საქმე №ას-280-2024 30 აპრილი, 2024 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),
თამარ ზამბახიძე (მომხსენებელი),
რევაზ ნადარაია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – გ.გ–ა (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ქ. ფოთის მუნიციპალიტეტის მერია (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 31.10.2023 წლის განჩინება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, განაცდურის ანაზღაურება
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:
1. ფოთის საქალაქო სასამართლოს 08.05.2023 წლის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა გ.გ–ას (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“, „კასატორი“) სარჩელი ქ. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“) მიმართ ბრძანების ბათილად ცნობის, სამსახურში აღდგენისა და განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნით.
2. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 31.10.2023 წლის განჩინებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელი დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. განჩინება ეფუძნება შემდეგს:
3.1. მოსარჩელე 1994 წლიდან მუშაობდა ქ. ფოთის საგამოფენო დარბაზის დირექტორად.
3.2. 29.03.2007 წელს თვითმმართველი ქ. ფოთის საკრებულოს N4/25 განკარგულების საფუძველზე, შეიქმნა თვითმმართველი ქალაქ ფოთის საგამოფენო დარბაზი, როგორც არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი.
3.3. ქ. ფოთის მუნიციპალიტეტის მერის 19.09.2019 წლის N04/1339 ბრძანებით რეორგანიზებულ (დაყოფილ) იქნა ა(ა)იპ ქ. ფოთის მუნიციპალიტეტის სახელოვნებო ცენტრი და რეორგანიზაციის (დაყოფის) საფუძველზე დაფუძნდა: ა(ა)იპ ქ. ფოთის მუნიციპალიტეტის ფოლკლორის ცენტრი, ა(ა)იპ ქ. ფოთის მუნიციპალიტეტის სახელოვნებო სამხატვრო სასწავლებელი, ა(ა)იპ ქ. ფოთის მუნიციპალიტეტის მოსაწავლე-ახალგაზრდობის შემოქმედების ცენტრი, ქ. ფოთის მუნიციპალიტეტის საგამოფენო დარბაზი. ბრძანებით დამტკიცდა წესდებები. ა(ა)იპ ქ. ფოთის მუნიციპალიტეტის საგამოფენო დარბაზის დირექტორად დაინიშნა მოსარჩელე.
3.4. 19.09.2019 ბრძანებით დამტკიცებული ა(ა)იპ ქ. ფოთის მუნიციპალიტეტის საგამოფენო დარბაზის წესდების შესაბამისად: ქ. ფოთის მუნიციპალიტეტის საგამოფენო დარბაზი წარმოადგენს ა(ა)იპ-ს (1.1. პუნქტი); საზოგადოების დამფუძნებელია ქ. ფოთის მუნიციპალიტეტი (2.1. პუნქტი); საზოგადოების ხელმძღვანელია დირექტორი, რომელიც ინიშნება/თავისუფლდება ქ. ფოთის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე (4.1 პუნქტი). დირექტორი ახორციელებს ყველა უფლება-მოვალეობას და პასუხს აგებს ორგანიზაციის შემოქმედებითი და ადმინისტრაციულ-სამეურნეო საქმიანობაზე, სახელშეკრულებო, საფინანსო, შრომისა და საწარმოო დისციპლინის დაცვაზე (4.2. პუნქტი); დირექტორი ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებული ასიგნებების და ზედა ზღვარის ფარგლებში ქ. ფოთის მუნიციპალიტეტის მერთან შეთანხმებით განსაზღვრავს საშტატო ნუსხასა და თანამდებობრივ სარგოებს (4.5. პუნქტი).
3.5. ქ. ფოთის მუნიციპალიტეტის მერის 15.02.2022 წლის №ბ42.42220466 ბრძანებით, ა(ა)იპ ქ. ფოთის მუნიციპალიტეტის საგამოფენო დარბაზის დირექტორი - მოსარჩელე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან (გათავისუფლების საფუძვლად მითითებულია - ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 54-ე მუხლის პირველი პუნქტის "ე.ე" ქვეპუნქტი და 61-ე მუხლის მე-3 პუნქტის "ა" ქვეპუნქტი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-52-ე მუხლები, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ) 35-ე მუხლი, ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე მუხლი და ა(ა)იპ ქ. ფოთის მუნიციპალიტეტის საგამოფენო დარბაზის წესდება).
3.6. ა(ა)იპ ქ. ფოთის მუნიციპალიტეტის საგამოფენო დარბაზის დირექტორის თანამდებობა ვაკანტური არ არის.
3.7. სსკ-ის 35.4 მუხლის თანახმად, ა(ა)იპ-ის ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების წარმოშობასა და შეწყვეტაზე ვრცელდება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით, მეწარმის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირისთვის დადგენილი ზოგადი წესები. აღნიშნული კანონის 45.1 მუხლის შესაბამისად, ხელმძღვანელი პირის/სამეთვალყურეო საბჭოს წევრის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებას/სააქციო საზოგადოებას/კოოპერატივს და ხელმძღვანელ პირს/სამეთვალყურეო საბჭოს წევრს შორის იდება სასამსახურო ხელშეკრულება. მასზე არ ვრცელდება შრომის სამართლის დებულებები. იგივე წესი გამოიყენება სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების, კომანდიტური საზოგადოების ხელმძღვანელი პირის მიმართ, თუ ხელმძღვანელ პირად ინიშნება მოწვეული პირი და არა პარტნიორი.
3.8. საკასაციო სასამართლომ არაერთ გადაწყვეტილებასა თუ განჩინებაში განმარტა, რომ დირექტორსა და საზოგადოებას შორის დირექტორის თანამდებობის დაკავებასთან და ამ თანამდებობიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებული ურთიერთობა არ არის ტიპიური შრომითსამართლებრივი ურთიერთობა დამქირავებელსა და დაქირავებულ მუშაკს შორის. ეს არის თავისებური კორპორაციული ურთიერთობა, რომლის მიმართაც შრომის კოდექსის გავრცელება არ შეესაბამება მეწარმეთა კანონის მოთხოვნებს. დირექტორთან დადებული ხელშეკრულება, თავისი სამართლებრივი ბუნებით, ყველაზე ახლოს დგას დავალების ხელშეკრულებასთან. საზოგადოების დამფუძნებელს (წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, შესაბამის უფლებამოსილ პირსა თუ ორგანოს) შეუძლია ყოველგვარი საფუძვლის გარეშე ნებისმიერ დროს შეწყვიტოს ხელშეკრულება ხელმძღვანელთან.
3.9. უდავოა, რომ ა(ა)იპ ქ. ფოთის მუნიციპალიტეტის საგამოფენო დარბაზი მოპასუხის მიერ დაფუძნებული საზოგადოებაა, რომლის წესდებაში ერთმნიშვნელოვნად და ნათლად აღნიშნულია, რომ საზოგადოების ხელმძღვანელია დირექტორი, რომელიც ინიშნება/თავისუფლდება ქ. ფოთის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე. მოცემულ შემთხვევაში, უფლებამოსილმა პირმა გამოავლინა ნება ა(ა)იპ-ის დირექტორის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ, რაც შესაბამისობაშია ასევე სსკ-ის 720.1 მუხლის შინაარსთან. ამდენად, უსაფუძვლოა სარჩელი გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის, სამსახურში აღდგენისა და განაცდურის ანაზღაურების თაობაზე.
3.10. მიუხედავად იმისა, რომ დირექტორთან სასამსახურო ურთიერთობის მოშლის შესაძლებლობას სსკ უკავშირებს არასამეწარმეო იურიდიული პირის უფლებამოსილი ორგანოს ცალმხრივ ნებას, როდესაც მოსარჩელე დისკრიმინაციულ საფუძველზე აპელირებს, ნების გამოვლენა უნდა შეფასდეს. ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის ჭრილში. „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლი უფლებით აღჭურავს პირს, რომელიც თავს დისკრიმინაციის მსხვერპლად მიიჩნევს, მიმართოს სასამართლოს. დისკრიმინაციასთან დაკავშირებულ საქმეებზე სამართალწარმოების პროცედურა დადგენილია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით (შემდეგში სსსკ), რომლის 3633-ე მუხლის საფუძველზე, სარჩელის აღძვრისას პირმა სასამართლოს უნდა წარუდგინოს ფაქტები და შესაბამისი მტკიცებულებები, რომლებიც დისკრიმინაციული ქმედების განხორციელების ვარაუდის საფუძველს იძლევა, რის შემდეგაც მოპასუხეს ეკისრება იმის მტკიცების ტვირთი, რომ დისკრიმინაცია არ განხორციელებულა. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე შემოიფარგლა მხოლოდ ზოგადი ხასიათის განმარტებით, კონკრეტული ფაქტები სავარაუდო დისკრიმინაციის შესახებ, ასევე ამ ფაქტების კანონშესაბამისი მტკიცებულებები მას სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია, ასეთ ვითარებაში, მოპასუხეს შებრუნებული მტკიცების ტვირთი ვერ დაეკისრება, ხოლო სასამართლო დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტს დადასტურებულად ვერ მიიჩნევს, რაც გამორიცხავს მოსარჩელის მოსაზრების გაზიარების შესაძლებლობას.
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა:
4. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ და მოითხოვა მისი გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილება.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
6. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
7. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
8. არ არსებობს საქმის ზეპირი განხილვის თაობაზე შუამდგომლობის დაკმაყოფილების საფუძველი. პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრის დასაშვებობა უნდა შემოწმდეს ზეპირი მოსმენის გარეშე, ვინაიდან საქმის მხარეთა დასწრებით განხილვის წინაპირობები არ გამოკვეთილა. სსსკ-ის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს შეუძლია გადაწყვეტილება გამოიტანოს საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე. სასამართლომ საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის შესახებ წინასწარ უნდა აცნობოს მხარეებს. საქმის განხილვის ფორმის განსაზღვრა სასამართლოს პრეროგატივაა. აღნიშნული ემყარება საკასაციო სამართალწარმოების ბუნებას, კერძოდ, საკასაციო სასამართლო არ წარმოადგენს ფაქტების დამდგენ სასამართლოს, არამედ მისი მსჯელობის საგანი საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების სწორი სამართლებრივი შეფასებაა. ამასთან, სსსკ-ის 407-ე მუხლით განსაზღვრულია შემოწმების ფაქტობრივი საფუძველი. საკასაციო პალატა აქვე მიუთითებს, რომ სსსკ-ის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხზე იმსჯელა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ და მიიჩნია, რომ საკასაციო საჩივრის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვა არ ზღუდავს ადამიანის სასამართლოში მიმართვის კონსტიტუციურ უფლებას (N2/6/205,232, 03.07.2003წ. გადაწყვეტილება) (სუსგ. Nას-807-2020, 12.11.2020წ., სუსგ Nას-1150-2020, 29.09.2021წ., სუსგ. Nას-628-2021, 26.02.2022წ.). ამდენად, საკასაციო პალატა არ ამოწმებს საქმის ფაქტობრივ მხარეს, გადაწყვეტილების ფაქტობრივ საფუძველს, რის გამოც მხარეთა მონაწილეობის გარეშე, უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება. ამ შემთხვევაში, არსებითია არ დაირღვეს პრინციპი, რომელსაც ემყარება სამოქალაქო საქმის წარმოება, კერძოდ კი, იგივე შეჯიბრებითობის პრინციპი. მით უფრო, რომ როცა მხარეები მიმართავენ საკასაციო ინსტანციის სასამართლოს, მათთვის წინასწარვეა ცნობილი, რომ საქმის განხილვა შეიძლება ზეპირი მოსმენის გარეშეც მოხდეს (სუსგ Nა-1915-ბ-8-2015 , 22.07.2015წ.; Nას-1150-2020, 29.09.2021წ.). საქმეში „ჰერმი იტალიის წინააღმდეგ“ (დიდი პალატის 18.10.2006 წლის გადაწყვეტილება) ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ ზეპირი მოსმენის აუცილებლობა დამოკიდებულია შესაბამისი სამართალწარმოების კონკრეტულ მახასიათებლებზე. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, საფრანგეთის მართლმსაჯულების სისტემაში საკასაციო სასამართლოს განსაკუთრებული როლის გათვალისწინებით, რომელიც შემოიფარგლებოდა იმის შეფასებით, სწორად იქნა გამოყენებული კანონი თუ არა, დასაშვებად მიიჩნია საკასაციო სასამართლოებში დამკვიდრებული საჩივრის განხილვის ფორმალური პროცედურა (ECtHR, ლევაგესანგარიის მომსახურება საფრანგეთის წინააღმდეგ, № 21920/93, 1996 წლის 23 ნოემბრის გადაწყვეტილება, პარ. 48) (სუსგ Nას-1150-2020, 29.09.2021წ.).
9. საკასაციო საჩივრის ფარგლებში საკასაციო პალატის მსჯელობის საგანია არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის დირექტორის თანამდებობებიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის, თანამდებობაზე აღდგენის და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნით აღძრული სარჩელის საფუძვლიანობა.
10. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის სამართლებრივ საკითხებს აწესრიგებს სსკ-ის 35-ე მუხლი, რომლის მე-4 ნაწილის თანახმად, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილებების წარმოშობასა და შეწყვეტაზე ვრცელდება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით მეწარმის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირისთვის დადგენილი ზოგადი წესები.
11. „მეწარმეთა შესახებ" საქართველოს კანონის (შემდეგში „კანონი“) 44-ე მუხლის პირველი პუნქტით, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების, სააქციო საზოგადოების, კოოპერატივის ხელმძღვანელ პირს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საერთო კრება, თუ მისი დანიშვნა არ განეკუთვნება სამეთვალყურეო საბჭოს უფლებამოსილებას. კანონის 45-ე მუხლის პირველი პუნქტის მე-2 წინადადებით, დირექტორსა და სამეწარმეო საზოგადოებას შორის ურთიერთობაზე არ ვრცელდება შრომის სამართლის დებულებები.
12. აქვე დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მოსარჩელის დირექტორის პოზიციაზე დანიშვნის პერიოდში (თვითმმართველი ქალაქ ფოთის საგამოფენო დარბაზის, როგორც არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის დირექტორის თანამდებობაზე მოსარჩელე დაინიშნა 23.03.2007წ. ბრძანებით (ს.ფ.20), იგივე პოზიცია დაიკავა 19.09.2019 რეორგანიზაციის შემდეგაც) მოქმედი კანონის მე-9 მუხლის მე-7 პუნქტის მიხედვით, ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირთან (პირებთან), სამეთვალყურეო საბჭოსა და საწარმოს სხვა ორგანოების წევრებთან ურთიერთობები ასევე რეგულირდებოდა ამ კანონით, საზოგადოების წესდებითა და მათთან დადებული ხელშეკრულებებით. ა(ა)იპ-ის დირექტორთან დადებული ხელშეკრულება არ კვალიფიცირდებოდა შრომითსამართლებრივ ხელშეკრულებად არც სასამართლო პრაქტიკით, არამედ, პირობითად მოიხსენიებოდა „სასამსახურო ხელშეკრულებად“, რომელიც მომსახურების ხელშეკრულების ნაირსახეობაა და განსხვავდება შრომის სამართლისათვის დამახასიათებელი პრინციპებისაგან (სუსგ Nას-1559-2019, 02.03.2020წ., პ.17). შესაბამისად, ა(ა)იპ-სა და მის დირექტორის შორის ურთიერთობა ფასდებოდა დავალების ხელშეკრულებად. სსკ-ის 720-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დავალების ხელშეკრულების შეწყვეტა მხარეებს ნებისმიერ დროს შეუძლიათ და სხვაგვარი შეთანხმება ამ უფლებაზე უარის შესახებ ბათილია. ამდენად, ა(ა)იპ-ის დამფუძნებელს (წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, შესაბამის უფლებამოსილ პირსა თუ ორგანოს) შეუძლია, ნებისმიერ დროს შეწყვიტოს ხელშეკრულება ხელმძღვანელთან და გამოვლენილი ნება მესამე პირების მიმართ ნამდვილი ხდება მისი მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის მომენტიდან (სუსგ Nას-953-2020, 02.04.2021წ.).
13. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საწარმოს ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობა ორმხრივი სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში მიღწეული შეთანხმებაა, რომლის ერთი მხარე - მომსახურების გამწევი ვალდებულია, გაწიოს შეპირებული მომსახურება, ხოლო მეორე მხარე - გადაიხადოს საზღაური. ამ ტიპის შეთანხმება დამყარებულია განსაკუთრებულ ნდობაზე და უფლებით აღჭურვილ პირს, ფიდუციური ვალდებულების ფარგლებში, აძლევს სრულ დამოუკიდებლობას, იურიდიული პირის სახელითა და ხარჯზე განახორციელოს ყველა ის მოქმედება, რაც წესდებით გათვალისწინებული მიზნის მიღწევას შეუწყობს ხელს. რაც შეეხება შრომით ურთიერთობას, მის ზუსტ განსაზღვრას იძლევა სშკ-ის 2.1 მუხლი და შეიძლება, დავასკვნათ, რომ ამ ურთიერთობის ფარგლებში ვალდებული პირი ეწევა დამსაქმებლის მიერ განსაზღვრულ, არადამოუკიდებელ და სოციალურად დამოკიდებულ საქმიანობას, რაც განასხვავებს შრომით ხელშეკრულებას ა(ა)იპ-ის დირექტორთან დადებული სასამსახურო ხელშეკრულებისაგან (სუსგ Nას-1096-2020, 08.04.2021წ.; სუსგ Nას-744-2021წ., 28.12.2021წ., სუსგ Nას-114-2021, 16.07.2021წ.).
14. კანონის 44-ე მუხლის მესამე პუნქტი გვაძლევს საკითხის დეტალურ რეგლამენტაციას, რომლის თანახმად, საერთო კრება, ხოლო სამეთვალყურეო საბჭოს არსებობის შემთხვევაში − სამეთვალყურეო საბჭო უფლებამოსილია ნებისმიერ დროს გაათავისუფლოს თანამდებობიდან ხელმძღვანელი პირი შესაბამისი საფუძვლის მითითების გარეშე. ნებისმიერი შეთანხმება, რომელიც ამ დებულებას ეწინააღმდეგება, ბათილია.
15. ამდენად, ა(ა)იპ-ის დამფუძნებელს (წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, შესაბამის უფლებამოსილ პირსა თუ ორგანოს) შეუძლია, ნებისმიერ დროს შეწყვიტოს ხელშეკრულება ხელმძღვანელთან. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ა(ა)იპ ქ. ფოთის მუნიციპალიტეტის საგამოფენო დარბაზი მოპასუხის მიერ დაფუძნებული საზოგადოებაა, რომლის წესდებაში ერთმნიშვნელოვნად და ნათლად გაწერილია, რომ მისი ხელმძღვანელია დირექტორი, რომელიც ინიშნება/თავისუფლდება ქ. ფოთის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე. სწორედ დანიშვნაზე და გათავისუფლებაზე უფლებამოსილმა პირმა გამოავლინა 15.02.2022 წლის ბრძანებით (ს.ფ.37) ნება მოსარჩელის დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ, რაც შეესაბამება კანონის 44-ე მუხლის მესამე პუნქტით დადგენილ ქცევის წესს.
16. დასაბუთებულია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა დისკრიმინაციული მოპყრობის საკითხზე მოსარჩელის პრეტენზიის გაუზიარებლობის თაობაზე. მოსარჩელე შემოიფარგლა მხოლოდ ზოგადი ხასიათის განმარტებით პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციის ფაქტთან მიმართებაში. კონკრეტული ფაქტები სავარაუდო დისკრიმინაციის შესახებ, ასევე შესაბამისი მტკიცებულებები მას სასამართლოსათვის არ წარუდგენია. პალატა განმარტავს, რომ იმ ფაქტების მითითების ვალდებულება, რომლებიც იძლევა დისკრიმინაციული მოპყრობის დადგენის ვარაუდს, აგრეთვე მათი დამადასტურებელი მტკიცებულებების წარდგენა სსსკ-ის 3633 მუხლის (სარჩელის აღძვრისას პირმა სასამართლოს უნდა წარუდგინოს ფაქტები და შესაბამისი მტკიცებულებები, რომლებიც დისკრიმინაციული ქმედების განხორციელების ვარაუდის საფუძველს იძლევა, რის შემდეგაც მოპასუხეს ეკისრება იმის მტკიცების ტვირთი, რომ დისკრიმინაცია არ განხორციელებულა) შინაარსის გათვალისწინებით, სარჩელის აღძვრის ეტაპზევე მოსარჩელის პროცესუალური ვალდებულებაა (შდრ. სუსგ-ებები: Nას-1042-2018, 28.02.2019წ; Nას-958-2021, 31.05.2022წ.; Nას-838-784-2017, 31.07.2017წ.). კანონი ადგენს, რომ დისკრიმინაციის ფაქტები სასამართლოს მხარემ (დისკრიმინაციის სავარაუდო მსხვერპლმა) უნდა დაუსახელოს, რათა prima facie დისკრიმინაციის ფაქტის არსებობის პრეზუმფცია შეიქმნას. რაც შეეხება აღნიშნული ფაქტების მტკიცებას, მოსარჩელემ მის ხელთ არსებული და მისთვის მოპოვებადი მტკიცებულებები უნდა წარმოადგინოს, ხოლო მოსარჩელის შესაძლებლობის მიღმა მტკიცებულებების წარმოდგენა მოპასუხეს ევალება. უფრო მეტიც, დისკრიმინაციის ფაქტი, სასამართლოს მხრიდან ex officio, საკუთარი ინიციატივით საკვლევი კატეგორია არ არის. დისკრიმინაციული საფუძვლით გათავისუფლების ამსახველი ფაქტების წარდგენაზე ვალდებული სუბიექტი მოსარჩელეა (სუსგ. ას-238-238-2018, 30.03.2018წ., პუნ.58).
17. ამდენად, სასამართლომ მართებულად არ დააკმაყოფილა სარჩელი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის დირექტორის განთავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის, თანამდებობაზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე.
18. კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება და ვერ გააბათილა სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით (შდრ. სუსგ-ები: Nას-953-2020, 02.04.2021წ.; №ას-1559-2019, 02.03.2020 წ.; Nას-1096-2020, 08.04.2021წ.; სუსგ Nას-114-2021, 16.07.2021წ., სუსგ Nას-1197-2022წ., 02.02.2023წ.). ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი მიუთითებს. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. გასაჩივრებული განჩინება კანონიერია და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
19. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, ხოლო კასატორს გადახდილი აქვს საკასაციო სამართალწარმოებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟი, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% – 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გ.გ–ას საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.
2. გ.გ–ას შუამდგომლობა საკასაციო საჩივრის ზეპირი მოსმენით განხილვის შესახებ არ დაკმაყოფილდეს.
3. გ.გ–ას (პ/ნ: .....) უკან დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის (საგადახდო დავალება №19859742214, გადახდის თარიღი 20.12.2023წ.) 70% – 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.
4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: გიორგი მიქაუტაძე
მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე
რევაზ ნადარაია