საქმე №ა-5523-გან-13-2024 04 ნოემბერი, 2024 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: თეა ძიმისტარაშვილი,
ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
განმცხადებელი – სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო
მოწინააღმდეგე მხარე – დ.ს–ძე
გადაწყვეტილება, რომლის განმარტებასაც განმცხადებელი მოითხოვს – საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 23 სექტემბრის გადაწყვეტილება
განმცხადებლის მოთხოვნა – გადაწყვეტილების განმარტება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. დ.ს–ძემ (შემდგომში „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგეტოს (შემდგომში „მოპასუხე“) მიმართ ბრძანების ბათილად ცნობის, სამუშაოზე აღდგენის, იძულებითი განაცდურის ანაზღაურების, დისკრიმინაციის ფაქტის დადგენის და მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე.მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
2. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ორივე მხარემ.
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 10 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილება.
4. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ შეიტანა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 23 სექტემბრის გადაწყვეტილებით დ.ს–ძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 10 მაისის განჩინება იმ ნაწილში, რომლითაც უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილების მე-3 პუნქტი და მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება დისკრიმინაციის ფაქტის დადგენისა და მორალური ზიანის ანაზღაურების შესახებ სასარჩელო მოთხოვნის ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დ.ს–ძის სასარგებლოდ დაეკისროს მორალური ზიანის ანაზღაურების სახით, 10 000 (ათი ათასი) ლარის გადახდა. დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული განჩინება დარჩა უცვლელად.
6. 2024 წლის 23 ოქტომბერს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას და მოითხოვა 2024 წლის 23 სექტემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტის განმარტება. ვინაიდან მისთვის ბუნდოვანია მორალური ზიანის სახით დაკისრებული 10 000 (ათი ათასი) ლარი გულისხმობს დარიცხულ თუ ხელზე ასაღებ თანხას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
7. საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი განცხადების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ განცხადება არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 262-ე მუხლის პირველი ნაწილით, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს მხარეთა ან აღმასრულებლის განცხადებით, გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით განმარტოს გადაწყვეტილება სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია. განცხადების შეტანა გადაწყვეტილების განმარტების შესახებ დასაშვებია, თუ გადაწყვეტილება ჯერ არ არის აღსრულებული და თუ არ გასულა ვადა, რომლის განმავლობაშიც გადაწყვეტილება შეიძლება აღსრულდეს.
9. მითითებული ნორმიდან გამომდინარე, სასამართლო უფლებამოსილია, მხარეებსა და აღმასრულებელს, მათი მოთხოვნისამებრ, განუმარტოს გადაწყვეტილების (განჩინების) სარეზოლუციო ნაწილის ბუნდოვანი დებულებები, რაც მიმართული უნდა იყოს გადაწყვეტილების აღსრულების გამარტივებისაკენ, უნდა ემსახურებოდეს გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლოს მიერ გათვალისწინებული დავის სამართლებრივი შედეგის ზუსტად და ზედმიწევნით შესრულებას, თუმცა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის განმარტება არ უნდა ცვლიდეს გადაწყვეტილების (განჩინების) სარეზოლუციო ნაწილის შინაარსს. გადაწყვეტილების განმარტების საჭიროება არსებობს, როცა მისი სარეზოლუციო ნაწილის ესა თუ ის დებულება ორაზროვანი, გაუგებარია და არსებული სახით გადაწყვეტილების სწორად აღსრულებას დაბრკოლება ექმნება (სუსგ №ას-267-255-2017, 31.03.2017წ.). გადაწყვეტილება (განჩინება) უკვე ჩამოყალიბებული სარეზოლუციო ნაწილის ფარგლებში უნდა განიმარტოს, იმ შედეგის შეუცვლელად, რაც ამ გადაწყვეტილებით მიიღება.
10. განსახილველ შემთხვევაში, განმცხადებლისთვის ბუნდოვან გარემოებას წარმოადგენს შემდეგი საკითხი: სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთვის საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 23 სექტემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით განსაზღვრული თანხა ექვემდებარება თუ არა დაბეგვრას.
11. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საკითხი, იმის შესახებ, ბუნდოვანია თუ არა სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი, უნდა გადაწყდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მისი დებულებების ფორმულირების გათვალისწინებით.
12. მოცემულ შემთხვევაში თვალნათელია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 23 სექტემბრის გადაწყვეტილების, როგორც მთლიანი ტექსტი ისე სარეზოლუციო ნაწილი ცალსახა და არაორაზროვანი შინაარსისაა. განჩინება არ არის ბუნდოვანი და მისი სარეზოლუციო ნაწილი ერთმნიშვნელოვან დასკვნას აყალიბებს განხილულ საქმესთან მიმართებაში.
13. ამასთანავე, სსსკ-ის 267-ე მუხლისა და „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კნონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, აღსასრულებლად მიექცევა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი. ამდენად, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში რაიმე მითითება დაკისრებული თანხის დაქვითვაზე არ არის. საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხი საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული ფინანსური ოპერაციაა, რომელიც სცილდება სამოქალაქო სამართალწარმოების ფარგლებს და შესაძლოა სამოქალაქო საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებაში ასახვაც კი არ ჰპოვოს. (იხ. Nა-2851-გან-5-2019, 21.06.2019წ.).
14. ამდენად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 23 სექტემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტი ცალსახად და არაორაზროვნად ადგენს კონკრეტული ოდენობის თანხას, რისი გადახდაც მოწინააღმდეგე მხარეს (სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო) დაეკისრა. ასევე, გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს მითითებას თანხის დაქვითვაზე/დაბეგვრაზე, შესაბამისად, მოპასუხე ვალდებულია სრული მოცულობით აუნაზღაუროს თანხა მოსარჩელეს.
15. შესაბამისად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს და ვერც სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს განცხადებაშია აღნიშნული დასახელებული განჩინების განმარტების კანონისმიერი საფუძველი, რაც განმცხადებლის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე, 284-ე, 399 და 372-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 23 სექტემბრის გადაწყვეტილების განმარტების შესახებ არ დაკმაყოფილდეს;
2. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე : მ. ერემაძე
მოსამართლეები:
თ. ძიმისტარაშვილი
ე. გასიტაშვილი