Facebook Twitter

საქმე №ას-1374-2024

30 ოქტომბერი, 2024 წელი ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე გიზო უბილავა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი - სსიპ დევნილთა ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო (მოპასუხე, აპელანტი)

მოწინააღმდეგე მხარე - ო.ს–ი (მოსარჩელე, აპელანტი)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 29 ივლისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი - შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ო.ს–მა (შემდგომში „მოსარჩელე“, „აპელანტი“, „მოწინააღმდეგე მხარე“) სარჩელი აღძრა სსიპ დევნილთა ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს (შემდგომში „მოპასუხე“, „აპელანტი“, „კასატორი“) მიმართ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის, პირვანდელი სამუშაო ადგილზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე.

2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბათილად იქნა ცნობილი მოპასუხის 2021 წლის 07 ოქტომბრის გადაწყვეტილება ო.ს–თან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ; მოპაუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ კომპენსაციის სახით დაეკისრა 3500 ლარის (ხელზე მისაღები) გადახდა; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა იძულებითი განაცდურის ანაზღაურება ყოველთვიურად 2200 ლარის (დასაბეგრი) ოდენობით, 2021 წლის 07 ოქტომბრიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ორივე მხარემ.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 29 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილება.

6. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

7. საკასაციო სასამართლო გაეცნო საკასაციო საჩივარს, საქმეში არსებულ მასალებს და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად, შემდეგ გარემოებათა გამო:

8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით. მომხსენებელი მოსამართლე აღნიშნულ საკითხს ზეპირი განხილვის გარეშე წყვეტს. ამდენად, საკასაციო საჩივრის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლთან შესაბამისობა წყდება ერთპიროვნულად მომხსენებელი მოსამართლის მიერ.

9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს, ხოლო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვა იმ წესების დაცვით წარმოებს, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის.

10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, სასამართლო გადაწყვეტილებებისა და განჩინებების გასაჩივრების კანონით განსაზღვრული ვადების გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია.

11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 21 დღე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასახელებული მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება საკასაციო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადა იწყება მისი გამოცხადების მომენტიდან.

12. ამავე კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის ბოლო წინადადების დანაწესით, დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.

13. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

14. განსახილველ შემთხვევაში საქმეში, არსებული მასალებით დასტურდება, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოში, 2024 წლის 17 ივლისს გამართულ სასამართლო სხდომას ესწრებოდა აპელანტის წარმომადგენელი ზინაიდა დავითაშვილი (იხ.მინდობილობა ტ.2, ს.ფ.13) აღნიშნულ სასამართლო სხდომაზე დადგინდა, რომ განსახილველ საქმეზე გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი გამოცხადდებოდა 2024 წლის 29 ივლისს (იხ. ტომი II, გვ. 186-188), რაზედაც მხარის წარმომადგენელს ჩამოერთვა ხელწერილი (იხ.ხელწერილი ტ.2,ს.ფ.191).

15. საქმის მასალებით დგინდება, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოში, 2024 წლის 29 ივლისის სასამართლო სხდომაზე რომელზედაც გამოცხადებულ იქნა განჩინების სარეზოლუციო ნაწილი, არ გამოცხადნენ აპელანტები. ამდენად, საკასაციო საჩივრის ავტორის მიმართ უნდა გავრცელდეს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი მოთხოვნები;

16. შესაბამისად, მხარეს წარმოეშვა კანონისმიერი ვალდებულება 2024 წლის 19 (გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 20-ე დღე) აგვისტოდან (ვინაიდან ბოლო დღე ემთხვეოდა კვირა დღეს,) არაუგვიანეს 29 აგვისტომდე (გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღე) ამ დროის მონაკვეთში გამოცხადებულიყო სასამართლოში/მიემართა სასამართლოსათვის და მოეთხოვა გადაწყვეტილების ასლის ჩაბარება; აღნიშნული ვალდებულება მხარეს არ შეუსრულებია. დასახელებული გარემოებებიდან გამომდინარე, მხარისათვის სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლის საწყისი თარიღია მისი გამოცხადებიდან 30-ე დღის მომდევნო დღე 2024 წლის 30 აგვისტო, ხოლო საკასაციო საჩივრის შეტანისათვის დადგენილი 21-დღიანი ვადის ამოწურვის თარიღია 2024 წლის 19 სექტემბერი.

17. დადგენილია, რომ სსიპ დევნილთა ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი, თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარმოდგენილი იქნა 2024 წლის 15 ოქტომბერს (დოკუმენტის ფოსტაში ჩაბარების თარიღია 11.10.2024წ.) გასაჩივრების 21-დღიანი საპროცესო ვადის დარღვევით, რაც წარმოადგენს სსიპ დევნილთა ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერ საფუძველს.

18. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.

19. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია კანონით დადგენილ ვადაში შეასრულოს შესაბამისი საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას (სუსგ. №ას-1395-2020, 7.12.2020წ. №ას-963-2024 23 .07.2024 წელი).

20. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სსიპ დევნილთა ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო 2024 წლის 3 ოქტომბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართავს იმის თაობაზე, რომ ვინაიდან სსიპ დევნილთა ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო წარმოადგენს ადმინისტრაციულ ორგანოს და ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან, სასამართლოს ევალებოდა მხარისთვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გაგზავნის და ჩაბარების უზრუნველყოფა. ამ განცხადების საფუძველზე თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2024 წლის 4 ოქტომბერს ელექტრონული ფოსტის საშუალებით კასატორს გაუგზავნა განჩინება. საკასაციო საჩივრის ავტორმა 2024 წლის 15 ოქტომბერს (ფოსტაში ჩაბარების თარიღი 11.10.2024) წარმოადგინა საკასაციო საჩივარი, რომელსაც დაურთო სახელმწიფო ბაჟის 4,245 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.

21. ვიანიდან კასატორმა სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა იმის თაობაზე, რომ იგი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თანახმად „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტისა, საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ აღნიშნული ნორმის თანახმად საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან დაწესებულებები (ორგანიზაციები ), რომელთა ხარჯები ფინანსდება მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან – ყველა საქმეზე. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დევნილთა ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2019 წლის 31 ოქტომბრის N01-109/ნ ბრძანების მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად: სააგენტოს დაფინანსების წყაროებია: ა) სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები; ბ) გრანტები და ქველმოქმედებიდან მიღებული შემოწირულობები; გ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის თანახმად კასატორის სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების საფუძველი.

22. ასევე საქმის მასალებიდან დგინდება, რომ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 29 ივლისის განჩინების მე-4 პუნქტით აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად;

23. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, პალატა მიიჩნევს, რომ კასატორი „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის მიხედვით არ არის გათავისუფლებული სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან და ის ვალდებული იყო ზემოაღნიშნულ ვადაში მიემართა სასამართლოსთვის, აქედან გამომდინარე მის მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი დარჩება განუხილველი.

24.სსსკ-ის 399-ე მუხლისა და 374-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შემთხვევაში პირს მთლიანად დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი. საკასაციო საჩივარს ერთვის კასატორის მიერ სახელმწიფო ბაჟის 4,245 ლარის ოდენობით გადახდის დამადასტურებელი ქვითარი, შესაბამისად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი სრულად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე, 63-ე, 374-ე, 399-ე, 372-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სსიპ დევნილთა ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 29 ივლისის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად.

2. სსიპ დევნილთა ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს“სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს მის მიერ 2024 წლის 10 ოქტომბერს №25434 საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 4,245 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე გიზო უბილავა