითი სარჩელი დასაშვებია, თუ იკვეთება მოსარჩელის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს. მაგალითად, მამად ცნობა, მამობის დადგენა, ქორწინების ბათილად ცნობა, ლიტერატურული ნაწარმოების ავტორად აღიარება და ა.შ. ამ სახის სარჩელების მიზანია არა სუბიექტური უფლების მიკუთვნება, არამედ უფლების სადავოობის აღმოფხვრა. ამ დროს სულაც არ არის აუცილებელი, რომ პირის უფლება დარღვეული იყოს, მაგრამ ვარაუდი იმისა, რომ მომავალში შეიძლება დაირღვეს, წარმოადგენს პირის იურიდიულ ინტერესს. ამიტომაც, ამ ტიპის სარჩელებს „უფლების დამდგენ“ სარჩელებსაც უწოდებენ. მიკუთვნებითი სარჩელებისგან განსხვავებით, აღიარებითი სარჩელის დავის საგანია თვით მატერიალურსამართლებრივი ურთიერთობა, რომელიც სუბსიდიური ხასიათის მატარებელია და იურიდიული ინტერესის არსებობა გამორიცხულია თუ შესაძლებელია მოპასუხის მიმართ მიკუთვნებითი მოთხოვნის წარდგენა (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება საქმე Nას-664-635-2016, 02 მარტი, 2017 წელი).

22. წინამდებარე საქმეში დადგენილია, რომ ამხანაგობის გასაჩივრებული კრების ოქმით განკარგული ქონება (საერთო სარგებლობის შესასვლელი, აივანი, სამზარეულო და საპირფარეშო) წარმოადგენდა ამხანაგობის საერთო საკუთრებას მიკუთვნებულ ქონებას. შესაბამისად, გასაჩივრებული ოქმით განიკარგა ამხანაგობის წევრთა საერთო საკუთრების ობიექტი, ამასთან, სადავო კრებაზე განხილული და გადაწყვეტილი საკითხის შინაარსი შეეხებოდა ამხანაგობის საერთო საკუთრებაში არსებული ქონების იმგვარ განვითარებას, რომელიც მნიშვნელოვნად შეცვლიდა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებას და გავლენას მოახდენდა სხვა ბინის მესაკუთრეთა მიერ საერთო ქონების გამოყენებაზე. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს, რომ მოსარჩელეს დავის მიმართ იურიდიული ინტერესი გააჩნია.

23. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების მართვასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს არეგულირებს სპეციალური კანონი „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“, რომლის სამართლებრივი ანალიზი ცხადყოფს, რომ კანონმდებელი განსხვავებულ სამართლებრივ რეჟიმში აქცევს, ერთი მხრივ, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა ინდივიდუალურ საკუთრებასა და ფაქტობრივ მფლობელობაში არსებულ სამეურნეო სათავსებს (სარდაფები, სხვენები და ა.შ) და, მეორე მხრივ, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებას. განსხვავებულია მათი განვითარების, განკარგვის პირობებიც და იმის მიხედვით, თუ როგორია საკუთრების უფლების შინაარსი, განსხვავებულია მისი განკარგვისათვის კანონით გათვალისწინებული წინაპირობებიც (იხ. სუსგ საქმე Nას-17-14-2015, 01 ივლისი, 2015 წელი).

24. კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა ინდივიდუალური საკუთრების საგანია ცალკეულ პირთა საკუთრებაში არსებული ბინა, აგრეთვე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრის მფლობელობაში არსებული მრავალბინიანი სახლის სამეურნეო სათავსები (სარდაფები, სხვენები და ა. შ.). იმავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრები კრებაზე აფიქსირებენ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა მიერ მრავალბინიანი სახლის სამეურნეო სათავსების (სარდაფები, სხვენები და ა.შ.) მფლობელობის ამ კანონის ძალაში შესვლის დროს არსებულ ფაქტობრივ მდგომარეობას და ხმათა 2/3-ით იღებენ გადაწყვეტილებას, რომლის თაობაზედაც დგება შესაბამისი ოქმი, თუ წესდებით არ განისაზღვრება განსხვავებული კვორუმი. მრავალბინიანი სახლის სამეურნეო სათავსებზე (სარდაფები, სხვენები და ა. შ.) საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში დასარეგისტრირებლად ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრმა უნდა წარმოადგინოს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა კრების მიერ შედგენილი ოქმი და ნახაზი, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია სამეურნეო სათავსის ადგილმდებარეობის დადგენა.

25. იმავე კანონის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებას წარმოადგენს: ა) მიწის ნაკვეთი; ბ) ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების მომსახურებისათვის განკუთვნილი შენობა-ნაგებობები და საინჟინრო-კომუნიკაციური მოწყობილობა და გაყვანილობა; გ) მრავალბინიანი სახლის მზიდი და შემომზღუდავი არამზიდი (ფასადის) კონსტრუქციები (საძირკვლები, კარკასი, კედლები, საერთო სარგებლობის აივნები, სართულშუა გადახურვები, პარაპეტები (მოაჯირები), ლავგარდანები (კარნიზები), საწვიმარი მილები და ა. შ.); დ) მრავალბინიანი სახლის ვესტიბიულები, სადარბაზოები, დერეფნები, კიბის უჯრედები, სარდაფები, სხვენები, საქვაბეები, ტექნიკური სართულები, სახურავები, ლიფტები, სხვადასხვა დანიშნულების შახტები, არხები, ნაგავგამტარები, ბუნკერები და ა. შ., რომლებიც არ იმყოფება ინდივიდუალურ საკუთრებაში; ე) სატრანზიტო გაყვანილობა.

26. კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების ისეთი განვითარება, რომელიც მნიშვნელოვნად ცვლის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებას და გავლენას ახდენს სხვა ბინის მესაკუთრეთა მიერ საერთო ქონების გამოყენებაზე, ხორციელდება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა კრებაზე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ყველა წევრის მიერ ერთხმად მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე.

27. ამდენად, იმის მიხედვით, საერთო საკუთრებაშია თუ ფაქტობრივ მფლობელობაში სადავო სამეურნეო სათავსები (სხვენი), შესაძლოა ვიმსჯელოთ მათი განკარგვის კანონით დადგენილი წესის დაცულობაზე. სადავო ურთიერთობის მომწესრიგებელი კანონი საერთო ქონების იმგვარი განვითარების შემთხვევაში, რომელიც გავლენას ახდენს სხვა ბინის მესაკუთრეთა მიერ საერთო ქონების გამოყენებაზე, გადაწყვეტილების მიღებას ანდობს ამხანაგობის მხოლოდ ყველა წევრს (100%-იანი კვორუმი), ხოლო მრავალბინიანი სახლის სამეურნეო სათავსების (სარდაფები, სხვენები და ა. შ.) ფაქტობრივი მფლობელობის საკითხის გადაწყვეტისათვის საკმარისად მიიჩნევს ამხანაგობის წევრთა 2/3-ის თანხმობას. შესაბამისად, სამეურნეო სათავსებზე (სარდაფები, სხვენები და ა. შ.) საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში დასარეგისტრირებლად საკმარისია ამხანაგობის წევრთა 2/3-ის მიერ მიღებული გადაწყვეტილებაც.

28. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ სადავო 32 კვ.მ ფართი წარმოადგენდა არა პირველი მოპასუხის, როგორც ამხანაგობის წევრის, ინდივიდუალური საკუთრების საგანს, არამედ ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებას. კერძოდ, საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ სადავო ფართი პირველი მოპასუხის ფაქტობრივ მფლობელობაში იმყოფებოდა სპეციალური კანონის ამოქმედებამდე, ანუ 2007 წლის 1 აგვისტომდე. კასატორს აღნიშნულის საწინააღმდეგო სამართლებრივად ვარგისი პრეტენზია არ წარმოუდგენია.

29. გარდა ამისა, ვინაიდან კრების ოქმით განსახილველი საკითხი (საერთო სარგებლობის შესასვლელის, აივნის, სამზარეულოსა და საპირფარეშოს ამხანაგობის წევრის ინდივიდუალურ საკუთრებაში აღრიცხვა) უშუალოდ უკავშირდებოდა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის საერთო ქონების მნიშვნელოვნად შეცვლას და გავლენას ახდენდა ამხანაგობის მიერ საერთო ქონების გამოყენებაზე, საკითხის დადებითად გადაწყვეტას ამხანაგობის ყველა წევრის 100%-იანი თანხმობა ესაჭიროებოდა (კანონის 10.1 მუხლი), თუმცა, წინამდებარე საქმეში არ დასტურდება ამხანაგობის ყველა წევრის (მათ შორის, მოსარჩელის) სპეციალური კანონის 27.4 მუხლით [კრების მოწვევის შესახებ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრებს უნდა ეცნობოს წერილობით] დადგენილი წესით სადავო კრებაზე მოწვევისა და მათ მიერ გადაწყვეტილების ერთხმად მიღების ფაქტი. უფრო მეტიც, დადგენილია, რომ მოსარჩელისათვის ცნობილი არ ყოფილა სადავო კრების შესახებ და მას ამ კრებაზე განხილული საკითხის გადაწყვეტაში მონაწილეობა არ მიუღია. შესაბამისად, მართებულია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლიდან გამომდინარე, სადავო კრების ოქმის ბათილობის შესახებ.

30. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული რომელიმე წინაპირობა, კასატორებს არ წარმოუდგენიათ იმგვარი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რომელიც საკასაციო საჩივრების არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს.

31. საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციათან ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.

32. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივრები, რის გამოც მათ უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ბმა „ჩ.ე–ოს“, ასევე კ.შ–ძის საკასაციო საჩივრები, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. ბმა „ჩ.ე–ოს“ (ს.კ. .........) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ე.მ–იას (პ.ნ. .......) მიერ გადახდილი (საგადახდო დავალება №3699, დასახელება - თ.ს–ძე, გადახდის თარიღი 10.04.2024) 300 ლარის 70% - 210 ლარი;

3. კ.შ–ძეს (პ.ნ. ......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ი.ე–ას (პ.ნ. ......) მიერ გადახდილი (საგადახდო დავალება №4042, გადახდის თარიღი 10.04.2024) 300 ლარის 70% - 210 ლარი;

4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: მ. ერემაძე

მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე

ლ. მიქაბერიძე