საქმე №ას-625-2023 13 ივნისი, 2023 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),
თამარ ზამბახიძე (მომხსენებელი),
რევაზ ნადარაია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს „პ.დ–ა“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 17.02.2022 წლის განჩინება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 07.10.2022 წლის გადაწყვეტილებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“, „სამინისტრო“, „დამზღვევი“ ან „კასატორი“) სარჩელი სს „პ.დ–ის“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“ ან „მზღვეველი“) მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
2. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილება.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძვლები:
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 17.02.2022 წლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. განჩინება ეფუძნება შემდეგს:
3.1. 24.12.2015 წელს მოდავე მხარეთა შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს 2016 წლის განმავლობაში მოსარჩელის 19 786 (სავარაუდო რაოდენობა) თანამშრომლისათვის სამედიცინო დაზღვევის (საოჯახო დაზღვევის პაკეტი) მომსახურების შესყიდვა ხელშეკრულების დანართი №1, დანართი №2, დანართი №3, დანართი №4 და დანართი №5-ის შესაბამისად (ხელშეკრულების 2.1. პუნქტი). ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა - 01.01.2016 წლის 00:00 საათიდან - 31.01.2017 წლის 24:00 საათის ჩათვლით.
3.2. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა 24.12.2015 წლის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების შემდეგ პუნქტებზე:
(7.1.) ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების კონტროლს განახორციელებს დამზღვევის მიერ გამოყოფილი სპეციალური ჯგუფი (ინსპექტირების ჯგუფი), რომელთა მიერ შემოწმდება რამდენად დაცულია ხელშეკრულების მიხედვით მზღვეველის მიერ ნაკისრი ვალდებულებები, კერძოდ: მომსახურების ხარისხი და ფასები, რომელიც დაზღვეულისათვის არ უნდა აღემატებოდეს მოცემულ პერიოდში არსებული მომსახურების ღირებულებას (აღნიშნული დათქმა/შეზღუდვა ვრცელდება ფასდაკლების აქცი(ებ)ის ფასებზე;
(9.1.) მომსახურების მიღება წარმოებს შემსყიდველის მიერ დაზღვევის პერიოდში ფაქტიურად დაზღვეული თანამშრომლების რაოდენობის ყოველთვიურად განსაზღვრის საფუძველზე ან მიღება-ჩაბარების აქტის სახით;
(9.2.) მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემთხვევაში მიღება-ჩაბარების აქტი ფორმდება წერილობითი ფორმით, მხარეთა უფლებამოსილი წარმომადგენლების ხელმოწერით. მიღება-ჩაბარების აქტს თან უნდა ახლდეს შესაბამისი დოკუმენტაცია;
(10.1.) ანგარიშსწორება განხორციელდება ეტაპობრივად ფაქტიურად გაწეული მომსახურების შესახებ გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის შემსყიდველ ორგანიზაციაში წარმოდგენის შემდეგ 20 (ოცი) კალენდარული დღის განმავლობაში, ან ურთიერთშეთანხმებით საბანკო გარანტიის წარდგენის საფუძველზე საავანსო ანგარიშსწორებით;
(10.6.) სადაზღვევო პრემიის გადახდა მოხდება თანამშრომლების ფაქტიური რაოდენობის მიხედვით, ხოლო ის თანამშრომლები, რომლებსაც შეუწყდათ შრომითი ხელშეკრულებები, მათი პრემიის გადახდა ურთიერთშედარების შემდგომ დაითვლება იმ დღეების მიხედვით, რომელ საანგარიშო პერიოდშიც მოქმედებდა შრომითი ხელშეკრულება;
(14.1.) შემსყიდველის მიერ დაზღვეულთა სიაში ცვლილებების განხორციელების თაობაზე - როდესაც აღნიშნული ცვლილება ეხება შემსყიდველის ახალი თანამშრომლების დამატებას ან არსებული თანამშრომლის დაზღვევის გაუქმებას - ინფორმაცია მზღვეველს უნდა მიეწოდოს სისტემატურად. შემსყიდველი წერილობითი ფორმით (დასკანერებული წერილით) აცნობებს მიმწოდებელს აღნიშნულის შესახებ, მზღვეველის შემდეგ ელ.ფოსტის მისამართზე m@i.ge.
(14.4.) წინამდებარე ხელშეკრულების 14.1. პუნქტში აღნიშნული პირობის დარღვევის შემთხვევაში - როდესაც დამზღვევი არ შეატყობინებს თანამშრომლის დამატების შესახებ აღნიშნულ ვადაში - მზღვეველი თავისუფლდება ფინანსური ზიანის ანაზღაურების ვალდებულებისაგან იმ თანამშრომელზე, რომლის დამატების შესახებ დამზღვევმა დროულად (ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში) არ აცნობა მზღვეველს, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მზღვეველმა უკვე აუნაზღაურა ფინანსური ზიანი დაზღვეულს, რომელიც დამზღვევის მიერ გათავისუფლებული იყო სამსახურიდან და ამის შესახებ დამზღვევმა დროულად (ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში) არ აცნობა მზღვეველს, ასეთ შემთხვევაში, დამზღვევი კისრულობს ვალდებულებას რეგრესის წესით აუნაზღაუროს მზღვეველს დაზღვეულისათვის ანაზღაურებული ფინანსური ზიანი სრულად.
3.3. სამინისტროს გენერალური ინსპექციის 19.04.2018 წლის დასკვნის თანახმად - ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკმა ნ.მ–მა ჩაიდინა სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ (სამსახურებრივი მოვალეობისადმი დაუდევარი დამოკიდებულება) და „გ“ (ქონებრივი ზიანის მიყენება) ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომა, რაც მისი მხრიდან გამოიხატა სამინისტროდან მოსამსახურეთა დათხოვნის შესახებ სადაზღვევო კომპანიისათვის შეუტყობინებლობაში, რამაც გამოიწვია მოსარჩელის მიერ აღნიშნული პირების დაზღვევისათვის საჭირო თანხების ზედმეტად გადარიცხვა, რითაც მას მიადგა ქონებრივი ზიანი. ამ ფაქტის გამო, პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკ ნ.მ–ის მიმართ, სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების მე-5 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, დისციპლინური სახდელის ნაცვლად გამოყენებული იქნა სარეკომენდაციო ბარათი.
3.4. 19.04.2018 წლის დასკვნიდან დგინდება, რომ მოსარჩელის თანამშრომლის დისციპლინური გადაცდომის შედეგად სამინისტროდან დათხოვნილი 41 მოსამსახურე გარკვეული პერიოდის განმავლობაში ითვლებოდა სამინისტროს მიერ დაზღვეულად, რის გამოც სამინისტრო სადაზღვევო პრემიას იხდიდა უკვე გათავისუფლებული მოსამსახურეებისთვის.
3.5. 24.05.2018 წლის წერილით, ასევე, ცხრილის სახით წარმოდგენილი მონაცემებით დასტურდება, რომ მოსარჩელის მიერ მოპასუხისთვის ზედმეტად გადარიცხული თანხების ოდენობა ჯამურად შეადგენს - 18 053.67 ლარს, კერძოდ, 2016 წელს ზედმეტად გადახდილია 9652.23 ლარი, 2017 წელს - 8401.44 ლარი. გადარიცხული თანხის ოდენობა მოპასუხეს სადავოდ არ გაუხდია.
3.6. წინამდებარე სარჩელით მოსარჩელე მოითხოვს მოპასუხისათვის მის სასარგებლოდ 18 053.67 ლარის გადახდის დაკისრებას. მოსარჩელე მიუთითებს მოპასუხის 18 053.67 ლარით უსაფუძვლოდ გამდიდრების ფაქტზე. ამდენად, იგი მოთხოვნას ამყარებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ) 976-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ ვალდებულება გარიგების ბათილობის, ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში.
3.7. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის პოზიცია, რომ მოპასუხის ანგარიშზე გადარიცხული 18 053.67 ლარი წარმოადგენს უსაფუძვლოდ გადარიცხულს და აღნიშნული თანხა დაზღვევის სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში გადახდილად მიიჩნია. პალატის მითითებით, მხარეთა შორის ვალდებულებითი ურთიერთობის წარმოშობის საფუძველია 24.12.2015 წლის დაზღვევის ხელშეკრულება (სსკ-ის 799-ე მუხლი). ხელშეკრულებით გათვალისწინებულია მხარეთა უფლება-მოვალეობები, კერძოდ, მოპასუხე ვალდებული იყო დაზღვეული პირისთვის გაეწია მომსახურება, ხოლო მოსარჩელე ვალდებული იყო გადაეხადა სადაზღვევო პრემია. მიუხედავად იმისა, ისარგებლებდა თუ არა დაზღვეული სადაზღვევო პაკეტით, სადაზღვევო პრემია ექვემდებარებოდა ანაზღაურებას უპირობოდ. ამასთან, ხელშეკრულებით სამინისტრომ აიღო ვალდებულება, სადაზღვევო კომპანიისთვის დროულად მიეწოდებინა იმ თანამშრომლების შესახებ ინფორმაცია, რომლებიც გათავისუფლდებოდნენ სამსახურიდან. დადგენილია, რომ მოცემული ვალდებულება სამინისტროს არ შეუსრულებია და მოსარჩელის თანამშრომლის დისციპლინური გადაცდომის შედეგად სამინისტროდან დათხოვნილი 41 მოსამსახურე გარკვეული პერიოდის განმავლობაში ითვლებოდა სამინისტროს მიერ დაზღვეულად.
3.8. პალატის მითითებით, საქალაქო სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ უნდა დადგენილიყო გარემოება, თუ როდის შეწყდა მხარეთა შორის არსებული დაზღვევის ხელშეკრულება და თანხის გადარიცხვა მოკლებული იყო თუ არა სამართლებრივ საფუძველს. ხელშეკრულების პირობების თანახმად, დაზღვეულთა სიაში ცვლილების თაობაზე ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება მოსარჩელეს ეკისრებოდა. სადავო არ არის ის გარემოება, რომ მომსახურების მიღება წარმოებდა შემსყიდველის მიერ დაზღვევის პერიოდში ფაქტიურად დაზღვეული თანამშრომლების რაოდენობების ყოველთვიურად განსაზღვრის საფუძველზე ან მიღება-ჩაბარების აქტის სახით. ყოველთვიურად დგებოდა მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის საფუძველზეც ხდებოდა ანგარიშსწორება. საქმის მასალებით დგინდება, რომ შემსყიდველის მიერ სადავო პერიოდშიც ხორციელდებოდა სადაზღვევო პრემიის ანაზღაურება მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, რაც, თავის მხრივ, მზღვეველს წარმოუშობდა სადაზღვევო შემთხვევის ანაზღაურების ვალდებულებას. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო პერიოდში არსებობდა მოქმედი დაზღვევის ხელშეკრულება, მოპასუხემ თანხა მიიღო დაზღვევის სამართლებრივი ურთიერთობის ფარგლებში და იმ პერიოდისათვის მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულება შეწყვეტილი არ იყო.
3.9. სსკ-ის 976-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, უკან დაბრუნების მოთხოვნა გამორიცხულია, თუ მიმღებს შეეძლო ევარაუდა, რომ შემსრულებელს სურდა გადაცემა, მიუხედავად იმისა, არსებობს თუ არა ამ მუხლის პირველი ნაწილის პირობები. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების პირობების გათვალისწინებით, თავად მოსარჩელე იყო ვალდებული დაუყოვნებლივ ეცნობებინა მოპასუხისთვის საშტატო ერთეულში ცვლილებების თაობაზე. ამასთან, მხარეთა შორის ყოველთვიურად ხდებოდა დადარება დაზღვეულ პირთა რაოდენობაზე, რომლის საფუძველზეც სამინისტრო რიცხავდა სადაზღვევო პრემიას. შესაბამისად, მოპასუხე ვერ ივარაუდებდა და მის საქმიანობის ფარგლებსაც სცდებოდა დაზღვეული პირების რაოდენობის ზუსტი დადგენა და ენდობოდა მოსარჩელის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას. მზღვეველი, რომლისთვისაც არ უცნობებიათ ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ, ვერ ივარაუდებდა რომ მის ანგარიშზე გადარიცხული თანხა, ჯამურად - 18 053.67 ლარი, ირიცხებოდა სამართლებრივი საფუძვლის გარეშე.
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა:
4. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილება.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
6. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
7. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
8. დადგენილია, რომ 24.12.2015 წელს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საგანს წარმოადგენდა დამზღვევის თანამშრომლების სამედიცინო დაზღვევის, როგორც მომსახურების შესყიდვა.
9. სსკ-ის 799-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილები ადგენს ქცევის შემდეგ წესს: დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. მყარად დადგენილი სადაზღვევო თანხით დაზღვევისას მზღვეველი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო თანხა ან შეასრულოს სხვა შეპირებული მოქმედება. დამზღვევი ვალდებულია გადაიხადოს სადაზღვევო შესატანი (პრემია). აღნიშნული ნორმის ანალიზის საფუძველზე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ დაზღვევის ხელშეკრულება ორმხრივი და სასყიდლიანი ხელშეკრულებაა. დამზღვევი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო შენატანი, ხოლო მზღვეველი მოვალეა აანაზღაუროს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი. დაზღვევის ხელშეკრულების საგანია მზღვეველის მიერ დამზღვევისათვის სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანის ანაზღაურების უზრუნველყოფა, ხოლო ის, თუ რა შეიძლება იყოს დაზღვევის ობიექტი, მოცემულია სსკ-ის 820-858-ე მუხლებში, კერძოდ, ასეთი შეიძლება იყოს ქონება ან პიროვნება. აქედან გამომდინარე, დაზღვევის ხელშეკრულება შეიძლება განვიხილოთ, როგორც სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა უფლებების დაცვის მნიშვნელოვანი გარანტია (სუსგ №ას-663-624-2011, 17.02.2012წ; №ას-1165-1110-2014, 23.01.2015წ.).
10. მოსარჩელე მოპასუხისგან ითხოვს 18 053.67 ლარის, როგორც უსაფუძვლოდ მიღებული თანხის, უკან დაბრუნებას. დადგენილია, რომ 24.12.2015 წლის ხელშეკრულების 14.1. პუნქტის თანახმად, დაზღვეულთა სიაში ცვლილების თაობაზე ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება მოსარჩელეს ეკისრებოდა. ამ უკანასკნელს ეს ვალდებულება არ შეუსრულებია და, მისი თანამშრომლის დისციპლინური გადაცდომის შედეგად, სამინისტროდან დათხოვნილი 41 მოსამსახურე გარკვეული პერიოდის განმავლობაში ითვლებოდა დაზღვეულად. დადგენილია, ასევე, რომ სადავო პერიოდში მოსარჩელე იხდიდა სადაზღვევო პრემიას მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, რაც მზღვეველს წარმოუშობდა სადაზღვევო შემთხვევის ანაზღაურების ვალდებულებას. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მართებულად დაასკვნა, რომ სადავო პერიოდში არსებობდა მოქმედი დაზღვევის ხელშეკრულება და მოპასუხემ თანხა სწორედ ამ სამართლებრივი ურთიერთობის ფარგლებში მიიღო.
11. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის მსჯელობას მოპასუხისთვის თანხის სამართლებრივი საფუძვლის გარეშე გადახდის შესახებ. დაზღვევის ხელშეკრულების სინალაგმატური ბუნება მხარეებისთვის ურთიერთშემხვედრი უფლება-მოვალეობების დაკისრებით გამოიხატება. მზღვეველი უფლებამოსილია, მოითხოვოს სადაზღვევო პრემიის გადახდა და ვალდებულია, აანაზღაუროს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით გამოწვეული ზიანი. თავის მხრივ, დამზღვევი უფლებამოსილია, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება და ვალდებულია, შეთანხმებული ჯერადობითა და ოდენობით იხადოს სადაზღვევო პრემია (ირემაშვილი ქ., სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, მუხლი 799, ველი 14, იხ. gccc.tsu.ge [ბოლო დამუშავება 14.03.2016წ.]).
12. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მსჯელობას უსაფუძვლო გამდიდრების მომწესრიგებელი ნორმების გამოყენების შესახებ და მიუთითებს, რომ ვინაიდან მხარეები ერთმანეთთან სახელშეკრულებო ურთიერთობაში იმყოფებოდნენ, არ იკვეთება უსაფუძვლო გამდიდრების (კონდიქციის) მარეგულირებელი ნორმების გამოყენების წინაპირობა (შდრ. სუსგ №ას-1764-2018, 13.04.2020წ., პუნ. 23.1; №ას-989-2021, 18.02.2022წ., პუნ. 43). კონდიქციური დანაწესების (სსკ-ის 976-ე-991-ე მუხლები) გამოყენების უმთავრესი წინაპირობა მის სუბსიდიურობაში ვლინდება, რაც იმას ნიშნავს, რომ უსაფუძვლო გამდიდრების წესები მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმებად გვევლინება მხოლოდ მაშინ, როდესაც სასამართლო მოვლენათა დინამიკის გათვალისწინებით დაასკვნის, რომ გამორიცხულია სხვა უფრო სპეციალური ნორმის გამოყენება (შდრ. სუსგ №ას-774-723-2017, 11.10.2017წ; №ას-794-794-2018, 11.09.2018წ.).
13. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
14. კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი მიუთითებს. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
15. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: გიორგი მიქაუტაძე
მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე
რევაზ ნადარაია