Facebook Twitter

4 ოქტომბერი, 2024 წელი,

საქმე №ას-176 -2022 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე,

მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - ლ.შ–ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - შპს „მ.ქ–კა ..“, ყ.გ .„ქ–ა ..“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინებები - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 2 დეკემბრის განჩინება;

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, პატივისა და ღირსების შემლახველი ცნობების უარყოფის ნაწილში, სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი - პატივისა და ღირსების შემლახველი ცნობების უარყოფა, ზიანი ანაზღაურება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

აღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ლ.შ–ი (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, აპელანტი ან კასატორი) ასაჩივრებდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 2 დეკემბრის განჩინებას თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 29 ივლისის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე, რომლითაც შპს „მ.ქ–კა “, და ყ.გ .„ქ–ა “ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე ან მოწინააღმდეგე მხარე) წინააღმდეგ მოსარჩელის მოთხოვნა უარყოფილ იქნა.

კასატორის აზრით, მატერიალურსამართლებრივი თვალსაზრისით, განჩინება არ არის დასაბუთებული, სახელდობრ:

კასატორის მტკიცებით, მოპასუხემ მარტივი შესაგებელი წარადგინა, კერძოდ, სარჩელში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებსა და შესაბამის მტკიცებულებებთან მიმართებით, პოზიცია არ დაუფიქსირებია (სსსკ-ის 201.1 მუხლი). ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა კი, სარჩელის უარსაყოფად საკმარისად მიიჩნიეს მოპასუხის განმარტება მასზედ, რომ გამოქვეყნებული საგაზეთო პუბლიკაცია სრულად შეესაბამებოდა „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი აზრის გამოხატვის ფარგლებს.

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 23 თებერვლის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

3. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

4. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:

4.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

4.2. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი, ანუ სწორად დაადგინა სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტები:

4.3. 2019 წლის 16 აპრილს ყოველკვირეულ გაზეთ ,,ქ–ა ’’ პირველ გვერდზე გამოქვეყნდა სტატია სათაურით - ,,დაიცავი საქართველოს’’, ე.ბ–ას ,,კანონიერი ქურდები’’ აფინანსებენ? რა მიზნები აქვთ საქართველოში ძმებ შ–ებს?’’.

,,გავლენის სფეროების მოსაპოვებლად ომი ქართულ კრიმინალურ სამყაროში ორ დაჯგუფებას შორის რამდენიმე წლის წინ დაიწყო. ამ დაპირისპირების მეორე მხარეს ა.უ–ის (,,დ.ჰ–ი’’) მარჯვენა ხელი, მოსარჩელე დგას, რომელიც 2018 წლის აპრილში საბერძნეთში, ქალაქ სალონიკში დააკავეს’’;

,,...ბოლო ექვსი წლის განმავლობაში მოსარჩელე და მისი ძმა ორჯერ მოხვდნენ ამერიკის შეერტებული შტატების ხაზინის დეპარტამენტის მიერ სანქცირებულ შავ სიაში, მათ შორის, პირველად 2012 წელს. ამის გამო ევროპის ტერიტორიაზე ისინი არალეგალურად და ყალბი პასპორტებით ცხოვრობდნენ’’;

,,...ტ.ო–ისა და ძმები შ–ების ომი გარდაუვალია. ამ ხმაურიანი გარჩევისათვის ორივე მხარე დიდი ხანია ემზადება. ლაპარაკი ქუთაისელმა ,,კანონიერმა ქურდმა’’, გ.ზ–ძემ დაიწყო და როგორც წყარო ამბობს, ის სწორედ მოსარჩელის დავალებით მოკლეს თურქეთში’’;

,,... წყაროს ინფორმაციით, ,,დაიცავი საქართველოს’’ შეკრება ფილარმონიაში სწორედ კრიმინალურმა სამყარომ დააფინანსა. ძმებ შ–ებსა და ბ–ას შორის შუამავალი გ.ზ–ძე იყო, რომლმაც საქართველოში ფული შემოიტანა. ახალი სამოქალაქო მოძრაობისა და ე.ბ–ას მომავალი პარტიის დამფინანსებლადაც ,,კანონიერი ქურდი’’ მოსარჩელე სახელდება’’;

,,...სხვათა შორის, მოსარჩელის მიერ ქართული ოპოზიციის დაფინანსება პირველი ნამდვილად არ არის. ავსტრიის პოლიციისა და ევროპოლის ცნობით, 2009-2010 წლებში მოსარჩელე მოქმედი ხელისუფლების შეცვლის მიზნით ოპოზიციური პარტიების დაფინანსებას ცდილობდა, მაშინ ოფიციალური თბილისი მას ინტერპოლიცის წითელი ცირკულარით ეძებდა’’;

,,...წყაროს ინფორმაციით, მოსალოდნელი კრიმინალური ომის წინ, მოსარჩელის დაჯგუფება საქართველოში პოლიტიკური ლობის მოპოვებას ცდილობს, მათი სტაჟიანი მოკავშირე კი დეპუტატი ე.ბ–აა, რომელიც არა მხოლოდ ფულით, კომპრომატებითაც ჰყავთ დაბმული (ჩვენი წყარო ამბობს, რომ ქურდულ სამყაროს ხელ აქვს ზონებში გადაღებული არაერთი ვიდეომასა და ერთ პიკანტურ ისტორიასაც იხსენებს, რომელიც ,,კანონიერ ქურდ’’ გ.ნ–ძეს უკავშირდება)’’.

4.4. 2019 წლის 25 აპრილს სტატია საინფორმაციო ანალიტიკურ პორტალ ,,ქ–ა -ზეც“ გამოქვეყნდა.

4.5. სადავო ინფორმაცია არა დადასტურებული „ფაქტი“, არამედ წყაროსგან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ჟურნალისტის „აზრი“, შეფასებაა.

4.6. ყ.გ .,,ქ–ა ’’ შპს ,,მ.ქ–იკა .. -ის“ მიერაა დაფუძნებული.

5. საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების თანახმად, აზრისა და მისი გამოხატვის თავისუფლება დაცულია. დაუშვებელია ადამიანის დევნა აზრისა და მისი გამოხატვის გამო. ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავისუფლად მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია. ამავე მუხლის მე-5 პუნქტით, ამ უფლებების შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველსაყოფად, სხვათა უფლებების დასაცავად, კონფიდენციალურად აღიარებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად ან სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად.

6. საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლის მიხედვით კი, ადამიანის პირადი და ოჯახური ცხოვრება ხელშეუხებელია. ამ უფლების შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის ან სხვათა უფლებების დაცვის მიზნით.

7. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის (შემდეგში - „კონვენციის“) მე-10 მუხლის თანახმად, ყველას აქვს უფლება გამოხატვის თავისუფლებისა. ეს უფლება მოიცავს პირის თავისუფლებას, ჰქონდეს შეხედულებები, მიიღოს ან გაავრცელოს ინფორმაცია თუ მოსაზრებები საჯარო ხელისუფლების ჩაურევლად და სახელმწიფო საზღვრების მიუხედავად. ამ თავისუფლებათა განხორციელება, რამდენადაც ის განუყოფელია შესაბამისი ვალდებულებისა და პასუხისმგებლობისაგან, შეიძლება დაექვემდებაროს ისეთ წესებს, პირობებს, შეზღუდვებს ან სანქციებს, რომლებიც გათვალისწინებულია კანონით და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უშიშროების, ტერიტორიული მთლიანობის ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებისათვის, უწესრიგობისა თუ დანაშაულის აღსაკვეთად, ჯანმრთელობის ან მორალის დაცვის მიზნით, სხვათა რეპუტაციის ან უფლებების დასაცავად, საიდუმლოდ მიღებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად ან სასამართლო ხელისუფლების ავტორიტეტისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად.

8. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 1-ლი მუხლის მიხედვით, მაღალი ხელშემკვრელი მხარეები ყველასათვის თავიანთი იურისდიქციის ფარგლებში უზრუნველყოფენ ამ კონვენციის I კარში განსაზღვრულ უფლებებსა და ვალდებულებებს.

სიტყვაში - „უზრუნველყოფენ“, პრეცედენტული სამართლის მიხედვით განიმარტება არა მხოლოდ სახელმწიფოს ნეგატიური ვალდებულებანი, არ ხელყოს კონვენციური უფლებანი, არამედ ასევე, პოზიტიური ვალდებულებანი, დაიცვას უფლებანი და თავისუფლებანი, მათ შორის მესამე პირების მიერ დარღვევის შემთხვევაში. დაცვაში იგულისხმება რეალური, ეფექტური დაცვა შესაბამისი ინსტიტუტებისა და პროცედურების საშუალებით. სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულების ერთ-ერთი ასპექტია, უზრუნველყოს საკანონმდებლო და ადმინისტრაციული საფუძველი მე-8 მუხლით დაცული უფლების რეალიზაციისათვის.

9. პრეცედენტული სამართლის თანახმად, გამოხატვის თავისუფლება წარმოადგენს დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საფუძველს და ერთ-ერთ ძირითად პირობას მისი პროგრესისა და თითოეული ინდივიდის თვითრეალიზაციისათვის.

მე-10 მუხლის შესაბამისად, გამოხატვის თავისუფლება ექვემდებარება გამონაკლისებს, რომლებიც უნდა განიმარტოს მკაცრად, თუმცა რაიმე სახის შეზღუდვის საჭიროება დამაჯერებლად უნდა დასაბუთდეს. ზედსართავი სახელი „აუცილებელი“, 10.2 მუხლის მნიშვნელობით, გულისხმობს „გადაუდებელი სოციალური საჭიროების“ არსებობას.

ხელშემკვრელ სახელმწიფოებს გააჩნიათ დისკრეციული უფლებამოსილების გარკვეული ფარგლები ამგვარი საჭიროების არსებობის შესაფასებლად, თუმცა ეს მჭიდროდ არის დაკავშირებული ევროპულ ზედამხედველობასთან, რომელიც ეხება როგორც კანონმდებლობას, ისე კანონმდებლობის საფუძველზე მიღებულ გადაწყვეტილებებს, თუნდაც ისინი დამოუკიდებელი სასამართლოს მიერ იყოს გამოტანილი. სასამართლომ უნდა განიხილოს სადავო ჩარევა მთლიანი საქმის კონტექსტის ჭრილში და დაადგინოს, იყო თუ არა ის „ლეგიტიმური მიზნის თანაზომიერი“ და რამდენად „სათანადო და საკმარისია“ ეროვნული ხელისუფლების ორგანოების მიერ აღნიშნული ჩარევის დასაბუთებისათვის მოყვანილი მიზეზები.

სასამართლომ უნდა გადაამოწმოს და დარწმუნდეს, რომ ეროვნული ხელისუფლების ორგანოებმა გამოიყენეს სტანდარტები, რომლებიც შეესაბამებოდა მე-10 მუხლით განსაზღვრულ პრინციპებს და დაეყრდნენ შესაბამისი ფაქტების მისაღებ შეფასებას („ჰენდისაიდი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ (1976 წლის 7 დეკემბერი, სერია A, N24), „სტოლი შვეიცარიის წინააღმდეგ“ ([დიდი პალატა] N 69698/01, § 101, ECHR 2007-V), „ცხოველთა უფლებების დამცველები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ [დიდი პალატა] N 48876/08, §100, ECHR 2013).

10. იმისათვის, რომ გამოყენებული იქნეს კონვენციის მე-8 მუხლი, პირის რეპუტაციაზე თავდასხმა უნდა ატარებდეს სიმძიმის გარკვეულ ხარისხს და განხორციელებული უნდა იყოს პირის პირადი ცხოვრების პატივისცემის უფლებაზე წინასწარ შექმნილი განწყობით გავლენის მოხდენის მიზნით (იხ. „Delfi AS v. Estonia“ [GC], no. 64569/09, § 137, ECHR 2015 და „Medžlis Islamske Zajednice Brčko and Others v. Bosnia and Herzegovina“ [დიდი პალატა], N 17224/11, § 76, 27 ივნისი 2017).

იმ საშუალების ზომა, რომლის ფარგლებშიც ჩაითვლება დაცულად კონვენციის მე-8 მუხლი, ხელშემკვრელი სახელმწიფოების თავისუფალი შეფასების ფარგლებში ექცევა, პოზიტიურია სახელმწიფოს ეს ვალდებულება თუ ნეგატიური. ასევე კონვენციის მე-10 მუხლის ფარგლებში, ხელშემკვრელ სახელმწიფოებს აქვთ გარკვეული თავისუფლება იმის შეფასებისას, თუ რამდენად და რა მოცულობით ჩაითვლება აუცილებლად ჩარევა ამ მუხლით დაცულ გამოხატვის თავისუფლებაში (იხ. „Satakunnan Markkinapörssi Oy and Satamedia Oy v. Finland“ [დიდი პალატა], N 931/13, § 162, 27 ივნისი 2017 და „Couderc and Hachette Filipacchi Associés v. France“ [დიდი პალატა], N 40454/07, § 90, ECHR 2015).

11. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 18.2 მუხლი განსაზღვრავს, რომ პირს უფლება აქვს სასამართლოს მეშვეობით, კანონით დადგენილი წესით დაიცვას საკუთარი პატივი, ღირსება, პირადი ცხოვრების საიდუმლოება, პირადი ხელშეუხებლობა ან საქმიანი რეპუტაცია შელახვისაგან. შესაბამისად, სადავო საკითხის გადასაწყვეტად, პატივისა და ღირსების შელახვის ფაქტობრივი გარემოებების გამოსარკვევად და დასადგენად, სამოქალაქო კოდექსის 18.2 მუხლის სამართლებრივი დანაწესიდან გამომდინარე, გამოყენებულ უნდა იქნეს „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონი, რომელიც წარმოადგენს პატივისა და ღირსების სამოქალაქო რეგულირების შემავსებელ ნორმატიულ აქტს და საბოლოოდ ქმნის საკითხის სამართლებრივად გადაწყვეტის წინაპირობას.

12. სპეციალური კანონის მე-3 მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად, სახელმწიფო ცნობს და იცავს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ფასეულობებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდულნი არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით. ყველას, ადმინისტრაციული ორგანოს გარდა, აქვს გამოხატვის თავისუფლება.

13. სპეციალური კანონის მე-13 მუხლის მიხედვით, პირს ეკისრება სამოქალაქოსამართლებრივი პასუხისმგებლობა კერძო პირის ცილისწამებისათვის, თუ მოსარჩელე სასამართლოში დაამტკიცებს, რომ მოპასუხის განცხადება შეიცავს არსებითად მცდარ ფაქტს უშუალოდ მოსარჩელის შესახებ და ამ განცხადებით მოსარჩელეს ზიანი მიადგა.

მითითებული ნორმა მტკიცების ტვირთს მოსარჩელეს აკისრებს, რაც იმას ნიშნავს, რომ სასამართლოში სარჩელის წარდგენისას, მოსარჩელეა ვალდებული, ამტკიცოს, რომ შესრულებულია ნორმით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებლი ყველა წინაპირობა კერძოდ:

ა) მოპასუხემ მის შესახებ გაავრცელა სადავო განცხადება;

ბ) სადავო განცხადება არ შეესაბამება სინამდვილეს, ანუ იგი მცდარი ფაქტების შემცველია;

გ) სადავო განცხადება ზიანს აყენებს მის პატივს, ღირსებასა ან/და საქმიან რეპუტაციას.

14. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ევროსასამართლოს განმარტებით, რამდენადაც სერიოზულია ბრალდება, იმდენად სერიოზული უნდა იყოს ფაქტობრივი საფუძველი (Abeberry v France).

განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანი/კასატორის მოთხოვნა ჟურნალისტის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის ცილისწამებად აღიარება და გავრცელებული ცილისმწამებლური ინფორმაციის უარყოფაა, შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნის მატერიალურ-სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლი, რომელიც ბლანკეტური შინაარსისაა და აქვს მიმთითებლური ხასიათი - „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონზე.

14.1. ამდენად, უნდა გაირკვეს, სადავო გამონათქვამები წარმოადგენს „აზრს“, თუ „არსებითად მცდარ ფაქტს“. აღნიშნული, აუცილებელი პირობაა ცილისწამების განსაზღვრისათვის, ვინაიდან კანონით აზრი დაცულია აბსოლუტური პრივილეგიით, რაც გამორიცხავს სამოქალაქოსამართლებრივ პასუხისმგებლობას.

14.2. აღნიშნული კანონის პირველი მუხლის „ი“ და „კ“ ქვეპუნქტების მიხედვით, საჯარო პირი არის - „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლით განსაზღვრული თანამდებობის პირი; პირი, რომლის გადაწყვეტილება ან აზრი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს საზოგადოებრივ ცხოვრებაზე; პირი, რომლისკენაც მისი გარკვეული ქმედების შედეგად ცალკეულ საკითხებთან დაკავშირებით მიმართულია საზოგადოებრივი ყურადღება, ხოლო, კერძო პირი არის - ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც არ არის საჯარო პირი ან ადმინისტრაციული ორგანო.

ამავე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით, საზოგადოებრივ ყურადღებად განიმარტება - საზოგადოების ინტერესი (და არა ცალკეულ პირთა უბრალო ცნობისმოყვარეობა) იმ მოვლენისადმი, რომელიც დაკავშირებულია დემოკრატიულ სახელმწიფოში საზოგადოებრივი თვითმმართველობის განხორციელებასთან.

14.3. ამდენად, კანონი ერთმანეთისაგან მიჯნავს კერძო და საჯარო პირის ცილისწამებას. კერძო პირის ცილისწამებისათვის პირს მხოლოდ მაშინ დაეკისრება სამოქალაქოსამართლებრივი პასუხისმგებლობა, თუ მოსარჩელე სასამართლოში დაამტკიცებს, რომ მოპასუხის განცხადება შეიცავს არსებითად მცდარ ფაქტს უშუალოდ მოსარჩელის შესახებ და ამ განცხადებით მოსარჩელეს ზიანი მიადგა, ხოლო საჯარო პირის ცილისწამებისათვის პირს მაშინ ეკისრება სამოქალაქოსამართლებრივი პასუხისმგებლობა, თუ მოსარჩელე სასამართლოში დაამტკიცებს, რომ მოპასუხის განცხადება შეიცავს არსებითად მცდარ ფაქტს უშუალოდ მოსარჩელის შესახებ, ამ განცხადებით მოსარჩელეს ზიანი მიადგა და განცხადებული ფაქტის მცდარობა მოპასუხისათვის წინასწარ იყო ცნობილი ან მოპასუხემ გამოიჩინა აშკარა და უხეში დაუდევრობა, რამაც გამოიწვია არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი განცხადების გავრცელება.

ამდენად, კანონი კერძო და საჯარო პირის ცილისწამებისათვის (ორივე შემთხვევაში) მტკიცების ტვირთს იმგვარად ანაწილებს, რომ მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს ფაქტი მასზედ, რომ მის წინააღმდეგ გავრცელებული ინფორმაცია მცდარია და რომ აღიშნული ინფორმაცია მოსარჩელისათვის ზიანის მომტანია.

კანონი საჯარო პირისათვის, მისი სტატუსიდან გამომდინარე, დამატებით მოთხოვნას აწესებს, კერძოდ, მოსარჩელის მტკიცების საგანში შემავალ გარემოებად ასახელებს ასევე მის წინააღმდეგ მცდარი ინფორმაციის განზრახ ან აშკარა და უხეში გაუფრთხილებლობით გავრცელებას, ანუ საჯარო პირის შემთხვევაში, მოსარჩელემ დამატებით უნდა ამტკიცოს ასევე ფაქტი იმის შესახებ, რომ ინფორმაციის გამავრცელებელმა იცოდა ან უნდა სცოდნოდა, რომ ინფორმაცია, რომელსაც იგი ავრცელებდა, მცდარი იყო.

14.4. „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონი, შემდეგნაირად განმარტავს ტერმინებს: „აზრი – შეფასებითი მსჯელობა, თვალსაზრისი, კომენტარი, აგრეთვე ნებისმიერი სახით ისეთი შეხედულების გამოხატვაა, რომელიც ასახავს რომელიმე პიროვნების, მოვლენის ან საგნის მიმართ დამოკიდებულებას და არ შეიცავს დადასტურებად ან უარყოფად ფაქტს“ (პირველი მუხლის ‘ბ“ ქვეპუნქტი), ხოლო ცილისწამება – არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი და პირისთვის ზიანის მიმყენებელი, მისი სახელის გამტეხი განცხადებაა“ (პ–ი მუხლის „ე“ ქვეპუნქტი).

ამავე კანონის მე-7 მუხლის თანახმად: „ამ კანონით აღიარებული და დაცული უფლებების ნებისმიერი შეზღუდვა უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს“ (2); „ამ კანონით აღიარებული და დაცული უფლებების შეზღუდვისას ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ამ უფლებების შეზღუდვის საწინააღმდეგოდ“ (5); „აზრის ან ფაქტის სტატუსის მინიჭების საკითხის განხილვისას ყოველგვარი გონივრული ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს განცხადებაში მოყვანილი ცნობებისათვის აზრის სტატუსის მინიჭების სასარგებლოდ“ (6); „სიტყვის თავისუფლების შეზღუდვისას მტკიცების ტვირთი ეკისრება შეზღუდვის ინიციატორს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის საწინააღმდეგოდ“.

14.5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის შესაბამისად, სიტყვა „აზრი“ ფართოდ განმარტებისას გულისხმობს განსჯას, დამოკიდებულებასა თუ შეფასებას, რომლის სისწორე თუ მცდარობა დამოკიდებულია მთლიანად ინდივიდზე, მის სუბიექტურ დამოკიდებულებაზე.

ფაქტები კი, როგორც წესი, მოკლებულია სუბიექტურ დამოკიდებულებას, იგი ობიექტური გარემოებებიდან გამომდინარეობს, ანუ ფაქტის გადამოწმება და დადგენა, რეალურად არსებობდა თუ არა ის, შესაძლებელია.

უმეტეს შემთხვევაში აზრები და ფაქტები ერთმანეთთან მჭიდროდაა დაკავშირებული და მათი გამიჯვნა არცთუ ისე ადვილია. რეალურად გამოხატვის (გამოთქმის) ორივე ფორმა იშვიათად გვხვდება ე.წ. „სუფთა სახით“. უმთავრესად, სჭარბობს სწორედ ისეთი გამონათქვამები, რომლებშიც თავს იყრის, როგორც შეფასებითი, ასევე - ფაქტობრივი ელემენტები.

აზრი ხშირად ეყრდნობა და ეხება ფაქტებს, ფაქტები კი, თავის მხრივ, აზრის საფუძველია, რომელიც ადასტურებს ან უარყოფს მათ, ამიტომაც ხშირად საკამათო გამონათქვამის, როგორც შეხედულების ან, როგორც ფაქტის გადმოცემის, სამართლებრივი კვალიფიკაციის დროს, შესაძლებელია გამოთქმის კონტექსტის მიხედვით მისი ცალკეული ნაწილების იზოლირება, მაგრამ ეს მეთოდი გამართლებულია მხოლოდ მაშინ, როდესაც ამით არ იკარგება ან არ ყალბდება გამონათქვამის შინაარსი და ნამდვილი აზრი.

თუკი ასეთი იზოლირება შეუძლებელია გამონათქვამის შინაარსის გაყალბების გარეშე, მაშინ ეს გამონათქვამი უნდა ჩაითვალოს მთლიანად აზრის გამოთქმად, ანუ შეხედულებად, შეფასებით მსჯელობად და, შესაბამისად, მთლიანად უნდა იქნეს შეყვანილი ძირითადი უფლებით დაცულ სფეროში (სუსგ-ები: №ას-1278-1298-2011, 20.02.2012წ; №ას-790-739-2017, 17.01.2018წ; №ას-928-868-2017, 17.01.2018წ; №ას-989-2019, 28.06.2022წ.). სადავო გამონათქვამის სწორი კვალიფიკაციისათვის უნდა შემოწმდეს მისი შინაარსი, გამოთქმის ფორმა და გამოთქმის კონტექსტი, რა ფაქტობრივი ელემენტებისაგან შედგება გამონათქვამი (იხ. სუსგ-ები №ას-1477-1489-2011, 3.04.2012წ.; №ას-569-540-2014, 11.03.2016წ.; №ას-1366-2019, 06.04.2020წ.).

14.6. ერთ-ერთ საქმეზე საკასაციო სასამართლომ განმარტა: „ფაქტის მტკიცებას ახასიათებს - მტკიცებულებით დადასტურებადი - ობიექტური კავშირი გამოთქმულსა და სინამდვილეს შორის, მაშინ, როდესაც, აზრის/მოსაზრების მაკვალიფიცირებელია პოზიციის ან რწმენის ელემენტი (იხ. სუსგ საქმეზე №ას-547-2020, 14.12.2021 წ.).

14.7. ევროსასამართლომ აზრის თავისუფლების დაცვის სტანდარტის ხაზგასასმელად, თავის გადაწყვეტილებებში საქმეებზე: ლინგენსი ავსტრიის წინააღმდეგ (Lingens v. Austria, 8 July 1986, §46, Series A no. 10) და ობერშლიკი ავსტრიის წინააღმდეგ (Obershlik v. Austria (Application no. 11662/85 (N1), 1991 23.05.1991) გამიჯნა განცხადებები ფაქტებთან დაკავშირებით და შეფასებითი მსჯელობა.

ფაქტების არსებობა შეიძლება დადასტურდეს, ხოლო შეფასებითი მსჯელობის ჭეშმარიტების დამტკიცება შეუძლებელია. შეფასებითი მსჯელობის ჭეშმარიტების დამტკიცების შესახებ მოთხოვნის შესრულება შეუძლებელია და არღვევს თავად გამოხატვის თავისუფლებას, რაც წარმოადგენს მე-10 მუხლით დაცული უფლების ძირითად ნაწილს (იხ. დე ჰაესი და გიჯსელსი ბელგიის წინააღმდეგ, 1997 წლის 24 თებერვალი, §42, ანგარიშები 1997-I- De Haes and Gijsels, §42.), თუმცა, როდესაც განცხადება უტოლდება შეფასებით მსჯელობას, ჩარევის თანაზომიერება შეიძლება დამოკიდებული იყოს იმაზე, არსებობს თუ არა საკმარისი „ფაქტობრივი საფუძველი“ გასაჩივრებული განცხადებისათვის; თუ არ არსებობს, ასეთი შეფასებითი მსჯელობა შეიძლება დადგინდეს, როგორც გადაჭარბებული (De Haes and Gijsels v. Belgium, §47; ობერშლიკი ავსტრიის წინააღმდეგ (N2), 1997 წლის 1 ივლისი, §33, ანგარიშები 1997-IV (Oberschlick v. Austria (no. 2), 1 July 1997, § 33, Reports 1997-IV); ბრასილიერი საფრანგეთის წინააღმდეგ, N71343/01, § 36, 11/04/2006 (Brasilier v. France, no. 71343/01, § 36, 11 April 2006) და ლინდონი, ოჩაკოვსკი-ლაურენსი და ჟული, §55- Lindon, Otchakovsky-Laurens and July, § 55).

ფაქტობრივი ბრალდებისა და შეფასებითი მსჯელობის გასამიჯნად აუცილებელია საქმის გარემოებებისა და გამონათქვამების ზოგადი ტონის გათვალისწინება. მხედველობაშია მისაღები აგრეთვე, რომ განცხადებები საზოგადოებრივი ინტერესის საკითხების თაობაზე, შესაძლოა, წარმოადგენდეს შეფასებით მსჯელობას და არა ფაქტის დაფიქსირებას (იხ. Morice v. France [GC], no. 29369/10, §126, ECHR 2015).

14.8. განსახილველი კატეგორიის დავებში, კანონმდებელი მტკიცების ტვირთს მთლიანად მოსარჩელეს აკისრებს, რაც იმას ნიშნავს, რომ სასამართლოში სარჩელის წარდგენისას მოსარჩელეა ვალდებული, დაამტკიცოს: ა) მოპასუხემ მის შესახებ გაავრცელა სადავო განცხადება; ბ) სადავო განცხადება არ შეესაბამება სინამდვილეს ანუ იგი მცდარი ფაქტების შემცველია; გ) განცხადებული ფაქტის მცდარობა მოპასუხისათვის წინასწარ იყო ცნობილი ან მოპასუხემ გამოიჩინა აშკარა და უხეში დაუდევრობა; დ) სადავო განცხადება ზიანს აყენებს მის პატივს, ღირსებასა ან/და საქმიან რეპუტაციას.

14.9. სარჩელის წარმატებისათვის ისიც უნდა გაირკვეს ხომ არ არსებობდა ცილისწამებისათვის პასუხისმგებლობის გამომრიცხველი გარემოებები, კერძოდ, ის რომ განცხადება, სპეციალური კანონის მე-5 მუხლით გათვალისწინებული პოლიტიკური ან სასამართლო სიტყვის თავისუფლების ფარგლებში არ გავრცელებულა;

უნდა დადგინდეს კანონის მე-15 მუხლით გათვალისწინებული კვალიფიციური პრივილეგიის მიმნიჭებელი გარემოებების არარსებობა; ამავე კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის გამომრიცხველი გარემოების არარსებობა (თუ პირმა არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ცილისწამებას ავრცელებდა, სადავო განცხადებაში მითითებული ფაქტის დაუდასტურებლობისა და მცდარობის გამო).

15. მოცემულ შემთხვევაში, სადავო სტატიის მოპასუხის მიერ გავრცელების ფაქტი სადავო არაა. მოპასუხე მიიჩნევს, რომ გამოქვეყნებული სტატია „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობაშია და არცერთი სადავო ფრაზა არ შეიცავს მტკიცებითი ფორმით არსებითად მცდარი ფაქტების გავრცელების ნიშნებს.

განცხადება გაკეთებულია ინფორმაციის კონკრეტულ წყაროებსა და ისეთ წყაროზე დაყრდნობით, რომლის გამჟღავნების ვალდებულება ჟურნალისტს არ აქვს. რაც მხარის პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების საფუძველია.

16. მნიშვნელოვანია გავაანალიზოთ, სადავო გამონათქვამები არის ფაქტების გადმოცემა თუ მოპასუხის მოსაზრება. უპირველესად, აღსანიშნავია, რომ სპეციალური კანონით მოცემულია როგორც აზრის (შეფასებითი მსჯელობა, თვალსაზრისი, კომენტარი, აგრეთვე ნებისმიერი სახით ისეთი შეხედულების გამოხატვა, რომელიც ასახავს რომელიმე პიროვნების, მოვლენის ან საგნის მიმართ დამოკიდებულებას და არ შეიცავს დადასტურებად ან უარყოფად ფაქტს), ისე ცილისწამების (არსებითად მცდარი ფაქტის შემცველი და პირისთვის ზიანის მიმყენებელი, მისი სახელის გამტეხი განცხადება) დეფინიცია, რომელთა ანალიზი ცხადყოფს, რომ ფაქტისა და მოსაზრების გამიჯვნა აუცილებელი პირობაა ცილისწამების განსაზღვრისათვის.

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია და საკასაციო საჩივარში წარმოდგენილი არგუმენტებით ვერ იქნა გაქარწყლებული, რომ სადავო ინფორმაცია წარმოადგენს არა დადასტურებულ „ფაქტს“, არამედ არის ერთ ერთი წყაროსგან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ჟურნალისტის „აზრი“, მისი შეფასება.

ამდენად საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომ ჟურნალისტური წყაროდან მიღებული ინფორმაციის, ერთი შეხედვით, მტკიცებითი ფორმა - მოსარჩელის მოხსენიება ,,კანონიერ ქურდად’’ მედიასაშუალების მხრიდან, კასატორის/მოსარჩელის პატივისა და ღირსების შემლახველ ქმედებად ვერ მიიჩნეოდა; მოსარჩელის ინტერესი - საკუთარი რეპუტაციის დაცვისა, გამოხატვის თავისუფლებასთან მიმართებით უპირატესი არ იყო, რადგან მასში მითითებული გამონათქვამები სერიოზულობის მაღალი ხარისხით არ ხელყოფდა კასატორის პირად უფლებებს და ზიანს არ აყენებდა მას, რაც სსკ-ის მე-18 მუხლის საფუძველზე, სარჩელის უარყოფას განაპირობებდა.

ამდენად, მოსარჩელემ/კასატორმა ვერ შეძლო „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ საქართველოს კანონიდან გამომდინარე დაკისრებული მტკიცების ტვირთის წარმატებული რეალიზება და ეს გარემოება საკასაციო საჩივრის უარყოფის არგუმენტია.

17. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

18. მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივრები დასაშვები იქნებოდა.

19. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია. რადგანაც კასატორმა ვერ დაძლია გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

20. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს ნ.ფ–ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის (საგადასახდო დავალება #1642674505/GEL, გადახდის თარიღი 20.01.20222წ), 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ლ.შ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. ლ.შ–ს (თავშესაფრის მოწმობა #290884/11-გ) დაუბრუნდეს ნ.ფ–ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის (საგადასახდო დავალება #1642674505/GEL, გადახდის თარიღი 20.01.20222წ), 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე

ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე