Facebook Twitter

23 ოქტომბერი, 2024 წელი,

საქმე №ას-509 -2021 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე,

მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - მ.მ–ძე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარეები - ლ.გ–კო, კ.რ–ვა, თ. და ი.ბ–ები, (მოპასუხეები)

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 10 მარტის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი - ხელშეკრულების ბათილად ცნობა, უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების აღიარება, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. მ.მ–ძე (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, აპელანტი ან კასატორი) ასაჩივრებდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 10 მარტის განჩინებას ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

ამ გადაწყვეტილებით, კ.რ–ვას (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც პირველი მოპასუხე ან მოწინააღმდეგე მხარე), ლ.გ–კოს (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მეორე მოპასუხე ან მოწინააღმდეგე მხარე), თ. (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მესამე მოპასუხე ან მოწინააღმდეგე მხარე) და ი. (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მეოთხე მოპასუხე ან მოწინააღმდეგე მხარე) ბადოევების წინააღმდეგ ხელშეკრულების ბათილად ცნობის, უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების აღიარებისა და უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე აღძრული მოთხოვნა უარყოფილ იქნა.

საკასაციო პრეტენზიით, გასაჩივრებული განჩინება, მატერიალურსამართლებრივი თვალსაზრისით, დაუსაბუთებელია, სახელდობრ:

კასატორის მტკიცებით, ქონების შემძენი პირველი მოპასუხე არაკეთილსინდისიერი მხარეა, მან, მეოთხე და მესამე მოპასუხეებმა შემდგომ პერიოდში ერთმანეთში დადეს მოჩვენებითი და თვალთმაქცური გარიგებები, რაც მათი ბათილად ცნობის საფუძველია (დეტალურად იხ. საკასაციო საჩივარი).

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 25 მაისის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 391-ე მუხლის საფუძველზე, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

3. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

4. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:

4.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორებს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენიათ დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

4.2. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი, ანუ სწორად დაადგინა სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტები:

4.3. ბათუმში, .......... მდებარე 54.12 კვ.მ უძრავი ქონება ს/კ-ით # ....... (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც უძრავი ქონება ან სამკვიდრო ქონება) 1994 წლის 27 ნოემბრის პრივატიზაციის ხელშეკრულების საფუძველზე ა.თ–ძის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მამკვიდრებელი ან მოანდერძე) საკუთრება იყო.

4.4. 2007 წლის 27 აპრილს, მოანდერძემ კუთვნილი უძრავი ქონება ძმას - ვ.თ–ძეს (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მამკვიდრებელის ძმა) უანდერძა.

4.5. 2011 წლის 21 ნოემბრის ახალი ანდერძით მამკვიდრებელმა გააუქმა მანამდე არსებული ყველა ანდერძი და უძრავი ქონება მოსარჩელეს უანდერძა.

4.6. მამკვიდრებელი 2011 წლის 29 ნოემბერს გარდაიცვალა.

4.7. 2012 წლის 6 სექტემბერს უძრავი ქონება სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე, მეორე მოპასუხის საკუთრებაში აღირიცხა (იხ. ამონაწერი საჯარო რეესტრიდან).

4.8. 2012 წლის 24 დეკემბერს მეორე მოპასუხემ სამკვიდრო ქონება პირველ მოპასუხეს მიჰყიდა და ეს უკანასკნელი აღირიცხა ნივთის მესაკუთრედ.

4.9. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,„მ–ი ?-ის“ 2015 წლის 14 დეკემბრის საერთო კრების №5 ოქმით, მეორე მოპასუხეს საკუთრებაში გადაეცა 17,51 კვ.მ. შედეგად, 40,35 კვ.მ უძრავი ქონების მოცულობა, რომლის საკადასტრო კოდია №........ განისაზღვრა - 57,86 კვ.მ და მიენიჭა №3 ბინის ნომერი.

ამავე კრების ოქმით, მეორე მოპასუხის სახელზე რეგისტრირებულ 54,12 კვ.მ-ს ს/კ-ით №......... მიენიჭა ბინა №2 ნუმერაცია.

კრების ოქმების საფუძველზე საჯარო რეესტრში განხორციელდა ცვლილებები და 57.86 კვ.მ №3 ბინას №......, ხოლო 54,12 კვ.მ №2 ბინას №..... საკადასტრო კოდები მიეკუთვნათ.

4.10. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „მ–ი ?-ის“ 2016 წლის 28 აპრილის №10 კრების ოქმით, მეორე მოპასუხის სახელზე რეგისტრირებული ბინა №3, ს/კ-ით №......, 11,80 კვ.მ გაიზარდა და მისმა ფართობმა 69,66 კვ.მ შეადგინა.

4.11. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 31 ოქტომბრის №2-2394/2016 კანონიერ ძალაში შესული დაუსწრებელი გადაწყვეტილებით (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება) განსახილველ საქმეში მოსარჩელედ ჩაბმული პირის მოთხოვნა დაკმაყოფილდა;

ბათილად იქნა ცნობილი, მეორე მოპასუხის სახელზე 2012 წლის 5 სექტემბერს სანოტარო წესით შედგენილი N120942076 სამკვიდრო მოწმობა;

მოსარჩელე ცნობილი იქნა მამკვიდრებლის ანდერძისმიერ მემკვიდრედ.

4.12. პირველი და მეოთხე მოპასუხეები იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში. უძრავი ქონების ½ იდეალური წილი პირველმა მოპასუხემ მეოთხე მოპასუხეს გადასცა (იხ. უძრავი ნივთის ნაწილის (იდიალური წილი) საკუთრებაში გადაცემის შესახებ 2017 წლის 7 ივლისის ხელშეკრულება), შესაბამისად, უძრავი ქონება მხარეთა თანასაკუთრების უფლებით (1/2-1/2) აღირიცხა.

4.13. 2017 წლის 27 ოქტომბერს მეოთხე მოპასუხემ უძრავი ქონების კუთვნილი 1/2 წილი მესამე მოპასუხეს მიჰყიდა, შესაბამისად უძრავი ქონება აღირიცხა მხარეთა თანასაკუთრებაში შემდეგი წილობრივი მონაცემებით პირველ მოპასუხეს 1/2, მესამე მოპასუხეს 1/2 ნაწილი.

4.14. პირველი მოპასუხე არის ნივთის კეთილსინდისიერი შემძენი.

5. მოპასუხის არაკეთილსინდისიერ შემძენად მიჩნევასთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კეთილსინდისიერი შემძენის უფლებების დაცვის საკითხს, სამოქალაქო კოდექსი სამოქალაქო ბრუნვის სიმყარისა და სტაბილურობის ინტერესების გათვალისწინებით წყვეტს, კერძოდ, 185-ე მუხლი ქცევის შემდეგ წესს ადგენს: შემძენის ინტერესებიდან გამომდინარე, გამსხვისებელი ითვლება მესაკუთრედ, თუ იგი ასეთად არის რეგისტრირებული საჯარო რეესტრში, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა შემძენმა იცოდა, რომ გამსხვისებელი არ იყო მესაკუთრე.

6. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ კეთილსინდისიერი შემძენის უფლებრივი მდგომარეობა სამოქალაქო ბრუნვის მექანიზმში საჯარო რეესტრის სპეციფიკური დანიშნულებით არის გამოწვეული.

სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე. ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, იმ პირის სასარგებლოდ, რომელიც გარიგების საფუძველზე სხვა პირისაგან იძენს რომელიმე უფლებას და ეს უფლება გამსხვისებლის სახელზე იყო რეესტრში რეგისტრირებული, რეესტრის ჩანაწერი ითვლება სწორად, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამ ჩანაწერის საწინააღმდეგოდ შეტანილია საჩივარი, ან შემძენმა იცოდა, რომ ჩანაწერი უზუსტოა. სამოქალაქო ბრუნვის კეთილსინდისიერება მის მონაწილეთა კეთილსინდისიერებაა, ეს კი, ბრუნვის მონაწილეებისადმი სანდოობას გულისხმობს.

აღნიშნული, ურთიერთობის მონაწილეთა მხრიდან ერთმანეთის მიმართ თვალდახუჭულ ნდობას არ მოიაზრებს. იგი აუცილებლად გულისხმობს წინდახედულების გონივრულ მასშტაბს, რისი გარანტიც საჯარო რეესტრი და მისი ჩანაწერებია.

შესაბამისად, ამგვარი კატეგორიის დავების განხილვისას, შემძენის კეთილსინდისიერების ფაქტის დადგენის მიზნებისთვის სასამართლომ უნდა დაადგინოს, იცოდა, თუ არა მან ჩანაწერის უზუსტობის შესახებ და გაითვალისწინოს შემძენის შესაძლებლობანი რეესტრის არასწორი ჩანაწერის ცოდნასთან მიმართებით.

სწორედ ამ გარემოებათა გამოკვლევას უნდა ეფუძნებოდეს დასკვნა შენაძენის ნამდვილობისა და მისი დაცვის მიზანშეწონილობის თაობაზე. ამდენად, საჯარო რეესტრი, ერთი მხრივ, სამოქალაქო ბრუნვის გარანტის ფუნქციას ასრულებს, ხოლო, მეორე მხრივ, იგი სრულ კონსენსუსშია სამოქალაქო ბრუნვაში დამკვიდრებულ ნდობისა და კეთილსინდისიერების პრინციპთან. კონფლიქტი წარმოიშობა მაშინ, როდესაც რეესტრში რეგისტრირებული უფლება ამ უფლების ნამდვილ შინაარსს არ შეესაბამება, ხოლო მესამე პირისათვის ეს ფაქტი უცნობია.

რა თქმა უნდა, საჯარო რეესტრის სამსახურს, როგორც ადმინისტრაციულ ორგანოს, ევალება დაარეგისტრიროს ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ნამდვილი, კანონიერ საფუძველზე წარმოშობილი უფლებები, თუმცა, რეესტრის სამსახურის მიერ განხორციელებული ადმინისტრაციული წარმოება სხვაგვარი დაშვების ალბათობას არ გამორიცხავს (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკა საქმეებზე Nას-189-182-2013 და №ას-1089-1009-2017).

7. სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლის მიხედვით კი, უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით დადება და შემძენზე ამ გარიგებით განსაზღვრული საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. ამდენად, მოცემული ნორმა საკუთრების შეძენის იმგვარ წესს გვთავაზობს, რომლის თანახმადაც მხოლოდ სანივთო-სამართლებრივი შეთანხმება არ არის საკმარისი უფლებებში ცვლილების განხორციელებისათვის, არამედ ამ ტიპის გარიგების დადებასთან ერთად აუცილებელია გარიგების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში.

საჯარო რეესტრი ახორციელებს მატერიალური საჯაროობის პრინციპს და მასთან დაკავშირებულია საკუთრების გადაცემის მომენტი (183-ე მუხლი), საკუთრების უფლების არსებობის პრეზუმფცია (312-ე მუხლი) და კეთილსინდისიერება (185-ე და 312-ე მუხლები).

8. საკუთრების უფლების გადაცემის მომენტიდან მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას (სსკ-ის 170.1 მუხლი).

9. საჯარო რეესტრის ჩანაწერებისადმი საჯარო ნდობის პრინციპი მნიშვნელოვანია სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის.

საჯარო ნდობის საგანი შეიძლება იყოს:

ა)არასწორად რეგისტრირებული სანივთო უფლებები (ისინი ითვლებიან არსებულად);

ბ)არასწორად არარეგისტრირებული უფლებები (ისინი ითვლებიან არარსებულად);

გ)არასწორად არარეგისტრირებული განკარგვის შეზღუდვები (ისინი ითვლებიან არარსებულად).

საჯარო რეესტრის მონაცემთა უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფციის ძალით, კეთილსინდისიერ პირს მათდამი ნდობით შეუძლია უფლების შეძენა ნივთზე, ასევე უფლებრივი ტვირთის გარეშე. მაგალითად, თუ იპოთეკა არასწორად არ არის რეგისტრირებული, კეთილსინდისიერ პირს არ შეიძლება წაეყენოს პრეტენზია უზრუნველყოფის მოთხოვნიდან გამომდინარე.

10. კეთილსინდისიერება სამოქალაქო ურთიერთობების ერთ-ერთ ფუნდამენტური პრინციპია. კლასიკურ შემთხვევებში, როდესაც გამსხვისებელი მესაკუთრედ არის რეგისტრირებული საჯარო რეესტრში, მიუხედავად რეგისტრაციის უკან არსებული უფლების მართლზომიერებისა, შემძენისათვის იგი წარმოადგენს მესაკუთრეს.

როდესაც რეესტრში რეგისტრირებული უფლება მართლზომიერია, კეთილსინდისიერების საკითხი არ განიხილება. ამ საკითხზე მსჯელობა აქტუალური მას შემდეგ ხდება, როდესაც გასხვისების ნებას გამოავლენს არანამდვილი (არამართლზომიერი) მესაკუთრე.

შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ შემძენმა საკუთრების უფლების გადასვლამდე არ იცოდა უფლებრივი მდგომარეობის ხარვეზის შესახებ, ანუ ამ ფაქტის მიმართ იგი კეთილსინდისიერია, შემძენისათვის საკუთრების უფლება წარმოშობილად ითვლება გარიგების წერილობითი ფორმით დადებისა და შემძენზე ამ გარიგებით განსაზღვრული საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან.

შედეგად სახეზეა უფლებრივი ცვლილება, ანუ ახალმა სარეგისტრაციო ჩანაწერმა უძრავ ნივთზე გააუქმა წინა ჩანაწერი, შესაბამისად, წინა მესაკუთრის ადგილი დაიკავა ახალმა მესაკუთრემ. ნამდვილი მესაკუთრის იურიდიული ინტერესის მიღწევა, აღიდგინოს საკუთრება, შესაძლებელია განხორციელდეს სანივთო გარიგებაზე შედავებით (სანივთო გარიგების ბათილად აღიარების მოთხოვნის წარდგენით) და შემძენის არაკეთილსინდისირებაზე მითითებით.

მტკიცების საგანში შემავალი ფაქტების დამტკიცება ამგვარ დავებზე მოსარჩელეს ეკისრება, მან უნდა დაამტკიცოს, რომ ნივთზე საკუთრების უფლების ახალ შემძენზე გადასვლამდე შემძენისათვის ცნობილი იყო უფლების ხარვეზის შესახებ.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნული კონფლიქტი კანონმდებელმა სამოქალაქო კოდექსის 185-ე და 312-ე მუხლების მიხედვით, შემძენის სასარგებლოდ გადაწყვიტა, ანუ კეთილსინდისიერ შემძენს უნარჩუნდება საკუთრების უფლება, ხოლო მესაკუთრეს აქვს უფლება შესაბამისი საზღაური მოითხოვოს არამართლზომიერი გამსხვისებლისაგან.

11. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით პირველი მოპასუხის არაკეთილსინდისიერება დადასტურებული არ არის. კერძოდ, დადგენილია, რომ პირველ და მეორე მოპასუხეებს შორის სადავო გარიგების გაფორმებისას, სადავო უძრავი ქონება მეორე მოპასუხის სახელზე იყო რეგისტრირებული.

კასატორი ვერ უთითებს ვერცერთ რელევანტურ მტკიცებულებაზე, რომელიც დაადასტურებდა, რომ პირველმა მოპასუხემ სადავო ხელშეკრულების გაფორმების დროს, რეესტრის ჩანაწერის სადავოობის ან/და უსწორობის თაობაზე იცოდა ანდა გონივრული წინდახედულების ფარგლებში მას შეეძლო სცოდნოდა აღნიშნული.

12. ვინაიდან არ დასტურდება პირველ და მეორე მოპასუხეებს შორის 2012 წლის 24 დეკემბერს გაფორმებული გარიგების კანონსაწინააღმდეგო ხასიათი და ამავდროულად, პირველი მოპასუხის ინტერესები დაცულია სსკ-ის 185-ე და 312-ე მუხლებით დადგენილი კეთილსინდისიერი შემძენის ინსტიტუტით, მათ შორის გაფორმებული სადავო გარიგება მიიჩნევა ნამდვილ გარიგებად და არ არსებობდა მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი; ამავდროულად, ეს არგუმენტი საფუძველს აცლის სხვა სასარჩელო მოთხოვნებსაც.

13. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად ამდენად სასამართლო უფლებამოსილია განიხილოს კასატორის მხოლოდ ძირითადი არგუმენტები (იხ. „ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ“, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

14. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისაგან.

15. კასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

16. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია. რადგანაც კასატორმა ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

17. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, მითითებული ნორმის გამოყენების წინაპირობა არ არსებობს, რადგან კასატორი გათავისუფლებულია საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1 მუხლის „მ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ.მ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორი გათავისუფლებულია საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1 მუხლის „მ“ ქვეპუნქტის საფუძველზე;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე

ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე