Facebook Twitter

საქმე № ას-1548-2022 29 ოქტომბერი, 2024 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),

თამარ ზამბახიძე (მომხსენებელი),

რევაზ ნადარაია

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

განმცხადებელი - მ.კ–ძე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - თ.გ–ძე (მოპასუხე)

განჩინება, რომლითაც დადგინდა შეზღუდვა - საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 06.02.2023 წლის განჩინება

განმცხადებლის მოთხოვნა – სასამართლოს მიერ დადგენილი შეზღუდვის გაუქმება

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება - გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 14.03.2022 წლის გადაწყვეტილებით მ.კ–ძის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული როგორც „განმცხადებელი“ ან „მოსარჩელე“) სარჩელი თ.გ–ძის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული როგორც „მოპასუხე“) მიმართ, თანხის დაკისრებისა და ზიანის ანაზღაურების შესახებ, დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 51 500 აშშ დოლარის, ასევე 51 500 აშშ დოლარის წლიური 1 %-ის გადახდა, გადახდის დღეს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი სავალუტო კურსის მიხედვით, 27.09.2019 წლიდან თანხის სრულად გადახდამდე. სარჩელი ნივთების უკანონოდ წაღებისა და უძრავი ქონების დაზიანების გამო მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად 10 000 აშშ დოლარის დაკისრების შესახებ არ დაკმაყოფილდა (ს.ფ. 134-153). გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 14.09.2022 წლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად გადაწყვეტილების გასაჩივრების 14 დღიანი ვადის დარღვევის გამო.

3. განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ.

4. საქართველოს უზენაეს სასამართლოს განცხადებით მომართა მოსარჩელის წარმომადგენელმა და მოითხოვა გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით ყადაღა დაედოს მოპასუხის საბანკო ანგარიშებზე არსებულ ფულად თანხებს 51 500 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ფარგლებში სს "ს.ბ–ში", სს "თ.ბ–ში", სს "ლ.ბ–ში", სს "ბ.ბ–ში", სს "პ.ბ–ში", სს "ბ.ბ–ში" (ამჟამინდელი სს "ს.ბ–ი"), სს "კ.ბ–ში" (ამჟამინდელი სს "ტ.ბ–ი), სს "პ.ბ–ში" (მისი ამჟამინდელი უფლებამონაცვლეა სს "ს.ბ–ი"), სს "ბ.ქ–ში", სს "ხ.ბ–ში", სს "ი.ს–ში", სს "ზ.ბ–ში". განმცხადებელი უთითებდა, რომ გადაწყვეტილების აღსრულება დადგებოდა საფრთხის ქვეშ, ვინაიდან მოპასუხე თავს არიდებდა ვალდებულების შესრულებას და მის სახელზე არ ირიცხება რაიმე ქონება. განმცხადებლის განმარტებით, მოპასუხე დასაქმებულია და ერიცხება ხელფასი.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 06.02.2023 წლის განჩინებით განცხადება გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე დაკმაყოფილდა; ყადაღა დაედო მოპასუხის საბანკო ანგარიშებზე არსებულ ფულად თანხებს 51 500 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ფარგლებში, სს "ს.ბ–ში", სს "თ.ბ–ში", სს "ლ.ბ–ში", სს "ბ.ბ–ში", სს "პ.ბ–ში", სს "ს.ბ–ში", სს "ტ.ბ–ში", სს "ბ.ქ–ში", სს "ხ.ბ–ში", სს "ი.ს–ში", სს "ზ.ბ–ში". აღნიშნულ განჩინებაზე 07.02.2023 წელს გაიცა სააღსრულებო ფურცელი.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 13.02.2023 წლის განჩინებით კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული განჩინება.

7. საქართველოს უზენაეს სასამართლოს 03.10.2024 წელს განცხადებით მომართა მოსარჩელის წარმომადგენელმა ქ.უ–მა (იხ. მინდობილობა, ს.ფ.20,21) და მოითხოვა ამავე პალატის 06.02.2023 წლის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმება იმ საფუძვლით, რომ აღსრულების ეტაპზე მხარეთა შეთანხმების შესაბამისად, გადაწყვეტილება აღსრულებულია (ს.ფ.301). სასამართლოს საქმე საერთო სასამართლოების არქივიდან გადმოეცა 11.10.2024 წელს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

8. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს განცხადება, რომლითაც მოთხოვნილია საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 06.02.2023 წლის განჩინებით გამოყენებული გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმება.

9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 191-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გარემოებები, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, დარღვეული ან სადავო უფლების განხორციელებას, გამოიწვევს გამოუსწორებელ და პირდაპირ ზიანს ან ისეთ ზიანს, რომელიც კომპენსირებული ვერ იქნება მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით. ეს განცხადება ასევე უნდა შეიცავდეს დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გამოყენება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. რომელიმე ზემოაღნიშნული გარემოების არსებობის შემთხვევაში სასამართლოს გამოაქვს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინება. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება სასამართლოს ვარაუდს, რომ სარჩელი შეიძლება დაკმაყოფილდეს. სასამართლოს მსჯელობა სარჩელის მატერიალურ და საპროცესო წინაპირობებზე გავლენას არ ახდენს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებაზე. ამავე კოდექსის 271-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოს შეუძლია უზრუნველყოს იმ გადაწყვეტილების აღსრულება, რომელიც გადაცემული არ არის დაუყოვნებლივ აღსასრულებლად XXIII თავით დადგენილი წესების შესაბამისად. დასახელებულ ნორმათა შინაარსიდან გამომდინარე, კანონმდებელი შესაძლებლობას აძლევს მოსარჩელე მხარეს, მხოლოდ საკუთარი კანონიერი უფლებების დაცვის მიზნით მოითხოვოს ჯერ კიდევ აღუსრულებელი გადაწყვეტილების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება. ამისათვის მოსარჩელემ სარწმუნოდ უნდა დაასაბუთოს უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საჭიროება, რათა სასამართლოს შეუქმნას რწმენა კონკრეტულ გარემოებათა საფუძველზე გადაწყვეტილების უზრუნველყოფის აუცილებლობის შესახებ. ამასთან, უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საჭიროების გასვლისთანავე იგი უნდა გაუქმდეს.

10. სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტის არსი ისაა, რომ მან პირის მატერიალური კანონმდებლობით დაცული უფლებებისა და კანონიერ ინტერესების რეალური განხორციელების სამართლებრივი გარანტიები შექმნას (კაჟაშვილი გულიკო, „საპროცესო უზრუნველყოფა, როგორც აღსრულებადი გადაწყვეტილების მიღების წინაპირობა.“ დისერტაცია. თბილისი, 2018, გვ. 60). სარჩელის საპროცესო უზრუნველყოფა გამოიყენება ისეთ შემთხვევებში, როდესაც იგი გამართლებულია. ასეთ დროს სასამართლომ უნდა დაადგინოს, რომ მოვალის ქონებაზე აკრძალვის დაწესება გადაწყვეტილების ეფექტური და დაუბრკოლებელი აღსრულების აუცილებელი და ერთადერთი საშუალებაა (სუსგ №ას-1477-2018, 31.01.2019წ.). პალატა განმარტავს, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისა და შემდგომ მისი შენარჩუნების მიზანი არის გადაწყვეტილების აღსრულების გართულების ან შეუძლებლობის თავიდან აცილება.

11. საქმის მასალებით ირკვევა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 06.02.2023 წლის განჩინებით ყადაღა დაედო მოპასუხის საბანკო ანგარიშებზე არსებულ ფულად თანხებს 51 500 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ფარგლებში. მოსარჩელის წარმომადგენელმა განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა აღნიშნული უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმება იმ საფუძვლით, რომ აღსრულების ეტაპზე მხარეთა შეთანხმების შესაბამისად, გადაწყვეტილება აღსრულებულია (ს.ფ.301).

12. ვინაიდან განცხადება წარმოდგენილია მოსარჩელის სახელით, რომლის მოთხოვნის საფუძველზეც დაედო მოპასუხის საბანკო ანგარიშებზე არსებულ ფულად თანხებს ყადაღა, არ არსებობს უზრუნველყოფის ღონისძიების შენარჩუნების ფაქტობრივი, სამართლებრივი საფუძველი. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 06.02.2023 წლის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება უნდა გაუქმდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 284-ე, 285-ე, 191-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ.კ–ძის განცხადება დაკმაყოფილდეს.

2. გაუქმდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 06.02.2023 წლის განჩინებით დაწესებული ყადაღა თ.გ–ძის (პ/ნ ........) საბანკო ანგარიშებზე არსებულ ფულად თანხებზე 51 500 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ფარგლებში, სს "ს.ბ–ში", სს "თ.ბ–ში", სს "ლ.ბ–ში", სს "ბ.ბ–ში", სს "პ.ბ–ში", სს "ს.ბ–ში", სს "ტ.ბ–ში", სს "ბ.ქ–ში", სს "ხ.ბ–ში", სს "ი.ს–ში", სს "ზ.ბ–ში".

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: გიორგი მიქაუტაძე

მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე

რევაზ ნადარაია